პრორუსული „უკვდავი პოლკი“ და ამ ორგანიზაციის 3 წლის წინანდელი განცხადება გაახსენა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს. 3 წლის წინ – 2019 წლის 19 აპრილს აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. „უკვდავი პოლკი“ კი მაშინ ამ აქტს გამოეხმაურა.
„იმპიჩმენტზე ყველაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა „უკვდავმა პოლკმა“, რუსული დეზინფორმაციისა და იდეოლოგის ამ განშტოებამ. დაწერეს აი, ეს, რომ გაიმარჯვეს,“ – საბოლოო რეპლიკის თქმის დროს მოსამართლის წინ წითელი ფურცლით დადგა ნათია კაპანაძე, რომელზეც „უკვდავი პოლკის“ 3 წლის წინანდელი სტატუსი იყო ამობეჭდილი.
„მე მჯერა, რომ უსამართლობასთან ბრძოლა მხოლოდ სამართლიანობით არის შესაძლებელი…“ – დასძინა ნათია კაპანაძემ და მოსამართლეს გაუმეორა, რომ ისევ აპირებს იმუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის.
დღეს, 13 აპრილს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაასრულა. მოსამართლე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს 6 მაისს გამოაცხადებს.
მხარეთა საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ საიას იურისტებმა მოსამართლეს შეახსენეს, რომ გადაწყვეტილება ამ საქმეზე იმავდროულად იქნება „სტანდარტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით“.
„ნათია კაპანაძისთვის იმპიჩმენტის სხდომაზეც კი გაურკვეველი იყო, რომელი მრჩეველი რაში სდებდა ბრალს. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მრჩეველთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი თურმე იმპიჩმენტის 17-ივე საკითხს არ ეთანხმებოდა, მაგრამ უნდობლობის შესახებ გამოცემულ აქტს განსხვავებული აზრიც კი არ ახლდა“, – მიმართა მოსამართლეს საიას იურისტმა, ირმა აბაშიძემ. საია სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.
„სათანადო გამოკვლევის გარეშე“ – იურისტებმა საბოლოო სიტყვაში რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს ამ გარემოებას, რის გამოც, მათი შეფასებით, იმპიჩმენტის შესახებ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „დაუსაბუთებელი და უკანონოა“.
საიას იურისტები თანმიმდევრულად ჩამოუყვნენ 17-ივე საკითხს, რაც ნათია კაპანაძეს დაუდეს იმპიჩმენტის საფუძვლად.
მაგალითად, ბიუჯეტის არამიზნობრივი და დაუსაბუთებელი ხარჯვა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველი გახდა მიუხედავად იმისა, რომ შიდა და გარე აუდიტს დარღვევები არ დაუდგენია.
„შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ეს იყო დარღვევა“, – ნატა იმედაიშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება გაიხსენა იურისტმა ირმა აბაშიძემ.
იურისტმა პაატა დიასამიძემ კი გიგა ჩხარტიშვილი პირდაპირ სიცრუეში ამხილა. ის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო, ახლა კი ბორდის თავმჯდომარეა.
„მან თქვა, რომ, მაგალითად, ტექნიკოსებს შრომის ანაზღაურება შეუმცირდათ მაშინ, როცა სამუშაო აღწერილობაში არაფერი შეცვლილა. სასამართლოს კი, გია ქარცივაძემ [ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი] მიაწოდა ინფორმაცია, რომ ტექნიკოსების სამუშაო დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტით შემცირდა მას შემდეგ, როცა ტელე-რადიოცენტრი შეიქმნა და სატელევიზიო ანძები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა… გიგა ჩხარტიშვილმა ამის შესახებ იცოდა. თუ არ იცოდა მით უარესი, რადგან ის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
შესაბამისად, სიმართლე არის ის, რომ სამუშაოს აღწერილობა შემცირდა 80 პროცენტით და ტექნიკოსების შრომის ანაზღაურება შემცირდა 20 პროცენტით“, – აღნიშნა პაატა დიასამიძემ.
მრჩეველთა საბჭოს ინტერესების დამცველმა თამარ კეკელაშვილმა ფინანსების ხარჯვაზე დასძინა, რომ ტელევიზიის ბიუჯეტის კანონიერ და მიზნობრივ ხარჯვას შესაბამისობის აუდიტი ადგენს და არა გარე აუდიტი, რაც არ ჩატარებულა. ღიად დარჩა შეკითხვა მაშინდელი ბორდის მისამართით: თუ არ არსებობს მტკიცებულება, რის საფუძველზე მიედავნენ ტელევიზიის ყოფილ დირექტორს, ბიუჯეტის უკანონო და არამიზნობრივ ხარჯვაზე?
საიას კიდევ ერთი იურისტი, ილონა დიასამიძე სატელევიზიო რეიტინგებს შეეხო, როგორც იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძველს – ბორდი მიიჩნევდა, რომ აჭარის ტელევიზიის რეიტინგი შემცირდა და ამიტომაც დაუჭირეს მხარი იმპიჩმენტს.
იურისტმა ილონა დიასამიძემ მოსამართლეს ის დღე გაახსენა, როცა სატელევიზიო რეიტინგების ანალიტიკოსმა, თამარ მოცრაძემ მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ რეიტინგების კლება მოსალოდნელიც იყო, რადგან აჭარის ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს უარი თქვა სერიალებისა და მხატვრული ფილმების მექანიკურ ჩვენებებზე.
„ტელევიზიამ უარი თქვა მექანიკაზე და არჩია ცოცხალი ხაზი, ანუ საკუთარი გადაცემების მომზადება“, – უთხრა მოწმემ მოსამართლეს.
„რეიტინგის შემცირება აჩვენებს იმას, რომ სატელევიზიო ბადე არაპროფესიონალურად იყო შედგენილი“, – უპასუხა მოსარჩელეს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ინტერესების დამცველმა, თამარ კეკელაშვილმა. მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მის ამ ნათქვამს დაადასტურებდა.
იმპიჩმენტის მორიგ საფუძვლად ტელევიზიის მაშინდელმა ბორდმა პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა დაასახელა.
„ეს არ არის სიმართლე, რადგან ეს იყო მუშა პროცესი…“ – აღნიშნა ილონა დიასამიძემ და სცადა აეხსნა, რა უნდა ითვლებოდეს „პრიორიტეტების შესრულებად“. მაგალითად, თვითმმართველობის შესახებ პრიორიტეტის შესრულება არ ნიშნავს იმას, კონკრეტულ გადაცემას დაარქვა „თვითმმართველობა“. მნიშვნელოვანია, ამ პრობლემებზე ისაუბრო.
„რამდენიმე გადაცემა შეიქმნა, რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი თვითმმართველობების პრობლემების ანალიზი…“ – აღნიშნა ილონა დიასამიძემ.
„დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემა“ – ბორდს თავის დროზე იმპიჩმენტის კიდევ ერთ საფუძვლად ეს აქვს მითითებული. ამ ნაწილში მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია ნათია კაპანაძემ არ გაითვალისწინა, რადგან ჩათვალა, რომ ეს „უსამართლო სქემა“ იქნებოდა.
ბორდის შეთავაზება იყო, რომ მაუწყებლის თანამშრომლებს განსხვავებული პროცენტული ზრდა ჰქონოდათ.
„მაგრამ არ იყო მკაფიო გათვლა, რა იყო ეს სქემა და რა შედეგი დადგებოდა“, – ამბობს ნათია კაპანაძე.
მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა სასამართლოს უთხრეს, რომ სამართლიანი შრომის ანაზღაურების სისტემა ტელევიზიაში ახლაც არ აქვთ.
„ეს იყო რეკომენდაცია, მან იმოქმედა თავისი დისკრეციის ფარგლებში“, – დასძინა იურისტმა ილონა დიასამიძემ.
მრჩეველთა საბჭოს შეფასებით კი, ნათია კაპანაძეს ბორდის გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა აემოქმედებინა შრომის ანაზღაურების ახალი პრინციპი.
ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტის მიზეზად ასევე დაუსახელეს „ირაკლი ბარამიძის საქმე“. ის ნათია კაპანაძემ ტელევიზიიდან გაათავისუფლა, რადგან მისი ინფორმაციით, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის ტექნიკას არამიზნობრივად იყენებდა. სასამართლომ ირაკლი ბარამიძე სამსახურში აღადგინა.
„მაგრამ სასამართლოს არ უთქვამს, რომ დარღვევა არ იყო“, – ამ ნაწილს ხაზი გაუსვა იურისტმა ილონა დიასამიძემ და განაგრძო, – „სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლება იყო ზედმეტად მკაცრი ღონისძიება“, – დაასრულა ილონა დიასამიძემ.
„უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“ უწოდა მრჩეველთა საბჭოს იურისტმა, თამარ კეკელაშვილმა ნათია კაპანაძის საჩივარს. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ კანონი არ ითხოვს წინაპირობას „უნდობლობის გამოცხადების დროს“.
ეს მრჩეველთა საბჭოს იურისტმა საპაექრო სიტყვის დასაწყისშიც შეახსენა მოსამართლეს და ბოლოშიც.
„ამის მიუხედავად, მრჩეველთა საბჭომ გამოიკვლია ყველა საფუძველი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თამარ კეკელაშვილმა.
„ის არ ითვალისწინებდა პროფესიონალურ რჩევებს“, – დასძინა მრჩეველთა საბჭოს იურისტმა და ამის მაგალითად საბავშვო თემატიკაზე მომზადებული გადაცემები მოიყვანა. მრჩეველთა საბჭოს შეფასებით, ამან ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გარდა, „მაუწყებლის იმიჯიც დააზიანა“.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ სასამართლოს დაენახა მენეჯერის გულწრფელობა და მცდელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის,“ – მიმართა მოსამართლეს ნათია კაპანაძემ. მან ასევე თქვა, რომ მაუწყებელთან დაკავშირებული პროცესების „ტკივილები არასდროს დაავიწყდება“, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბედნიერია.
„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმით, რასაც მივაღწიე აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. ბედნიერი ვარ იმ შესაძლებლობით, რომ აღმოვაჩინე, არსებობს შანსი – საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ბედნიერი ვარ იმით, რა წინააღმდეგობაც შემხვდა ამ პროცესში, რადგან ზუსტად ვიცი, მომავალში როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
თქვენ თუ მკითხავთ, ბატონო მოსამართლევ, რატომ იმეორებენ ადამიანები ბრალდებებს, ცილისწამებას, რატომ აკეთებენ ამას? – მე ვერ გიპასუხებთ, არ მაქვს პასუხი, რადგან თვითონ მოღალატე არ ვყოფილვარ.
მაგრამ თუ მკითხავთ, შენ, ნათია კაპანაძე რატომ აკეთებ ამას? – გიპასუხებთ, რომ ვმუშაობ საზოგადოებისთვის, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურები, რომ ეს არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.
როდესაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაინახოს ის საჭიროებები, რომლის წინაშეც ახლა დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. გამოწვევები კი, ბევრია,“ – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.
————–
ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.
აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ კი, 9 სარჩელია შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის რედაქციას იძულებით ჩამოშორებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს 2020 წელს მიმართეს, ამ დრომდე სარჩელების დიდი ნაწილის განხილვა არც კი დაწყებულა.
2020 წელს საერთაშორისო და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორებს საზღვრებს გარეშე“ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე“.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/351466/