მთავარი,სიახლეები

უკრაინელი რედაქტორი, რომელიც დღეში 100-ზე მეტ შეტყობინებას იღებს დახმარების თხოვნით

27.05.2022
უკრაინელი რედაქტორი, რომელიც დღეში 100-ზე მეტ შეტყობინებას იღებს დახმარების თხოვნით

ჟურნალმა TIME-მა 2022 წლის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებთან, აქტივისტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინული მედიაგამოცემა Українська правда-ს [„უკრაინსკა პრავდა“] მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა დაასახელა. იგი, „ბათუმელების“ მკითხველს უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანიიდან – #უკრაინულიმედიისთვის ახსოვს.

სევგილი იყო უკრაინული მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ქართველებს მოკლე ვიდეომიმართვა ჩაუწერა, სადაც უკრაინული მედიის წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევებსა და დახმარების აუცილებლობაზე ჰყვებოდა და მადლობას უხდიდა ყველა ქართველს, ვინც დონაციის კამპანიაში იღებს მონაწილეობას.

TIME სევგილ მუსაიევას შესახებ

ევროპაში ამ საუკუნის ყველაზე სისხლიან ომში, უკრაინა იბრძვის თავისი მომავლისა და არსებობის უფლებისთვის. სევგილ მუსაევა – ტოპ დამოუკიდებელი მედიაგამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი, უზრუნველყოფს, რომ მისმა გამოცემამ დაფაროს ამ კონფლიქტის ყველა ასპექტი.

„უკრაინსკა პრავდა“, რაც „უკრაინულ სიმართლეს“ ნიშნავს, თავისი ჟურნალისტიკით დღეში 4 მილიონამდე ადამიანთან აღწევს, რაც მას ომის შესახებ ინფორმაციის აუცილებელ წყაროდ აქცევს, როგორც უკრაინაში, ასევე მათთვის, ვინც ადევნებს ამბებს საზღვარგარეთიდან. სევგილ მუსაიევას ხელმძღვანელობით, „უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტები აშუქებენ ყველაფერს რუსეთის ომის დანაშაულებიდან უკრაინელ სამოქალაქო გმირებამდე, ისევე როგორც აქვეყნებენ ოლიგარქების იახტებისა და თვითმფრინავების ექსკლუზიურ სიებს.

„უკრაინსკა პრავდა“ ამ ომში ფანჯარას უხსნის ხალხს რუსეთში, სადაც საიტი აკრძალულია. ომის პირველ კვირებში მისი რუსულენოვანი Telegram არხის გამომწერების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. მათი საქმიანობა დაუღალავია და მუსაიევა ხშირად ტირის.

„შეგრძნება მაქვს, რომ ცხელი ხაზი ვარ“, – უთხრა კიევიდან მუსაიევამ TIME-ს. ყოველდღიურად 100-ზე მეტ შეტყობინებას იღებს ინფორმაციითა და დახმარების თხოვნით. მუსაევამ, რომელიც ყირიმში, ამჟამად რუსეთის მიერ უკუპირებულ რეგიონში გაიზარდა, ძალიან კარგად იცის რა ძალა აქვს მის გუნდს სიმართლის დოკუმენტირებით: „ერთ დღეს უკრაინა თავისუფალი იქნება“.

Українська правда – „უკრაინსკა პრავდა“

უკრაინაში პირველი ციფრული მედიაა. ის 2000 წელს დააარსა ჟურნალისტმა გიორგი ღონღაძემ, რომელიც მთავრობისადმი შეუპოვარი კრიტიკით გამოირჩეოდა და რომელიც, როგორც მოგვიანებით გამოძიებამაც დაადგინა, უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა.

„უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინმედიაა და 2022 წლის იანვრის მონაცემით, თვეში 38-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. გამოცემა აერთიანებს ექვს მედიაპროექტს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ევროინტეგრაციაზე, ისტორიასა და ცხოვრების სტილზე. ისტორიულად, რედაქცია ცნობილია უკრაინაში პოლიტიკური კორუფციის გამოძიებით. 2021 წლიდან, „უკრაინსკა პრავდა“ აქტიურად აძლიერებს ვიდეო-გამოძიებების მიმართულებას. გამოცემის გამოძიებების უმრავლესობა უკრაინულ მედიასივრცეში ექსკლუზიურია.

#უკრაინულიმედიისთვის საქართველოში

კამპანია მედიის მხარდასაჭერად უკრაინულმა ორგანიზაციებმა ომის პირველი დღეებიდანვე წამოიწყეს და მასში მალევე ჩაერთნენ დასავლეთის გავლენიანი მედიასაშუალებები და ფონდები. მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. ამ კამპანიას „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“ უერთდება.

ეს არის უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანია, რომლის მიზანიც ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარებაა და რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია – მოქალაქეებს, ცალკეულ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს, ორგანიზაციებსა თუ ბიზნესკომპანიებს – ყველას, ვისაც თავისუფალი სიტყვისა და ინფორმაციის მნიშვნელობა ესმის და ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია ის ომის პირობებში.

_________

მთავარი ფოტო: Vladimir Sindeyeve—NurPhoto/Getty Images 

TIME-ის ტექსტის ავტორი: AMIE FERRIS-ROTMAN 

თარგმანი: ირმა დიმიტრაძე

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: