ბათუმი,მთავარი,სიახლეები

81 კილომეტრი სუფთა ტუალეტის გარეშე – ტურისტების პრობლემა აჭარაში

17.10.2019 • 1466
81 კილომეტრი სუფთა ტუალეტის გარეშე – ტურისტების პრობლემა აჭარაში

ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის ბათუმი და მთელი აჭარის  რეგიონი მეორე ადგილზეა უცხოელ ტურისტებში. მსგავსად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც მილიონობით ლარს ხარჯავს ბათუმისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაზე.

დეპარტამენტის ბოლო წლების სტრატეგია ტურისტების მთიანი აჭარით დაინტერესებაა.

ბათუმიდან დაბა ხულომდე 81 კმ-ია. გზის არც ერთ მონაკვეთზე არ არის მოწესრიგებული საპირფარეშო – არც კერძო და არც მუნიციპალური, სადაც დაცული იქნება ჰიგიენის მინიმალური სტანდარტები. დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე 30 კმ-იანი საავტომობილო გზაა, რომლის გავლასაც მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ორ საათზე მეტი სჭირდება. მართალია, გზაზე საზოგადოებრივი საპირფარეშო არის, მაგრამ იმდენად მოუწესრიგებელია, გიდებს გამოუვალი სიტუაციის გარდა, არასდროს შეჰყავთ იქ ტურისტები. ერთადერთი საპირფარეშო, სადაც ჰიგიენის ნორმები დაცულია, დაბა ხულოს ცენტრშია.

„ქალაქში მაინც უფრო ადვილია, კაფე-რესტორნების იმედად ვართ, ქალაქიდან თუ გახვედი, დაღუპული ხარ. ვმასპინძლობ ხოლმე ასაკოვან ტურისტებს, რომლებსაც ძალიან ხშირად სჭირდებათ საპირფარეშოში შესვლა და პრობლემებიც აქ იწყება. განსაკუთრებით როცა ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიხარ ან რეგიონიდან რეგიონში. გზაზე უნდა გაჩერდე აუცილებლად ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც უმრავლეს შემთხვევაში ერთი კაბინაა და 40-კაციანი ჯგუფი რომ მიგყავს, ბევრი დრო იკარგება.

გზებზე რა ტუალეტებიც არის, იქ ისეთი საშინელი სუნი დგას, არასოდეს არ ვსარგებლობ, ტურისტები მარტო მაშინ შედიან, როცა უბრალოდ სხვა გზა და გამოსავალი არაა,“ – ამბობს სალომე გორგილაძე, გიდი ბათუმიდან.

„რთული მოსავლელია,“ – ამბობს ხულოს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე და აგრძელებს – „ჯობია, რომ კერძო სტრუქტურები დავავალდებულოთ. ვინც გახსნის ბენზინგასამართ სადგურს, მარკეტს და რესტორანს, მოემსახურონ ტურისტებსაც და მოსახლეობასაც“.

ზაზა აბულაძის თქმით, მას შემდეგ, რაც იჯარით გასცეს დაბა ხულოში მუნიციპალური საპირფარეშო, მეიჯარემ შენობა გაარემონტა და შშმ პირთათვის ადაპტირებული გახადა, კურორტ გოდერძისკენ მიმავალ გზაზე მდებარე საპირფარეშოები კი ისევ მუნიციპალური საკუთრებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხულოს მერია მათ მოვლა პატრონობაში ფულს იხდის, ტუალეტები მოუწესრიგებელია.

მწვანე ტბაზე, რომელიც ზემო აჭარის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა და ყოველწლიურად ასობით ტურისტი სტუმრობს, ბოლო დრომდე საპირფარეშო არ ყოფილა.  როგორც ზაზა აბულაძე ამბობს, ამჟამად მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტუალეტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო აკეთებს.

რაც შეეხება ბათუმს, რომელიც ტურისტულად მზარდი ქალაქის რიცხვში შედის, ბულვარში მდებარე საპირფარეშოების გარდა, უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე 3 მუნიციპალური საპირფარეშოა, ერთი – ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, მეორე – შინდისის სკვერში, მესამე კი – ზუბალაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩაზე ახალაშენებულ სკვერში. მერიაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით სხვა საპირფარეშოების მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ვკითხეთ, მისცა თუ არა რეკომენდაციები საპირფარეშოების მოსაწყობად აჭარის მუნიციპალიტეტებს, როდის და რა ფორმით.

„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პერიოდულად ამზადებენ ტურისტულ სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტებისთვის, მათ შორის საპირფარეშოებთან დაკავშირებითაც.

აღნიშნული რეკომენდაციები ზეპირი ფორმითაც მიეწოდება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, როდესაც იმართება სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრები ტურიზმის სექტორთან. მუნიციპალიტეტების მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტულ ადგილებში, კერძოდ უკვე მოეწყო საპირფარეშოები ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე, მირვეთში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე,“ – მოგვწერეს პასუხად დეპარტამენტიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: