მთავარი,სიახლეები

რატომ გაუწიეს „შეღავათი“ პირებს, რომელთაც ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

26.06.2019 • 1790
რატომ გაუწიეს „შეღავათი“ პირებს, რომელთაც ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. ისინი ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომლის – ალექსანდრე თევზაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 24 ივნისს დააკავეს.

თავდაპირველად პროკურატურა დაკავებულებს ხულიგნობის მუხლით ედავებოდა. მოგვიანებით საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს, ირაკლი აბუსერიძეს კი 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანების მუხლია.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურისგან მსგავსი დამოკიდებულება არ ახსოვს. მან პროკურატურის შუამდგომლობას „შეღავათიანი“ უწოდა – პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა.

„ძალადობის მუხლებზე პროკურატურა ყოველთვის ითხოვდა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეფარდებას,”- აღნიშნა მოსამართლემ.

რატომ მიიღო პროკურატურამ „შეღავათიანი გადაწყვეტილება“ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის მიმართ? – შეკითხვა “ბათუმელებმა” პროკურორ თორნიკე გოგეშვილს პროცესის დასრულების შემდეგ დაუსვა.

“მოსამართლე გულისხმობდა ოჯახში ძალადობას, რაზეც გვაქვს ერთიანი მიდგომა – ვითხოვთ პატიმრობას,”- გვითხრა პროკურორმა. მისი მტკიცებით, არსებობს ჩვეულებრივი ძალადობის სხვა საქმეებიც, სადაც პროკურატურა ასევე გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პოლიტიკურ გავლენას პროკურატურაზე გამორიცხავს ირაკლი ჭეიშვილიც, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში. ის დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, როგორც კახა მიქელაძის მეგობარი.

„პროკურატურა დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალეკო თევზაძეს მხოლოს მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა… რატომ გაუსვა ამას ხაზი მოსამართლემ, არ ვიცი,“- აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელებთან“.

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე მისი დაჭრის საქმეზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ის წერს, რომ მას შემდეგ რაც ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: