„ინტერნეტი ყველა სოფელს“ – რატომ ვერ შეასრულა მთავრობამ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება

„ქსელის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად, თუ თქვენ მიერ დასახელებულ  სოფლებში დაიწყო და შეჩერდა სამუშაოები, ეს იქნებოდა კერძო სექტორის მხრიდან განხორციელებული აქტივობები….“ – ეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ააიპ „ოუფენ ნეტიდან“ მოგვწერეს კითხვაზე – დაიწყო თუ არა მთავრობამ 2016 წელს, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების – „ინტერნეტი ყველა სოფელს“ შესრულება და რატომ შეაჩერეს რამდენიმე სოფელში ინტერნეტის ქსელის სამუშაოები?

„ოუფენ ნეტში“ უპასუხოდ დატოვეს ჩვენი მორიგი შეკითხვა: „რის გამო ვერ დაიწყო ქსელის მშენებლობა?“ 

საყოველთაო ინტერნეტიზაციის შესახებ თავდაპირველად საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი 2014 წელს დაჰპირდა. 2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ააიპი დააფუძნა – „ოუფენ ნეტი“. 2016 წელს კი საქართველოს მთავრობამ დადგენილებამ გამოსცა, რომლის მიხედვითაც ინტერნეტიზაციის პროცესი გაიწერა, თუმცა ქსელის მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. საუბარია სოფლებზე, სადაც კერძო ოპერატორები შესაბამის ქსელს არ აწყობენ იმ არგუმენტით, რომ იქ მოსახლეობის რაოდენობა მცირეა და ხარჯების გაღება ბიზნესს არ უღირს.

აჭარის რეგიონში რამდენ სოფელში აქვთ ინტერნეტთან წვდომა? – კონკრეტული მონაცემი მუნიციპალიტეტებში ვერ გვითხრეს. პრესცენტრების ინფორმაციით, ინტერნეტიზაციის პროცესს ეტაპობრივად კერძო კომპანიები ახორციელებენ. საუბარია უკაბელო ინტერნეტზე, რომლის საფასური თვეში საშუალოდ 30 ლარია [6 მეგაბიტი წამში]. მოსახლეობა ასევე იყენებს მობილურ ინტერნეტს, რომელიც ძვირია. მაღალმთიანი სოფლების დიდ ნაწილში პრობლემაა მობილურ ინტერნეტთან წვდომაც.

„ჩვენ წინასწარ ვიცით, რა დაგვიჯდება შესაბამისი სადგურის მოწყობა და ქსელის გამართვა. შემდეგ ვატარებთ მოსახლეობასთან გამოკითხვას. როცა დაახლოებით 20-მდე აბონენტი გროვდება, იქ ვიწყებთ სამუშაოებს. ხულოში, მაგალითად, 70 აბონენტი უკვე გვყავს, ორი თვის წინ დავიწყეთ მუშაობა…“ – გვითხრა კომპანია „ხულონეტის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ტიტვინიძემ. ეს კომპანია დაბა ხულოს ცენტრში კაბელით აწვდის აბონენტებს ინტერნეტს, მთიან სოფლებში – უკაბელოდ.

„ჩვენ ვსარგებლობთ რადიოტექნოლოგიით. შესაძლოა, ერთი ანძით რამდენიმე სოფელმა ისარგებლოს… კომპანია წყვეტს, რამდენად უღირს კონკრეტულ ადგილას ახალი სადგურის მოწყობა. ჩვენ აჭარის მაღალმთიანეთში უკვე დაახლოებით 150 აბონენტი გვყავს,“ – ამბობს კომპანია „უბიკომის“ წარმომადგენელი გია ქედელიძე.

ამ კომპანიების დაკვირვებით, მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანების დაახლოებით 50 პროცენტს აქვს წვდომა ინტერნეტთან.

მთავრობის მიერ 2015 წელს გავრცელებული სარეკლამო მასალა

მთავრობის დაპირების მიხედვით, 500-მდე სოფელში უნდა მისულიყო ინტერნეტის ქსელი, მათ შორის, აჭარის 43 სოფელში და მოსახლეობის 90%-ზე მეტს უნდა ჰქონოდა ინტერნეტზე წვდომა. ეს სამუშაოები 150 მილიონი დოლარი დაჯდებოდა და მას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებდა. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, აშენებული მაგისტრალი კერძო პროვაიდერზე უნდა გაქირავებულიყო. „ოუფენ ნეტის“ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი ქსელის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებზე მიქირავება ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით მოხდებოდა. რაც შეეხება ინტერნეტის საფასურს, ამ საკითხში „ოფენ ნეტი“ გეგმის მიხედვით არ ერეოდა და სამომხმარებლო ტარიფს პროვაიდერები განსაზღვრავდნენ.

რატომ ღირს ინტერნეტი სოფლად 30 ლარი? – კითხვის პასუხად კერძო ოპერატორები ამბობენ, რომ კონკურენცია არსებობს, ბაზარზე რამდენიმე პროვაიდერია და კონკურენტების ფასით არც ინტერესდებიან, თუმცა ამ დრომდე მომხმარებელს ფასის კუთხით არჩევანი არ აქვს.

„კონკურენცია მაინც არის. ერთსა და იმავე სოფელში შესაძლოა ერთი აბონენტი ჩვენგან იღებდეს ინტერნეტს, მეორე – სხვა კომპანიისგან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ტიტვინიძემ, „ხულონეტის“ ხელმძღვანელმა.

„ოუფენ ნეტს“ ქსელის მოწყობა არ დაუწყია, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით აამოქმედა ახალი პროგრამა „ინტერნეტი ყველასთვის“. ამ პროგრამის ფარგლებში ინტერნეტის ქსელში უფასოდ რთავენ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში 100 ათასზე დაბალია. ამ აბონენტებს ასევე ექნებათ შეღავათი ინტერნეტის ტარიფებზე.

„მათ გამართეს პრეზენტაცია ქედის კულტურის სახლში 21 სექტმებერს, შემდეგ რამდენმა სოციალურად დაუცველმა გამოთქვა სურვილი, მონაცემები ჩვენ არ გვაქვს,“ – გვითხრეს ქედის მერიის პრესცენტრში.

რა ინფორმაცია აქვთ აჭარის მთავრობაში დაპირებულ ინტერნეტიზაციაზე? – ვკითხეთ აჭარის მთავრობის პრესცენტრს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

____________________________

მთავარი ფოტო: უკაბელო ინტერნეტის რეკლამა სოფელ ყინჩაურში, მანანა ქველიაშვილი /„ბათუმელები“

რა შემთხვევაში შეიძლება ისწავლოთ 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან მაგისტრატურის პროგრამებზე

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ  შეიმუშაონ ბაკალავრიატის  სამწლიანი და მაგისტრატურის ერთწლიანი პროგრამები, თუმცა, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯერჯერობით, აკრედიტაციასთან დაკავშირებით არც ერთ უნივერსიტეტს განაცხადი არ გაუკეთებია.

რა შემთხვევაში შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სასწავლო წლის შემცირება და რა შემთხვევაში არა – ამის თაობაზე „ბათუმელები“ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსს, ნინო ბერელიძეს ესაუბრა.

„ევროპის ბევრ ქვეყანაში ბაკალავრიატის მოცულობა ძირითადად სამი წელია, ამიტომ ერთობლივი პროგრამების განხორციელებისას, როცა ორმაგი კვალიფიკაციის მინიჭება ხდება, უნივერსიტეტებს პრობლემები ექმნებოდათ. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ ეტაპობრივად ეს ნაბიჯები უნდა გადაგვედგა,“ – გვითხრა ნინო ბერელიძემ.

ახალ მოდელთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტების რექტორებთანაც, თუმცა, როგორც ნინო ბერელიძე გვეუბნება, მათ ამ ეტაპზე ახალ მოდელზე გადასვლის მზაობა ვერ გამოავლინეს.

„იმ სფეროებში, რომლებიც უფრო მეტად არის პრაქტიკაზე ორიენტირებული, შევთავაზეთ, რომ შემოგვეტანა 3-წლიანი ბაკალავრიატები, თუმცა, რექტორების პოზიციაა, რომ პირველ ეტაპზე იქნებ მასიურად არ შემოვიდეს სამწლიანი ბაკალავრიატი, სანამ დამტკიცებული არ არის უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი და ახალი ხარისხის სტანდარტები.

ასევე, გამოსაკვლევია შრომის ბაზრის მოთხოვნები, რადგან ყოველ სამ წელიწადში, როცა ბაკალავრებს გავუშვებთ, რამდენად იქნება მზად შრომის ბაზარი მათ მისაღებად,“ – ამბობს ნინო ბერელიძე.

ამის მიუხედავად, შეთანხმება მიღწეულია იმაზე, რომ ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად შემუშავებულ ერთობლივ პროგრამებს არ ექნება დაბრკოლება და საქართველოში დაინერგება სამწლიანი საბაკალავრო პროგრამები ყველა სფეროში, გარდა რეგულირებადი სფეროებისა.

ნინო ბერელიძის თქმით, სახელოვნებო და შემოქმედებითმა სასწავლებლებმა, მათ შორის კონსერვატორიამ და სამხატვრო აკადემიამ, გამოთქვეს სურვილი, რომ გადავლენ სამწლიან საბაკალავრო პროგრამებზე. „მაგალითად, გოგი მარგველაშვილმა ითხოვა, მაქვს რამდენიმე დარგი, რომლებსაც ახლავე გადავიყვან სამწლიანზე და მოგვეცით უფლება, რომ ჩვენ შიგნითაც განვახორციელოთ სამწლიანი პროგრამებიო. რა თქმა უნდა, ეს მისაღებია ჩვენთვის,“ – ამბობს ბერელიძე.

რაც შეეხება მაგისტრატურას, ერთწლიანი მაგისტრატურის პროგრამით ამ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის სფეროში დასაქმებულებს შეუძლიათ ისარგებლონ.

„ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის აკადემიური პროგრამა (EMBA), სადაც სწავლა მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვისაც უკვე აქვს მინიმუმ ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება აღმასრულებელ პოზიციაზე, რადგან ეს სფერო უფრო მეტად ორიენტირებულია პრაქტიკაზე და ნაკლებად – კვლევაზე. თუმცა ეს მარტო ბიზნესის სფეროს არ მიემართება, არამედ აღსრულებაზე ორიენტირებულ ნებისმიერ სფეროს, მათ შორის ინჟინერიას,“- ამბობს ნინო ბერელიძე.

ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებდამთავრებული პირების დაშვება დოქტორატურის საფეხურზე ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

ნინო ბერელიძის თქმით, განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე, მანამდე კი უნივერსიტეტებს დრო აქვთნ იმუშაონ ახალ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

„ასევე, უნივერსიტეტები დაადგენენ ჩარიცხვის წინაპირობას, გარდა იმ წესისა, რაც უკვე დადგენილია, ამასობაში კი სამინისტროც შეიმუშავებს დაფინანსების წესს,“ – დასძენს ნინო ბერელიძე.

განათლების მინისტრის ბრძანება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ერთი წლით შემცირებაზე ძალაში 30 სექტემბერს შევიდა.

_____________________

ფოტო: ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი. ფოტო: „ბათუმელები“

შსს: ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა – ფემიციდის ორი შემთხვევა ერთ კვირაში

დღეს, 17 ოქტომბერს, ბოლნისში ქალი მოკლეს, მისი მკვლელობის ბრალდებით კი ქმარი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა საქართველოში 11 ოქტომბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა 11 ოქტომბერს ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 30 წლის ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფემიციდის შემთხვევების 40%-ზე მეტი განქორწინების ან გაშორების შემდეგ ხდება, როდესაც კაცი კარგავს ქალს, რომელსაც საკუთრებად მიიჩნევს. მოკლული ქალების 75% ასევე განიცდიდა თვალთვალს მის მკვლელობამდე 12 თვის განმავლობაში.

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ფიზიკური ძალადობისთვის დააჯარიმეს

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი კახა მიქელაძე 2500 ლარით დააჯარიმეს ფიზიკური ძალადობისთვის. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჯარიმის გადახდა კახა მიქელაძის თანმხლებ პირს – ირაკლი აბუსერიძესაც დააკისრა – 3500 ლარის ოდენობით.

საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. სიტყვიერი კონფლიქტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ბათუმის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრე თევზაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს საჯაროდ კომენტარი დაუწერა. მეორე დღეს ალექსანდრე თევზაძე მსჯავრდებულებმა ევროპის მოედანზე გამართული საპროტესტო აქციიდან ავტომანქანით წაიყვანეს.

„ავტომობილში ყოფნისას კახა მიქელაძემ ალექსანდრე თევზაძის მიერ საჯაროდ გამოხატული პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალექსანდრეს…“ – აღნიშნულია განაჩენში.

ჩხუბი კაფე „კონტესთან“ გაგრძელდა.

„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ირაკლი აბუსერიძემ ცივი იარაღის – დანის გამოყენებით, ალექსანდრე თევზაძეს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება თავისა და მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია,“ – წერია განაჩენში.

ამ ინციდენტის შემდეგ კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე დააკავეს, თუმცა მათი გირაოს საფუძველზე გათავისუფლება პროკურორმა დაკავებიდან რამდენიმე დღეში – 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოითხოვა. მაშინ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის ეს დამოკიდებულება „შეღავათიანია“ და მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ირაკლი ჭეიშვილიც. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია და კახა მიქელაძის მეგობარი. მაშინ ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პოლიტიკური გავლენა პროკურატურაზე, ან სასამართლოზე გამორიცხულია.

„პროკურატურა დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალეკო თევზაძეს მხოლოდ მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა… რატომ გაუსვა ამას ხაზი მოსამართლემ, არ ვიცი,“- აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელებთან“.

ბრალდებულებმა ბრალი დაკავებიდან რამდენიმე დღეში აღიარეს. სასამართლომ მათ მიმართ სასჯელის მინიმალური ოდენობა გამოიყენა. ორივე მსჯავრდებულს ჯარიმიდან 500-500 ლარი ჩამოაკლდებათ რამდენიმე დღით პატიმრობისთვის.

____________________

ფოტოზე: ბრალდებული კახა მიქელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმის კონცხიდან ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშის გადასაქაჩად სანაპიროზე მილებს ალაგებენ

ბათუმის პლაჟის გასწვრივ იმ მილების დალაგება დაიწყეს, რომელთა საშუალებითაც ბათუმის კონცხიდან ახალი ბულვარისკენ ხრეში უნდა გადაქაჩონ.

ბათუმის კონცხთან ნატანის ამოღება და ადლია-აეროპორტის მიმდებარედ ჩაყრა ბათუმის სანაპირო დაცვის პროექტითაა გათვალისწინებული. ხრეში კონცხიდან ადლიისკენ სპეციალური მოწყობილობით [მილებით და ტუმბოებით] გადაიქაჩება. ამ გზით პლაჟი უნდა გაფართოვდეს და შენარჩუნდეს იმ კედლის გასწვრივ, რომელიც ნაპირის დაცვის მიზნით აშენდა.

მილები, რომლებითაც ბათუმის კონცხიდან ახალი ბულვარის პლაჟებისთვის ხრეშს გადაქაჩავენ [სპეციალური ტუმბოების გამოყენებით] / 17.10.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ხრეშის გადასაქაჩ მილებს ბულვარში ალაგებენ / 17.10.2019

„ხრეშის ამოღება მოხდება ბათუმის კონცხთან, სადაც ის ჭარბი რაოდენობითაა. ამით ორი საქმე გაკეთდება: პირველი – ახალ ბულვარში გაფართოვდება პლაჟი და მეორე – ბათუმის კონცხი განიტვირთება ზედმეტი ნატანისგან. კონცხთან არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომ პლაჟი, ისე როგორც 1999 წელს, კვლავ ჩაიქცეს ზღვის კანიონში. განტვირთვა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი რამ არ მოხდეს,“ – გვითრა რეზო გიგილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტი, რომელიც 2 კილომეტრამდე დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს, აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდა. მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს კი ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP-ი ასრულებს, რომელთანაც კონტრაქტი 30 მილიონამდე ლარზეა გაფორმებული. პროექტი, რომლითაც მშენებლობა მიმდინარეობს, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა.

რატომ გახდა დამცავი კედლის აშენება აუცილებელი, რისთვისაა საჭირო ხრეშის გადაქაჩვა, რას ფიქრობენ სპეციალისტები და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ბათუმის პლაჟების მოვლაზევრცლად იხილეთ ბმულზე:

ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშს ბათუმის კონცხიდან მილებით გადაქაჩავენ

თურქეთის საელჩო საქართველოში: არ მიიღოთ სარწმუნოდ პროვოკაციული პოსტები

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

„თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქ გვერდები, სადაც პროვოცირების მიზნით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ.

გთხოვთ, არ მიიღოთ სარწმუნოდ, ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუქში თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის სახელით დეზინფორმაციული რუკა, 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა.  რუკის მიხედვით, თურქეთი პრეტენზიას აცხადებს ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილზე.

თურქეთის გენერალურმა  კონსულმა ბათუმში, მაქბულე ქოჩაკმა 16 ოქტომბერს, “ბათუმელებთან” ოფიციალურად დაადასტურა, რომ  ფეისბუქგვერდი ყალბია, არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს და მასზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არაფერი საერთო არ აქვს თურქეთის  უმაღლესი პირების განცხადებებთან.

ამავე თემაზე:

ტყუილია, თითქოს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ბათუმზე პრეტენზიას აცხადებს

81 კილომეტრი სუფთა ტუალეტის გარეშე – ტურისტების პრობლემა აჭარაში

ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის ბათუმი და მთელი აჭარის  რეგიონი მეორე ადგილზეა უცხოელ ტურისტებში. მსგავსად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც მილიონობით ლარს ხარჯავს ბათუმისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაზე.

დეპარტამენტის ბოლო წლების სტრატეგია ტურისტების მთიანი აჭარით დაინტერესებაა.

ბათუმიდან დაბა ხულომდე 81 კმ-ია. გზის არც ერთ მონაკვეთზე არ არის მოწესრიგებული საპირფარეშო – არც კერძო და არც მუნიციპალური, სადაც დაცული იქნება ჰიგიენის მინიმალური სტანდარტები. დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე 30 კმ-იანი საავტომობილო გზაა, რომლის გავლასაც მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ორ საათზე მეტი სჭირდება. მართალია, გზაზე საზოგადოებრივი საპირფარეშო არის, მაგრამ იმდენად მოუწესრიგებელია, გიდებს გამოუვალი სიტუაციის გარდა, არასდროს შეჰყავთ იქ ტურისტები. ერთადერთი საპირფარეშო, სადაც ჰიგიენის ნორმები დაცულია, დაბა ხულოს ცენტრშია.

„ქალაქში მაინც უფრო ადვილია, კაფე-რესტორნების იმედად ვართ, ქალაქიდან თუ გახვედი, დაღუპული ხარ. ვმასპინძლობ ხოლმე ასაკოვან ტურისტებს, რომლებსაც ძალიან ხშირად სჭირდებათ საპირფარეშოში შესვლა და პრობლემებიც აქ იწყება. განსაკუთრებით როცა ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიხარ ან რეგიონიდან რეგიონში. გზაზე უნდა გაჩერდე აუცილებლად ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც უმრავლეს შემთხვევაში ერთი კაბინაა და 40-კაციანი ჯგუფი რომ მიგყავს, ბევრი დრო იკარგება.

გზებზე რა ტუალეტებიც არის, იქ ისეთი საშინელი სუნი დგას, არასოდეს არ ვსარგებლობ, ტურისტები მარტო მაშინ შედიან, როცა უბრალოდ სხვა გზა და გამოსავალი არაა,“ – ამბობს სალომე გორგილაძე, გიდი ბათუმიდან.

„რთული მოსავლელია,“ – ამბობს ხულოს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე და აგრძელებს – „ჯობია, რომ კერძო სტრუქტურები დავავალდებულოთ. ვინც გახსნის ბენზინგასამართ სადგურს, მარკეტს და რესტორანს, მოემსახურონ ტურისტებსაც და მოსახლეობასაც“.

ზაზა აბულაძის თქმით, მას შემდეგ, რაც იჯარით გასცეს დაბა ხულოში მუნიციპალური საპირფარეშო, მეიჯარემ შენობა გაარემონტა და შშმ პირთათვის ადაპტირებული გახადა, კურორტ გოდერძისკენ მიმავალ გზაზე მდებარე საპირფარეშოები კი ისევ მუნიციპალური საკუთრებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხულოს მერია მათ მოვლა პატრონობაში ფულს იხდის, ტუალეტები მოუწესრიგებელია.

მწვანე ტბაზე, რომელიც ზემო აჭარის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა და ყოველწლიურად ასობით ტურისტი სტუმრობს, ბოლო დრომდე საპირფარეშო არ ყოფილა.  როგორც ზაზა აბულაძე ამბობს, ამჟამად მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტუალეტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო აკეთებს.

რაც შეეხება ბათუმს, რომელიც ტურისტულად მზარდი ქალაქის რიცხვში შედის, ბულვარში მდებარე საპირფარეშოების გარდა, უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე 3 მუნიციპალური საპირფარეშოა, ერთი – ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, მეორე – შინდისის სკვერში, მესამე კი – ზუბალაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩაზე ახალაშენებულ სკვერში. მერიაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით სხვა საპირფარეშოების მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ვკითხეთ, მისცა თუ არა რეკომენდაციები საპირფარეშოების მოსაწყობად აჭარის მუნიციპალიტეტებს, როდის და რა ფორმით.

„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პერიოდულად ამზადებენ ტურისტულ სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტებისთვის, მათ შორის საპირფარეშოებთან დაკავშირებითაც.

აღნიშნული რეკომენდაციები ზეპირი ფორმითაც მიეწოდება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, როდესაც იმართება სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრები ტურიზმის სექტორთან. მუნიციპალიტეტების მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტულ ადგილებში, კერძოდ უკვე მოეწყო საპირფარეშოები ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე, მირვეთში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე,“ – მოგვწერეს პასუხად დეპარტამენტიდან.

ეროვნული ჯილდოს ათეულის მასწავლებლებმა ჰამიდ სადიხლის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი პედაგოგები, გეოგრაფიის მასწავლებლის ჰამიდ სადიგის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებენ.

„მიგვაჩნია, რომ ადრეული ქორწინების, ბავშვთა შრომისა თუ მათზე ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენასა და აღმოფხვრაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ისინი არიან ვალდებული, ამ ტიპის შემთხვევებზე გამოხატონ თავიანთი აზრი და იმოქმედონ კიდეც.

მივმართავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, საქართველოს სახალხო დამცველს და ყველა პასუხისმგებელ უწყებას, რომ გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და გატაცების ფაქტთან ერთად გამოიძიონ მასწავლებლის ღირსების შელახვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ვიდეოს გადაღებისა და გავრცელების ფაქტებიც და მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები.

უნდა გვახსოვდეს, რომ მასწავლებლებისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზიანოა არა მარტო კონკრეტული სკოლის, მისი მოსწავლეებისა და თემისათვის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ჰამიდ სადიგმა ფეისბუქზე ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა და ერთ-ერთი მოსწავლე გოგოს, ქორწინების მიზნით მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა. გოგო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას აპირებდა.

გატაცებული გოგო ოჯახში დააბრუნეს, განაწყენებულმა ადილობრივმა მოსახლეობამ კი მასწავლებელს შეურაცხყოფა მიაყენა და ბოდიში მოახდევინა, ამის ამსახველი კადრები კი სოციალური ქსელით გაავრცელეს.

მასწავლებლის მიმართ იძულების ფაქტზე უწყებაში გამოძიება სქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო.

19 წლის გოგოს  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარნეულელმა, გარდაბნელმა და თბილისელმა ახალგაზრდებმა ინფორმაციის გასაჯაროების შემდგომ, მასწავლებლის მხარდასაჭერი აქცია სოციალურ ქსელში დაიწყეს, ჰეშთეგი სახელწოდებით – #‎mənhəmidəm – „მეც ჰამიდი ვარ“.

რომელი ქუჩების კეთილმოწყობა იგეგმება ბონი-გოროდოკის დასახლებაში

ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 ქუჩის კეთილმოწყობა იგეგმება.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, კეთილმოეწყობა შემდეგი ქუჩები:

ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელების ნაწილი იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და ს. თაყაიშვილის ქუჩები.

ამ ეტაპზე სამუშაოები იაშვილის ქუჩაზე ხორციელდება.

ამ ქუჩებზე დაგეგმილია სანიაღვრე სისტემის, ტროტუარის მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება, ეზოების დაერთება სანიაღვრე არხებზე და ა.შ.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 767 ათას ლარია.

პროექტი ორწლიანია და სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.

ტრამპის წერილი ერდოღანს: “ნუ იქნები სულელი”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ  ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს წერილით მიმართავს. წერილი  ტელეკომპანია FOX-ის ბიზნესის რეპორტიორმა თრიშ რეგანმა მოიპოვა და ტვიტერზე გაავრცელა.

წერილში ტრამპი ერდოღანს ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.

“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

მოდი დავიწყოთ მუშაობა გარიგებისათვის. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე აიღო პასუხისმგებლობა და მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი – და ვიქნები. მაგალითი უკვე გაჩვენე პასტორ ბრენსონის შემთხვევაში.

მე ბევრს ვმუშაობ შენი პრობლემების გადასაჭრელად. შენ შეგიძლია კარგი გარიგება დადო. გენერალი მაზლუმი მზადაა მოლაპარაკებისათვის და ის ამ მოლაპარაკებისას წავა იმ დათმობებზე, რომელზეც არასდროს წასულა მანამდე.

ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები მაგარი ბიჭი! ნუ იქნები სულელი!

მოგვიანებით გადმოგირეკავ,“ – წერს  დონალდ ტრამპი ერდოღანს.

გარდიანის თანახმად, წერილის ავთენტურობა დაადასტურა თეთრმა სახლმა სხვადასხვა გამოცემასთან.

 

ტყუილია, თითქოს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ბათუმზე პრეტენზიას აცხადებს

ფეისბუქში თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის სახელით გავრცელებული რუკა, დეზინფორმაციაა.

დეზინფორმაციული რუკა, თანდართული ტექსტით, ფეისბუქზე 14 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული. რუკის მიხედვით, თურქეთი პრეტენზიას აცხადებს ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს  ტერიტორიების ნაწილზე.

ფეისბუქგვერდი, რომელზეც აღნიშნული რუკა გამოქვეყნდა, სინამდვილეში არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამას მოწმობს ისიც, რომ გვერდს არ  აქვს ოფიციალური გვერდის ნიშანი.

თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ გავრცელებული რუკა ტყუილია და ის ოფიციალურ ანკარას საქმის კურსში ჩააყენებს. კონსული ასევე ურჩევს მოქალაქეებს, ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ოფიციალური პირები გაავრცელებენ და არ აჰყვნენ დეზინფორმაციას.

„ნაციონალისტურ გვერდებზე, ანონიმური სახელების გამოყენებით, მითითებული ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამის მსგავსად, სხავადასხვა პირის სახელზე უამრავი ანგარიში იხსნება. აღნიშნულის ფარგლებში, გირჩევთ, საზოგადოებამ სიფრთხილე გამოიჩინოს ასეთი პროვოკაციული ხასიათის და ყალბი ანგარიშების მიმართ,“ –  აცხადებს თურქეთის კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ საუბარში.

კონსულის განცხადებით თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაციის შემცველი პოსტი ქვეყნდება, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთის PYD/YPG-ს წინააღმდეგ მიმდინარე „მშვიდობის წყაროს“ ოპერაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოვლენისა და პერიოდის ფოტოების გაზიარებით ცდილობენ შექმნან წარმოდგენა თითქოს ამ ოპერაციის მიზანი არის მშვიდობიანი მოსახლეობა,“ – ამბობს კონსული „ბათუმელებთან“.

თურქულმა საინფორმაციო პორტალმა „ანადოლუ აჯენსიმ“ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნიუსებზე მასალა მოამზადა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კონკურსის მეორე ეტაპზე 13 კანდიდატი გადავიდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩევლობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 13 კანდიდატი. ესენი არიან:

რაულ ბერიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნათია სირაბიძე, სოსო სტურუა, არჩილ ხახუტაიშვილი, სტელა ახვლედიანი, რუსლან ბარამიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ დიასამიძე, თამილა დოლიძე, გია ქარცივაძე, გელა ღოღობერიძე და თამარ წილოსანი.

13 კანდიდატიდან 4 გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2 900 ლარია, მოადგილის – 2 700 ლარი, წევრის კი – 2 625 ლარი. აჭარის უმაღლესი საბჭო ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს.

საბჭოს ამჟამინდელ წევრებს: ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ და საბჭოში რჩება ერთი წევრი – გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად.

________________
ფოტოზე: კომისიის წევრები: ლევან გობაძე, ასლან ლორთქიფანიძე, მანანა შარაშიძე, ერმილე მესხია. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

ავარია ბათუმში, რომელსაც მოტოციკლისტი ემსხვერპლა – სასამართლოს განაჩენი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ერთ-ერთი ავარიის შემთხვევაზე საქმის განხილვა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი დაიღუპა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კახა ფ.-ს, თუმცა ეს სასჯელი პირობით ჩაეთვალა და გამოსაცდელი ვადა დაენიშნა იმავე ვადით.

საუბარია გასული წლის 17 დეკემბერს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე – მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ავარიის შედეგად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიარა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შეურიგდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, სახეზეა გაუფრთხილებლობითი დანაშაული,“ – აღნიშნულია განაჩენში.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულს ასევე ერთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ამ თემაზე:

ექვს თვეში საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად

რატომ შეწყდა აგროსერვისცენტრის მშენებლობა შუახევში

შუახევში აგროსერვისცენტრის მშენებლობა, რისთვისაც ხელშეკრულება 177 348 ლარზე იყო გაფორმებული, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჭედა 2012“-მა შეწყვიტა. კომპანიისთვის ავანსად იყო გადახდილი 35 469 ლარი, ხელშეკრულებით გაფორმებული ეტაპების დარღვევისთვის და ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კი, კომპანიას 9 436 ლარის პირგასამტეხლოს გადახდაც დაეკისრა.

„კომპანიამ შეასრულა 17 ათასი ლარის სამუშაო, დანარჩენი თანხა კი, საგარანტიოთი ამოვიღეთ. ასე, რომ ბიუჯეტს ფინანსურად, ამ კუთხით, არ უზარალია. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, კომპანიას არ გადაუხდია, რის გამოც მივმართეთ სასამართლოს. პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა[ა]იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ბერიძემ.

შუახევში აგრომომსახურების ცენტრის შენობის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მიმდინარე წლის დასაწყისში „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ გამოაცხადა და ხელშეკრულებაც  გააფორმა გამარჯვებულთან. ამ ცენტრის გაუქმების შემდეგ კი პროექტი გადაეცა „აგროსერვისცენტრს“. მშენებლობა 2019 წლის ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო.

„როცა შევატყვეთ, რომ კომპანია ვერ ასრულებდა სამუშაოს გეგმა-გრაფიკის მიხედვით და ბოლოს, როცა საერთოდ შეწყვიტა სამუშაოები, ხელშეკრულება გავაუქმეთ. სხვა გამოსავალი არ იყო და მშენებლობის გასაგრძელებლად ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ,“ – გვითხრა გოჩა ბერიძემ, „აგროსერვისცენტრის“ დირექტორმა.

ესკიზი

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 31 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 200 977 ლარია.

ეს იქნება ორწლიანი შესყიდვა [2019 წელი – 30 977 ლარი, 2020 წელი – 170 000 ლარი], „აგროსერვისცენტრის“ მშენებლობა და კეთილმოწყობა კი 2020 წლის 2 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

სატენდერო დოკუმენტებიდან

რატომ შეაჩერა კომპანია „ჭედა 2012“-მა მშენებლობა, „აგროსერვისცენტრში“ ვერ აკონკრეტებენ: „რამდენადაც ვიცით, თავად კომპანიას შეექმნა პრობლემები სხვა პროექტებში“.

„ჭედა 2012“ რეგისტრირებულია ქობულეთში 2012 წელს. მისი მესაკუთრე და დირექტორი მაია აბუსელიძე იყო. რეესტრის ბოლო ამონაწერით კი, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი ზია ბოლქვაძეა. დოკუმენტების მიხედვით კომპანიის 100% წილი საკუთრებაში ზია ბოლქვაძემ უსასყიდლოდ მიიღო.

„ჭედა 2012“-ს „ბათუმელები“ ვერც ამჯერად დაუკავშირდა. არადა, ამ კომპანიამ 2019 წელს, ნაკისრი ვალდებულებები აჭარაში კიდევ სამ სხვადასხვა პროექტის შემთხვევაში ვერ შეასრულა, რის გამოც, ოთხივე შემთხვევაში [აგროსერვისცენტრის ჩათვლით], ის შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა.

ეს სამი პროექტია:

[crosslist]

  • დაბა ქედაში რუსთაველის ქუჩასთან მდებარე მინისპორტული მოედნის რეკონსტრუქცია – სახელშეკრულებო თანხა 47 936 ლარი;
  • ხელვაჩაურის სოფლებში შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – სახელშეკრულებო თანხა 152 538 ლარი;
  • გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკისათვის ანგარისა და არენის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა – სახელშეკრულებო თანხა 93 990 ლარი.

[/crosslist]

ამ თემაზე:

ავანსად გადარიცხული 93 990 ლარი – გონიოში რომაული ბანაკი ვერ მოეწყო

მთავარი ფოტო: აგროსერვისცენტრის შენობა შუახევში, რომლის მშენებლობა „ჭედა 2012“-მა დაიწყო და მიატოვა.

გურიის დაცულ ტერიტორიებში ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე არეალიც მოხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების შექმნას გეგმავს, თუმცა ამისათვის ჯერ შესაბამისი კვლევებია საჭირო, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით ჩატარდება.

გურიაში რა ტერიტორიას შეიძლება მიანიჭონ დაცული ტერიტორიის სტატუსი? – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თომა დეკანოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ განიხილება აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთი ნაწილი, მათ შორის კურორტების – ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე ტერიტორიებიც.

„მოგეხსენებათ, აჭარა-იმერეთის ქედი არის მცირე კავკასიონის ნაწილი. აღმოსავლეთ ნაწილში, ჩოხატაურის მხრიდან, არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, დასავლეთის მხარეს კი, აჭარის მხრიდან – კინტრიშისა და მტირალას ეროვნული პარკები.

ეს ქედი, და მათ შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაწილი, არის ეკოლოგიური დერეფანი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის. ესაა კეთილშობილი ირმის, დათვის, არჩვის საბინადრო არეალი და სამიგრაციო დერეფანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ვფიქრობთ, ამ ტერიტორიას აქვს პოტენციალი, დააკმაყოფილოს დაცული ტერიტორიების კრიტერიუმები, თუმცა წინასწარ, კვლევების გარეშე, არ შეგვიძლია ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს ეროვნული პარკი, აღკვეთილის ტერიტორია თუ სხვა. ეს გახდება ცნობილი კვლევების შემდეგ, რომელსაც ვგეგმავთ ბუნების მსოფლიო დაცვის ფონდთან ერთად.

რა თქმა უნდა, უშუალოდ ბახმარო ვერ მოექცევა ამ ზონაში, რადგან დასახლებული პუნქტი ვერ ხვდება დაცულ ტერიტორიებში, გარდა დაცული ლანდშაფტისა, ეს სამართლებრივად არ არის შესაძლებელი. მაგრამ ბახმაროს, სოფელ ჩხაკაურას და გომის მთის ტერიტორიები, მდინარეების: სუფსისა და გუბაზეულის სათავეები, ხეობების ნაწილი შეიძლება მოხვდეს,“ – ამბობს თომა დეკანოიძე.

შედრეკილი. ბახმაროსთან ახლოს მდებარე მემთეურების სოფელი

კვლევები გურიაში წელს დაიწყება და 2020 წელშიც გაგრძელდება. სპეციალისტები შეისწავლიან ბიომრავალფეროვნებას და აღნიშნულ ტერიტორიასთან დასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებას ამ ინიციატივის მიმართ.

„დაგეგმვის პროცესი არ არის მარტივი. უნდა მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის შესწავლაც, რა საქმიანობებია, ხელს ხომ არ შეუშლის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს დაცული ტერიტორიები, რადგან, დაცულ ტერიტორიებზე გარკვეული შეზღუდვებია რესურსების გამოყენების კუთხით. აუცილებელია მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი მხარდაჭერა, რადგან მოსახლეობა, რომელიც დაცული ტერიტორიების გარშემო ცხოვრობს, დამოკიდებულია ამ ტერიტორიების რესურსებზე,“ – ამბობს თომა დეკანოიძე.

ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე ტერიტორიებზე ზაფხულში მოსახლეობა პირუტყვს აძოვებს. ეს ადგილები, ტრადიციულად, ყოველ წელს მემთეურების საცხოვრებელი ადგილია რამდენიმე თვით. აიკრძალება თუ არა საძოვრები? თომა დეკანოიძე ამბობს, რომ – არა.

„საძოვრების პრობლემა არ შეიქმნება, აქ საუბარი არ არის ტრადიციულ გამოყენებაზე. დაცული ტერიტორიების კატეგორიები, თუნდაც ეროვნული პარკი, აღკვეთილი ან დაცული ლანდშაფტი არ ზღუდავს ყველაფერს. ის ფასეულობა, რაც ამ ტერიტორიას აქვს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მხარისთვის. საძოვრებით სარგებლობა, წყლის რესურსებით სარგებლობა, ზოგადად, განახლებადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ლიმიტირებულად შესაძლებელი იქნება და მოსახლეობას ეს არ შეეზღუდება“.

გომის მთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო

თომა დეკანოიძის თქმით, დაცული ტერიტორია გურიის რეგიონს ახალ მნიშვნელობას შესძენს:

„დაცული ტერიტორიების არსებობა რეგიონში, ეს არის ბრენდი, ამ ტერიტორიის მიზიდულობა იზრდება. ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ეს ნიშნავს, რომ არსებობს ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა ცენტრი, სადაც იგი შეძლებს ინფორმაციის მიღებას და ა.შ.“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება, 1 დაბა და 23 სოფელია. მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია.

______________

მთავარ ფოტოზე: ბახმაროს მიმდებარე ტერიტორია. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

„ანრის“ საგამოფენო კუთხე სახალხო ზეიმზე ქედაში

2019 წლის 11 ოქტომბერს დაბა ქედის ცენტრში გაიმართა სახალხო ზეიმი ,,შემოდგომა ქედაში“. ღონისძიება ადგილობრივ მოსახლეობასა და მოწვეულ სტუმრებს შორის შეხვედრის ადგილად იქცა.

სახალხო ზეიმს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

მთიანი აჭარის რეგიონში საზღვაო დარგის პოპულარიზაციისთვის ღონისძიებაში ჩაერთო ბუსსს „ანრი“. საზღვაო სასწავლებლის წარმომადგენლებმა მოაწყვეს გამოფენა.

ღონისძებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უმასპინძლა ბუსსს „ანრის“ გენერალურმა დირექტორმა ანზორ დიასამიძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მხატვრული ფილმის „მევლუდის“ საიუბილეო 35-ე წარდგენა.

მოსახლეობას  საშუალება ჰქონდა, პირისპირ შეხვედროდა მევლუდ დიასამიძის როლის შემსრულებელ ზურაბ ცინცქილაძეს და ფილმის სხვა მონაწილე პერსონაჟებს.

რატომ გააპროტესტა ბათუმში ოპოზიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ასფალტის დაგება

„წყალია გზაზე და ასფალტს ასხამენ. სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ასფალტი მალე გაფუჭდეს და ხელახლა იყოს გასაკეთებელი,“ – აცხადებს „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიშა ბოლქვაძე. მან ბათუმში, ნუცუბიძის ქუჩაზე ასფალტის დაგების ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქში გამოაქვეყნა.

მიშა ბოლქვაძის თქმით, ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარს აგებენ, წყლის მილი დაზიანებულია.

წყლის მილის დაზიანებას ადასტურებენ ბათუმის მერიაშიც, თუმცა აქ გვითხრეს, რომ წყლის უმნიშვნელო რაოდენობა დაიღვარა იქ, სადაც ასფალტი დააგეს.

„მილი გასკდა გზაჯვარედინზე, იქ ჩვენ საერთოდ არ გვეკუთვნოდა ასფალტის საფარის დაგება. ეს იყო ბოსტნის მოსარწყავი მილი… სანამ გადააბეს-გადმოაბეს, რაღაც უმნიშვნელო ნაწილი დაიქცა. აგერაა მთელი მოსახლეობა და ყველა მადლობას გვიხდის… ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ტყეშელაშვილმა, ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის ტექნიკურმა ზედამხედველმა.

 

ტყვია ბავშვების სისხლში – როდის გახდება ცნობილი ახალი კვლევის შედეგები

ქართველი სპეციალისტები ამერიკელ ექსპერტებთან ერთად სწავლობენ გარემოს, სადაც ის ბავშვები ცხოვრობენ, რომლებსაც, 2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა დაუფიქსირდათ. სპეციალისტები  სწავლობენ  ნივთებს, საღებავებს, ნიადაგს, წყალს და ყველაფერს, რასაც საცხოვრებელი გარემო მოიცავს. სინჯები აიღეს აჭარის მაღალმთიანეთშიც.

გარდა ამისა, კვლევები ჩაუტარდათ პირველი კვლევის მონაწილე ბავშვების ოჯახის წევრ სხვა ბავშვებს და  განმეორებითი სინჯები აუღეს თავად იმ ბავშვებსაც, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა უკვე დაუფიქსირდათ.

საცხოვრებელი გარემოს კვლევას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის  სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ახორციელებს, ბავშვებზე ხელახალი სინჯების აღება კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩართულობით ხორციელდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,  ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდის [UNISEF] მხარდაჭერით  ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე, ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა, რაც „კვლევის მონაწილეების ოჯახის წევრი ბავშვების ტყვიის შემცველობაზე კვლევას  და ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილ შეფასებას მოიცავს.“

კვლევის შედეგები 2019 წლის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით კი, რაც ნინო ნიჟარაძემაც დაგვიდასტურა, იმ ბავშვებში, რომლებსაც განმეორებითი კვლევა ჩაუტარადათ, ზოგიერთს შემცირებული ჰქონდა სისხლში ტყვიის შემცველობა, რამდენიმეს კი, უკვე ნორმაში ჰქონდა. კითხვაზე,  რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ცვლილება, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განგვიმარტა, რომ  მონაცემების შემცირება სავარაუდოდ  ჰიგიენური წესების გაუმჯობესებითაა გამოწვეული:

„გარდა ამისა, პირველადი რეკომენდაციის სახით ბავშვებისთვის დაიგეგმა სრულყოფილი კვების ხელშეწყობა, რა მიზნითაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში  მათ [100 ათას ქულამდე ოჯახებს]  ყოველთვიურად ეძლევათ ასლარიანი კვების ვაუჩერი. რეკომენდაცია მოიცავს პოლივიტამინებისა და მინერალების დანამატების სახით მიღებას.“

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში, ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარე კვლევებზე საუბარი იმ მიზეზით არ ისურვეს, რომ  დაახლოებით ერთ კვირაში, 21 ოქტომბრიდან, იგეგმება ე.წ. ტყვიის კვირეული, სადაც სურთ ყველა იმ ინფორმაციის გაჟღერება, რასაც სახელმწიფო ამ მიმართულებით გეგმავს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები მონაცემების შემცირების მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, განიხილება კიდევ ერთი სკრინინგის ჩატარების საკითხიც და მთავრობა მსჯელობს, სად, რა ასაკობრივ ჯგუფში ჩაატაროს ტყვიაზე სკრინინგი ბავშვებში.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, „მსჯელობა მიდის იმაზე, გამოყონ რაიმე პათოლოგიის მქონე ბავშვები თუ არა. უფრო პათოლოგიის მქონე ბავშვების კვლევისკენ იხრებიან. ამ ეტაპზე რაც მოქმედებს, არის მხოლოდ დაზარალებულ ოჯახებში გარემოს შესწავლის საკითხი“.

საქართველოში  ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის [Unicef] დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა.

კვლევამ აჩვენა, რომ  საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, შემდეგ  მოდის გურია.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ფარგლებში სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი [5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე] ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი.  როგორც  გაეროს ბავშვთა ფონდშიც განმარტეს, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს.

ტყვიით ინტოქსიკაციის შესაძლო გზებია: საღებავი, რომელიც შეიცავს ტყვიას; სახლის მტვერი ან ნიადაგი, რომელიც შეიცავს ტყვიას; ტყვიის შემცველი სამშენებლო მასალა; დაბინძურებული გარემო, საოჯახო მტვერი; ტკბილეული/სანელებლები, თუ მასში გამოყენებულ საღებავში მაღალია ტყვიის შემცველობა; სათამაშოები, პარფიუმერია, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა საღებავ ელემენტებს; ტყვიის შემცველი წყლის მილები და საწვავი.

 

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში ახალი მომხმარებლების მიერთების ვადის გაზრდას ითხოვს

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქალაქ ბათუმში მოსალოდნელი დატვირთვის გამო ახალი მომხმარებლების მიერთების ვადის გაზრდის შესახებ განცხადებებით სემეკს მიმართა. კომპანიის განცხადებების განხილვა სემეკში 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზეა ჩანიშნული.

რამდენი ახალი მომხმარებელი ითხოვს ქსელზე მიერთებას და რა ვადას ითხოვს ენერგოკომპანია? – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

„დეტალებზე მხარეები [მათ შორის ენერგოკომპანიაც] დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ღია სხდომაზე. იქნება ზეპირი მოსმენა, სემეკი განიხილავს მათ არგუმენტებს და ამის შემდეგ შეგვეძლება ინფორმაციის მოწოდება,“ – გვითრეს სემეკში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიასაც“, სადაც ასევე გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, ვიდრე სემეკში მოსმენა არ გაიმართება.

ბათუმში ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების ქსელზე დაერთება. პრობლემის მოსაგვარებლად „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებდა, რომ აუცილებელი იყო ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე 1“-ის რეაბილიტაცია, რომელსაც მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებდა.

მოგვიანებით კომპანიამ დაიწყო ამ ხაზის რეაბილიტაცია და სამუშაოები 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მიუხედავად ამისა, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, სამომავლოდ მოსალოდნელია ბათუმში მოხმარების კიდევ უფრო ზრდა და მხოლოდ „ერგე-1“-ის რეაბილიტაცია საკმარისი არ არის ქალაქის ენერგომომარაგებისთვის.

„კომპანიამ დაიწყო ალტერნატიული წყაროების მოძიება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭარნალი110“-ის პროექტირების სამუშაოები. ხაზის მშენებლობას უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება. აღნიშნული ხაზის მშენებლობისთვის და ბათუმში გამანაწილებელი ქსელის გამართვის სამუშაოებისთვის საჭირო იქნება, სავარაუდოდ, 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება“, – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

ამ თემაზე:

ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

 

ბუთურაულისა და განახლება-ზედა ახალშენის გზების მოასფალტება დასრულდა

აჭარის არ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზის 1,05 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 3675 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 750 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა.

სამუშაოები შპს „პალადამ“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარია.

შუახევის მუნიციპალიტეტში ბუთურაულის საავტომობილო გზის 2,794 კმ. სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, 1840 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა და 12200 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.

სამუშაოები შპს „გზებმა“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 1 208 964 ლარს შეადგენს.

აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები ჩაიშალა, 1 პირი პოლიციაში გადაიყვანეს

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში, საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებზე დაპირისპირება მოხდა, შედეგად საერთო კრება ჩაიშალა, კავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ალექს წეველიძე კი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა გამოსაკითხად.

წეველიძის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას წინ უძღოდა ორსაათიანი დაპირისპირება საერთო კრებაზე. ალექს წეველიძე ასევე უსინათლოთა კავშირის აჭარის  ფილიალის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ის და საერთო კრების ზოგიერთი მონაწილე არჩევნების სამი თვით გადადებას ითხოვდა, რადგან, მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა,  კავშირის წევრებს თავიანთი პროგრამა გააცნონ.

“ჩაიშალა კრება იმიტომ რომ აქ არ იყო არცერთი უსინათლოს უფლება დაცული. არ გაკეთდა გადასატანი ყუთი, არ მიეცა კანდიდატებს  სრული წვდომა ამომრჩეველზე. აქ მოიყვანეს 117 “ნაყიდი ცეხავიკი” და არ მოიყვანეს უსინათლოები. არ გააგებინეს. ვითხოვთ არჩევნები გადაიდოს სამი თვით, აიღოს სამთვიანი ტაიმ-აუტი ორგანიზაციამ. საარჩევნო პროცესში ჩაერთოს არასამთავრობო სექტორი. დაიბეჭდოს ბიულეტენები, არჩევნების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე და დაიდოს ნეიტრალურ ადგილას, ყველა კანდიდატს მიეცეს თავისი წარმომადგენელი დასვას კომისიაში. ასევე მნიშვნელოვანია გაკეთდეს გადასატანი ყუთი,  ოცამდე უსინათლოა, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება და არ უნდა დაირღვეს მათი უფლებები. თუ ყველაფერი ასე გაკეთდება, მოგებულ კანდიდატს ხელს ჩამოვართმევ და მივულოცავ თავმჯდომარეობას,” – უთხრა “ბათუმელებს” ალექს წეველიძემ.

ალექს წეველიძე

წეველიძის მოთხოვნას არ ეთანხმება საქართველოს  უსინათლოთა  კავშირის ხელმძღვანელი რეზო მაისურაძე და საერთო კრებაზე მისული  უსინათლოთა ნაწილი.

“რეალობაში ეს არის კერძო სამართლის სუბიექტის “უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის საერთო კრება. საერთო კრებაზე სამოქალაქო კოდექსის პუნქტებიდან გამომდინარე არ მოქმედებს საჯარო სამართლის არჩევნების პრინციპები ანუ აქ არ არსებობს გადასატანი ყუთები, არ არსებობს საარჩევნო უბნების გახსნა და დახურვა, წინასწარ დამტკიცებული კომისია და ა.შ. ყველა პროცედურა გადის კრებაზე. ჩვენი წესდების თანახმად კრება ტარდება კრებიის მონაწილეებით. ვინც მოდის. თუმცა წევრებს ყველას პატივს ვცემთ და დახმარებებს სახლში ვუგზავნით, მაგრამ კრებაზე ვისაც შეუძლია მოსვლა, მხოლოდ ის ატარებს,” – უთხრა “ბათუმელებს” საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელმა რეზო მაისურაძემ.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმთძვანელი რეზო მაისურაძე

დაძაბულობის განსამუხტავად ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. სწორედ პოლიციის მოსვლის შემდეგ დაიწყეს უსინათლოთა კავშირის  წევრებმა საერთო  კრების დატოვება.

“ბათუმელებმა”  საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელს, რეზო მაისურაძეს ჰკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი დღეს, 16 ოქტომბერს საერთო კრების განახლება და ახალი თავმჯდომარის არჩევა.

“ჯერჯერობით, არ ვიცით. სავარაუდოდ ჩაიშლება და შედგება ოქმი, თუ რა  მიზეზით ჩაიშალა,”- უთხრა “ბათუმელებს” რეზო მაისურაძემ.

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: გივი ნინიძე, ზურაბ მსახურაძე, ალექს წეველიძე, ბადრი კონცელიძე, ზაურ კახიძე, არჩილ ვაშაყმაძე და ოთარ ძირკვაძე.

არჩევნები უსინათლოთა კავშირის გამგეობის მიერ მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ზაურ დევაძე გარდაიცვალა.

_____________

ფოტოზე: აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ბათუმის ბულვარში სეზონური ყვავილების დარგვა დაიწყო

ბათუმის ბულვარში შემოდგომა -ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების დარგვა მიმდინარეობს.

„გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარები“-ს სამსახურის თანამშრომლების მიერ საყვავილე კლუმბებსა და მწვანე სივრცეებში ქრიზანთემას, ვიოლას, მიხაკისა და პრიმულას ახალი ნერგები ირგვება. დარგვით სამუშაოებამდე, არსებულ საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ამოღება, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება და სარეველებისაგან გაწმენდა.

საშემოდგომო დარგვების ფარგლებში, ბულვარის მცენარეთა საფარს 300 ათასამდე ერთწლოვანი ყვავილი შეემატება და ბულვარის მთლიან პერიმეტრზე გამწვანებითი ღონისძიებები  ოქტომბრის თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ბულვარის გამწვანების სამსახურის მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რაც წლის განმავლობაში იყო გათვალისწინებული. მებაღეების მიერ ყოველდღიურად ითოხნება და ნიადაგი უფხვიერდება 13 500 ხე-მცენარეს. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ტარდება 35 ჰექტარზე გაზონების გაცელვა, ნიადაგში ორგანული სასუქის შეტანა, საყვავილე კლუმბების გაწმენდა, მცენარეების მორწყვა და სხვა მოვლითი სამუშაოები. წელიწადში ოთხჯერ სოკოვანი და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ 15 000 ძირ ხე-მცენარეს ჩაუტარდა 4-ჯერადი წამლობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარის მცენარეთა საკმაოდ მდიდარი გენოფონდი სხვადასხვა ჯიშის 4000 ძირზე მეტი მარადმწვანე და დეკორატიული ხე-მცენარით გამდიდრდა. განახლდა საყვავილე კლუმბები, მეჩხერიანობის სალიკვიდაციოდ გამორგული იქნა 856 ძირი, კერძოდ: წითელი ნეკერჩხალი, უთხოვარი, ტუია, მარადმწვანე მუხა და ა.შ.

ზღვისპირა ბულვარში ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

 

 

ხმაური და დაპირისპირება აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნებზე

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში დღეს, 16 ოქტომბერს, კავშირის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რეზო მაისურაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის “უსინათლოთა ხმის” წარმომადგენელს ალექს წეველიძეს შორის.

ალექს წეველიძე ასევე თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ის და საერთო კრების ზოგიერთი მონაწილე არჩევნების ორი თვით გადადებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, ორი თვის მანძილზე კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა,  კავშირის წევრებს თავიანთი პროგრამა გააცნონ.

ამ მოთხოვნას არ ეთანხმებიან კრების სხვა მონაწილეები და შექმნილი ხმაურის გამო ერთ საათზე მეტია საარჩევნო პროცესი ვერ იწყება. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.

აჭარის უსინათლოთა კავშირის არჩევნები. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
აჭარის უსინათლოთა კავშირის არჩევნები. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: გივი ნინიძე, ზურაბ მსახურაძე, ალექს წეველიძე, ბადრი კონცელიძე, ზაურ კახიძე, არჩილ ვაშაყმაძე და ოთარ ძირკვაძე.

არჩევნები უსინათლოთა კავშირის გამგეობის მიერ მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ზაურ დევაძე გარდაიცვალა.

მოსამართლე გიორგი ერმაკოვს: თქვენ შესაძლოა სახლის გარეშე დარჩენილიყავით

„გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენი ოჯახები შესაძლოა საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილიყო,”- მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულ გიორგი ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომაძეს. დღეს, 16 ოქტომბერს, სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ იმ მოტივით, რომ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან, შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმების მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულების ქონებიდან ანაზღაურდებოდა ზიანის ნაწილი. პროკურატურის ვერსიით, ზიანი მილიონ 376 ათასი ლარია, ქონება კი, რისთვისაც შესაძლოა ყადაღა დაედოთ – 384 ათასი ლარის ღირებულების.

“ეს მარტივი არითმეტიკაა, სრულად ვერ ანაზღაურდებოდა ზიანი… თუმცა ზიანის ანაზღაურება არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულები ავტომატურად დამნაშავეები არიან,”- აღნიშნა მოსამართლემ.

დავით მამისეიშვილის განმარტებით, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს საკრებულოს თანხმობის გარეშე და დამოუკიდებლად არ შეეძლო თანხმობის გაფორმება ბრალდებულებთან.

“ასევე, არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის პოზიცია,”- დასძინა მოსამართლემ. მან აქცენტი გააკეთა შეთანხმებაზე, სადაც არ ჩანს, რამდენად ჩათვლის ლაშა კომახიძე ზიანს ანაზღაურებულად, თუკი ზარალი მილიონზე მეტია, ქონება კი, რაც შეიძლება ზიანის ანაზღაურებას მოხმარებოდა, 384 ათასი ლარი ღირს.

„მოსამართლე დავით მამისეიშვილს არ უყვარს აღკვეთი ღონისძიების შეცვლა. მან დღესაც არ უღალატა ამ ჩვევას. არ გამოვრიცხავ, ყოფილიყო პოლიტიკური ინტერესიც,”- გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

„ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო… დაცვის მხარემ წარმოადგინა ყველა მტკიცებულება, რაც ადასტურებდა მერიასთან შეთანხმებას სამომავლოდ ზიანის ანაზღაურებაზე,”- ამბობს ადვოკატი სიმონ ასათიანი.

მორიგი სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს გაიმართება. მოსამართლის გადაწყვეტილება კი, რომლითაც ყოფილ მაღალჩინოსნებს უარი უთხრეს პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, არ საჩივრდება.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

მერიის პროექტი ძველი ბათუმის ეზოების მოწყობაზე ამ დრომდე ვერ შედგა 

ბათუმის მერია 2019 წელს ძველ ბათუმში 9 ეზოს კეთილმოწყობას გეგმავდა, რისთვისაც 87 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა მომსახურების შესყიდვა. 9 ეზოზე გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რის შემდეგაც მერიამ ეზოების რაოდენობა – სამამდე, თანხა კი 30 ათას ლარამდე შეამცირა. ამის მიუხედავად, უარყოფითი შედეგით დასრულდა მეორე ტენდერიც.

მერია ეზოების კეთილმოწყობას ბათუმის ისტორიული განაშენიანების საზღვრებში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცენტრების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გეგმავდა.

ამჯერად იგეგმებოდა სამი ქუჩის – ზ. გამსახურდიას ქ. N43; მემედ აბაშიძის ქ. N35 და ნინოშვილის ქ. N3 – კეთილმოწყობა.

პირველ ტენდერში მონაწილე „პატიო არტს“ სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, მეორე ტენდერში გამარჯვებულმა „კრეატივ-ჯგუფმა“ კი, ხელშეკრულების გაფორმებაზე თავად განაცხადა უარი. მიზეზად კომპანია ხარჯთაღრიცხვაში დღგ-ს გაუთვალისწინებლობას ასახელებს. „კრეატივ-ჯგუფი“ სამი ეზოს კეთილმოწყობას მერიას 29 699 ლარად სთავაზობდა.

„კრეატივ-ჯგუფის“ წერილი ბათუმის მერიის სატენდერო კომისიას

კომპანიის ამ წერილის შემდეგ სატენდერო კომისიამ ტენდერს მიანიჭა სტატუსი – „დასრულდა უარყოფითი შედეგით“. სხვა პრეტენდენტი ტენდერში არ მონაწილეობდა.

გამოაცხადებს თუ არა მერია ეზოების კეთილმოწყობაზე ტენდერს წელს მესამედ? – მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამ თემაზე:

მერია ძველი ბათუმის ეზოების ეკონომიკურ პოტენციალს შეისწავლის

მთავარი ფოტო: ეზო, ნინოშვილის ქ. N3 / ესკიზი /სატენდერო დოკუმენტებიდან

ჯაპანა-ლანჩხუთის გზის 4-ზოლიანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება.

ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზე ჯაპანიდან ლანჩხუთის ცენტრამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზით.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

დეპარტამენტის ცნობით, პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო მესამე მონაკვეთზე, სადაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყდა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და დონორ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად.

_ _ _

სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე გზის მესამე მონაკვეთზე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დეპარტამენტმა ხელშეკრულება კომპანია „ტოდინთან“ შეწყვიტა. ეს კომპანია კი ხულო-ზარზმის გზის ტენდერშია გამარჯვებული. სახარბიელო მდგომარეობა არც ამ გზის მშენებლობაზეა.

„ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი. შესაბამისად, კონტრაქტორის მიმართ ორივე ლოტზე გამოცემულია გამოსწორების შეტყობინებები ზედამხედველი ინჟინრების მიერ და კონტრაქტორმა უნდა გამოასწოროს ვალდებულებები.“, – აღნიშნული იყო წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან დაახლოებით ორი თვის წინ მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ სამტრედია-გრიგოლეთის გზას, ის გრიგოლეთი-ჩოლოქის ახალი გზით უნდა შეუერთდეს ქობულეთის შემოვლით გზას. მიმდინარე წელს შემცირდა დონორული დაფინანსება გრიგოლეთი-ქობულეთის [ჩოლოქის] ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობაზეც [კრედიტების ნაწილში 22.7 მილიონი ლარით]. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეფერხება გამოწვეულია კონტრაქტორი კომპანიის მიერ. შეფერხებებია რიკოთის უღელტეხილზე მშენებარე ახალი გზის მშენებლობაშიც.

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

__________

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქობულეთის ორ სოფელს გაზის მიწოდება შეუწყდება

„სოკარის“ ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 08:00 საათიდან 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე ქობულეთში გაზმომარაგება შეუწყდება გვარასა და კონდიდის აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად მიეწოდებათ.

 „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის განმარტებით, ბათუმის მოქმედ მერს არ შეეძლო დამოუკიდებლად ბრალდებულებთან შეთანხმება. გარდა ამისა, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულები საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩებოდნენ.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს შეუთანხმდნენ და მოსამართლეს 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე უთხრეს, რომ 384 ათასი ლარის უძრავ ქონებაზე შეუძლიათ ყადაღის დადება, თუკი მათ სასამართლო გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს. მერიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გამამატყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სწორედ ამ ქონებიდან მოხდება ზიანის ნაწილის ანაზღაურება. გარდა ამისა, თითოეულმა ბრალდებულმა 100-100-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება.

მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჯამში 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა.

სასამართლომ გუშინ, 15 ოქტომბერს, იმსჯელა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე. პროკურორ რამაზ შავაძის თქმით, მერია გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და მან შეღავათი დაუწესა ბრალდებულებს. გარდა ამისა, ზიანი ბევრად მეტია, ვიდრე იმ ქონების ფასი, რასაც შესაძლოა ყადაღა დაედოს. ბრალდებულების ადვოკატების თქმით კი, ლაშა კომახიძემ ამ შეთანხმებით გარანტიები შექმნა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოსამართლემ გუშინდელ სხდომაზე თქვა, რომ მას გარკვეული სამართლებრივი ანალიზისთვის დრო სჭირდებოდა.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე.

ბათუმის სასამართლომ ნარკოტიკების საქმეზე ორ პირს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღებაში ბრალდებულები – ი.მ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ი.მ.-მ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ.-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს 0,04 გრ. ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მ.ქ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0,224 გრ. ბუპრენორფინს, რომლის ნაწილიც – 0.032 გრ. წინასწარი შეთანხმებით, ი.მ. -სთან ერთად უკანონოდ გაასაღა.

სამართალდამცველებმა მ.ქ. და ი.მ. 2019 წლის 6 თებერვალს დააკავეს, მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ‘’ა’’ და ‘’ბ’’ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა – გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ქ.-ს 12 წლით, ხოლო ი.ქ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

იუნესკოს ფოტოკონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია  [UNESCO], 14-იდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს თემაზე – „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.

პროექტი ხორციელდება „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარებას“ ფარგლებში.

„აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“ – საკონკურსო ნამუშევრები თემატურად უნდა მოიცავდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობის, ტრადიციული სპორტისა და თამაშების, მუსიკისა და ცეკვის მიმართულებებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

ნამუშევრების მიღება წარმოებს 2020 წლის 6 იანვრის ჩათვლით. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ლიტერატურული პრემია „საბას“  2019 წლის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში.

წლის საუკეთესო რომანი

  1. აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  1. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება – ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  1. ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
  3. ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. ირაკლი მახარაძე, „კანვოი – რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)
  3. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  4. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)
  5. ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)
  6. სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

  1. მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)
  2. ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური სულ 8 ნომინაციაში ავლენს:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  8. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ –  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში  „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

სულხან სალაძის წიგნი “უცნობი ძველი აჭარა” პრემია „საბას“ ფინალისტებს შორისაა

გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტებს შორის მოხვდა, ნომინაციაში „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“.

წიგნი „ბათუმელებმა“ 2018 წლის სექტემბერში გამოსცა. წიგნში გამოქვეყნებულია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ. „უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში.

„უცნობი ძველი აჭარა“ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მესამე წიგნია „ბათომისა“ და „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ.

ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია სრულად ასე გამოიყურება:

წლის საუკეთესო რომანი

  1. აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  1. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება – ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  1. ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
  3. ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. ირაკლი მახარაძე, „კანვოი – რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)
  3. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  4. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)
  5. ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)
  6. სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

  1. მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)
  2. ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური სულ 8 ნომინაციაში ავლენს:

საუკეთესო რომანი
საუკეთესო პოეტური კრებული
საუკეთესო პროზაული კრებული
საუკეთესო პიესა
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

ორგანიზატორების განცხადებით, წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები კი მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება.

ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა – გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსია – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 16 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელიa ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22-27 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 18 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 5-10 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 18-19 ოქტომბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________________________

ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ინტერნეტპლატფორმები და ბიზნესის რეკლამა – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ციფრული ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მორიგი ტრენინგი ჩაატარა მსმენელებისთვის, რომლებიც ამავე ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან.

ყოფილმა პატიმრებმა და პრობაციონერებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის რეკლამის შესაძლებლობებზე მიიღეს ინფორმაცია.

„Facebook-ის გამოყენება და ფოტოების ატვირთვა დღეს ყველას შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი მიზნობრივად გამოიყენო შენი საქმიანობის რეკლამისთვის. ამ ტრენინგის შედეგად გავიგე, რომ ციფრული მარკეტინგის საშუალებით შესაძლებელია უფრო მაღალი შედეგის მიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში ფოტოები იყოს კარგი ხარისხის და ტექსტები იყოს საინტერესო. ახლა ვფიქრობ გვერდის მოწონებები გავზარდო, რომ უფრო მეტმა მომხმარებელმა გაიცნოს ჩვენი ნამუშევრები“ – გვითხრა ტრენინგის ერთ-ერთმა მსმენელმა.

ციფრული მარკეტინგის უპირატესობები, Facebook-ისა და სხვა სოციალური ქსელების გამოყენება პირადი და საქმიანი მიზნებისთვის, სოციალური ქსელების გამოყენება ბიზნესისთვის, Facebook-ი მეწარმეებისთვის, ბიზნესისთვის გვერდის შექმნა, გვერდის მართვა/ადმინისტრირება, კონტენტის შექმნა, რეკლამის განთავსება. ეს ის საკითხებია, რასაც თითოეული მსმენელი თავის სამეწარმეო საქმიანობაში სამომავლოდ აქტიურად გამოიყენებს.

მსმენელებმა პრაქტიკული სამუშაოებიც შეასრულეს, განიხილეს სხვადასხვა წარმატებული ბიზნესკომპანიის facebook გვერდი და შექმნეს საკუთარი კომპანიის გვერდები სარეკლამო პოსტების საჯაროდ გასაზიარებლად.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ სამომავლოდ სოციალური მედიის პრაქტიკულ ტრენინგს იმ ბერნეფიციარებისთვის ჩაატარებს, რომლებიც საკუთარი საწარმოსთვის სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებს უკვე იყენებენ.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე თითქმის ორი წელის ახორციელებს ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“, რომლის ფარგლებშიც, გარდა სხვადასხვა მომსახურების გაწევისა, ბენეფიციარებს უტარდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სემინარები. პროექტს ,,დემოკრატიის ინსტიტუტი” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 


,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა ” მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
  • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
  • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით;
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას;
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გორის სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებისთვის კაცს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ი. დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, კასპის მუნიციპალიტეტში ო.ი. 5 წლის მეზობელი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა ო.ი. 2019 წლის 27 ივლისს დააკავეს.

გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა. ო.ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

რატომ შეფერხდა ხურმის ექსპორტი და ვის უნდა მიმართოს ფერმერმა

„აღარ მოგვიკრეფია, მყიდველი არ ჩანს,“ – გეტყვიან ქობულეთის სოფლებში, სადაც წელს ხურმის განსაკუთრებით დიდი მოსავალი მოვიდა. ფერმერების თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ხურმის შესყიდვით არავინ დაინტერესებულა და ხილი ხეზე ლპება.

მოსავალი რომ დიდია, ამას ადასტურებენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. საპროგნოზო 2700 ტონიდან ექსპორტზე ამ დროისთვის გატანილი დაახლოებით მხოლოდ 200 ტონაა, თუმცა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ხილი არ ლპება და ექსპორტიორები სოფლებში მალე გამოჩნდებიან.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაგვიდასტურეს ხურმის ექსპორტიორების პრობლემაც – ფუმიგაციის წესით დამუშავებული ხის ყუთები, რომლითაც ხურმა უნდა გაიტანონ.

„ეს მოთხოვნა გაჩნდა ახლა, აქამდე არ ითხოვდა იმავეს უკრაინა… ორი დღის წინ ხელვაჩაურში ამოქმედდა ფუმიგაციის სამსახური, სადაც ერთ დღეში 700 კუბური მეტრი ხის მასალის თერმულად დამუშავებაა შესაძლებელი. ხურმა ჯერ მწიფე არ არის. ახლა იწყება ხურმის კრეფის სეზონი. შესაძლოა, ფერმერებთან არ მისულა არავინ, მაგრამ სოფლის რწმუნებულებს აქვთ დეტალური ინფორმაცია, მიაკითხონ და მიიღებენ ინფორმაციას,“ – გვითხრა ლევან ბოლქვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.

ლევან ბოლქვაძემ ვერ გვითხრა, ხურმის რა რაოდენობის ექსპორტირების რესურსი არსებობს, ან რომელ ქვეყნებში გაიტანენ ხურმას საქართველოდან. მისი თქმით, 18 ოქტომბერს დაახლოებით 800 ტონა ხურმას წაიღებენ უკრაინასა და რუსეთში.

რაც შეეხება ხურმის საშუალო ფასს, იგი გასული წლების მსგავსად, ისევ 60 თეთრია.

„ფასს ჩვენ არ ვარეგულირებთ, ამაზე ფერმერს უნდა შეუთანხმდნენ,“ – დასძინა ლევან ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“.

Exit mobile version