მთავარი,სიახლეები

არის თუ არა აზოვის პოლკი ნეონაცისტური?

13.04.2022 • 16246
არის თუ არა აზოვის პოლკი ნეონაცისტური?

რა არის აზოვის პოლკი? – გულწრფელი პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას euromaidanpress-ი აზოვის პოლკის შესახებ. ვიაჩესლავ ლიხაჩოვი, პოლიტოლოგი და უფლებადამცველი, ხსნის კრემლის პროპაგანდისტულ მითს აზოვის პოლკის, როგორც „კრიმინალური ნეონაცისტური ნაციონალისტური ბატალიონის“ შესახებ. როგორც ის წერს, „მითი უკრაინულ ფაშიზმზე არა მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო. ეს არის დიდი არგუმენტი იმისა, რომ არაფერი გააკეთოთ, როცა უყურებთ უკრაინას, რომელიც მარტო იბრძვის ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ და არ გაქვთ სიმპათია აზოვის პოლკის ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც იცავენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას და კვდებიან უთანასწორო ბრძოლაში. მითი უკრაინული ფაშიზმის შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა მოკვდეს“.

  • არის თუ არა აზოვის პოლკი „ნეონაცისტური“?

უკვე შევეჩვიე ყოველდღიურად უცხოელი ჟურნალისტების მიერ აზოვის პოლკის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას. ახლა, მარიუპოლში არსებული საშინელი ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით – ქალაქს გმირულად იცავენ აზოვის პოლკის ჯარისკაცები – საკმაოდ ემოციურად ვრეაგირებ კითხვაზე: „რამდენად წარმოადგენს საფრთხეს აზოვის პოლკი?“

კითხვები „აზოვის“ შესახებ თითქმის ყველა დასავლელი ჟურნალისტისგან და ექსპერტისგან მოდის. თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანს თუ შეუძლია დაასახელოს, კონკრეტულად რაში მდგომარეობს პრობლემა, რა მიზეზითა და საბაბით არსებობს კითხვები [პოლკთან დაკავშირებით].

ხშირად ჟურნალისტები ეყრდნობიან რუსეთის ოფიციალურ გეგმას „დენაციფიკაციაზე“, რომელშიც „აზოვიცაა“ ნახსენები. რუსული პროპაგანდის ყველა ხრიკის დაჯერება სიგიჟე იქნებოდა – მაგალითად, რეპორტაჟი ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ, რომელთა ნაწარმოები იარაღიც მხოლოდ ეთნიკურად რუსებს ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა. დასავლური აუდიტორია უნდა შეეჩვიოს, რომ რუსეთი და მისი წარმომადგენლები პირის ყოველ გაღებაზე იტყუებიან.

სიმართლე შემდეგია: აზოვის პოლკი უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დანაყოფია და მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას ამ წამს განადგურებისგან იცავს.

მოკლე პასუხი კითხვაზე შემდეგია: „აზოვი“ ნეონაცისტური პოლკი არ არის.

  • პოლკის ყველა წევრი ნეონაცისტია?

არა. უკრაინის ეროვნულ გვარდიაში თუ სამხედრო ძალებში იდეოლოგიაზე დაფუძნებული არც ერთი დანაყოფი არ არის. ერთადერთი იდეოლოგია წესდებაა, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურე მათ შორის ვალდებულებია:

„პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ღირსებას“ და „თავი შეიკავოს ნებისმიერი გამონათქვამისა თუ ქმედებისგან, რომელსაც ადამიანის უფლებების ან ღირსების შელახვა შეუძლია“.

2014 წელს, პოლკის დაარსებისას, დამფუძნებლებს შორის იყვნენ ადამიანები ნეონაცისტური წარსულითა და ულტრამემარჯვენე შეხედულებებით, თუმცა ყველა დამფუძნებელს მსგავსი წარსული არ ჰქონდა.

მაგალითად, აზოვის ერთ-ერთი პირველი წევრები „ავტომაიდნის“ მოხალისეთა ჯგუფის აქტივისტები იყვნენ, მათ შორის ბევრი ებრაელიც იყო (მათ შორის მინიმუმ ერთი ისრაელის მოქალაქე). 2014 წლის ბოლოსთვის ულტრამემარჯვენე წარსულის მქონე ჯარისკაცთა უმრავლესობამ პოლკი დატოვა. დანარჩენი რადიკალები 2017 წელს პოლკის ახალმა ხელმძღვანელობამ გარიცხა. 

დღეისთვის არ არსებობს არანაირი საფუძველი ბრალდებებისთვის, რომელთა თანახმადაც აზოვის პოლკში ნეონაცისტები მსახურობენ.

  • „აზოვი“ პარამილიტარული [არაოფიციალური] თუ ოფიციალური სტრუქტურაა?

„აზოვი“ უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალურ დანიშნულებათა დანაყოფია, ოფიციალური სამთავრობო დანაყოფი, რომელიც უკრაინის შსს-ის კონტროლის ქვეშაა. პოლკისთვის „შეიარაღებული დაჯგუფების“ წოდება არასწორია, თუმცა ამ ტერმინს „აზოვთან მიმართებაში“ კვლავ ხშირად იყენებენ.

  • ვინ მსახურობს პოლკში?

ხალხი, ვისაც სამშობლოს დაცვა სურს და ვინც სელექციის კონკურენტული პროცესის გავლა შეძლო („აზოვს“ საშუალება აქვს, აირჩიოს საკმაოდ ბევრი მსურველიდან).

პოლკში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანია – მათ შორის რუსი, ებრაელი, ყირიმელი თათარი. განსხვავდება აღმსარებლობა და პოლიტიკური სიმპათიებიც. პოლკის წევრობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ხელმძღვანელობის ცნობით, პოლკის წევრების უმრავლესობა რუსულენოვანია.

  • პოლკის მეთაური ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული კორპუსის“ ლიდერიცაა?

არა. მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა – სამშობლოს დაცვა პოლიტიკურ სიმპათიებსა და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას.

ანდრიი ბილეცკი, პარტიის ლიდერი, პოლკის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და სწორადაც მიიჩნევა მის დამფუძნებლად, მაგრამ ის პოლკს მხოლოდ 2014 წლის შუა პერიოდში, რამდენიმე თვით ხელმძღვანელობდა. ბილეცკის კვლავ აქვს კონტაქტი თავის „შვილთან“ – იგი დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციისა და მკურნალობისთვის ფულს აგროვებდა, მაგრამ 2014 წლის ოქტომბრიდან მას აღარ აქვს რამენაირი ფორმალური კავშირი პოლკთან.

  • არის თუ არა „ნაციონალნი დრუჟინი“ (საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მოხალისეობრივი რაზმი) პოლკის ნაწილი?

არა, „ნაციონალნი დრუჟინი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც თითქმის ორი წელია აღარაა აქტიური. ის არანაირად არაა კავშირში ეროვნულ გვარდიასთან.

  • არის თუ არა აზოვის პოლკი „ეროვნული კორპუსის“  სამხედრო ფრთა?

არა. ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს კავშირი პოლკთან. უკრაინის შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია შორსაა პოლიტიკისგან.

თუმცა ანდრიი ბილეცკი ცდილობს სათავისოდ, – პოლიტიკური კარიერის წინ წასაწევად, – გამოიყენოს აზოვის „ბრენდი“. ერთხელ ეს მას დეპუტატის მანდატის მიღებაში დაეხმარა; ეს ასევე უზრუნველყოფს მის ყოფნას მედიასივრცეში.

2014 წლის ოქტომბერში ბილეცკის პირველი პოლიტიკური პროექტი სამხედრო ძალებიდან წასვლის შემდეგ, „აზოვის სამოქალაქო ჯარი“ იყო. მან პოლკის ვეტერანების პარტიაში რეკრუტირებაც სცადა. თუმცა მისი მცდელობები ემსახურება რუსეთის პირველი შემოჭრისას მოპოვებული ცნობადობის პოლიტიკურ კაპიტალად ქცევას და არაფერი აქვს საერთო პოლკთან.

  • არიან თუ არა ევროპელი და ამერიკელი ულტრამემარჯვენეები/ნაციონალისტები აზოვის პოლკში?

არა. უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, ეროვნულ გვარდიაში მსახურების უფლება უცხოელებს არ აქვთ. 2014 წელს, როცა ყველა ფორმალობა დაცული არ იყო, პოლკში უცხოელები დე ფაქტო მსახურობდნენ. თუმცა იმის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. 

ამჟამად აზოვში არც ერთი უცხოელი, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებიდან, არ მსახურობს და არც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოფილა აღრიცხული.

დროდადრო თავგადასავლების მოსურნე ულტრამემარჯვენე აქტივისტები პოლკში გაწევრიანებას ცდილობენ, მაგრამ მათ არ იღებენ. საუკეთესო შემთხვევაში, მათ საშუალება ეძლეოდათ, კარგი უკრაინული ლუდი დაელიათ და სახლში დაბრუნებულიყვნენ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ყველაზე ჯიუტების და რადიკალების დეპორტაცია ხდება.

  • მიიჩნევა თუ არა პოლკი ექსტრემისტულ ორგანიზაციად?

არა. ასეთად იგი მხოლოდ რუსეთშია მიჩნეული, თუმცა იქ ექსტრემისტულ რესურსებად „ფეისბუკიც“ და „ინსტაგრამიცაა“ გამოცხადებული.

რამდენიმე წლის წინ აშშ-ში იყო ინიციატივა აზოვის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც დაზუსტდა, რომ პოლკი ოფიციალური სამხედრო დანაყოფია, ინიციატივა დავიწყებას მიეცა (თეთრი რასის უპირატესობის მქადაგებელი ჯგუფებიდან ტერორისტულ სიაში „რუსული იმპერიული მოძრაობა“ მოხვდა).

  • ემხრობა თუ არა პოლკი „თეთრი რასის სისუფთავეს/სიწმინდეს?“

არა და არც არასდროს ემხრობოდა. ამას პარტია „ეროვნული კორპუსიც“ კი არ ემხრობა. ანდრიი ბილეცკის ჰქონდა რასისტული განცხადებები 2006-2010 წლებში, თუმცა აღარ გაუკეთებია ისინი მას შემდეგ.

  • ატარებს თუ არა პოლკი ჩირაღდნების მარშს?

არასდროს დამისმია საკუთარი თავისთვის ეს ან სხვა მსგავსი კითხვა, მაგალითად, თამაშობენ თუ არა ისინი პინგ-პონგს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყურადღებას იმსახურებს. ოსლოში ჩირაღდნების მარშს ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა გასახსენებლად ატარებენ. 

ნაციზმზე გამარჯვებას მოსკოვში ჩირაღდნების მარშით აღნიშნავენ. იტალიაში ასეთ მარშებს ატარებს წითელი ჯვრის საზოგადოება, გერმანიაში – სამხედრო ძალები.

  • ადიდებს თუ არა პოლკი ნაცისტურ იდეოლოგიას?

„ჩვენ გვძულს ნაციზმი და სტალინიზმი“, – ნათქვამია პოლკის ერთ-ერთ უკანასკნელ (28 მარტის) შეტყობინებაში, მათ ტელეგრამარხში (და დაწერილია რუსულ ენაზე).

  • ჩაიდინა თუ არა პოლკმა სამხედრო დანაშაულები მარიუპოლში 2014 და 2022 წლებში?

გაეროს ადამიანთა უფლების მონიტორინგის მისიას, რომელიც ქალაქში 2022 წლის თებერვლამდე იმყოფებოდა, მსგავსი შემთხვევები არ აღურიცხავს. რუსულ მხარესაც კი ასეთი დანაშაულების მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

თუმცა, ნებისმიერი ჰიპოთეტური დარღვევა პოლკის მიერ, რომელიც სამოქალაქო პირებს აგრესორისგან იცავს, თეორიულადაც კი ვერ შეედრება სამშობიაროს ან თეატრის (სადაც ბავშვები და ქალები აფარებდნენ თავს) დაბომბვას.

  • თუ ყველაფერი ამდენად ნათელია, რატომ აგრძელებს დასავლური აუდიტორია შეშფოთების გამოხატვას „აზოვთან“ დაკავშირებით?

ამ კითხვას სამი პასუხი აქვს.

პირველი: სიმართლეა, რომ აზოვის ზოგიერთ დამფუძნებელს ჰქონდა ულტრამემარჯვენე და ზოგიერთ შემთხვევაში ნეონაცისტური წარსული. ეს ნაწილობრივ აისახა პოლკის ემბლემაში. თუმცა ეს სულაც არ აღწერს აზოვის ქმედებებს. მაგალითად, მარიუპოლში იყო საკმაოდ დიდი ებრაული თემი და სინაგოგა, მაგრამ ებრაულ თემს არასდროს შეუტყობინებია რამენაირ კონფლიქტზე პოლკის წევრებთან.

მსგავსი სიტუაციაა ადგილობრივი მუსულმანების ან დიდი ბერძნული თემის (დაახლოებით 100 000 ადამიანი) შემთხვევაში. მარიუპოლის ეთნიკური თემებისთვისა და ყველა მცხოვრებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის მიერ მძიმე შეიარაღების განურჩეველი გამოყენებაა.

მეორე: რუსული პროპაგანდა ჩართულია „დანაშაულებრივი ნეონაცისტური ნაციონალისტური ბატალიონის“ იმიჯის შექმნაში. ტყუილებისა და რამდენიმე ფაქტის (პოლკის ემბლემა და მისი დამაარსებლების წარსული) შერევით პროპაგანდამ კარგი სურათის შექმნა მოახერხა.

რუსული პროპაგანდა სისტემური, პროფესიონალური და გასაოცრად ეფექტიანია, განსაკუთრებით დასავლური საზოგადოებისთვის, რომელსაც არ აქვს იმუნიტეტი ასეთი უსირცხვილო ტყუილების წინააღმდეგ. დასავლური საზოგადოება, როგორც წესი, უარყოფს მსოფლიოს შავ-თეთრ ხედვას და განიხილავს უფრო რთულ მოდელებს. ასეთი მსოფლმხედველობისთვის ტიპურია, სიმართლე სადღაც შუაში ეძებოს, შეხედულებათა შორის. თუმცა, როგორც პოლონელმა ფილოსოფოსმა ადამ მიხნიკმა აღნიშნა, სიმართლე არა შუაშია, არამედ იქ არის, სადაცაა.

და ბოლოს, პროპაგანდა მუშაობს მაშინ, როცა ხალხი მზადაა მას დაუჯეროს. ხალხი მიისწრაფვის დაიჯეროს ის, რაც უკვე იცის. დასავლეთისთვის მოსახერხებელია უთხრას საკუთარ თავს, რომ ყველაფერი რთული და არაერთგვაროვანია, რადგან ეს არაფრის კეთებას ამართლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: