მთავარი,სიახლეები

ზელენსკის მოდა – რა აცვია ომის პრეზიდენტს და რა ღირს მისი ცნობილი მაისურები

05.12.2022 • 1864
ზელენსკის მოდა – რა აცვია ომის პრეზიდენტს და რა ღირს მისი ცნობილი მაისურები

უკრაინის პრეზიდენტი პირველი უკრაინელი ლიდერია, რომელმაც უარი თქვა ოფიციალურ კოსტიუმებზე და ომის დაწყების შემდეგ საკუთარ სტილს ამკვიდრებს – „ზელენსკის მოდას“ – უკრაინის სიმბოლიკიანი სამხედრო მწვანე მაისურებით, ჟაკეტებით, ქურთუკებით, სპორტული შარვლებითა და მოსახერხებელი, ნაკლებად ძვირადღირებული ფეხსაცმლით.

ის ასე ხვდება მსოფლიო ლიდერებს, ერთვება ონლაინკონფერენციებს, წერს ვიდეომიმართვებს, დადის უკრაინის ქალაქებში და აჯილდოებს უკრაინის გმირებს.

ინტერნეტსაიტებსა და სოციალურ ქსელებში არაერთგან წააწყდებით მასალებს იმის შესახებ, თუ რა აცვია ვოლოდიმირ ზელენსკის, რა ღირს კონკრეტული სამოსი და მიაგნებთ ინსტრუქციებსაც – როგორ ჩავიცვათ ზელენსკივით.

უკრაინული გამოცემა Новое Время-ს თანახმად, ზელენსკის გარდერობის დიდ ნაწილს ბოლო პერიოდში ეს უკრაინული და ამერიკული ბრენდები ქმნიან – New Balance, Saucony, М-ТАС, KateLab და Creative Depo.

„ახლა ყველაფერი, რასაც ის იცვამს, პოპულარული და მოდური ხდება,“ – წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, მაგალითად, უკრაინული წარმოების ქურთუკი, რომელიც ზელენსკის გათავისუფლებულ ხერსონში ჩასვლისას ეცვა, კომპანიის ინტერნეტმაღაზიიდან იმ დღესვე გაიყიდა.

ისეთი დუტის ქურთუკი, როგორიც ზელენსკის ხერსონში ეცვა, უკრაინული M-TAC-ის წარმოებისაა და მის ინტერნეტმაღაზიაში 230 აშშ დოლარი ღირს.

ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: president.gov.ua

სწორედ უკრაინის პრეზიდენტის დახმარებით გახდა ცნობილი უკრაინული კომპანია KateLab-ი, რომელიც უკრაინისგერბიანი მაისურის ავტორია. ეს მაისური ეცვა ზელენსკის, როდესაც ომის მე-100 დღეს უკრაინელებს მიმართა და ის 950 გრივნა (დაახლოებით 25 აშშ დოლარი) ღირს.

სწორედ M-TAC-ია ზელენსკის იმ ცნობილი ჟაკეტის მწარმოებელი, რომელმაც მაისში უკრაინის საზღვრები გაარღვია და ლონდონში კრისტის საქველმოქმედო აუქციონზე 90 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: president.gov.ua ფოტოზე ზელენსკის სწორედ ის ქურთუკი აცვია, რომელიც მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდა.

„ჩვენი მაისური პრეზიდენტს აცვია“ – ასეთი სარეკლამო წარწერა დაგხვდებათ კიდევ ერთი უკრაინული ბრენდის Creative Depo-ს საიტზე. ამ კომპანიის მაისურით – I’M UKRAINIAN (მე უკრაინელი ვარ) – ზელენსკი არაერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, კონკრეტული სამოსის გაყიდვებმა სწორედ ამის შემდეგ მოიმატა და საწარმო იძულებული გახდა, მისი წარმოება გაეფართოებინა – ახლა ასეთივე წარწერით არსებობს მაისური, ჰუდი, ქუდი და ტელეფონის ჩასადები.

ზელენსკი Creative Depo-ს სამოსით/ფოტო: president.gov.ua

ზელენსკის ტანსაცმელი საზოგადოების ყურადღების ქვეშ პირველად ახლად გათავისუფლებულ ბუჩაში მისი ჩასვლის შემდეგ მოექცა, როდესაც ინტერნეტმომხმარებლებმა არამხოლოდ მისი ჩაცმულობა შეამჩნიეს, არამედ ფასიც დათვალეს და აღმოაჩინეს, რომ პრეზიდენტს 50-დოლარიანი ბოტასები ეცვა.

თავად ზელენსკი ამტკიცებს, რომ გარდერობი მისთვის სტილისტებს არ შეურჩევიათ, უბრალოდ თავისთავად ასე გამოვიდა.

ZDF-ისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში პრეზიდენტი აღიარებს, რომ ახლა მას უკვე ადგილობრივი ბრენდების 20-მდე მაისური აქვს, თუმცა ომის დასაწყისში მხოლოდ 2 ცალი ჰქონდა.

„სამხედროებმა რომ დაინახეს, დაიწყეს მაისურების გამოგზავნა“, – ჰყვება პრეზიდენტი. – „შემდეგ იგივე დაიწყეს უკრაინელმა მწარმოებლებმა და მოდელიერებმა. ახლა ტანსაცმლის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: