მთავარი,სიახლეები

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

22.03.2022 • 4241
20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

„ესოშიეითიდ პრესის“ ჟურნალისტის, მსტისლავ ჩერნოვის ნაამბობი ქალაქ მარიუპოლიდან გამოღწევაზე ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან ერთად.

წყარო: apnews.com 

თარგმნა ნიკა ბურდულმა 

________________

მსტისლავ ჩერნოვი. ფოტო: apnews.com

რუსები ჩვენზე ნადირობდნენ. მათ ჰქონდათ სია, რომელშიც ჩვენი სახელები იყო და გვიახლოვდებოდნენ.

მარიუპოლში საერთაშორისო ჟურნალისტებიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით დარჩენილი, ორ კვირაზე მეტი ქალაქის ალყას ვაშუქებდით. საავადმყოფოში ვიყავით, როცა შეიარაღებული პირები შემოიჭრნენ და კორიდორებში დაიწყეს სიარული. ქირურგებმა თეთრი ხალათები მოგვცეს შესანიღბად.

მოულოდნელად, განთიადისას, ჯარისკაცები შემოვარდნენ: „ეს დედამო**ნული, სად არიან ჟურნალისტები?“

შევხედე მათ ლურჯ სამკლავურებს, ანუ უკრაინელები იყვნენ. ვცდილობდი გამომეთვალა, რამხელა იყო იმის შანსი, რომ ისინი გადაცმული რუსები ყოფილიყვნენ. წამოვდექი და გავეცანი. გვითხრეს, აქ თქვენ გასაყვანად ვართო.

საავადმყოფოს კედლებს არტილერია და სროლები აზანზარებდა. უფრო უსაფრთხო შენობაში დარჩენა კარგი იქნებოდა, თუმცა, ჯარისკაცებს ბრძანება ჰქონდათ, ჩვენც წავეყვანეთ.

ქუჩაში გავედით. დავტოვეთ ექიმები, რომლებმაც შეგვიფარეს. ფეხმძიმე ქალები, რომლებიც არტილერიის ცეცხლის ქვეშ იყვნენ და კორიდორებში ეძინათ, რადგან სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდათ. საშინლად ვგრძნობდი თავს, ისინი რომ მივატოვეთ.

დაბომბილი კორპუსების გასწვრივ 9 ან 10-წუთიანი გზა თითქოს უსასრულოდ გაიწელა. ირგვლივ ჭურვები ფეთქდებოდა და ჩვენც მიწაზე ვწვებოდით. დროს ვზომავდით ერთი ჭურვის დაცემიდან მეორეს დაცემამდე. დაძაბულები ვიყავით და სუნთქვას ვიკავებდი. მკერდში შოკის ტალღებს ვგრძნობდი, ხელები კი გამეყინა.

სადარბაზომდე მივაღწიეთ და ბრონირებულმა მანქანებმა ჩაბნელებულ სადარბაზომდე მიგვიყვანეს. მხოლოდ იქ, პოლიციელისგან გავიგეთ, რატომ გარისკეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავიანთი სიცოცხლით ჩვენ გასაყვანად.

„თუ დაგიჭერენ, გათქმევინებენ, რომ ყველაფერი, რაც გადაიღეთ, ტყუილია. მთელი თქვენი სამუშაო და ყველაფერი, რაც მარიუპოლში გააკეთეთ, აზრს დაკარგავს“, – გვითხრა მან.

 ოფიცერი, რომელიც გვეხვეწებოდა, მსოფლიოსთვის მისი მომაკვდავი ქალაქი გვეჩვენებინა, ახლა წასვლას გვთხოვდა. მან მიგვიყვანა ათასობით დაზიანებულ მანქანასთან – ისინი მარიუპოლის დასატოვებლად ემზადებოდნენ.

ეს 15 მარტი იყო. წარმოდგენა არ გვქონდა, ცოცხლები თუ გამოვაღწევდით.

***

მე ქალაქ ხარკოვში ვიზრდებოდი, სულ რაღაც 20 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან. სკოლაში იარაღის სროლას და დაშლას გვასწავლიდნენ. უაზრო ჩანდა. ვფიქრობდი, რომ უკრაინა მეგობრებითაა გარშემორტყმული.

იქიდან მოყოლებული, ვაშუქებდი ომებს ერაყში, ავღანეთში და ყარაბაღში, ვცდილობდი მეჩვენებინა მსოფლიოსთვის [ამ ადგილების] გაჩანაგება. 

როცა ამერიკელებმა და ევროპელებმა კიევიდან საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია გამოაცხადეს და როცა რუსული ჯარის განლაგების რუკებს ვუყურებდი, ვფიქრობდი – „ჩემი საწყალი ქვეყანა“.

ომის პირველ დღეებში, რუსებმა ხარკოვის უზარმაზარი თავისუფლების მოედანი დაბომბეს. სანამ 20 წლის გავხდებოდი, იქ ხშირად ვიყავი ხოლმე.

ვიცოდი, რომ რუსეთი აზოვის ზღვისპირას მდებარე მარიუპოლს სტრატეგიულ ჯილდოდ მიიჩნევდა, ამიტომ 23 თებერვლის საღამოს მე და ჩემი კოლეგა, ევგენი მალოლეტკა, „ესოშიეითიდ პრესის“ უკრაინელი ფოტოგრაფი, მისი თეთრი „ფოლკსვაგენით“ გავემგზავრეთ.

გზაში სათადარიგო ბორბლებზე დავიწყეთ დარდი და ინტერნეტში მოვძებნეთ კაცი, რომელიც მზად იყო შუაღამისას ბორბლები მოეყიდა. როცა მას და 24-საათიანი მაღაზიის მოლარეს ვუხსნიდით, რომ ომისთვის ვემზადებოდით, ისე გვიყურებდნენ, როგორც გიჟებს. 

მარიუპოლში ღამის სამ საათსა და ოცდაათ წუთზე შევედით. ერთ საათში ომი დაიწყო.

მარიუპოლის 430,000-იანი მოსახლეობის მეოთხედმა ქალაქი პირველ დღეებში დატოვა, სანამ ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი. ცოტას თუ სჯეროდა, რომ ომი ახლოვდებოდა. როცა მათ თავიანთი შეცდომა გააცნობიერეს, უკვე გვიან იყო.

ბომბებით რუსებმა გაანადგურეს ელექტროენერგიით და წყლით მომარაგება, სურსათის მარაგები, ტელე და რადიოანძები. ქალაქში დარჩენილი ჟურნალისტები წავიდნენ, სანამ კავშირი საბოლოოდ გაითიშებოდა და სრული ბლოკადა დაიწყებოდა.

ბლოკადის დროს ინფორმაციის არარსებობის უზრუნველყოფას ორი მიზანი აქვს.

პირველი ქაოსია. ხალხმა არ იცის რა ხდება და პანიკაშია. თავიდან ვერ ვიგებდი, მარიუპოლი ასე სწრაფად რატომ ჩამოიშალა. ახლა ვიცი, რომ ეს კომუნიკაციის ნაკლებობის გამო მოხდა. 

მეორე – დაუსჯელობაა. ქალაქიდან ინფორმაციის გამოსვლის – დანგრეული შენობებისა და მომაკვდავი ბავშვების კადრების გარეშე რუსული ძალები შეძლებდნენ, რაც უნდოდათ, ის ეკეთებინათ. ჩვენ რომ არა, არაფერი იქნებოდა.

ამიტომაც გავრისკეთ, რომ შეგვძლებოდა გაგვეგზავნა მსოფლიოსთვის, რაც ვნახეთ. სწორედ ამან გააბრაზა რუსეთი იმდენად, რომ ჩვენზე ნადირობა დაეწყოთ.

აქამდე არასდროს არ მიგრძნია, რომ სიჩუმის დარღვევა ასეთი მნიშვნელოვანი იყო.

ინტერნეტის სიგნალი 3 მარტისთვის გაქრა. საავადმყოფოს მეშვიდე სართულის ფანჯრიდან ვიდეოს გაგზავნას ვცდილობდით. იქ დავინახეთ ერთ დროს საშუალო კლასის ქალაქის, მარიუპოლის ნანგრევები. 

საპორტო ქალაქის სუპერმარკეტში მაროდიორები იყვნენ. იქამდე არტილერიისა და ტყვიების წვიმაში მივდიოდით. ათობით ადამიანი იქიდან გამორბოდა. კალათები სავსე ჰქონდათ ელექტრონიკით, საჭმლითა და ტანსაცმლით.

მარკეტის სახურავს ჭურვი დაეცა. აფეთქების ტალღამ გარეთ გამისროლა. დავიძაბე დარტყმის მოლოდინში და საკუთარი თავი ვწყევლე, რომ მომხდარის გადასაღებად კამერა არ მქონდა ჩართული.

კიდევ ერთი ჭურვი ჩემს გვერდით, კორპუსს დაეცა, საშინელი ხმით. სახლის კუთხის უკან დავიმალე. 

მოზარდმა ჩაგვიარა. საოფისე სკამზე ელექტრონიკა ეწყო, ყუთები ვარდებოდა. „იქ ჩემი მეგობრები იყვნენ და ჭურვი ჩვენგან 10 მეტრში დაეცა. არ ვიცი, რა დაემართათ“, — მითხრა მან. 

გავიქეცით უკან, საავადმყოფოში. 20 წუთის განმავლობაში დაჭრილები მოჰყავდათ. ზოგი მათგანი სუპერმარკეტის კალათებში იწვა.

რამდენიმე დღე ჩვენი ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან სატელიტური ტელეფონი იყო. ერთადერთი ადგილი, სადაც ტელეფონი მუშაობდა, გარეთ იყო, ჭურვის დაცემის შემდეგ წარმოქმნილ კრატერთან. ვჯდებოდი, თავს ვიპატარავებდი და სიგნალის დაჭერას ვცდილობდი. 

ყველა მეკითხებოდა: გთხოვთ, გვითხარით, როდის დასრულდება ომი. პასუხი არ მქონდა.

ყოველდღე დადიოდა ხმა, რომ უკრაინის ჯარი მოვიდოდა და ბლოკადას გაარღვევდა, მაგრამ არავინ მოვიდა.

ამ დროისთვის უკვე ნანახი მყავდა გარდაცვლილები საავადმყოფოსა და ქუჩებში, ძმათა საფლავები. იმდენჯერ ვნახე სიკვდილი, რომ ფაქტობრივად უემოციოდ ვიღებდი.

Associated Press-ის ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა მიუთითებს კვამლზე სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 9 მარტი. AP Photo/Mstyslav Chernov

9 მარტს ავიაიერიშმა გაანადგურა ჩვენი მიკროავტობუსის ფანჯრებზე დამაგრებული პლასტმასი. წამიერად უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი დავინახე, სანამ ტკივილმა ჩემ ყურებამდე, კანამდე და სახემდე მოაღწია.

დავინახეთ, როგორ ამოდიოდა კვამლი სამშობიაროდან. როცა მივედით, მაშველებს სისხლიანი ფეხმძიმე ქალები ნანგრევებიდან გამოჰყავდათ.

ჩვენი ელემენტები თითქმის დამჯდარი იყო, შეტყობინებების გასაგზავნად კი კავშირი არ გვქონდა. რამდენიმე წუთში კომენდანტის საათიც იწყებოდა. პოლიციელმა გაიგო, როგორ ვსაუბრობდით სამშობიაროს დაბომბვის კადრების გადაცემაზე.

„ეს ომის მიმდინარეობას შეცვლის“, – თქვა მან და ელექტროენერგიის და ინტერნეტ-კავშირის წყაროსთან მიგვიყვანა.

ჩვენ იმდენი მკვდარი ადამიანი და ბავშვი გადავიღეთ… არ მესმოდა, რატომ ფიქრობდა ის, რომ კიდევ უფრო მეტი სიკვდილი რამეს შეცვლიდა.

ვცდებოდი.

სიბნელეში, ვიდეო ნაწილებად დავჭერით და სამი მობილური ტელეფონით გავაგზავნეთ პროცესის დასაჩქარებლად. საათები დაგვჭირდა. საარტილერიო ცეცხლი გრძელდებოდა, მაგრამ ოფიცრები, რომლებსაც ქალაქიდან უნდა გავეყვანეთ, მოთმინებით იცდიდნენ. 

შემდეგ კავშირი გარე სამყაროსთან კვლავ გაწყდა.

დავბრუნდით სასტუმროს ცარიელ სარდაფში, სადაც აკვარიუმი დაგხვდა, უკვე მკვდარი ოქროს თევზებით. იზოლაციაში არაფერი ვიცოდით რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომლის მიზანიც ჩვენი მუშაობის დისკრედიტაცია იყო.

რუსეთის საელჩომ ლონდონში განაცხადა, რომ „ესოშიეთიდ პრესის“ ფოტოები ყალბი იყო, ხოლო მასზე გამოსახული ქალი – მსახიობი. რუსეთის ელჩს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ფოტოები ხელში ეჭირა და იმეორებდა ტყუილებს სამშობიაროს დაბომბვაზე.

ქალაქში ხალხი ჩვენთან მოდიოდა, ახალი ამბების გაგება უნდოდათ. ძალიან ბევრი მოვიდა ჩემთან და მთხოვა გადამიღე, რათა ჩემმა ოჯახმა გაიგოს, რომ ცოცხალი ვარო..

ამ დროისთვის მარიუპოლში აღარ იყო უკრაინული ტელე ან რადიოსიგნალი. ერთადერთი რადიოტალღა რუსეთის ტყუილებს ტირაჟირებდა, თითქოს, უკრაინელებს მარიუპოლი ტყვედ ჰყავდათ, ესროდნენ შენობებს, ემზადებოდნენ ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. პროპაგანდა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგი ადამიანი, ვისაც ვესაუბრეთ, მას უჯერებდა, მიუხედავად [საპირისპიროს] მტკიცებულებებისა, რომელიც საკუთარი თვალით ნახა.

საბჭოთა სტილში იმეორებდნენ გზავნილს: მარიუპოლი ალყაშია. დაყარეთ იარაღი.

11 მარტს, მოკლე საუბრისას, რედაქტორმა გვკითხა, შეგვეძლო თუ არა იმ ქალების პოვნა, ვინც დაბომბვას გადაურჩა, რათა მათი არსებობა დაგვემტკიცებინა. მივხვდი, რომ კადრები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მთავრობას ოფიციალური პასუხის გაცემისკენ უბიძგა.

ისინი საავადმყოფოსთან ვიპოვეთ. ზოგმა შვილი უკვე გააჩინა. აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთმა ქალმა შვილი დაკარგა, შემდეგ კი თავადაც გარდაიცვალა.

მეშვიდე სართულზე ავედით, ვიდეოს გასაგზავნად. იქიდან დავინახე, როგორ ადგებოდნენ საავადმყოფოს ტანკები. ყველა მათგანზე დატანილი იყო ასო Z – რუსეთის სიმბოლო ამ ომისთვის.

ალყაში ვიყავით: ექიმები, ასობით პაციენტი და ჩვენ.

უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც საავადმყოფოს იცავდნენ, გაქრნენ. გზას ჩვენს მიკროავტობუსამდე, სადაც საჭმელი და აღჭურვილობა გვქონდა, რუსი სნაიპერი აკონტროლებდა. მან უკვე ესროლა გარეთ გამოსულ მედიკოსს.

სიბნელეში საათები გავატარეთ და აფეთქებებს ვუსმენდით. სწორედ მაშინ ჩვენს გადასარჩენად ჯარისკაცები მოვიდნენ. ისინი უკრაინულად ყვიროდნენ.

ეს არ ჰგავდა გადარჩენას. უფრო, საფრთხის ერთი ზონიდან მეორეში გადავყავდით. ამ დროისთვის არც ერთი ადგილი მარიუპოლში არ იყო უსაფრთხო. ნებისმიერ დროს შეიძლება მომკვდარიყავი. 

ჯარისკაცების მადლობელი ვიყავი. თუმცა, დამუნჯებულად და დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რომ მივდიოდი.

მასობრივი სასაფლაო მარიუპოლში. AP Photo/Mstyslav Chernov

სამსულიან ოჯახთან ერთად „ჰიუნდაიში“ ჩავსხედით და ქალაქის გასასვლელში, 5-კილომეტრიან საცობში მოვხვდით. იმ დღეს მარიუპოლიდან გასვლა 30 000-მა ადამიანმა მოახერხა. რუს ჯარისკაცებს არ ჰქონდათ დრო, კარგად ჩაეხედათ მანქანებში, რომელთა ფანჯრებიც პლასტმასით იყო დაფარული.

ხალხი ანერვიულებული იყო. ისინი ჩხუბობდნენ, ერთმანეთს უყვიროდნენ. ყოველ წუთს ავიაიერიში იყო. მიწა ზანზარებდა.

15 რუსული ბლოკ-პოსტი გადავკვეთეთ. ყოველ ჯერზე დედა, რომელიც წინ იჯდა, გამალებით ლოცულობდა, ისე, რომ ჩვენც გვესმოდა.

როცა ბლოკ-პოსტებს ვცდებოდით, ყველგან ჯარისკაცები იდგნენ, შეიარაღებით. ჩემი იმედები, რომ მარიუპოლი გადარჩებოდა, კვდებოდა. მესმოდა, რომ მხოლოდ ქალაქამდე მოსასვლელად უკრაინის ჯარს დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევდა, ეს კი არ მოხდებოდა.

მზის ამოსვლისას მივედით ხიდთან, რომელიც უკრაინულმა მხარემ რუსების წინ წაწევის შესაჩერებლად ააფეთქა. წითელი ჯვრის კოლონა – დაახლოებით 20 მანქანა, უკვე იყო გაჭედილი. გზიდან გადავედით, მინდორში.

მე-15 ბლოკ-პოსტის ჯარისკაცები კავკასიური აქცენტით ლაპარაკობდნენ. მთელ კოლონას ფარების გამორთვა უბრძანეს, რათა დაემალათ იქვე დაყენებული ტექნიკა. მანქანებზე დახატულ Z-ს ძლივს ვხედავდი. 

16-ე ბლოკ-პოსტთან უკრაინული საუბრის ხმა გავიგეთ. შვება ვიგრძენი. წინ მჯდომი დედა ატირდა. გამოვაღწიეთ.

ჩვენ ვიყავით მარიუპოლის ბოლო ჟურნალისტები. ახლა ქალაქში ჟურნალისტები აღარ არიან. 

დღესაც გვწერენ ადამიანები, ვისი ახლობლებიც გადავიღეთ. მათი ბედის გაგება უნდათ. გვწერენ ისე, თითქოს ახლობლები ვართ, თითქოს მათი დახმარება შეგვიძლია.

როცა რუსეთმა ავიაიერიში მიიტანა თეატრზე, რომელშიც ასობით ადამიანი აფარებდა თავს, შემეძლო ზუსტად დამედგინა, სად უნდა მივსულიყავით გადარჩენილებზე გასაგებად. მოსასმენად, თუ როგორია ნანგრევების ქვეშ საათების გატარება. ვიცი ეს შენობა და მის ირგვლივ მდებარე განადგურებული სახლები. ვიცნობ ხალხს, ვინც ნანგრევების ქვეშაა.

კვირას უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთმა მარიუპოლში სამხატვრო სკოლა დაბომბა, რომელშიც 400 ადამიანი იმყოფებოდა.

თუმცა, ჩვენ იქ მისვლა აღარ შეგვიძლია. 

_________________

მთავარ ფოტოზე: ადამიანები ემზადებიან სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარში ღამის გასათევად მარიუპოლის სასპორტო კომპლექსში. ფოტო: AP Photo/Mstyslav Chernov

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: