სიახლეები

რუსეთის ომის მსხვერპლი ჟურნალისტები

10.04.2022 • 2281
რუსეთის ომის მსხვერპლი ჟურნალისტები

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 7 ჟურნალისტი მოკლეს და 11 დაჭრეს – ყველა ეს შემთხვევა აღრიცხული და აღწერილი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF).

RSF-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკვე სამი საჩივრით მიმართა. პირველი საჩივარი 4 მარტს რუსული ძალების მიერ უკრაინაში სატელევიზიო ანძებსა და გადამცემებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზეა, რაც ორგანიზაციის განცხადებით, ომის დანაშაულს წარმოადგენს. მეორე, 16 მარტს შეტანილი საჩივარი, რუსული არმიის მიერ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ეხება – როგორც RSF შეგროვებულ მტკიცებულებზე დაყრდნობით აცხადებდა, რუსულმა ძალებმა განზრახ გაუხსნეს ცეცხლი სულ მცირე რვა ჟურნალისტს ან მედია ჯგუფს.

RSF-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს მესამე საჩივარი 25 მარტს წარუდგინა. სარჩელი ეხებოდა უკრაინელი ფიქსერის (უცხოური მედიის ადგილობრივი კონსულტანტის) საქმეს, რომელიც რუს სამხედროებს ჰყავდათ დაკავებული და აწამებდნენ. მისი ჩვენება RSF-მა 21 მარტს გამოაქვეყნა. ცემა ავტომატის კონდახებით, ელექტროშოკი, წამება დანით, სახესა და სხეულზე ე.წ. არმატურის ნაჭრით ცემა – ეს ყველაფერი 32 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა ცხრადღიანი ტყვეობის განმავლობაში გადაიტანა. იგი „Radio France“ მუშაობდა.

18 ჟურნალისტის დაღუპვის შესახებ განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ 4 აპრილს. უწყებას არ დაუზუსტებია, რამდენიმე მათგანი მოკლეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რამდენი იბრძოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ან რამდენი ემსხვერპლა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას.

როგორც სამინისტრო იუწყება, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე აღრიცხა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი 74 დანაშაული: მათ შორის, 19 დანაშაული უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ; 22 კიბერშეტევა მედიაზე და დაბომბვის სულ მცირე შვიდი შემთხვევა, რომლებმაც გამოიწვია სატელევიზიო ანძებისა და გადამცემების დაზიანება ან განადგურება.

სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 8 გატაცებული, 13 დაშავებული, 3 დაკარგული ჟურნალისტისა და მუქარის 15 შემთხვევის შესახებაც.

რუსეთის ომის მსხვერპლი ჟურნალისტები

სახელი, გვარი: მანტას კვედარავიჩიუსი

ასაკი: 45 წლის

პროფესია: დოკუმენტური ფილმების რეჟისორი

ქვეყანა: ლიეტუვა

გარემოებები: მოკლეს მანქანაში, როდესაც ტოვებდა მარიუპოლს, სადაც ალყაში მოქცეული ქალაქის გადასაღებად იმყოფებოდა.

თარიღი: 2 აპრილი

სახელი, გვარი: მაქსიმ ლევინი

ასაკი: 40 წლის

პროფესია: ფოტოჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი

ქვეყანა: უკრაინა

გარემოებები: კიევთან ახლოს გაუჩინარდა 13 მარტს, ხოლო პირველ აპრილს მოკლული იპოვეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თქმით, შეუიარაღებელი მაქსი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლეს რუსმა სამხედროებმა.

თარიღი: პირველი აპრილი

სახელი, გვარი: ოქსანა ბაულინა

ასაკი: 42 წლის

პროფესია: The Insider-ის  ჟურნალისტი; გასულ წლამდე მუშაობდა რუსი ოპოზიციონერის, სერგეი ნავალნის „ანტიკორუფციულ ფონდში“.

ქვეყანა: რუსეთი

გარემოებები: დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს – კიევთან ახლოს საცხოვრებელი უბნის დაბომბვისას, სადაც ნგრევას აშუქებდა.

თარიღი: 23 მარტი 

სახელი, გვარი: „საშა“, ოლექსანდრა კუვშინოვა

ასაკი: 24 წლის

პროფესიაFox News-ის ადგილობრივი კონსულტანტი

ქვეყანა: უკრაინა

გარემოებები: კიევთან ახლოს დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. მანქანას, რომლითაც გუნდთან ერთად გადაადგილდება რუსმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

თარიღი: 14 მარტი  

სახელი, გვარი: პიერ ზაკრზევსკი  

ასაკი: 55 წლის

პროფესია: Fox News-ის ოპერატორი, ერაყში, ავღანეთსა და სირიაში მომუშავე ვეტერანი ჟურნალისტი

ქვეყანა: ირლანდია

გარემოებები: საშა კუვშინოვასთან ერთად დაიღუპა კიევთან ახლოს, როდესაც გადამღები ჯგუფის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

თარიღი: 13 მარტი  

სახელი, გვარი: ბრენტ რენო

ასაკი: 50 წლის

პროფესია: კინორეჟისორი და ჟურნალისტი. რეგიონში TIME Studios-ის პროექტ ლტოლვილთა გლობალურ კრიზისზე სამუშაოდ იმყოფებოდა.

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

გარემოებები: კიევის რეგიონში, ირპენთან მდებარე რუსულ საგუშაგოსთან ახლოს, მიმავალ მანქანაში მჯდომს კეფაში ესროლეს. კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი რუსმა ჯარისკაცებმა შეცნობილად, დამიზნებით მოკლეს.

თარიღი: 13 მარტი  

 

სახელი, გვარი: ევგენი საკუნი

ასაკი: 49 წლის

პროფესია: LIVE TV-ის ოპერატორი

ქვეყანა: უკრაინა

გარემოებები: კიევში, ბაბინ იარის ტერიტორიაზე, სატელევიზიო ანძაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა. მისი ცხედარი მხოლოდ პრეს-ბარათით ამოიცნეს.

თარიღი: პირველი მარტი  

ეს არის ცნობები მხოლოდ იმ ჟურნალისტებზე, რომელთა დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებმა და RSF-მა გაავრცელეს. უკრაინის პროკურატურას და კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს მოკლულ ჟურნალისტთა სია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: