მთავარი,სიახლეები

დაპატიმრების დროს დაკარგული მხედველობა და ზრუნვა უსინათლო ადამიანების პრობლემებზე

28.09.2018 • 2665
დაპატიმრების დროს დაკარგული მხედველობა და ზრუნვა უსინათლო ადამიანების პრობლემებზე

42 წლის ალექს წეველიძე  ციხეში გატარებული თითქმის ორი წლის შედეგად უსინათლო გახდა. ყვება, რომ 2006 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამო გაასამართლეს, დაკავების პროცესში საფინანსო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა იარაღის ლულა თვალში ჩაარტყა, გუგა დაუზიანდა და მხედველობა მაშინვე დაკარგა.

„24 საათის განმავლობაში ციხეში 25-ჯერ გვცემდნენ. დაზინებული თვალიდან პრობლემა მეორე თვალზეც გადავიდა და ახლა მხოლოდ შუქს ვხედავ,“ – ამბობს ალექსი.

ის „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტშია ჩართული, თუმცა მხოლოდ საექსკურსიო გასვლით ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, ამბობს, რომ ფასიანი სერვისები, რითაც ყოფილ პატიმრებს ეს ორგანიზაცია ბიზნესიდეებისა და მცირე მეწარმეობის განსავითარებლად ეხმარება, მისთვის ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა და სხვებს უფრო სჭირდებათ.

ჟოლოსა და მარწყვის მეურნეობა აქვს ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, სეზონური კენკრა საქართველოში მოთხოვნადი კულტურაა და ალექსის მეურნეობამ გაამართლა. ყოველწლიურად 6-8 ადამიანსაც ასაქმებს სეზონზე, ამიტომაც არ სურს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლოს, მიიჩნევს, რომ სხვებს უფრო გამოადგება ეს რესურსი.

ალექსის 5 წლის შვილი სიამოვნებით ერთვება ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მოწყობილ დღესასწაულებში, რაც პატიმართა შვილებისთვის ეწყობა პერიოდულად.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ვერ ხედავს, ახერხებს ყველგან მიმოსვლას, ამაში მეგობრები ეხმარებიან: უსინათლოთა კავშირის ალტერნატიული ორგანიზაცია დააარსა წლების წინ, ამ ორგანიზაციაში არამხოლოდ უსინათლოები არიან გაერთიანებულები. ისინი უსინათლოებს გადაადგილებაში ეხმარებიან და გამყოლების ფუნქციას ასრულებენ. ალექსს გაუმართლა და ჰყავს ასეთი მეგობრები. როცა ექსკურსიებსა და ლაშქრობებში დადის, გამყოლი მას უამბობს ირგვლივ რა ხდება და როგორი გარემოა.

სპეციალური, ხმოვანი პროგრამების დახმარებით ალექსი შეუფერხებლად სარგებლობს ინტერნეტით, წერს პროექტებს და უვლის მეურნეობას. ქობულეთის კოლეჯ  „ახალ ტალღაში“ რამდენიმე წლის წინ მოიკითხა, რა სერვისები ჰქონდათ შშმ პირებისთვის. აღმოჩნდა, რომ მათთვის სწავლის პირობები იყო შექმნილი კოლეჯში, მაგრამ არა კონკრეტულად უსინათლოებისთვის.

ალექსის ინიციატივით ამ კოლეჯში მასწავლებელი სპეციალურად გადაამზადეს და ხმოვანი პროგრამების სწავლების კურსი დანერგეს, შედეგად აქ მისულ ყველა უსინათლოს აქვს საშუალება, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის გამოყენება ისწავლოს.

ალექს წეველიძის მიერ დაარსებული უსინათლოთა არასამთავრობო ორგანიზაცია უსინათლოთა პრობლემებზე, სერვისებსა და საჭიროებებზე მუშაობს. ალექსი გვეუბნება, რომ ამ საკითხზე ერთი ინტერვიუს ჩაწერისას ვერ ისაუბრებს, თემა ძალიან დიდია, რასაც მეტი დრო და ცალკე საუბარი სჭირდება.

მხოლოდ ერთს გვეუბნება, რომ მოქალაქეებმა თითქმის არ იციან შშმ პირთა საჭიროებები, თუნდაც უსინათლოთა ბილიკების შესახებ, რაც ქალაქის ტროტუარებს შუაში გასდევს ნაცრისფრად. მისი თქმით, ეს ბილიკები ხშირად წყდება შუა ქუჩაში და ნაცვლად იმისა, რომ გაუადვილოს გადაადგილება უსინათლოს, საფრთხის შემცველია. უსინათლოთა ბილიკებს ხშირად კაფე-ბარების სკამები და მაგიდები ფარავს, მოქალაქეთა უმრავლესობას კი ჰგონია, რომ ეს ბილიკი უბრალოდ ტროტუარის დეკორაციაა.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

პროგრამა მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44;

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61;

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26;

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: