სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების ბრალდებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს.
„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.
ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს,“ – წერს უსაფრთხოების სამსახური.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
ბუჩასა და იაგიდნეში რუსული ჯარების გასვლის შემდეგ ორი ჟურნალისტის – რომან ნეჟიბორეცისა და ზორესლავ ზამოისკის ცხედრები იპოვეს.
რომან ნეჟებორეცის ცხედარი ადგილობრივებმა კიევიდან 140 კილომეტრში მდებარე სოფელ იაგიდნეში აღმოაჩინეს, ზორესლავ ზამოისკის კი – ბუჩაში.
რუსმა სახედროებმა სოფელი იაგიდნე 5 მარტს დაიკავეს. იქ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა რომანიც, რომელმაც ქალაქი ჩერნიგოვი 24 თებერვალს დატოვა და თავი სოფელს შეაფარა. კერძო ტელეკომპანია „დიტინეცის“ დირექტორის, ტატიანა ზდორის თქმით, რომან ნეჟებორეცი არხისთვის იაგიდნედან მუშაობდა მანამ, სანამ სოფელს რუსი სამხედროები დაიკავებდნენ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი წერს, რომ ოკუპაციის დღეს რომანი ცდილობდა გადაღებული მასალები გადაერჩინა. ის რუსმა სამხედროებმა სწორედ მაშინ დაიჭირეს, როდესაც დედას დაურეკა და სთხოვდა, მისი კოლეგებისთვის მიეწვდინა ხმა.
6 აპრილს, როდესაც რუსეთის ჯარები გავიდნენ, სოფელში, საერთო სამარხში, უკრაინელმა მოხალისეებმა ჟურნალისტის ხელებშეკრული ცხედარი იპოვეს. მას მუხლები ჰქონდა დაცხრილული. რომანის ოჯახი ფიქრობს, რომ ის 5-9 მარტის დღეებში მოკლეს.
ზორესლავ ზამოისკის ცხედარი ბუჩის მცხოვრებლებმა ქუჩაში იპოვეს. ვებსაიტ „გრომადა პრიირპინიას“ დამფუძნებლის, ირინა ფედოროვის ინფორმაციით, ზამოისკი მისი გამოცემისთვის ბუჩიდან და ირპენიდან ფრილანსერად მუშაობდა. ჟურნალისტი აქტიურად აშუქებდა ომს ფეისბუკის პერსონალურ გვერდზეც. მისი ბოლო პოსტი 4 მარტით თარიღდება.
რუსულმა ძალებმა ბუჩა 27-31 მარტის დღეებში დაიკავეს. 12 აპრილს კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის პერიოდის 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს.
პრორუსული „უკვდავი პოლკი“ და ამ ორგანიზაციის 3 წლის წინანდელი განცხადება გაახსენა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს. 3 წლის წინ – 2019 წლის 19 აპრილს აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. „უკვდავი პოლკი“ კი მაშინ ამ აქტს გამოეხმაურა.
„იმპიჩმენტზე ყველაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა „უკვდავმა პოლკმა“, რუსული დეზინფორმაციისა და იდეოლოგის ამ განშტოებამ. დაწერეს აი, ეს, რომ გაიმარჯვეს,“ – საბოლოო რეპლიკის თქმის დროს მოსამართლის წინ წითელი ფურცლით დადგა ნათია კაპანაძე, რომელზეც „უკვდავი პოლკის“ 3 წლის წინანდელი სტატუსი იყო ამობეჭდილი.
„მე მჯერა, რომ უსამართლობასთან ბრძოლა მხოლოდ სამართლიანობით არის შესაძლებელი…“ – დასძინა ნათია კაპანაძემ და მოსამართლეს გაუმეორა, რომ ისევ აპირებს იმუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის.
დღეს, 13 აპრილს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაასრულა. მოსამართლე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს 6 მაისს გამოაცხადებს.
მხარეთა საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ საიას იურისტებმა მოსამართლეს შეახსენეს, რომ გადაწყვეტილება ამ საქმეზე იმავდროულად იქნება „სტანდარტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით“.
„ნათია კაპანაძისთვის იმპიჩმენტის სხდომაზეც კი გაურკვეველი იყო, რომელი მრჩეველი რაში სდებდა ბრალს. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მრჩეველთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი თურმე იმპიჩმენტის 17-ივე საკითხს არ ეთანხმებოდა, მაგრამ უნდობლობის შესახებ გამოცემულ აქტს განსხვავებული აზრიც კი არ ახლდა“, – მიმართა მოსამართლეს საიას იურისტმა, ირმა აბაშიძემ. საია სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.
„სათანადო გამოკვლევის გარეშე“ – იურისტებმა საბოლოო სიტყვაში რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს ამ გარემოებას, რის გამოც, მათი შეფასებით, იმპიჩმენტის შესახებ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „დაუსაბუთებელი და უკანონოა“.
მაგალითად, ბიუჯეტის არამიზნობრივი და დაუსაბუთებელი ხარჯვა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველი გახდა მიუხედავად იმისა, რომ შიდა და გარე აუდიტს დარღვევები არ დაუდგენია.
„შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ეს იყო დარღვევა“, – ნატა იმედაიშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება გაიხსენა იურისტმა ირმა აბაშიძემ.
იურისტმა პაატა დიასამიძემ კი გიგა ჩხარტიშვილი პირდაპირ სიცრუეში ამხილა. ის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო, ახლა კი ბორდის თავმჯდომარეა.
„მან თქვა, რომ, მაგალითად, ტექნიკოსებს შრომის ანაზღაურება შეუმცირდათ მაშინ, როცა სამუშაო აღწერილობაში არაფერი შეცვლილა. სასამართლოს კი, გია ქარცივაძემ [ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი] მიაწოდა ინფორმაცია, რომ ტექნიკოსების სამუშაო დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტით შემცირდა მას შემდეგ, როცა ტელე-რადიოცენტრი შეიქმნა და სატელევიზიო ანძები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა… გიგა ჩხარტიშვილმა ამის შესახებ იცოდა. თუ არ იცოდა მით უარესი, რადგან ის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
სასამართლო სხდომა
შესაბამისად, სიმართლე არის ის, რომ სამუშაოს აღწერილობა შემცირდა 80 პროცენტით და ტექნიკოსების შრომის ანაზღაურება შემცირდა 20 პროცენტით“, – აღნიშნა პაატა დიასამიძემ.
მრჩეველთა საბჭოს ინტერესების დამცველმა თამარ კეკელაშვილმა ფინანსების ხარჯვაზე დასძინა, რომ ტელევიზიის ბიუჯეტის კანონიერ და მიზნობრივ ხარჯვას შესაბამისობის აუდიტი ადგენს და არა გარე აუდიტი, რაც არ ჩატარებულა. ღიად დარჩა შეკითხვა მაშინდელი ბორდის მისამართით: თუ არ არსებობს მტკიცებულება, რის საფუძველზე მიედავნენ ტელევიზიის ყოფილ დირექტორს, ბიუჯეტის უკანონო და არამიზნობრივ ხარჯვაზე?
საიას კიდევ ერთი იურისტი, ილონა დიასამიძე სატელევიზიო რეიტინგებს შეეხო, როგორც იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძველს – ბორდი მიიჩნევდა, რომ აჭარის ტელევიზიის რეიტინგი შემცირდა და ამიტომაც დაუჭირეს მხარი იმპიჩმენტს.
იურისტმა ილონა დიასამიძემ მოსამართლეს ის დღე გაახსენა, როცა სატელევიზიო რეიტინგების ანალიტიკოსმა, თამარ მოცრაძემ მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ რეიტინგების კლება მოსალოდნელიც იყო, რადგან აჭარის ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს უარი თქვა სერიალებისა და მხატვრული ფილმების მექანიკურ ჩვენებებზე.
„ტელევიზიამ უარი თქვა მექანიკაზე და არჩია ცოცხალი ხაზი, ანუ საკუთარი გადაცემების მომზადება“, – უთხრა მოწმემ მოსამართლეს.
„რეიტინგის შემცირება აჩვენებს იმას, რომ სატელევიზიო ბადე არაპროფესიონალურად იყო შედგენილი“, – უპასუხა მოსარჩელეს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ინტერესების დამცველმა, თამარ კეკელაშვილმა. მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მის ამ ნათქვამს დაადასტურებდა.
იმპიჩმენტის მორიგ საფუძვლად ტელევიზიის მაშინდელმა ბორდმა პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა დაასახელა.
„ეს არ არის სიმართლე, რადგან ეს იყო მუშა პროცესი…“ – აღნიშნა ილონა დიასამიძემ და სცადა აეხსნა, რა უნდა ითვლებოდეს „პრიორიტეტების შესრულებად“. მაგალითად, თვითმმართველობის შესახებ პრიორიტეტის შესრულება არ ნიშნავს იმას, კონკრეტულ გადაცემას დაარქვა „თვითმმართველობა“. მნიშვნელოვანია, ამ პრობლემებზე ისაუბრო.
„რამდენიმე გადაცემა შეიქმნა, რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი თვითმმართველობების პრობლემების ანალიზი…“ – აღნიშნა ილონა დიასამიძემ.
„დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემა“ – ბორდს თავის დროზე იმპიჩმენტის კიდევ ერთ საფუძვლად ეს აქვს მითითებული. ამ ნაწილში მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია ნათია კაპანაძემ არ გაითვალისწინა, რადგან ჩათვალა, რომ ეს „უსამართლო სქემა“ იქნებოდა.
ბორდის შეთავაზება იყო, რომ მაუწყებლის თანამშრომლებს განსხვავებული პროცენტული ზრდა ჰქონოდათ.
„მაგრამ არ იყო მკაფიო გათვლა, რა იყო ეს სქემა და რა შედეგი დადგებოდა“, – ამბობს ნათია კაპანაძე.
მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა სასამართლოს უთხრეს, რომ სამართლიანი შრომის ანაზღაურების სისტემა ტელევიზიაში ახლაც არ აქვთ.
„ეს იყო რეკომენდაცია, მან იმოქმედა თავისი დისკრეციის ფარგლებში“, – დასძინა იურისტმა ილონა დიასამიძემ.
მრჩეველთა საბჭოს შეფასებით კი, ნათია კაპანაძეს ბორდის გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა აემოქმედებინა შრომის ანაზღაურების ახალი პრინციპი.
ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტის მიზეზად ასევე დაუსახელეს „ირაკლი ბარამიძის საქმე“. ის ნათია კაპანაძემ ტელევიზიიდან გაათავისუფლა, რადგან მისი ინფორმაციით, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის ტექნიკას არამიზნობრივად იყენებდა. სასამართლომ ირაკლი ბარამიძე სამსახურში აღადგინა.
„მაგრამ სასამართლოს არ უთქვამს, რომ დარღვევა არ იყო“, – ამ ნაწილს ხაზი გაუსვა იურისტმა ილონა დიასამიძემ და განაგრძო, – „სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლება იყო ზედმეტად მკაცრი ღონისძიება“, – დაასრულა ილონა დიასამიძემ.
„უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“ უწოდა მრჩეველთა საბჭოს იურისტმა, თამარ კეკელაშვილმა ნათია კაპანაძის საჩივარს. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ კანონი არ ითხოვს წინაპირობას „უნდობლობის გამოცხადების დროს“.
ეს მრჩეველთა საბჭოს იურისტმა საპაექრო სიტყვის დასაწყისშიც შეახსენა მოსამართლეს და ბოლოშიც.
„ამის მიუხედავად, მრჩეველთა საბჭომ გამოიკვლია ყველა საფუძველი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თამარ კეკელაშვილმა.
„ის არ ითვალისწინებდა პროფესიონალურ რჩევებს“, – დასძინა მრჩეველთა საბჭოს იურისტმა და ამის მაგალითად საბავშვო თემატიკაზე მომზადებული გადაცემები მოიყვანა. მრჩეველთა საბჭოს შეფასებით, ამან ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გარდა, „მაუწყებლის იმიჯიც დააზიანა“.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ სასამართლოს დაენახა მენეჯერის გულწრფელობა და მცდელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის,“ – მიმართა მოსამართლეს ნათია კაპანაძემ. მან ასევე თქვა, რომ მაუწყებელთან დაკავშირებული პროცესების „ტკივილები არასდროს დაავიწყდება“, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბედნიერია.
„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმით, რასაც მივაღწიე აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. ბედნიერი ვარ იმ შესაძლებლობით, რომ აღმოვაჩინე, არსებობს შანსი – საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ბედნიერი ვარ იმით, რა წინააღმდეგობაც შემხვდა ამ პროცესში, რადგან ზუსტად ვიცი, მომავალში როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
თქვენ თუ მკითხავთ, ბატონო მოსამართლევ, რატომ იმეორებენ ადამიანები ბრალდებებს, ცილისწამებას, რატომ აკეთებენ ამას? – მე ვერ გიპასუხებთ, არ მაქვს პასუხი, რადგან თვითონ მოღალატე არ ვყოფილვარ.
მაგრამ თუ მკითხავთ, შენ, ნათია კაპანაძე რატომ აკეთებ ამას? – გიპასუხებთ, რომ ვმუშაობ საზოგადოებისთვის, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურები, რომ ეს არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.
როდესაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაინახოს ის საჭიროებები, რომლის წინაშეც ახლა დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. გამოწვევები კი, ბევრია,“ – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.
————–
ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.
აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ კი, 9 სარჩელია შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის რედაქციას იძულებით ჩამოშორებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს 2020 წელს მიმართეს, ამ დრომდე სარჩელების დიდი ნაწილის განხილვა არც კი დაწყებულა.
CNN-ი უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან წერილობით ინტერვიუს აქვეყნებს. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ თარგმანს.
____
იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ხდება, როგორ უძლებთ თქვენ და თქვენი ოჯახი?
ეს თოკზე სიარულს ჰგავს: თუ იმაზე ფიქრს დაიწყებ, როგორ უნდა გააკეთო ეს, მაშინ დროსა და ბალანსს დაკარგავ. უბრალოდ წინ უნდა წახვიდე და აკეთო ის, რასაც აკეთებ. რამდენადაც ვიცი, სწორედ ასე უძლებს ყველა უკრაინელი.
ბევრი, ვინც ბრძოლის ველს მარტო გამოექცა, ვინც სიკვდილი ნახა, ამბობს, რომ მთავარი გამოსავალი მოქმედება, რამის კეთება, რათა ვიღაცისთვის გამოსადეგი იყო.
როცა პირველი ლედი გახდით, თქვენ დადეთ პირობა, რომ ბავშვებს თქვენი საქმიანობის ცენტრალურ ნაწილად აქცევდით. რამდენად გამანადგურებელია უკრაინელი, მათ შორის თქვენი საკუთარი ბავშვების ომის ზონაში ტანჯვის ყურება?
და ასეც იყო. ბავშვები და მათი საჭიროებები ჩემი საქმიანობის მთავარი სფერო იყო, ყველა უკრაინელისთვის თანაბარი უფლებების დანერგვასთან ერთად. ომამდე ჩვენ დავიწყეთ სკოლაში კვების რეფორმა, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვამზადებდით, რათა კვება სკოლაში გაგვეხადა ერთდროულად გემრიელი და ჯანსაღი.
მეკითხებით ახლა როგორ ვგრძნობ თავს? მე ვგრძნობ, რომ წლებით და დეკადებით უკან დაგვხიეს.
ახლა ჩვენ ჯანსაღ საკვებზე კი აღარ ვსაუბრობთ, არამედ ზოგადად, საკვებზე. ახლა ყველაფერი ჩვენი ბავშვების გადარჩენას ეხება! ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ისეთი დისკუსიები, როგორც ადრე გვქონდა, თუ რომელია სკოლებისთვის საუკეთესო ინვენტარი. ამის ნაცვლად მილიონობით ბავშვის განათლების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
ჩვენ არ შეგვიძლია ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი, ნომერ პირველი მიზანი საერთოდ მათი გადარჩენაა.
ჩვენი ბავშვების ნახევარი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. ათასობით მათგანი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაზიანდა. 23 თებერვალს [რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე] ისინი ჩვეულებრივი ევროპელი მოსწავლეები იყვნენ განსაზღვრული საგაკვეთილო ცხრილითა და არდადეგების გეგმებით.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სახლი ააშენეთ, გაარემონტეთ და ეს-ესაა დადგით ყვავილები ფანჯრის რაფაზე. ახლა კი ეს სახლი დანგრეულია და ამ ნანგრევებზე თქვენ ცეცხლი უნდა დაანთოთ, რომ სითბო შეინარჩუნოთ.
სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ბავშვთა პოლიტიკას და ზოგადად თითოეულ ოჯახს დაემართა.
მოგვიყევით იმ საქმიანობაზე, რასაც თქვენ უკრაინელი ქალი და ბავშვი დევნილების დასახმარებლად აკეთებთ. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოს ამ ფრონტზე დასახმარებლად?
ახლა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ. ზაფხულში შევქმენით მსოფლიოს პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტი და ახლა ჩემი კოლეგები ნამდვილი მოკავშირეები არიან ამაში.
პირველ რიგში ჩვენ მოვახდინეთ ყველაზე მოწყვლადების [ბავშვები, რომლებსაც სიმსივნე აქვთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ობლები] ევაკუირება იმ ქვეყნებში, რომლებიც დაგვთანხმდნენ მიეღოთ ისინი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. მთავარი მიმართულება პოლონეთზე გადის და შემდგომ იქიდან სხვა ევროპული ქვეყნებისკენ.
მეორე – უკრაინაში შემოგვაქვს ინკუბატორები ახალდაბადებული ბავშვების დასახმარებლად, იმ ქალაქებში, რომლებიც რუსების მიერ იბომბება. ბევრ ჰოსპიტალში ელექტროენერგია ითიშება და ბავშვების სიცოცხლე საფრთხეშია. ამიტომ გვჭირდება მოწყობილობები, რომლებიც შეუფერხებლად შეძლებს სიცოცხლის გადარჩენას. ორი ასეთი უკვე მივიღეთ და კიდევ ერთი ინკუბატორის მოწოდებაა დაგეგმილი.
მესამე – ვაჩქარებთ დევნილების – ბავშვებისა და მათი დედების ახალ ადგილებზე ადაპტაციას, რადგან მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება არ კმარა. ბავშვებს სჭირდებათ დაჩქარებული სოციალიზაცია და სკოლები ახალ ადგილზე. კონკრეტულად, ეს ეხება ათასობით აუტისტ ბავშვს, რომლებიც საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ. ახლა ვმუშაობთ, რომ გავამარტივოთ მათი წვდომა გაკვეთილებზე, სხვა შემთხვევაში მათი განვითარება უბრალოდ გაჩერდება.
საელჩოებთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიებების კოორდინირებას ვახდენთ. რამდენიმე საერთაშორისო კონცერნმა უკვე შეაგროვა ფული უკრაინელთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
გქონდათ თუ არა შესაძლებლობა ქმარი გენახათ, მას შემდეგ რაც კონფლიქტი დაიწყო?
ვოლოდიმირი და მისი გუნდი რეალურად პრეზიდენტის ოფისში ცხოვრობენ. საფრთხის გამო, მე და ჩემ შვილებს იქ დარჩენა აკრძალული გვაქვს. ასე რომ თვეზე მეტია მხოლოდ ტელეფონით გვაქვს კომუნიკაცია.
მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია თქვენი ქმრის ლიდერობით ომის დროს უკრაინაში. თქვენ მასზე 2003 წელს იქორწინეთ და უნივერსიტეტში სწავლის დროიდან იცნობთ. ყოველთვის იცოდით, რომ მას ლიდერის თვისებები გააჩნდა?
ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იყო და იქნებოდა ჩემი საიმედო მხარდამჭერი. შემდეგ ის გახდა შესანიშნავი მამა და ჩვენი ოჯახის მხარდამჭერი. და ახლაც, მან იგივე თვისებები აჩვენა. ის არ შეცვლილა. ახლა უბრალოდ უფრო მეტი ადამიანი ხედავს მას ჩემი თვალებით.
თქვენ გყავთ 19 წლის ქალიშვილი – საშა და 9 წლის ვაჟი – კირილო. როგორ აუხსენით მათ ომის შესახებ? ისინი თქვენთან რჩებიან?
საბედნიეროდ, ბავშვები ჩემთან ერთად არიან. და როგორც ვთქვი, როდესაც არსებობს ვიღაც, ვისზეც უნდა იზრუნო, ეს ძალიან გეხმარება დისციპლინაში. სხვათა შორის ეს ეხება ბავშვებსაც – ამ დროის განმავლობაში ისინი ძალიან გაიზარდნენ და ასევე გრძნობენ პასუხისმგებლობას ერთმანეთისა და მათ გარშემო მყოფთა მიმართ.
განსაკუთრებულის ახსნა არ გამხდარა საჭირო. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ იმ ყველაფერზე, რაც ხდება.
როდესაც ვუყურებ ბავშვების ინტერვიუებს ბუჩადან ან ვისმენ ჩემი მეგობრების ისტორიებს მათი შვილების შესახებ, ვხვდები, რომ ბავშვები ყველაფერს იგებენ არანაკლებ კარგად, ვიდრე ზრდასრულები. ისინი უყურებენ არსს. როგორც ერთმა ბავშვმა თქვა: „რატომ გვექცევიან რუსები ასე ბოროტად? ალბათ, მათ სახლში სცემდნენ?“
როგორც განცხადებული იყო, თქვენი მეუღლის შემდეგ თქვენ ხართ რუსული ძალების მეორე სამიზნე. როგორ ინარჩუნებთ გადაწყვეტილებას ასეთი საფრთხის წინაშე? რამ გადაგაწყვეტინათ უკრაინაში დარჩენა?
რატომღაც, განუწყვეტლივ მეკითხებიან ამას. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ცხადი გახდება, რომ რუსებისთვის ყველა უკრაინელი სამიზნეა: ყველა ქალი, ყველა ბავშვი.
ისინი, ვინც გასულ დღეს კრამატორსკიდან ევაკუირების მცდელობისას რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა, არ ყოფილან საპრეზიდენტო ოჯახი, ისინი უბრალოდ უკრაინელები იყვნენ. ასე რომ, მტრის ნომერ პირველი სამიზნე არის ყველა ჩვენგანი.
თქვენი ქმარი პირდაპირ რუსულად ესაუბრებოდა რუს ხალხს, მაგრამ აშკარად რთულია მათთვის ხმის მიწვდენა. თქვენი ხალხის მიმართ ჩადენილი სისასტიკის გათვალისწინებით, გაქვთ თუ არა მესიჯი, განსაკუთრებით რუსი დედებისა და ცოლებისთვის, რომელიც ფიქრობთ, რომ მათ ახლავე უნდა მოისმინონ?
რუსული პროპაგანდის დონეს ხშირად ადარებენ გებელსის პროპაგანდას მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ჩემი აზრით, ეს აღემატება, რადგან მეორე მსოფლიო ომში არ იყო ინტერნეტი და ინფორმაციაზე წვდომა, რაც ახლაა.
ახლა ყველას შეუძლია დაინახოს ომის დანაშაულები. მაგალითად, რუსების მიერ ბუჩაში ჩადენილი, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეების ხელებშეკრული ცხედრები უბრალოდ ელაგა ქუჩებში.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსებს არ სურთ ნახონ ის, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს, რათა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ. ყოველივე ამის შემდეგ, უფრო ადვილია თქვა: „ეს ყველაფერი ყალბია“, წახვიდე და ყავა დალიო, ვიდრე წაიკითხო კონკრეტული ადამიანის ისტორია, რომელიც გარდაიცვალა, შეხედო მის ნათესავებს და მეგობრებს, რომლებიც მწუხარებაში არიან.
მაგალითად, წაიკითხო ერთ-ერთი მსხვერპლი ქალის ისტორია ბუჩადან, ტატიანას, რომელსაც რუსული ტყვია ესროლეს, ხოლო მის ქმარს, რომელმაც დამპყრობლებს ცხედრის წაღება სთხოვა, სცემეს და გათოკეს.
როგორ დავანახოთ რუსებს ეს? უფრო და უფრო ვიხრები იმ აზრისკენ, რომ სამწუხაროდ, – არანაირად, ისინი ბრმა მორწმუნეები არიან.
მათ არ სურთ გაიგონონ და დაინახონ. მე მათ აღარ მივმართავ.
უკრაინისთვის ახლა მთავარი ისაა, რომ მთელი მსოფლიო გვისმენს და გვხედავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ომი არ გახდეს „ჩვეული“, რათა ჩვენი მსხვერპლები არ იქცნენ სტატისტიკად. სწორედ ამისთვის ვესაუბრები ხალხს უცხოური მედიის საშუალებით.
არ შეეჩვიოთ ჩვენს გლოვას!
თქვენ სოციალურ ქსელებს იყენებთ უკრაინელი ჯარისკაცებისა და უკრაინის წინააღმდეგობისთვის პატივისცემის გამოსახატ პლატფორმად. რამდენად ამაყობთ თქვენი ქვეყნით – კონკრეტულად იმით, რასაც თქვენ უკრაინული წინააღმდეგობის „ქალური სახე“ უწოდეთ?
ომის პირველივე დღეს ნათელი გახდა, რომ არ იყო პანიკა. დიახ, უკრაინელებს არ სჯეროდათ, რომ ომი დაიწყებოდა – ჩვენ ცივილიზებული დიალოგის გვჯეროდა. მაგრამ როდესაც თავდასხმა განხორციელდა, ჩვენ არ ვქცეულვართ „შეშინებულ ბრბოდ“, როგორც ამას მტერი იმედოვნებდა. არა. ჩვენ ვიქეცით ორგანიზებულ თემად.
ყველა პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირება, რაც ყველა საზოგადოებაში არსებობს, ერთბაშად გაქრა.
მე ყოველ დღე ვხედავ მაგალითებს და არ დავიღლები ამაზე წერით, დიახ, უკრაინელები წარმოუდგენლები არიან.
და მართლაც, ბევრს ვწერ ჩვენს ქალებზე, რადგან ყველგან მონაწილეობენ. არიან შეიარაღებულ ძალებში და თავდაცვის ძალებში, უმეტესობა მედიკოსია. და ქალები არიან ისინი, ვისაც ბავშვები და ოჯახები სამშვიდობოზე გაჰყავთ.მხოლოდ მათ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა.
ასე რომ, მათი როლი გარკვეულწილად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე კაცების. ეს თანასწორობაზე მეტია!
24 თებერვლიდან ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა კი რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, 20 მარტამდე პერიოდში, საქართველოში 35 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ბათუმში ცხოვრობს, რაც განსაკუთრებით ქალაქის ცენტრშია შესამჩნევი.
რა ენაზე ურთიერთობენ კაფე-ბარების, რესტორნების, სილამაზის სალონების და მომსახურების სხვა სფეროების თანამშრომლები რუსეთის მოქალაქეებთან უკრაინის ომის შემდეგ და მათი შეფასებით, რა განწყობები აქვთ საერთაშორისო სანქციებს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ამ სფეროში დასაქმებულებს ესაუბრა.
ნინი გერგეშანია ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ კაფე „პიატოში“ მუშაობს. ის ყოველდღიურად ხვდება რუსეთის მოქალაქეებს კაფეში.
„შემოდიან, ამბობენ – „გამარჯობა“ და შემდეგ რუსულად აგრძელებენ საუბარს. არ გეკითხებიან, იცი რუსული თუ არა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, არ მაქვს სურვილი რუსულად ველაპარაკო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს“, – გვეუბნება ნინი.
ის ფიქრობს, რომ რუსებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, როცა მათივე ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ჩადიან სტუმრად.
„მათ ჯერ კიდევ აქვთ განწყობა, რომ აქ, საქართველოში, ყველა რუსულად დაელაპარაკება. ჩემს პრაქტიკაში სულ ორი შემთხვევა იყო, როცა რუსეთის მოქალაქემ მკითხა, რა ენაზე მსურს, რომ დაველაპარაკო. სხვა შემთხვევა არ მქონია.
პირველი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ბუნებრივია, ქართულად ვესალმებით. ამის მიუხედავად, ის მაინც რუსულად მელაპარაკება. ინგლისურად ვეკითხები, ის მაინც რუსულად მცემს პასუხს“, – ამბობს ნინი.
ნინი გერგეშანია, კაფე „პიატოს“ თანამშრომელი.
მისი თქმით, ხშირად რთულია ვიზუალურად გაარჩიო კაფეში შესული ადამიანი უკრაინელია, ბელორუსი თუ რუსი, თუმცა ქართულად მისალმების შემდეგ, მომსახურებას ინგლისურ ენაზე სთავაზობენ სტუმრებს.
„უკრაინის ომის შემდეგ თითქოს აღარ აქვთ ისეთი რიხი რუსებს, როგორც მანამდე. ადრე უფრო ჰქონდათ პრეტენზიები, რომ რუსულად გველაპარაკა მათთან. ახლა ასე ძალიან ვეღარ ბედავენ.
ჩვენ უკრაინაში ომის პირველი დღიდან ვცდილობთ ვაგრძნობინოთ რუსებს ჩვენი განწყობა, იქნება ეს უკრაინის დროშები მაგიდებზე, სამკერდეები თუ მენიუზე რაღაც განაცხადი, რადგან ვფიქრობთ, რომ მათაც აკისრიათ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინასა და საქართველოში.
გვქონდა ორი შემთხვევა, როცა რუსებმა გააპროტესტეს მაგიდაზე უკრაინის დროშა. გვითხრეს, რომ ჩვენ თურმე არ გვაქვს სწორი ინფორმაცია რა ხდება უკრაინაში. ჩვენ ვერ მივიღებთ მათ პროტესტს. თუ ვინმე მოითხოვს, რომ უკრაინის დროშა ავიღოთ, მათ არ მოვემსახურებით“, – ამბობს ნინი.
მისი აზრით, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული აქვს და არსებობს რეალური საფრთხეები უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ვალდებულება, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს მათსავე ენაზე ელაპარაკონ.
„ზოგჯერ ისეთი მბრძანებლური ტონი აქვთ, ვფიქრობ ხოლმე, მე ხომ არ ვარ სტუმარი ჩემსავე ქვეყანაში? შესაძლოა ყველა რუსი არ იზიარებდეს იმას, რასაც მათი ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ თუ ასეა, ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა გააკეთონ ამის შესაცვლელად.
იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისთვის. მინიმუმ, თანაგრძნობის ან სირცხვილის განცდა უნდა ჰქონდეთ იმ ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიაც მიიტაცეს. ჩვენ ბევრი ტკივილი გადავიტანეთ მათი ქვეყნის გამო, ბევრი სისხლი დავღვარეთ და ამაზე უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას, მათ სახეზე, საუბარში კი მე ამ სინანულს ვერ ვხედავ“, – ამბობს ნინი გერგეშანია.
მისი აზრით, კარგი იქნება, თუ მომსახურების სექტორს ერთიანი პოზიცია ექნება და პროტესტის ნიშნად რუსებს არ დაელაპარაკებიან რუსულად. თუმცა ასეთი შეთანხმების მიღწევა რთულად ეჩვენება.
„სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ რუსეთი ნამდვილად მტერია, იმაზე, რაც ობიექტური მოცემულობაა. ამიტომ რუსულად საუბრის თემაც ნაკლებად მიღწევადი მგონია“, – გვეუბნება ნინი.
რუსუდან დევაძე, კონსულტანტი
რუსუდან დევაძე ბათუმის ცენტრში, ერთ-ერთ პატარა მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად. უცხოელ სტუმრებს ძირითადად ინგლისურად ეკონტაქტება, თუმცა ამბობს, რომ რუსები მაინც რუსულ ენაზე ცდილობენ კომუნიკაციას.
„ერთ,ი რაც ქართულად იციან, არის „გამარჯობა“. ამას ამბობენ პირველად და შემდეგ მაინც რუსულად ცდილობენ საუბარს.
არ გეკითხებიან – „რუსული იცით?“ ბევრმა არ იცის ინგლისური ენა, ამიტომ ჟესტებით გვეკონტაქტებიან, იღებენ საკვებს ან ნივთს, რისი შეძენაც სურთ და გვაჩვენებენ. ან თითო-ოროლა ინგლისური იციან და ვხვდებით, რაც უნდათ.
გუშინ იყო რუსეთის ორი მოქალაქე შემოსული, საკმაოდ უხეშები იყვნენ, სალაროსთან მივანიშნე, რომ ქართულად უნდა ისაუბროთ-მეთქი და მიპასუხეს – „გუშინ ჩამოვედი“.
მე როცა მივდივარ უცხო ქვეყანაში, იმას მაინც ხომ ვსწავლობ – „ეს ქუჩა სად არის“, ან „ეს რა ღირს“ იმ ენაზე, სადაც მივდივარ. ვფიქრობ, რუსებმაც უნდა ისწავლონ ეს ქართულად“, – ამბობს რუსუდანი.
ინგა კეჭაყმაძე, სტილისტი
ინგა კეჭაყმაძე სტილისტია და მისი სალონის სტუმარია რუსეთის საკმაოდ ბევრი მოქალაქე.
„მქონდა შემთხვევა, როცა შემოვიდა სლავური გარეგნობის ცოლ-ქმარი და გამოველაპარაკე რუსულად, – „გამარჯობა“, „მობრძანდით“, თუმცა პასუხი არ გამცეს. შემდეგ დაიწყეს ინგლისურად ლაპარაკი.
მე ისევ რუსულად ვკითხე, უკრაინელები ხართ თუ რუსები-მეთქი. თქვეს, რომ უკრაინელები იყვნენ, თუმცა მიგვანიშნეს, რომ არ საუბრობდნენ რუსულად.
თუ შეიძლება სათარგმნი ჩართეთ და ისე გაგვესაუბრეთ, თუ ინგლისური არ იცითო. სხვათა შორის, ბევრი ასეთი შემთხვევა გვქონდა ამ ბოლოს, როცა უკრაინელები უარს გვეუბნებოდნენ რუსულად საუბარზე“, – ამბობს ინგა.
მისი თქმით, არ იცნობს საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულ არც ერთ რუსს, რომელიც ქართული ენის სწავლას ცდილობს.
„მაგალითად, მყავს ნაცნობი უკრაინელი გოგოები, რომლებიც უკვე სწავლობენ ქართულს, მაგრამ არ შემხვედრია რუსი, რომელსაც ქართული ენის სწავლა უნდა. ვფიქრობ, აუცილებელია ყველამ იცოდეს ქართული, თუკი ამ ქვეყანაში ცხოვრობს“, – გვეუბნება ინგა.
ამავე სალონში გავესაუბრეთ ნონა პაპიტაშვილსაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, თუმცა 20 წელია კვიპროსზე, ემიგრაციაში ცხოვრობს.
„პოლიტიკურად, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, გამართლებული, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ესაუბრო მათ ენაზე. არ უნდა შევუწყოთ ამას ხელი.
ჩამოდიან? უნდათ აქ ცხოვრება? – მაშინ ისწავლონ ქართული ან გამოიყენონ საერთაშორისო ენა. ენის არ სწავლა არის დაუფასებლობა ჩემი ქვეყნის, ენის, ტრადიციების და ყველაფრის საერთოდ.
20 წელია ემიგრაციაში ვარ, კვიპროსზე ვცხოვრობ და ვსაუბრობ ბერძნულად, ინგლისურად ან თურქულად. იმ ენაზე, რაზეც იმ ქვეყნის მოსახლეობა საუბრობს.
ჩვენი შვილებიც კვიპროსზე მათ სკოლებში დადიან, ქართული სკოლა კი არ გვაქვს. ვფიქრობ, არ უნდა გავუადვილოთ აქ ცხოვრება რუსებს.
მათ არ უნდა იგრძნონ კომფორტი იმით, რომ აქ ყველა რუსულად დაელაპარაკება.
ზუსტად პროტესტის გამო არ უნდა დაველაპარაკოთ, რადგან ისინი შოვინისტურად არიან განწყობილი.
თუ აქ უნდა ცხოვრება, მაშინ მიიღოს სახელმწიფო ენაც, მისი კულტურაც და იცხოვროს ისე“, – გვეუბნება ნონა პაპიტაშვილი.
ავთანდილ ვაჩეიშვილი, მკერავი
ავთანდილ ვაჩეიშვილი მკერავია. მისი სახელოსნო ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზეა და მის კლიენტებს შორის არიან რუსებიც.
ავთანდილი ამბობს, რომ ხშირად ვერ არჩევს მის სამკერვალოში რუსი შედის თუ უკრაინელი. „ამიტომ ყველას რუსულად ველაპარაკები“, – გვეუბნება ის.
იგი ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, როცა კაცმა პირდაპირ ასე დაიწყო მასთან საუბარი – „რუსი ოკუპანტი ვარ“. შემდეგ კი დაამატა, რომ სიდედრი უკრაინელი ჰყავს.
„სიდედრი მეუბნება, ყველა რუსი გასაწყვეტიაო – მე ვეუბნები, ჩემით დაიწყე-მეთქი. აი, ასე მითხრა“, – ამბობს ავთანდილი. საუბარში ავთანდილის თანამშრომელი ქალი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ „დამპყრობელი ყველა ერთია“.
რაც შეეხება რუსულად საუბარს, ავთანდილ ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსულის ცოდნა თავისთავად ცუდი არ არის. „თუმცა, ის რუსი, ვინც საქართველოში ცხოვრობს წლობით, აუცილებლად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას. მიდგომა უნდა იყოს მკაცრი.“
„ბათუმელები“ გთავაზობთ უკრაინელი ჟურნალისტის, კატერინა სერგაცკოვას წერილს, რომელიც The Guardian-ში გამოქვეყნდა. კატერინა Zaborona Meida-ს მთავარი რედაქტორი და „2402 ფონდის“ თანადამფუძნებელია. ის აშუქებდა ომს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ერაყიდან.
_______________
„23 მარტს, დილის შვიდის საათზე, „რია-მელიტოპოლის“ მთავარმა რედაქტორმა, სვეტლანა ზალიზეცკაიამშეიტყო, რომ მის სახლთან შეიარაღებული კაცები მივიდნენ. თვითონ ქალაქში არ იყო, მაგრამ მეზობლებმა უთხრეს, რომ დაინახეს, როგორ წაიყვანეს მისი მშობლები.
მარტის დასაწყისიდან, მელიტოპოლიოკუპირებულია. რუსმა სამხედროებმა ქალაქის მერი, ივან ფიოდოროვიგაიტაცეს და რუსეთთან თანამშრომლობა მოსთხოვეს. მან უარი თქვა.
რუსებმა ჟურნალისტებზე ზეწოლაც დაიწყეს: ცდილობდნენ ხალხი დაერწმუნებინათ, რომ რუსეთის ჯარი „ქალაქის ნაცისტებისგან გასათავისუფლებლად მოვიდა“.
სვეტლანა ზალიზეცკაიამისიც შეიტყო, რომ რუსებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, დედამისისგან ფული წაიღეს, 75 წლის მამა წაიყვანეს და თქვეს, რომ მას სვეტლანას სანაცვლოდ დააბრუნებდნენ. ჟურნალისტს უკრაინული ნომრიდანაც დაურეკეს და რუსულად უთხრეს, რომ მელიტოპოლშიუნდა ჩასულიყო და ქალაქის უმსხვილეს მედიაში „საზიზღრობების წერა“ შეეწყვიტა. ტელეფონში შორიდან ესმოდა მამის ხმა, მანტრასავით იმეორებდა, – „არ მცემენ“.
„მითხრეს, რომ ჩემი საქმიანობით, რუსი ჯარისკაცების სისხლში ვისვრიდი ხელებს“, – იხსენებს სვეტლანა, – „ვუპასუხე, რომ სწორედ რუსები მოვიდნენ ჩვენს მიწაზე და ტყვედ ჰყავდათ მამაჩემი“.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფუძველი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია იყო“. რუსი პროპაგანდისტები ცრუობენ, თითქოს უკრაინას „ნეონაცისტები და ნარკოდამოკიდებულები მართავენ“. მთელი რუსეთის პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, როგორმე „ახსნან“ რატომ ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს და რატომ კლავენ ათასობით უკრაინელს.
რუსეთის ხელისუფლებამ აუკრძალა მედიას ომი უწოდოს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებში და ოფიციალური პირების განცხადებებში ტრიალებს ფრაზა: „რუსეთი არ იწყებს ომებს – რუსეთი ომებს ასრულებს“. თითქოს, ვიღაც ჯორჯ ორუელის „1984-ს“ იყენებს პარალელური რეალობის შესაქმნელად, რომელშიც „ომი მშვიდობაა“. რუსეთის მიზანია, გაანადგუროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, რათა ვერავინ მოახერხოს უკრაინაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკის აღწერა.
2 აპრილს, მსოფლიომ იხილა ფოტოები რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან: ერთ დროს წყნარი ქალაქები სავსე იყო მოკლული მოქალაქეების ცხედრებით. ოფიციალური მონაცემებით, ბუჩაში აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი, რომელშიც 300 ადამიანი განისვენებს, მათ შორის ქალები, მოხუცები და ბავშვები.
კიევის ჩრდილოეთით, ვიშგოროდის რაიონში, მოკლულთა შორის იყო უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი. იგი 13 მარტს გაქრა, როცა რუსი სამხედროების იერიშის გადასაღებად წავიდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, მას ახლო მანძილიდან, ორჯერ ესროლეს. ლევინს ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი ეცვა წარწერით, „პრესა“, რასაც მისი მკვლელებიც დაინახავდნენ. მაქსს ოთხი შვილი დარჩა. ყველაზე პატარა ორი წლისაა.
ომის დასაწყისში, 24 თებერვალს, მე და ჩემმა კოლეგებმა შევქმენით „ფონდი 2402“ – საგანგებო ფონდი ჟურნალისტებისთვის. მისი სლოგანია „თავისუფლებას სჭირდება თვალები“. ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო, გვეშოვა ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები ასობით უკრაინელი ჟურნალისტისთვის – ისინი საომარ ზონაში სრულიად „შიშვლები“ იყვნენ.
ვიშოვეთ, მაგრამ ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები არ იცავს ნაღმმტყორცნებისგან, ახლოდან ნასროლი კალაშნიკოვისგან ან გატაცებისგან. ახლა მეტად ფოკუსირებული ვართ რისკების შეფასებაზე და ტაქტიკურ მედიცინაზე. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენად ფართო მასშტაბს მიიღებდა უკრაინაში ჟურნალისტებზე ნადირობა.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, შვიდიდან ცამეტამდე ჟურნალისტი დაიღუპა, ოცზე მეტი დაშავდა. ბევრი ჟურნალისტი სიცოცხლეს რისკავს რუსეთის დანაშაულები რომ ამხილოს. რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ჟურნალისტები არიან. მათ ჩაფხუტებსა თუ მანქანებზე დაწერილი „პრესა“ უკვე წითელი ნიშანია.
ცოტა ხნის წინ ვესაუბრე კოლეგებს „ესოშიეიტიდ პრესიდან” – ევგენი მალოლეტკას დამსტისლავ ჩერნოვს. ერთმანეთს რვა წელიწადზე მეტია ვიცნობთ, იმ დროიდან, როცა დონბასში ომის კორესპონდენტებად ვმუშაობდით. ალყაშემორტყმულ ქალაქში ისინი, ფაქტობრივად, ერთადერთი ჟურნალისტები იყვნენ. მათ გადაიღეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა საფლავები და სამშობიაროს დაბომბვა, რომლის დროსაც ფეხმძიმე ქალი დაიღუპა.
ისინი არ ელოდნენ, რომ ომის ამდენი დანაშაულის მომსწრენი გახდებოდნენ. მსტისლავმა და ევგენიმ მარიუპოლიდან გაღწევა მოახერხეს, რუსულმა ტელეარხებმა კი მათზე ნადირობა გამოაცხადეს და თქვეს, რომ მათი ფოტოები დადგმული „ნაცისტური პროპაგანდა იყო“. ქალაქიდან გამოსვლისას მათ 16 რუსული საგუშაგო გაიარეს. ამას იღბალს კი არა, სასწაულს ვუწოდებდი.
ღირს კი ფოტოებისა და ვიდეოებისთვის თავის გაწირვა? ეს დისკუსია მიდის უკრაინელ ჟურნალისტებში. ჩემი აზრით, სასწაული იქნება, თუ ჟურნალისტიკა შეძლებს და დაადასტურებს რუსეთის ომის დანაშაულებს საერთაშორისო სასამართლოებში. შეიძლება, ათწლეულების წინ ფოტოებს ომის შეჩერება და სამართლიანობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ დღეს ასე აღარაა. როდესაც რუსეთმა მარიუპოლის თეატრი დაბომბა და არანაკლებ 300 ადამიანი დაიღუპა, დასავლეთმა არ დახურა უკრაინის საჰაერო სივრცე და ბოლომდეც კი არ გამორთო რუსეთი „სვიფტის“ სისტემიდან.
ეჭვი მეპარება, რომ ბუჩასა და ირპინში გადაღებულ ფოტოებს სერიოზული მოქმედება მოჰყვება. მსოფლიო უბრალოდ უყურებს სხვების ტკივილს და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
რუსეთმა უკრაინაში ომი რვა წლის წინ დაიწყო. მაიდნის პროტესტების მონაწილეების დადანაშაულება „ფაშიზმში“ ყირიმის ანექსიის მიზეზი გახდა და დაეხმარა კრემლს დონბასის ნაწილები დაეპყრო. რუსეთს არ სჭირდება მისი დანაშაულების მოწმეები. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი – „ჰრომადსკეს“ ნასტია სტანკოდა „რადიო თავისუფლების“ სტანისლავ ასეიევიდაატყვევეს და აწამეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებისთვის. ასობით ჟურნალისტი რისკავს სიცოცხლეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რა შეუძლია რუსეთს და რომ რუსეთს უკრაინელების განადგურება სურს.
2014 წელს რუსებმა ჩამოაგდეს მალაიზიური ბოინგი, რომლითაც 298 ადამიანი მგზავრობდა. რუსებმა დააპატიმრეს ათობით უკრაინის მოქალაქე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყირიმის ანექსიის წინააღმდეგნი იყვნენ. რვა წლის განმავლობაში, ჟურნალისტებმა რუსეთის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული აღწერეს, მაგრამ მსოფლიო მხოლოდ უყურებდა ამ ტკივილს და არაფერს აკეთებდა ტრაგედიის შესაჩერებლად.
ზალიზეცკაიას მამა სამი დღის შემდეგ გამოუშვეს. სანაცვლოდ, რუსებმა მოითხოვეს, რომ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელებში „რია-მელიტოპოლი“ დაგმოს. მისი ოჯახი კვლავაც ოკუპირებულ ქალაქში რჩება და წასვლის შესაძლებლობა არ აქვს, რადგანაც რუსებმა მისი მამის პასპორტი დაიტოვეს.
უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ნაწილებს რუსეთი აკონტროლებს. ოკუპაციის პირველი დღიდანვე, სამხედროები აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აკავებენ. 31 მარტს, ჟურნალისტი კონსტანტინ რიჟენკო გაქრა. მამამისმა, ოლექსანდრ რიჟენკომ, მედიას უთხრა, რომ რუსები მასთან მივიდნენ და მოითხოვეს ეთქვა, სადაა მისი შვილი. ამტკიცებდნენ, რომ მას [კონსტანტინს] „ხელებზე ბევრი სისხლი აქვს“ და „ნაციონალისტია“. შედარებით ადრე, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედროებმა ჟურნალისტი ირინა დუბჩენკო გაიტაცეს.
რუსეთი ცდილობს, ყველა ძალადობრივი მეთოდით გააჩუმოს ჟურნალისტები. რვა წლის განმავლობაში დაუსჯელმა ბოროტებამ გააჩინა კიდევ უფრო დიდი და რეალური ბოროტება, რომელიც მთლიანად სიმართლის იდეას ემუქრება“.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, უკვე შექმნილია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრი. პირველი მარტიდან დღემდე კი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 434 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 8 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 426.
საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ კი ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა:
აზარტული თამაშობების მომწყობების საყურადღებოდ, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, მიმართონ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლონ მოძრავი სერვისცენტრის – RS CAR მომსახურებით.
ამასთან, „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების [გარდა წამახალისებელი გათამაშებისა] სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ, თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
სამსახურის ინფორმაციით:
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
2022 წლის 1-ელი მარტიდან ასევე აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე, სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება.
დასაშვები გახდა მხოლოდ:
იმ ვებგვერდზე, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;
საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
ირინა დუბჩენკო, გამოცემა „უნიანის“ ჟურნალისტი, რომელიც რუსმა სამხედროებმა 26 მარტს საკუთარი სახლიდან წაიყვანეს, ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ გამოუშვეს.
ჟურნალისტი 8 აპრილს გაათავისუფლეს, თუმცა ამის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სოციალურ ქსელში მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაწერეს.
„ვიდრე დანამდვილებით არ გვეცოდინებოდა, რომ უსაფრთხოდ იყო, ვერაფერს ვიტყოდით“, – დაწერა ირინას მეგობარმა კონსტანტინ ალექსეენკომ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს ჟურნალისტის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა ზაპოროჟიის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველმა, ლევან შიშინაშვილმაც.
ირინა დუბჩენკო 26 მარტს ქალაქ როზივკაში დააკავეს. რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც მისი სახლი გაჩხრიკეს, განაცხადეს, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შესახებ „ყველაფერი იცოდნენ“ და ასევე, იცოდნენ, რომ ირინა დუბჩენკო „უკრაინელ ჯარისკაცს მალავდა“.
ჟურნალისტი თავდაპირველად დონეცკში წაიყვანეს, სეპარატისტთა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, სადაც რუსი სამხედროების თქმით, მას პასუხი უნდა ეგო უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობისთვის. ირინა დუბჩენკო მოგვიანებით დონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სტარობეშევში გადაიყვანეს, სადაც ის გათავისუფლებამდე დაკავებულ მოხალისეებთან და უკრაინელი სამხედროების ცოლებთან ერთად ჰყავდათ.
CPJ-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროები განაგრძობდნენ ჟურნალისტის დადანაშაულებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაში და მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკითხვებს უწყობდნენ.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ირინა დუბჩენკო გაათავისუფლეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუს სამხედროებს ის არც არასდროს უნდა დაეკავებინათ. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ჟურნალისტების დაკავება და გაათავისუფლოს დმიტრო ხილიუკი, რომელიც უკვე თვეზე მეტია ტყვეობაშია“, – ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.
დმიტრო ხილიუკი, რომელიც ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დააკავეს, ასევე, გამოცემა „უნიანის“ ჟურნალისტია.
კომიტეტმა წერილობით მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია.
„პატრონი“ – ასე ჰქვია ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლს, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ცნობილი ძაღლი უკრაინაში.
„პატრონი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში „მუშაობს“. მისი საქმე ნაღმების აღმოჩენაა, რასაც იგი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, თავს შესანიშნავად ართმევს – „პატრონმა“ ასზე მეტი ნაღმი იპოვა 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომის დროს.
„პატრონი“ ჩერნიგოვის ოლქის „გამნაღმველია“. იგი უკრაინელ სპეციალისტებს რუსეთის არმიისგან დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენაში ეხმარება.
„პატრონი“ 2,5 წლისაა. იგი 6 თვის ლეკვი იყო, როცა გამნაღმველებმა მისი წვრთნა დაიწყეს. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური წერს სოციალურ ქსელებში, „პატრონს“ ძალიან უყვარს ყველი და მას ხშირად ანებივრებენ.
„ერთ მშვენიერ დღეს პატრონის ისტორია ფილმად იქცევა, მაგრამ ახლა ის ერთგულად ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას“ – წერს უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ტვიტერზე.
რა არის აზოვის პოლკი? – გულწრფელი პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას euromaidanpress-ი აზოვის პოლკის შესახებ. ვიაჩესლავ ლიხაჩოვი, პოლიტოლოგი და უფლებადამცველი, ხსნის კრემლის პროპაგანდისტულ მითს აზოვის პოლკის, როგორც „კრიმინალური ნეონაცისტური ნაციონალისტური ბატალიონის“ შესახებ. როგორც ის წერს, „მითი უკრაინულ ფაშიზმზე არა მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო. ეს არის დიდი არგუმენტი იმისა, რომ არაფერი გააკეთოთ, როცა უყურებთ უკრაინას, რომელიც მარტო იბრძვის ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ და არ გაქვთ სიმპათია აზოვის პოლკის ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც იცავენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას და კვდებიან უთანასწორო ბრძოლაში. მითი უკრაინული ფაშიზმის შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა მოკვდეს“.
არის თუ არა აზოვის პოლკი „ნეონაცისტური“?
უკვე შევეჩვიე ყოველდღიურად უცხოელი ჟურნალისტების მიერ აზოვის პოლკის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას. ახლა, მარიუპოლში არსებული საშინელი ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით – ქალაქს გმირულად იცავენ აზოვის პოლკის ჯარისკაცები – საკმაოდ ემოციურად ვრეაგირებ კითხვაზე: „რამდენად წარმოადგენს საფრთხეს აზოვის პოლკი?“
კითხვები „აზოვის“ შესახებ თითქმის ყველა დასავლელი ჟურნალისტისგან და ექსპერტისგან მოდის. თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანს თუ შეუძლია დაასახელოს, კონკრეტულად რაში მდგომარეობს პრობლემა, რა მიზეზითა და საბაბით არსებობს კითხვები [პოლკთან დაკავშირებით].
ხშირად ჟურნალისტები ეყრდნობიან რუსეთის ოფიციალურ გეგმას „დენაციფიკაციაზე“, რომელშიც „აზოვიცაა“ ნახსენები. რუსული პროპაგანდის ყველა ხრიკის დაჯერება სიგიჟე იქნებოდა – მაგალითად, რეპორტაჟი ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ, რომელთა ნაწარმოები იარაღიც მხოლოდ ეთნიკურად რუსებს ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა. დასავლური აუდიტორია უნდა შეეჩვიოს, რომ რუსეთი და მისი წარმომადგენლები პირის ყოველ გაღებაზე იტყუებიან.
სიმართლე შემდეგია: აზოვის პოლკი უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დანაყოფია და მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას ამ წამს განადგურებისგან იცავს.
მოკლე პასუხი კითხვაზე შემდეგია: „აზოვი“ ნეონაცისტური პოლკი არ არის.
პოლკის ყველა წევრი ნეონაცისტია?
არა. უკრაინის ეროვნულ გვარდიაში თუ სამხედრო ძალებში იდეოლოგიაზე დაფუძნებული არც ერთი დანაყოფი არ არის. ერთადერთი იდეოლოგია წესდებაა, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურე მათ შორის ვალდებულებია:
„პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ღირსებას“ და „თავი შეიკავოს ნებისმიერი გამონათქვამისა თუ ქმედებისგან, რომელსაც ადამიანის უფლებების ან ღირსების შელახვა შეუძლია“.
2014 წელს, პოლკის დაარსებისას, დამფუძნებლებს შორის იყვნენ ადამიანები ნეონაცისტური წარსულითა და ულტრამემარჯვენე შეხედულებებით, თუმცა ყველა დამფუძნებელს მსგავსი წარსული არ ჰქონდა.
მაგალითად, აზოვის ერთ-ერთი პირველი წევრები „ავტომაიდნის“ მოხალისეთა ჯგუფის აქტივისტები იყვნენ, მათ შორის ბევრი ებრაელიც იყო (მათ შორის მინიმუმ ერთი ისრაელის მოქალაქე). 2014 წლის ბოლოსთვის ულტრამემარჯვენე წარსულის მქონე ჯარისკაცთა უმრავლესობამ პოლკი დატოვა. დანარჩენი რადიკალები 2017 წელს პოლკის ახალმა ხელმძღვანელობამ გარიცხა.
დღეისთვის არ არსებობს არანაირი საფუძველი ბრალდებებისთვის, რომელთა თანახმადაც აზოვის პოლკში ნეონაცისტები მსახურობენ.
„აზოვი“ პარამილიტარული [არაოფიციალური] თუ ოფიციალური სტრუქტურაა?
„აზოვი“ უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალურ დანიშნულებათა დანაყოფია, ოფიციალური სამთავრობო დანაყოფი, რომელიც უკრაინის შსს-ის კონტროლის ქვეშაა. პოლკისთვის „შეიარაღებული დაჯგუფების“ წოდება არასწორია, თუმცა ამ ტერმინს „აზოვთან მიმართებაში“ კვლავ ხშირად იყენებენ.
ვინ მსახურობს პოლკში?
ხალხი, ვისაც სამშობლოს დაცვა სურს და ვინც სელექციის კონკურენტული პროცესის გავლა შეძლო („აზოვს“ საშუალება აქვს, აირჩიოს საკმაოდ ბევრი მსურველიდან).
პოლკში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანია – მათ შორის რუსი, ებრაელი, ყირიმელი თათარი. განსხვავდება აღმსარებლობა და პოლიტიკური სიმპათიებიც. პოლკის წევრობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ხელმძღვანელობის ცნობით, პოლკის წევრების უმრავლესობა რუსულენოვანია.
პოლკის მეთაური ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული კორპუსის“ ლიდერიცაა?
არა. მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა – სამშობლოს დაცვა პოლიტიკურ სიმპათიებსა და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას.
ანდრიი ბილეცკი, პარტიის ლიდერი, პოლკის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და სწორადაც მიიჩნევა მის დამფუძნებლად, მაგრამ ის პოლკს მხოლოდ 2014 წლის შუა პერიოდში, რამდენიმე თვით ხელმძღვანელობდა. ბილეცკის კვლავ აქვს კონტაქტი თავის „შვილთან“ – იგი დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციისა და მკურნალობისთვის ფულს აგროვებდა, მაგრამ 2014 წლის ოქტომბრიდან მას აღარ აქვს რამენაირი ფორმალური კავშირი პოლკთან.
არის თუ არა „ნაციონალნი დრუჟინი“ (საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მოხალისეობრივი რაზმი) პოლკის ნაწილი?
არა, „ნაციონალნი დრუჟინი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც თითქმის ორი წელია აღარაა აქტიური. ის არანაირად არაა კავშირში ეროვნულ გვარდიასთან.
არის თუ არა აზოვის პოლკი „ეროვნული კორპუსის“ სამხედრო ფრთა?
არა. ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს კავშირი პოლკთან. უკრაინის შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია შორსაა პოლიტიკისგან.
თუმცა ანდრიი ბილეცკი ცდილობს სათავისოდ, – პოლიტიკური კარიერის წინ წასაწევად, – გამოიყენოს აზოვის „ბრენდი“. ერთხელ ეს მას დეპუტატის მანდატის მიღებაში დაეხმარა; ეს ასევე უზრუნველყოფს მის ყოფნას მედიასივრცეში.
2014 წლის ოქტომბერში ბილეცკის პირველი პოლიტიკური პროექტი სამხედრო ძალებიდან წასვლის შემდეგ, „აზოვის სამოქალაქო ჯარი“ იყო. მან პოლკის ვეტერანების პარტიაში რეკრუტირებაც სცადა. თუმცა მისი მცდელობები ემსახურება რუსეთის პირველი შემოჭრისას მოპოვებული ცნობადობის პოლიტიკურ კაპიტალად ქცევას და არაფერი აქვს საერთო პოლკთან.
არიან თუ არა ევროპელი და ამერიკელი ულტრამემარჯვენეები/ნაციონალისტები აზოვის პოლკში?
არა. უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, ეროვნულ გვარდიაში მსახურების უფლება უცხოელებს არ აქვთ. 2014 წელს, როცა ყველა ფორმალობა დაცული არ იყო, პოლკში უცხოელები დე ფაქტო მსახურობდნენ. თუმცა იმის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა.
ამჟამად აზოვში არც ერთი უცხოელი, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებიდან, არ მსახურობს და არც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოფილა აღრიცხული.
დროდადრო თავგადასავლების მოსურნე ულტრამემარჯვენე აქტივისტები პოლკში გაწევრიანებას ცდილობენ, მაგრამ მათ არ იღებენ. საუკეთესო შემთხვევაში, მათ საშუალება ეძლეოდათ, კარგი უკრაინული ლუდი დაელიათ და სახლში დაბრუნებულიყვნენ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ყველაზე ჯიუტების და რადიკალების დეპორტაცია ხდება.
მიიჩნევა თუ არა პოლკი ექსტრემისტულ ორგანიზაციად?
არა. ასეთად იგი მხოლოდ რუსეთშია მიჩნეული, თუმცა იქ ექსტრემისტულ რესურსებად „ფეისბუკიც“ და „ინსტაგრამიცაა“ გამოცხადებული.
რამდენიმე წლის წინ აშშ-ში იყო ინიციატივა აზოვის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც დაზუსტდა, რომ პოლკი ოფიციალური სამხედრო დანაყოფია, ინიციატივა დავიწყებას მიეცა (თეთრი რასის უპირატესობის მქადაგებელი ჯგუფებიდან ტერორისტულ სიაში „რუსული იმპერიული მოძრაობა“ მოხვდა).
ემხრობა თუ არა პოლკი „თეთრი რასის სისუფთავეს/სიწმინდეს?“
არა და არც არასდროს ემხრობოდა. ამას პარტია „ეროვნული კორპუსიც“ კი არ ემხრობა. ანდრიი ბილეცკის ჰქონდა რასისტული განცხადებები 2006-2010 წლებში, თუმცა აღარ გაუკეთებია ისინი მას შემდეგ.
ატარებს თუ არა პოლკი ჩირაღდნების მარშს?
არასდროს დამისმია საკუთარი თავისთვის ეს ან სხვა მსგავსი კითხვა, მაგალითად, თამაშობენ თუ არა ისინი პინგ-პონგს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყურადღებას იმსახურებს. ოსლოში ჩირაღდნების მარშს ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა გასახსენებლად ატარებენ.
ნაციზმზე გამარჯვებას მოსკოვში ჩირაღდნების მარშით აღნიშნავენ. იტალიაში ასეთ მარშებს ატარებს წითელი ჯვრის საზოგადოება, გერმანიაში – სამხედრო ძალები.
ადიდებს თუ არა პოლკი ნაცისტურ იდეოლოგიას?
„ჩვენ გვძულს ნაციზმი და სტალინიზმი“, – ნათქვამია პოლკის ერთ-ერთ უკანასკნელ (28 მარტის) შეტყობინებაში, მათ ტელეგრამარხში (და დაწერილია რუსულ ენაზე).
ჩაიდინა თუ არა პოლკმა სამხედრო დანაშაულები მარიუპოლში 2014 და 2022 წლებში?
გაეროს ადამიანთა უფლების მონიტორინგის მისიას, რომელიც ქალაქში 2022 წლის თებერვლამდე იმყოფებოდა, მსგავსი შემთხვევები არ აღურიცხავს. რუსულ მხარესაც კი ასეთი დანაშაულების მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
თუმცა, ნებისმიერი ჰიპოთეტური დარღვევა პოლკის მიერ, რომელიც სამოქალაქო პირებს აგრესორისგან იცავს, თეორიულადაც კი ვერ შეედრება სამშობიაროს ან თეატრის (სადაც ბავშვები და ქალები აფარებდნენ თავს) დაბომბვას.
თუ ყველაფერი ამდენად ნათელია, რატომ აგრძელებს დასავლური აუდიტორია შეშფოთების გამოხატვას „აზოვთან“ დაკავშირებით?
ამ კითხვას სამი პასუხი აქვს.
პირველი: სიმართლეა, რომ აზოვის ზოგიერთ დამფუძნებელს ჰქონდა ულტრამემარჯვენე და ზოგიერთ შემთხვევაში ნეონაცისტური წარსული. ეს ნაწილობრივ აისახა პოლკის ემბლემაში. თუმცა ეს სულაც არ აღწერს აზოვის ქმედებებს. მაგალითად, მარიუპოლში იყო საკმაოდ დიდი ებრაული თემი და სინაგოგა, მაგრამ ებრაულ თემს არასდროს შეუტყობინებია რამენაირ კონფლიქტზე პოლკის წევრებთან.
მსგავსი სიტუაციაა ადგილობრივი მუსულმანების ან დიდი ბერძნული თემის (დაახლოებით 100 000 ადამიანი) შემთხვევაში. მარიუპოლის ეთნიკური თემებისთვისა და ყველა მცხოვრებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის მიერ მძიმე შეიარაღების განურჩეველი გამოყენებაა.
მეორე: რუსული პროპაგანდა ჩართულია „დანაშაულებრივი ნეონაცისტური ნაციონალისტური ბატალიონის“ იმიჯის შექმნაში. ტყუილებისა და რამდენიმე ფაქტის (პოლკის ემბლემა და მისი დამაარსებლების წარსული) შერევით პროპაგანდამ კარგი სურათის შექმნა მოახერხა.
რუსული პროპაგანდა სისტემური, პროფესიონალური და გასაოცრად ეფექტიანია, განსაკუთრებით დასავლური საზოგადოებისთვის, რომელსაც არ აქვს იმუნიტეტი ასეთი უსირცხვილო ტყუილების წინააღმდეგ. დასავლური საზოგადოება, როგორც წესი, უარყოფს მსოფლიოს შავ-თეთრ ხედვას და განიხილავს უფრო რთულ მოდელებს. ასეთი მსოფლმხედველობისთვის ტიპურია, სიმართლე სადღაც შუაში ეძებოს, შეხედულებათა შორის. თუმცა, როგორც პოლონელმა ფილოსოფოსმა ადამ მიხნიკმა აღნიშნა, სიმართლე არა შუაშია, არამედ იქ არის, სადაცაა.
და ბოლოს, პროპაგანდა მუშაობს მაშინ, როცა ხალხი მზადაა მას დაუჯეროს. ხალხი მიისწრაფვის დაიჯეროს ის, რაც უკვე იცის. დასავლეთისთვის მოსახერხებელია უთხრას საკუთარ თავს, რომ ყველაფერი რთული და არაერთგვაროვანია, რადგან ეს არაფრის კეთებას ამართლებს.
26 წლის მაია რიჟვაძე ხულოდან ბოლო ორი წელია ევროპაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მოხალისედ მუშაობს. მას ბევრი გეგმა აქვს. ცდილობს, ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოცდილება დააგროვოს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცენტრი გახსნას აჭარაში, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მოქმედი ცენტრების მოდელი იქნება და ყველა საჭირო სერვისს გააერთიანებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
მაია გვიყვება, რომ მარტივი არ ყოფილა 24 წლის ასაკში პროფესიის და ინტერესების შეცვლა. მას 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგის სფეროში.
პროფესიის შეცვლაზე მაია 2 წლის წინ დაფიქრდა, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო. მაშინ მაია თბილისიდან სოფელში დაბრუნდა და ხულოში ბავშვობის მეგობრებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდები ხულოსთვის“ შექმნა, რათა ხულოს მოსახლეობას დახმარებოდნენ.
„დაახლოებით 70-მდე სოფელში და 150-მდე ოჯახში ვიყავით. ეს არ ყოფილა მხარდაჭერა მხოლოდ სასურსათო პროდუქტებითა და მედიკამენტებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა და საუბარი მათ პრობლემებზე, ყოველდღიურ ყოფაზე. ამ პერიოდში ძალიან ბევრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი და მათი ოჯახები გავიცანი“, – ამბობს მაია.
მაია გვიყვება, რომ დაინტერესდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და შშმ პირები, ამიტომაც ბევრ კითხვას სვამდა.
როგორც მაია ამბობს, ხულოში სკოლის ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები ეუბნებოდნენ, რომ სკოლები არ იყო მათი შვილების საჭიროებებს მორგებული, რის გამოც ვერ დაჰყავდათ ბავშვები სკოლაში; რამდენიმე სოფელში არ იყო სპეციალური მასწავლებელიც, ამიტომაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, ფაქტობრივად, განათლების გარეშე, სახლში რჩებოდნენ; სულ სახლში იყვნენ 18 წელს გადაცილებული შშმ პირებიც.
„როცა ვეკითხებოდი შშმ პირებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს, რატომ არ გამოდიოდნენ გარეთ, ქუჩების, ტრანსპორტის, სკოლის, სხვა შენობების ადაპტირების პრობლემას ასახელებდნენ. მეუბნებოდნენ, რომ მათი შვილების მიღებისთვის ხალხი არ იყო მზად და უხერხული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ცდილობდნენ ბავშვები ღამით გაესეირნებინათ ან საერთოდ არ გაეყვანათ გარეთ“, – ამბობს მაია.
მაია ხულოში ოჯახების კარდაკარ შემოვლის პარალელურად მაგისტრატურაზე სწავლობდა. სწავლის დასრულებისთანავე წავიდა პოლონეთში, ინკლუზიურ ბაღში სამუშაოდ, რათა შშმ პირებთან, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ევროპულ მოდელს გაცნობოდა. მისი შეფასებით, საქართველო ინკლუზიური განათლების მიმართულებით ახლა ვითარდება, რაშიც თავისი წვლილის შეტანა აქვს მიზნად დასახული.
„თუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხარ, არ უნდა იჯდე სახლში. პირველ რიგში, მთელი ქვეყანა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კამპანიები წამოიწყოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ.
თუ გუგლში ეძებ, როგორ უნდა მოიქცე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთან, არ არის ვრცელი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა ქართულ ენაზე“.
მაია თავიდან პოლონეთში იყო, ისწავლა პოლონური, ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღო და გერმანულ პროგრამაში მოხვდა.
იგი ახლა გერმანიაშია, სადაც სპეციალურ სკოლაში მუშაობს მოხალისედ. მაიასთვის ეს მოხალისეობის მეორე წელია.
„გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან არეული ვიყავი, იმიტომ, რომ ვმუშაობდი და თანაც კარგ პოზიციაზე. ყველაფერი უნდა მიმეტოვებინა და ახალი ცხოვრება დამეწყო.
საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნამდვილად შემეძლო თუ არა. ბევრი ვიფიქრე, მოვიძიე სტატიები, ისტორიები, თუ როგორ ცხოვრობენ შშმ პირები ევროპაში, რა გამოცდილება აქვთ და რისი მიცემა შემეძლო მე, თუ ევროპას ავირჩევდი და იქ წავიდოდი მოხალისედ, გამოცდილების დაგროვებისა და დაბრუნების შემდეგ კი ჩემს ცოდნას სხვებს გავუზიარებდი.
ზუსტად ვიცოდი, სად მივდიოდი, რატომ და რა მინდოდა. პოლონეთში ადაპტირებული ინკლუზიური ბაღი იყო, სადაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები იყვნენ. პირველი სამი თვე ძალიან რთული იყო ჩემთვის, არ მქონდა გამოცდილება. მარკეტინგი, პიარი და უცებ სხვაგან აღმოვჩნდი“, – ამბობს მაია.
მაია ახლა გერმანიაში მუშაობს, სკოლაში, სადაც სკოლა და დღის ცენტრია გაერთიანებული. სკოლა დილის 7 საათზე იწყება და დღის 3 საათამდე გრძელდება სასწავლო პროცესი. ბავშვები, რომლებიც იქ სწავლობენ, მათთვის საჭირო ყველა სერვისს ადგილზე იღებენ, თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინდივიდუალური საჭიროებები არ აქვთ.
„სამომავლოდ, ცენტრს რომ გავხსნი, კომპლექსი მინდა იყოს, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, შშმ პირებს, ყველა სერვისით ადგილზე შეეძლოთ სარგებლობა.
ვფიქრობ, რომ მაღალმთიან აჭარაში საჭიროა რაიმე გაკეთდეს, მთავარია ბენეფიციარებმა მიიღონ სერვისები, ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს დაინტერესება უნდა იყოს.
არის შემთხვევები, როცა ის სტრუქტურები, რომლებსაც ევალებათ კეთილმოაწყოს შენობები, აკეთებენ ისეთ პანდუსებს, სადაც ეტლი არ ეტევა. ვფიქრობ, ისეთივე ფასადურია შშმ პირთა უფლებების დაცვა მათი მხრიდან, როგორც ეს ფაქტი.
„მინდა, რა შესაძლებლობაც აქვთ პოლონეთში, გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, ის შესაძლებლობები ჰქონდეთ საქართველოშიც“, – ამბობს მაია.
„ბათუმელებთან“ საუბრისას მაია აღნიშნავს, რომ საქართველოში დღემდე იყენებენ არასწორ ტერმინებს, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებიც, რამაც დაარწმუნა, რომ პირველ რიგში მათი ინფორმირებულობის საკითხი დგას და მნიშვნელოვანია ამ საკითხის პოპულარიზაცია, ამიტომაც შექმნა ჯგუფი „სპეციალური საჭიროების სკოლა საქართველოში“.
„ჯგუფი ქართველი აუდიტორიისთვისაა შექმნილი. ნებისმიერ ჩვენგანს გვჭირდება მეტი ვიცოდეთ, რადგან მეტი ინფორმაცია მეტ მიმღებლობასა და ნაკლებ პრობლემებს უდრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.
ჯგუფში ბევრი მშობელია და რეალურად, მათ არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი შვილების მდგომარეობაზე, რაც მათ მესიჯებში, პოსტებში გამოიხატება.
ჯგუფისთვის ვწერ ვიდეოებს, ვთარგმნი სტატიებს ინგლისური და გერმანული წყაროებიდან, რათა საზოგადოებას დავანახო რა და რა ფორმითაა სწორი“, – გვიყვება მაია.
მას უნდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ 6-დან 18 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე იზრუნოს, რადგან მათთან მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება აქვს.
„მინდა, რომ კვლევა ჩავატარო, რადგან აქამდე სხვა სფეროში ვიყავი, მჭირდება უფრო ზუსტად გავიგო, რა არის ჩვენს რეგიონში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების რეალური საჭიროებები და შესაძლებლობები.
ამიტომ პირველ ერთ წელს დავუთმობ კვლევას, გრანტების მოძიებას და პროექტის დაწერას. მასწავლებლები, რომლებიც აქ არიან, პირველ ეტაპზე, როცა მე დამჭირდება მათი რეკომენდაციები, მზად არიან ჩემ გვერდით იყვნენ. ვგულისხმობ მასწავლებლებს, რომლებსაც 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის“, – ამბობს მაია.
მაია ახლა ჟესტურ ენას სწავლობს, რათა ამ საჭიროების მქონე ბავშვებთან თავისუფლად მოახერხოს კომუნიკაცია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ კოლეგასთან ამირ აბდოლლაჰიანთან. კულებას თქმით, ირანმა უარყო ბრალდებები, თითქოს რუსეთს იარაღი ირანული კომპანიების დახმარებით გადააქვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის ომს და მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას.
„მქონდა ზარი საგარეო საქმეთა მინისტრთან, ამირ აბდოლლაჰიანთან. ირანი ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში და მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას. მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლლაჰიანს. მან უარყო ბრალდებები, რომ რუსეთს გადააქვს იარაღი ირანული კომპანიების დახმარებით. ასევე, უკრაინაში სამედიცინო ჯგუფის გამოგზავნისთვის,“ – წერს დმიტრო კულება twitter-ზე.
Call with FM Hossein Amir Abdollahian. Iran stands against Russia’s war on Ukraine, supports a diplomatic solution. Grateful to FM Abdollahian for refuting allegations of arms transfers to Russia with the help of Iranian companies, as well as for the medical team sent to Ukraine.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 აპრილს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ბათუმის შემდეგ ქუჩებზე:
გოგებაშვილის ქუჩა
ე. ნინოშვილის ქუჩა
საბაჟოს შესახვევი – #118
ქუთაისის ქუჩა
ზ. გამსახურდიას ქუჩა
ხულოს ქუჩა
გენერალ მაზნიაშვილის ქუჩა
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა
ს. ჟღენტის ქუჩა
ნ. დუმბაძის ქუჩა
კ. მარჯანიშვილის ქუჩა
ნ. ბარათაშვილის ქუჩა
დ. თავდადებულის ქუჩა
ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩა
ს. ესენინის ქუჩა
ზ. ბერიძის ქუჩა
იმედაშვილის ქუჩა
ლ. ასათიანის ქუჩა (1-41;2-54) 21)
ვაჟა-ფშაველას ქუჩა (1-5; 2-8-22;26)
26 მაისის ქუჩა (1-დან 49-ნდე 2-დან 58-მდე)
რუსთაველის ქუჩა #103
ალ. ახმეტელის ქუჩა # 26
მემედ აბაშიძის ქუჩა (1-49; 2-46) , 27)
ახმედ მელაშვილის ქუჩა
მერაბ კოსტავას ქუჩა
ი. აბაშიძის ქუჩა
ნოე ჟორდანიას ქუჩა
ფარნავაზ მეფის ქუჩა (1-69; 2-70, 33)
საიათნოვას ქუჩა
გორგასლის ქუჩა (1-51; 2-60)
ჭავჭავაძის ქუჩა (1-39; 2-34; 36)
რევაზ კომახიძის ქუჩა და ამავე ქუჩის პირველი შესახვევი
რუსეთს ზაპოროჟიეს რეგიონში ქიმიური იარაღის – თეთრი ფოსფორის ბომბის გამოყენებაში ადანაშაულებს უკრაინა. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ივან არიეფიევმა განაცხადა.
„პოლოგის რაიონის სოფელ ნოვოდანილივკაში ფოსფორიანი საბრძოლო მასალის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ხრუსტალკოვას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ზაპოროჟიეს რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლო. არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გამოცემა „ურკინფორმი“ ავრცელებს ივან არიეფიევზე დაყრდნობით.
განცხადების მიხედვით, პოლოგის მიმართულებით მტერი ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნებას, ახორციელებს საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით და მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები პუნქტიდან ბომბავს უკრაინის სამხედროებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციამ დასძინა, რომ დღეს ზაპოროჟიეს რეგიონში მაღალი საფრთხეა, რომ მტერი სარაკეტო იარაღს გამოიყენებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსი ოკუპანტები ეცდებიან წინსვლას ქალაქ ზაპოროჟიესკენ.
მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მოწყობილი გენოციდის შესახებ შეიტყო, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი ომის დანაშაულებების დასაფარად უკრაინაში მობილური კრემატორიუმების გამოყენება დაიწყეს.
ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მობილურ კრემატორიუმებს რუსი სამხედროების ცხედრების გასანადგურებლადაც იყენებენ, რათა მათი სამხედრო დანაკარგების შესახებ რეალური ინფორმაცია არ გახდეს ცნობილი და რუსეთის ფედერაციას არ მოუწიოს დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა.
„რუსი სამხედროების ქმედებები სრულად შეესაბამება „გენოციდის“ დეფინიციას, რომელიც განსაზღვრულია კონვენციით გენოციდის შესახებ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებით მე-6 მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულებს“, – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ მხოლოდ მარიუპოლში დააფიქსირეს 13 მობილური კრემატორიუმი, რომლებსაც რუსი სამხედროები ქუჩების მოქალაქეთა ცხედრებისგან გასაწმენდად იყენებდნენ.
ომის დანაშაულების დამალვისა და მობილური კრემატორიუმების გამოყენების ფაქტები უკრაინის დაზვერვამ ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქებშიც აღმოაჩინა.
___
მთავარი ფოტო: უკრაინის დაზვერვა, მობილური კრემატორიუმი
მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც გუშინ, 12 აპრილს, ოზურგეთში პრორუსული პარტიის ოფისი აკურთხა, მღვდლობა შეუჩერდა.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა შემოქმედის ეპარქიის პრესმდივანმა მამა ბასილ გოგოტიშვილმა.
„ვადასტურებ, რომ დროებით შეუჩერდა მღვდლობა. რამდენიმე დღეში გაიმართება შემოქმედის ეპარქიის კრება და საბოლოო გადაწყვეტილება ამ კრებაზე იქნება მიღებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამა ბასილ გოგოტიშვილმა.
გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა რომ ოზურგეთში მცხოვრებმა ცისანა ხუჭუამ პრორუსული ორგანიზაცია „ალტ ინფოს“ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ სახლი საოფისედ მიაქირავა. პრორუსული პარტიის ოფისის გახსნა სოფელ მაკვანეთის მღვდელმა ვახტანგ თოხაძემ აკურთხა. ოფისის კურთხევის შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რუსეთთან კავშირი აუცილებელია“.
ოფისის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ოზურგეთში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქტივისტებმა პრორუსული პარტიის მიერ ოფისის კიდევ ერთხელ გახსნა გააპროტესტეს. მანამდე „ალტ-ინფოს“ მცდელობა ოზურგეთში ოფისი გაეხსნა, წარუმატებლად დამთავრდა.
“ალტ ინფოს” წინააღმდეგ ოზურგეთში პროტესტი გრძელდება დღესაც. ილია თაყაიშვილმა, იმ სახლის მეპატრონის შვილიშვილმა, სადაც „ალტ-ინფომ“ ოფისი გახსნა, სახლის კედლიდან პრორუსული პარტიის აბრა ჩამოხსნა, ხოლო სახლის ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინა.
„არანაირად არ ვემხრობი „ალტ-ინფოს“. მე ვარ ამ ოჯახში გაზრდილი და თავისთავად ვერ ავიტან რუსულ პროპაგანდას. რუსეთის სისასტიკეს არ ვემხრობი არანაირად. სანამ აქ ვიქნები „ალტ-ინფო“ ვერ გადმოფენს თავის ბანერებს და ვერაფერს. ასე რომ ვთქვათ, შეძლეს და გააცურეს ჩემი ასაკოვანი ბებია, რომელსაც ცოტა ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მე არ ვუჭერ მხარს რუსეთს, რუსეთის სისასტიკეს არ ვემხრობი და უკრაინა რა თქმა უნდა გაიმარჯვებს,“ – უთხრა ჟურნალისტებს ილია თაყაიშვილმა. მის კომენტარს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად უკრაინაში 191 ბავშვი დაიღუპა და 349 ბავშვი დაშავდა.
ლუდმილა დენისოვა წერს, რომ ინფორმაცია დაღუპული ბავშვების რაოდენობის შესახებ მოცემულია წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით, რომლებსაც სჭირდება დადასტურება.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რიცხვის დადგენა ომის პირობებში შეუძლებელია, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაძვირდა და 3 ლარი გახდა.
საქალაქთაშორისო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის დირექტორი რეზო ხინიკაძე „ბათუმელებთან“ საუბარში მგზავრობის გაძვირებას საწვავზე მომატებული ფასით ხსნის.
„მსოფლიო ბაზარზე ნავთობ პროდუქტების ფასი გაიზარდა. თვე-ნახევარში 2,40 ლარიდან 4,40 ლარზე ავიდა. პარალელურად გაძვირდა საბურავი, რომელიც თუ ღირდა 150 ლარი, გახდა 250 ლარი. ზეთის შეცვლა ღირდა 120 ლარი, ახლა ღირს 260 ლარი. ეს არის მიზეზი.
ხაზგასმით ვამბობ, თუკი დიზელის ფასი დაიწევს და ჩამოვა 2,50 ლარზე, მაშინ მოაკლდება მგზავრობას ფასი და ჩამოვა 2,50ლარზე,” – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ხინიკაძემ.
ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ რადგან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანია ემსახურება, მათ არ აქვთ უფლებამოსილება მგზავრობის ფასის დადგენაში ჩაერიონ.
„რეგულაციის დონეზე ვერ ვერევით, თუმცა ჩვენ გვაქვს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ქობულეთი – ბათუმის მიმართულებით მოძრაობს. ტარიფი დადგენილია და არ შეცვლილა არც პანდემიის დროს და არც საწვავის ფასის მატების შემდეგ. ყველა ღონეს ვიხმართ კერძო ტიპის სამარშრუტო ტრანსპორტის მძღოლებთანაც შესაბამისი მოლაპარაკებები ვაწარმოოთ და მათ დადგენილი ფასები და დაანონსებული ფასები დააკორექტირონ,” – ამბობენ ქობულეთის მერიაში.
ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით მგზავრობის ალტერნატივაა მუნიციპალური ავტობუსი, რომელიც დღის განმავლობაში ხუთ რეისს ასრულებს. მგზავრობის ღირებულება 80 თეთრია.
ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი
ბათუმში, კოსტავასა დაგამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი შემნახველი სალაროს შენობა, სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობის ახალი მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტი“, XIX საუკუნეში აშენებული, მოდერნის სტილის შენობის გადაკეთებას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა ძეგლების საბჭოს ყველა წევრის თანხმობით გაიცა.
„სოდი ინვესტმენტი“ საქართველოში საფრანგეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა და მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ასევე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს.
სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მის მიმდებარედ არსებული ნაკვეთი, სადაც მცირე ზომის სტადიონიც იყო, სააქციო საზოგადოება [სს]„სოდი ინვესტმენტმა“ შპს „კორაქსესისგან“ შეისყიდა.
რა ელის ძეგლს
სპეციალისტების შეფასებით, ზვიად გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარე შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის [იგივე, არტ ნუვო – Art Nouveau] საუკეთესო ნიმუშია საქართველოში, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა ბათუმში და მისი იერ-სახის შეცვლა, მცირე ჩარევაც კი დაუშვებელია.
„მოდერნის სტილის შენობის დეკორი მაღალი ოსტატობით გამოირჩევა, იგი ბათუმური მოდერნის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშია. მკაფიოდ ინდივიდუალური გეგმარებისა და მხატვრული კომპოზიციის მქონე შენობა შესანიშნავად არის შეთანხმებული მის საკვანძო ადგილმდებარეობასთან. სახლი არქიტექტურული დომინანტის როლს ასრულებს. დატვირთვის თვალსაზრისით მისი მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა“, – ასე აღწერს კომპანია „გეოგრაფიკი“ ძეგლს, ბათუმის მერიის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტებით, არ იცვლება ძეგლის სიმაღლე, ასევე ფასადი. „არსებული შენობების არც ერთი სიმაღლის ნიშნული არ იცვლება“, – ირწმუნება სააგენტო. თუმცა რენდერის მიხედვით, რომელიც კომპანიამ სააგენტოს წარუდგინა, ძეგლის სახურავზე შუშის მოცულობა ჩანს. აქ კარგად ჩანს, რომ კომპანია მანსარდული სართულის დამატებას გეგმავს.
როგორც სპეციალისტი გვიხსნის, ამ რენდერის მიხედვით, ძეგლი მანსარდული სართულით იზრდება, რაც შეფუთულია დახრილი სახურავით, ფასადი კი მართლაც არ იცვლება. გვერდით მდებარე სახლზე, სიღრმეში, ისე, რომ ქუჩიდან აღქმადი არ იყოს, ემატება მანსარდული სართული, რომლის შემდეგაც შენობის სიმაღლე გაუტოლდება ძეგლის სახურავს. ამ სახლის გვერდით კი ჩნდება, სავარაუდოდ სამსართულიანი შენობა დახრილი სახურავით – ეს რენდერი კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარუდგინა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს როგორც ძეგლის, აგრეთვე გვერდით მდებარე ფონური ნაგებობის ფასადების პირვანდელი სახით შენარჩუნებას, მის რესტავრაციას. ასევე, სადარბაზოს ღირებული ელემენტების რესტავრაციას საარქივო მასალების მიხედვით, იცვლება მხოლოდ შენობების შიდა გეგმარება.
რაც შეეხება ახალ შენობას, რომელიც ძეგლის გვერდით უნდა აშენდეს, სააგენტომ „ბათუმელებს“ შემდეგი განუმარტა:
„თანამედროვე შენობის „რომბული მინის ბადის“ მოცულობა ჩნდება ეზოს ნაწილში და ნაწილობრივ გადადის სახურავზე, რაც ერთგვარად კრავს სახლის არქიტექტურულ ანსამბლს და შეაქვს თანამედროვე დინამიზმი. არსებული შენობების არც ერთი სიმაღლის ნიშნული არ იცვლება. რაც შეეხება ახალი მოცულობის გაბარიტებს, მისი სიმაღლე არ სცდება ძეგლის კეზის ნიშნულს“.
დააკვირდით მარჯვნივ ძეგლის ზედა ნაწილს, შეადარეთ ის არსებული ძეგლს [სტატიის მთავარი ფოტო] და დაინახავთ, რომ ძეგლის სხვენში ჩნდება მანსარდული სართული, რომლის ფანჯრები და სახურავი ოდნავ გადახრილია – ეს არის რენდერი კომპანიის ვებგვერდიდან.
რას წერს კომპანია პროექტზე
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ძველი ბანკის შენობაში განთავსდება 84-ნომრიანი სასტუმრო. „სოდი ინვესტმენტის“ ინფორმაციით, პროექტის ინტერიერზე ადრიანა ვაისმა იმუშავა. „ექსტერიერი კი ყველა წესის დაცვით რესტავრირდება.“
პროექტის შესახებ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, კომპანია ბათუმის, მათ შორის, ძველი ბათუმის ურბანულ პრობლემებს საერთოდ არ იცნობს.
„დაკვირვებიხართ ძველ ბათუმს? – აქ არსად გვხვდება რთული რელიეფური ლანდშაფტები და არქიტექტურული კონტრასტები. იშვიათია ურბანული მოულოდნელობები. თითქოს წესრიგი და ზომიერებაა აქაური ჰარმონიის მიზეზი. ეს ძველი ბანკის შენობაც ამ ჰარმონიის ისტორიული ნაწილია“, – ამას წერს კომპანია თავის ვებგვერდზე ძველ ბათუმში დაგეგმილი პროექტის შესახებ.
ყოფილი მფლობელი
ძეგლზე დაშენებას გეგმავდა მისი წინა მესაკუთრე შპს „კორაქსესიც“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შესაბამის პროექტზე ნებართვა გასცა კიდეც. შენობის გაბარიტების გაზრდის აუცილებლობას მაშინ კომპანია აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულებებით ასაბუთებდა.
მანსარდის ამაღლებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა განათლების სამინისტრომ გააუქმა. გადაწყვეტილება ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიიღო. მას სააგენტოს საბჭოსთვის საკითხის ხელახლა განხილვა არ დაუვალებია. ხელახლა განხილვის თხოვნით სააგენტოსთვის არც კომპანია „კორაქსესს“ მიუმართავს.
აჭარის განათლების ყოფილ მინისტრს, ინგა შამილიშვილს ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის შესაძლო საფრთხის თაობაზე საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით და სთხოვა, გადაერჩინა ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.
პროექტის რენდერი, რომელიც სამინისტრომ გააუქმა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდებოდა – „ეს კი დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.“ აღმოჩნდა, რომ სახურავის ამაღლებას ახალი პროექტიც ითვალისწინებს.
ამ ყველაფრის პარალელურად, 2019 წელს, კომპანიამ აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩაზე # 20ა-ში არსებულ 485 კვ.მეტრზე სკვერის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა აღებული. ცვლილების მიხედვით, რაზეც მთავრობას უარი არ უთქვამს, კომპანია სკვერს გაცილებით ნაკლებ – მხოლოდ 100-120 კვ/მეტრზე მოაწყობს.
ამ დათმობის სანაცვლოდ ინვესტორმა აიღო კიდევ ერთი სკვერის მოწყობის ვალდებულება იქ, სადაც მთავრობა მიუთითებს. რენდერის მიხედვით, რაც სააგენტომ შეითანხმა, გაურკვეველია, სად აპირებს „სოდი ინვესტმენტი“ სკვერის მოწყობას, რადგან ახალი პროექტის რენდერის მიხედვით, ადგილზე არსებულ ტერიტორიას ფაქტობრივად მთლიანად ითვისებს. ნაკვეთი ჯამში 1680 კვ/მეტრია.
მთავრობის გადაწყვეტილება
მართალია, ძეგლი მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ გაასხვისა, თუმცა აჭარის მოქმედმა მთავრობამ, ბათუმის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად იზრუნეს იმაზე, რომ კომპანიას აქ არ დაჰკლებოდა ერთი კვ/მეტრიც კი, რომელიც პროექტისთვის გამოადგებოდა.
2017 წელს ბათუმის საკრებულომ მერიას გადასცა 36 კვ.მეტრი ზ.გამსახურდიას #12-ში, შემდგომში მისი ჯერ მთავრობისთვის, შემდეგ კი შპს „კორაქსისთვის“ უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. თუმცა კომპანიამ ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა.
ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე 847 კვ.მ შენობა-ნაგებობა და კოსტავას 20ა-ში მდებარე 268 კვ.მეტრი სპორტული მოედანი შპს „კორაქსესს“ 2010 წლის 24 თებერვალს გადაეცა. ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ სამი თვის ვადაში დაასრულებდა ძეგლის ფასადის რესტავრაციას, 5 წლის ვადაში ექსპლუატაციაში შეიყვანდა მცირე სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსს, რომლის იერ-სახეც თანხვედრაში უნდა ყოფილიყო ძველ ბათუმში იმ დროისთვის დადგენილ არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებთან. გადაცემულ სპორტულ მოედანზე კი შპს „კორაქსესს“ უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი დანიშნულების სკვერი.
ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 24 თებერვალი. კომპანიამ მხოლოდ ძეგლის ფასადის რესტავრაცია დაასრულა, ხოლო კოსტავას 20ა-ში სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა.
შპს „კორაქსესი“ 2009 წლის 11 ნოემბერსაა რეგისტრირებული და მისი დირექტორი, ისევე როგორც 100%-იანი წილის მფლობელი, კონსტანტინე მხეიძეა. რაც შეეხება ახალ მფლობელს – შპს „სოდი ინვესტმენტი“ საქართველოში 2017 წელს საფრანგეთში დარეგისტრირებულმა სააქციო საზოგადოებამ GUIBOR-მა დააფუძნა. კომპანიას მისი დაფუძნების დღიდან ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს.
რა ფასად გაყიდა „კორაქსესმა“ სიმბოლურ ფასად გასხვისებული სახელმწიფო ქონება
2018 წელს შპს „კორაქსესის“ მონაცემებში საჯარო რეესტრმა ასახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კომპანიის 100 პროცენტი დააგირავეს. როგორც რეესტრის მონაცემებში ჩანს, კომპანიამ კრედიტორისგან, შპს „სოდისგან“ პროცენტიანი სესხი, 400 000 აშშ დოლარი მიიღო. ამავე წელს კომპანიის წესდების მონაცემებში აისახა ისიც, რომ „სოდს“ სამომავლოდ პროექტის შესყიდვა სურდა.
სს „სოდის“ მხრიდან ხელშეკრულებას ხელი დირექტორმა, ირაკლი ალასანიამ მოაწერა. კორაქსესმა აიღო გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის, მას სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც უნდა შეესრულებინა. 2019 წელს კომპანიამ გადავადება ითხოვა, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე, კრედიტორისგან, წესდებაში ისევ შევიდა ცვლილება, სადაც ჩაიწერა, რომ თუ „კორაქსესი“ პირობას ვერ შეასრულებდა, ვერ მიიღებდა საჭირო ნებართვებს, კრედიტორი ქონებას გამოისყიდდა, ხოლო „კორაქსესს“ 400 000 დოლარის უკან დაბრუნება არ მოუწევდა.
რამდენიმე გადავადების შემდეგ, საბოლოოდ ქონება „სოდი ინვესტმენტმა“ გადაიფორმა.
შენიშვნა: თავდაპირველად სათაურში ეწერა „დაშენებას გეგმავენ“, რაც დაზუსტდა. სააგენტო განმარტავს, რომ სახურავში მოეწყობა ე.წ. ზენიტური ღიობები და შენობის სიმაღლე არ იზრდება.
უკრაინის ხელისუფლება გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად კიევში კანცლერ ოლაფ შოლცს იწვევს.
„ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი მთავრობა მოხარული იქნება, თუ კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა კიევს“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა ბერლინში ანდრეი მელნიკმა 12 აპრილს, გერმანულ ტელეარხ ProSieben-ის ეთერში.
მელნიკის თქმით, ვიზიტის მთავარი თემა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება უნდა იყოს. „ჩვენი პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ამას“, – აღნიშნა დიპლომატმა.
გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდოდა უკრაინაში, კიევში, ჩასულიყო პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან და ბალტიისპირა ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, მაგრამ ოფიციალურმა კიევმა ეს არ ისურვა.
კიევის უარის სავარაუდო მიზეზი გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის კავშირებია რუსეთთან და ის როლი, რომელიც მან შეასრულა, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინის რუსეთისა და გერმანიის დაახლოების საქმეში.
გერმანიის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო კრემლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების შესახებ, თუმცა როგორც ჩანს, კიევისთვის ეს განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა.
ელტუნ ახმედოვი ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებაზე სწავლობს ილიას უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზე. უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის არცოდნის გამო წინააღმდეგობა პირადად მას არსად და არასდროს შექმნია, მიიჩნევს, რომ ამ პროგრამით მოსამზადებელ კურსზე სახელმწიფო ენის ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენლისთვის უფასო უნდა იყოს.
„თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ენის სწავლის კურსი იყოს ამ ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი, მაშინ ყველასთვის უფასო უნდა იყოს, ეს ბევრად ეფექტური იქნებოდა. ყველას არ აქვს საშუალება, გადაიხადოს 2250 ლარი ენის კურსისთვის,“ – ამბობს ელტუნი.
ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანარჩხიდანაა, სადაც ძირითადად აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, სკოლაც იქ დაამთავრა და მერვე კლასში იყო, როცა მის სკოლაში პირველად ჩავიდნენ ქართული ენის პროგრამის მასწავლებლები.
იმ დროისთვის ელტუნმა ქართული უკვე კარგად იცოდა. მეტიც, ეხმარებოდა და თარჯიმნობას უწევდა მშობლებს იუსტიციის სახლში, ბანკში, მაღაზიებსა თუ საავადმყოფოში ექიმებთან.
„პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ზუსტად 12 წელი დავდიოდი ქართული ენის რეპეტიტორთან, სახელმწიფო ენა რომ მესწავლა. ინიციატორები ჩემი მშობლები იყვნენ.
ბავშვობიდანვე მეუბნებოდნენ, რომ ქართული აუცილებლად უნდა მესწავლა, თუ მინდოდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, სწავლა და მუშაობა სამომავლოდ.
ჩემმა მშობლებმა სამწუხაროდ არ იციან ქართული და ყველგან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდათ, ეს ძალიან დიდი დაბრკოლება იყო მათთის. არ უნდოდათ, მეც მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი და ამიტომ მიმიყვანეს თავიდანვე ქართულის მასწავლებელთან.
მშობლებს სეზონური ბოსტნეულის სათბურები ჰქონდათ, მამა მშენებელია, სახლებს აშენებს და არემონტებს, ამ სახსრებით მიხდიდნენ რეპეტიტორის ფულს. მაგრამ ყველას არ აქვს საშუალება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ბავშვობიდანვე იაროს მასწავლებელთან.
მეშვიდე, მერვე კლასიდან გავაცნობიერე, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია,“ – ამბობს ელტუნი.
როცა მის სკოლაში ქართული ენის პროგრამის მასწავლებლები ჩავიდნენ, ელტუნმა მათთან კომუნიკაციით ენის პრაქტიკა მიიღო.
არც უნივერსიტეტში ჩაბარება გასჭირვებია და ჰყვება, რომ სპეციალურ ლიტერატურასაც დაბრკოლების გარეშე კითხულობდა და სწავლობდა.
„ამისთვის ენის ცოდნის საჭირო ბაზა უკვე მქონდა“ – იხსენებს ელტუნი.
წელს ის ბიზნესისა და ტურიზმის ბაკალავრიატში ასრულებს სწავლას. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ სამსახურის მოძიება საკუთარი პროფესიით ძალიან უჭირს, რადგან პანდემიამ დააზარალა ყველა სფერო და განსაკუთრებით ტურიზმი, სადაც ელტუნი აპირებდა ბედის ცდას.
ახლა ის ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვების სამსახურში მუშაობს, თუმცა უნდა, რომ სამომავლოდ საკუთარი პროფესიით დასაქმდეს. სტუდენტობის ხუთი წლის განმავლობაში, როგორც ელტუნი გვიამბობს, მან არაერთი სამსახური გამოიცვალა და ბევრი რამ სცადა.
„სტუდენტობის მხოლოდ პირველი ექვსი თვე არ მიმუშავია, მერე სამსახური ვიპოვე და მას შემდეგ მშობლებზე დამოკიდებული აღარ ვყოფილვარ“ – გვეუბნება ის.
ელტუნი ამბობს, რომ მიუხედავად ბინის ქირის საფასურის გაძვირებისა, მაინც ახერხებს თბილისში ცხოვრებას და მუშაობას, რაშიც მას ენის ცოდნა ეხმარება:
„თბილისში პირველად 2017 წელს ჩამოვედი. ამ დროს 18 წლის ვიყავი. ადვილად ვეგუები ახალ ხალხს და ახალ გარემოს. ადაპტაცია არ გამჭირვებია, როცა ენა იცი, არ იკარგები და ეს დამეხმარა, მაგრამ ძალიან რთულია ამ გზის გავლა ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც ენა ჯერ კიდევ არ იცის კარგად, ამ მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ მე გამიმართლა,“ – ამბობს ელტუნი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 15 აპრილს აჭარაში ღამით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში კვირის ბოლოს დათბება და ჰაერის ტემპერატურა +21, +25 გრადუსს მიაღწევს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 45, ქვემო ქართლში -20, შიდა ქართლში – 18, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 15, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 24 862, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 933, PCR ტესტით – 1 929.
ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №63, პუშკინის ქუჩის კვეთასთან ახლოს, ხილ-ბოსტნეულის პატარა მაღაზიაა. RCHEULI/რჩეული – მწვანედ აწერია მაღაზიას სახელდახელოდ დამზადებულ დაფაზე.
მაღაზია რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახმა გახსნა. სავაჭრო ობიექტი ყურადღებას იმით იპყრობს, რომ ყველაფერი გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა მაღაზიებში.
მურთუზალ და ანია მამედოვები მამა-შვილია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 29 თებერვალს წამოვიდნენ ხარკოვიდან. დატოვეს სახლი, ავტომანქანა, ხილ-ბოსტნეულის პატარა მაღაზია და ხარკოვის რკინიგზის სადგურს მიაშურეს. მგზავრებით გადატენილი მატარებლით, ჭყლეტაში იმგზავრეს და ჩააღწიეს პოდოლსკში – უკრაინა-მოლდოვას საზღვრამდე.
„მოლდოვადან ავტობუსით რუმინეთში გადაგვიყვანეს, იქ 5 დღე დავრჩით, გვეგონა 3-4 დღეში დასრულდებოდა ომი და უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ თვეზე მეტია გრძელდება ეს საშინელება და აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ. უსასრულოდ ხომ არ ვიქნებით ჩვენი მეგობრების ბინაში უსასყიდლოდ, თავი ხომ უნდა ვირჩინოთ. ამიტომ ბათუმშიც გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, ჩვენ ეს საქმე ვიცით მხოლოდ“, – ამბობს მურთუზალ მამედოვი.
მისი ოჯახი ხარკოვიდან გამოღწევის შემდეგ სტამბოლში გაემგზავრა ავტობუსით. მერე კი ბათუმში ჩამოვიდნენ, სადაც მეგობრები ელოდნენ.
„იცით, ხარკოვში რა კარგი მაღაზია გვქონდა? მთელი უბანი ჩვენთან ყიდულობდა ხილს და ბოსტნეულს, რადგან მიდგომა გვქონდა ასეთი: ყველაფრის ფასი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, შენც უნდა დაგრჩეს რაღაც, მაგრამ ხალხი არ უნდა გაძარცვო. ამ პრინციპს არც აქ ვცვლით“, – ამბობს ანია მამედოვა.
ხილ-ბოსტნეულის პატარა, ახალ მაღაზია „RCHEULI/რჩეულში“ უბრალო, სახელდახელოდ შეჭედილი ხის თაროებია. მაღაზიაში არ აქვთ მაცივრები, რომ წყალი, გამაგრილებელი სასმელები და ნაყინიც გაყიდონ. არადა, მალე დათბება და როგორც უკრაინის მოქალაქეები გვეუბნებიან, მათ ახალგახსნილ მაღაზიაში მყიდველები უკვე კითხულობენ ცივ სასმელებსა და ნაყინს, რასაც ისინი მომხმარებლებს ვერ სთავაზობენ უმაცივრობის გამო.
„ძალიან პატარაა ჩვენი მაღაზია, დისტრიბუტორები ვერც გვამჩნევენ და არავინ გვამარაგებს, არც ხალხს ვიცნობთ, რომ დავუკავშირდეთ დისტრიბუტორებს და ვთხოვოთ ჩვენს მაღაზიასაც მოაწოდონ პური, ცივი სასმელები და ნაყინი – შესაბამისი მაცივრებით“, – ამბობს მურთუზალ მამედოვი.
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
პერსონალი – დაახლოებით 19 800 ადამიანი
ტანკი – 739 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 1 964 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 358 ერთეული
MLRS – 115 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 64 ერთეული
თვითმფრინავი – 158 ერთეული
ვერტმფრენი – 143 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 429 ერთეული
გემი/ნავი – 7 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 132
სპეციალური აღჭურვილობა – 25
მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:
130 თვითმფრინავი
99 შვეულმფრენი
447 უპილოტო საფრენი აპარატი
2 169 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
244 საზენიტო სარაკეტო სისტემა
243 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
931 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 076 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმების „გარკვეულ დონეს“ მიაღწიეს, საიდანაც უკრაინულმა მხარემ შემდეგ უკან დაიხია.
დღეს, 13 აპრილს, ლიეტუვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ.
დღესვე, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც. ფეიბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ის მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასა.
დღეს, 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ფეიბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ის მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის.
„ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან.
ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.
ჩემმა კოლეგამ კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.
დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.
განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.
ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.
და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის უკრაინაში მიწვევასთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ისაუბრა. მისი თქმით, ის მზადაა განიხილოს ვიზიტის დეტალები და იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბუჩაში ჩასვლის მიწვევა ჯერ კიდევ 8 აპრილს მიიღო. ამის თაობაზე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებდა. თუმცა ოფიციალურ მიწვევას არ ადასტურებდნენ პარლამენტში. მოგვიანებით „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის უკრაინაში მიწვევას და თქვა, რომ პაპუაშვილი ავად იყო.
საქართველოში ბანკებსა და შესაბამის საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს ეკრძალებათ საქართველოს მოქალაქის მიერ თანხის გადარიცხვა იმ უცხოური კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეწევა.
საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტ კომპანიებს აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე თანხის გადარიცხვა კანონით 2022 წლის პირველი მარტიდან აეკრძალათ. თუმცა კანონში იყო მუხლი, რომელიც განმარტავდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს აკრძალვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომხდარიყო.
სწორედ ეს წესი დაამტკიცა ამჯერად ეროვნულმა ბანკმა.
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესი“ 2022 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა.
ახალი წესის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდებს ვეღარ განახორციელებს საქართველოს რეზიდენტი, როგორც ფიზიკური პირი/საქართველოს მოქალაქე, ასევე, ის იურიდიული პირი თუ ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია:
[crosslist]
SWIFT-ის საშუალებით გადარიცხვების განხორციელების შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდები შეზღუდოს 2022 წლის 16 აპრილიდან
2022 წლის პირველი ივნისიდან კი, საქართველოს ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში – შეტყობინებაში მითითებული პირების სასარგებლოდ შეზღუდოს გადახდების განხორციელება, ან შეტყობინებაში მითითებულ კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს კონკრეტულ პირებზე გადახდების განხორციელების შესაძლებლობა.
[/crosslist]
პროვაიდერს არ აქვს უფლება „ურთიერთობა დაამყაროს სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიასთან მის სასარგებლოდ რეზიდენტი პირების მიერ გადახდების განხორციელების ორგანიზების მიზნით, მათ შორის, საბარათე ოპერაციების მეშვეობით, ინტერნეტბანკით და მობილური ბანკით, თვითმომსახურების კიოსკებით, ფილიალებისა და სერვის-ცენტრებიდან გადახდების ორგანიზების გზით“.
პროვაიდერი ვალდებულია შეზღუდოს მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტების საშუალებით ან/და მისი მომსახურების არხებში რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელება, შემდეგ შემთხვევებში:
[checklist]
ელექტრონული კომერციის ოპერაციების შემთხვევაში – სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის მიხედვით სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფერო არის სათამაშო ბიზნესი და მომსახურე ექვაირერი არის არარეზიდენტი;
საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებულია ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, კომპანია [კომპანიები] სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ განსაზღვრულია როგორც სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანია.“
[/checklist]
ახალი წესის მიხედვით, „თუ პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მომხმარებლები სხვა პირებს [მათ შორის, უცხოური ელექტრონული ფულის პროვაიდერების] იყენებენ შემდგომში სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების მიზნით ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფერო არის სათამაშო ბიზნესი, მაგრამ ის არ იყენებს სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელ კოდს, პროვაიდერმა აღნიშნულის შესახებ შესაბამისი წერილობითი შეტყობინება უნდა მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო შეტყობინების ასლი – საქართველოს ეროვნულ ბანკს.“
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.
ახალ წესში აღნიშნულია, რომ „რეზიდენტი პირი უფლებამოსილია სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის ბალანსზე არსებული მისი კუთვნილი თანხა გადაიტანოს საბანკო [მათ შორის, საბარათე] ანგარიშზე და ელექტრონული ფულის ანგარიშზე“.
საქართველოში, 2022 წლის პირველი მარტიდან, დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა.
აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ: საჯარო მოხელეებს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს.
გერმანული მედია წერს, რომ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდოდა უკრაინაში, კიევში ჩასულიყო პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან ერთად, მაგრამ ეს არ ისურვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ინფორმაცია დღეს, 12 აპრილს გაავრცელა გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“. მოკლე ხანში კი, როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ინფორმაცია თავად შტაინმაიერმაც დაადასტურა.
გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა კიევმა უარყო მის მიერ შეთავაზებული ვიზიტი უკრაინაში.
გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი ამჟამად პოლონეთში, ვარშავაში იმყოფება. „დოიჩე ველე“ წერს, რომ იგი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გეგმავდა უკრაინაში ვიზიტს.
„როგორც ჩანს, ეს არ სურდათ კიევში“, – შტაინმაიერის ამ ციტატას „დოიჩე ველე“ აქვეყნებს .
კიევის უარის სავარაუდო მიზეზი შტაინმაიერის კავშირებია რუსეთთან და ის როლი, რომელიც მან შეასრულა, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინის რუსეთისა და გერმანიის დაახლოების საქმეში.
გერმანიის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო კრემლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების შესახებ.
„მე დავინახე ცვლილებები რუსულ პოლიტიკაში, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინის რაციონალურობის ნარჩენების იმედი მაინც მქონდა“, – თქვა მან.
კახი გურგენიძე, ლადო ჩიბურდანიძე და ანდრია ფენი ის აქტივისტები არიან, რომლებმაც ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერეს ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ.
„პუტინ ხუილო! რუსეთი ოკუპანტია! თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია.
ჩვენ არ გვიხარია თქვენი დანახვა.
ჩვენ თქვენ არ შეგხვდებით ღიმილით.
ჩვენ არ გენდობით. არ ვართ დარწმუნებული, რომ თქვენს დასაცავად არ შემოიჭრება საქართველოში თქვენი ხელისუფლება“ – ისმის ჩანაწერში.
ერთ-ერთი აქტივისტი, ანდრია ფენი, რომელიც „ბათუმელებს“ ესაუბრა, ამბობს, რომ პერფორმანსის იდეა მეგობრებს სპონტანურად გაუჩნდათ.
„დილით შევხვდით ერთმანეთს და ბულვარში გავისეირნეთ. ძალიან ბევრი რუსია. თანაც ამ დღეებში ბევრი ისტორია მოვისმინეთ, რომ რუსები ძალიან აგდებულად ელაპარაკებოდნენ ქართველებს და მოითხოვდნენ რუსულად ელაპარაკათ მათთან.
სპონტანურად მოვიფიქრეთ ეს პერფორმანსი და რადგან არ გვინდოდა ჩვენ მიგვემართა რუსულად, გამოვიყენეთ სათარგმნი პროგრამა და google.translate-ის ხმით მოვუწოდებდით რუსებს.
რუსებს ჰქონდათ რეაქცია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იღებდნენ მობილურებს და გვიღებდნენ. აშკარად არ სიამოვნებდათ, რასაც ვეუბნებოდით.
ქართველები ძირითადად გვეუბნებოდნენ მადლობას, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა ორი ბიჭი მოვიდა და შელაპარაკება გვქონდა. ერთ-ერთი ამბობდა, რომ რუსი მეგობარი გოგო ახლდა და მას არ მოეწონა ის, რასაც ისმენდა. გვეუბნებოდნენ, რომ ყველა რუსი მოქალაქე აგრესორი არ არის და არ ეთანხმება პუტინისტურ ხელისუფლებას“ – გვიყვება ანდრია.
მისი თქმით, ტექსტი, რომლითაც რუსებს მიმართავდნენ, არ შეიცავს სიძულვილის ენას და საუბარია იმაზე, თუ რა გააკეთა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში.
„ჩვენ უბრალოდ ვეუბნებით მათ, რომ არ ვენდობით მათივე მთავრობის გამო და არ გვაქვს დასამტკიცებელი მათთვის ჩვენი სტუმართმოყვარეობა.
პირიქით, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ უსაფრთხო სტუმრები არიან და პატივს სცემენ ამ ქვეყანას, რომელშიც სტუმრად მოვიდნენ,“ – ამბობს ანდრია.
ანდრია ფენის თქმით, იყო ერთი შემთხვევაც, როცა რუსულენოვანი მოქალაქე მათ პერფორმანსს დადებითად გამოეხმაურა:
„დაახლოებით 16-17 წლის გოგო იყო, რომელიც მოვიდა და ქართულად გვითხრა – „მართალი ხარ ძმაო“ და ხელი ჩამომართვა.
უკრაინელების რეაქცია კი, რა თქმა უნდა, იყო პოზიტიური. უხაროდათ, გვაჩერებდნენ, რესტორნიდან გამოვიდნენ და ჩაგვეხუტნენ“.
ბათუმელი ბიჭების პერფორმანსის ამსახველ ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს სოციალურ ქსელებში.
„სანამ რობოტები დაირაზმებოდნენ და ჩატებში ჩაუყრიდნენ ერთმანეთს ვიდეოს ბმულებს, მანამდე 95 პროცენტი კომენტარებში მადლობას გვიხდიდა.
ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ამ ტექსტით ბევრი ადამიანის სათქმელი გავაჟღერეთ.
ხშირად ჩვენ გვაქვს შინაგანი პროტესტი, თუმცა ამას არ გამოვხატავთ ხმამაღლა და ალბათ საჭიროა ერთმანეთს ავუხსნათ, რომ ამ პროტესტმა გარეთაც უნდა გადმოინაცვლოს,“ – გვითხრა ანდრიამ.
პერფორმანსი გუშინ, 11 აპრილს, პირველად გაიმართა. აქტივისტები კიდევ აპირებენ აქტივობის გაგრძელებას. მათ სხვა იდეებიც აქვთ და როგორც ანდრია გვეუბნება, ალბათ მსგავს მიმართვებს იმ რესტორნებისთვისაც ჩაწერენ, სადაც რუსული მუსიკა ხშირად ჟღერს.
„ასევე ვაპირებთ, რომ ავტვირთოთ ეს ხმაც და თუ ვინმეს დასჭირდება, შეუძლია გამოიყენოს“.
რაც შეეხება პოლიციას, ანდრია ფენი ამბობს, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ფორმიანი ადამიანები მათ სიახლოვეს არ შეუნიშნავს.
„თუმცა მათ სადავო არაფერი აქვთ, რადგან ჩვენ არ ვიყენებთ სიძულვილის ენას, უბრალოდ პოლიტიკურ ენაზე ვუხსნით რუსეთის მოქალაქეებს, რომ მათ მათივე ხელისუფლების გამო არ ვენდობით,“ – ამბობს ანდრია.
ფოტო, რომელზეც ბავშვის ზურგზე დაწერილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომრები და დაბადების თარიღია ასახული, ბოლო კვირაა სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება. „ბიბისიმ“ იპოვა და ჩაწერა ბავშვის დედა, საშა, რომელიც შვილთან ერთად ახლა საფრანგეთშია.
წარწერები ვერას ზურგზე. ფოტო: twitter
ბავშვი, რომელსაც დედამ ზურგზე სახელი და გვარი დააწერა, 2 წლის ვერა მაკოვაა კიევიდან. საშას, ვერას დედას, ეშინოდა, რომ დაბომბვისას თვითონ მოკვდებოდა ან ბავშვი დაიკარგებოდა, ამიტომაც ვერას ზურგზე დააწერა აუცილებელი ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ და ტელეფონის ნომრები.
„ყველაზე მეტად მეშინოდა, რომ ვერა დაიკარგებოდა ან დავიღუპებოდით და ვერავინ გაიგებდა ვინ იყო,“ – უთხრა ქალმა „ბიბისის“.
საშა მაშინ ფიქრობდა, რომ თუ მოკვდებოდა ან მისი შვილის არც ერთი ნათესავი არ გადარჩებოდა ცოცხალი, ვერას ვინაობა ასე გახდებოდა ცნობილი და ვერა შემდეგში შეძლებდა დედის ანგარიშის პოვნას სოციალურ ქსელებში, რათა ენახა, როგორ გამოიყურებოდნენ მისი მშობლები.
საშამ 2 წლის შვილთან ერთად გაიარა მოლდოვა, რუმინეთი, ბელგია და ახლა საფრანგეთშია. იგი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თავს მხნედ და მისთვის სახლიდან გასვლაც რთულია, რადგან ნაღმების შიში აქვს.
„ვერა კარგადაა, ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გაიგოს რა ხდება,“ – ამბობს საშა.
2 წლის ვერა საფრანგეთში, სადაც ახლა ის დედასთან ერთად იმყოფება მოხალისეების ოჯახში. ფოტო: instagram
უკრაინული სააგენტო UNIAN-ის ცნობით, ახლა უკრაინაში დედები თავიანთ შვილებს სახელს, გვარს და სხვა მონაცემებს სხეულზე აწერენ, რომ მშობლის დაღუპვის შემთხვევაში ბავშვის ვინაობა ცნობილი იყოს.
საქმე, რომელშიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად ცნო. საჩივრის ავტორმა თამარ ხაჭაპურიძემ უკვე მიიღო ევროსასამართლოსგან დასაშვებობის დამადასტურებელი წერილი.
თამარ ხაჭაპურიძემ 2016 წელს თქვა, რომ თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა. გამოძიება მოზარდის ცემაზე იმავე დღეს დაიწყო, ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას საღამოს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა და დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები.
ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია და ძიება არ დასრულებულა მოზარდის ცემის საქმეზე, სადაც, მშობლების თქმით, დამნაშავე მოსამართლეა. მოზარდი უკვე სრულწლოვანი გახდა, მოზარდის მშობლებს კი, მხოლოდ ჯარიმის გადახდა დააკისრეს და ისინი ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, სადაც მათ პოლიტიკური დევნილის სტატუსიც მიიღეს.
თამარ ხაჭაპურიძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლო ორ სხვადასხვა საქმეს განიხილავს – ერთი სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეა, სადაც მოზარდის მშობლები გაასამართლეს, მეორე კი საქმე, სადაც მოზარდის ცემაზე მისი მშობლები მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს სდებდნენ ბრალს, გამოძიება კი, ამ დრომდე დუმს.
„5 წელი მასამართლებდნენ იმისთვის, რომ შვილის სისხლის დანახვით აღელვებულმა დედამ წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც თურმე მუქარას შეიცავდა. რაკი მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი, მუქარას ჯგუფური უწოდეს, რათა ბრალი დაემძიმებინათ და ისიც გაასამართლეს… გვემუქრებოდნენ 10 წლამდე პატიმრობით, რათა დაეფარათ მაშინდელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მიერ ჩემი 13 წლის შვილის ცემისა და დაზიანების ფაქტი,“ – მოგვწერა მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძემ. – „აღნიშნული საქმის წარმოებისას პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ უხეშ დარღვევასა და უკანონობას, რაც გავასაჩივრეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სტრასბურგმა ჩვენი საჩივარი დასაშვებად ცნო.
კიდევ ერთხელ გაოცდება სტრასბურგის სასამართლო, თუ რა ბინძური და უკანონო მეთოდებით დაგვიპირისპირდა მე და ჩემს ოჯახს სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, სასამართლო, იკადრეს ყველაფერი, შეთითხნილი ბრალი, მტკიცებულებების გადამალვა, დაშინება, მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმა და ა.შ. ჩემი შვილიც კი არ დაკითხეს სასამართლოზე, რათა მას არ ეთქვა, რომ მიქაუტაძემ დაარტყა,“ – აღნიშნა თამარ ხაჭაპურიძემ „ბათუმელებთან“.
გამოძიებას მოზარდის ცემის საქმეზე, რაც 6 წლის წინ დაიწყო, არაფერი გაურკვევია, სამაგიეროდ, თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე – კახა ხაჩიძე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2018 წელს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გაასამართლა , გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები 5 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ამ საქმეზე ხულიგნობა დაადგინა, შესაბამისად, არ დაადასტურა პროკურატურის ვერსია, რომ მოზარდის მშობლები მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცდილობდნენ.
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელმაც ეს საქმე 2018 წელს განიხილა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, 2019 წელს დაწინაურდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. საიას შეფასებით, რომელიც ამ საქმეში არასრულწლოვნის მშობლების ინტერესებს იცავდა, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.
ამ სასამართლო განხილვის დროს იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო გიორგი მიქაუტაძე. 2019 წელს ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2020 წლიდან გიორგი მიქაუტაძე უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
თურქი მკვლევრების აზრით, შავ ზღვაში წყლის ტემპერატურა არსებითად იცვლება კლიმატური კრიზისის ფონზე, რაც იწვევს წყალდიდობისა და მეწყრის შემთხვევებს შავი ზღვის რეგიონში.
თურქი მეცნიერები, რომლებიც შავ ზღვას სწავლობენ, ამბობენ, რომ შავი ზღვის წყლის ტემპერატურა თითქმის 2 გრადუსით მომატებულია.
„თურქეთის ზღვისპირა რეგიონში მეწყრების და წყალდიდობის ესკალაციის დროს, ტემპერატურის მატება გამოწვეულია კლიმატის კრიზისით, რაც იწვევს სხვა პრობლემებს, როგორიცაა გვალვა თურქეთის სხვა რეგიონებში“ – წერს თურქული გამოცემა„დეილი საბაჰი“.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, საზღვაო ბიოლოგიის ექსპერტის, ერთუგრულ აგირბაშის თქმით, მათმა ბოლო გაზომვამ აჩვენა, რომ ზღვის წყლის ტემპერატურა მარტში იყო 9,5-10 გრადუსი, როცა მარტის საშუალო მაჩვენებელი 8,1 გრადუსია.
მეცნიერი ამბობს, რომ ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, შავი ზღვის წყლის საშუალო ტემპერატურა მარტში 8,1 გრადუსი ცელსიუსი იყო და ეს უეცარი ცვლილება ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს.
„გლობალური დათბობა აფართოებს ზღვაში ჟანგბადით ნაკლებ ზონებს. შავი ზღვა სხვა ზღვებს შორის განსაკუთრებულია, რადგან ის კლიმატის ცვლილებისგან ყველაზე მეტად დაზარალებულია. ეს არის შიდა ზღვა ანოქსიური [იგივე უჟანგბადო] ფენით.
ზღვის წყლის ტემპერატურის მატებას გადააქვს წყალბადის გოგირდის ფენა ძირიდან ზედაპირთან უფრო ახლოს. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს ჟანგბადის მაღალი შემცველობის ტერიტორიებს“, – თქვა მან.
აგირბაშმა აღნიშნა, რომ შავ ზღვაში ასევე ქრება ძირსა და ზედაპირს შორის არსებული ცივი ფენა, რაც გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე და თევზაობაზე. მისივე თქმით, შემცირებულია თევზის სახეობების რაოდენობა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი ასევე აწარმოებს პროექტს შავი ზღვის ეკოსისტემაზე ნახშირბადის გამონაბოლქვის გავლენის შესასწავლად. შავი ზღვა, განსაკუთრებით მისი დაბოლოება დასავლეთით, არის დიდი ინდუსტრიული ჰაბების სახლი, რაც პოტენციურ დამაბინძურებლად მიიჩნევა. ეს რეგიონი იყო იმ ადგილებს შორის, რომლებიც გასულ წელს დაზარალდა ზღვის ლორწოთი, რომელმაც დაფარა მარმარილოს ზღვა, რისი მიზეზიც ზღვის დაბინძურება და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სხვა ფაქტორები იყო.
„თურქეთს უკვე დაეტყო კლიმატის ცვლილება, რაც ამძიმებს კატასტროფებს, როგორიცაა ტყის ხანძრები და წყალდიდობები. ექსპერტები ასევე პროგნოზირებენ ტემპერატურის მატებას ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ისედაც თბილ რეგიონებში“ – წერს „დეილი საბაჰი“.
ზღვის წყლის ტემპერატურის მატება, მეტი წყლის აორთქლების გამო, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი ნალექების წარმოქმნაში.
„ეს დღეები შედარებით სტაბილური სიტუაციაა, აფეთქებები არ არის, მაგრამ ყველა ვხდებით, რომ რთული დღეები ელის უკრაინას,“ – ამბობს უკრაინაში მყოფი კობა ხაბაზი. მისი თქმით, ქართველი მოხალისეების უმრავლესობა ისევ უკრაინაში რჩება.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 12 აპრილს, ფეისბუქში დაწერა, რომ უკრაინას ტოვებს და „მალე დავბრუნდები უფრო მეტი ქართველით“.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნდა უკვე საქართველოში. მიზეზი არ ვიცი, ერთად არ ვიბრძოდით,“ – აღნიშნა კობა ხაბაზმა, ის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია და უკრაინაში იბრძვის, როგორც მოხალისე.
კობა ხაბაზი განმარტავს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოდან ისევ ყველაზე მეტი მოხალისეა უკრაინაში.
„რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოდან მოხალისეები ყველა ერთად ვართ. მებრძოლები ნაწილდებიან სხვადასხვა დანაყოფში გამოცდილების და საჭიროების მიხედვით…“ – განმარტავს კობა ხაბაზი.
კობა ხაბაზი დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში. პოლიტიკოსი ორ ფაქტორს ასახელებს: ეკონომიკა, რომელიც დღითიდღე რუსეთში სუსტდება და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც უკრაინას აწვდიან.
„მხოლოდ ქართველებს გვესმის სრულად ალბათ იმ ბოროტების მასშტაბი, რაც უკრაინაში დაატრიალა პუტინმა,“ – გვიყვება კობა ხაბაზი, მას სოციალურ ქსელში ვესაუბრეთ. – „ყველას გვახსოვს სოხუმი, სამაჩაბლო, ანწუხელიძე, მაგრამ როცა ჩადიხარ ბუჩაში, ხვდები, რომ ეს ბოროტება კიდევ უფრო გაიზარდა და აბსოლუტური ბოროტება გახდა.
წინ არის 9 მაისი და პუტინმა უნდა ჩაატაროს აღლუმი მოსკოვში. ის ეცდება საშინელება დაატრიალოს, რომ მცირედი წარმატება მაინც ჰქონდეს, მაგრამ ახლა ყველა ხვდება, უკრაინის დამარცხება შეუძლებელია, ერის, რომელსაც ნაგემი აქვს თავისუფლება. ასე, რომ ჩვენ ბოროტების დამარცხების მხილველი ვიქნებით.
მოგეხსენებათ, ომი ეკონომიკის გარეშე არ არსებობს. რუსეთი დეფოლტის წინა სტადიაზეა, მთელი მსოფლიო კი, უკრაინის გვერდით დგას. რაც მთავარია, უკრაინას აწვდიან თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას – „ბაირახტარი“ და ჯაველინები უკვე მონაგონია…“ – გვითხრა კობა ხაბაზმა.
6 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გადაწყვეტილება ყოფილმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ არ აღასრულა და, როგორც ჩანს, მის აღსრულებას არც ახალი რექტორი, მურთაზ დევაძე აპირებს.
„ბათუმელები“ აკადემიის რექტორს გუშინ, 11 აპრილს, დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაჟა ანანიძის სამსახურში აღდგენას სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
რექტორმა ამ კითხვაზე წერილობით გვიპასუხა.
„რაც შეეხება მის (ვაჟა ანანიძის) აღდგენას, იგივე ან მსგავს პოზიციაზე გადაწყვეტილების აღსრულება დღეისათვის შეუძლებელია“, – მოგვწერეს საზღვაო აკადემიის რექტორის სახელით.
ამავე წერილობით კომენტარში აკადემია აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილი აღასრულა, ისიც სანახევროდ, რომელიც ვაჟა ანანიძისთვის განაცდური ხელფასის გადახდას უკავშირდებოდა.
სასამართლომ აკადემიას დააკისრა სრული განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2020 წლის 22 ივლისიდან დღემდე და ასევე, მორალური სახელფასო კომპენსაციის სახით ანანიძეს აკადემიისგან 25 200 ლარი უნდა მიეღო.
თუმცა როგორც აკადემიიდან გვწერენ, „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ უზრუნველყო 3 თვის შრომის ანაზღაურების (თვეში 1700 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით), ჯამში 5100 ლარის გადახდა ბატონი ვაჟა ანანიძისთვის“.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას 29 ოქტომბერს მიმართა, პროკურატურამ კი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე გამოძიება 2021 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია გამოძიების შედეგი.
სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ვაჟა ანანიძეს, მას შემდეგ, რაც ის აკადემიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, საპროტესტო აქციას აკადემიის შესასვლელთან მართავს. ის თითქმის ყოველდღე მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, რომ რეაგირება მოახდინონ ფაქტზე და დაიცვან მისი, როგორც მოქალაქის უფლება, ასევე კანონის უზენაესობა.
ვაჟა ანანიძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში დაადანაშაულა.
T-64 ტანკის მექანიკოსი, 28-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლი, სერგეი, უკრაინის სამხრეთით დაიჭრა. იმ დღეს, როდესაც მისი ტანკი ნაღმზე აფეთქდა, ის უკვე მეორედ შედიოდა ოკუპანტების მიერ აოხრებულ სოფელში.
„იხსენებს, რომ როცა გონს მოვიდა, მიხვდა, რომ დაჭრილი იყო, აფეთქებულ ტანკში იმყოფებოდა და სასწრაფოდ უნდა გაეღწია. გამოძრომა მოახერხა, რამდენი მეტრი იხოხა გზის პირამდე და დაღმართზე დაგორდა. ესმოდა აფეთქებების ხმა, როგორ ისროდნენ მტრის ტანკიდან. ხმები უფრო და უფრო ახლოვდებოდა“, – წერენ 28-ე ბრიგადის ფეისბუქის გვერდზე.
სერგეიმ ხელებით ამოთხარა მიწა და ჩაიმალა. სამალავში ერთი დღე-ღამე გაატარა, შემდეგ კი მოტეხილი ფეხებით დაახლოებით 6 კილომეტრი იხოხა. მხოლოდ შემაღლებულ ადგილას ასულმა შეძლო დაერეკა თანამებრძოლებთან, რომლებსაც ის დაღუპული ეგონათ.
ექიმების თქმით, სერგეი გავლას ნახევარ წელიწადში შეძლებს.