ნეტგაზეთი • RU

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობა ისევ გაძვირდა

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაძვირდა და 3 ლარი გახდა.

საქალაქთაშორისო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის დირექტორი რეზო ხინიკაძე „ბათუმელებთან“ საუბარში მგზავრობის გაძვირებას საწვავზე მომატებული ფასით ხსნის.

„მსოფლიო ბაზარზე ნავთობ პროდუქტების ფასი გაიზარდა. თვე-ნახევარში 2,40 ლარიდან 4,40 ლარზე ავიდა. პარალელურად გაძვირდა საბურავი, რომელიც თუ ღირდა 150 ლარი, გახდა 250 ლარი. ზეთის შეცვლა ღირდა 120 ლარი, ახლა ღირს 260 ლარი. ეს არის მიზეზი.

ხაზგასმით ვამბობ, თუკი დიზელის ფასი დაიწევს და ჩამოვა 2,50 ლარზე, მაშინ მოაკლდება მგზავრობას ფასი და ჩამოვა 2,50ლარზე,” – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ხინიკაძემ.

ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ რადგან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანია ემსახურება, მათ არ აქვთ უფლებამოსილება მგზავრობის ფასის დადგენაში ჩაერიონ.

„რეგულაციის დონეზე ვერ ვერევით, თუმცა ჩვენ გვაქვს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ქობულეთი – ბათუმის მიმართულებით მოძრაობს. ტარიფი დადგენილია და არ შეცვლილა არც პანდემიის დროს და არც საწვავის ფასის მატების შემდეგ. ყველა ღონეს ვიხმართ კერძო ტიპის სამარშრუტო ტრანსპორტის მძღოლებთანაც შესაბამისი მოლაპარაკებები ვაწარმოოთ და მათ დადგენილი ფასები და დაანონსებული ფასები დააკორექტირონ,” – ამბობენ ქობულეთის მერიაში.

ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით მგზავრობის ალტერნატივაა მუნიციპალური ავტობუსი, რომელიც დღის განმავლობაში ხუთ რეისს ასრულებს. მგზავრობის ღირებულება 80 თეთრია.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი