მთავარი,სიახლეები

„აფეთქებები არ არის, მაგრამ რთული დღეები ელის უკრაინას“ – კობა ხაბაზი

12.04.2022
„აფეთქებები არ არის, მაგრამ რთული დღეები ელის უკრაინას“ – კობა ხაბაზი

„ეს დღეები შედარებით სტაბილური სიტუაციაა, აფეთქებები არ არის, მაგრამ ყველა ვხდებით, რომ რთული დღეები ელის უკრაინას,“ – ამბობს უკრაინაში მყოფი კობა ხაბაზი. მისი თქმით, ქართველი მოხალისეების უმრავლესობა ისევ უკრაინაში რჩება.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 12 აპრილს, ფეისბუქში დაწერა, რომ უკრაინას ტოვებს და „მალე დავბრუნდები უფრო მეტი ქართველით“.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნდა უკვე საქართველოში. მიზეზი არ ვიცი, ერთად არ ვიბრძოდით,“ – აღნიშნა კობა ხაბაზმა, ის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია და უკრაინაში იბრძვის, როგორც მოხალისე.

კობა ხაბაზი განმარტავს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოდან ისევ ყველაზე მეტი მოხალისეა უკრაინაში.

„რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოდან მოხალისეები ყველა ერთად ვართ. მებრძოლები ნაწილდებიან სხვადასხვა დანაყოფში გამოცდილების და საჭიროების მიხედვით…“ – განმარტავს კობა ხაბაზი.

კობა ხაბაზი დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში. პოლიტიკოსი ორ ფაქტორს ასახელებს: ეკონომიკა, რომელიც დღითიდღე რუსეთში სუსტდება და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც უკრაინას აწვდიან.

„მხოლოდ ქართველებს გვესმის სრულად ალბათ იმ ბოროტების მასშტაბი, რაც უკრაინაში დაატრიალა პუტინმა,“ – გვიყვება კობა ხაბაზი, მას სოციალურ ქსელში ვესაუბრეთ. – „ყველას გვახსოვს სოხუმი, სამაჩაბლო, ანწუხელიძე, მაგრამ როცა ჩადიხარ ბუჩაში, ხვდები, რომ ეს ბოროტება კიდევ უფრო გაიზარდა და აბსოლუტური ბოროტება გახდა.

წინ არის 9 მაისი და პუტინმა უნდა ჩაატაროს აღლუმი მოსკოვში. ის ეცდება საშინელება დაატრიალოს, რომ მცირედი წარმატება მაინც ჰქონდეს, მაგრამ ახლა ყველა ხვდება, უკრაინის დამარცხება შეუძლებელია, ერის, რომელსაც ნაგემი აქვს თავისუფლება. ასე, რომ ჩვენ ბოროტების დამარცხების მხილველი ვიქნებით.

მოგეხსენებათ, ომი ეკონომიკის გარეშე არ არსებობს. რუსეთი დეფოლტის წინა სტადიაზეა, მთელი მსოფლიო კი, უკრაინის გვერდით დგას. რაც მთავარია, უკრაინას აწვდიან თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას – „ბაირახტარი“ და ჯაველინები უკვე მონაგონია…“ – გვითხრა კობა ხაბაზმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: