მთავარი,სიახლეები

რაზე აფრთხილებს ზელენსკი გავლენიან ლიდერებს – როცა რუსული ვირუსი კარზე დაგიკაკუნებთ

09.06.2022 • 6055
რაზე აფრთხილებს ზელენსკი გავლენიან ლიდერებს – როცა რუსული ვირუსი კარზე დაგიკაკუნებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს მიმართა. მათ, ვინც ჟურნალ Time-ის წლევანდელი გამოკითხვით, 100 გავლენიანი პიროვნების სიაში მოხვდა, განსაკუთრებით კი, პირველ ხუთეულს, რომლის სათავეშიც თავად ზელენსკია.

“ბათუმელები” გთავაზობთ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვის სრულ თარგმანს.

__________

ქალბატონებო და ბატონებო!

მოგესალმებით უკრაინიდან!

მადლობელი ვარ, რომ შემიძლია მოგმართოთ.

როდესაც შევიტყვე, რომ წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დამასახელეს, ეს ჩემი ხალხის აღიარებად მივიღე – იმის, რასაც თითოეული უკრაინელი აკეთებს – იცავს თავისუფლებას და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ჩემთვის პატივია, ვიყო ლიდერი – პირველ რიგში, სწორედ ამ ხალხის.

გავლენიანთა პირველ ხუთეულში წელს ასევე შედიან – ილონ მასკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, მედიცინის მუშაკები, რომლებიც კოვიდს ებრძოდნენ და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი.

ეს ხუთეული შეიქმნა იმ დროში, როდესაც ევროპაში, ბოლო 77 წლის განმავლობაში, ყველაზე საშინელი ომია. ომი, რომლის შეჩერებასაც ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ. რატომ ხდება ასე? რატომ არ შეგვიძლია შევაჩეროთ სისხლისღვრა? რატომ არ მუშაობს ჩვენი გავლენა სრულად? და რატომაა, რომ ადამიანს, რომელიც სულაც არაა ჩვენს სიაში, მძევლად ჰყავს მილიონობით ადამიანი? დამეთანხმეთ, რომ ეს შეკითხვები ახლა, პირდაპირი მნიშვნელობით, ჰაერშია გამოკიდებული.

მაგრამ გაქვთ კი მათზე პასუხები?

ჩვენს ხუთეულში, ყველაზე გავლენიანთა ხუთეულში, მეორე ადგილას ილონ მასკია. ადამიანი, რომელიც კოსმოსში უშვებს რაკეტებს და მსოფლიოს აოცებს. ადამიანი, რომელიც გონებისა და ტექნოლოგიებისთვის შესაძლებლობების ახალ სივრცეებს ხსნის.

მაგრამ მსოფლიო ლიდერთა ფიქრები ილონისკენ სულაც არაა მიმართული და არც მისი რაკეტებისკენ, რომლებსაც ცხოვრებაში პროგრესი მოაქვს.

მსოფლიო ლიდერთა ფიქრები მიმართულია იმისკენ, ვინც რაკეტებს უშენს მშვიდობიან მოქალაქეებს და სპობს სიცოცხლეს.

სრულმასშტაბიანი ომის 105 დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ დაახლოებით 2 600 სხვადასხვანაირი რაკეტა გამოიყენა. მათი უმრავლესობა – სამოქალაქო ობიექტების, საწარმოების, რკინიგზების, ხიდების, უნივერსიტეტებისა და ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგაც კი.

ერთმა ასეთმა რაკეტამ ჩვენს ქალაქში, ოდესაში, ერთდროულად სამი ადამიანი მოკლა – სამი თვის გოგონა – კირა, დედამისი და ბებიამისი. ერთი ოჯახის სამი თაობა. როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კირა სულ ერთი თვის იყო. რის ნახვა მოასწრო მან ცხოვრებაში? და რა შეჰმატა მისმა სიკვდილმა რუსეთის გავლენას?

ომის დასაწყისში მე ველაპარაკე ილონს. მკითხა, რით შეეძლო დახმარება და დაგვეხმარა კიდეც. მისი ტექნოლოგიების დამსახურებით, ჩვენს ხალხს აქვს სტაბილური კავშირი მაშინაც კი, როდესაც რუსული რაკეტები ჩვენს ინფრასტრუქტურას ანგრევს.

მაგრამ არსებობენ კი მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც აღელვებთ, უპასუხებს თუ არა ილონი მათ ზარს? ან ისეთები, რომლებიც ინერვიულებენ, მიიღებს თუ არა შეხვედრაზე? არიან ლიდერები, რომლებიც იმაზე იფიქრებენ, რამხელა იქნება მაგიდა, რომელთანაც ილონ მასკი მათთან სალაპარაკოდ დაჯდება? მაშ, რეალურად, რას იძლევა გავლენა? როგორ რაკეტებს? იმათ, რომლებიც მეცნიერებას ემსახურება? თუ იმათ, რომლებიც ემსახურება სიკვდილს?

რაღაც ნამდვილად გაგვისხლტა ხელიდან – ან ჩვენი საკუთარი გავლენა, რომელიც სწორად ვერ შევაფასეთ, ან ჩვენი დამოკიდებულება ლიდერობისადმი. დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ რას ნიშნავს, იყო ლიდერი.

მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ბორის ჯონსონს – ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი და თავისუფლების მხურვალე დამცველია. მაგრამ სამწუხაროდ, მასზე არაა დამოკიდებული, ექნება თუ არა საკვები მილიონობით ადამიანს აფრიკაში, აზიასა თუ ლათინურ ამერიკაში.

ეს რუსეთის ფლოტია და არა ბრიტანეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებს ბლოკავს და მსოფლიოს სურსათის საშინელი კრიზისის წინაშე აყენებს. და ეს მხოლოდ ფასების კრიზისი არაა.

ჩვენ არ შეგვიძლია ექსპორტზე გავუშვათ ჩვენი ხორბალი, სიმინდი, ზეთი და სხვა პროდუქტები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ეს კი ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მსოფლიოს ათობით ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს პროდუქტის დეფიციტი და თუ შავი ზღვის რუსული ბლოკადა გაგრძელდება, დაიწყოს შიმშილი მილიონობით ადამიანისთვის.

ჩვენ სულ ვლაპარაკობდით ბორისთან და სხვა ლიდერებთან, როგორ მოვხსნათ რუსული ბლოკადა ჩვენი პორტებიდან და როგორ აღვადგინოთ სანაოსნო თავისუფლება – კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი თავისუფლებათაგანი.

მაგრამ ვიდრე ჩვენ ვეძებთ გზებს, როგორ დავიცვათ თავისუფლება, სხვა ადამიანი მას ანგრევს. სხვა ადამიანი განაგრძობს მსოფლიოს შიმშილით შანტაჟს. სხვა – ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით. მათ შორის იმითაც, თუ როგორ იბრძვის ეს ადამიანი გავლენებისთვის.

და მე ვსვამ კითხვას: რატომაა, რომ ეს „არამსგავსი“ დღემდე მისაღებია ზოგიერთი ლიდერისა და ქვეყნისთვის?

ამ შეკითხვას თქვენ დაგიტოვებთ, რადგან სინამდვილეში, თითოეულმა ადამიანმა უნდა უპასუხოს მას – პირველ რიგში, საკუთარ თავისთვის. რათა საკუთარ თავში იგრძნოს ის, რასაც ღირებულებები ჰქვია. არსებობს კი ღირებულებები?

ნამდვილად სამართლიანია, რომ მედიცინის მუშაკები, რომლებიც კოვიდს ებრძოდნენ Time-ის გამოკითხვაში მოხვდნენ. ისინი ნამდვილად ჩვენი დროის გმირები არიან. თავისი კეთილსინდისიერი შრომით, ისინი უბიძგებდნენ მსოფლიოს გაერთიანებისკენ – როგორც იქნა, გაერთიანებისკენ.

თავიდან ბევრ ქვეყანაში ერთნაირად ფიქრობდნენ, რომ საკმარისი იყო უბრალოდ დაეკეტათ საზღვრები და თავი გადაერჩინათ – პირველ რიგში საკუთარი თავი – ვაქცინით. მაგრამ შემდეგ, ცხადი გახდა, რომ COVID 19-ს საზღვრები არ აქვს და მისგან თავის დაცვა მხოლოდ ეროვნულ საზღვრებში შეუძლებელია.

შედარებით განვითარებული სამედიცინო სისტემებიც კი ვერ აღმოჩნდა მზად ამ ვირუსისთვის და, სამწუხაროდ, ყველას მოგვიწია უდიდეს უსამართლობასთან შეხვედრა, COVID 19-თან ბრძოლაში, რომ ვაქცინა გვეპოვა; რომ მოგველაპარაკა რეაგირების საერთო წესებზე – ვაქცინის განაწილების გლობალურ მექანიზმზე.

რატომ მეორდება ახლა იგივე? რატომაა კვლავაც ასე რთული? იარაღი და სანქციები – ესეც ვაქცინაა. ვაქცინა COVID 22-ისთვის, რომელიც რუსეთმა მოიტანა. სიძულვილი – ეს ვირუსია და ის კიდევ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე COVID 19. ის პროპაგანდის დახმარებით ვრცელდება. მკვლელთა დაუსჯელობის დახმარებით. რუსეთის ნავთობის დახმარებით, რომელიც კვლავაც გლობალურ ბაზარზეა. იმ ფულის დახმარებით, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს გლობალურ ფინანსურ სისტემებსა და რუსეთის ბანკებს შორის. იმ მსხვილი კომპანიების დახმარებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსული ბაზრის ფულზე ცოტა სისხლია. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

როდესაც სიძულვილი თქვენს კარზე დააკაკუნებს, იქნებით კი მზად? ნუთუ სახეზე აფარებულმა ნიღაბმა შეიძლება დაგიცვათ რუსული COVID 22-სგან? და რატომაა, რომ ვაქცინა მის წინააღმდეგ – იარაღი და სანქციები – ასე რთულად მოსაპოვებელია საკმარისი რაოდენობით?

რატომაა, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის COVID 22 ისევე არ არსებობს, როგორც კონსპიროლოგებისთვის არ არსებობდა COVID 19?

რატომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი სისხლისა და სიკვდილისგანაც ვერაფერს სწავლობს?

მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, რადგან როდესაც რუსული საფრთხე გაჩნდა, მან თავისუფალი სამყაროს გაერთიანება შეძლო.

რეაგირებისთვის დღეს სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს – მხარდაჭერა თავდაცვაში, ფინანსები, პოლიტიკური კოორდინაცია ბევრ ქვეყანას შორის.

არსებობს ასევე ლენდ-ლიზი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას აზრს უბრუნებს და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო აქტუალური – რადგან საფრთხე დღესაც იმავე მასშტაბისაა.

მაგრამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და სწორედ ახლა, ამ წუთებში, როდესაც თქვენ ჩემს მიმართვას უსმენთ, ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროები იღუპებიან. რუსული არმიის არტილერია და ავიაცია ბომბავს ჩვენს ქალაქებს. რუსეთის თავდასხმების შედეგად, 24 თებერვლის შემდეგ, დაღუპული ბავშვების სიაში უკვე 260-ზე მეტი გვარია. და როდის დასრულდება ეს? როდის? სინამდვილეში, სწორედ ესაა მთავარი შეკითხვა.

მაგრამ ამ დრომდე რატომ არ არსებობს მასზე პასუხი?

რატომ არაა ჩვენი გავლენა ამისთვის საკმარისი? ნუთუ მხდალები ვართ? არა. იქნებ, რაღაცას ვერ ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალაში? იქნებ, სრულად ვერ ვიყენებთ ჩვენი გავლენისა და ლიდერობის პოტენციალს? და ესაა ჩემი შეკითხვა შეერთებულ შტატებთან – პარტიებთან, საზოგადოებასთან, დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან, კონგრესთან და პრეზიდენტთან.

დროა, ვიყოთ 100 პროცენტით გავლენიანები.

ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტირანია. ჩვენ, ყველამ, ჩვენი დროის ყველა ლიდერმა. ჩვენ საიმედოდ შეგვიძლია დავიცვათ თავისუფლება. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ იმ ადამიანის შანტაჟი, რომელსაც არ აქვს ადგილი ჩვენს სიაში.

და თუ შეგვიძლია, ესე იგი, ვალდებულნიც ვართ, ეს გავაკეთოთ, რადგან გავლენა გვავალდებულებს.

გმადლობთ ყურადღებისთვის!

დიდება უკრაინას!

წყარო: president.gov.ua
თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: პრეზიდენტი ზელენსკი მიმართვის დროს/ფოტო: president.gov.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: