მთავარი,სიახლეები

ჩემს კოლეგას დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა – პაპუაშვილი

13.04.2022 • 1839
ჩემს კოლეგას დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა – პაპუაშვილი

დღეს, 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ფეიბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ის მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან.

ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

ჩემმა კოლეგამ კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.

დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.

და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის უკრაინაში მიწვევასთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ისაუბრა. მისი თქმით, ის მზადაა განიხილოს ვიზიტის დეტალები და იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბუჩაში ჩასვლის მიწვევა ჯერ კიდევ 8 აპრილს მიიღო. ამის თაობაზე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებდა. თუმცა ოფიციალურ მიწვევას არ ადასტურებდნენ პარლამენტში. მოგვიანებით „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი  გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის უკრაინაში მიწვევას და თქვა, რომ პაპუაშვილი ავად იყო. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: