ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშს ბათუმის კონცხიდან მილებით გადაქაჩავენ


ბათუმის კონცხის მიმდებარე პლაჟიდან ქვიშა-ხრეშის გადატანა ახალი ბულვარისკენ სპეციალური მილებით განხორციელდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს.

ბათუმის კონცხთან ნატანის ამოღება და ადლია-აეროპორტის მიმდებარედ ჩაყრა ბათუმის სანაპირო დაცვის პროექტითაა გათვალისწინებული. ხრეშის სპეციალური მოწყობილობით გადაქაჩვა, კონცხიდან ადლიისკენ, 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს. ამ გზით პლაჟი უნდა გაფართოვდეს და შენარჩუნდეს იმ კედლის გასწვრივ, რომელიც ნაპირის დაცვის მიზნით აშენდა.

ეს კედელი რკინა-ბეტონითა და ქვის ლოდებითაა მოწყობილი, აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში მდებარე პირსამდე. აქ პლაჟის შესანარჩუნებლად კი, პროექტით, ყოველწლიურად, 20 000 კუბური მეტრი ხრეშის ხელოვნურად შეტანა იქნება აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩება და მეტიც, გაგრძელდება ნაპირის წარეცხვა.

„ხრეშის ამოღება მოხდება ბათუმის კონცხთან, სადაც ის ჭარბი რაოდენობითაა. ამით ორი საქმე გაკეთდება: პირველი – ახალ ბულვარში გაფართოვდება პლაჟი და მეორე – ბათუმის კონცხი განიტვირთება ზედმეტი ნატანისგან. კონცხთან არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომ პლაჟი, ისე როგორც 1999 წელს, კვლავ ჩაიქცეს ზღვის კანიონში. განტვირთვა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი რამ არ მოხდეს.

ხრეშის გადასატანად მცურავ საშუალებებს არ გამოვიყენებთ. როგორც პროექტშია გათვალისწინებული, ხრეშს გადავიტანთ მილებით – სპეციალური მოწყობილობა შეიწოვს ხრეშს და მილებით გადაიქაჩება. ეს მოწყობილობა ჩამოტანილი გვაქვს და დასაწყობებულია სანაპიროსთან, აეროპორტის მიმდებარედ“, – გვითრა რეზო გიგილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

პლაჟი ბათუმის კონცხთან / 2019 წლის სექტემბერი / ფოტო: „ბათუმელები“

როდის დაიწყება და რა მოცულობის ხრეშის გადატანა იგეგმება? – რეზო გიგილაშვილის თქმით, გადატანის დაწყება დაგეგმილია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, თუმცა, ფონდში ამ დღეებში ელოდებიან წერილს კონტრაქტორი ინჟინრისგან, სადაც იქნება გაწერილი გადასატანი ხრეშის მოცულობა, დრო და სხვა დეტალები. „როცა ამ დოკუმენტებს მივიღებთ კონტრაქტორისგან, ამის შემდეგ მივმართავთ ბათუმის მერიას და შევთანხმდებით დეტალებზე“, – ამბობს გიგილაშვილი.

ბათუმში დასაწყობებული მილები. ამ მილებით და სპეციალური ტუმბოებით ბათუმის კონცხიდან ახალ ბულვარში ხრეშს გადაქაჩავენ.

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტი, რომელიც 2 კილომეტრამდე დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს, აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდა. მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს კი ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP-ი ასრულებს, რომელთანაც კონტრაქტი 30 მილიონამდე ლარზეა გაფორმებული. პროექტი, რომლითაც მშენებლობა მიმდინარეობს, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა.

„2019 წლის ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი პროექტის დასრულება, თუმცა განხორციელების ეტაპზე პროექტში შევიდა ცვლილებები. ახალი ბულვარი დაანგრია ზღვამ, რომელიც არ შედიოდა თავიდან პროექტში, გადავაკეთეთ პროექტი, ამიტომ გამორიცხული არ არის 2-3 თვით გავუგრძელოთ კომპანიას დასრულების ვადა. შესაძლოა 2020 წლის თებერვალში დასრულდეს. წერილში, რომელიც კონტრაქტორისგან უნდა მივიღოთ, ალბათ იქნება მოთხოვნა შესაძლო ვადის გაგრძელებაზე“, – გვითხრა რეზო გიგილაშვილმა.

პროექტში თავდაპირველად ფეხით მოსიარულეთათვის პლაჟზე გადასასვლელი ხიდების აშენებაც იყო დაგეგმილი, თუმცა ხიდების ნაცვლად რკინა-ბეტონის ჩასასვლელი კიბეები გაკეთდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამავე პროექტის მიხედვით, ბათუმის პლაჟები რომ შენარჩუნდეს, ზღვაში ნატანის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება აუცილებელი.

„ნაპირს, ბულვარს კი დაიცავს ნაგებობა, რომელიც აშენდა, მაგრამ პლაჟს არ დაიცავს და თუ პლაჟი უნდა ბათუმს, ის უნდა კვებოს ხელოვნურად სპეციალური ფრაქციის/ხრეშის ჩაყრით“, – ამბობს რეზო გიგილაშვილი.

ნაპირდაცვის სამუშაოების [ქვის ლოდების დალაგება, რკინა-ბეტონის ჯებირი] პარალელურად დაწყებულია პრომინადის მოწყობაც. პლაჟის გასწვრივ თავის დროზე მოწყობილი სასეირნო ბილიკი აქ შტორმების დროს ზღვამ დაანგრია და ნაწილობრივ მიიტაცა.

ამ დროისთვის არ არის დათვლილი და შესწავლილი ბათუმის კონცხთან რა ოდენობის ხრეშია თავმოყრილი [და აქედან რამდენია, ვთქვათ, ჭარბი, რამდენის აღება შეიძლება, როგორ იმოქმედებს ეს უშუალოდ კონცხზე და.ა.შ.]. არც ისაა გამოკვლეული რა პერიოდით იქნება კონცხზე თავმოყრილი ნატანი საკმარისი პლაჟების შესანარჩუნებლად. ამასთან, გარკვეული არ არის, პროექტის დასრულების შემდგომ ვინ გადაიტანს ნატანს კონცხიდან ადლიისკენ ან ვინ შეიტანს ხელოვნურად – ანუ, ვინ აიღებს პლაჟების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას.

მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ პროექტი არ მოიცავდა ბათუმის კონცხს, პროექტის მიზანი იყო ეროზიის შეჩერება ახალ ბულვართან, შესაბამისად, კონცხი არ შეუსწავლიათ. 

„ჩვენ დღემდე მთის კარიერებიდან 126 000 კუბური მეტრი მასალა ჩავყარეთ საპროექტო ტერიტორიაზე და პლაჟები შეიქმნა, თუმცა ნაწილი მაინც წაირეცხა. ეს ნატანი კი ბათუმის კონცხთან იყრის თავს. ამაში სიახლე არაფერია, ამ ადგილიდან ჯერ კიდევ „საქნაპირდაცვა“ ახორციელებდა ჭარბი ნატანის ამოღებას და კონცხის განტვირთვას. ჩვენ პროექტის ფარგლებში ირიბად ვეხებით ბათუმის კონცხს და იქედან ავიღებთ იმ ოდენობის ნატანს, რაც სანაპიროს დამცავი ნაგებობის გასწვრივ პლაჟისთვის იქნება საჭირო იმ ნიშნულამდე, რაც გათვალისწინებულია პროექტით“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ფონდში ისიც გვითხრეს, რომ იყო მიმოწერა აჭარის მთავრობასთან და ბათუმის მერიასთან იმის შესახებ, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას შემდგომში მოვლა-პატრონობაზე, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მათთვის უცნობია.

„ზოგადად, როცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება რაიმე პროექტი, მისი მოვლა-პატრონობის ვალდებულებაც ამ მუნიციპალიტეტზე გადადის“, – გვითხრეს ფონდში.

არის თუ არა შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული და გათვალისწინებული იქნება თუ არა ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტში პლაჟის ამ მონაკვეთის მოვლისთვის თანხა? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით , პროექტი ჯერ კიდევ ხორციელდება, შემდგომში მოვლა-პატრონობის საკითხი კი, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი, მოგვიანებით გადაწყდება.

პლაჟი ბათუმის კონცხთან / 2019 წლის სექტემბერი / ფოტო: „ბათუმელები“

1999 წლის 14 იანვარს, წყნარ ამინდში ბათუმის კონცხთან მოწყდა 100 მეტრი სიგანისა და 200 მეტრი სიგრძის პლაჟი. ამასთან, წერილში, რომლითაც სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის ხელმძღვანელს რამდენიმე დღის წინ მიმართა, ნათქვამია, რომ ბათუმში და კონკრეტულად ბათუმის კონცხის გარშემო, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილების პროცესებით, აგრეთვე მდინარე ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერებით. ორგანიზაციები სათანადო კვლევების გარეშე პროექტ „რივიერა ბათუმის“ განხორციელებას აპროტესტებენ, რომელიც „სრულად ცვლის სანაპირო ზოლს“ . წერილში აღნიშნულია იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რაც, ორგანიზაციების განცხადებით, შავი ზღვის სანაპიროს პროექტ „რივიერა ბათუმის“ განხორციელების შემთხვევაში ემუქრება.

ბათუმის სანაპიროს წარეცხვის პროცესი, სხვა ფაქტორებთან ერთად, საგრძნობლად გაააქტიურა მდინარე ჭოროხსა და აჭარისწყალზე ჰესების აშენებამ, ასევე ჭოროხის დელტადან ინერტული მასალის ამოღებამ მშენებლობისთვის. აღნიშნულის გამო ჭოროხს ზღვაში ვეღარ შემოაქვს ის მასალა, რაც აუცილებელია პლაჟების შენარჩუნებისთვის.

პლაჟების ხელოვნურად კვებისთვის მთის კარიერები განიხილება. გეოლოგ ტარიელ ტუსკიას თქმით, „პლაჟებზე არსებული ქვიშა-ხრეში დამუშავებულია ბუნებრივად მდინარის კალაპოტსა და ზღვაში და გლუვი ზედაპირი აქვს. კარიერზე მოპოვებული ლოდებიც ისეთ ფრაქციებად უნდა დაქუცმაცდეს, რომ ის ბუნებრივად დამუშავებულ ფრაქციებთან მიახლოებული იყოს. მსხვილი ფრაქცია და ნატეხები კი პლაჟისთვის გამოუსადეგარი იქნება“.

პროექტი, რომლის მიხედვითაც ბათუმში ნაპირდამცავი კედელი შენდება, თავის დროზე ქართველმა სპეციალისტებმა დაიწუნეს. ტარიელ ტუსკია დღესაც აცხადებს, რომ მართალია ლოდების ჩაწყობის მეთოდმა გაამართლა მეზობელ თურქეთში, თუმცა ვერ ამართლებს აჭარის სანაპიროზე: „გონიოდან დაწყებული, სანაპიროზე, სადაც დიდი ლოდი ჩაიდო ყველა ჩაიძირა ზღვაში. თურქეთში სანაპიროსთან კლდოვანი ქანები გამოდის და ეს ლოდები ამ ქანებზე დევს. შესაბამისად, მას ზღვა ძირს ვერ ურეცხავს [ასეთი ქანები გამოდის სარფში და კვარიათშიც]. ბათუმის სანაპირო კი ნატანი მასალითაა აგებული და ამ ლოდების ქვეშ არის ხრეში. დეტალურად არ ვიცნობ პროექტს, რა ტექნოლოგიით ჩააწყვეს, თუმცა ეს ლოდები თუ ხრეშზე დევს, მას წლების განმავლობაში ზღვა ძირს გამოურეცხავს და კონსტრუქციას დაშლის. ასე ხდებოდა აქამდე“.

ქართველი მეცნიერების ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას პროექტის მიმართ არც მუნიციპალური განვითარების ფონდში გამორიცხავენ, სადაც აცხადებენ, რომ სწორედ მათ ჰქონდათ აღებული პასუხისმგებლობა განეხორციელებინათ პროექტი, რომელიც ნაპირის, ბულვარის წარეცხვას შეაჩერებდა.

„ამასთან, იქ აშენდა არაერთი დიდი სასტუმრო და ტურისტებს რომ პლაჟი იქვე ჰქონოდათ, გადაწყდა პროექტის განხორციელება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ახლა მიმდინარეობს. ჩვენ უცხოელი კონსულტანტებიც მაგისთვის მოვიწვიეთ, რომ აქ სხვადასხვა მოსაზრება იყო. უცხოელებმა გააკეთეს მათემათიკური მოდელირება, რასაც დავეყრდენით ჩვენ, ჩვენი პატივცემული მეცნიერების ნაწილმა კი ეს მეთოდი ვერ გაიგეს“, – გვითხრეს ფონდში.

ქართველი სპეციალისტები სამუშაოების დაწყებამდე ასევე ამბობდნენ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიის წარეცხვას დაიწყებს.

ამ თემაზე ვრცლად:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com