გაქვთ ბათუმისთვის იდეა? – მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა

თუ გაქვთ იდეა, რომლის განხორციელებაც, თქვენი აზრით, ბათუმში შეიძლება, 2019 წლის 30 ოქტომბრამდე შეგიძლიათ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა და იდეის განსახორციელებლად საჭირო თანხაც მოიპოვოთ.

საუბარია კონკურსზე შენი იდეა ბათუმს, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს,  განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე პირობითაა შესაძლებელი:

  1. კონკურსში მონაწილე პირი სრულწლოვანი და ბათუმში რეგისტრირებული უნდა იყოს, შესაძლებელია იდეა წარადგინოს საინიციატივო ჯგუფმაც. თითოეულ მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის დარეგისტრირება
  2. პროექტი უნდა ხორციელდებოდეს ბათუმში და უნდა განეკუთვნებოდეს თვითმმართველობის კომპეტენციას
  3. პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას
  4. პროექტი უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებრივ საკუთრებას და არ იწვევდეს მოვლა-პატრონობის მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს

რეგისტრირებული პროექტები ჯამში უნდა ექცეოდეს 500 000 ლარის ფარგლებში.

გამარჯვებული პროექტები ხმის მიცემით გამოვლინდება, მინიმალური ხმის რაოდენობა ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 პროცენტია, დაახლოებით 700 ხმა.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდის –  idea.batumi.ge-ს მეშვეობით. ამ შემთხვევაში საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის ქონა. არსებობს მეორე გზაც, იდეის რეგისტრირების მსურველი ბათუმის მერიაში ან მერიის 14-დან ერთ-ერთ სერვისცენტრში უნდა მივიდეს და თან იქონიოს პირადობის მოწმობა.

მერიის ცნობით, რეგისტრაციის შედეგად მოქალაქეს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლითაც შესაძლებელი ხდება ონლაინპლატფორმაზე www.idea.batumi.ge -ზე ავტორიზაციის გავლა, იდეის დარეგისტრირება ან/და რჩეული იდეისთვის ხმის მიცემა.

2020 წლის იდეების დაფინანსებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენს.

კონკურსის პირველ ეტაპზე ბათუმის მერია ახორციელებს მოქალაქეთა ან/და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ მოწოდებული საპროექტო განაცხადების პირველად ანალიზს. განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელებადია მომდევნო წლის განმავლობაში, მიზანშეწონილობის შეფასების მიზნით, გადაეცემა მერის მრჩეველთა საბჭოს. სწორედ მრჩეველთა საბჭო გამოავლენს საუკეთესო განაცხადებს საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, მაქსიმუმ 10 პროექტს, რის შემდეგაც იწყება იდეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა.

2020 წლის იდეებისთვის ხმის მიცემა დაიწყება 2019 წლის 11 ნოემბერს და დასრულდება 2019 წლის 1-ელ დეკემბერს. სწორედ მოქალაქეები წყვეტენ, საბოლოოდ რომელი იდეები უნდა განხორციელდეს. 10 დეკემბრამდე კი გამარჯვებული პროექტები გამოქვეყნდება, სულ სამი პროექტი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ.

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) , პური მსოფლიოს (Bread for the World) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

ამავე თემაზე: 

პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება

ტრენინგი პედაგოგებისთვის: ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში

ბათუმის ამერიკული კუთხე აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგკურსზე ” ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში” (Bully-Free Zone).

ტრენინგკურსი განკუთვნილია აჭარის მასშტაბით მომუშავე საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის.

ტრენინგზე სასწავლო მოდულის ფარგლებში პედაგოგები შეისწავლიან სასწავლო გარემოში ბულინგის პრევენციის გზებსა და ინტერვენციის მეთოდებს. სამუშაო შეხვედრები გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლაში.

ტრენინგის გავლა უფასოა. სასწავლო მოდული სამდღიანია და მოიცავს სამუშაო შეხვედრებს 23, 24 და 25 ოქტომბერს  15:00 სთ -19:00 საათამდე.

ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველ პედაგოგებს ონლაინსარეგისტრაციო ფორმის გაგზავნა შეუძლიათ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://urlzs.com/rXQ81 არაუგვიანეს 19 ოქტომბრის 22:00 საათისა.

შერჩეული 20 პედაგოგის სია გამოქვეყნდება ამერიკული კუთხის ვებგვერდზე 21 ოქტომბერს.

გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში  მყოფ გია ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს დღევანდელ პროცესზე უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

ხვალ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან თუ არა მერიის მაღალჩინოსნები.

“მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს პოზიცია, მაგრამ მჭირდება გარკვეული სამართლებრივი ანალიზი… ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს საქმეზე უნდა მივიღო გადაწყვეტილება,”- უთხრა მოსამართლემ მხარეებს დღევანდელ პროცესზე.

ბათუმის ყოფილმა მერმა, გია ერმაკოვმა, ასევე მერიის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა – არჩილ ვანაძემ და ეგარსლან ლომაძემ 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს უთხრეს, რომ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან შეთანხმება გააფორმეს ზიანის ანაზღაურებაზე. მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა. მერიასთან მიღწეული შეთანხმებით კი, გია ერმაკოვს და არჩილ ვანაძეს 384 ათასი ლარის უძრავ ქონებაზე შეუძლიათ ყადაღის დადება, თუკი მათ სასამართლო გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს. გამამატყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სწორედ ამ ქონებიდან მოხდება ზიანის ნაწილის ანაზღაურება. გარდა ამისა, თითოეულმა ბრალდებულმა 100-100-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე.

“სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის… ასევე, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე,”- აღნიშნა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ, როცა მას სხდომის დასაწყისში მოსამართლემ პოზიციის გამოხატვა სთხოვა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე.

პროკურორი შეეხო  ბრალდებულების მიერ ლაშა კომახიძესთან გაფორმებულ შეთანხმებასაც. მან ყურადღება გაამახვილა შეთანხმების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ზიანის ანაზღაურებას ცალკე სამართლებრივი დავა დასჭირდება, თუკი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მაგრამ საქმეს კვალიფიკაციას შეუცვლის.

“მე არ მახსენდება ზიანის ანაზღაურებაზე მსგავსი შეთანხმება გაეფორმებინოს ბათუმის მერიასთან ვინმეს… მერია გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს, მერია შეღავათიან პირობებს უწესებს ბრალდებულებს ახლო კავშირების გამო… ზემოქმედების მაგალითია ეს შეთანხმებაც. როგორ შეიძლება მილიონ 376 ათასი იყოს ტოლი  384 ათასის?”- იკითხა პროკურორმა.

“რატომ ნერვიულობს ბრალდების მხარე, თუკი ბრალი სწორად არის წარდგენილი? არაფერია სანერვიულო,”- თქვა პროკურორის საპასუხოდ ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

“ისინი უპრეცედენტოდ კარგად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს და იმიტომ არ გახსენდებათ მსგავსი ხელშეკრულება, ბატონო პროკურორო,”- ჩაილაპარაკა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

სჭირდებოდა თუ არა ამ შემთხვევაში მერს საკრებულოს თანხმობა, როცა მან ბრალდებულებთან შეთანხმება გააფორმა და რატომ უნდა ჩაითვალოს მილიონ 376 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებად დაყადაღებული უძრავი ქონება, რომელიც 384 ათას ლარადაა შეფასებული? – ეს ის შეკითხვებია, რომლითაც მოსამართლემ ადვოკატებს მიმართა და მიანიშნა, რომ ყოფილი მერის “სახლში წასვლა”, ან პატიმრობაში დარჩენა პასუხებზე იქნებოდა დამოკიდებული.

გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა, იმ სამართლებრივ ნორმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი წარმოადგენს მერიას და საკრებულოს ერთად, ხოლო მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია.

“ვფიქრობ, სასამართლოს მერიის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა ჰქონდეს,”- დასძინა ლევან მახარაშვილმა და პროკურორს მიუბრუნდა:

“პროკურორმა განაცხადა 13 საათსა და 15 წუთზე, რომ შესაძლოა სასამართლომ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს… ანუ, არ არის დარწმუნებული,”- თქვა ადვოკატმა.

“არა, ასე არ მითქვამს,”- უპასუხა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

“მე თქვენს გამონათქვამებს ვიწერ, ბატონო პროკურორო,”- მიუგო რამაზ შავაძეს ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა და პაუზის შემდეგ პროკურორს ისიც უსაყვედურა, რომ მან მოქმედ მერს ჟურნალისტების თვალწინ “უკანონო გარიგებაში შესვლა დააბრალა”.

“მოქმედმა მერმა გარანტიები შეუქმნა სახელმწიფოს, რას ვედავებით?”- იკითხა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ამ საქმეში ბრალდებული შვიდი პირია და მხოლოდ სამი პირის მიერ არ იქნება ზიანი ასანაზღაურებელი, თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

“მერიას არ სჭირდებოდა საკრებულოს თანხმობა, რადგან მერიას არ აუღია რაიმე სახის ვალდებულება ბრალდებულებთან, რა უნდა ეკითხა მერიას საკრებულოსთვის?…”- დასძინა რამინ პაპიძემ.

“ხელშეკრულებაში თქვენ ჩამოაყალიბეთ კონკრეტული პირობები, რა შემთხვევაში ანაზღაურდება ზიანი…”- უპასუხა ადვოკატებს პროკურორმა. მან ისაუბრა კანონმდებლობაზეც, რომელიც არ ითვალისწინებს ვინმესთან “შეღავათიანი პირობებით” შეთანხმებას, როცა დაზარალებული საბიუჯეტო ორგანიზაციაა – ბათუმის მერია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.

ეროვნული პარკი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიხსნება.

სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მხარის გუბერნატორთან, ჩოხატაურის მერიაში გაიმართა. სააგენტოს ცნობით, უახლოეს მომავალში დაიწყება წინა საპროექტო კვლევები და მოხდება იმ ტერიტორიების იდენტიფიცირება, სადაც შემდგომ ეროვნული პარკი შეიქმნება.

წინასწარი ინფორმაციით, შესწავლის პროცესი 2021 წლამდე დამთავრდება. 

გურიის ეროვნული პარკის შექმნის პროცესი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 1 დაბა და 23 სოფელია. მოსახლეობის რაოდენობა სულ 24 658 ადამიანია.

ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში.

ამჟამად, საქართველოში 12 ეროვნული პარკია, მათგან სამი –  მაჭახელას, კინტრიშის და მტირალას ეროვნული პარკები – აჭარაში მდებარეობს.

__________

ფოტოზე: გურია, ჩოხატაური, ბახმაროსკენ მიმავალი გზა.

ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

სექტემბერში უცხოეთიდან საქართველოში 150 მილიონამდე აშშ დოლარი ჩამოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149,8 მლნ აშშ დოლარი [444.0 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 13,9%-ით [18,3 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2018 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოირიცხა [56,91 მილიონი აშშ დოლარი]. ქვეყნების მიხედვით კი, ამ კუთხით, ლიდერობენ: რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი. ამასთან, სექტემბრის მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან ჩამორიცხული თანხის მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 3,7%-ით არის შემცირებული.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94,3% მოდიოდა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2019 წლის სექტემბერში / წყარო: ეროვნული ბანკი

2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,5 მლნ აშშ დოლარი [60,7 მლნ ლარი] გადაიგზავნა, რაც 2018 წლის სექტემბრის [19,2 მლნ აშშ დოლარი] ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,5%-ით მეტია.

„გარდაცვლილს კრაზანის დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა“ – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ქობულეთში, სოფელ შუაღელეში კაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა არა კრაზანის ნაკბენი, არამედ ინფარქტი გახდა.

„ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი ამავდროულად არის ჩვენი ცენტრის ეპიდემიოლოგი. იყო გამოძახება, რომ კაცი დაკბინა კრაზანამ, მაგრამ პაციენტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა ბოსტანში.

ექიმებმა გარდაცვლილის ცხედარი შეამოწმეს და გარეგნული დათვალიერებით დაკბენის კვალი არ აღინიშნებოდა. სავარაუდოდ, მას ჰქონდა გულის პრობლემები და შესაძლებელია, ეს იყო ინფარქტი, რადგან დაკბენის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა, ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ინფარქტი“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“.

ამავე თემაზე: 

ქობულეთში 57 წლის კაცი ბაზის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა

რა ამბებია ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში

ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვიოცნებია უღიმღამო საკლასო ოთახის ნაცვლად სადმე, ჯადოსნურ გარემოში აღმოვჩენილიყავით, სადაც ბევრი საინტერესო ნივთია და სწავლაც სახალისოა.

ზღაპრებსა და მულტფილმებში რომ არიან, კეთილი, ყველაფრისმცოდნე ჯადოქრები, თავიანთი პატარა, საინტერესო სახლებით, ასეთი ქალია ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე. საკვირაო სკოლაში ვიყავით მასთან და სამყაროში მიმდინარე ათას პროცესზე გავიგეთ ამბები.

არავერბალური კომუნიკაციის გასაუმჯობესებელი აქტივობა

ლალი ანთიძე ფილოსოფიის დოქტორია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

“ჩემი მეგობრები მეუბნებიან, თვალები გიბრწყინავსო. მართლაც ასეა, რაც ამ სკოლის გახსნაზე დავიწყე ფიქრი. განცდა მაქვს, რომ ყველაზე უფრო კრეატიული და ღირებული ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში,” – ამბობს ლალი.

საკვირაო სკოლა, როგორც ლალი ამბობს, დღევანდელ განათლების სისტემის დამხმარედ და მეგობრად შექმნა, ასევე სურს, რომ ბავშვები დადებითად განეწყონ სწავლისადმი და მიიღონ სიამოვნება შემეცნების პროცესისგან:

“ევროპის ქვეყნების პირველი პრობლემა ისაა, რომ მეცნიერება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ აღმოჩენებისა და კვლევების სასწავლებლად ადაპტაცია ვერ ესწრება. სანამ სასწავლო მასალა წიგნად იკვრება და სკოლამდე მიდის, სამეცნიერო ფონი იცვლება. ჩვენთან უფრო რთულადაა საქმე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის მასალებით გვიწევს თანამედროვე თაობების ინფორმირება.”

საკვირაო სკოლის სპეციფიკა არ მიყვება ზოგადი სკოლის პროგრამას, თუმცა აქ მოსულ ბავშვებს შემდგომში უმარტივდებათ სკოლის სასწავლო მასალის ათვისება და ინფორმაციის სწორად და მარტივად მოძიება. აქ სწავლა არაფორმალური განათლების მეთოდებით მიმდინარეობს, რომელიც ლალი ანთიძის და მისი სტუდენტების გამოცდილებასა და ცოდნაზე დგას და მიმართულია როგორც შემეცნებითი უნარების, ისე პიროვნული და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განვითარებისკენ.

მაინც რა ხდება ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში?

ამჟამად საკვირაო სკოლას სამი მიმართულება აქვს:

საკვირაო სკოლის პროგრამა 12 წლიდან – ნიშნავს, რომ ბავშვებს შეუძლიათ ყოველ შაბათ-კვირას 3-3 საათი გაატარონ საკვირაო სკოლაში, სადაც: ითამაშებენ შემეცნებით თამაშებს, გაიღრმავებენ ცოდნასა და უნარებს მათემატიკურ ლოგიკაში, კრიტიკული აზროვნების განვითარების ისტორიაში, თანამედროვე ბუნებისმეტყველების კონცეფციებში,  ხელოვნებაში, ასევე, შეასრულებენ კვლევით პროექტებს, ჩაატარებენ სახალისო ექსპერიმენტებს.

სკოლა მოამარაგებს მათ სამუშაო მასალებით.

ამ სერვისის ფასი ერთი თვის განმავლობაში 200 ლარია.

ერთჯერადი გაკვეთილები – ეს მიმართულება გულისხმობს იმას, რომ თუ, მაგალითად, მოსწავლემ რიგი მიზეზების გამო გააცდინა სკოლა, მაგალითად, ავად გახდა, მოუწია სხვაგან წასვლა ან ღონისძიებებში მონაწილეობა და ამის გამო სასწავლო მასალა ვერ აითვისა, საშუალება ექნება ერთჯერად, წინასწარი შეთანხმებით, მოვიდეს საკვირაო სკოლაში, სადაც გულდასმით აუხსნიან სწორედ იმ კონკრეტულ თემას, რომელიც გამოტოვა.

“ხშირად ისე ხდება, რომ როცა ბავშვი ერთ კონკრეტულ მასალას ვერ ითვისებს, დომინოს ეფექტით, ეს მომდევნო სასწავლო პროცესზე უარყოფითად აისახება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, კონკრეტული პრობლემის დროული იდენტიფიცირება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ მოსწავლეს სწრაფად და იაფად მიიღოს სასურველი ცოდნა და დაეწიოს სასწავლო პროგრამას. ”

ეს სერვისი ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში 20 ლარი ღირს.

მასწავლებელთა ტრენინგ-კურსები – ის მეთოდები, რომლებიც საკვირაო სკოლაში გამოიყენება, არის მრავალი სასწავლო თეორიის ჯამი, რომელსაც დამატებული აქვს ლალი ანთიძის საკვირაო სკოლის გუნდის პირადი გამოცდილება. როგორც თავად ლალი ამბობს, მისი თვითმიზანი არის ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ასე, რომ მზადაა ეს გამოცდილება და თეორია სხვა მასწავლებლებს გაუზიაროს, რათა მათაც დანერგონ თავიანთ სასწავლო პროცესში სწავლის თანამედროვე და სახალისო მეთოდები.

 

ერთ-ერთი თამაში, რომელიც საკვირაო სკოლის გუნდის წევრებმა მოამზადეს

საკვირაო სკოლაში ყველა მოსწავლე აქტივობებში მაქსიმალურადაა ჩართული.

ბოლოს ყველანი ერთად აჯამებენ სასწავლო დღეს. პროგრამა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მოსწავლეებს უჭირთ ფავორიტი აქტივობის გამოყოფა. წინა შაბათს, მაგალითად, მოდერნიზებული ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები ითამაშეს, გაარჩიეს დედამიწის აგებულება, ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც ნაჩვენები იყო ვულკანის ამოფრქვევის მინიმოდელი, გააკეთეს ონლაინქვიზი, გაივარჯიშეს არასიტყვიერი კომუნიკაციის საშუალებებში, გამოიცნეს ანალოგიები და კიდევ რა აღარ მოასწრეს ამ სამ საათში.

ლალი ანთიძე საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან ერთად

თუ გსურთ თქვენი შვილი, ოჯახის წევრი ბავშვობიდანვე კარგად იყოს გარკვეული ამ სამყაროს კანონზომიერებაში, ჰქონდეს ზოგადი უნარები რომ დამოუკიდებლად შეიცნოს საკუთარი თავი და მიმართებები გარესამყაროსთან, მოიძიოს სასურველი ინფორმაცია, ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება, ღირებულებითი სისტემები, სოციალური უნარები და სხვა მრავალი რამ, ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში უნდა მიიყვანოთ, ჯადოსნურ ადგილას, სადაც სიხარულით გაეცნობა კაცობრიობაში აქამდე დაგროვებული ცოდნის კაშკაშა მომენტებს.

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 599 23 06 09

მისამართი: ქ.ბათუმი, 26 მაისის 30

„250 მილიონი დაიხარჯა განუხორციელებელ პროექტებში“ – ენმ-ს გამოფენა აჭარის მთავრობასთან

„ეს არის პროექტები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ჯამში 250 მილიონი დაიხარჯა და არ განხორციელებულა, ეს არის კორუფცია,“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. ამ პარტიამ დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან „განუხროციელებელი პროექტების“ გამოფენა მოაწყო პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპის ფონზე.

„მაგალითად, ეს არის ბათუმის 27-ე ბაღი, სადაც ფული დაიხარჯა, მაგრამ აქ ბავშვები დღემდე არ დადიან, თავიდან აკეთებენ რემონტს. ესაა გვარას სასათბურე მეურნეობა ქობულეთში, რომელიც ასევე არ არსებობს. ეს არის ქოსოფლის გზა, რომლისთვისაც ტენდერის მიხედვით 54 300 ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ გზა არ არსებობს. ჩვენ წარმოვადგინეთ ფოტოებიც, რა მდგომარეობაა თითოეულ პროექტზე…

ამ პროექტების შესახებ ხშირად საუბრობს მედია ცალ-ცალკე. ჩვენ ეს გამოვფინეთ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ კორუფციის სისტემური ხასიათი,“ – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

ენმ-მ აჭარის მთავრობის სახლთან სულ 17 ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა.

„რითაც ჩვენ ვამაყობთ, არის ის, რომ ჩვენი მმართველობის დროს სისტემური კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები არ არის აჭარაში და, რა თქმა უნდა, ამ ხაზს აგრძელებს ყველა უწყება, რომელიც აჭარაში ფუნქციონირებს. რეზო ხარაზი ზოგადად უინტერესო ადამიანია. ასე რომ, არ ვაპირებ მაგის გამოხტომებზე დრო დავხარჯო,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც აჭარის მთავრობის პრესცენტრმა მოგვაწოდა. ჩვენ ვთხოვდით აჭარის მთავრობას განმარტებას კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, რაზეც ენმ-მ აქცია გამართა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 19 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომელებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან – ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს – 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქობულეთში 57 წლის კაცი ბაზის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუაღელეში, 57 წლის კაცი ბაზის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა.

როგორც „ბათუმელებს“ ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ემზარ კვესიეიშვილმა უთხრა, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფს გადაჰყავდა, როცა იგი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ აწარმოებენ სტატისტიკას, თუ რამდენი ადამიანი დაკბინეს წლის განმავლობაში მწერებმა, თუმცა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წელს ბაზის მიერ ადამიანების დაკბენის რამდენიმე შემთხვევა იყო.

განახლებული ინფორმაცია: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ქობულეთში, სოფელ შუაღელეში კაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა არა კრაზანის ნაკბენი, არამედ ინფარქტი გახდა.

 

ამ თემაზე: 

„გარდაცვლილს კრაზანის დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა“ – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა

__________

ფოტო: pexels

ბათუმში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოვიღეთ, დაკავებულია ერთი პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 32 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ – აცხადებს შსს.

რატომ არის არეული ქობულეთის სანაპირო?

ქობულეთის სანაპიროს ცენტრალურ ტერიტორიაზე ქვაფენილი მთლიანად აყრილია. ქობულეთის მერიის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყეს. თავდაპირველად მხოლოდ 850-მეტრიან მონაკვეთზე აპირებს ზღვისპირა პარკის მოწყობას ქობულეთის მერია, რისთვისაც 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან მიიღო.

„ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობა [I ეტაპი]: მიმდინარე წელს დაგეგმილია სამუშაოების I ეტაპი, რომლის ფარგლებში მოხდება მდინარე აჭყვადან 850 მ მონაკვეთზე ბულვარის მოწყობა: ტროტუარები და სავალი ნაწილი მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, მოეწყობა მწვანე საფარი, მოხდება დეკორატიული ხე-მცენარეების გაშენება, შეიცვლება განათების სისტემა, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები, პარკში განთავსდება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. ზღვისპირა პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

რაც შეეხება დარჩენილ 2-კილომეტრიან მონაკვეთს, პროექტი გარდამავალია და 2020-2021 წლებში სამ ეტაპად განხორციელდება,“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიის პრესცენტრიდან.

ქობულეთის სანაპირო, ოქტომბერი, 2019 წ.

„მთავარია, გაბედოთ“ – როგორ დააღწია თავი 15 წლის გოგომ ნაადრევ ქორწინებას

„…ატირებულმა დავურეკე პოლიციას, უკვე ჩამაცვეს საქორწილო კაბა, სად ხართ, აღარ მოდიხათ-მეთქი? მოვიდნენ და წამიყვანეს. მამაც დააკავეს,“ – გვიყვება 19 წლის ჩინარა კოჯაევა. ის თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა და 15 წლის იყო, როცა პირველად დანიშნეს და გათხოვებას უპირებდნენ. ხვალ, 15 ოქტომბერს, 12 საათზე, ორგანიზაცია – „ახალი ინიციატივა, ახალი შესაძლებლობები“ ნაადრევი ქორწინების თემაზე დისკუსიას გამართავს ბათუმში, „მუსლიმთა კავშირის“ შენობაში. ჩინარა იქ საკუთარ ისტორიას მოჰყვება: როგორ დააღწია თავი ნაადრევ ქორწინებას.

ყველა თუ თხოვდება, შენ რატომ არ გინდა… 

15 წლის ვიყავი, როცა დამნიშნეს და მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუთხარი, რომ მე სწავლა მინდოდა. არ ესმოდა ჩემი. არავის ესმოდა. მამა ამბობდა, შეხედე, შენი თანატოლები ყველა თხოვდება, შენ რატომ არ გინდა. ეს არის შენი ბედი, გათხოვდები და ბედნიერი იქნებიო.

ჩემი თანატოლების ქორწილებში დავდიოდი ხშირად, ისინი ისეთი მოწყენილები იყვნენ, არ უნდოდათ გათხოვება.

ჯერ მასწავლებლებს ვუთხარი, დამეხმარეთ-მეთქი, მერე – დირექტორს. დირექტორმა მითხრა, თუ მამაშენს არ უნდა რომ ისწავლო, მე ვერ დაგეხმარებიო. არავის უნდოდა ჩემი მოსმენა. მახსოვს, რამდენჯერმე შემაწყვეტინეს თამაში ბავშვებთან, დანიშნული გოგო ხარ, აღარ შეგშვენისო.

ჩემს ძმას ესმოდა ჩემი, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ოჯახის უფროსი მამა იყო. სირცხვილი იყო, თუ უკან დაიხევდა მამა, სახელი გაგვიტყდებოდა – მერე აღარავინ წაგიყვანს ცოლად; ნიშანზე თუ უარს იტყვი, გამოდის, არ ხარ კარგი გოგო და რაღაცას თავს არიდებო.

ის ბიჭიც ჩემს სოფელში ცხოვრობდა, ვისზეც დამნიშნეს. ჩემს ძმასთან მოდიოდა სალაპარაკოდ. მე არ დამლაპარაკებია. ერთხელაც ჩემით ვუთხარი, რომ არ მინდოდა მასზე გათხოვება. მითხრა, რომ თუ არ გავჩუმდებოდი, მამაჩემს ეტყოდა. ქორწილი იქნება მალე და მერე ვნახოთ, რას იზამო.

მერე ქორწილიც დანიშნეს.

მე ქართულის მასწავლებელს ვუთხარი, რომ ძალით მათხოვებდნენ და სკოლაში ვეღარ ვივლიდი. კარგად ვსწავლობდი. არ ვიცი, რა ასაკიდან, მაგრამ ბავშვობიდან პოლიციელობა მინდოდა. ბევრჯერ მიფიქრია გულში, ახლა პოლიციელი რომ ვიყო-მეთქი.

მასწავლებელი დამეხმარა. სხვას არავის დახმარებია ასე, ჩემი თანაკლასელები ყველა 15-16 წლისა დაოჯახდნენ. მასწავლებელმა პოლიციას დაურეკა და მე მამაჩემთან ერთად დაგვიბარეს პოლიციის განყოფილებაში. მამას ხელწერილი დააწერინეს, რომ 18 წლამდე ვერ გამათხოვებდა. მამამ არ იცოდა, რომ ჩემმა მასწავლებელმა დარეკა. უკვირდა და სულ ამას დავობდა, ნეტა, საიდან გაიგეს, ყველა ასე ათხოვებს გოგოს და მე რა დავაშავეო.

ქორწილი გადაიდო. მე დავამთავრე მე-9 კლასი და სახლში გამომკეტეს.

თითით საჩვენებელი გავხდი, ეს რა ქნა გოგომ, მამა დააჭერინა

ჩემს სოფელში 9-კლასიანი სკოლაა. მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამამ სხვა სოფელში ვერ გაგიშვებო. მარნეულში მინდოდა გადასვლა, იქ ჩემი მამიდა ცხოვრობს, მაგრამ იქ გოგოებს იტაცებენო. მართლა იტაცებენ გოგოებს დღემდე. ვინც ურეკავს პოლიციას, იმას იჭერენ, ბევრს – არა. სახლში ვიყავი ძირითადად. მხოლოდ ჩემს უფროს დასთან შემეძლო მისვლა, რომელიც ჩემზე უფროსია, ის თავისი ნებით გათხოვდა.

„თავისი ნებით“ რა, უყვარდათ ერთმანეთი, თორემ ის 17 წლის იყო, როცა გათხოვდა.

17 წლის როცა გავხდი, ისევ დაიწყეს ლაპარაკი ქორწილზე, თარიღიც დათქვეს – 9 სექტემბერი. მამამ 6 ათასი ლარი სესხად აიღო, ჩემი სამზითვო ნივთები რომ გაემზადებინა.

მანამდე მეჩეთში ერთი ჟურნალისტი გავიცანი და იმის ტელეფონის ნომერი ჩავიწერე. ვიგრძენი, რომ დამეხმარებოდა. მაგას დავურეკე, მათხოვებენ და არ მინდა-მეთქი. ცხელი ხაზის ნომერი მომწერა და დავრეკე პოლიციაში. კარგი, ჩინარა, მოვალთო, მითხრეს, მაგრამ არ მოვიდნენ.

ქორწილამდე სამი დღე იყო დარჩენილი, საქორწილო კაბა მომიტანეს, ატირებულმა მაშინ დავურეკე ისევ პოლიციას.

თითით საჩვენებელი გოგო გავხდი, ეს რა ქნა გოგომ, მამა დააჭერინაო. დედაც ჩემ წინააღმდეგ იყო. მერე ჩემმა ძმამ დაარწმუნა, რომ ჩემი ბრალი არაფერი იყო.

მე პოლიციელებმა თბილისში, თავშესაფარში გადმომიყვანეს, სადაც ვერ გავჩერდი. თავშესაფრის უფროსმა მითხრა, რატომ ხარ აქ, მე ახლა მეშინია შენი ოჯახის და ახლობლების, აქ არ მომივარდნენ. ვერც იმაში დაგეხმარები, შენ რომ პოლიციელი გახდეო. ორი ღამე დავრჩი იქ, მაგრამ არ მიძინია, სულ ვტიროდი.

მერე „ინოვაციების და რეფორმების ცენტრის“ თავშესაფარში გადამიყვანეს. იქ კარგად მოვეწყე. ქართული და ინგლისური ენის გაკვეთილებზე დავიწყე სიარული, ბოქსშიც დავდიოდი, ვიზაჟი ვისწავლი. ახლა უკვე დამოუკიდებლად ვცხოვრობ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პროექტში ვმუშაობ – „მრავალფეროვანი საქართველო“, ასევე „ინოვაციების და რეფორმების ცენტრის“ ერთ-ერთ პროექტში დამასაქმეს. პროფესიულ კოლეჯში დავდივარ და ოფისის მენეჯერობას ვსწავლობ. მინდა, საშუალო სკოლა დავასრულო და მართლა გავხდე პოლიციელი.

მთავარია, გავბედოთ

ძალიან მომენატრა სოფელი. თავდაპირველად ჩუმად მიმიყვანეს, რომ არ გაეგო სოფელს. მაშინ ჯერ კიდევ თავშესაფარში ვიყავი. მერე სოფელში დაბრუნება მომინდა და წამიყვანეს კიდეც. თეთრიწყაროში ავედით და ვთხოვე, მანქანა გაეჩერებინათ. ჩვენ უკან დავბრუნდით, თბილისში.

ახლახან მამა გამოვიდა ციხიდან. ის არასრულწლოვნის ქორწინების იძულებისთვის გაასამართლეს. მამა ვნახე და არაფერი უთქვამს. შევრიგდით. ის უკვე ჩემ მხარესაა. მითხრა, რომ უნდა ვისწავლო და წარმატებული გავხდე.

მამას მეგობარმაც იგივე მითხრა იმ დღეს, ახლა აღარ გაქვს უფლება ცუდად ცხოვრების, უნდა ისწავლო და გაგვახაროო. მერე ჩვენს შვილებსაც იმავეს ვეტყვით – აი, ჩინარა, წავიდა და თავისი ცხოვრება აქვს, სამაგალითო უნდა გახდეო.

ჩემი ქართულის მასწავლებელიც ვნახე. ისე უხარია, რომ ამდენი მოვახერხე.

ძალიან ბევრი მწერს. მწერენ ჩემი სოფლიდან, სხვა სოფლებიდან… ჩემი კლასელებიც მწერენ: ვერავინ ვერ ისწავლა ჩვენი კლასიდან და შენ მოახერხე ყველაფერიო.

ამას წინათ მარნეულში ვნახე ერთი ქალი, 28 წლისაა. იმდენი იტირა ჩემთან, რა მოხდებოდა მეც გამებედა, ასე ადრეულად არ გავთხოვილიყავი და მესწავლა. მეც უდნა გამებედა და წინააღმდეგობა გამეწიაო.

ყველა ვერ ბედავს იბრძოლოს. ამიტომ მთავარია, ვიბრძოლოთ. თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, სხვა არავინ იბრძოლებს ჩვენ ნაცვლად.

რამდენი ოქროა მერისში – წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია თავისუფალია

ქედის მუნიციპალიტეტში მერისის ოქროს საბადოს მოპოვების ლიცენზიას დღეს არც ერთი კომპანია არ ფლობს. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბადო არ არის ლიცენზირებული, 2007 წელს გაცემული ლიცენზია კი, რომელიც 2011 წელს სხვა კომპანიას გადაეცა, გაუქმდა. ლიცენზიას ბოლოს შპს Kinland Georgia Mining-ი ფლობდა. წინასწარი პროგნოზით, მერისში 800 კილოგრამზე მეტი ოქროსა და 18 ტონამდე ვერცხლის მოპოვებაა შესაძლებელი.

მერისის საბადოზე შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის აუქციონზე ხელახლა გატანას სააგენტო, სავარაუდოდ, 40 წლით და 2,5 მილიონ აშშ დოლარად [საწყისი ფასი] აპირებს. მერისის საბადო ამჯერად წიაღის ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალშია.

„მერისის სპილენძ-პოლიმეტალური საბადო [სპილენძი, ტყვია, თუთია, ოქრო, ვერცხლი და ა.შ.]:
გამოყენების სფერო: საიუველირო, ფერადი მეტალურგია, მძიმე მრეწველობა;
ადგილმდებარეობა: აჭარა, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქედიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ-ში;
ლიცენზიის ტიპი: შესწავლა-მოპოვება;
შესწავლის ვადა: მაქსიმუმ 5 წელი;
ლიცენზიის სავარაუდო ვადა: 40 წელი;
სავარაუდო საინვესტიციო ვალდებულება: 10 მილიონი ლარი;
აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი: 2.5 მილიონი ამერიკული დოლარი;
სამიზნე ბაზარი: საექსპორტო პროდუქცია“ – აღნიშნულია წიაღის ეროვნული სააგენტოს საინვესტიციო პაკეტში.

ჯამური სავარაუდო მარაგები მერისის საბადოზე – პროგნოზული ხასიათისაა, საჭიროებს დამატებით შესწავლას  [მონაცემები ამავე პაკეტიდან]:

  • ოქრო: მადანი – 1 152 000 ტონა; ოქრო – 859 კგ.
  • ვერცხლი: მადანი – 1 152 000 ტონა; ვერცხლი – 18,3 ტონა.
  • სპილენძი: მადანი – 3 128 000 ტონა; სპილენძი – 77 800 ტონა.
  • ტყვია:  მადანი – 2 157 000 ტონა; ტყვია – 16 800 ტონა.
  • თუთია: მადანი – 2 157 000 ტონა; თუთია – 14 200 ტონა.
მერისის ხეობა / „ბათუმელების“ არქივიდან /ფოტო: მანანა ქველიაშვილი

2011 წელს Kinland Georgia Mining-ზე გადაცემული ლიცენზია [მერისის მადნიან კვანძზე ტყვიის, სპილენძის, თუთიის, ოქროსა და ვერცხლის მოპოვება, ჯამური მოპოვება: სპილენძი-74 800ტ, ტყვია-15 000 ტ, თუთია-11 000ტ, ოქრო-0,652ტ, ვერცხლი-15,1ტ] წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის დეკემბერში გააუქმა.

 

ლიცენზიის გაუქმების მთავარ მიზეზად სააგენტო „კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობას“ ასახელებს.

ლიცენზიის გაუქმების საფუძვლად ასევე მითითებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგი შინაარსის პუნქტიც: „სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთან, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია“.

„ბათუმელები“ Kinland Georgia Mining-ს ვერ დაუკავშირდა.

[yellow_box]კომპანია Kinland Georgia Mining-ის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: მერისის ოქრო[/yellow_box]

ქედაში აკავრეთა ჰესის მშენებლობაზე, რომელმაც 23 მეგავატი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს, 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

ჰესის აშენებას ჩინურ-ქართული კომპანია Georgian  Shenke Power Investment-ი აპირებს, თუმცა, მშენებლობას კომპანია მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ იწყებდა – იმავე ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, ჰქონდა ლიცენზია Kinland Georgia Mining-ს წიაღისეულის, მათ შორის ოქროს მოპოვებაზე. ჰესის მშენებლობის დაწყებაზე სწორედ ეს ლიცენზიანტი კომპანია არ თანხმდებოდა.

ქედის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე არც ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაწყებულა. „ჯერ მხოლოდ მონახაზი არის. მიმდინარეობდა გეოლოგიური შესწავლა“, – გვითხრეს მერიაში.

აჭარაში ოქროს მოპოვების ლიცენზია ამ ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიცა, სოფელ ხალას მიმდებარედ, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების [ოქრო-სპილენძი] შესწავლა-მოპოვების მიზნით, 25-წლიანი ლიცენზია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 788 305 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 11 150 ლარი იყო. სალიცენზიო ფართობი 2 225 100 კვ.მ-ია.

ამ თემაზე:

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

ხულოს მერიის პასუხი იმედა ბოლქვაძის სამსახურიდან გაშვებასა და ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზე 

„გზები ვიწროა, სულ 3 მეტრია სიგანე, თანაც დაღმართია. არც ერთი ტექნიკური რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთ გზაზე ადაპტირებული ბილიკის მოწყობას. მაგრამ ჩვენ მაინც განვიხილავთ და ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ“, – გვითხრა ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა აბულაძემ იმედა ბოლქვაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

იმედა საკუთარი სოფლიდან, განახლებიდან, ამავე თემის ცენტრალურ გზამდე 40-მეტრიანი ადაპტირებული ბილიკის მოწყობას ითხოვს. ამ მოთხოვნით მან მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა უარი უთხრეს. როგორც თვითონ გვიყვება, მას განუმარტეს, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ ჰქონდათ, შემდეგ უარის მიზეზად ვიწრო გზები დაუსახელეს. ამ დრომდე იმედა დისტანციურად მუშაობდა აიპ „კურორტ ბეშუმში“ პიარსპეციალისტად და თავის საქმეს დისტანციურად აკეთებდა.

იმედას მძიმე დაავადება აქვს, ამიტომაც დისტანციურად მუშაობა მისთვის ხელსაყრელი იყო და როგორც აიპი „კურორტი ბეშუმის“ ხელმძღვანელმა დაადასტურა, იმედა თავის საქმეს კარგად აკეთებდა, მაგრამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

„იმედა ხელშეკრულებით გვყავდა აყვანილი, სხვათა შორის, მან ძალიან კარგად იმუშავა. მაგრამ ხელშეკრულების ვადა სრულდება და არც თანხა გვაქვს ამ ხელშეკრულების გასაგრძელებლად ბიუჯეტში. რეალურად, ზამთარში იქ ორი დარაჯი რჩება“, – გვითხრა აიპის დირექტორმა ემზარ ბოლქვაძემ.

ექნება თუ არა შეთავაზება დასაქმებაზე იმედას? – ამ კითხვაზე ხულოს მერიაში გვიპასუხეს, რომ უახლოეს მომავალში კონკურსების გამოცხადებას გეგმავენ და იმედას შეუძლია ამ კონკურსში რომელიმე პოზიციაზე მიიღოს მონაწილეობა.

ამავე თემაზე:

„მოკლედ ჩემს ბრძოლებზე“ – ხულოს აიპის თანამშრომელი მძიმე დიაგნოზით უსამსახუროდ რჩება

Black Rabbit Foot-ის დისტოპიური მუსიკა Bek Bekson-ისგან

ავტორი: მალხაზ ჭკადუა 

_________________

ექსპერიმენტები თანამედროვე ბათუმის მუსიკალურ სცენებზე გვაკლია. ყოველწლიურ ფესტივალებსა თუ სხვადასხვა თარიღის აღსანიშნავ კონცერტებზე დროში გამოცდილ ფოლკლორს ან ისეთ პოპულარულ მუსიკას უკრავენ, რომელიც ახალს თითქმის არ გვეუბნება, არც საპროტესტო მუხტი ჩანს, ხანდახან ჯანყის ნასახიც კი არ აქვს. ჩვენც, მობეზრებულები, როგორღაც მაინც ვცდილობთ შეჩვეულ რიტმებს ფეხი ავუწყოთ და მერე ვიშლებით ახალი რუტინული დღისთვის მოსამზადებლად.

12 ოქტომბრის საღამოს ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე ფესტივალ Black Sea Sound-ის ფარგლებში გამართულმა კონცერტმა კი არც მობეზრების საშუალება მოგვცა და ცოტა ხნით ისიც დაგვავიწყა, რომ ბათუმში ვართ, ქალაქში, სადაც ბევრისთვის კომფორტულია გაკვალულ გზაზე სიარული, მათ შორის, ხელოვანებისთვისაც.

მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ბექა ჯანუაშვილმა, რომელსაც უმეტესობა Bek Bekson-ად და შესანიშნავი ბენდის Asea Sool-ის სოლისტად ვიცნობთ, სრულიად არაორდინალური შოუ მოაწყო ასეთივე მუსიკით, სახელად – Black Rabbit Foot.

კონცერტის დაწყებამდე ორგანიზატორმა, ჩემმა მეგობარმა, არტმენეჯერმა და პროდიუსერმა, ლევან გელიაშვილმა მითხრა, რომ აუდიტორიას, შესაძლოა, წარმოდგენა არაერთგვაროვნად მიეღო, რადგან Bekson-ი Asea Sool-სგან სრულიად განსხვავებულ მუსიკას დაუკრავდა, თუმცა ასეთ დამანგრეველი ჯანყის მუხტს ნამდვილად არ ველოდი: ჩაბნელებულ სცენაზე პროექტის ყველა მონაწილე მუსიკოსი ნიღბით შემაშინებლად წარსდგა. შეკრთომა გაცნობიერებამდე გაგრძელდა და ამან წარმოდგენისთვის მომამზადა. პროექციაზე ჩერნობილის, ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური კატასტროფების, ოკეანეებისა და ზღვების დაბინძურების დოკუმენტური კადრები გაუშვეს, Bekson-ის ნამღერი და მრავალგზის გამეორებული We are human გვახსენებდა, რომ ჩვენ, დარბაზში შეკრებილები, ვიყავით იმ გლობალური საზოგადოების ნაწილი, რომელიც საკუთარი აქტიური მეცადინეობით თუ პასიური ჩაურევლობით ხელს უწყობს ყველა იმ უკეთურების გაძლიერებას, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ და ვუყურებთ სატელევიზიო, ჩვენი სამუშაო თუ პირადი კომპიუტერების, სმარტფონების ეკრანებზე. მართალია, პროექციაზე სამხედრო და სამოქალაქო დაპისპირებების, პოლიციელთა მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის კადრები დამაკლდა, მაგრამ Bekson-ის მუსიკამ და მთელმა შოუმ დაგვანახა, რომ დისტოპია რომელიმე მწერლის შემოქმედების ნაყოფი არ არის, ის ახლა და აქ იქმნება ადამიანთა თვითდესტრუქციული მოქმედებებით, ალბათ, ამიტომაც ეკეთათ პროექტის მონაწილე მუსიკოსებს ნიღბები – მათ მიღმა თითოეულმა შეიძლება საკუთარი თავი აღმოვაჩინოთ და მუსიკოსების გაპიროვნება ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი.

Black Rabbit Foot

მენიშნა ისიც, რომ Bekson-ი არაბუნებრივი ხმით ცდილობდა საკუთარ მუსიკას შეერთებოდა. ამ ხმას სადღაც, ცნობილი youtuber-ის ან ვიდეობლოგერის სარკასტულ, ცინიკურ კლიპებში აუცილებლად მოისმენდით. მუსიკოსის ამ ხერხში ირონია და თვითირონიაა ამოსაკითხი, რადგან თავადაც მონაწილეა იმის, რასაც უჯანყდება საკუთარი შემოქმედებით.

ამ დისტოპიურ მუსიკასა და შოუში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ორ ინსტრუმენტს: ტერემინს, რომელიც ფიზიკური შეხების გარეშე სიხშირეებით გამოსცემს შემაძრწუნებელ ხმას და Bekson-ის შექმნილ Scythe Harp Bass-ს, დაბალი სიხშირის ხმის ერთიგვარ კონტრაბასს, რომელსაც ავტორმა, ვფიქრობ, საგანგებოდ მისცა ცელის ფორმა ისე, რომ პირველი, რაც მის დანახვაზე გაგახსენდებოდათ, იქნებოდა სიკვდილი ინგმარ ბერგმანის „მეშვიდე ბეჭდიდან“.

ამ, ერთი მოსმენით, კაკაფონიასა და ჯოჯოხეთურ ხმებში პროექტის კიდევ ერთი მონაწილის, შესანიშნავი შემსრულებლის, ათინას ვოკალი დეკადენტურ ელემენტებს სძენდა მუსიკალურ წარმოდგენას. თუ სმენას გულისყურით არ დაუგდებდით, ვერც გაიგონებდით მის ჩუმ, მზის ბოლო სხივით ჩამავალ ბგერებს; სადღაც გაისმა რეჩიტატავიც, უფრო სწორედ, ჩვილის პირველი ბუტბუტივით შეუმდგარი სიტყვები, რომლებიც ჟღერდა, როგორც შელოცვა, ლოცვა უკეთესი დღეებისთვის და ეს შეუმდგარი სიტყვები აგრესიული, დინამიკური ძალის ფონზე, ისმინებოდნენ, როგორც ხსნის ბოლო მცდელობა.

წარმოდგენის დრამატურგია ასეთი იყო: სიკვდილის ცელის მსგავსი ინსტრუმენტით შეიარაღებული Bekson-ი ბნელი ძალებით შეპყრობილ დესტრუქციას ასხივებდა მონოტონური შეძახილებით, ტერემინის მაღალი სიხშირეების პარალელურად აუდიტორიის ვნებათაღელვაც იმატებდა, ათინას ხმას კი ოდესღაც არსებული ჰარმონიის ნარჩენები მოჰქონდა ჩვენს სმენამდე. შემოდგომის ბოლო დღეების ძალაგამოცლილი მზის სხივებივით სუსტი იყო მისი ჰარმონიის გაბრძოლება, ზამთრის მოახლოების გარდაუვალობის და ბნელი ღამეების დადგომის დასტურად.

მთელი კონცერტი აღიქმებოდა ერთიანი წარმოდგენად და კომპოზიციებს შორის მხოლოდ პირობითი პაუზები.

Black Rabbit Foot-ის მუსიკალური ექსპერტიმენტი ნამდვილად შედგა: დრამატურგიამ, სასცენო დეკორაციამ, პროექციამ და რაც მთავარია, ხმამ ყველასთვის გასაგები გახადა პროტესტის შინაარსიც და აუცილებლობა.

და-ძმა ჯანუაშვილებმა, მეგობრებთან: ჯგუფ „ინსაითის“ გიტარისტ, გოჩა ყაჭეიშვილთან და დრამერ ირაკლი სანადირაძესთან ერთად, დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქალაქის პატარა სცენიდან შეიძლება სამყაროს ხმა გააგონო და რაც ყველაზე მთავარია, შექმნა პროტესტის მუსიკა, რომელიც არ იქნება გაცვეთილი და მომაბეზრებელი.

Black Rabbit Foot Asea Sool-ის ერთგვარი კონტრვერსიაა, სადაც ტრადიციული ჰარმონიის ადგილს ექსპერმინტი თამამად იკავებს. როგორც ჩანს, ბექა და ათინა ჯანუაშვილები კიდევ არაერთხელ მოგვაწონებენ თავს საკუთარი შრომის შედეგებით.

პროექტ Black Sea Sound-ის ფარგლებში გამართულ არაერთ ღონისძიებას შორის, რომელთაც ბოლო 4 წელია, აქტიურად ვესწრები, ეს იყო სრულიად გამორჩეული რამ. ეს გამორჩეულობა თვალშისაცემია სწორედ იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა ალტერნატიული სივრცეების, ალტერნატიული მუსიკის და ხელოვნების სხვა დარგების მხარდაჭერას, კულტურის ადგილობრივი პოლიტიკა მხოლოდ მასობრივ ინტერესებს ითვალისწინებს და როგორც მსმენელს, მაქვს მოლოდინი, რომ 12 ოქტომბრის საღამო, შესაძლოა, სხვა მუსიკოსებისთვისაც გახდეს ინსპირაციის წყარო, ახალი ფორმებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე და არ იარონ დიდი ხნის წინ გაკვალულ გზებზე, კულტურის პოლიტიკის მკეთებლებს კი პრიორიტეტების გადალაგებაში დაეხმარებათ, რათა ქალაქმა უფრო მეტი თქვას, ვიდრე ამბობს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ამ ქალაქში მცხოვრებ ხელოვანებს გაცილებით მეტი შეუძლიათ.

ქურთები და ასადის მთავრობა შეთანხმდნენ – ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ძალები შევიდნენ

სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ სირიის მთავრობამ გაგზავნოს არმია ჩრდილოეთ სირიაში და დაეხმაროს ქურთებს თურქეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის სამთავრობო ძალები უკვე ქვეყნის ჩრდილოეთშია განლაგებული.

ქურთებსა და სირიის მთავრობას შორის გარიგება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ს ჯარისკაცები, რომლებიც სირიაში რჩებოდნენ, გაეყვანა კონფლიქტის არეალიდან იქ არსებული „გამოუვალი მდგომარეობის“ გამო.

ქურთული ძალების [SDF] ოფიციალური წარმომადგებლები ამბობენ, რომ „შეთანხმებისამებრ სირიის არმია განლაგდება მთელი საზღვრის სიგრძეზე“.

„ეს განლაგება დაეხმარება სირიის დემოკრატიულ ძალებს SDF-ს, თურქეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და იმ ტერიტორიის გათავისუფლებაში, რომელიც თურქეთის არმიამ დაიკავა,“ – წერია სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.

სირიის დემოკრატიული ძალების SDF-ის ხელმძღვანელმა მაზლუ აბდიმ Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ ქურთების გარიგება ასადის მთავრობასთან და რუს მეკავშირეებთან „ეს არის მტკივნეული კომპრომისი“.

„ჩვენ არ ვენდობით მათ დაპირებებს. სიმართლე რომ ვთქვა, რთულია იცოდე ვის ენდო. მაგრამ თუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი კომპრომისსა თუ ჩვენი ხალხის გენოციდს შორის, ჩვენ, რასაკვირველია, ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ავირჩევთ, “ – ამბობს მაზლუ აბდი.

სამხედრო მოქმედებები ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ოქტომბერს დაიწყო. ოფიციალური განცხადებების თანახმად, კოდური სახელწოდებით სამხედრო ოპერაციის –  „მშვიდობის გაზაფხულის“ მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებაა.

თურქეთის იერიშს და აშშ-ს უკანდახევას მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა – ქურთების მიერ შექმნილი სირიის  დემოკრატიული ძალები იყო დასავლეთის მთავარი მოკავშირე ISIS-ის ტერორისტებთან ბრძოლაში. თუმცა ოფიციალური თურქეთი ამბობდა, რომ ის ხედავდა ქურთების გაერთიანებაში ტერორისტულ ძალებს.

ბიბისის თანახმად, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ამ დრომდე, ათეულობით სამოქალაქო პირი და მებრძოლია დაღუპული კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს.

მთავარი ფოტო: AFP/BBC

„მოკლედ ჩემს ბრძოლებზე“ – ხულოს აიპის თანამშრომელი მძიმე დიაგნოზით უსამსახუროდ რჩება

„მოკლედ დავწერ ჩემს დიაგნოზსა და ბრძოლებზე… მთავრობამ კონტრაქტი გამიჩერა და მეუბნება სახლში იჯექიო… დრო ყველას წაგვშლის, ამიტომ დედა, რა მეშველება და ვკვდები და ა.შ. მსგავს შტერობებზე ფიქრს მირჩევნია, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი გავაკეთო“, – წერს სოციალურ ქსელში იმედა ბოლქვაძე.

ის ამ დრომდე ხულოს მერიის აიპის – „კურორტი ბეშუმის“ პიარსპეციალისტად მუშაობდა და თავის საქმეს დისტანციურად აკეთებდა. როგორც თვითონ გვითხრა, დისტანციურად მუშაობის მიზეზი მისი დაავადებაა, რომელიც დღითი დღე პროგრესირდება. ამის მიუხედავად იმედა ამ დრომდე თავის საქმეს თავს კარგად ართმევდა და დიზაინისა და პიარის მიმართულებით სხვა შეკვეთებიც ჰქონდა:  „შეკვეთები მქონდა, ლოგოების დახატვასა და სხვა პიარმასალებზე“.

10 დღის წინ ის გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ, მიზეზი მისთვის არ აუხსნიათ.

იმედას ხულოს მერიამ ადაპტირებული გარემოს შექმნაზეც  უთხრა უარი:

„ხულოს მერიას ვთხოვე სახლიდან გამოსვლის შანსი მომეცით და ადაპტირებული 40-მეტრიანი ბილიკი გამიკეთეთ-მეთქი. დარწმუნებულმა, რომ ეს ნამდვილად გაკეთდებოდა, ელექტროეტლი დავქოქე და ბიზნესსესხიც ავიღე. ხულოს მერიამ მიპასუხა, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის! დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანები, თან საკუთარი ქვეყნის მთავრობიდან, ასეთ სისულელეს არ მიპასუხებდნენ. აქ, ამ რაიონში, მინდა დამოუკიდებლობა, სადაც დავიბადე და 22 წელი მოვათრიე და არა ქალაქში!“- წერს იმედა.

იმედა გვიყვება, რომ ამ ეტაპზე მას დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აღარ აქვს, რადგან მისი დაავადება პროგრესირდება:

„მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში დადგა ის პერიოდი, რომლისაც მართლა მეშინოდა, პროგრესი ვიგრძენი. დაიწყო იქიდან, რომ წიგნის კითხვა იძულებით დავთმე,მხედველობის პრობლემა შემექმნა. მერე კოდების წერას დამანებებინა თავი. როგორც უკვე ვთქვი, წუწუნისგან შორს ვარ, დავიწყე ფრილენსერობა, ამჯერად გრაფიკაში წავედი. ლოგოებს ვხატავდი, ასე ვშოულობდი ფულს, სანამ ხელების მოძრაობაც არ დაირღვა. ხატვაც დავთმე და წავედი მარკეტინგში, წავედი ხმამაღალი ნათქვამია.“

იმედა ხულოს მერიიდან ოფიციალურ პასუხებს ელოდება, თუ რატომ ათავისუფლებენ სამსახურიდან და იმაზეც თუ, რატომ არ შეუძლია სახელმწიფოს თავისი მოქალაქისთვის მინიმუმის გაკეთება, როგორიცაა 40 მეტრი სიგრძის ადაპტირებული ბილიკი.

„მერიაში მითხრეს შენი სახლიდან გზა ვიწროა და ბილიკს ვერ მოვაწყობთო“, – გვითხრა იმედამ.  ის სოციალურ ქსელში წერს იმაზეც, რომ არ იცის, როგორ წარმართავს თავის ცხოვრებას, როცა სამსახურის გარეშე დარჩება:

„ერთი კვირაა ვფიქრობ ზუსტად, რა ვქნა. აღარც დისტანციური სამსახური მაქვს და აღარც ის ფიზიკური უნარები, რომ ისევ ძველ საქმეებს დავუბრუნდე.
გადავწყვიტე, დიდ მკვდარ ბიზნესში წავიდე. მაგრამ არ მინდა რაიონიდან წასვლა ქალაქისკენ, იქ ეტლით უფრო დიდი შანსია, რომ სადმე გავიდე მარტო. არ მაქვს იდეა ჯერ, როგორ ან რა ვქნა და არც იმის თქმა მგონია ახლა სწორი, რომ მე არ დავნებდები, იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ…“

იმედას პოსტი სოციალურ ქსელში მთავრდება მადლობით: „მადლობა. სხვა რა მეთქმის“, – წერს ის.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან, ასევე ააიპ „კურორტ ბეშუმიდან“ პასუხებს მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

ოქტომბრის თბილი, უნალექო დღეები ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 15 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, თუმცა – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22-27 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება 5-10 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16, 17 ოქტომბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“

ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში

ვისთვისაც შემოდგომის ბოლო, თბილი დღეები ძვირფასია, ცდილობს შაბათ-კვირა მაინც გაატაროს ბუნებაში. ოქტომბერში, როცა ტყეები ათასფრად ჭრელდება, არაფერი სჯობს მდინარეებითა და წყაროებით სავსე აჭარის სოფლებში მოგზაურობას, ტყისპირებზე წაბლის, კაკლის გროვებას და ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების შრიალს გარინდებულ ხეობაში. ჩვენ ამჯერად არჩევანი ჭვანის ხეობაზე შევაჩერეთ და გზას დავადექით.

ქალაქს რომ ავტომანქანით საათნახევრის სავალზე დაშორდებით  შუახევში, მთაზე მიხვეულ-მოხვეულ, ჭვანისკენ მიმავალ გზას აუყვებით და იგრძნობთ როგორ იწმინდება ნელ-ნელა ჰაერი და ერთადერთი ხმა ჩაგესმით: ფოთლების შრიალი და კლდეებიდან პატარ-პატარა ნაკადულების რაკრაკი.

პირველად XI-XIII საუკუნეების ოთოლთას ციხეზე ავდივართ, რომელიც ხეობისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. აქ უძველესი ჭურები, წყლის რეზერვუარები და დიდი ხაროა შემორჩენილი. ჭვანის ხეობის  მკვიდრები მტრის შემოსევისას თავს ამ ციცაბო კლდეზე აგებულ ციხეს აფარებდნენ.

ძველ დროში, როცა ტელევიზორი და სმარტფონები წარმოუდგენელი რეალობა იყო ხეობის მცხოვრებთა ერთადერთ გასართობს ცეკვა-სიმღერა წარმოადგენდა, ჭვანას თვრამეტივე სოფელს ჰყავდა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. რასაც ერთი სოფელი იცეკვებდა და იმღერებდა, იმას სხვა სოფლის ანსამბლები აღარ ასრულებდნენ და ახალ სიმღერებს თხზავდნენ. ასე იქცა ჭვანა ფოლკლორული ჰანგებით უმდიდრეს ხეობად.

დროთა განმავლობაში სიმღერების დიდი ნაწილი დაიკარგა, მიივიწყეს და მხოლოდ ძველ ჩანაწერებსა და ნოტებს შემორჩა.

ანსამბლ ,,ჭვანას” ხელმძღვანელმა, ტარიელ ბოლქვაძემ ეთნომუსიკოსებისა და ქართული გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლების დახმარებით ჭვანის მივიწყებული სიმღერები აღადგინა და ხეობას, ადამიანებს დაუბრუნა.

ეს სიმღერაც გასულ წელს აღადგინეს ჩანაწერების მიხედვით. ჭვანის მკვიდრის, სახალხო მთქმელ ქოფია ქათამაძის სიმღერა თბილისზე.

,,ატლატიტა“, ,,ყარანა“, ,,ევრი მასპინძელსა“, ,,მგზავრული“, ,,ხერკლის ნადური“ ,,ჩარირამა“, ,,ხასანბეგურა“, ,,ვოსა“ და სხვები – ეს იმ აღდგენილი სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ახლა ჭვანაში თითქმის ყოველდღე ასრულებს ანსამბლი ,,ჭვანა“.

„დავდიოდი სოფლებში და ვიწერდი სიმღერებს მოხუცებისგან, ლექსებს, თქმულებებს, შელოცვებს. ეს უნიკალური მასალაა, რომელსაც ნელ-ნელა ვაცოცხლებთ, რის აღდგენასაც ვერ მოვახერხებთ, არქივის სახით მაინც შემოვუნახავთ შთამომავლობას,“ – ამბობს ტარიელ ბოლქვაძე.

მისივე დაარსებულია ჭვანის ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლისთვისაც ექსპონატებს დღემდე აგროვებს და მერე მუზეუმის სტუმრებს გატაცებით უამბობს ყოველი ნივთის აღმოჩენის ამბავს.

იცოდით როგორი ჩონგური გამოსცემს ყველაზე ლამაზ ხმას? საუკეთესო ჩონგური თურმე თუთის ხისგან მზადდება. ლევან ბერიძე ჭვანაში ჩონგურებსა და ფანდურებს თლის. საქმეს ახალგაზრდებსაც ასწავლის და ამბობს, რომ ავეჯისგან განსხვავებით ჩონგურის გამოთლისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ჯერ არავინ იცის, ვის ხელში აღმოჩნდება ეს ჩონგურები, ამჯერად ისინი ჭვანას ცენტრში, ჩონგურების ოსტატის სახელოსნოში ინახება, სადაც გათლილი ხის სურნელი ტრიალებს.

ხაბელაშვილები ჭვანის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია, სადაც ხის სამასი წლის კოჭებიანი ხიდი წარსულში გაბრუნებთ. ხაბელაშვილების ხიდი ჭვანის ხეობის სოფლებს აკავშირებდა ერთმანეთთან და ბზის და წაბლის მასალითაა ნაგები. ცოტა ხნის წინ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხაბელაშვილებს ჭვანის ხეობაში ,,წისქვილების სოფელსაც“ უწოდებენ. პატარა გორაკზე, რომელიც ზღაპრულ, ნაკადულებიან სოფელს მოგაგონებთ,  ხის ოთხი წისქვილი დგას. ერთგან კარი ღიაა, და დოლაბები ისე ტრიალებს, როგორც საუკუნის წინ. ახალდაფქული ფქვილი თბილია და სასიამოვნო სურნელი ასდის.

ძველ წისქვილებთან და ხიდთან ახლოს აქვს იური ბერიძეს საოჯახო სასტუმრო, რომელიც ახლახან გაარემონტა საკუთარი სახსრებით. შეუძლია ერთდროულად 5, 6 სტუმრის მიღება და გამასპინძლება. იური ბერიძესთან ტრადიციულ, აჭარულ ბორანოს ვაგემოვნებთ ახალგამომცხვარ, ცხელ პურთან ერთად. სადილის შემდეგ შაქარა ვაშლით გვიმასპინძლდებიან, ჰამაკში მოსვენებას გვთავაზობენ და ვგრძნობთ, თუ იდილიურ გარემოს დროზე არ დავტოვებთ, სოფელ ხაბელაშვილებიდან  კარგა ხანს ვერ დავიძვრებით.

მეფუტკრე როლანდ ქათამაძის სახლისკენ მივემართებით.  მართალია, მეფუტკრეობა შრომატევადი საქმეა, მაგრამ თაფლი სოფლის მეურნეობის ძვირადღირებული პროდუქტია და მეფუტკრის შრომა ფუჭი არ არის. კილოგრამი წაბლის თაფლის ფასი 25 ლარია, საბითუმოდ კი – 20 ლარი.

,,აგროპროდუქტების გამოფენებსა და ფესტივალებზე დავდივარ, ახლაც სოფლის ფესტივალ ,,განდაგანაზე“ უნდა წარვადგინოთ ჩვენი თაფლი, ღვინო, ხილის არაყი და რძის პროდუქტები. გვაქვს წაბლისა და აკაციის თაფლი. სახლს ვარემონტებთ, მალე საოჯახო სასტუმრო გვექნება”. – ამბობს როლანდ ქათამაძე.

გარდა სკებისა, როლანდ ქათამაძეს ამერიკული კალმახის აუზიც აქვს მოწყობილი საკუთარ ეზოში, ლიფსიტებს ყიდულობს და კორმით ზრდის. როგორც თავად გვეუბნება, ამერიკული კალმახი საკმაოდ გემრიელია და თევზს ხეობაში მომხმარებელიც არ აკლია.

შეუძლებელია ჭვანის მეჩეთი არ მოინახულოთ და ისე დაბრუნდეთ ხეობიდან. მეჩეთის კომპლექსში შედის დიდი მინარეთი, მედრესე და განსაბანი შადრევანი. საბჭოთა პერიოდში აქ საავადმყოფო იყო. 1997 წელს კი შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, კედლის შემორჩენილი მხატვრობა ახალი საღებავით დაიფარა. ხელუხლებლადაა შემონახული შენობის ძველი გუმბათი, რომელზეც ვარდები და ვაზის რტოებია გამოსახული.

შენობის აგების თარიღად 1894-1895 წლებია მიჩნეული. ჭვანის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

ციხის, მეჩეთის, წყლის წისქვილების, მრავალსაუკუნოვანი ხიდისა და თვალწარმტაცი ბუნების გარდა ჭვანის ხეობისგან აუცილებლად დაგამახსოვრდებათ ხის ძველი სახლების აივნებიდან გადმომდგარი ბებოები, ლოყაწითელა ბავშვები, ხილის არყის გამოხდისას ჰაერში დატრიალებული სურნელი, გასაშრობად გაფენილი თამბაქო და ყანაში სიმინდის ხვავი.

თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი შთაბეჭდილებაა. იმისთის, რომ ჭვანას ფერადი შემოდგომა თქვენს მეხსიერებასაც დაუვიწყარ მოგონებად შემორჩეს, აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ ამ ხეობაში. თავად შეიგრძნოთ ყველა სურნელი და საკუთარი თვალით დააკვირდეთ შემოდგომის ჭრელაჭრულა ფერებს.


ტრანსპორტი ჭვანის ხეობამდე

 

ბათუმიდან ჭვანის ხეობის მიმართულებით ძველი ავტოსადგურიდან ყოველდღე გადიან მიკროავტობუსები.

დილის ცხრიდან ათ საათამდე გადის მიკროავტობუსი ჭვანის მიმართულებით, მგზავრობის ფასი 5 ლარია.

10:20 – ავტოსადგურიდან გადის ბარათაულის მიკროავტობუსი, რომელიც ასევე ჭვანის ხეობას გაივლის – მგზავრობის ფასი – 4 ლარი.

15:00 წუთზე ავტოსადგურიდან რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით გადიან მიკროავტობუსები, რომლებიც ჭვანის ხეობას გაივლიან – მგზავრობის ფასი 4, 5 ლარი.

ბათუმიდან ჭვანის ხეობამდე 65 კილომეტრია და ავტომობილით დაახლოებით 1 საათი და 40 წუთი სჭირდება.

განთავსება საოჯახო სასტუმროში

 

როლანდ ქათამაძის საოჯახო სასტუმრო – 577 45 36 55

იური ბერიძის საოჯახო სასტუმრო – 577 47 06 23

სულიკო ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო – 577 20 36 49

p.s. საოჯახო სასტუმროებში ფასი საშუალოდ 50-80 ლარია და შესაძლებელია ინდივიდუალურად შეთანხმება – კვებით სურს ოთახის დაჯავშნა სტუმარს თუ კვების გარეშე, რამდენი დღით რჩება და ა.შ.

 

ციხიდან გამოსული ქმარი ცოლს: „ერთხელ გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩები“

ცოლზე მუქარის გამო ჯაბა ბ.-ს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმის მასალების მიხედვით, ჯაბა ბ. 3 წლის წინ იხდიდა სასჯელს ცოლისთვის ყელში დანის დარტყმისთვის. ახალი დანაშაულის ჩადენა მას მაშინ დაუდგინეს, როცა პატიმრობიდან გამოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

დაზარალებულად ცნობილმა ნინო კ.-მ [სახელი პირობითია] მოსამართლეს უთხრა, რომ წლების წინ ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქედის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, შემდეგ კი მეუღლისგან არაერთხელ გახდა სიტყვიერი აგრესიის მსხვერპლი. ერთ-ერთი შელაპარაკების დროს მას კისრის არეში ქმარმა დანა დაარტყა. ძალადობის მსხვერპლი ქალი შვილებთან ერთად ბათუმში გადმოვიდა და ნაქირავებ ბინაში დაიწყო ცხოვრება. ერთ საღამოს ოჯახში ჯაბა ბ. [სახელი პირობითია] გამოჩნდა.

„იქნებოდა დაახლოებით საღამოს რვის ნახევარი, როდესაც მოულოდნელად მოვიდა…  ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, შემოსვლისთანავე ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყო ჩემი ლანძღვა-გინება. მითხრა, რომ ვიღაც მამაკაცი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და უთხრა დაენებებინა ჩემთვის თავი… ის იყო ძალიან გაბრაზებული, უნდოდა მოახლოება.

მე ვიდექი ოთახში არსებულ მაგიდის ერთ მხარეს, ხოლო ჯაბა იდგა მაგიდის მეორე მხარეს. როცა დააპირებდა მოახლოებას, წრეს ვარტყამდი მაგიდას და ამიტომ ჯაბა ვერ ახერხებდა ჩემთან მოახლოებას, რის გამოც ის უფრო ღიზიანდებოდა. მომმართავდა უცენზური სიტყვებით და მეუბნებოდა, რომ ჩემთან მოსვლას ვერავინ დაუშლიდა… ის ცდილობდა მოახლოებას, მაგრამ ვარიდებდი თავს მაგიდის მეშვეობით. ის იყო ძალიან ანერვიულებული, მიყვიროდა უმიზეზოდ, მეუბნებოდა მოგკლავო, არ გადამირჩებიო… ერთხელ გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩებიო“, – აღნიშნა დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში.

კონფლიქტს დაზარალებული ქალის დისშვილი შეესწრო, რომელმაც ოთახიდან ჯერ მცირეწლოვანი ბავშვები გაიყვანა, შემდეგ კი 112-ზე დარეკა. მოწმემ სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებული კაცი პოლიციელების მიმართაც გამოხატავდა აგრესიას.

„…რამდენიმე წუთში მივიდა ორი პოლიციის თანამშრომელი ფორმაში გამოწყობილი, რომლებმაც მალევე მოახდინეს რეაგირება და დადგნენ ჯაბა ბ.-ს წინ, არ მისცეს მიახლოების საშუალება, რამაც გამოიწვია ჯაბა ბ.-ს უფრო მეტი აგრესია, კვლავ განაგრძო ლანძღვა-გინება, არ მოერიდა პოლიციის თანამშრომლებს და მათი თანდასწრებით კვლავ დაემუქრა მოკვლით. უთხრა არ გაცოცხლებო, დღეს ჩემგან ვერავინ გადაგარჩენსო, რის შემდეგ ხელიდან დაუსხლტა პოლიციელებს, მაგიდიდან აიღო მინის ნაკეთობის საფერფლე და ისროლა ჩემი მიმართულებით….

ჯაბა ბ. ასევე გამოხატავდა აგრესიას პოლიციის თანამშრომლების მიმართ, აგინებდა მათ და მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ცდილობდა მათგან თავის დაღწევას და ნინო კ.-სთან მიახლოებას ხელის დასარტყმელად, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს, რის გამოც დააკავეს ადგილზე და განუმარტეს მისი უფლებები, რის შემდეგ წაიყვანეს იქედან,“ – თქვა დაზარალებულად ცნობილი ქალის დისშვილმა, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი იყო.

ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა იმის გამო, რომ ჯაბა ბ.-ს წინა დანაშაულის გამო პირობითი მსჯავრი მოხდილი არ ჰქონდა, ის ერთი წლით დააბრუნეს ციხეში.

€3.7 მილიონად ნაყიდი ელექტროავტობუსები ბათუმში 2020 წლის აპრილში გამოჩნდება  

ბათუმში ელექტროავტობუსები შესაძლოა 2020 წლის აპრილში გამოჩნდეს. ავტობუსების ფერის შესარჩევად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს. ჯერ არც ის არის გადაწყვეტილი, რომელ ხაზზე იმოძრავებენ ახალი ელექტროავტობუსები, რომელთა სიგრძე 10 მეტრი იქნება.

8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია  „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა.

„ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ავტობუსების მოსაწოდებლად აქვს 9 თვე ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ავტობუსებს ზაფხულამდე, აპრილში მივიღებთ“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მათი სურვილია ელექტროავტობუსებმა ქალაქის ცენტრალურ უბნებში იმოძრაოს, თუმცა კონკრეტულად რომელ ხაზზე, ჯერ ვერ ამბობენ: „შესაძლოა, ახალი ხაზი დაემატოს ან არსებული რომელიმე მარშრუტის შეცვლა დარჩეს საჭირო. ჩვენ გვინდა ეს ავტობუსები არა მხოლოდ ტურისტებზე, არამედ, ძირითადად, ქალაქის მოსახლეობაზე იყოს გათვლილი“.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ელექტროავტობუსების პროექტისთვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯება: „აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია“. ამ თანხაში შედის ელექტროავტობუსების დასამუხტი აპარატურა.

ბოლო პერიოდში ბათუმის ავტოპარკი 40 ავტობუსით განახლდა. ამ ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.

ელექტროავტობუსების მიღების მიუხედავად, ბათუმის ავტოპარკს განახლება მაინც სჭირდება, თუმცა საჭირო ფინანსები ჯერ გამოყოფილი არ არის.

ამ ტიპის 8 ელექტროავტობუსი ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით 2020 წლის ივლისამდე უნდა მიიღოს / ფოტო: Belkommunmash
ელექტროავტობუსის სალონი

რამდენჯერ შეცვალა მოსამართლემ პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის წარდგენილი მუხლი?

2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სისხლის სამართლის 16 საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია. ეს ის შემთხვევებია, როცა გამამტყუნებელი განაჩენი დგება, მაგრამ მოსამართლე პროკურატურის მიერ წარდგენილ მუხლს ცვლის. სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 847 საქმის განხილვა დასრულდა.

განხილული 847 საქმიდან ამ დრომდე 550-ზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა [გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 828 საქმიდან 485 საქმეზე იყო გაფორმებული საპროცესო შეთანხმება].

რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს: 2019 წლის პირველ 9 თვეში სულ 20 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს მოსამართლეებმა და 7 – ნაწილობრივ გამამართლებელი, 11 საქმის განხილვა კი შეწყდა.

2018 წლის პირველ 9 თვეში სულ 18 გამამართლებელი განაჩენი იყო გამოტანილი.

 

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალი შეწყდა – „ბათუმის წყალი“

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიის გამო, დღეს, 13 ოქტომბერს, 21:00 საათზე წყალმომარაგება შეწყდა:

[crosslist]

  • ვაჟა ფშაველას ქუჩაზე
  • ჭავჭავაძის ქუჩისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში 
  • პუშკინის ქუჩაზე – ლუკა ასათიანისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების მონაკვეთში

[/crosslist]

„ბათუმის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შეფერხებისთვის.

დღეს, ასევე, ავარიული დაზიანების გამო, წყლის მიწოდება შეწყდა ლეონიძის, ტაბიძისა და რურუას ქუჩებზე.

ქობულეთში დადგამენ კაცის ქანდაკებას, რომელიც ზღვაში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა და დაიღუპა

ქალაქ ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში, ავთანდილ ცხვედიანის მემორიალი/ქანდაკება დაიდგმება, ადამიანის, რომელიც 2019 წლის 5 აგვისტოს თავისი ძაღლის გადასარჩენად შევიდა ადიდებულ ზღვაში და დაიღუპა.

ქობულეთის მერიამ კონკურსი უკვე გამოაცხადა  ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის (ქანდაკება) ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 000 ლარია.

ავთანდილ ცხვედიანი 51 წლის იყო. 2019 წლის 5 აგვისტოს ის ზღვაში შტორმის დროს თავისი ძაღლების, ბასტისა და ჯესის გამოსაყვანად ორჯერ შევიდა, ერთის გამოყვანა შეძლო, მეორედ შესვლის შემდეგ კი დაიღუპა. მისი ოთხფეხა მეგობარი გადარჩა, ზღვიდან გამოსვლა შეძლო და რამდენიმე საათში დაბრუნდა სახლში.

ქობულეთის მერიის ცნობით, მემორიალის განთავსებით პატივი მიეგება ჰუმანურ აქტს და მემორიალი გახდება მეგობრობისა და თავგანწირვის სიმბოლო.

საკონკურსო წინადადების თანახმად, ქანდაკების ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, რომელიც არ უნდა იყოს კამერული ხასიათის. ქანდაკების ესკიზი უნდა იყოს თემატური, შთამბეჭდავი, ორიგინალური, მიმზიდველი, კონტაქტური და ადვილად აღქმადი. ქანდაკების ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ
არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა – თავისუფალი. წარმოდგენილ მემორიალის (ქანდაკებას) ესკიზს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ადგილი, სადაც განთავსდება ინფორმაცია ქანდაკების შესახებ.

კონკურსში წინადადებების მიღება 28 ოქტომბერს დასრულდება.

____________

ფოტოზე: ავთანდილ ცხვედიანი. ფოტო: fb

სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის გორში დააკავეს კაცი, რომელიც სადარბაზოში შეჰყვა მოზარდს

შიდა ქართლის პოლიციამ დააკავა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც, შს სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული პოლიციამ დააკავა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

____________

ფოტო: შსს

სამი კორპუსი „ოცნების ქალაქში“ პირველ ეტაპზე – მოსახლეობას პროექტი გააცნეს

დღეს, 13 ოქტომბერს, „ოცნების ქალაქში“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს იმ კორპუსების პროექტი გააცნეს, რომელთა აშენება „ოცნების ქალაქში“ იგეგმება.

„ავიტანეთ პროექტი და გავაცანით მოსახლეობას. იყო საუბარი, რომ პროექტს ხარვეზები ჰქონდა და არ ჰქონდა ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩაბარებული. პროექტი დასრულებულია, სამინისტრომ ჩაიბარა და დაიწყება მუშაობა სატენდერო სამუშაოებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია და პროექტები გავაცანით სამივე დასახლებას,“ – გვითხრა რამაზ ჭინჭარაძემ.

„ოცნების ქალაქი“. როინ გუნდაძის ფოტო
„ოცნების ქალაქი“. როინ გუნდაძის ფოტო

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე სამი კორპუსი აშენდება [დაახლოებით 582 ბინა]. ვინ მიიღებს პირველ რიგში ბინას კორპუსში, ამაზე მთავრობა კორპუსების მშენებლობის პარალელურად იმსჯელებს.

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში „ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობისთვის 3 750 000 ლარია გათვალისწინებული.

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამით კი 2020 წლისთვის ოცნების ქალაქში ბინათმშენებლობის დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარია გაწერილი. ამ პროგრამის მიხედვით „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისთვის ჯამში 48 750 000 ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. პროგრამა 2022 წლის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 550 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას გეგმავს. პროგრამა, რომლის მთლიანი ღირებულება 48 750 000 ლარია, 2019-2022 წლებში უნდა განხორციელდეს.

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში – რას ნახავთ, რას მოისმენთ, რას დააგემოვნებთ

დღეს და ხვალ, 13-14 ოქტომბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე, ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება.

ფესტივალზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ბენდები „არა“, SVANSIKH და SEASIDE იზრუნებენ.

13 ოქტომბერი

[checklist]

  • 16:00 – 16:50 –  ვოკალური ანსამბლი „ფესვები“  
  • 16:50 – 17:50 – ვოკალური ანსამბლი „ელესა“ და ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“ 
  • 17:50 – 18:30 – აჭარული კერძების პრეზენტაცია-მასტერკლასი; ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – სპეკტაკლი „წითელქუდა“ 
  • 18:30 – 19:10 – სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქობულეთი“
  • 19:10 – 19:30 – სახალისო ინტერაქტიული ჯგუფური შეჯიბრება
  • 19:30 – 21:00 – ბენდი „არა“ 
  • 21:00 – 22:30 – ბენდი Svansikh 

[/checklist]

14 ოქტომბერი

[checklist]

  • 14:00 – 14:30 – ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“ 
  • 14:30 – 15:30 – ვოკალური ანსამბლი „ჭვანა“ 
  • 15:30 – 16:30 – ლაზური ვოკალური ანსამბლი „ათძალი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“ 
  • 16:30 – 17:00 – ყურძნის დაწურვა საწნახელში 
  • 17:00 – 18:00 – სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ 
  • 18:00 – 19:30 – ბენდი Seaside

[/checklist]

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაიზარდა ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც იქნებიან წარმოდგენილები.

______________

ფოტოზე: ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში. ფოტო: აჭარის მთავრობა

პოლიციამ მამა-შვილი დააკავა ოჯახში ძალადობის ბრალდებით

შს სამინისტროს ცნობით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, რ.ვ., მამასთან – დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

შემთხვევა ნინოწმინდაში მოხდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ​დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

______________

ფოტო: unsplash

60 წლის ქედელი მეხანძრე-მაშველი სამსახურიდან აპლოდისმენტებით გააცილეს

60 წლის მეხანძრე-მაშველი იბრაიმ დიასამიძე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ქედაში, წლებია მუშაობდა, მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან გააცილეს.

იბრაიმ დიასამიძეს წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იბრაიმ დიასამიძე წლების განმავლობაში ქედის რაიონის უსაფრთხოებაზე შვილთან ერთად ზრუნავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რჩება იბრაიმის ვაჟი, მანუჩარ დიასამიძე.

იბრაიმ დიასამიძე. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

იბრაიმ დიასამიძის გაცილების ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.

 

შსს: ამოღებულია 60 შეკვრა მეტადონი, სასჯელი 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1968 წელს დაბადებული ი.ო.

შს სამინსიტროს ცნობით, ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას, 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებადაა ამორებული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___________

ფოტო: შსს

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მომდევნო 5 დღის განმავლობაში [ვიდეო]

ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმში გამოიდარა. თბილი ამინდი თითქმის ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმში თბილი ამინდი შენარჩუნდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ორშაბათს, 14 ოქტომბერსაც. ჰაერის ტემპერატურა  +22, +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

#RiseUpForRojava – ქურთების მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს მასშტაბით

10-19 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჰეშთეგით #RiseUpForRojava მომიტინგეები როჟავას (ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი სირიის ტერიტორიაზე) მხარდასაჭერად იკრიბებიან.

ფეისბუქზე გახსნილია გვერდი , რომლის საშუალებითაც ორგანიზდება მხარდამჭერი აქციები. გამომსვლელები მოითხოვენ შეწყდეს თურქული მხარის შეჭრა და საბრძოლო მოქმედებები სირიის ჩრდილოეთით არსებულ ქურთულ დასახლებაში და იქცეს როჟავა ისევ მწვანე ზოლად.

პარიზში მიმდინარე აქცია

ანკონა/იტალია

აქცია გერმანიაში
აქცია გერმანიაში

აქციები გაიმართა და კიდევ გაიმართება ასევე საბერძნეთში, ინგლისში, შვედეთში, ნორვეგიაში, სერბეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ბელგიაში, კვიპროსზე და სხვა ქვეყნებში. მათ შორის ხვალ, 13 ოქტომბერს, თბილისშიც აპირებენ ადამიანების საპროტესტო აქციაზე შეკრებას.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს თურქულმა მხარემ დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის გაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც თურქეთს სურს მოსაზღვრე 32 კმ-იანი სივრცეში შექმნას ბუფერული ზონა, სადაც სირიიდან დევნილ, თურქეთში მცხოვრებ მოსახლეობას ჩაასახლებს.

წაიკითხეთ ასევე:

ვინ არიან ქურთები?

გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახის გარემოსდაცვითი ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელსაც ალვერდ ჩანქსელიანი ხელმძღვანელობს, ითანხმებს კერძო და სახელმწიფო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმას. მისი შვილების – ბესარიონ და დავით ჩანქსელიანების დაფუძნებული შპს-ეები კი სწორედ ამ მომსახურებას უწევენ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს.

საქმე იმაშია, რომ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს კანონი ავალდებულებს გარემოს დაცვისა სამინისტროს ნარჩენების მართვის გეგმა ჩააბარონ. გარდა ამისა, ეტაპობრივად შეავსონ შესაბამისი ფორმები და სპეციალურ მისამართზე ატვირთონ, ანუ სამინისტროს ჩააბარონ ანგარიში.

ბესარიონ და დავით ჩანქსელიანების დაფუძნებული კომპანია „ეკო სერვის ჯორჯია“ არა მხოლოდ ნარჩენების მართვის გეგმებს ამზადებს, არამედ კომპანიებს მათ სამინისტროსთან შეთანხმებასაც ჰპირდება. ეს კომპანია შეკვეთებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაზე სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც იღებს.

„ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სრული მომსახურების გაწევა, კერძოდ: კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება და შეთანხმება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება და შეთანხმება, კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის მომსახურების გაწევა, სახიფათო ნარჩენების შეგროვება, გადაზიდვა, გადამუშავება, გაუვნებელყოფის მომსახურების გაწევა, ნარჩენების მართვის სწორად დაგეგმვა და სხვა“, – ნათქვამია კომპანიის ფეისბუქის გვერდზე.

ნარჩენების მართვის კოდექსი ძალაში 2014 წელს შევიდა. ამ კოდექსის მიხედვით, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი, 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება, ამ მხრივ ხარვეზების გამოვლენაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური მუშაობს.

კოდექსის მიხედვით, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა ახლდება ყოველ 3 წელიწადში ან წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის შეცვლის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში. მოთხოვნის შემთხვევაში თითოეული ასეთი გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული მუნიციპალიტეტისა და სხვა პირებისთვის.

კერძო კომპანიებმა ნარჩენების მართვის გეგმა რომ მოამზადონ, ამისთვის მათ სპეციფიკური ცოდნა სჭირდებათ. შესაბამისი ცოდნის არქონის შემთხვევაში კი ისინი იძულებულები არიან დაიქირაონ ამ ცოდნის მქონე პირი ან კომპანია. სწორედ ასეთ მომსახურებას სთავაზობს მათ შპს „ეკო სერვის ჯორჯია“, რომელიც ალვერდ ჩანქსელიანის შვილებმა დავით და ბესარიონ ჩანქსელიენებმა 2015 წელს დააფუძნეს.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს თანამდებობის პირის კომპანიამ 2017-2019 წლებში ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე პირდაპირი დაკვეთები [ტენდერის გარეშე] მიიღეს გზების დეპარტამენტისგან, მუნიციპალური ლაბორატორიისგან, საქართველოს ფოსტისგან და სხვა უწყებებისგან.

ბესარიონ ჩანქსელიანი კიდევ ერთ კომპანიაში შპს „სანიტარი +“-ში ფლობს წილებს, რომელიც ასევე ნარჩენების მართვის მიმართულებით მუშაობს. ის ამ კომპანიის 40 პროცენტის მფლობელი და დირექტორია, კომპანიის 60 პროცენტს კი შპს „სანიტარი“ ფლობს.

შპს „სანიტარი“ გარემოს დაცვით სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი კომპანიაა და მის 33-33 პროცენტს გიორგი კაპანაძე, ბესიკ ჭელიძე და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი იყოფენ.

შპს „სანიტარს“ 2017 წლიდან დღემდე სახელმწიფო სტრუქტურებისგან თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების დაკვეთა აქვს მიღებული.

ალვერდ ჩანქსელიანი შვილების კომპანიის საქმიანობასა და მისი, როგორც თანამდებობის პირის საქმიანობებს შორის ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების მიერ ანგარიშების შეთანხმება პირდაპირ მისი საკურატორო სფეროა.

ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, მისი შვილების კომპანია უფრო სხვა ტიპის გარემოსდაცვით  საქმიანობაზეა ორიენტირებული და არა ანგარიშების მომზადება-შეთანხმებაზე. ის ასევე გვარწმუნებს, რომ „ეკო სერვის ჯორჯიას“ კომპანიების მიერ მომზადებული დოკუმენტები მასთან განსახილველად არასდროს შესულა, თუმცა ასე რომც ყოფილიყო ალვერდ ჩანქსელიანი პრობლემას ვერ ხედავს: „თუ ვინმე კანონის შესაბამისად, სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს მსურველებს, ამაში რა პრობლემა უნდა იყოს. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, თუ ვინ წევს ასეთ მომსახურებას ჩვენ სრულ სიას ვაწვდით კომპანიებს და „ეკო სერვის ჯორჯია“ არანაირად არ არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მათი დოკუმენტები რომც შემოვიდეს სამინისტროში, ისინი მხოლოდ ჩემთან არ განიხილება და სხვადასხვა სპეციალისტები ამოწმებენ მათ, ამიტომ მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – გვითხრა ალვერდ ჩანქსელიანმა.

საქართველოს რკინიგზამ 14 ოქტომბერს მცხეთის მიმართულებით უფასო რეისები დანიშნა

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 წთ-ზე.

მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 წთ-ზე.

მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

სკოლა ფერმის შენობაში და მასწავლებელი სამ ცვლაში – რა სირთულეები გადალახეს მარიამმა და გიგამ

„ახლა ჩვენ მათთვის იმედი ვართ, როცა რამე სჭირდებათ, გვირეკავენ და დახმარებას გვთხოვენ, რადგან გვენდობიან“  – გვიყვება მარიამ პილიპენკო. ის მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს გულისხმობს. მარიამი ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ პროგრამაში – „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა და მალევე მარნეულის საჯარო სკოლაში გაანაწილეს.  როგორც პროგრამა ითვალისწინებს, მარიამმა ამ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ პროგრამის ფარგლებში გაიცნო მომავალი მეუღლე გიგა გოგინაშვილიც. გიგა პროგრამაში დარეგისტრირების შემდეგ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გაანაწილეს.

მარნეულში მასწავლებლობის პერიოდში მომხდარ ამბებზე საუბრისას მარიამი ხშირად იყენებს სიტყვებს „გიგასგან განსხვავებით“, განსხვავება კი იმაში მდგომარეობდა, რომ მარიამს მარნეულში გამართული საჯარო სკოლა დახვდა თავისი ინფრასტრუტურით და გაუმართლა იმაშიც, რომ ამ სკოლაში უკვე მუშაობდნენ პროგრამაში მონაწილე მასწავლებლები, ამიტომაც, როცა სკოლაში მუშაობის დასაწყებად მივიდა, მას ნდობით შეხვდნენ. მარიამმა როგორც პედაგოგებთან, ასევე ბავშვებთან ურთიერთობა „მალევე ააწყო“, მალევე დაინახა იმაზე მეტის საჭიროებაც ვიდრე ამას პროგრამა ითვალისწინებდა:

„არ მევალებოდა სამ ცვლაში მუშაობა, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი დავინახეთ, რომ მე და პროგრამის მონაწილე სხვა მასწავლებლებიც სამ ცვლაში ვმუშაობდით, შემდეგ კი ისევ მოსწავლეებთან მივდიოდით სახლებში სამეცადინოდ“.

გიგამ კი სოფელ ლამბალოში ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ არც ოჯახში მიიღებდნენ მარტივად, სადაც ლამბალოს სკოლაში მუშაობის პერიოდში იცხოვრებდა და აქ მას არც „ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ელოდნენ “. სოფელში ჩამოსულ, ახალგაზრდა, 23 წლის მასწავლებელს ჯერ ადგილობრივების ნდობა უნდა მოეპოვებინა:

„სოფელი ლამბალო ძირითადად ეთნიკურად აზრებაიჯანელი თანამოქალაქეებითაა დასახლებული. მე თვითონაც კახეთიდან ვარ და არ მეგონა თუ ლამბალოში ამდენი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდი. ქართულენოვანი სოფლები განსხვავებულია აზერბაიჯანულენოვანი სოფლებისგან. დამხვდა საერთოდ უცხო გარემო. სახლები, ქუჩები, ადამიანები, კულტურა – ყველაფერი განსხვავებული იყო. პროექტი ითვალისწინებდა, რომ აქ ოჯახში უნდა გეცხოვრა და ყველა მსურველს დახმარებოდი ქართული ენის შესწავლაში. რამდენიმე ოჯახმა უარი მითხრა, ბოლოს მამაჩემის ნაცნობი ოჯახი გამოვნახე, რომელმაც მიმიღო“

მარიამ პილიპენკო და გიგა გოგინაშვილი

გიგასთვის მთავარი მოულოდნელობა, მაინც ლამბალოში სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის  არარსებობა იყო:

„სკოლის შენობა კი ჰქონდათ, მაგრამ არსებობდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობაში შესვლა უსაფრთხო არ იქნებოდა.  ეს შენობა დაკეტილი იყო. სკოლისთვის ნაქირავები ჰქონდათ საქონლის ყოფილი ფერმის შენობები, მანამდე აქ ძროხებისა და ცხვრების სადგომი იყო. კედლები ოდნავ შეეთეთრებინათ და ამ შენობებში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. იყო ასევე კერძო სახლებიც, ყოფილი თონე და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ სკოლაში სულ 1200 მდე ბავშვი სწავლობს და 35-40 ბავშვი ზის კლასში, საშინელ, დაბალჭერიან შენობაში. ამას ემატება საქონლის სუნიც. განსაკუთრებით მძაფრდებოდა ეს სუნი ზამთარში, როცა ღუმელს ვრთავდით. ეს სოფელი მდინარე ივრის პირზეა, ეს არის ქარიანი ადგილი, უდაბნო. ასეთ პირობებში უხდებოდათ ბავშვებს სწავლა და გადაადგილება. წარმოდგინეთ სკოლა, სადაც 300 ბავშვზე ერთი საპირფარეშოა.“

სასწავლო პროცესის პარალელურად გიგა ყოველდღე მუშაობდა, რომ ლამბალოსთვის ახალი სკოლის მშენებლობის გადაწყვეტილება და დაფინანსება მიეღოთ შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებს. ის შეხვდა განათლების მინისტრს, რომლისგანაც მიიღო პირობა, რომ ამ საკითხს ყურადღებით განიხილავდა. ინფორმაცია გაუგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს, შეხვდა სახალხო დამცველს. მან  ლამბალოში არსებული ვითარება გააცნო ყველას, ვისაც ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში მონაწილეობა შეეძლო.

გიგას აქტოვობის შემდეგ სახლხო დამცველმა მოამზადა დასკვნა ლამბალოს სკოლაზე, სადაც ომბუსდსმენი წერდა, რომ  სკოლის იმ შენობაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, როგორც მოსწავლისთვის, ასევე პედაგოგისთვის ღირსების შემლახავი იყო. გიგა გვიყვება, რომ ამ პროცესში ის  წინააღმდეგობებსაც წააწყდა:

„პედაგოგები, მშობლები საუბრობდნენ, რომ აწუხებთ ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ბრძოლა დავიწყე სკოლის ახალი შენობისთვის, წინააღმდეგობაც მოყვა ამას ადგილობრივი რესურსცენტრისგან, ეშინოდათ დაჟინებული თხოვნის გამო არ შექმნოდათ პრობლემები. შემდეგ თვითონაც გააქტიურდნენ, ამ დროისთვის  ლამბალოში უკვე ულტრათანამდეროვე სკოლაა 1500 ბავშვზე გათვლილი“

გიგას სკოლის ახალ შენობაში არ უმუშავია,  მშენებლობა მას შემდეგ დასრულდა, როცა გიგამ პროგრამაში მონაწილეობა დაასრულა.

გიგასთვის და მარიამისთვის მაგისტრატურის დაფინანსება იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ ჩართვა გადაწყვიტეს [ამას პროგრამა ითვალისწინებს], თუმცა პროგრამის დასრულების შემდეგ  მათ ადგილობრივებთან ურთიერთობა  არ გაუწყეტიათ,  ისევ ეხმიანებიან მოსწავლები და მათი მშობლებიც, ხშირად დახმარებას ჯანდაცვის სერვისებთან წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების შექმნისას სთხოვენ: „სულ ვცდილობთ დავეხმაროთ“.

კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია, რასაც გოგა და მარიამი ამ პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრივილეგიად აფასებენ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეების სწავლის ქართულ სასწავლებლებში გაგრძელების  გადაწყვეტილებების სტატისტიკის მკვეთრი ზრდაა. გიგა ამბობს, რომ მოსწავლეები 2012 წლამდე ძირითადად რუსულ სასწავლებლებს ირჩევდნენ, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და სულ უფრო მეტი მოსწავლე ქართულ სასწავლებელს ირჩევს სწავლის გასაგრძელებლად.

Exit mobile version