მთავარი,სიახლეები

„არ შეეჩვიოთ ჩვენს გლოვას“ – უკრაინის პირველი ლედის ინტერვიუ CNN-თან

13.04.2022 •
„არ შეეჩვიოთ ჩვენს გლოვას“ – უკრაინის პირველი ლედის ინტერვიუ CNN-თან

CNN-ი უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან წერილობით ინტერვიუს აქვეყნებს. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ თარგმანს.  

____

  • იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ხდება, როგორ უძლებთ თქვენ და თქვენი ოჯახი?  

ეს თოკზე სიარულს ჰგავს: თუ იმაზე ფიქრს დაიწყებ, როგორ უნდა გააკეთო ეს, მაშინ დროსა და ბალანსს დაკარგავ. უბრალოდ წინ უნდა წახვიდე და აკეთო ის, რასაც აკეთებ. რამდენადაც ვიცი, სწორედ ასე უძლებს ყველა უკრაინელი.

ბევრი, ვინც ბრძოლის ველს მარტო გამოექცა, ვინც სიკვდილი ნახა, ამბობს, რომ მთავარი გამოსავალი მოქმედება, რამის კეთება, რათა ვიღაცისთვის გამოსადეგი იყო.

  • როცა პირველი ლედი გახდით, თქვენ დადეთ პირობა, რომ ბავშვებს თქვენი საქმიანობის ცენტრალურ ნაწილად აქცევდით. რამდენად გამანადგურებელია უკრაინელი, მათ შორის თქვენი საკუთარი ბავშვების ომის ზონაში ტანჯვის ყურება?

და ასეც იყო. ბავშვები და მათი საჭიროებები ჩემი საქმიანობის მთავარი სფერო იყო, ყველა უკრაინელისთვის თანაბარი უფლებების დანერგვასთან ერთად. ომამდე ჩვენ დავიწყეთ სკოლაში კვების რეფორმა, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვამზადებდით, რათა კვება სკოლაში გაგვეხადა ერთდროულად გემრიელი და ჯანსაღი.

მეკითხებით ახლა როგორ ვგრძნობ თავს? მე ვგრძნობ, რომ წლებით და დეკადებით უკან დაგვხიეს.

ახლა ჩვენ ჯანსაღ საკვებზე კი აღარ ვსაუბრობთ, არამედ ზოგადად, საკვებზე. ახლა ყველაფერი ჩვენი ბავშვების გადარჩენას ეხება! ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ისეთი დისკუსიები, როგორც ადრე გვქონდა, თუ რომელია სკოლებისთვის საუკეთესო ინვენტარი. ამის ნაცვლად მილიონობით ბავშვის განათლების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენ არ შეგვიძლია ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი, ნომერ პირველი მიზანი საერთოდ მათი გადარჩენაა.

ჩვენი ბავშვების ნახევარი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. ათასობით მათგანი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაზიანდა. 23 თებერვალს [რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე] ისინი ჩვეულებრივი ევროპელი მოსწავლეები იყვნენ განსაზღვრული საგაკვეთილო ცხრილითა და არდადეგების გეგმებით.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სახლი ააშენეთ, გაარემონტეთ და ეს-ესაა დადგით ყვავილები ფანჯრის რაფაზე. ახლა კი ეს სახლი დანგრეულია და ამ ნანგრევებზე თქვენ ცეცხლი უნდა დაანთოთ, რომ სითბო შეინარჩუნოთ.

სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ბავშვთა პოლიტიკას და ზოგადად თითოეულ ოჯახს დაემართა.

  • მოგვიყევით იმ საქმიანობაზე, რასაც თქვენ უკრაინელი ქალი და ბავშვი დევნილების დასახმარებლად აკეთებთ. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოს ამ ფრონტზე დასახმარებლად?

ახლა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ. ზაფხულში შევქმენით მსოფლიოს პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტი და ახლა ჩემი კოლეგები ნამდვილი მოკავშირეები არიან ამაში.

პირველ რიგში ჩვენ მოვახდინეთ ყველაზე მოწყვლადების [ბავშვები, რომლებსაც სიმსივნე აქვთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ობლები] ევაკუირება იმ ქვეყნებში, რომლებიც დაგვთანხმდნენ მიეღოთ ისინი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. მთავარი მიმართულება პოლონეთზე გადის და შემდგომ იქიდან სხვა ევროპული ქვეყნებისკენ.

მეორე – უკრაინაში შემოგვაქვს ინკუბატორები ახალდაბადებული ბავშვების დასახმარებლად, იმ ქალაქებში, რომლებიც რუსების მიერ იბომბება. ბევრ ჰოსპიტალში ელექტროენერგია ითიშება და ბავშვების სიცოცხლე საფრთხეშია. ამიტომ გვჭირდება მოწყობილობები, რომლებიც შეუფერხებლად შეძლებს სიცოცხლის გადარჩენას. ორი ასეთი უკვე მივიღეთ და კიდევ ერთი ინკუბატორის მოწოდებაა დაგეგმილი.

მესამე – ვაჩქარებთ დევნილების – ბავშვებისა და მათი დედების ახალ ადგილებზე ადაპტაციას, რადგან მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება არ კმარა. ბავშვებს სჭირდებათ დაჩქარებული სოციალიზაცია და სკოლები ახალ ადგილზე. კონკრეტულად, ეს ეხება ათასობით აუტისტ ბავშვს, რომლებიც საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ. ახლა ვმუშაობთ, რომ გავამარტივოთ მათი წვდომა გაკვეთილებზე, სხვა შემთხვევაში მათი განვითარება უბრალოდ გაჩერდება.

საელჩოებთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიებების კოორდინირებას ვახდენთ. რამდენიმე საერთაშორისო კონცერნმა უკვე შეაგროვა ფული უკრაინელთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

  • გქონდათ თუ არა შესაძლებლობა ქმარი გენახათ, მას შემდეგ რაც კონფლიქტი დაიწყო?

ვოლოდიმირი და მისი გუნდი რეალურად პრეზიდენტის ოფისში ცხოვრობენ. საფრთხის გამო, მე და ჩემ შვილებს იქ დარჩენა აკრძალული გვაქვს. ასე რომ თვეზე მეტია მხოლოდ ტელეფონით გვაქვს კომუნიკაცია.

  • მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია თქვენი ქმრის ლიდერობით ომის დროს უკრაინაში. თქვენ მასზე 2003 წელს იქორწინეთ და უნივერსიტეტში სწავლის დროიდან იცნობთ. ყოველთვის იცოდით, რომ მას ლიდერის თვისებები გააჩნდა?

ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იყო და იქნებოდა ჩემი საიმედო მხარდამჭერი. შემდეგ ის გახდა შესანიშნავი მამა და ჩვენი ოჯახის მხარდამჭერი. და ახლაც, მან იგივე თვისებები აჩვენა. ის არ შეცვლილა. ახლა უბრალოდ უფრო მეტი ადამიანი ხედავს მას ჩემი თვალებით.

  • თქვენ გყავთ 19 წლის ქალიშვილი – საშა და 9 წლის ვაჟი – კირილო. როგორ აუხსენით მათ ომის შესახებ? ისინი თქვენთან რჩებიან?

საბედნიეროდ, ბავშვები ჩემთან ერთად არიან. და როგორც ვთქვი, როდესაც არსებობს ვიღაც, ვისზეც უნდა იზრუნო, ეს ძალიან გეხმარება დისციპლინაში. სხვათა შორის ეს ეხება ბავშვებსაც – ამ დროის განმავლობაში ისინი ძალიან გაიზარდნენ და ასევე გრძნობენ პასუხისმგებლობას ერთმანეთისა და მათ გარშემო მყოფთა მიმართ.

განსაკუთრებულის ახსნა არ გამხდარა საჭირო. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ იმ ყველაფერზე, რაც ხდება.

როდესაც ვუყურებ ბავშვების ინტერვიუებს ბუჩადან ან ვისმენ ჩემი მეგობრების ისტორიებს მათი შვილების შესახებ, ვხვდები, რომ ბავშვები ყველაფერს იგებენ არანაკლებ კარგად, ვიდრე ზრდასრულები. ისინი უყურებენ არსს. როგორც ერთმა ბავშვმა თქვა: „რატომ გვექცევიან რუსები ასე ბოროტად? ალბათ, მათ სახლში სცემდნენ?“

  • როგორც განცხადებული იყო, თქვენი მეუღლის შემდეგ თქვენ ხართ რუსული ძალების მეორე სამიზნე. როგორ ინარჩუნებთ გადაწყვეტილებას ასეთი საფრთხის წინაშე? რამ გადაგაწყვეტინათ უკრაინაში დარჩენა?

რატომღაც, განუწყვეტლივ მეკითხებიან ამას. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ცხადი გახდება, რომ რუსებისთვის ყველა უკრაინელი სამიზნეა: ყველა ქალი, ყველა ბავშვი.

ისინი, ვინც გასულ დღეს კრამატორსკიდან ევაკუირების მცდელობისას რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა, არ ყოფილან საპრეზიდენტო ოჯახი, ისინი უბრალოდ უკრაინელები იყვნენ. ასე რომ, მტრის ნომერ პირველი სამიზნე არის ყველა ჩვენგანი.

  • თქვენი ქმარი პირდაპირ რუსულად ესაუბრებოდა რუს ხალხს, მაგრამ აშკარად რთულია მათთვის ხმის მიწვდენა. თქვენი ხალხის მიმართ ჩადენილი სისასტიკის გათვალისწინებით, გაქვთ თუ არა მესიჯი, განსაკუთრებით რუსი დედებისა და ცოლებისთვის, რომელიც ფიქრობთ, რომ მათ ახლავე უნდა მოისმინონ?

რუსული პროპაგანდის დონეს ხშირად ადარებენ გებელსის პროპაგანდას მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ჩემი აზრით, ეს აღემატება, რადგან მეორე მსოფლიო ომში არ იყო ინტერნეტი და ინფორმაციაზე წვდომა, რაც ახლაა.

ახლა ყველას შეუძლია დაინახოს ომის დანაშაულები. მაგალითად, რუსების მიერ ბუჩაში ჩადენილი, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეების ხელებშეკრული ცხედრები უბრალოდ ელაგა ქუჩებში.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსებს არ სურთ ნახონ ის, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს, რათა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ. ყოველივე ამის შემდეგ, უფრო ადვილია თქვა: „ეს ყველაფერი ყალბია“, წახვიდე და ყავა დალიო, ვიდრე წაიკითხო კონკრეტული ადამიანის ისტორია, რომელიც გარდაიცვალა, შეხედო მის ნათესავებს და მეგობრებს, რომლებიც მწუხარებაში არიან.

მაგალითად, წაიკითხო ერთ-ერთი მსხვერპლი ქალის ისტორია ბუჩადან, ტატიანას, რომელსაც რუსული ტყვია ესროლეს, ხოლო მის ქმარს, რომელმაც დამპყრობლებს ცხედრის წაღება სთხოვა, სცემეს და გათოკეს.

როგორ დავანახოთ რუსებს ეს? უფრო და უფრო ვიხრები იმ აზრისკენ, რომ სამწუხაროდ, – არანაირად, ისინი ბრმა მორწმუნეები არიან.

მათ არ სურთ გაიგონონ და დაინახონ. მე მათ აღარ მივმართავ.

უკრაინისთვის ახლა მთავარი ისაა, რომ მთელი მსოფლიო გვისმენს და გვხედავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ომი არ გახდეს „ჩვეული“, რათა ჩვენი მსხვერპლები არ იქცნენ სტატისტიკად. სწორედ ამისთვის ვესაუბრები ხალხს უცხოური მედიის საშუალებით.

არ შეეჩვიოთ ჩვენს გლოვას!

  • თქვენ სოციალურ ქსელებს იყენებთ უკრაინელი ჯარისკაცებისა და უკრაინის წინააღმდეგობისთვის პატივისცემის გამოსახატ პლატფომად. რამდენად ამაყობთ თქვენი ქვეყნით – კონკრეტულად იმით, რასაც თქვენ უკრაინული წინააღმდეგობის „ქალური სახე“ უწოდეთ?

ომის პირველივე დღეს ნათელი გახდა, რომ არ იყო პანიკა. დიახ, უკრაინელებს არ სჯეროდათ, რომ ომი დაიწყებოდა – ჩვენ ცივილიზებული დიალოგის გვჯეროდა. მაგრამ როდესაც თავდასხმა განხორციელდა, ჩვენ არ ვქცეულვართ „შეშინებულ ბრბოდ“, როგორც ამას მტერი იმედოვნებდა. არა. ჩვენ ვიქეცით ორგანიზებულ თემად.

ყველა პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირება, რაც ყველა საზოგადოებაში არსებობს, ერთბაშად გაქრა.

მე ყოველ დღე ვხედავ მაგალითებს და არ დავიღლები ამაზე წერით, დიახ, უკრაინელები წარმოუდგენლები არიან.

და მართლაც, ბევრს ვწერ ჩვენს ქალებზე, რადგან ყველგან მონაწილეობენ. არიან შეიარაღებულ ძალებში და თავდაცვის ძალებში, უმეტესობა მედიკოსია. და ქალები არიან ისინი, ვისაც ბავშვები და ოჯახები სამშვიდობოზე გაჰყავთ.მხოლოდ მათ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა.

ასე რომ, მათი როლი გარკვეულწილად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე კაცების. ეს თანასწორობაზე მეტია!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: