განათლება,მთავარი,სიახლეები

„დამირეკა და მითხრა, რომ ძალით ათხოვებდნენ“ – მოსწავლეები მარნეულიდან

05.12.2022 •
„დამირეკა და მითხრა, რომ ძალით ათხოვებდნენ“ – მოსწავლეები მარნეულიდან

„ქალები ცვლიან“, „ქალი ძლიერია“, „ქალი შეუცვლელია“, „ქალი და კაცი თანასწორია“ – ასე ამბობენ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ მათი თაობა არ გაჩუმდება, ცვლილებები შესაძლებელია და ქალები და გოგონები აღარ იქნებიან ჩაგვრისა და ძალადობის სამიზნე.

მოზარდებმა ფემიციდის წინააღმდეგ კლიპიც გადაიღეს და ხშირად, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, საინფორმაციო ბუკლეტებსაც არიგებენ ხოლმე სოფლებში.

რაუფ  ბაბაქიშიევი მეთორმეტეკლასელია. ის ჩვენთან საუბარში გოგონების ნაადრევი ქორწინების არაერთ შემთხვევას იხსენებს. მას ახსენდება 14 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები პატარა ასაკში აიძულებდნენ, ოჯახი შეექმნა. რაუფი ამბობს, რომ მსგავსი რამ მისთვის მიუღებელია.

„ამ ზაფხულს იყო ეს შემთხვევა. ის გოგონა ჩემს სკოლაში სწავლობს და როცა გავიგე, რომ ქორწინებას აიძულებდნენ ოჯახში, მაშინვე დირექტორს ვუთხარი.

წარმოვიდგინე, რას განიცდიდა ეს ბავშვი, როგორ გრძნობდა თავს  და ვუთხარი დირექტორს, თუ შეგიძლიათ, რაიმე მოიმოქმედეთ-მეთქი.

დირექტორმა სახალხო დამცველს მიმართა. როგორც ვიცი მას, ნაადრევი ქორწინების საფრთხე აღარ ემუქრება,“- გვითხრა რაუფმა.

რაუფი ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინებისგან კიდევ ერთი, 15 წლის გოგონაც იხსნა.

„ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა, მითხრა, რომ ძალით ათხოვებდნენ და მთხოვა დახმარება. ამ შემთხვევაშიც დირექტორს გავაგებინე. ვიცოდი, სწავლის გაგრძელება რომ სურდა ამ გოგონას და დავეხმარე,“- ამბობს რაუფი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და საზოგადოება მიიჩნევს, რომ ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ, კაცობრიობას მაინც ვერ მივიჩნევთ ბოლომდე განვითარებულად, რადგან ჯერ კიდევ ირღვევა ქალების, გოგონების უფლებები.

რაუფ ბაბაქიშიევი

„ისევ სტერეოტიპებით ვცხოვრობთ, ესე იგი, გვაკლია განვითარება. როცა მეგობრებში ვარ და მესმის ხოლმე დისკრიმინაციული ტერმინები ან არასწორი შეხედულებები აქვთ, ვცდილობ, არ დავტოვო უყურადღებოდ და მაშინვე ჩავერთო.

მაგალითად, მეგობარი ამბობდა, ჩემს ცოლს, სამსახურში არ გავუშვებო. ავუხსენი, რატომ ფიქრობდა არასწორად და ვუთხარი, რომ ქალს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი ცხოვრება და სამსახურშიც იაროს. სახლში ჯდომა არ არის ქალის დაცვა, პირიქით არის-მეთქი. მე ვფიქრობ, მიხვდა, რადგან შეიცვალა აზრი,“- ამბობს რაუფი.

რაუფის აზრით, ცვლილებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კაცების აქტიურობა ქალების უფლებების დასაცავად.

„ჩემი აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილზე მოახდენს ეს გავლენას და ბოლოს და ბოლოს შეიცვლება სტერეოტიპული დამოკიდებულება.“

როდის დაფიქრდი პირველად უთანასწორობაზე? – ვკითხეთ რაუფს. მან გვითხრა, რომ მეშვიდე კლასში იყო, როცა პირველად დაესწრო ქალთა უფლებებზე დისკუსიას.

„რეალურად, მაშინ დავინახე, რომ საჭიროა ქალების უფლებების დაცვა, რომ ქალიც და კაციც ნამდვილად თანასწორი უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში,“- ამბობს რაუფი.

სამირა კაჯაროვა

სამირა კაჯაროვაც მეთორმეტე კლასში სწავლობს. მარნეულის სკოლაში სოფლიდან დადის და ამბობს, რომ სოფლად ჯერ კიდევ არის ქალზე ძალადობის ფაქტები და ფიქრობს, რომ ამაზე არ შეიძლება გაჩუმება.

„ჩვენ ვიცით, რომ დუმილი არ არის გამოსავალი. რატომ არ უნდა ამოვიღო ხმა, თუკი ვხედავ, რომ ვიღაც იჩაგრება“-ამბობს სამირა.

ის წლების წინ მის სოფელში მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როცა 14 წლის გოგოს ოჯახი ქორწინებას აიძულებდა.

„ქორწილამდე ორი დღე იყო დარჩენილი, როცა გოგონამ მასწავლებელს სთხოვა დახმარება და გოგო თავშესაფარში გადაიყვანეს, გოგონას მამა კი დააპატიმრეს.

იმ გოგონამ ქართულიც ისწავლა და გამოცდებიც ჩააბარა უმაღლესში. მაშინ ბევრი ამბობდა, არ იყო საჭირო პოლიციაში ჩივილი, მამა ციხეში გაუშვა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად, ამ ამბავმა ძალიან შეცვალა ხალხი. ამ ამბის შემდეგ ჩვენს სოფელში გოგოების იძულებით ქორწინების ფაქტი აღარ მომხდარა,“- ამბობს სამირა.

მისი თქმით, როცა ქალის უფლება ირღვევა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არღვევს – დედა, მამა თუ ოჯახის სხვა რომელი  წევრი, „ხმის ამოღება ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია“ – გვეუბნება სამირა და დედის ამბავს გვიყვება, რომელიც 14 წლის ასაკში გაათხოვეს და ოცნება, ექიმი გამხდარიყო, ვეღარ აისრულა.

„დედა ახლა 34 წლისაა და ოთხი შვილი ჰყავს. სულ სახლშია ჩაკეტილი. ძალიან წყდება გული, რომ ვერ მიიღო განათლება. ალბათ ამიტომაც არის, რომ ჩვენ სხვანაირად გვექცევა, არასდროს უთქვამს, ადრე უნდა გათხოვდეო. სულ მეუბნება, ჯერ ისწავლე და შემდეგ შენი სურვილით შექმენი ოჯახიო. მამაც ხელს გვიწყობს სწავლაში.“

სამირას თქმით, ქალებს ჯერ კიდევ სჭირდებათ სახელმწიფოს და საზოგადოების დახმარება, რადგან მოძალადის წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ.

„ჩემი მეგობრის მეზობელს სცემა ქმარმა. დაურეკა მეგობარმა პოლიციას, მაგრამ როცა მოვიდა პოლიცია, ქალმა დამალა ცემის ამბავი. ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ უარესად მოექცევა მოძალადე, თანაც, როცა შვილი ჰყავთ, ამაზეც ფიქრობენ.

ვიცი, რომ ძალიან რთულია საზოგადოების აზრის ცვლილება, მაგრამ თუ კონკრეტული შემთხვევებიდან არ დავიწყებთ, შედეგს ვერ მივაღწევთ,“- ამბობს სამირა.

ლეილა ახიევა

ლეილა ახიევაც ამ სკოლაში სწავლობს და ისიც თავის გამოცდილებას გვიყვება. ლეილას აზრით, მოზარდების გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისა და მასწავლებლების მხარდაჭერა.

„იყო შემთხვევები, როცა არ მიშვებდნენ არც ექსკურსიებზე და არც სხვა შეხვედრებზე, გოგო ხარ და არ შეიძლება შენთვისო. როცა პატარა ვიყავი, ვერ ვამხელდი სკოლაში, რომ არ მიშვებდნენ. მასწავლებელს ვეუბნებოდი, არ მინდა წამოსვლა-მეთქი.

მაგრამ როცა გავიზარდე, შემდეგ აღარ დავმალე და ვუთხარი მასწავლებელს, რომ ოჯახი არ მიშვებდა.

დაელაპარაკა მშობლებს ჩემი მასწავლებელი და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. თავისუფალი ადამიანი გავხდი და ახლა ყველგან შემიძლია წავიდე,“-ამბობს ლეილა.

მასში ბრაზს იწვევს როცა ქალებს, გოგონებს ჩაგრავენ. „შენ ქალი ხარ და არ გაქვს ამის გაკეთების უფლება- ეს რომ მესმის, ძალიან ვღიზიანდები. ჩემი მამიდაშვილისთვის მშობლები მხოლოდ იმიტომ არ ყიდულობდნენ ტელეფონს, რომ გოგო ხარ და შენთვის არ შეიძლებაო.

მე ვკითხე, რატომ? თუკი ტელეფონი თქვენს შვილს ეხმარება განათლების მიღებაში, იქნებ აგვიანდება და უნდა გაგაგებინოს ამბავი, განა ეს ცუდია? – ვუთხარი მათ. შემდეგ უყიდეს ტელეფონი,“- ამბობს ლეილა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აჩვენო ადამიანებს სიმართლე, „დაანახო, რომ გოგონებიც ძლიერები ვართ, ჩვენც გვაქვს უფლებები და შეგვიძლია ყველაფრის კეთება“.

ვასიფ მამედოვი მეათე კლასშია. მეგობრების მსგავსად მასაც ჰქონდა შესაძლებლობა დახმარებოდა 15 წლის გოგონას, თავი დაეღწია იძულებით ქორწინებისთვის.

„გავერთიანდით მეგობრები და გადავწყვიტეთ, მივსულიყავით მის მშობლებთან და აგვეხსნა, რომ ეს არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობა, ჩემი შვილია და რა თქვენი საქმეა – გვეუბნებოდნენ მისი მშობლები, მაგრამ ავუხსენით, რომ ჩვენც 15 წლისანი ვართ და უფლება გვაქვს, რომ ვისწავლოთ-მეთქი.“- გვითხრა ვასიფმა.

ის დარწმუნებულია, რომ მისი თაობა შეძლებს ძალადობის დაძლევას და ქალების უფლებების დაცვას.

„უბანში, როცა ერთად ვართ ხოლმე ბიჭები, სულ ვსაუბრობთ ამ საკითხზე. იმაზეც, რომ მეტი ინფორმაცია, ცნობიერების გაზრდა და მეტი განათლებაა საჭირო ცვლილებებისთვის“.

ვასიფი გოგოს მოტაცების მავნე ტრადიციაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ კანონის სიმკაცრე და დროული რეაგირება ამ პრაქტიკასაც შეცვლის.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები გავიდნენ სოფლიდან, რეგიონიდან, იმოგზაურონ, რომ დაინახონ განსხვავებული სამყარო და მოისმინონ განსხვავებული აზრები,“- მიიჩნევს ვასიფი.

დანიელ ხუციშვილი, ვასიფ მამედოვი.

დანიელ ხუციშვილი ამბობს, რომ მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ნაკლებად სტერეოტიპულად უდგებიან საკითხებს. „ალბათ იმიტომ, რომ მშობლებს, ორივეს, განათლება აქვთ მიღებული და ბებიაჩემიც თავის დროზე ბევრს მოგზაურობდა.

გარემო რომ შეიცვალოს, ჯერ ადამიანებმა თავიანთი უფლებების შესახებ უნდა გაიგონ და შემდეგ ამის დასაცავად დაიწყონ ბრძოლა.

განათლების გარდა, მნიშვნელოვანია მეგობრული გარემოც,“- გვეუბნება დანიელი.

მოზარდები ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ცნობიერების ამაღლებაში, ამიტომ ბუკლეტებს, ფლაერებსაც ამზადებენ ადამიანების უფლებებზე და სოფელ-სოფელ არიგებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: