მთავარი,სიახლეები

„ვიდეოჩანაწერი 1 თვის დაგვიანებით გამოითხოვეს“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვას უჩივლეს

02.08.2022 • 1385
„ვიდეოჩანაწერი 1 თვის დაგვიანებით გამოითხოვეს“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვას უჩივლეს

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პოლიციისგან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოითხოვა ჩემი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა რეალურად არსებობდა საფრთხე, რომ ჩანაწერი აღარ იქნებოდა შენახული,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე. ის ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სასამართლოში უჩივის.

გოჩა მჟავანაძე ხელვაჩაურის მერიაში ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. თუმცა, ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად საერთოდ გააუქმეს.

რეორგანიზაციამდე ორი დღით ადრე კი, 2022 წლის 11 მაისს, გოჩა მჟავანაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ყოფილი საჯარო მოხელე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა უკვე, რომ მისი დაკავება უკანონო იყო. გოჩა მჟავანაძე დარწმუნებულია, რომ ეს მის დასაშინებლად გააკეთეს – კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელის მოსაშორებლად და გასაჩუმებლად.

„გონიოს განყოფილებაში ხელბორკილდადებულს ამავე განყოფილების უფროსმა, ლევან ქათამაძემ, უკანონოდ მოახდინა ჩემი ფოტოგადაღება, რის შემდეგაც ამავე განყოფილების თანამშრომელმა ლერი შაინიძემ მითხრა, რომ ხელბორკილდადებულზე გადაღებული ჩემი ფოტოები ლევან ქათამაძემ უკვე გადაუგზავნა ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს მობილურ ტელეფონში და სამსახურიდან გამოგდებით დამემუქრა… მის კაბინეტში [ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი] შესვლისთანავე მან მკითხა, თუ რა მომიხდა პოლიციასთან.

ზაზა დიასამიძესთან შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ მას დეტალურად ჰქონდა ინფორმაცია ჩემი ადმინისტრაციული დაკავების და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე,“ – ვკითხულობთ სარჩელში, რომლითაც გოჩა მჟავანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გარდა იმისა, რომ ყოფილი საჯარო მოხელე ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ აპირებს სასამართლო დავას უკანონოდ გათავისუფლებისთვის, ის დავობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წინააღმდეგაც. მიზეზი – ამ უწყებას გოჩა მჟავანაძემ 24 მაისს მიმართა იმის გასარკვევად, რომ უკანონოდ გადაუღეს და შემდეგ გაავრცელეს ფოტოები, რისი დადასტურებაც ვიდეოჩანაწერებით შეიძლებოდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეს ინფორმაცია ერთი თვის შემდეგ, 24 ივნისს, ანუ მაშინ გამოითხოვა, როცა „ჩანაწერი აღარ იქნებოდა შენახული“.

„მოპასუხე მხარე არაკვალიფიციურად მიუდგა საკითხს“, – ასე იწყება სარჩელი, რომელიც ყოფილ საჯარო მოხელეს შეუვსია მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან მას მისწერეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტი ვერ დადგინდა.

გარდა იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ გამოითხოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, ხოლო დადგენილი პრაქტიკაა, რომ ჩანაწერს ერთი თვით ინახავენ, ყოფილი საჯარო მოხელე რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს: მისი აზრით, ეს აჩვენებს, როგორ დააფარა ხელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ხელვაჩაურის პოლიციას და ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია.

„თითქოს მოიკვლიეს საქმე და რეაგირების გარეშე არ დატოვეს, მაგრამ სინამდვილეში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უაპელაციოდ გაიზიარა პოლიციელთა ჩვენებები,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე. მას ხელთ აქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ისევ ლევან ქათამაძის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო. ყოფილი საჯარო მოხელე კი სწორედ მას სდებდა ბრალს უკანონოდ ფოტოგადაღებაში.

ახსნა-განმარტებაში გონიოს პოლიციის უფროსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სწერს, რომ იმ ოთახში, სადაც გოჩა მჟავანაძე შეიყვანეს, ისედაც დაზიანებული იყო იმ დროისთვის [11 მაისი] ვიდეოკამერა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პოლიციელებმა უთხრეს, საერთოდ არ გვაინტერესებდა მისი სამუშაო ადგილი, არ ვიცოდით ესო, მაგრამ ჩემი სამუშაო ადგილის შესახებ წერია დაკავების და სამართალდარღვევის ოქმებში. პოლიციელებმა რომ აქაც ტყუილი თქვეს, ეს ხომ ცალსახად უნდა დაენახა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს?“ – კითხულობს ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ საქმისწარმოების ფარგლებში შეუსწავლია ზაზა დიასამიძის და ლევან ქათამაძის სატელეფონო მიმოწერაც და არ დადასტურდა, რომ გონიოს პოლიციის უფროსს, ლევან ქათამაძეს იმ დღეს, როცა გოჩა მჟავანაძე დააკავეს, კომუნიკაცია ჰქონდა ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან.

„გაურკვეველია და არ დგინდება, მოპასუხემ ნამდვილად ზაზა დიასამიძის და ლევან ქათამაძის კუთვნილი მობილური ტელეფონები შეისწავლა, თუ სხვისი. მოპასუხეს [პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური] არ დაუნიშნავს ექსპერტიზა და ამ გზით არ დაუდგენია ზაზა დიასამიძისა და ლევან ქათამაძის კუთვნილ მობილურ ტელეფონებში 2022 წლის 11 მაისს გადაღებული და მიღებული ფოტომასალები ხომ არ იყო წაშლილი,“ – აღნიშნავს გოჩა მჟავანაძე, რომლის სარჩელშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიმართ კიდევ სხვა პრეტენზიებიც არის ჩამოთვლილი.

რას პასუხობს ყოფილ საჯარო მოხელეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“? – „ბათუმელები“ ამ უწყების პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ.

____

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი უწყებაა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შეიქმნა. ეს უკანასკნელი კი მას შემდეგ გააუქმეს, რაც ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა დადო.  საერთაშორისო და ადგილობრივი ბევრი ორგანიზაციის შეფასებით, სამსახურის გაუქმება სწორედ ამ დასკვნას უკავშირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: