მთავარი,სიახლეები

გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება

15.10.2019 • 1575
გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში  მყოფ გია ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს დღევანდელ პროცესზე უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

ხვალ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან თუ არა მერიის მაღალჩინოსნები.

“მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს პოზიცია, მაგრამ მჭირდება გარკვეული სამართლებრივი ანალიზი… ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს საქმეზე უნდა მივიღო გადაწყვეტილება,”- უთხრა მოსამართლემ მხარეებს დღევანდელ პროცესზე.

ბათუმის ყოფილმა მერმა, გია ერმაკოვმა, ასევე მერიის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა – არჩილ ვანაძემ და ეგარსლან ლომაძემ 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს უთხრეს, რომ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან შეთანხმება გააფორმეს ზიანის ანაზღაურებაზე. მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა. მერიასთან მიღწეული შეთანხმებით კი, გია ერმაკოვს და არჩილ ვანაძეს 384 ათასი ლარის უძრავ ქონებაზე შეუძლიათ ყადაღის დადება, თუკი მათ სასამართლო გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს. გამამატყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სწორედ ამ ქონებიდან მოხდება ზიანის ნაწილის ანაზღაურება. გარდა ამისა, თითოეულმა ბრალდებულმა 100-100-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე.

“სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის… ასევე, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე,”- აღნიშნა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ, როცა მას სხდომის დასაწყისში მოსამართლემ პოზიციის გამოხატვა სთხოვა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე.

პროკურორი შეეხო  ბრალდებულების მიერ ლაშა კომახიძესთან გაფორმებულ შეთანხმებასაც. მან ყურადღება გაამახვილა შეთანხმების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ზიანის ანაზღაურებას ცალკე სამართლებრივი დავა დასჭირდება, თუკი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მაგრამ საქმეს კვალიფიკაციას შეუცვლის.

“მე არ მახსენდება ზიანის ანაზღაურებაზე მსგავსი შეთანხმება გაეფორმებინოს ბათუმის მერიასთან ვინმეს… მერია გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს, მერია შეღავათიან პირობებს უწესებს ბრალდებულებს ახლო კავშირების გამო… ზემოქმედების მაგალითია ეს შეთანხმებაც. როგორ შეიძლება მილიონ 376 ათასი იყოს ტოლი  384 ათასის?”- იკითხა პროკურორმა.

“რატომ ნერვიულობს ბრალდების მხარე, თუკი ბრალი სწორად არის წარდგენილი? არაფერია სანერვიულო,”- თქვა პროკურორის საპასუხოდ ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

“ისინი უპრეცედენტოდ კარგად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს და იმიტომ არ გახსენდებათ მსგავსი ხელშეკრულება, ბატონო პროკურორო,”- ჩაილაპარაკა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

სჭირდებოდა თუ არა ამ შემთხვევაში მერს საკრებულოს თანხმობა, როცა მან ბრალდებულებთან შეთანხმება გააფორმა და რატომ უნდა ჩაითვალოს მილიონ 376 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებად დაყადაღებული უძრავი ქონება, რომელიც 384 ათას ლარადაა შეფასებული? – ეს ის შეკითხვებია, რომლითაც მოსამართლემ ადვოკატებს მიმართა და მიანიშნა, რომ ყოფილი მერის “სახლში წასვლა”, ან პატიმრობაში დარჩენა პასუხებზე იქნებოდა დამოკიდებული.

გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა, იმ სამართლებრივ ნორმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი წარმოადგენს მერიას და საკრებულოს ერთად, ხოლო მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია.

“ვფიქრობ, სასამართლოს მერიის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა ჰქონდეს,”- დასძინა ლევან მახარაშვილმა და პროკურორს მიუბრუნდა:

“პროკურორმა განაცხადა 13 საათსა და 15 წუთზე, რომ შესაძლოა სასამართლომ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს… ანუ, არ არის დარწმუნებული,”- თქვა ადვოკატმა.

“არა, ასე არ მითქვამს,”- უპასუხა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

“მე თქვენს გამონათქვამებს ვიწერ, ბატონო პროკურორო,”- მიუგო რამაზ შავაძეს ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა და პაუზის შემდეგ პროკურორს ისიც უსაყვედურა, რომ მან მოქმედ მერს ჟურნალისტების თვალწინ “უკანონო გარიგებაში შესვლა დააბრალა”.

“მოქმედმა მერმა გარანტიები შეუქმნა სახელმწიფოს, რას ვედავებით?”- იკითხა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ამ საქმეში ბრალდებული შვიდი პირია და მხოლოდ სამი პირის მიერ არ იქნება ზიანი ასანაზღაურებელი, თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

“მერიას არ სჭირდებოდა საკრებულოს თანხმობა, რადგან მერიას არ აუღია რაიმე სახის ვალდებულება ბრალდებულებთან, რა უნდა ეკითხა მერიას საკრებულოსთვის?…”- დასძინა რამინ პაპიძემ.

“ხელშეკრულებაში თქვენ ჩამოაყალიბეთ კონკრეტული პირობები, რა შემთხვევაში ანაზღაურდება ზიანი…”- უპასუხა ადვოკატებს პროკურორმა. მან ისაუბრა კანონმდებლობაზეც, რომელიც არ ითვალისწინებს ვინმესთან “შეღავათიანი პირობებით” შეთანხმებას, როცა დაზარალებული საბიუჯეტო ორგანიზაციაა – ბათუმის მერია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: