მთავარი,სიახლეები

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე რეხვიაშვილის გათავისუფლებაზე წერს და „ოცნებას“ მიმართავს

14.05.2020 • 1551
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე რეხვიაშვილის გათავისუფლებაზე წერს და „ოცნებას“ მიმართავს

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტისა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას.

„გაათავისუფლეს თავისი კოლეგის წინააღმდეგ დისციპლინური სანქციების კრიტიკის გამო! „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს მალხაზ რეხვიაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე“, – წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი 11 მაისს გაუშვეს. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უკვე მეოთხედ ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მოსვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ახალი დირექტორი რამდენიმე თვეა ათავისუფლებს ან პოზიციას უცვლის მისთვის არასასურველ ჟურნალისტებს.

გუშინ, 13 მაისს, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად ქართულმა ონლაინმედიამ ფეისბუქგვერდზე მთავარი ფოტო შეცვალა და სხვადასხვა ონლაინგამოცემამ განათავსა ფოტო წარწერით – „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“ . 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: