ქუჩის აქციების შეწყვეტა ის საკითხია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები საყვედურობენ ნიკა მელიას, ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ „გადამწყვეტი ისევ ქუჩის აქციები იქნება“.
11 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც გადაწყდება შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების თარიღი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობას აპირებენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.
რა ხდება რეგიონულ ორგანიზაციებში, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მწვავე დაპირისპირებაა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმდება? – „ბათუმელები“ ენმ-ს შიგნით მიმდინარე პროცესზე 2021 წლის არჩევნებზე ენმ-ს ბათუმის მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ესაუბრა და ასევე ქობულეთის მერობის კანდიდატს, ბონდო თედორაძეს. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც საჯაროდ შიდაპარტიული არჩევნები მოითხოვა.
„ოდნავ მაინც არაორგანიზებულობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იქნება დამღუპველი, განსაკუთრებით კი, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლაში,“ – განსაკუთრებულ რისკს ხედავს პარტიის შიდა დაპირისპირებაში გიორგი კირთაძე, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
მას პარტიის შიგნით არჩევნების იდეა მოსწონს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ერთობის რისკს ხედავს და მართებულად მიაჩნია არჩევნების გადადება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის შესაბამის კლინიკაში გადაყვანას ვერ შეძლებენ.
„პირველი ამოცანაა ახლა მიშას სიცოცხლის გადარჩენა,“ – გვიყვება გიორგი კირთაძე. – „სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სასამართლომ რა, ივანიშვილმა: რეალურად სააკაშვილს წირავს სასიკვდილოდ, თუ გადაჰყავს ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
თუ პარტიის შიგნით არ გვაქვს დემოკრატია, როგორ შეიძლება ქვეყანას დემოკრატიულად ვმართავდეთ, თუმცა შესაძლოა ეს პროცესი რომ შეჩერდეს, ან გადაიდოს იმდენად მნიშვნელოვანია ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნებისმიერი არჩევნებში მაინც ყველას გარკვეულ პოზიციებზე დადგომა უწევს, ერთობას შესაძლოა ამან ხელი შეუშალოს,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე.
გიორგი კირთაძის დაკვირვებით, ივანიშვილი და სუსი აქამდე და ახლაც აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დაასუსტონ. სუსის პროპაგანდა რომ არა, კირთაძისთვის გაუგებარია, როგორ უკავშირებს მისივე პარტიის მხარდამჭერების ნაწილი ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენას.
„რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა ნიკა მელიასთვის იმის დაბრალება, რომ მიშა ციხეშია… ვინმეს რამე კონკრეტული რეცეპტი ჰქონდა, როგორ გამოეყვანა სააკაშვილი ციხიდან და ნიკა მელია ბლოკავდა, ეს არ არის სწორი.
თუმცა პარტიამ რომ ყველაფერი გააკეთა ამ დრომდე, ესეც არ არის სწორი. როგორ შეიძლება ვინმე იყოს საკუთარი თავით კმაყოფილი – ნიკა მელიათი დაწყებული, ჩემით დამთავრებული, როცა მიშა ციხეშია და ავტოკრატიული რეჟიმი კიდევ უფრო მეტი სიძლიერით გვყავს თავზე წამომჯდარი?“ – კითხულობს გიორგი კირთაძე.
ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, მისთვის სიურპრიზი იყო, როცა ენმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბონდო თედორაძემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან აჭარის რეგიონის სახელით მოითხოვა შიდაპარტიული არჩევნები.
„მე არ მეპარება ეჭვი ამ ადამიანების გულწრფელობაში, ვინც ეს არჩევნები მოითხოვა, თუმცა ბონდო თედორაძე აჭარის სახელით როცა წარსდგა, ეს არ იყო შეთანხმებული და სიურპრიზი იყო, არ ველოდით ამ განცხადებას. ბონდო არ წარმოადგენდა ბათუმის ორგანიზაციას, თუმცა ეგ არის მოცემულობა, რაც მივიღეთ. კარგია, რომ მას დათანხმდა ნიკა მელია,“ – აღნიშნა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.
„ყველასთან ვერ მოხერხდებოდა შეთანხმება და აზრის შეჯერება,“ – გვითხრა ბონდო თედორაძემ. არ აკონკრეტებს, თუმცა ის ლევან ვარშალომიძეს ახსენებს, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს რეგიონში და მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარს.
„…პარტიის აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი არის ლევან ვარშალომიძე, ქობულეთის რაიონული ორგანიზაციიდან ბონდო თედორაძე არ ყოფილა წარმომადგენელი იმ შემთხვევაში, როცა გაკეთდა ეს განცხადება.
ბონდო თედორაძე წარმოადგენდა აჭარას… ყველასთან შეთანხმება ვერ მოხერხდებოდა. მე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. დანარჩენი კირთაძე დამიჭერდა მხარს, ლევან ვარშალომიძე თუ ელგუჯა ბაგრატიონი, ყველა თავის სათქმელს იტყვის“, – აღნიშნა ბონდო თედორაძემ „ბათუმელებთან“.
ბონდო თედორაძე ღიად უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილს, ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს. რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილი ქობულეთელ მხარდამჭერებსაც შეხვედრია.
ბონდო თედორაძე გვიყვება, რომ შეხვედრა ქობულეთში არ აჩვენებს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში არ ჰყავს მხარდამჭერები.
„მას მანამდე შეხვედრები ჰქონდა ფოთსა და ოზურგეთში, ტერიტორიულად იყო შესაძლებელი ქობულეთის მიბმა. ამას გარდა, ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი ამ დროს იყვნენ უკრაინაში ვიზიტით,“ – დასძინა ბონდო თედორაძემ.
გიორგი კირთაძეს კი ამ ეტაპზე არ სურს დაფიქსირება, ვის დაუჭერს მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში.
„მიმაჩნია, რომ ყველა კანდიდატს თანაბრად უნდა მიეცეს პარტიული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ მოვაწყობთ შეხვედრებს ყველა კანდიდატსა და მხარდამჭერებს შორის. ჯერჯერობით ჩემი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება არ იქნება სწორი,“ – ამბობს გიორგი კირთაძე და შენიშნავს, რომ, მაგალითად, მან ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში ითხოვა ბათუმის ორგანიზაციაში არჩევნების ჩატარება.
„აპრილში მოვითხოვე ეს, როცა მოგებული არჩევნების შენარჩუნება ვერ შევძელით,“ – თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აკეთებს აქცენტს გიორგი კირთაძე და მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციაში, როცა პარტია ვერ ახერხებს ამომრჩევლის არჩევანის დაცვას, პარტიამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
„მე ნიკასაც მოვთხოვე ეს… რეალური დემოკრატია ქვემოდან ზემოთ მიმართული პროცესია. ამჯერად ჯერ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები უნდა ავირჩიოთ, მერე პოლიტსაბჭო და თავმჯდომარეები, რეალურად ეს იქნებოდა უფრო სწორი,“ – გვიყვება გიორგი კირთაძე.
ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი მიიჩნევს, რომ ბათუმი დღეს ყველაზე კარგი მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, თუ რა გზით უნდა იაროს ენმ-მ და მთლიანობაში ოპოზიციამ.
„ბათუმი არის კარგი მაგალითი იმის, თუ რა შედეგი მოაქვს კოორდინაციას. „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში 40 % ვერ აიღო. თუ იგივე განმეორდება სხვაგან, გამოდის, რომ ივანიშვილი მიდის ხელისუფლებიდან ამ პირობებშიც კი. მე არ ვგულისხმობ ერთიან სიას, სიმართლე გითხრათ, ვერც ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ახლა სწორი და კოორდინირებული თანამშრომლობაა საჭირო ყველა იმ ადამიანის, ვისაც ევროპა სურს, ეს იქნება პოლიტიკოსი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი თუ სხვა.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა იყოს ქუჩა. მხოლოდ ქუჩიდან თუ ვაიძულებთ ივანიშვილს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ნორმალური არჩევნების ჩატარებას. მე მიმაჩნია, რომ გადამწყვეტი იქნება ისევ ქუჩის აქციები და ის, რომ კარგად ავუხსნათ ხალხს, რა გვინდა,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
ენმ-ს ადგილობრივი ლიდერები თანხმდებიან იმაზე, რომ აქციების გარეშე პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია. მაგალითად, ბონდო თედორაძე ადასტურებს, რომ მისი ნიკა მელიათი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ბათუმში სააკაშვილის გადასარჩენად წამოწყებული აქციის შეწყვეტა.
ამ აქციების დროს ბათუმში კარვებიც გაშალეს, თუმცა პოლიციამ 24 ოპოზიციონერი, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საკრებულოს წევრები ერთდროულად დააკავა, კარვები კი, დაშალა.
„ერთ-ერთი პრობლემა იყო ესეც, რომ არ ყოფილა ამაზე ღია მსჯელობა. ფაქტია, რომ ამ აქციებს რეგიონულ დონეზე ხელშეწყობა არ ჰქონდა… ნიკა მელიას პატიმრობის დროს ჩვენ 3 თვე გვქონდა კარვები გაშლილი, ბევრ რამეს ნიშნავდა ეს და ნიშნავს კიდეც.
ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ გავრილოვის ღამეს როგორ გადმოგვიგდეს კობახიძე, სადაც გინდათ, წაიყვანეთო. მოგვატყუეს, მაგრამ მაშინ ისაუბრეს პროპორციულ არჩევნებზე. ერთადერთი რჩება ქუჩაში აქტიურობა, რასაც ეხმაურება „ოცნება“.
ოპოზიციაში როცა ხარ და ებრძვი რუსულ რეჟიმს, აუცილებელია, ქუჩაში ისმოდეს პარტიის ხმა. იყო დაპატიმრებები და შესაძლოა, ისევ იყოს, მაგრამ ქუჩის აქციების გამორიცხვა ბრძოლის მეთოდიდან, არის კატეგორიულად მიუღებელი. ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვესაუბროთ ბიძინა ივანიშვილს,“ – ამბობს ბონდო თედორაძე.
მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ბათუმში მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან