მთავარი,სიახლეები

უკრაინელი ლტოლვილების პატარა მაღაზია ბათუმში – ფასი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი

13.04.2022
უკრაინელი ლტოლვილების პატარა მაღაზია ბათუმში – ფასი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №63, პუშკინის ქუჩის კვეთასთან ახლოს, ხილ-ბოსტნეულის პატარა მაღაზიაა. RCHEULI/რჩეული – მწვანედ აწერია მაღაზიას სახელდახელოდ დამზადებულ დაფაზე.

მაღაზია რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახმა გახსნა. სავაჭრო ობიექტი ყურადღებას იმით იპყრობს, რომ ყველაფერი გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა მაღაზიებში.

მურთუზალ და ანია მამედოვები მამა-შვილია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 29 თებერვალს წამოვიდნენ ხარკოვიდან. დატოვეს სახლი, ავტომანქანა, ხილ-ბოსტნეულის პატარა მაღაზია და ხარკოვის რკინიგზის სადგურს მიაშურეს. მგზავრებით გადატენილი მატარებლით, ჭყლეტაში იმგზავრეს და ჩააღწიეს პოდოლსკში – უკრაინა-მოლდოვას საზღვრამდე.

„მოლდოვადან ავტობუსით რუმინეთში გადაგვიყვანეს, იქ 5 დღე დავრჩით, გვეგონა 3-4 დღეში დასრულდებოდა ომი და უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ თვეზე მეტია გრძელდება ეს საშინელება და აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ. უსასრულოდ ხომ არ ვიქნებით ჩვენი მეგობრების ბინაში უსასყიდლოდ, თავი ხომ უნდა ვირჩინოთ. ამიტომ ბათუმშიც გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, ჩვენ ეს საქმე ვიცით მხოლოდ“, – ამბობს მურთუზალ მამედოვი.

მისი ოჯახი ხარკოვიდან გამოღწევის შემდეგ სტამბოლში გაემგზავრა ავტობუსით. მერე კი ბათუმში ჩამოვიდნენ, სადაც მეგობრები ელოდნენ.

„იცით, ხარკოვში რა კარგი მაღაზია გვქონდა? მთელი უბანი ჩვენთან ყიდულობდა ხილს და ბოსტნეულს, რადგან მიდგომა გვქონდა ასეთი: ყველაფრის ფასი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, შენც უნდა დაგრჩეს რაღაც, მაგრამ ხალხი არ უნდა გაძარცვო. ამ პრინციპს არც აქ ვცვლით“, – ამბობს ანია მამედოვა.

ხილ-ბოსტნეულის პატარა, ახალ მაღაზია „RCHEULI/რჩეულში“ უბრალო, სახელდახელოდ შეჭედილი ხის თაროებია. მაღაზიაში არ აქვთ მაცივრები, რომ წყალი, გამაგრილებელი სასმელები და ნაყინიც გაყიდონ. არადა, მალე დათბება და როგორც უკრაინის მოქალაქეები გვეუბნებიან, მათ ახალგახსნილ მაღაზიაში მყიდველები უკვე კითხულობენ ცივ სასმელებსა და ნაყინს, რასაც ისინი მომხმარებლებს ვერ სთავაზობენ უმაცივრობის გამო.

„ძალიან პატარაა ჩვენი მაღაზია, დისტრიბუტორები ვერც გვამჩნევენ და არავინ გვამარაგებს, არც ხალხს ვიცნობთ, რომ დავუკავშირდეთ დისტრიბუტორებს და ვთხოვოთ ჩვენს მაღაზიასაც მოაწოდონ პური, ცივი სასმელები და ნაყინი – შესაბამისი მაცივრებით“, – ამბობს მურთუზალ მამედოვი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: