მთავარი,სიახლეები

მოხალისე ხულოდან, რომელიც ევროპაში მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან

13.04.2022 • 3663
მოხალისე ხულოდან, რომელიც ევროპაში მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან

26 წლის მაია რიჟვაძე ხულოდან ბოლო ორი წელია ევროპაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მოხალისედ მუშაობს. მას ბევრი გეგმა აქვს. ცდილობს, ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოცდილება დააგროვოს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცენტრი გახსნას აჭარაში, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მოქმედი ცენტრების მოდელი იქნება და  ყველა საჭირო სერვისს გააერთიანებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

მაია გვიყვება, რომ მარტივი არ ყოფილა 24 წლის ასაკში პროფესიის და ინტერესების შეცვლა. მას 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგის სფეროში.

პროფესიის შეცვლაზე მაია 2 წლის წინ დაფიქრდა, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო. მაშინ მაია თბილისიდან სოფელში დაბრუნდა და ხულოში ბავშვობის მეგობრებთან ერთად  საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდები ხულოსთვის“ შექმნა,  რათა  ხულოს მოსახლეობას დახმარებოდნენ.

„დაახლოებით 70-მდე სოფელში და 150-მდე ოჯახში ვიყავით. ეს არ ყოფილა მხარდაჭერა მხოლოდ  სასურსათო პროდუქტებითა და მედიკამენტებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო  ჩვენი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა და საუბარი მათ პრობლემებზე, ყოველდღიურ ყოფაზე. ამ პერიოდში ძალიან ბევრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი  და მათი ოჯახები გავიცანი“, – ამბობს მაია.

მაია გვიყვება, რომ დაინტერესდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და შშმ პირები, ამიტომაც ბევრ კითხვას სვამდა.

როგორც მაია ამბობს, ხულოში სკოლის ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები ეუბნებოდნენ, რომ სკოლები არ იყო მათი შვილების საჭიროებებს მორგებული, რის გამოც ვერ დაჰყავდათ ბავშვები სკოლაში; რამდენიმე სოფელში არ იყო სპეციალური მასწავლებელიც, ამიტომაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, ფაქტობრივად, განათლების გარეშე, სახლში რჩებოდნენ; სულ სახლში იყვნენ 18 წელს გადაცილებული შშმ პირებიც.

„როცა ვეკითხებოდი შშმ პირებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს, რატომ არ გამოდიოდნენ გარეთ, ქუჩების, ტრანსპორტის, სკოლის, სხვა შენობების ადაპტირების პრობლემას ასახელებდნენ. მეუბნებოდნენ, რომ მათი შვილების მიღებისთვის ხალხი არ იყო მზად და უხერხული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ცდილობდნენ ბავშვები ღამით გაესეირნებინათ ან საერთოდ არ გაეყვანათ გარეთ“, – ამბობს მაია.

მაია ხულოში ოჯახების კარდაკარ შემოვლის პარალელურად მაგისტრატურაზე სწავლობდა. სწავლის დასრულებისთანავე წავიდა პოლონეთში, ინკლუზიურ ბაღში სამუშაოდ, რათა შშმ პირებთან, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ევროპულ მოდელს გაცნობოდა. მისი შეფასებით, საქართველო ინკლუზიური განათლების მიმართულებით ახლა ვითარდება, რაშიც თავისი წვლილის შეტანა აქვს მიზნად დასახული.

„თუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხარ, არ უნდა იჯდე სახლში. პირველ რიგში, მთელი ქვეყანა უნდა იყოს  დაინტერესებული, რომ კამპანიები წამოიწყოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ.

თუ გუგლში ეძებ, როგორ უნდა მოიქცე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთან, არ არის ვრცელი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა ქართულ ენაზე“.

მაია თავიდან პოლონეთში იყო, ისწავლა პოლონური, ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღო და გერმანულ პროგრამაში მოხვდა.

იგი ახლა გერმანიაშია, სადაც სპეციალურ სკოლაში მუშაობს მოხალისედ. მაიასთვის ეს მოხალისეობის მეორე წელია.

„გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან არეული ვიყავი, იმიტომ, რომ ვმუშაობდი და თანაც კარგ პოზიციაზე. ყველაფერი უნდა მიმეტოვებინა და ახალი ცხოვრება დამეწყო.

საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნამდვილად შემეძლო თუ არა. ბევრი ვიფიქრე, მოვიძიე სტატიები, ისტორიები, თუ როგორ ცხოვრობენ შშმ პირები ევროპაში, რა გამოცდილება აქვთ და რისი მიცემა შემეძლო მე, თუ ევროპას ავირჩევდი და იქ წავიდოდი მოხალისედ, გამოცდილების დაგროვებისა და დაბრუნების შემდეგ კი ჩემს ცოდნას სხვებს გავუზიარებდი.

ზუსტად ვიცოდი, სად მივდიოდი, რატომ და რა მინდოდა. პოლონეთში ადაპტირებული ინკლუზიური ბაღი იყო, სადაც  აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები იყვნენ. პირველი სამი თვე ძალიან რთული იყო ჩემთვის,  არ მქონდა გამოცდილება. მარკეტინგი, პიარი და უცებ სხვაგან აღმოვჩნდი“, – ამბობს მაია.

მაია ახლა გერმანიაში მუშაობს, სკოლაში, სადაც სკოლა და დღის ცენტრია გაერთიანებული. სკოლა დილის 7 საათზე იწყება და დღის 3 საათამდე გრძელდება სასწავლო პროცესი. ბავშვები, რომლებიც იქ სწავლობენ, მათთვის საჭირო ყველა სერვისს ადგილზე იღებენ, თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინდივიდუალური საჭიროებები არ აქვთ.

„სამომავლოდ, ცენტრს რომ გავხსნი, კომპლექსი მინდა იყოს, რომ  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, შშმ პირებს, ყველა სერვისით ადგილზე შეეძლოთ სარგებლობა.

ვფიქრობ, რომ მაღალმთიან აჭარაში საჭიროა რაიმე გაკეთდეს, მთავარია ბენეფიციარებმა მიიღონ სერვისები, ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს დაინტერესება უნდა იყოს.

არის შემთხვევები, როცა ის სტრუქტურები, რომლებსაც ევალებათ კეთილმოაწყოს შენობები, აკეთებენ ისეთ პანდუსებს, სადაც ეტლი არ ეტევა. ვფიქრობ, ისეთივე ფასადურია შშმ პირთა უფლებების დაცვა მათი მხრიდან, როგორც ეს ფაქტი.

„მინდა, რა შესაძლებლობაც აქვთ პოლონეთში, გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, ის შესაძლებლობები ჰქონდეთ საქართველოშიც“, – ამბობს მაია.

„ბათუმელებთან“ საუბრისას მაია აღნიშნავს, რომ საქართველოში დღემდე იყენებენ არასწორ ტერმინებს, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებიც, რამაც დაარწმუნა, რომ პირველ რიგში მათი ინფორმირებულობის საკითხი დგას და  მნიშვნელოვანია ამ საკითხის პოპულარიზაცია, ამიტომაც  შექმნა ჯგუფი „სპეციალური საჭიროების სკოლა საქართველოში“.

„ჯგუფი ქართველი აუდიტორიისთვისაა შექმნილი. ნებისმიერ ჩვენგანს გვჭირდება მეტი ვიცოდეთ, რადგან მეტი ინფორმაცია მეტ მიმღებლობასა და ნაკლებ პრობლემებს უდრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.

ჯგუფში ბევრი მშობელია და რეალურად, მათ არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი შვილების მდგომარეობაზე, რაც მათ მესიჯებში, პოსტებში გამოიხატება.

ჯგუფისთვის ვწერ ვიდეოებს, ვთარგმნი სტატიებს ინგლისური და გერმანული წყაროებიდან, რათა საზოგადოებას დავანახო რა და რა ფორმითაა სწორი“, – გვიყვება მაია.

მას უნდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ 6-დან 18 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე იზრუნოს, რადგან მათთან მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება აქვს.

„მინდა, რომ კვლევა ჩავატარო, რადგან აქამდე სხვა სფეროში ვიყავი, მჭირდება უფრო ზუსტად გავიგო, რა არის ჩვენს რეგიონში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების რეალური საჭიროებები და შესაძლებლობები.

ამიტომ პირველ ერთ წელს დავუთმობ კვლევას, გრანტების მოძიებას და პროექტის დაწერას. მასწავლებლები, რომლებიც აქ არიან, პირველ ეტაპზე, როცა მე დამჭირდება მათი რეკომენდაციები, მზად არიან ჩემ გვერდით იყვნენ. ვგულისხმობ მასწავლებლებს,  რომლებსაც 20 წელზე მეტი ხნის  გამოცდილება აქვთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის“, – ამბობს მაია.

მაია ახლა ჟესტურ ენას  სწავლობს, რათა ამ საჭიროების მქონე ბავშვებთან თავისუფლად მოახერხოს კომუნიკაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: