მთავარი,სიახლეები

გურიის დაცულ ტერიტორიებში ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე არეალიც მოხვდება

16.10.2019 • 4003
გურიის დაცულ ტერიტორიებში ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე არეალიც მოხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების შექმნას გეგმავს, თუმცა ამისათვის ჯერ შესაბამისი კვლევებია საჭირო, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით ჩატარდება.

გურიაში რა ტერიტორიას შეიძლება მიანიჭონ დაცული ტერიტორიის სტატუსი? – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თომა დეკანოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ განიხილება აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთი ნაწილი, მათ შორის კურორტების – ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე ტერიტორიებიც.

„მოგეხსენებათ, აჭარა-იმერეთის ქედი არის მცირე კავკასიონის ნაწილი. აღმოსავლეთ ნაწილში, ჩოხატაურის მხრიდან, არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, დასავლეთის მხარეს კი, აჭარის მხრიდან – კინტრიშისა და მტირალას ეროვნული პარკები.

ეს ქედი, და მათ შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაწილი, არის ეკოლოგიური დერეფანი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის. ესაა კეთილშობილი ირმის, დათვის, არჩვის საბინადრო არეალი და სამიგრაციო დერეფანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ვფიქრობთ, ამ ტერიტორიას აქვს პოტენციალი, დააკმაყოფილოს დაცული ტერიტორიების კრიტერიუმები, თუმცა წინასწარ, კვლევების გარეშე, არ შეგვიძლია ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს ეროვნული პარკი, აღკვეთილის ტერიტორია თუ სხვა. ეს გახდება ცნობილი კვლევების შემდეგ, რომელსაც ვგეგმავთ ბუნების მსოფლიო დაცვის ფონდთან ერთად.

რა თქმა უნდა, უშუალოდ ბახმარო ვერ მოექცევა ამ ზონაში, რადგან დასახლებული პუნქტი ვერ ხვდება დაცულ ტერიტორიებში, გარდა დაცული ლანდშაფტისა, ეს სამართლებრივად არ არის შესაძლებელი. მაგრამ ბახმაროს, სოფელ ჩხაკაურას და გომის მთის ტერიტორიები, მდინარეების: სუფსისა და გუბაზეულის სათავეები, ხეობების ნაწილი შეიძლება მოხვდეს,“ – ამბობს თომა დეკანოიძე.

შედრეკილი. ბახმაროსთან ახლოს მდებარე მემთეურების სოფელი

კვლევები გურიაში წელს დაიწყება და 2020 წელშიც გაგრძელდება. სპეციალისტები შეისწავლიან ბიომრავალფეროვნებას და აღნიშნულ ტერიტორიასთან დასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებას ამ ინიციატივის მიმართ.

„დაგეგმვის პროცესი არ არის მარტივი. უნდა მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის შესწავლაც, რა საქმიანობებია, ხელს ხომ არ შეუშლის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს დაცული ტერიტორიები, რადგან, დაცულ ტერიტორიებზე გარკვეული შეზღუდვებია რესურსების გამოყენების კუთხით. აუცილებელია მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი მხარდაჭერა, რადგან მოსახლეობა, რომელიც დაცული ტერიტორიების გარშემო ცხოვრობს, დამოკიდებულია ამ ტერიტორიების რესურსებზე,“ – ამბობს თომა დეკანოიძე.

ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე ტერიტორიებზე ზაფხულში მოსახლეობა პირუტყვს აძოვებს. ეს ადგილები, ტრადიციულად, ყოველ წელს მემთეურების საცხოვრებელი ადგილია რამდენიმე თვით. აიკრძალება თუ არა საძოვრები? თომა დეკანოიძე ამბობს, რომ – არა.

„საძოვრების პრობლემა არ შეიქმნება, აქ საუბარი არ არის ტრადიციულ გამოყენებაზე. დაცული ტერიტორიების კატეგორიები, თუნდაც ეროვნული პარკი, აღკვეთილი ან დაცული ლანდშაფტი არ ზღუდავს ყველაფერს. ის ფასეულობა, რაც ამ ტერიტორიას აქვს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მხარისთვის. საძოვრებით სარგებლობა, წყლის რესურსებით სარგებლობა, ზოგადად, განახლებადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ლიმიტირებულად შესაძლებელი იქნება და მოსახლეობას ეს არ შეეზღუდება“.

გომის მთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო

თომა დეკანოიძის თქმით, დაცული ტერიტორია გურიის რეგიონს ახალ მნიშვნელობას შესძენს:

„დაცული ტერიტორიების არსებობა რეგიონში, ეს არის ბრენდი, ამ ტერიტორიის მიზიდულობა იზრდება. ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ეს ნიშნავს, რომ არსებობს ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა ცენტრი, სადაც იგი შეძლებს ინფორმაციის მიღებას და ა.შ.“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება, 1 დაბა და 23 სოფელია. მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია.

______________

მთავარ ფოტოზე: ბახმაროს მიმდებარე ტერიტორია. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: