მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველი ვალდებულია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, ასევე, კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს დებატებში, რომელიც გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.
ჯერ უცნობია, ვინ აირჩევს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს, ძველი, ჯერ კიდევ მოქმედი მრჩეველთა საბჭო, თუ ახალი წევრებით დაკომპლექტებული საბჭო. დირექტორი ამჟამად მოქმედ მრჩეველთა საბჭოს უნდა აერჩია, თუმცა კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე კონკურსი კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა, რადგან დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი კოხრეიძემ სასამართლოს მიმართა. იგი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის დირექტორი თვითონაა, რადგან ხუთწევრიანი ბორდიდან, 22 აგვისტოს სხდომაზე, ორის მხარდაჭერა თავად მიიღო. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში უკვე გაგზავნილია.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს თხოვნით, ყურადღებით ადევნონ თვალი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.
„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად 30 სექტემბერს ბათუმში აქცია გაიმართა, რომელშიც მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.