ნეტგაზეთი • RU

შავ ზღვაში ჟანგბადით ნაკლები ზონები ფართოვდება, წყალი თბება – თურქი მკვლევრები

თურქი მკვლევრების აზრით, შავ ზღვაში წყლის ტემპერატურა არსებითად იცვლება კლიმატური კრიზისის ფონზე, რაც იწვევს წყალდიდობისა და მეწყრის შემთხვევებს შავი ზღვის რეგიონში.

თურქი მეცნიერები, რომლებიც შავ ზღვას სწავლობენ, ამბობენ, რომ შავი ზღვის წყლის ტემპერატურა თითქმის 2 გრადუსით მომატებულია.

„თურქეთის ზღვისპირა რეგიონში მეწყრების და წყალდიდობის ესკალაციის დროს, ტემპერატურის მატება გამოწვეულია კლიმატის კრიზისით, რაც იწვევს სხვა პრობლემებს, როგორიცაა გვალვა თურქეთის სხვა რეგიონებში“ – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, საზღვაო ბიოლოგიის ექსპერტის, ერთუგრულ აგირბაშის თქმით, მათმა ბოლო გაზომვამ აჩვენა, რომ ზღვის წყლის ტემპერატურა მარტში იყო 9,5-10 გრადუსი, როცა მარტის საშუალო მაჩვენებელი 8,1 გრადუსია.

მეცნიერი ამბობს, რომ ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, შავი ზღვის წყლის საშუალო ტემპერატურა მარტში 8,1 გრადუსი ცელსიუსი იყო და ეს უეცარი ცვლილება ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს.

„გლობალური დათბობა აფართოებს ზღვაში ჟანგბადით ნაკლებ ზონებს. შავი ზღვა სხვა ზღვებს შორის განსაკუთრებულია, რადგან ის კლიმატის ცვლილებისგან ყველაზე მეტად დაზარალებულია. ეს არის შიდა ზღვა ანოქსიური [იგივე უჟანგბადო] ფენით.

ზღვის წყლის ტემპერატურის მატებას გადააქვს წყალბადის გოგირდის ფენა ძირიდან ზედაპირთან უფრო ახლოს. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს ჟანგბადის მაღალი შემცველობის ტერიტორიებს“, – თქვა მან.

აგირბაშმა აღნიშნა, რომ შავ ზღვაში ასევე ქრება ძირსა და ზედაპირს შორის არსებული ცივი ფენა, რაც გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე და თევზაობაზე. მისივე თქმით, შემცირებულია თევზის სახეობების რაოდენობა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი ასევე აწარმოებს პროექტს შავი ზღვის ეკოსისტემაზე ნახშირბადის გამონაბოლქვის გავლენის შესასწავლად. შავი ზღვა, განსაკუთრებით მისი დაბოლოება დასავლეთით, არის დიდი ინდუსტრიული ჰაბების სახლი, რაც პოტენციურ დამაბინძურებლად მიიჩნევა. ეს რეგიონი იყო იმ ადგილებს შორის, რომლებიც გასულ წელს დაზარალდა ღვის ლორწოთი, რომელმაც დაფარა მარმარილოს ზღვა, რისი მიზეზიც ზღვის დაბინძურება და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სხვა ფაქტორები იყო.

„თურქეთს უკვე დაეტყო კლიმატის ცვლილება, რაც ამძიმებს კატასტროფებს, როგორიცაა ტყის ხანძრები და წყალდიდობები. ექსპერტები ასევე პროგნოზირებენ ტემპერატურის მატებას ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ისედაც თბილ რეგიონებში“ – წერს „დეილი საბაჰი“.

ზღვის წყლის ტემპერატურის მატება, მეტი წყლის აორთქლების გამო, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი ნალექების წარმოქმნაში.

ამავე თემაზე:

სტამბოლში, ზღვის სანაპიროზე, ლორწოვანი საფარი გამოჩნდა | ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან