პოლიცია: დავაკავეთ პირი რომელმაც ყოფილ მეუღლეს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს.
სამინიტროს განმარტებით ი.დ. ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს პოზიცია ქობულეთის შემოვლით გზაზე ადამიანების დაღუპვის შემდეგ

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე სულ 28 ნომრის ამომცნობი კამერა არის განთავსებული. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე 16 სიჩქარის კონტროლის სექცია ფუნქციონირებს, ნებადართული საშუალო სიჩქარე 90 კმ-ია საათში,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ უწყებას მას შემდეგ მივმართეთ, რაც 9 ოქტომბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემოვლით გზაზე ბოლო 15 თვის განმავლობაში, ავარიის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი, დაშავდა – 23.

გეგმავს თუ არა რაიმეს შეცვლას შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაძლებელია თუ არა ქუთაისის მსგავსად ქობულეთის შემოვლითი გზაც ცალმხრივი გახდეს? – ამ კითხვებით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საიდანაც წერილობითი პასუხი მივიღეთ. როგორც ჩანს, სამინისტრო ამ ეტაპზე არაფრის შეცვლას აპირებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად აღრიცხავს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ინფორმაციას და ყოველთვიურად ხდება ავარიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიებზე ქვეყნის მასშტაბით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ პერიოდულად, კვარტალში ერთხელ ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის და საჭიროების შემთხვევაში ისახება შესაბამისი ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება არსებული მონაცემების ანალიზის წარმოება და შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების გატარება, მათ შორისაა, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გაუმჯობესება და ინსტალაცია კონკრეტულ პრობლემურ მონაკვეთებზე,

ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწყობილია ყველა შესაბამისი საგზაო ნიშნები და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

ამ თემაზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

მოსწავლეები, რომელთაც საგნობრივ ოლიმპიადასა და ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ აჭარის საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. გამოვლინდნენ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულებიც.

საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვები ლეპტოპებით დააჯილდოვეს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულებს პლანშეტები გადასცეს.

საჩუქრების შეძენაზე 59 190 ლარი დაიხარჯა.

ლიტერატურულ მარათონში პირველი ადგილი ოთხმა მოსწავლემ აიღო. ეს მოსწავლეები არიან:

  • ანა კეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  • თამარ წითელაძე, კირნათის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  • ცოტნე ქართველიშვილი, ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
  • ნატო ქარცივაძე, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

საგნობრივ ოლიმპიადაში პირველი ადგილის მფლობელები არიან:

[checklist]

  • მია მარიამ ჟღენტი, ინგლისურ ენაში. კერძო სკოლა „ნიკე“, ბათუმი
  • ნია ღლონტი, მათემატიკაში. მე-10 საჯარო სკოლა, ბათუმი
  • ერეკლე ბაგრატიონი, ქიმიაში, მე-6 საჯარო სკოლა ბათუმი
  • [checklist]
  • მარიამ ქობულაძე, სახვით ხელოვნებაში, სკოლა „ევრო 2000“. ბათუმი.
  • მარიამ ქობულაძე, სახვითი ხელოვნება, სკოლა „გორდა“. ბათუმი.

[/checklist]

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ოლიმპიადაში მე-2 საჯარო სკოლის  დაწყებითი საფეხურის ხუთმა მოსწავლემ აიღო პირველი ადგილი.  გამარჯვებული მოსწავლეები არიან:

  •  მარიამ ჭყონია
  • ელენე ჩავლეიშვილი
  • ელენე ბოლქვაძე
  • სალომე სირაბიძე
  • ელენე ჭაღალიძე

ამავე საგანში პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ საბაზო საფეხურის შემდეგი მოსწავლეები მე-3 საჯარო სკოლიდან:

  • ბარბარე ანთიძე
  • ნინო ზაქარაძე
  • ანა ანთიძე
  • კესო კიკაბიძე

დაწყებითი საფეხურის მათემატიკის ოლიმპიადაში პირველი ადგილი მე-6 საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ აიღო. ეს მოსწავლეები არიან:

[checklist]

  •  ნიკა დარსალია
  • შალვა ავალიანი
  • ირაკლი ივანაძე
  • ალექსანდრე ქველაძე
  • ნატალი აბულაძე

[/checklist]

ამავე საგანში საბაზო საფეხურის მოსწავლეებიდან პირველი ადგილი ისევ მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. ესენი არიან:

  • გიორგი ვარშალომიძე
  • ლუკა პაიჭაძე
  • დავით ბოჭორიშვილი
  • დავით ქველაძე
  • ერეკლე ბაგრატიონი

ისტორიასა და სამოქალაქო განათლების საგნობრივ ოლიმპიადაში კი პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლეები ხიჭაურის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლეები გახდნენ:

[checklist]

  • ნონა ბოლქვაძე
  • საბა დავითაძე
  • რატი ქამადაძე
  • მილენა გოგრაჭაძე
  • გიგა მოსიძე

[/checklist]

მოსამართლე შეისწავლის, რამდენად შეეძლო ლაშა კომახიძეს ერთპიროვნული თანხმობა გაეცა – ერმაკოვის საქმე

„რამდენად იყო უფლებამოსილი თვითმმართველი ქალაქის მერი, ერთპიროვნულად გაეცა ასეთი თანხმობა?“ – იკითხა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და იქვე თქვა, რომ ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება.

დღეს, 11 ოქტომბერს გართულ სხდომაზე ბრალდებულებმა ბათუმის მოქმედ მერთან, ლაშა კომახიძესთან მიღწეული წერილობითი თანხმობა წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები 400 ათას ლარს გადაიხდიან, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში.

მოსამართლე დავით მამისეიშვილს სხვა კითხვებიც აქვს: ეს თანხმობა მართლაც წარმოშობს თუ არა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და რამდენად შესაძლოა იგი ახალ გარემოებად ჩაითვალოს.

„მე არ ვარ სამოქალაქო საქმეების განმხილველი მოსამართლე და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება,“ – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი მომავალი კვირის სამშაბათს, 15 ოქტომბერს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე აპირებს გადაწყვიტოს: ათავისუფლებს თუ არა პატიმრობიდან ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს და მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს – არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს.

სხდომის დასაწყისში ადვოკატებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს წინა პროცესზე ნათქვამი სიტყვები გაახსენეს, როცა „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ 4 ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გია ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომიძე კი პატიმრობაში დატოვეს.

“წინა პროცესზე თქვენ თქვით, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოება იქნება შეთანხმება მერიასთან. ჩვენ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას ზიანის ანაზღაურებაზე…,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ფული, რაზეც ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე ისაუბრეს, უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი.

“ეს არ არის ჩვენს მიერ შეძენილი ქონება. ეს არის ჩვენი ბაბუების და მშობლების მიერ შეძენილი ქონება,” – თქვა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გია ერმაკოვმა, როცა ადვოკატებმა სიტყვებით გამოსვლა დაასრულეს.

ადვოკატებს მიმართა პროკურორმა რამაზ შავაძემ:

“თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის თეთრსაყელოიანი დანაშაული, დანაშაული დანაშაულია… მე ეს მასალები გადმომეცა 15 წუთის წინ და შემდეგ პროცესზე ვიტყვი ჩემს პოზიციას,” – აღნიშნა პროკურორმა.

“ეს არის ჩასაკითხი მაქსიმუმ 20 წუთში… წარმოდგენილია ოფიციალური დოკუმენტები, აქ ფილოსოფიაზე არაა საუბარი,” – უპასუხა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

მოსამართლეს ადვოკატმა ლევან მახარაშვილმაც გაახსენა წინა პროცესზე გაჟღებული “ზიანის ანაზღაურება” მერიასთან.

“მე არ შევიქმნი უხერხულობას ჩემი სიტყვების გამო…” – შეაწყვეტინა ერმაკოვის ადვოკატს მოსამართლემ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლას შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობა სჭირდება და ამას დღევანდელ პროცესზე ვერ მოასწრებს.

“გია ერმაკოვი ვერ იქნება გამონაკლისი,” – დასძინა მოსამართლემ.

დავის საგანი “იაფი სახლის” პროექტია. პროკურატურის ვერსიით, გაიფლანგა 1 მილიონ 370 ათასი ლარი. ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ბათუმის მერიას აქვს.

დაზარალებული, ანუ ბათუმის მერია ბათუმის ყოფილი მერის და კიდევ ორი მაღაჩინოსნის გირაოთი გათავისუფლებას 7 ოქტომბერს დასთანხმდა.

ლაშა კომახიძემ წერილი მოსამართლეს წინა სხდომაზეც მისწერა. მაშინ ზიანის ანაზღაურებაზე მზადყოფნას არავინ გამოხატავდა, თუმცა მერი თანახმა იყო შვიდივე ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაეშვათ.

დღევანდელ პროცესზე შპს “აჭარკავშირის” ხელმძღვანელს – გია კახიანს მოუსმინეს. ამ კომპანიამ მოამზადა “იაფი სახლის” პროექტის ხარჯთააღრიცხვა.

 

 

 

ფრიდონ ხალვაშის და ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები განსახლებას ითხოვენ

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა 14-მა ოჯახმა. ისინი ბათუმის შემოვლითი გზის (ავტობანის) მიმდებარედ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, მათი საცხოვრებელი გარემო გაუარესდა და მოსახლეობა ჩიხში მოექცა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარიკო მორთულაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალი გზა ფაქტობრივად საცხოვრებელი სახლების ზემოდან გადის, რაც მათ საფრთხეს უქმნის.

„ავტობანი არის ძალიან ახლოს, გზა ჩაიხერგა და ცენტრალურ მაგისტრალზე რომ გავიდეთ, შემოვლითი გზით უნდა ვიაროთ. სახლები მოექცა ჩიხში. ჩვენ თავიდანვე ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ გავესახლებინეთ ამ ტერიტორიიდან, მაგრამ კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს. დგება წყალი, დაჭაობდა ტერიტორია და ცხოვრება შეუძლებელი იქნება“ – გვეუბნება ის.

აქციის სხვა მონაწილეების თქმით, მათ თავის დროზე განსახლებას და კომპენსაციას დაპირდნენ, თუმცა დღეს ხელისუფლების პოზიცია მათთვის გაუგებარია.

ბათუმის შემოვლითი მშენებარე გზა და დასახლებული პუნქტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრები ოჯახები განსახლებას არ ექვემდებარებიან.

„გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი განსახლების სამოქმედო გეგმაზე და მოიგო კომპეტენტურმა კომპანიამ, რომელმაც შეადგინა განსახლების სამოქმედო გეგმა და მასში ასახულია ის მიწის ნაკვეთები, რომელიც არის უშუალოდ პროექტის შემოქმედების ქვეშ, ანუ გზის განთავსების ზოლში.

შესაბამისად, ეს მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული სახლები ამ ეტაპზე არ არიან განსახლების გეგმაში ასახული, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი სამომავლოდ რაიმე სახის ზემოქმედებას ექნება ადგილი, არ იქნება შესაბამისი ღონისძიება გატარებული. ჩვენ გვქონდა ამ მოსახლეობასთან კომუნიკაცია რამდენჯერმე, ავუხსენით ვითარება, რომ ამ ეტაპზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას განსახლების საკითხი დავძრათ, რადგან არც აქტიური სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს და არც არანაირი ზემოქმედება არ არის“ – გვეუბნება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, მიშა უჯმაჯურიძე.

მისი თქმით, ზედამხედველმა კომპანიამ, რისკის ქვეშ მყოფ თითოეულ სახლთან განათავსა შესაბამისი ნიშნულები და მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი სახლებზე. „ჯერჯერობით, ბზარიც კი არ დაფიქსირებულა“ – ამბობს უჯმაჯურიძე.

რაც შეეხება სახლების იზოლაციას და დატბორვას, უჯმაჯურიძე ამბობს, რომ კომპანიამ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა გააკეთა.

„როგორც ვიცი მოსახლეობას მოუგვარდა წყალგაყვანილობის და შუქის პრობლემა და  ტერიტორია რომ არ დაიტბოროს, იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება. აქ არის ორი საამქრო, ხის და ბეტონის, საიდანაც მტვერი უქმნის პრობლემას მოსახლეობას და ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედებას ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს“ – გვეუბნება მიშა უჯმაჯურიძე.

 

ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელსა და ნივთებს ბავშვებისა და უფროსებისთვის

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და “ბათუმელების” ორგანიზებით გრძელდება ნივთების შეგროვება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს საჭიროება განსაკუთრებით იკვეთება, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამო ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, დროულად შეიძინოს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად სკოლაში, ბაღში დადიან და განსაკუთრებით ესაჭიროებათ გამძლე და ხარისხიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

წინა აქციის ფარგლებში მივიღეთ უამრავი შეტყობინება, სადაც ადამიანები გვწერენ, რომ ბავშვები ხდებიან ბულინგის ობიექტები ძველი და დახეული ტანსაცმლის ტარების გამო, ამიტომაც ისინი თავს არიდებენ ბაღსა და სკოლაში სიარულს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ?

ბევრი ჩვენგანის სახლში გარდერობებს საკმაოდ დიდი სივრცე უკავია. ხშირად ვყიდულობთ ლამაზ კაბებს, ფეხსაცმელს, პიჯაკებს, რომლებსაც მხოლოდ ერთხელ ვიცვამთ. კი, ძალიან გვიყვარს, მაგრამ მაინც უსაქმოდ ჰკიდია კარადაში და კაცმა არ იცის, როდის გამოვიყენებთ.

ბავშვები კი სწრაფად იზრდებიან და ზოგიერთი ტანსაცმლის ჩაცმასაც ვერ ასწრებენ, ისე უპატარავდებათ.

მეორე მხარეს არიან ამ ყველაფერს მოკლებული ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა ელემენტარული პირობების შესაქმნელად.

უმეტეს მათგანს არ აქვს საშუალება, ფული ტანსაცმლის საყიდლად დახარჯოს. ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ მათ ჩვენი საყვარელი ნივთები, იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები თუ სხვა საყოფაცხოვრებო, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნივთები.

ვფიქრობთ, რომ არავის აქვს გარანტირებული სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გაზიარებითა და ზრუნვით გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს.

ნივთები, რომლებსაც შეაგროვებთ ქველმოქმედებისთვის, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #48-ში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და „ბათუმელების“ ოფისში.

მოგვწერეთ „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე  ან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ფეისბუქგვერდზე

 

მთავრობა სასწრაფო დახმარების 20 ავტომანქანას და 25 რეანომობილს იყიდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო ბაზრის კვლევა, ფასებისა და ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით. შეთავაზებებს სააგენტო 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერ[ებ]ს.

იგეგმება 20 ერთეული სამედიცინო დანიშნულების [სასწრაფო სამედიცინო დახმარების] ავტომანქანისა და 25 ერთეული ე.წ. „რეანომობილის“ შესყიდვა.

სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების საგარანტიო პერიოდი უნდა გავრცელდეს 3 წელზე ან 200 000 კმ. გარბენზე [რომელიც უფრო ადრე დადგება].

„პრეტენდენტმა სატენდერო პროექტით განსაზღვრული თანმდევი საგარანტიო [გეგმიური] მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ექვს ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი ან ფოთი და ახალციხე, ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში [არაგეგმიური] მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს თბილისში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები განსაზღვრულ ლოკაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ბაზრის კვლევის განაცხადში.

სააგენტო პრეტენდენტებისგან ელოდება მოსაზრებებს ავტომანქანების მიწოდების ვადების შესახებაც. ასევე მათ მოსაზრებებს ტენდერების ლოტებად დაყოფის ან/და გაერთიანების შესახებ „მაგალითად, თუ გავაერთიანებთ 25-ვე რეანომობილს, შეუქმნის თუ არა ეს რომელიმე მიმწოდებელს პრობლემას, რომელსაც შეუძლია ცალკე ლოტის პირობების დაკმაყოფილება, მაგრამ გაერთიანების შემთხვევაში ვეღარ შეძლებს და.ა.შ.“

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე – პეტიიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს  

„კარფურში“ შეძენილი სულგუნი რძის ფხვნილისგან იყო დამზადებული – momxmarebeli.ge

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ვებგვერდის, momxmarebeli.ge-ის ცნობით, ორგანიზაციამ მოქალაქის მიმართვის საფუძველზე „კარფურში“ შეძენილი სულგუნი ლაბორატორიულად გადაამოწმა.

„2019 წლის 25 სექტემბერს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომელშიც ეჭვს გამოთქვამდა, რომ თბილისში, ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისაგან იყო დამზადებული.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ ი.მ. „ნოდარ ლაზარეშვილის“ მიერ დამზადებული „სულგუნი“ (გამოშვების თარიღი 23.09.19, ვარგისიანობის ვადა 08.10.19) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისაგან დასაშვებია. გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული.

გარდა ამისა, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი,“ – აღნიშნულია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ერმაკოვი შესაძლოა პატიმრობიდან გაათავისუფლონ

ბათუმის ყოფილი მერი – გია ერმაკოვი შესაძლოა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ, ასევე, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები – არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომიძე.

“წარმოვადგინეთ მერიასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება ზიანი,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

გია ერმაკოვის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, მერიასთან ამ შეთანხმებას 7 ოქტომბერს მიაღწიეს.

მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა. მერიასთან მიღწეული შეთანხმებით კი, გია ერმაკოვს და არჩილ ვანაძეს 400-400 ათასი ლარის უძრავ ქონებაზე შეუძლიათ ყადაღის დადება.

“გარდა ამისა, მზად ვართ თითოეული ბრალდებულის გირაოს უზრუნველსაყოფად ჩავდოთ 100-100 ათასი ლარი,” – დასძენს ადვოკატი.

თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე გია ერმაკოვის სასამართლო პროცესზე. ამ საქმეზე ორივე მათგანი ბრალდებულია, თუმცა ისინი სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა
ბაგრატ მანველიძე გია ერმაკოვის სასამართლო პროცესზე. ამ საქმეზე ბაგრატ მანველიძეც ბრალდებულია, თუმცა ის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ბათუმის მერიის ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე. ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან: ბათუმის ყოფილი მერი – გია ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე – არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი – ეგარსლან ლომიძე. პატიმრობაში ის ბრალდებულები დარჩნენ, რომლებსაც პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გარდა, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან.

მოსამართლემ წინა სხდომაზე პატიმრობაში დარჩენილ პირებს მიმართა, რომ მათ ზიანის ანაზღაურებაზე მერიას უნდა შეუთანხმდნენ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი სასამართლო დარბაზში ჯერ არ შემოსულა.

ჟორჟ სიმენონის ბათუმზე დაწერილი ნოველის თარგმნა და ფოტოგამოფენა – რას გეგმავს დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2020 წელს ბათუმში ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ბათუმზე დაწერილი ნოველის – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ ქართულად თარგმნა იგეგმება.

ამის შესახებ დღეს, 11 ოქტომბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ცნობილი მწერლის შვილ ჯონ სიმენონთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

დეპარტამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრისას სიმენონის ბათუმში  ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და ბელგიელი მწერლის ბათუმში მოგზაურობის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებები დაგეგმეს. მათ შორის საუბარია ბათუმში ჟორჟ სიმენონის ტურისტული მარშრუტის შექმნაზე, მწერლის მიერ საუკუნის წინ ბათუმში გადაღებული უცნობი ფოტოების გადმოცემასა და ფოტოგამოფენის მოწყობაზე, მის მიერ ბათუმში დაწერილი სტატიებისა და ნოველის ქართულად თარგმნასა და გამოქვეყნებაზე, ასევე მუზეუმში ჟორჟ სიმენონის კუთხის მოწყობასა და კონფერენციის ჩატარებაზე.

ბელგიელი მწერლის შვილი ჯონ სიმენონი, რომელიც  ჟორჟ სიმენონის ფონდის ხელმძღვანელია, ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება. ჯონ სიმენონმა ბათუმში ის ადგილები მოინახულა, რომლებიც ბათუმზე დაწერილ ნოველაშია აღწერილი. ის, ასევე, გაეცნო იმ საარქვიო მასალებს, სტატიებს, რომლებიც ჟორჟ სიმენონის ბათუმში მოგზაურობას ასახავს.

ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მან საბჭოთა კავშირში იმოგზაურა შავი ზღვის ირგვლივ, რვა დღე დაჰყო ოდესაში და 1933 წლის პირველი ნახევრის უკრაინაში მასობრივი შიმშილობის მომსწრეც გახდა. უკრაინიდან სიმენონი ბათუმში ჩამოვიდა და აქედან სტამბოლში გაემგზავრა.

____________

ფოტოზე: ჯონ სიმენონი ბათუმში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

დაღუპულია 1 თურქი სამხედრო და 342 მოწინააღმდეგე – სამხედრო ოპერაცია სირიაში

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია გრძელდება. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარის განცხადებით, უკვე „342 ტერორისტია განეიტრალებული“. „ოპერაცია გრძელდება  წარმატებით, როგორც  იყო  დაგეგმილი,“ – აცხადებს აქარი.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მათი სამიზნე მხოლოდ „ტერორისტები, მათი თავშესაფრები, პოზიციები, საბრძოლო მასალები და მოწყობილობებია“.

„ჩვენ ვცდილობთ, ზიანი არ მივაყენოთ ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ ადგილებს. სამოქალაქო, უდანაშაულო ადამიანების საცხოვრებლებს, ასევე, მეგობარი, მოკავშირე ქვეყნების ნაწილებს, რომელიც შეიძლება იყოს წარმოდგენილი რეგიონში,“ – ჰულუსი აქარის ამ კომენტარს თურქული პროსამთავრობო გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ავრცელებს ინფორმაციას სამხედრო  ოპერაციის დროს დაღუპული 1 თურქი ჯარისკაცის შესახებ.

„ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია PKK/PYD-ს წევრებთან შეტაკების დროს ერთი სამხედრო დაიღუპა,“ – წერს TRT თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

თურქეთმა სამხედრო  ოპერაცია „მშვიდობის  გაზაფხული“ ჩრდილოეთ სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით 9 ოქტომბერს დაიწყო.

„თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია YPG/ PKK-ს წინააღმდეგ, თურქეთის სასაზღვრო პოზიციებთან მათ კონტაქტს შეწყვეტს და ამით მოიხსნება პოტენციური საფრთხე,“ – ასე ხსნის თურქეთი სამხედრო ოპერაციის – „მშვიდობის გაზაფხულის“ დაწყებას ჩრდილოეთ სირიაში.

ამავე თემაზე: რისთვის  იბრძვიან ჩრდილოეთ სირიაში

             ვინ არიან ქურთები?

მთავარი ფოტო: თურქული მედია

აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს უმაღლესი საბჭო ხარჯავს – გამჭვირვალობის კვლევა

საჯარო უწყებებიდან აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს აჭარის უმაღლესი საბჭო ხარჯავს. 2018 წელს ამ უწყებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გაწეული აქტივობებისთვის და ამ მიმართულებით 11 დასაქმებულის გასამრჯელოსთვის ჯამში 218 391 დახარჯა. 2017 წელს ამავე უწყებამ პიარში 191 247 ლარი დახარჯა.  დეტალურ ინფორმაციას უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ [TI] აქვეყნებს.

TI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გაზრდილია ხარჯები პიარის მიმართულებით. 194 საჯარო უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 4 პროცენტით გაიზარდა პიარის მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა. გასულ წელს ხელისუფლების პიარზე სულ 1037 ადამიანი მუშაობდა. ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები კი 20 მილიონ 047 ათას 896 ლარამდე გაიზარდა. ეს დაახლოებით ორი მილიონით მეტია 2017 წელთან შედარებით.

რაც შეეხება აჭარას – უმაღლესი საბჭოს შემდეგ მეორე ადგილს აჭარის მთავრობის აპარატი იკავებს. ამ უწყებაში 2018 წელს პიარზე 152 280 ლარი დახარჯეს [2017 წელს – 152 700].

აჭარის სამინისტროებს შორის პიარზე ყველაზე მეტს აჭარის განათლების სამინისტრო ხარჯავს – 59 998 ლარი [2017 წელს – 58 285]; ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 28 750 ლარი [2017 წელს – 20 381], ჯანდაცვის სამინისტრო – 16 758 ლარი [15 435], სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 21 060 ლარი [20 891].

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კი, პიარზე 153 558 ლარი დახარჯა [2017 წელს – 115 582].

შენიშვნა: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის თანამშრომლები, გარდა ერთისა, მუშაობენ აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის და არა ტურიზმის დეპარტამენტის, როგორც უწყების პიარზე.

მაჭახლის ეთნოსოფლის ვიზიტორთა ცენტრი და ახალი შენობები ჩხუტუნეთში – კონკურსი პროექტზე

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში დაგეგმილია მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა, ხოლო სოფელ ზედა ჩხუტუნეთში – სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. ზედა ჩხუტუნეთში არსებული „კულტურის სახლი“ დაიშლება და ახალი, თანამედროვე საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ობიექტი აშენდება; დაიშლება სოფლის ცენტრში განთავსებული შენობებიც და ახალი სავაჭრო-მომსახურების ობიექტები აშენდება. სამუშაოები მაჭახლის ეთნოსოფლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება.

სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის, ასევე, ზედა ჩხუტუნეთის კულტურის სახლისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 110 100 ლარია.

არაუგვიანეს 2020 წლის 24 თებერვლისა, კონკურსში გამარჯვებულმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს არქიტექტურული პროექტი შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ელექტრონულ კონკურსში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 23 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა მაჭახელის ხეობის ეთნოსოფლის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია, წინასაპროექტო კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული ხედვის ნაწილები. ხედვის მიზანია მაჭახლის სოფლების და მთლიანად რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და სწორედ ამ მიზნით დოკუმენტის დონეზე შემუშავდა კონკრეტული ობიექტების, ადგილებისა და კომპლექსების განვითარების ესკიზური პროექტები. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის არქიტექტურული იერსახის ადგილმდებარეობასთან შესაბამისობა, მაჭახელის ხეობის კულტურული ლანდშაფტის, ბუნებრივი გარემოს და ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურის ხასიათის დაცვა, მისი ხაზგასმით… კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობის გაწევა უზრუნველყოს დამატებითი ანაზღაურების გარეშე“, – აღნიშნულია კონკურსის ტექნიკურ დავალებაში.

 

ჩხუტუნეთის სოფლის ცენტრის საერთო ხედი / არსებული სიტუაცია და ესკიზი / „სოფელ ჩხუტუნეთის ცენტრში არსებული ამორტიზებული ერთსართულიანი საზოგადოებრივი ობიექტების ნაცვლად, მიზანშეწონილია კონკურსანტმა დააპროექტოს მაქსიმუმ ორსართულიანი საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტები. ჩხუტუნეთის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი გულისხმობს მოედნის საფეხმავლო და საავტომობილო ნაწილების გამიჯვნას, კომერციული მომსახურების არსებული შენობების დემონტაჟისა და ახალი სავაჭრო-მომსახურების შესაბამისი იერსახის ობიექტების მშენებლობას,
მოედნის სხვა ელემენტების მაგ. ავტოსადგომის, გაჩერების და სხვა წარმოქმნას“ – ამონარიდი  საკონკურსო დავალებიდან.

 

არსებული კულტურის სახლის შენობა [ზემოთ] და რეკონსტრუქციის ვარიანტები [ქვემოთ] – ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან
მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის [საინფორმაციო] ვიზიტორთა ცენტრი სოფელ აჭარისწყალში / ესკიზი / „ვიზიტორთა ცენტრის მიზანია მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლით მაქსიმალურად მეტი ტურისტის ინფორმირება და დაინტერესება, ეთნოსოფლის მართვა და დაგეგმილი განვითარება“ – ამონარიდი კონკურსის დოკუმენტებიდან

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფციის შესამუშავებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 423 700 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. გეგმა-კონცეფციის შედგენაზე კონკურსი სამინისტრომ 2018 წელს გამოაცხადა.

ხელშეკრულება კონკურსის ერთადერთ მონაწილე კომპანია „არტსტუდიო-პროექტთან“ 454 300 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] გაფორმდა. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი კი, სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიასთან 2019 წლის 18 ივლისს გაფორმდა.

ამ თემაზე:

მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი

 

ტუია და მაგნოლია – ძველი ბათუმის ორ ქუჩაზე 744 მცენარეს დარგავენ

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებზე, წელს 744  ძირ ხე-მცენარეს დარგავენ.

დღეს, 11 ოქტომბერს,  ზ. გამსახურდიას ქუჩაზე 220 ძირ ხე-მცენარეს გამწვანების სამსახური ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად დარგავს. საუბარია შემდეგ მცენარეებზე: ტუია სმარაგდა პირამიდული, ტუია ოქროსფერი პირამიდული, სფეროსებრი ტუია, ფოტინია შტამბზე,  კალისტემონი და მაგნოლია სულანჟა.

__________

ფოტოზე: მაგნოლია სულანჟას ყვავილობა ბათუმში. ფოტო: greenbatumi.ge

1000 ლარი ჯარიმა ქსეროქსზე დაბეჭდილი ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებისთვის 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 1000 ლარით დააჯარიმა ზ.ვ. ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებისთვის. შემთხვევა ბათუმში სამართალდამცველებმა ივლისში დააფიქსირეს.

საქმის მასალების მიხედვით, ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩერებულმა ზ.ვ.-მ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს  უკრაინაში დამზადებული ავტომანქანის მართვის მოწმობა წარუდგინა. პოლიციელი მოწმობის ნამდვილობაში დაეჭვდა და იგი ექსპერტიზას გადაუგზავნა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, „მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს.“

ყალბი დოკუმენტის გამოყენების მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ბრალდებულმა ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

საგანგებო: წელს მაშველებმა 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სეზონზე მაშველებმა 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და ასევე, თბილისის წყლებზე.

გადარჩენილებს შორის 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს.

დღეს, 11 ოქტომბერს,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 2019 წლის საზღვაო სეზონი ბათუმში შეაჯამეს.

___________

ფოტოზე: კადრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვიდეომასალიდან.

ვინ არიან ქურთები?

წყარო: BBC 

თარგმანი: მარიამ მუთიძე

25-35 მილიონი ქურთი ცხოვრობს თურქეთის, ერაყის, სირიის, ირანისა და სომხეთის საზღვარზე მდებარე მაღალმთიან რეგიონში. ქურთების ეთნოსი სიდიდით მეოთხეა შუა აღმოსავლეთში, თუმცა მათ არასდროს მიუღიათ მუდმივი საცხოვრებელი ტერიტორიები.

საიდან არიან ქურთები?

ქურთები წარმოშობით მესოპოტამიის დაბლობიდან და ახლომდებარე მთებიდან არიან. ეს ტერიტორია დღეისთვის უჭირავს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიას, ჩრდილოეთ ერაყს, ჩრდილო-დასავლეთ ირანსა და სამხრეთ-დასავლეთ სომხეთს.

 დღეისათვის ისინი ქმნიან დამოუკიდებელ საზოგადოებას, რომელშიც ერთიანდებიან რასის, კულტურის და ენის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ სტანდარტული დიალექტი. ასევე ქურთები აღიარებენ სხვადასხვა რელიგიასა და დოგმებს, თუმცა მათი უმეტესობა სუნიტი მუსლიმია.

ქურთები წარმოშობით მესოპოტამიის დაბლობიდან და ახლომდებარე მთებიდან არიან

რატომ არ აქვთ ქურთებს სახელმწიფო?

მეოცე საუკუნის დასაწყისში მრავალმა ქურთმა დაიწყო ფიქრი სახელმწიფოს შექმნაზე, რომელიც მოხსენიებული იქნებოდა, როგორც ქურთისტანი. პირველ მსოფლიო ომში ოტომანების იმპერიის დამარცხების შემდეგ, დასავლელ მოკავშირეებთან დაიდო სევრის ხელშეკრულება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ქურთების ავტონომია.

თუმცა ეს იმედები სამ წელიწადშივე დაიმსხვრა – 1923 წლის ივლისში ხელი მოეწერა ლოზანის საზავო ხელშეკრულებას, რომელმაც ჩაანაცვლა სევრის ხელშეკრულება და დაადგინა ახალი საზღვრები თურქეთისთვის, რომელშიც ქურთები საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულები. თურქებმა დაიბრუნეს ის ტერიტორიები, რომლებიც დაკარგეს სევრის ხელშეკრულების ფარგლებში და დატოვეს ქურთები ეთნიკურ უმცირესობად თავიანთ გამქრალ სახელმწიფოში.

მომდევნო 80 წლის განმავლობაში, ქურთების ნებისმიერი ნაბიჯი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ, სასტიკად იხშობოდა. 

რატომ იბრძოდნენ ქურთები წინა ხაზებში IS-ს (ისლამური სახელმწიფოს) წინააღმდეგ?

2013 წლიდან ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტების ჯგუფმა შეუტია ჩრდილოეთ სირიაში მდებარე სამ ქურთულ ანკლავს (ტერიტორია, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სხვათა სამფლობელოებით და არ აქვს ზღვაზე გასასვლელი), რომელიც IS-ის კონტროლირებადი ტერიტორიების მოსაზღვრედაა.

შეტაკებები გრძელდებოდა 2014 წლის შუა პერიოდამდე, სანამ სახალხო დაცვის ერთეულმა (YPG) და  სირიელი ქურთების დემოკრატიული კავშირის (PYD) შეიარაღებულმა ფრთამ არ მოიგერია. 2014 წელს IS-ის გადაადგილებამ ჩრდილოეთ ერაყისკენ, კონფლიქტში ჩართო ამ ქვეყნის ქურთებიც. ერაყელი ქურთების ავტონომიურმა მთავრობამ გააგზავნა პეშმერგა (ქურთული საბრძოლო დანაყოფი) ერაყის არმიის მიერ გაუდაბურებულ ტერიტორიებზე.

2014 წლის აგვისტოში ჯიჰადისტებმა განახორციელეს მოულოდნელი თავდასხმა და პეშმერგას უკან დახევა მოუხდა. რელიგიური უმცირესობებით დასახლებული უამრავი ქალაქი დაემხო, განსაკუთრებით სინჯარი, სადაც IS – ის მებრძოლებმა მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს ათასობით იეზიდი.

ამის საპასუხოდ, აშშ-ის მეთაურობით მრავალეროვანმა კოალიციამ საჰაერო დარტყმები განახორციელა ჩრდილოეთ ერაყში და სამხედრო მრჩევლები გაგზავნა პეშმერგას დასახმარებლად. ბრძოლაში ჩაერთო ასევე YPG და ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK), რომელიც სამი ათწლეულის მანძილზე იბრძოდა თურქეთში ქურთისტანის ავტონომიისთვის და აქვს ბაზები ერაყში.

2014 წლის სექტემბერში IS თავს დაესხა ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქურთულ ანკლავ კობანეს. ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო თურქეთის საზღვრის მიმართულებით. კონფლიქტის სიახლოვის მიუხედავად თურქეთმა უარი თქვა IS-თან შეტაკებაზე და ქურთების მიღებაზე თავდაცვის მიზნით.

2015 წლის იანვარის ბრძოლის შედეგად, რომელმაც მინიმუმ 1600 ადამიანი შეიწირა, ქურთებმა აღიდგინეს კონტროლი ქალაქ კობანეზე.

ქურთებმა, რომლებიც იბრძოდნენ მცირეოდენ ადგილობრივ არაბ სამხედროებთან ერთად სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) ალიანსში, აშშ-ს საჰაერო მხარდაჭერით, იარაღითა და რჩევებით, გააძევეს IS ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ათობით ათასი კილომეტრის მიწებიდან და აღადგინეს კონტროლი ვრცელ ტერიტორიაზე თურქეთის საზღვართან.

 2017 წლის ოქტომბერში SDF-მა აიღო IS-ს დეფაქტო დედაქალაქი რაქა და წაიწია სამხრეთ-აღმოსავლეთით მეზობელ პროვინცია დეირ ალ-ზურში, რომელიც იყო ჯიჰადისტების ბოლო ძირითადი საყრდენი სირიაში.

ბოლო ლოკაცია, რომელიც IS-ს ეკავა სირიაში, სოფელ ბაღუზთან მდებარეობდა, რომელიც 2019 წლის მარტში დაეცა. SDF ამცნო მსოფლიოს IS-ს “ხალიფატის” საბოლოო აღმოფხვრა, მაგრამ ასევე თქვეს, რომ ჯიჰადისტების მიძინებული ქსელი კვლავაც დიდ საფრთხედ რჩება მსოფლიოსთვის.

SDF-ს შერჩა ბოლო ორი წლის მანძილზე ათასობით ტყვედ აყვანილი IS-ს მებრძოლი და ათიათასობით დევნილი ქალი და ბავშვი, რომლებიც ასოცირებული იყვნენ IS მებრძოლებთან. აშშ-მ ითხოვა დევნილების სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ქვეყნების უმეტესობამ უარი განაცხადა მათ უკან მიღებაზე.

ამ წუთებში ქურთებს თურქეთი უტევს. თურქეთს სურს შექმნას 32 კმ-იანი “უსაფრთხო ზონა” ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რათა დაიცვას ეს საზღვარი და გადმოასახლოს უკან 2 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი. SDF კი აცხადებს, რომ ის დაიცავს თავის ტერიტორიას “ ყველაფრის ფასად” და რომ მათ მიერ  IS-თან ძლივს მოპოვებულ გამარჯვებას საფრთხე ემუქრება.

სირიის მთავრობა, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, პირობას დებს, რომ აღადგენს კონტროლს მთელ სირიაზე.

რატომ აღიქვამს თურქეთი ქურთებს საფრთხედ?

ღრმა მტრობაა თურქულ სახელმწიფოსა და ქვეყნის ქურთებს შორის, რომლებიც მოსახლეობის 15-20% -ს შეადგენენ.

ქურთებმა მიიღეს მკაცრი მოპყრობა თურქული ავტორიტარიზმის თაობებისგან. 1920, 1930 წლის აჯანყების საპასუხოდ, მრავალი ქურთი გადაასახლეს, აკრძალეს ქურთული სახელები და ჩაცმულობა, აიკრძალა ქურთული ენა და, ზოგადად, შეიზღუდა ქურთული ეთნიკური იდენტობის არსებობაც კი. ქურთებს მოიხსენიებდნენ მთის თურქებად.

1978 წელს აბდულა ოჯალანმა დააარსა PKK, რომელიც მოითხოვდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს თურქეთის შიგნით. ექვსი წლის შემდეგ ჯგუფმა შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. მას შემდეგ დაიღუპა 40 000-ზე მეტი ადამიანი, ასობით ათასი კი დევნილი გახდა.

1990-იანებში PKK-მ უკან დაიხია დამოუკიდებლობის მოთხოვნის მხრივ და სურდა მხოლოდ კულტურული და პოლიტიკური ავტონომია, თუმცა ბრძოლას მაინც აგრძელებდა. 2013 წელს მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე საიდუმლო მოლაპარაკების შედეგად.

შეთანხმება დაირღვა 2015 წელს, როცა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა სირიის საზღვართან მდებარე ქურთებით დასახლებულ ქალაქ სურუჯში და შეიწირა 33 ახალგაზრდა ქურთი აქტივისტი. PKK- მა ხელისუფლება თანამონაწილეობაში დაადანაშაულა და თავს დაესხა თურქ სამხედროებსა და პოლიციას. შემდგომში თურქეთის მთავრობამ წამოიწყო ის, რასაც მან უწოდა ”სინქრონიზებული ომი ტერორიზმის წინააღმდეგ” [PKK- ისა და IS-ის].

მას შემდეგ, რამდენიმე ათასი ადამიანი – მათ შორის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, შეტაკებების შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში.

თურქეთმა შეინარჩუნა შეიარაღებული განლაგება ჩრდილოეთ სირიაში 2016 წლის აგვისტოს შემდეგ. მან გააგზავნა ჯარი და ტანკები მხარი რომ დაეჭირა IS-ს წინააღმდეგ სირიელი მეამბოხეების შეტევისთვის. ამ ძალებმა დაიკავეს საკვანძო ქალაქი ჯალაბუსი, რითიც ხელი შეუშალეს YPG-ს მხარდაჭერილ SDF-ს, რომ კავშირი დაემყარებინათ დასავლეთით ქურთულ ანკლავ აფრინთან.

2018 წელს თურქებმა და სირიელმა აჯანყებულებმა დაიწყეს სპეცოპერაცია აფრინიდან YPG-ს მებრძოლების განდევნის მიზნით. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ დროს, ათი ათასობით კი დევნილად იქცა.

თურქეთის მთავრობა ამბობს, რომ YPG და PYD არიან PKK– ს დამატებები იზიარებენ შეიარაღებული ბრძოლის გზით დაყოფის მიზანს და არიან ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა განადგურდნენ.

რა სურთ სირიელ ქურთებს?

ქურთები სირიის მოსახლეობის 7%-10% -ს შეადგენენ, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებამდე 2011 წელს. უმეტესობა ცხოვრობდა ქალაქ დამასკოსა და ალეპოში, კობანეს მიდამოებში, აფრინიში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ქამიშლის გარშემო.

სირიის ქურთები დიდი ხნის მანძილზე უარყოფდნენ ადგილობრივ კანონმდებლობას, 300 000  მათგანმა უარიც კი თქვა მოქალაქეობაზე 1960 წლის შემდეგ. ამის შემდეგ ქურთების საცხოვრებლებს არაბები ითვისებდნენ ქურთული რეგიონების “არაბიზაციის” ფარგლებში.

როცა აჯანყება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ქურთებმა უარი თქვეს რომელიმე მხარეს ყოფნაზე. 2012 წელს სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიეს სხვა აჯანყებების ჩასახშობად. ქურთებმა კი ამ დროს კონტროლი აღიდგინეს.

2014 წლის იანვარში ქურთულმა პარტიებმა, მათ შორის დომინანტურმა დემოკრატიული კავშირის პარტიამ (PYD), განაცხადეს “ავტონომიური ადმინისტრაციების” შექმნის შესახებ, რომ იქნებოდა სამი კანტონი: აფრინის, კობანესა და ჯაზირას.

2016 წლის მარტში მათ განაცხადეს, რომ შეიქმნა “ფედერალური სისტემა”, რომელშიც შედიოდა ძირითადად არაბული და თურქმენული ტერიტორიები, რომლებიც IS-სთან ბრძოლისას იყო დაკავებული.

დეკლარაცია უარყო სირიის მთავრობამ, სირიის ოპოზიციამ, თურქეთმა და აშშ-მ.

PYD აცხადებს, რომ იგი არ ითხოვს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამტკიცებს, რომ სირიაში კონფლიქტის დასრულების ნებისმიერი პოლიტიკური შეთანხმება უნდა შეიცავდეს იურიდიულ გარანტიებს ქურთების უფლებებისა და ქურთული ავტონომიის აღიარებისთვის.

პრეზიდენტ ასადმა პირობა დადო, რომ სირიის ტერიტორიის “ყოველ დიუმს” დაიკავებს, იქნება ეს მოლაპარაკებით თუ სამხედრო ძალის გამოყენებით. მისმა მთავრობამ ასევე უარყო ქურთების მოთხოვნები ავტონომიის შესახებ და თქვა, რომ “სირიაში არავინ არ მიესალმება საუბარს დამოუკიდებელ ერთეულებზე ან ფედერალიზმზე”.

მოიპოვებენ ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობას?

ქურთები შეადგენენ ერაყის მოსახლეობის 15% -დან 20% -ს. მათ ისტორიულად უფრო მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე მეზობელ სახელმწიფოებში მცხოვრებ ქურთებს, თუმცა ასევე  სასტიკი რეპრესიებიც გამოიარეს. 

1946 წელს მუსტაფა ბარზანმა ჩამოაყალიბა ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDP) ერაყში ავტონომიის მოსაპოვებლად. მაგრამ 1961 წლამდე მას არ დაუწყია შეიარაღებული ბრძოლა.

1970-იანი წლების ბოლოს, მთავრობამ არაბების ჩასახლება დაიწყო ქურთებით დასახლებულ ქალაქებში. განსაკუთრებით ნავთობით მდიდარი ქალაქ კირკუკის გარშემო. ქურთები კი ძალის გამოყენებით გადაასახლა.

პოლიტიკა აჩქარდა 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, როცა  ქურთებმა მხარი დაუჭირეს ისლამურ რესპუბლიკას. 1988 წელს სადამ ჰუსეინმა შური იძია ქურთებზე ქიმიური შეტევით ქალაქ ჰალაბჯაზე.

როდესაც ერაყი დამარცხდა 1991 წლის ყურის ომში, ბარზიანის ვაჟმა მასუდმა და ჯალალ ტალაბანიმ, კონკურენტმა ქურთისტელთა პატრიოტულმა კავშირმა (PUK), ქურთების აჯანყება მოაწყვეს. მისმა ძალადობრივმა ჩახშობამ აიძულა აშშ და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთით გაეხსნათ ფრენის არეალი,რამაც  ქურთებს საშუალებას მისცა ესარგებლათ თვითმმართველობით. KDP და PUK შეთანხმდნენ ძალაუფლების გაზიარებაზე, მაგრამ დაძაბულობა გაიზარდა და ოთხწლიანი ომი დაიწყო მათ შორის 1994 წელს.

მხარეებმა 2003 წელს ითანამშრომლეს აშშ-სთან სადამ ჰუსეინზე თავდასხმისას და შექმნეს ქურთისტანის რეგიონული მთავრობის (KRG) კოალიცია. ორი წლის შემდეგ კი პროვინციები დოჰუკი, ირბილი და სულაიმანია.

მასოუდ ბარზანი იყო რეგიონის პრეზიდენტი მანამ, სანამ ჯალალ ტალაბანი გახდებოდა ერაყის პირველი არა არაბი მეთაური.

2017 წლის სექტემბერში ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, როგორც ქურთისტანის რეგიონში, ასევე 2014 წელს პეშმერგას კონტროლირებად სადაო ტერიტორიებზე, მათ შორის კირკუკში. ხმის მიცემას დაუპირისპირდა ერაყის ცენტრალური მთავრობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რეფერენდუმი უკანონო იყო.

3.3 მილიონი ადამიანის 90%-მა მხარი დაუჭირა გამოყოფას. KRG– ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგებმა მათ მისცა მანდატი, რათა დაეწყოთ მოლაპარაკება ბაღდადთან, მაგრამ შემდეგ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა მოითხოვა მისი გაუქმება.

მომდევნო თვეში ერაყის პრო-სამთავრობო ძალებმა აღადგინეს ქურთების მიერ დაკავებული სადავო ტერიტორიები. კირკუკის და ნავთობით მოპოვებული შემოსავლების დაკარგვამ უდიდესი დარტყმა მიაყენა სახელმწიფოს იდეისკენ ქურთების მისწრაფებებს.

ამგვარი გადათამაშების შემდეგ ბარზანმა დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა. მთავარ პარტიებს შორის უთანხმოების გამო, პოსტი ვაკანტური იყო 2019 წლის ივნისამდე, მანამ სანამ პოსტი მისმა ძმისშვილმა ნახრივან ბარზანმა არ დაიკავა.

მომზადებულია BBC-ის სტატიის მიხედვით.

მთავარი ფოტო: BBC

 

შსს-ს მიწა ბათუმში სანაპიროსთან, რომელიც წლებია უსარგებლოდაა

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში უკანონო ნაგავსაყარს წარმოადგენდა, ბოლო 6 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია. 7023 კვ.მ მიწის ნაკვეთით, საჯარო რეესტრის მონაცემებით არაერთი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ნაკვეთის მესაკუთრე სახელმწიფოა. 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, სარგებლობს თუ არა შსს ამ ნაკვეთს [რომელიც 2013 წელს გადასცეს სარგებლობაში], რისთვის ან რას გეგმავს აქ სამომავლოდ. ინფორმაცია სამინისტროდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, ქ. ბათუმში, სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენების თაობაზე მიმდინარეობს კონსულტაციები“, – მოგვწერეს  შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

სამინისტროს კიდევ ერთ ნაკვეთზე ვეკითხებოდით, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით მდებარეობს. 2 552 კვ.მეტრი მიწა სამინისტროს 2019 წლის 9 იანვარს გადასცეს.

შსს-ში „ბათუმელებს“ მაშინ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავდა ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას. რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა საუბარი, სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს. სამინისტრო არც ახლა აკონკრეტებს, რას გეგმავს ამ ნაკვეთზე.

„მაკდონალდსის“ გვერდით მდებარე ნაკვეთზე ამ დრომდე „ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის“ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ამ თემაზე: რისთვის გადასცეს შსს-ს მიწის ნაკვეთი „მაკდონალდსთან“ და რა სამუშაოები მიმდინარეობს

იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოწყობილ უკანონო ნაგავსაყარზე „ბათუმელები“ წინა წლებშიც წერდა. აქ დაყრილი ნაგვი კი, ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებას“ გაჰქონდა.

 

მოსალოდნელია წვიმა, გაძლიერდება ქარი – შაბათ-კვირის ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 11 ოქტომბერს, საღამოს 9 საათიდან ხვალამდე,  12 ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18-23 გრადუსი
  • ღამით: 12-17 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8-13 გრადუსი 
  • ღამით: 2-7 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება 13-18 დმ  – 3-4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 13 ოქტომბერს, გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი ორშაბათს, 14 ოქტომბერსაც.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“

ჯანდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურში 73 ადამიანი მუშაობს – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, საჯარო უწყებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა ყოველწლიურად იზრდება.

საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს  – 1037.

ყველაზე მრავალრიცხოვანი, 73 თანამშრომელი მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული.

მეორე ადგილზეა თავდაცვის სამინისტრო, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 51 ადამიანი მუშაობს.

ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს საქართველოს განათლების სამინისტრო, სადაც 49 ადამიანია დასაქმებული მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

transparency.ge

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

transparency.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 194 უწყებიდან მიღებული ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საბიუჯეტო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 1.9 მლნ ლარით არის გაზრდილი. გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობაც.

ბათუმის 8 ქუჩაზე დღეს წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

[crosslist]

  • 26 მაისის ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე
  • მელიქიშვილის ქუჩას- რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე
  • ლუკა ასათიანის ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე
  • რუსთაველის ქუჩას – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე
  • კლდიაშვილის ქუჩას – მელიქიშვილიდან ვაჟა- ფშაველამდე
  • მემედ აბაშიძის ქუჩას – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩას – მელიქიშვილიდან ვაჟა- ფშაველამდე

[/crosslist]

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

იაპონიის კუნძულ ჰონშუს ტაიფუნი უახლოვდება – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო იაპონიაში საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს.

„იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება.

იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შსს: 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. სამინისტრო განმარტავს, რომ  ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით 9 მილიონი ლარია.

შსს-ს ინფორმაციით განადგურელბულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები:

5 კილოგრამი და 255 გრამი „კოკაინი“, 1 კილოგრამი და 362 გრამი „ჰეროინი“, 4222 აბი „სუბუტექსი“, 675 კაფსულა და 896 აბი „ტრამადოლი“, 579 აბი და 58,3 გრამი „მეტადონი“, 338 აბი და 21,9 გრამი „კოდეინი“, 996 აბი „ამფეტამინი“, 8678 კაფსულა და 198 აბი „პრეგაბალინი“ და 33,7 გრამი „მორფინი“.

ასევე, განადგურებულია, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

„უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ,“ – აცხადებს შსს.

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

გუშინ, 9 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, ქობულეთის შემოვლით გზაზე  15 წლის ლიკა სარჯველაძე დაიღუპა. ის მამასთან და 2 წლის ძმასთან ერთად გურიის ერთ-ერთ სოფელში მიდიოდა. ქობულეთის შემოვლით გზაზე მორიგი ავარია მოხდა და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ლიკა ექიმებს შემთხვევის ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

კლინიკაში ლიკას 2 წლის ძმა  და მამა გადაიყვანეს. ბავშვს სახეზე ნაკაწრები ჰქონდა და თავის ტვინის შერყევა. „მამამ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი თქვა,“ – გვითხრეს ექიმებმა.

ამ ამბავზე დღეს ბევრი საუბრობდა, ისევე, როგორც ორი თვის წინ, ივლისში, როცა გზის იმავე მონაკვეთზე ცოლ-ქმარი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, მეორე დღეს კი დაღუპული მშობლების 6 წლის ბიჭიც გარდაიცვალა კლინიკაში. საზოგადოება ამ გზის უსაფრთხოებაზე ეჭვებს წინა წლის ივლისშიც გამოთქვამდა, როცა იმავე მონაკვეთში ტყუპი ბავშვები და მამა დაიღუპნენ.

არც აქამდე და არც დღეს, როცა მორიგ ავარიას 15 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობას არავინ იღებს. წელს, გაზაფხულზე, ამ გზაზე შსს-მ ამოყირავებული ავტომანქანაც განათავსა უსაფრთხო მოძრაობის კამპანიის ფარგლებში, თუმცა ზუსტად იმ ადგილას 14 მაისს მორიგი ავარია მოხდა, დაშავდა 4 ადამიანი. შსს-ს და რომელიმე სხვა უწყებისთვის ვერც ეს ავარია გახდა გზავნილი კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად.

თუკი „ბათუმელების“ არქივში „ქობულეთის შემოვლით გზას“ ჩაწერთ, ბევრი სხვა ავარიის შესახებ ნახავთ ინფორმაციას: დაღუპულ ქალებზე, კაცებზე, ბავშვებზე… ჩვენთვის უცნობია ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი დაშავდა და დაიღუპა ამ გზაზე, თუმცა „ბათუმელების“ არქივის მიხედვით, 2018 წლის ივლისიდან დღემდე ქობულეთის შემოვლით გზაზე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა – 23. კიდევ ერთი ცოლ-ქმრის სიცოცხლე ამავე გზაზე მომხდარ ავარიას 2016 წლის 28 აგვისტოს ემსხვერპლა.

ზუსტად ანალოგიური მოტივით ხელისუფლებამ 2017 წელს ქუთაისის შემოვლითი გზა ცალმხრივად ჩაკეტა – ეს გადაწყვეტილება ამ მონაკვეთში ხშირი ავარიისა და ათეულობით ადამიანის დაღუპვის შემდეგ მიიღეს. ამჟამად ამ გზას ოთხზოლიან ავტომაგისტრალად აკეთებენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღარ ვისმენთ მძიმე ისტორიებს გზის ამ მონაკვეთში ადამიანების სიკვდილის შესახებ.

გზების დეპარტამენტის პრესცენტრი: „დეპარტამენტის საქმიანობას წარმოადგენს ავტომაგისტრალების, შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა და მათი აღჭურვა უსაფრთხოების კომპონენტებით. ეს გზა აშენებულია და ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების კომპონენტით აღჭურვილია.  ევროპულ ქვეყნებში ასეთ ჩქაროსნულ გზებს არც ანათებენ, რადგან ესეც უსაფრთხოების ზომაა… გერმანიაშიც ყველა ავტობანი განათებული არ არის. ჩვენთან კამერებიც არის, შუქამრეკლებიც და ვიბრაციის ზოლები, რომლებიც ამცნობენ მძღოლს, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს“.

ხომ არ აპირებს ხელისუფლება იგივე გადაწყვეტილება მიიღოს ქობულეთის შემოვლით გზასთან დაკავშირებით, რაც ქუთაისში გააკეთეს, როცა შემოვლითი გზა ცალმხრივი გახდა? – ვკითხეთ საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრს. პრესცენტრის განმარტებით, თემაზე კომენტარს დღეს ვერ გააკეთებენ, უწყების ხელმძღვანელი პირების მოუცლელობის გამო.

დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მსგავს საკითხზე არავინ მსჯელობს და ქუთაისის გზის ცალმხრივად ჩაკეტვაც ხშირ ავარიას არ უკავშირდება.

„ცალმხრივ მოძრაობაზეც საკმაოდ ბევრი ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები… ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ამის საჭიროებას. ქუთაისში იმიტომ არ დამატებულა, რომ იქ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებია, ეგ ითვლება კოეფიციენტით და ტრაფიკის გატარებით. ამ შემთხვევაში ქუთაისის აეროპორტმა მოითხოვა ტრაფიკის გაზრდის შედეგად ორი ზოლის დამატება, რადგან ნაკადი შედიოდა ქუთაისში ძალიან დიდი… ამ ეტაპზე თურქეთის საზღვრისკენ ასეთივე დიდი მოძრაობა არ არის. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ასეულობით მილიონი სესხი აიღოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ვიღაცას საგზაო მოძრაობის წესების დაცვა არ სურს,“ – გვიპასუხეს საქართველოს გზების დეპარტამენტში.

თუმცა საპირისპირო რამ წერია ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტში: 2018 წლის ბოლოს, როცა საქართველოს გზების დეპარტამენტმა ქუთაისში ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის შესახებ ტენდერი დამატებით გამოაცხადა, დოკუმენტაციაში სწორედ ის ჩაწერა, რომ გზაზე „ფატალური ავარიები“ შემცირდება. მაშინ კვლევა გზების დეპარტამენტისთვის ტენდერში გამარჯვებულმა  შპს „ტრანსპროექტმა“ ჩაატარა.

„გამოკვლევა აჩვენებს, რომ ოთხზოლიან მონაკვეთებზე დაკვირვება ფატალური ავარიებისა გაცილებით დაბალი დონეა, მაგრამ ტრავმული დაშავებების დონე ან იგივეა ან მაღალია. საერთაშორისო გამოკვლევები ადასტურებს, რომ ფატალური/მძიმე შედგებით უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად, ორ-სამჯერ უფრო დაბალია ოთხზოლიან გზაზე, ვიდრე ორზოლიანი სავალი ნაწილის მქონე გზაზე (საქართველოს მონაცემებში არ არის დაყოფილი მძიმე/მსუბუქი უბედური შემთხვევები).

შემოთავაზებული მიდგომა ყურადღებას გაამახვილებს ფატალური შედეგებიანი ავარიების მნიშვნელოვან პოტენციურ შემცირებაზე ოთხზოლიანი გზის სტანდარტამდე გზის გაფართოებით და არ ითვალისწინებს ტრავმული ავარიების შემცირებას, შემდეგი კოეფიციენტები უბედური შემთხვევების აღსაწერად იქნა გამოყენებული მიმდინარე კვლევისათვის,“ – წერია კვლევაში.

„გასაგებია, რომ „ჭკვიანი კამერებია“ დამონტაჟებული ქობულეთის გზაზე, კონტროლდება და არის საგზაო ნიშნები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის საკმარისი. ვიღაცის დასჯა და დაჯარიმება პრობლემას ვერ აგვარებს. ეს გზა სასაკლაოდ არის ქცეული,“ – მიიჩნევს ბაჩო გურაბანიძე, „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი. ის 15 წლის გოგოს ტრაგიკულ დაღუპვას „ფეისბუქში“ გამოეხმაურა და პროტესტის ნიშნად ქობულეთის შემოვლითი გზის გადაკეტვის სურვილი გამოთქვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ლოზუნგით – „ეს გზა კლავს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციას ქობულეთის შემოვლით გზაზე სამოქალაქო აქტივისტებიც გეგმავენ.

„დროებით ცალმხრივი უნდა გახდეს ეს გზა. შესაძლოა, არ მოსწონდეს ვიღაცას ის, რომ მის სახლთან ჩაივლის ისევ ტრაილერი, ან ქობულეთში გაივლიან ეს მანქანები, მაგრამ უნდა ავწონ-დავწონოთ საფრთხეები. მსხვერპლთა რაოდენობა დიდია. არსებობს პრეცედენტი, როცა ქუთაისში მოძრაობა ცალმხრივი გახდა და პრობლემა მოგვარდა,“ – ამბობს ბაჩო გურაბანიძე.

რას გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო? – „ბათუმელებმა“ დღეს ეს შეკითხვაც დასვა, თუმცა უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ პასუხს ხვალ მივიღებთ.

„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რესურსით შევისწავლოთ, რა იწვევს ამ ავარიებს და რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს რეკომენდაციების შესრულების მზადყოფნა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა. დავით მესხიშვილის თქმით, რამდენიმე მსგავს ვითარებაზე კონკრეტული რეკომენდაციები გაიწერა, მაგრამ იგი „ფურცელზე დარჩა“.

„აჯობებს თუკი სიჩქარის შეზღუდვა დაწესდება, ვიდრე პრობლემას შეისწავლიან ექსპერტები… ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი ცალმხრივად მოძრაობის შეზღუდვა. ევროპის ქვეყნებში არსებობს გზების უსაფრთხოების დეპარტამენტები, რომლებშიც ჩართულები არიან გზის ინჟინრები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. უნდა განისაზღვროს, კონკრეტულად რა იწვევს ამ ავარიებს. შესაძლოა, გზის საფარი სტანდარტს აკმაყოფილებს და უსაფრთხოების რეჟიმი არსებობს, მაგრამ არის გარე ფაქტორი, რაც ახდენს გავლენას. ევროპული პრაქტიკის მიხედვით, ადგილს, სადაც ორ თვეში სამზე მეტი ავარია ხდება, „შავი წერტილის“ სტატუსს ანიჭებენ. საქართველოში ბევრი ასეთი „შავი წერტილი“ გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს არც ერთი ოფიციალური უწყება, რომელიც პასუხისმგებელია გზის უსაფრთხოებაზე,“ – აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

მთავარი ფოტო: 15 წლის ლიკა სარჯველაძე. ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ, 9 ოქტომბერს, დაიღუპა.

 

 

 

 

 

მტირალას ეროვნულ პარკში ხის კოტეჯს ჩადგამენ

დაცული ტერიტორიების სააგენტო მტირალას ეროვნულ პარკში ერთ ხის კოტეჯს ჩადგამს. სააგენტო სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 56 ათასი ლარია გათვალისწინებული. კოტეჯი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგიდან დაახლოებით 12 კმ მანძილზე უნდა აშენდეს.

მტირალას ეროვნულ პარკში მითითებულ ადგილზე ხის კოტეჯი [36,6 კვ/მ], ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა ააშენოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 31 ოქტომბერს დასრულდება.

ტენდერის პირობით: ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს; შესრულებულ სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს არანაკლებ 2  წელს, რომლის განმავლობაშიც რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

კოტეჯის არქიტექტურა / პროექტიდან

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სწავლობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს.

ამ თემაზე:

იუნესკოში წარდგენილ მტირალას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ექსპერტები სწავლობენ

სოკარი: გაზის მიწოდება ბათუმში ხვალიდან დაიწყება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაცით, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ბათუმში ხვალ, 11 ოქტომბრიდან, დილიდან დაიწყება.

„სამუშაოები დასრულდა იმაზე ადრე, ვიდრე ვგეგმავდით“ –  განაცხადეს კომპანიაში. ამის შესახებ შეტყობინება აბონენტებმაც მიიღეს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, ხვალ დილიდან  ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგებათ საავადმყოფოებსა და სხვა სასიცოცხლო ობიექტებს, შემდეგ კი ბათუმის სხვადასხვა უბნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომპანიაში აცხადებენ, ასევე, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ ვერ დასრულდება: „შესაძლოა, ეს პროცესი სამ დღესაც გაგრძელდეს“

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ  დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე: 16 114

კაფეების მიერ ოკუპირებული ტროტუარი ლუკა ასათიანის ქუჩაზე

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებულმა კაფეებმა – “შუა ქალაქი” და  “სოი კუბა”, ტროტუარზე განთავსებული მაგიდებითა და მცენარეებით, სრულად აითვისეს ტროტუარი და ფეხით მოსიარულეებისთვის მხოლოდ ველობილიკი დატოვეს. ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ორივე ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს, რომ მაგიდები და სხვა ინვენტარი გადაალაგონ ისე, როგორც ეს მათ ნებართვაშია გათვალისწინებული.

სტანდარტის მიხედვით, ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისთვის სავალი ნაწილი მინიმუმ 80  და მაქსიმუმ 150 სანტიმეტრი უნდა იყოს.

გაფრთხილების შემდეგ, ამ სტანდარტის დარღვევისთვის იურიდიული პირები პირველ ჯერზე 2000 ლარით ჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი – 4000 ლარით.

“სოი კუბას” მაგიდები ტროტუარზე
კაფე “შუა ქალაქი”

„სასამართლოს სურს, ტელევიზიის დირექტორი ახალმა ბორდმა აირჩიოს“ – უარი ენმ-ის მოთხოვნაზე

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უარი თქვა „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის კანდიდატების შესარჩევი კომისიის მუშაობის შეჩერებაზე. განჩინებაში მოსამართლემ პირდაპირ ჩაწერა, რომ ეს „მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის“.

„მოსამართლე პირდაპირ წერს, რომ დავის განხილვის დასრულებამდე ახალ ბორდს ვეღარ აირჩევენ, თუკი კომისიის უფლებამოსილება გაუქმდება და იგი ვეღარ აირჩევს ახალ დირექტორს. რატომ სურს მოსამართლეს, რომ ახალმა ბორდმა აირჩიოს ტელევიზიის დირექტორი? სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლების ინტერესს ატარებს,“ – ამბობს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი. ამ ფრაქციამ მიმართა სასამართლოს და იმ საკონკურსო კომისიის მუშაობის შეწყვეტა ითხოვა, რომელმაც ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს. ფრაქციის არგუმენტი იყო ის, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, რეგლამენტი დაარღვია და ფრაქციებთან კონსულტაცია არ გაიარა.

„ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საჯარო ინტერესებსაც…“ – დასძენს მოსამართლე განჩინებაში. მოსარჩელე კი შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან წინა შემთხვევაში – 24 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა. ამ შემთხვევაში ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – გიორგი კოხრეიძე დავობდა მრჩეველთა საბჭოს წინააღმდეგ. მან საბჭოს სხდომაზე, რომელსაც 4 წევრი ესწრებოდა [მათგან ერთმა კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა], 2 ხმა მიიღო და მიიჩნევს, რომ არჩეული დირექტორი თვითონაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიღო.

„სასამართლომ კოხრეიძის შუამდგომლობის განხილვისას რატომ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ინტერესები და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეაჩერა დირექტორის არჩევის კომისიის მუშაობა?“ – კითხულობს გია აბულაძე.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დირექტორის კონკურსის შეჩერებაზე უარი უთხრა ასევე ნათია კაპანაძეს, ტელევიზიის წინა დირექტორს, რომელსაც 19 აპრილს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კაპანაძე მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტი უკანონია და დავის განხილვამდე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შეჩერებულიყო კონკურსი. მაშინ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ თქვა, რომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულ ნათია კაპანაძეს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს.

 

ტროტუარის გარეშე დარჩენილი კაჩინსკების ქუჩა ბათუმში

ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის თითქმის ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი ტროტუარის გარეშეა დარჩენილი. საავტომობილო გზას, მშენებარე ობიექტებსა თუ სამშენებლო ღობეს შორის მხოლოდ გამწვანებული ზოლია დარჩენილი, ისიც ნაწილობრივ. ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან, გაზონზე იარონ. ქუჩის ამ პერიმეტრზე [მდინარე მეჯინისწყლიდან წრიულამდე აეროპორტის მიმართულებით], სადაც ტროტუარი არ არის,  მუნიციპალური ავტობუსის 2 გაჩერებაცაა – რა თქმა უნდა, მოსაცდელების გარეშე. ასევე, არის შშმ პირებისთვის განკუთვნილი ავტოპარკინგიც.

„ამ ტერიტორიაზე ფეხით რომ გაიარო მოქალაქემ, ან სამანქანე გზაზე უნდა იარო, ან მინდორზე, რომლის გასწვრივაც ხეებია დარგული და საცალფეხო ბილიკივითაა გაკეთებული. მშენებარე ობიექტს გაზონამდე ტერიტორია სრულად აქვს ათვისებული, ბეტონი აქვს დასხმული. ამ მინდორზე რომ არ მევლო, გადავედი ბეტონზე. იქვე მყოფმა დაცვის წევრებმა გადაადგილების საშუალება არ მომცეს, მითხრეს, რომ კერძო საკუთრებაში ვიყავი და ისევ გაზონზე დამაბრუნეს,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის ამ მონაკვეთში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი მშენებლობებია. ქუჩის გასწვრივ მდებარე ნაკვეთები მდინარე მეჯინისწყლიდან აეროპორტისკენ [ლორთქიფანიძისა და ზღვის პირის ქუჩებს შორის მონაკვეთში] სხვადასხვა კომპანიის საკუთრებაშია: სააქციო საზოგადოება „მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმი“, შპს „ეიჩ-2“ [რომლის მესაკუთრეა „ეიარ-მერიდიანსი“], შპს „ეიჩ-1“[მესაკუთრეები: ეიარ მერიდიანსი და „ანაგი ჰოტელ დეველოპმენტი“], შპს „ეიარ-მერიდიანსი“ და შპს „ორბი ჯგუფი მილენიუმი“.

ნაკვეთები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერაა გასხვისებული [მათ შორის პირობებიანი აუქციონით] და ყველა ამ კომპანიას აქვს გარკვეული ვალდებულება სამინისტროს წინაშე.

საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ბოლოდან [ბორდიურიდან] ამ ნაკვეთების საზღვრამდე არსებული ტერიტორია სიგანით – ზოგან 4,2 მეტრი, ზოგან 4,7 მეტრი – საჯარო რეესტრის მიხედვით, ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია. მშენებლობას თუ სამშენებლო ღობესა და ბორდიურს შორის მანძილი კი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ამის ნახევარიც არ არის დატოვებული.

რატომ არ არის ტროტუარი კაჩინსკების ქუჩაზე, იგეგმება თუ არა ტროტუარის მოწყობა და აღნიშნული მშენებლობების გამო ხომ არ არის დარღვეული ქალაქის და კერძო საკუთრების საზღვრები? – ამ კითხვებით ქალაქის მერიას დავუკავშირდით.

„მაგ მონაკვეთში ტროტუარი არ ყოფილა, თუმცა აუცილებლად იქნება. ტროტუარი კი მას შემდეგ გაკეთდება, როცა მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყობა. რაც შეეხება საზღვრებს, სპეციალური მოწყობილობის გარეშე ძნელია თქმა, ამიტომ შესაბამისი სამსახური გადაამოწმებს, არის თუ არა დარღვეული საკუთრების საზღვარი. მოგვიანებით გაგცემთ პასუხს“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

კონკრეტულად როდის იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა და ტროტუარის გაკეთება, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში? – ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში პასუხი არ აქვთ.

ადგილი, სადაც მოქალაქეს მობეტონებულ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილების საშუალება არ მისცეს, უთხრეს, რომ კერძო ტერიტორიაა / ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელები“
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელები“
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელები“

შეძლებენ თუ არა მასწავლებლები ერთზე მეტი საგნის სწავლებას – სამინისტროს ახალი პროგრამა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდება ახალი, სპეციალური პროგრამა – „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის მომზადდნენ პედაგოგები სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით.

„გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან და მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში. მასწავლებლები მიიღებენ სახელფასო დანამატს“, – აცხადებს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა  საშუალებას იძლევა გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის  ან მომიჯნავე საგნებში ასწავლონ ერთზე მეტი საგანი.

მასწავლებლებს მოამზადებენ:

[checklist]

      • ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
      • ბიოლოგია და ქიმიის
      • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
      • ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
      • დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)  მიმართულებით.

[/checklist]

სამინისტროს ინფორმაციით, მსმენელებს ასევე მოამზადებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

როგორც „ბათუმელებს“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის სწავლა 1-ელ ნოემბერს დაიწყება, პროგრამაში რეგისტრაცია კი 11 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი პროგრამის ამოქმედება მაშინ, როცა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში მუშაობის დასაწყებად არსებობს სხვა პროგრამებიც, ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ამის საჭიროება შესაძლოა გაჩნდეს 2020 წლიდან, როცა კიდევ უფრო მეტი პენსიონერი მასწავლებელი დატოვებს სკოლას.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის დიპლომის მქონე პედაგოგებს, ვისაც სურვილი აქვს გადამზადდეს რამდენიმე საგანში. „ერთწლიანი ინტენსიური კურსია მომზადებისთვის, მსურველები ჩააბარებენ პრეტესტს, სადაც გამოავლენენ საბაზისო ცოდნას და შემდეგ დაიწყება ტრენინგები,“- გვითხრეს პრესცენტრში.

მათივე თქმით, პრეტესტისგან თავისუფლდება ის, ვინც საგნობრივ გამოცდაზე 40 პროცენტზე მეტი ბარიერი გადალახა. „მასწავლებლები გარდა თეორიულისა, გადიან პრაქტიკულ მომზადებასაც, მენტორობას უწევს ადგილობრივი მასწავლებელი და სკოლაში შედიან მაძიებლის სტატუსით. ვფიქრობთ, სანამ ისინი გახდებიან უფროსი მასწავლებლები, დაენიშნოთ გარკვეული სახელფასო დანამატი, მაგრამ ოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული. საუბარია იმაზე, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში, სადაც მასწავლებლების დეფიციტია, დასაქმდნენ ეს ადამიანები“.

ცენტრის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე პირები გადამზადებას გაივლიან როგორც რაიონულ ცენტრებში, ასე თბილისშიც.

„განა, შეიძლება დაივიწყო სანაპირო, ნავსადგური, მოალერსე ზვირთები“ – ჟორჟ სიმენონი ბათუმზე

„უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ მოვინახულე შავი ზღვის სანაპირო, სხვაგვარად არ შემეძლო, ისე შევიყვარე ეს მხარე. მაშინ აღმოვაჩინე ბათუმი, კავკასიის მთელი მშვენიერება. განა, შეიძლება დაივიწყო სანაპირო, ნავსადგური, ფერების სამხრეთული ზეიმი, მოალერსე ზვირთები… მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ადამიანები არიან. საათობით ვიდექი სანაპიროზე, დავდიოდი ბაზრებში (მიმაჩნია, რომ ბაზარი შესანიშნავი ადგილია დაკვირვებისთვის, აქ ადამიანები ძალიან ბუნებრივად იქცევიან) და არ შემეძლო მათთვის თვალი მომეშორებინა, ენა არ ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი მესმოდა, იმდენად ნათელი და გამომხატველია ჟესტები,“ – ასე იხსენებს ბათუმს ცნობილი ფრანგი მწერალი, ჟორჟ სიმენონი 1986 წელს გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია წიგნად ფონდში დაცული მწერალ ჟორჟ სიმენონის შემოქმედების თანამედროვე გამოცემები და იმ პერიოდის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები, როცა ცნობილი მწერალი ბათუმს ესტუმრა. გამოფენაზე წარმოდგენილია ოთხი უნიკალური ფოტოს პრინტიც იმ ოცდაათიდან, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა ბათუმში ვიზიტისას გადაიღო.

მწერალმა ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმოგზაურა, მის რომანში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ [Les Gens d’en Face] ერთ-ერთ ნაწილში მოქმედება სწორედ ბათუმში ხდება.

ოქტომბერში ბათუმს ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი ესტუმრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით. საჯარო ბიბლიოთეკის გამოფენა მან 9 ოქტომბერს დაათვალიერა და ბათუმში ის ადგილები მოინახულა, სადაც სიმენონის რომანში ხდება მოქმედება. ჯონ სიმენონი ბათუმში 11 ოქტომბრამდე დარჩება.

ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი ბათუმში.

გარდა იმისა, რომ ბათუმი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი ადგილია სიმენონის რომანში ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“, ბათუმში თავსგადამხდარი  ამბები დაედო ასევე საფუძვლად სიმენონის დიდ რომანს ,,ბანანას ტურისტები“. ამის შესახებ მწერალი გაზეთ ,,იზვესტიაში“ 1986 წელს გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ ინტერვიუში ამბობს.

„დავუმეგობრდი ერთ მოხუცს, მას ქალაქში ურმით ბოსტნეული და მწვანილი დაჰქონდა. ისეთი სახე ჰქონდა, ვნანობდი, რომ მხატვარი არ ვიყავი, სხვადასხვა ენის მოშველიებით ჩვენ როგორღაც ვახერხებდით ერთმანეთთან საუბარს. მან მიამბო თავისი ცხოვრების ისტორია და მე დავინახე კეთილშობილება, ჭეშმარიტი ადამიანური ღირსება, რომელსაც ვერაფერი დააკლო ცხოვრების სიძნელეებმა. აი, ეს იყო ნამდვილი ადამიანი, „უბრალო ადამიანი“, ვისგანაც უნდა ისწავლო გაუტეხლობა ცხოვრებაში. მე გავიგე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებას სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

ჩემი საუბრები მოხუცთან საფუძვლად დაედო რომანს „ბანანას ტურისტები“ – ეს არის ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელმაც უარი თქვა ცხოვრებასთან ბრძოლაზე. დიახ, რომანს საფუძველი ჩაეყარა ბათუმში – ჩემი იქაური დაკვირვებებისა და ფიქრების საფუძველზე.

ბათუმში ჩავუფიქრდი მთიელთა ფსიქოლოგიას, მათ ნიჭს, თვითმყოფადობას და ახლებურად შევხედე კავკასიას. ჯერ კიდევ ოციან წლებში სარეკლამო ტურისტული პროსპექტების მიხედვით, დავწერე სათავგადასავლო რომანი, სადაც იყო მზეთუნახავთა მოტაცებაც, მთის ბილიკებზე ცხენთა ჭენებაც და სროლაც… ბათუმში ნანახი და განცდილი ჩემთვის გაკვეთილი იყო მთელი ცხოვრებისათვის,“ – ამბობს ჟორჟ სიმენონი.


მთავარ ფოტოზე: ჟორჟ სიმენონი. ფოტო: spectator.co.uk

ამავე თემაზე:

ჟორჟ სიმენონის უცნობი ფოტოები და რომანი, რომელშიც მოქმედება ბათუმში ხდება

12 და 14 ოქტომბერს “საქართველოს რკინიგზა“ მატარებელებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 12 ოქტომბერს თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან  „საქართველოს რკინიგზა“  დამატებით რეისებს ნიშნავს:

მატარებლები  იმოძრავებენ  შემდეგი განრიგით:

                                      თბილისიბათუმი –  თბილისი   №852/851

            12.10.2019                                                                                      14.10.2019
  გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი
          8:50       14:31       19:15         0:40

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

გზდ-ს აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს თეიმურაზ გელდიაშვილი უხელმძღვანელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური  იყო.

„ამ პოზიციაზე თეიმურაზ გელდიაშვილი თავდაცვის სამინისტროდან გადმოვიდა, თუმცა მას აქვს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც. 2013-2016 წლებში გელდიაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე ასრულებდა მოვალეობას,“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს  ახალი ხელმძღვანელი  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. წარდგენას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მთავარი ფოტო: თეიმურაზ გელდიაშვილი / წარდგენა სამმართველოში / ფოტო: გზდ
გზდ-ს ბათუმის ოფისი. / ფოტო: გზდ

ნობელის პრიზი ლიტერატურაში პოლონელმა და ავსტრიელმა მწერლებმა მიიღეს

ლიტერატურის დარგში ნობელიანტების ვინაობა ცნობილია. ნობელის პრიზის 2018 წლის მფლობელი პოლონელი ავტორი ოლგა ტოკარჩუკი გახდა,  2019 წლის პრიზის მფლობელი კი ავსტრიელი ავტორი – პიტერ ჰანდკე.

ოლგა ტოკარჩუკის შესახებ ნობელის კომიტეტი წერს, რომ  მას პრიზი გადასცეს “წარმოსახვითი ნარატივისთვის, რომელიც ენციკლოპედიური ვნებით წარმოგვიდგენს საზღვრების გადაკვეთას – როგორც ცხოვრების წესს “.

რაც შეეხება პიტერ ჰანდკეს, მას ნობელი გადაეცა “გავლენიანი შრომებისთვის, რომელშიც ლინგვისტური მიგნებებით შეისწავლა ადამიანური გამოცდილების სპეციფიკა და პერიფერიები”.

2018 წელს ნობელის პრემია არ გაიცა, რადგან ნობელის პრემიის აკადემია სექსუალურ და ფინანსურ სკანდალში გაეხვა.  სკანდალის შემდეგ აკადემიის ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა. სკანდალის მიზეზი ფოტოგრაფი და რეჟისორი ჟან კლოდ არნო გახდა. არნო შვედი პოეტის, კატარინა ფრონტენსონის მეუღლეა და ის პრესტიჟული პრემიის აკადემიის წევრად 1992 წელს აირჩიეს. 2017 წლის ნოემბერში ჟან-კლოდ არნო სექსუალურ ძალადობაში 18-მა ქალმა დაადანაშაულა. ძალადობის ადგილად მსხვერპლი ქალები ნობელის აკადემიის დაწესებულებებს ასახელებენ.

პრესტიჟული აკადემიის წევრის მეუღლესთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალის შემდეგ ნობელის კომიტეტმა მალევე მიიღო კატარინა ფრონტენსონის აკადემიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება.

შვედეთის ელჩი ბათუმში ვალენბერგის ქუჩაზე

ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს, შვედი დიპლომატისა და ბიზნესმენის რაულ ვალენბერგის ქუჩაზე გამოფენა მოეწყო, რომელსაც შვედეთის მოქმედი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომიც ესწრებოდა. ასევე აქ იმყოფებოდნენ ბათუმის ებრაული თემის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ამ გამოფენით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს შვედი დიპლომატის დამსახურება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წლებში 10 ათასამდე ებრაელის სიცოცხლე იხსნა ჰოლოკოსტის დროს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, ბათუმში ისევ რომ ვიმყოფები, რადგან მომწონს ეს ქალაქი და  ყველგან ვგულშემატკივრობ. ახლა ჩვენ ვართ რაულ ვალენბერგის ქუჩაზე და რა თქმა უნდა, მშვენიერია, რომ მის სახელს ატარებს ეს ქუჩა, რადგან ვალენბერგმა თავისი გმირობით გვაჩვენა ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაც უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას. ასევე, ის, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი გმირობები“, –  თქვა ულრიკ ტიდესტრომმა „ბათუმელებთან“.

ის მოგვიყვა ახალგაზრდა ელჩზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელებისთვის შვედური დამცავი პასპორტები შექმნა, რისი წყალობითაც 10 ათასამდე ებრაელმა შეძლო თავის გადარჩენა ფაშისტური რეჟიმისგან.

გამოფენას ესწრებოდნენ ბათუმში მცხოვრები ებრაელები და ებრაელთა დიასპორის ხელმძღვანელი ემილ კრუპნიკიც.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

წყაროების მიხედვით, ვალენბერგმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო [აქ ის შვედეთის ელჩი იყო] 4 500 პასპორტის გაცემის აუცილებლობაში დაარწმუნა, „თუმცა რეალურად უფრო მეტი პასპორტი გაიცა, რითაც დევნაში მყოფი ებრაელები ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას“.

ვალენბერგმა საერთაშორისო აღიარება მიიღო. 1981 წელს ის რიგით მეორე ადამიანი გახდა, რომელსაც აშშ-ის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ვალენბერგი საპატიო მოქალაქედ ცნო კანადამ და ისრაელმაც.

მსოფლიოში ვალენბერგისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტია სხვადასხვა ქალაქში აღმართული. მისი ისტორია შესულია წიგნებში, მუსიკალურ ნაწარმოებებში, მის სახელს ატარებს ბევრი ქუჩა, სკოლა და დაწესებულება, გადაღებულია არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.

2012 წელს ვალენბერგის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა. სწორედ ამ წელს მიენიჭა ბათუმში ნავსადგურის შესახვევს შვედი დიპლომატის სახელი, რომელიც სიმბოლოა რასიზმთან ბრძოლის, სიმამაცისა და გამბედაობის.

წყაროების მიხედვით, 1945 წელს, ბუდაპეშტში შესვლის დროს, საბჭოთა სამხედროებმა ვალენბერგი დააკავეს. რა ვითარებაში გარდაიცვალა ვალენბერგი, ეს დღემდე გაურკვეველია. „რუსული მხარე აცხადებდა, რომ ვალენბერგი 1947 წელს საბჭოთა ციხეში გარდაიცვალა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს“, – წერია წყაროებში.

რაულ ვალენბერგის მემორიალი მისივე სახელობის ქუჩაზე ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ერთ-ერთი ვერსიით, რაულ ვალენბერგის ლიკვიდაცია უშუალოდ სტალინის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მითითებით მოხდა.

„რაულ ვალენბერგის ოჯახის წევრები დღემდე ითხოვენ რუსეთის ხელისუფლებისგან საიდუმლო საარქივო მასალებზე წვდომას, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი იმ ადამიანის გარდაცვალების დეტალებს, რომელსაც ძეგლი უდგას დედამიწის ყველა კონტინენტზე“, – ნათქვამია კვლევებში.

ამის მიუხედავად, ვალენბერგის გარდაცვალების წლად მიჩნეულია 1947 წელი, რასაც ამყარებს 2016 წელს აღმოჩენილი მაშინდელი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სადღიურო ჩანაწერებიც.

„ვალენბერგი საჭირო ადამიანი იყო, საჭირო ადგილას და საჭირო დროს“, – წერდა მის შესახებ შვედი დიპლომატი პერ აგნერი, რომელმაც 1945 წელს ვალენბერგს უსაფრთხო ადგილას წასვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „არჩევანი არ მაქვს. ამ დავალების შესრულებას დავთანხმდი და სტოკჰოლმში ვერასდროს დავბრუნდები, თუ არ მეცოდინება, რომ იმდენი ებრაელი გადავარჩინე, რამდენის ხსნაც ადამიანის ძლებს არ აღემატებოდა“, – წერდა ის აგნერს.

მეორე მსოფლიო ომის დროს რაულ ვალენბერგმა ჰოლოკოსტისგან ათი ათასამდე ებრაელი გადაარჩინა

ელჩ ულრიკ ტიდესტრომის თქმით, ვალენბერგის ქუჩის არსებობა ბათუმში კიდევ ერთხელ აჩვენებს მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და შვედეთს შორის.

შვედეთის ელჩი მეოთხედ იმყოფება ბათუმში. დღეს ის რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებსაც შეხვდება, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც ისაუბრებენ ქალაქის განვითარებასა და იმ გარემოსდაცვით პროექტებზე, რომლებსაც შვედეთის საელჩო ახორციელებს ჩვენს რეგიონში.

„მე ძალიან მიყვარს ბათუმი, აჭარა, მიყვარს ეს ქალაქი მისი კულტურული მემკვიდრეობა, ზღვა, კლიმატი, სამზარეულო და რაც მთავარია, სტუმართმოყვარე ადამიანები“, – გვითხრა ელჩმა.

რაულ ვალენბერგი ელჩად მუშაობის დროს. გვერდით, მისი ბავშვობის და პასპორტის ფოტო.

აფეთქება ავსტრიაში, აეროპორტის ტერიტორიაზე – დაშავებულია 9 ადამიანი

ავსტრიაში, ლინცში, ჰიორშინგის აეროპორტის ტერიტორიაზე, დღეს, 10 ოქტომბერს, აფეთქება მოხდა. „ბიბისის“ ცნობით, დაშავებულია მინიმუმ 9 ადამიანი, ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ სამ დაშავებულს სერიოზული ტრავმები აღენიშნება.

„ბიბისი“ წერს, რომ აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ზუსტდება ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა ნაგვის უტილიზაციის საამქროში, სადაც აფეთქების დროს 23 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარს აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე ებრძვიიან.

დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტერიტორიაზე, სადაც აფეთქება მოხდა, ძლიერი დაკვამლიანება აღინიშნება, თუმცა აეროპორტი აგრძელებს მუშაობას.

____________
მთავარი ფოტო: აფეთქება აეროპორტის ტერიტორიაზე, Westdeutsche Zeitung 
Exit mobile version