კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ავანსად გადარიცხული 93 990 ლარი – გონიოში რომაული ბანაკი ვერ მოეწყო

18.07.2019 • 1899
ავანსად გადარიცხული 93 990 ლარი – გონიოში რომაული ბანაკი ვერ მოეწყო

გონიოს ციხეში რომაული ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახელშეკრულებო თანხა – 93 990 ლარი წინასწარ, ავანსად გადაურიცხა, თუმცა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. სააგენტომ „ჭედა 2012“-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, 18 407 ლარით დააჯარიმა და დაწყებული სამუშაოების დასრულების მიზნით ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 31 ათასი ლარია.

შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ჭედა 2012“-მა 62 391 ლარის სამუშაო შეასრულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავანსად გადარიცხულ თანხას და შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა – 31 599 ლარი სააგენტომ საგარანტიოთი უკან დაიბრუნა. „ასე, რომ ეს თანხა ბიუჯეტს არ უზარალია. ამასთან კომპანია დავაჯარიმეთ და შევიყვანეთ შავ სიაში“, – გვითრა გოჩა კახიძემ, სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა.

რატომ გახდა აუცილებელი კომპანიისთვის სახელშეკრულებო თანხის სრულად გადახდა ავანსად? – გოჩა კახიძე ამბობს, რომ ეს იყო 2018 წლის დაფინანსება, თანხა გამოყოფილი იყო ამავე წლის ბიუჯეტიდან და 2019 წელში რომ გადმოსულიყო, გამოდიოდა მრავალწლიანი შესყიდვა: „ამიტომ, თანხა გადაერიცხა კომპანიას ავანსად და შემდგომში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით, გამოაკლდებოდა მიღება-ჩაბარების დროს“.

რაც შეეხება ჯარიმას. სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რათა დაავალდებულონ კომპანია, გადაიხადოს ჯარიმის თანხა. სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

რომაული ბანაკის მოწყობა გონიოს ციხეში, ხელშეკრულებით, 2019 წლის 15 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა და საბოლოო თარიღად პირველი ივნისი განისაზღვრა, თუმცა ხელშეკრულება კომპანიას მაისში სააგენტომ ცალმხრივად შეუწყვიტა და დააჯარიმა.

კომპანია „ჭედა 2012“ გარდა ამ ტენდერის არაჯეროვანი შესრულებისა, კიდევ ორი [ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული] ტენდერის გამოა შეყვანილი შავ სიაში [2019 წლის 30 მაისს და 11 ივლისს] – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და  ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა კომპანია „ჭედა 2012“-ის დირექტორს, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რომაული ბანაკის მოწყობა ამჯერად, სამუშაოების დასრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა დამთავრდეს. ამ ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 31 ივლისს დასრულდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: