მთავარი,სიახლეები

საქმე, რომელშიც უზენაესის მოსამართლე ფიგურირებს, ევროსასამართლომ დასაშვებად ცნო

12.04.2022
საქმე, რომელშიც უზენაესის მოსამართლე ფიგურირებს, ევროსასამართლომ დასაშვებად ცნო

საქმე, რომელშიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად ცნო. საჩივრის ავტორმა თამარ ხაჭაპურიძემ უკვე მიიღო ევროსასამართლოსგან დასაშვებობის დამადასტურებელი წერილი.

თამარ ხაჭაპურიძემ 2016 წელს თქვა, რომ  თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა. გამოძიება მოზარდის ცემაზე იმავე დღეს დაიწყო, ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას საღამოს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა და დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები.

ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია და ძიება არ დასრულებულა მოზარდის ცემის საქმეზე, სადაც, მშობლების თქმით, დამნაშავე მოსამართლეა. მოზარდი უკვე სრულწლოვანი გახდა, მოზარდის მშობლებს კი, მხოლოდ ჯარიმის გადახდა დააკისრეს და ისინი ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, სადაც მათ პოლიტიკური დევნილის სტატუსიც მიიღეს.

თამარ ხაჭაპურიძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლო ორ სხვადასხვა საქმეს განიხილავს – ერთი სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეა, სადაც მოზარდის მშობლები გაასამართლეს, მეორე კი საქმე, სადაც მოზარდის ცემაზე მისი მშობლები მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს სდებდნენ ბრალს, გამოძიება კი, ამ დრომდე დუმს.

„5 წელი მასამართლებდნენ იმისთვის, რომ შვილის სისხლის დანახვით აღელვებულმა დედამ წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც თურმე მუქარას შეიცავდა. რაკი მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი, მუქარას ჯგუფური უწოდეს, რათა ბრალი დაემძიმებინათ და ისიც გაასამართლეს… გვემუქრებოდნენ 10 წლამდე პატიმრობით, რათა დაეფარათ მაშინდელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მიერ ჩემი 13 წლის შვილის ცემისა და დაზიანების ფაქტი,“ – მოგვწერა მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძემ. – „აღნიშნული საქმის წარმოებისას პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ უხეშ დარღვევასა და უკანონობას, რაც გავასაჩივრეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სტრასბურგმა ჩვენი საჩივარი დასაშვებად ცნო.

კიდევ ერთხელ გაოცდება სტრასბურგის სასამართლო, თუ რა ბინძური და უკანონო მეთოდებით დაგვიპირისპირდა მე და ჩემს ოჯახს სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, სასამართლო, იკადრეს ყველაფერი, შეთითხნილი ბრალი, მტკიცებულებების გადამალვა, დაშინება, მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმა და ა.შ. ჩემი შვილიც კი არ დაკითხეს სასამართლოზე, რათა მას არ ეთქვა, რომ მიქაუტაძემ დაარტყა,“ – აღნიშნა თამარ ხაჭაპურიძემ „ბათუმელებთან“.

გამოძიებას მოზარდის ცემის საქმეზე, რაც 6 წლის წინ დაიწყო, არაფერი გაურკვევია, სამაგიეროდ, თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე – კახა ხაჩიძე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2018 წელს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გაასამართლა , გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები 5 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ამ საქმეზე ხულიგნობა დაადგინა, შესაბამისად, არ დაადასტურა პროკურატურის ვერსია, რომ მოზარდის მშობლები მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცდილობდნენ.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელმაც ეს საქმე 2018 წელს განიხილა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, 2019 წელს დაწინაურდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. საიას შეფასებით, რომელიც ამ საქმეში არასრულწლოვნის მშობლების ინტერესებს იცავდა, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

ამ სასამართლო განხილვის დროს იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო გიორგი მიქაუტაძე. 2019 წელს ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2020 წლიდან გიორგი მიქაუტაძე უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: