მთავარი,სიახლეები

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

17.07.2019 • 2757
რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის გზა უნდა ააშენოს [პროექტის ღირებულება 110 მილიონი], სხვა ტენდერში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის [მესამე ლოტი] გამარჯვებული იყო, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა. „ტოდინის“ წინააღმდეგ მთავრობა საარბიტრაჟო დავას იწყებს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპანია Todini Costruzioni Generali S.p.A-ის წინააღმდეგ. საარბიტრაჟო პროცესში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

„ტოდინი“, რომელიც სახელმწიფოსგან ადრე მიღებულ დაკვეთებს არაჯეროვნად ასრულებდა, 2018 წელს კიდევ ერთი – 110-მილიონიანი ტენდერის [ორივე ლოტი] გამარჯვებულად დაასახელა სახელმწიფო გზების დეპარტამენტმა, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის  მშენებლობაზე.

ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალ საავტომობილო მაგისტრალს, საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს“, თუმცა, „ბათუმელებმა“ დოკუმენტების შესწავლით დაადგინა, რომ იტალიაში დაფუძნებული კომპანია „ტოდინის“ წილების 100-ვე პროცენტს 2016 წლიდან ყაზახური კომპანია ფლობს.

2017 წლის 27 ივნისს სამტრედია-გრიგოლეთის გზის (ლოტი III) მონაკვეთის მშენებლობის მიზნით „ტოდინთან“ გაფორმებული ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის თებერვალში შეწყვიტა. „ბათუმელებმა“ გზების დეპარტამენტს ჰკითხა, თუ რა სანქცია გაატარა „ტოდინის“ მიმართ ამ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო.

„მხარეთა შორის წარმოშობილი დავა უნდა განიხილოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ [ICC] პალატის საარბიტრაჟო წესების მიხედვით. ამ ეტაპზე ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მხრიდან მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება და ამდენად დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან ორი თვის წინ.

დეპარტამენტს წერილობით მოვთხოვეთ ინფორმაცია ხელშეკრულების ფარგლებში რა ღირებულების სამუშაოების ჩატარება იყო გათვალისწინებული? აქედან რა ღირებულების სამუშაო შესრულდა? ამ პროექტის ფარგლებში ჯამში რა რაოდენობის თანხა იქნა კონტრაქტორ კომპანიაზე გადარიცხული, მათ შორის რამდენი ავანსად?

„დეპარტამენტსა და „ტოდინს“ შორის ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორზე ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „ტოდინს“ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდა ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები „ასტანა ბანკისგან“. ამ გარანტიების ამოქმედება კი, უნდა განეხილა ყაზახეთის სალიკვიდაციო კომისიას, ვინაიდან „ასტანა ბანკი“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

ყაზახეთის სალიკვიდაციო კომისიამ დეპარტამენტისგან დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა, რომლის წარუდგენლობა გამოიწვევდა დეპარტამენტის მოთხოვნის [გარანტიის ამოქმედება] განუხილველობას.

„ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის გარანტიების საკითხს განიხილავს სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისია [The Liquidation Commission of the Bank of Astana] და მიმდინარეობს გარანტიებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიმდინარე წლის მაისში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ასევე, წარმოადგინა თუ არა „ტოდინმა“ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები.

„ტოდინის მიერ წარმოდგენილია TENGRI BANK JSC ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე 4 026 450 ლარი“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 15 ივლისს, გავრცელებული ინფორმაციით, „ამ გზის მე-2 მონაკვეთზე [რომელიც გაივლის გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს] გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო მესამე მონაკვეთზე, სადაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტორს [„ტოდინს“ – ავტ.] ხელშეკრულება შეუწყდა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: