ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი – გზების დეპარტამენტი


„ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი. შესაბამისად, კონტრაქტორის მიმართ ორივე ლოტზე გამოცემულია გამოსწორების შეტყობინებები ზედამხედველი ინჟინრების მიერ და კონტრაქტორმა უნდა გამოასწოროს ვალდებულებები. ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღო. ჩვენ გვაინტერესებდა დეპარტამენტის პოზიცია კომპანიის უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაისიდან ხულოს მონაკვეთზე ინტენსიური სამუშაოები უნდა ყოფილიყო დაწყებული, მაგრამ სამუშაოები შეჩერებულია.

„ბათუმელები“ ერთი თვის წინ წერდა, რომ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა რამდენიმე დღეა შეაჩერა. კომპანიაში მაშინ გვითხრეს, რომ გარანტიები წარდგენილი ჰქონდათ ყაზახური ბანკისგან [რაც ადრე დეპარტამენტშიც დაგვიდასტურეს], თუმცა გზების დეპარტამენტი „ტოდინისგან“ გარანტიის წარდგენას ამჯერად ქართული ბანკისგან ითხოვდა. „ტოდინს“ ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო კი დამკვეთისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.

ამ სტატიის მომზადების პერიოდში ჩვენს კითხვებზე პასუხები დეპარტამენტისგან ვერ მივიღეთ, რის გამოც 9 აგვისტოს ოფიციალური წერილით მივმართეთ. დეპარტამენტმა წერილობით 23 აგვისტოს გვიპასუხა.

ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოებზე [ლოტი 1 და ლოტი 2] დეპარტამენტსა და კომპანია „ტოდინს“ [Todini Costruzioni Generali S.p.A] შორის ხელშეკრულებები 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა, რის მიხედვითაც კომპანიას უნდა წარმოედგინა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 28 დღის განმავლობაში. ამავე დოკუმენტით „ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან სხვა აღიარებული ბანკის მიერ დამკვეთის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში“.

დეპარტამენტმა [2019 წლის მაისში] გვაცნობა, რომ „ტოდინის მიერ წარმოდგენილია TENGRI BANK JSC-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე – 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე – 4 026 450 ლარი“.

ვინაიდან „ტოდინის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეპარტამენტი გარანტიას ქართული ბანკისგან ითხოვდა და ვინაიდან ასეთი ჩანაწერი იყო ხელშეკრულებაშიც, დეპარტამენტს განმარტება წერილობით ვთხოვეთ. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა ადგილობრივი კომერციული ბანკისგან გაცემული გარანტიების წარმოუდგენლობა ხელშეკრულების დარღვევა.

„დეპარტამენტი განმეორებით გიდასტურებთ გარანტიების არსებობას“ [საუბარია TENGRI BANK JSC -ს მიერ გაცემულ გარანტიებზე, რომლებიც ავიზირებულია „საქართველოს ბანკის“ მიერ] – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან 23 აგვისტოს მიღებულ წერილში.

ის, რომ გარანტიები ჯერ მიიღო დეპარტამენტმა და შემდეგ იყო თხოვნა დეპარტამენტისგან, რომ ჩანაცვლებულიყო ქართული ბანკების მიერ გაცემული გარანტიებით – ამაზე დეპარტამენტი გვპასუხობს, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია და პირიქით, კომპანიამ „იკისრა ვალდებულება“ ჩაენაცვლებინა ეს გარანტიები. თუმცა, რატომ იკისრა კომპანიამ ეს ვალდებულება, დეპარტამენტი არ გვწერს.

„დეპარტამენტსა და TODINI Costruzioni Generali S.p.A-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეთანხმების ოქმების შესაბამისად, კონტრაქტორმა იკისრა ვალდებულება ჩაენაცვლებინა მის მიერ უკვე წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, კონტრაქტორისათვის გაგზავნილ იქნა შესაბამისი შეტყობინებები“, – გვწერს გზების დეპარტამენტი და მათ მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ „შესაბამის შეტყობინებების“ შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს.

საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ კითხვები წერილობით 9 აგვისტოს კომპანია „ტოდინსაც“ გაუგზავნა. პასუხი კომპანიისგან ამ დრომდე არ მიგვიღია.

„გარანტიის ცვლილების ავიზირებით „საქართველოს ბანკი“ ადასტურებს მხოლოდ გარანტიის ცვლილების ავთენტურობას/ნამდვილობას და იგი არ არის პასუხისმგებელი გარანტიის ტექსტსა და გარანტიის პირობებზე… აღნიშნული გარანტიის ცვლილება გეგზავნებათ/გადმოგეცემათ „საქართველოს ბანკის“ მხრიდან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ 2018 წლის 16 მარტის კორესპონდენციაში, რომელიც გზების დეპარტამენტში გაიგზავნა.

ავიზირებაზე ნდობის უარყოფითი პრეცენდენტი აჭარაში უკვე გვაქვს, როცა ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული „კონვენტ ჯორჯიასგან“ „ბაზისბანკის“ მიერ ავიზირებული საბანკო გარანტია მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია ბრიტანულმა Point Bank-მა მისცა. ავიზირების წერილში კი მაშინაც აღნიშნული იყო, რომ „ბაზისბანკი“ არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორის და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. ასევე „ბაზისბანკი“ არ იღებდა არანაირ ფინანსურ და სხვა სახის ვალდებულებას ბენეფიციარის [„კონვენტ ჯორჯიას“] წინაშე.
საბოლოოდ ტენდერში გამარჯვებული გაუჩინარდა, აღმოჩნდა, რომ ბრიტანული Point Bank-ი გადახდისუუნარო იყო, ბათუმის მერიამ დამატებით დახარჯა ფული იურიდიულ მომსახურებაში, ხოლო ზიანის ანაზღაურებას „ბაზისბანკს“ სთხოვს. „იაფი სახლის საქმის“ გამო კი, 2019 წლის 30 მაისს 7 მაღალჩინოსანი დააკავეს.

სახელმწიფოს პრობლემა უშუალოდ „ტოდინმაც“ შეუქმნა სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 3] მშენებლობაზე. ამ შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა, ხელშეკრულების ფარგლებში კი „ტოდინს“ წარმოდგენილი ჰქონდა ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები „ასტანა ბანკისგან“. ამ გარანტიების ამოქმედება უნდა განეხილა ყაზახეთის სალიკვიდაციო კომისიას, ვინაიდან „ასტანა ბანკი“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტში, „დეპარტამენტსა და „ტოდინს“ შორის ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორზე ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კი მთავრობა „ტოდინს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და მას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

ხულო-ზარზმის გზა – „ბათუმელების“ კითხვები დეპარტამენტს და დეპარტამენტის პასუხი

ბათუმელები: არსებობს თუ არა პირველი ლოტით [ხულო – გოდერძის მონაკვეთი] გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი? გთხოვთ მოგვაწოდოთ ამ გეგმა-გრაფიკის [ქართული ვარიანტის] ასლი ელექტრონულად.
გზების დეპარტამენტი: კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილია სამუშაოების პროგრამა, ზედამხედველმა ინჟინერმა აღნიშნული პროგრამა შენიშვნებით დაუბრუნა კონტრაქტორს გამოსასწორებლად.

გამოდის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე, სამუშაოების შეთანხმებული, საბოლოო პროგრამა არ არსებობს.

ბათუმელები: გვაქვს ინფორმაცია, რომ დეპარტამენტში „ტოდინის“ დაჯარიმებასთან ერთად შესაძლოა განხილულ იქნას კომპანიასთან ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულებების [ლოტი1 და ლოტი2] შეწყვეტის საკითხიც. აქვს თუ არა შესაბამისი საფუძველი დეპარტამენტს, გთხოვთ, თქვენს კომენტარს..
გზების დეპარტამენტი: ხელშეკრულების ზოგადი პირობების 8.7 მუხლი ითვალისწინებს კონტრაქტორისთვის დაგვიანების ხარჯის დაკისრებას იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორმა სამუშაოები ვერ დაასრულა სამუშაოების დასრულების ვადაში. კონტრაქტორმა სამუშაოები ორივე ლოტზე უნდა დაასრულოს 2020 წლის 1 ოქტომბერს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, კონტრაქტორს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

თუ გავითვალისწინებთ პროექტის მასშტაბურობას, ამ დრომდე შესრულებულ თუ შეუსრულებელ სამუშაოებს და რთულ რელიეფს [გოდერძის უღელტეხილი] სადაც არა თუ სამუშაოები, არამედ თვეობით გზაც კი იკეტება შემოდგომიდან გაზაფხულამდე, სამუშაოებისთვის ფაქტობრივად 10 თვე რჩება კომპანიას ვადაში რომ ჩაეტიოს. ამ დროში კი პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია [გამორიცხული არაა დეპარტამენტმა ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანოს და ეს ვადაც გადაუვადოს კომპანიას ყოველგვარი ჯარიმის გადახდის გარეშე].

გასათვალისწინებელია, ისიც, რომ პროექტი, ვადაში უკვე გაიწელა [მიუხედავად იმისა, რომ „ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“]. ასეთ სიტუაციაში კი სახელმწიფოს, თუ დეპარტამენტის ინფორმაციას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს – ან შეგნებულად არ იტოვებს.

ბათუმელები: ხომ არ შესულა რაიმე ცვლილება ამ ხელშეკრულებებში?
გზების დეპარტამენტი: ხელშეკრულებებში ცვლილება არ განხორციელებულა.

ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა, ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო „სამუშაოების პროგრესი“ კი დეპარტამენტის განცხადებით, „არის ძალიან სუსტი“. ეს პროგრესი ეტყობა იმდენად სუსტია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი ორი კვარტლის საქმიანობის ანგარიშში ხულო-ზარზმის გზა საერთოდ არც ახსენა. არადა ეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მასში 110 მილიონი ლარი იხარჯება, რომელსაც სახელმწიფო სესხად იღებს.

ბათუმელები: რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.”-ს 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული N EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების [სამტრედია-გრიგოლეთის გზა] ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით? რას [რა ოდენობის თანხის ანაზღაურებას] ითხოვს სახელმწიფო „ტოდინისგან“? რა სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს ამ კუთხით?
გზების დეპარტამენტი: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის [ლოტი 3] სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე დაწყებულია საარბიტრაჟო დავის პროცედურები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოქმედება და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე სახის ინფორმაცია ვერ გაიცემა“.

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულოს მონაკვეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com