მთავარი,სიახლეები

მე-9 სარჩელი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა სოცქსელში

22.05.2020 • 2955
მე-9 სარჩელი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა სოცქსელში

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ დღეს, 22 მაისს, კიდევ ერთი სარჩელი დარეგისტრირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად გიორგი კოხრეიძის მიერ ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში დადგენილ ქცევის წესებს ასაჩივრებენ, რაც კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორების საფუძველი გახდა.

ჟურნალისტების უფლებებს ახლაც „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ეს უკვე მე-9 სარჩელია გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ. სასამართლო სარჩელების გარდა ჟურნალისტებმა მიმართეს პროკურატურასაც – მათი აზრით, გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ჟურნალისტების დევნის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო.

„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქცევის წესები არსებითად ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის მიზანს ატარებს და, რეალურად, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან დასაქმებულების თვითნებური დისციპლინური დევნისა და დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფეისბუქსტატუსების გამო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ტელევიზიას უკვე ჩამოაშორა ჟურნალისტი თეონა თურმანიძე, შემდეგ კი, ჟურნალისტი და ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი – მალხაზ რეხვიაშვილი გაუშვა სამსახურიდან. მაუწყებლის ქცევის წესები 8 აპრილს შეიმუშავა გიორგი კოხრეიძემ.

სარჩელის ავტორი ამ შემთხვევაში ალტერნატიული პროფესიული კავშირია. სარჩელის ავტორი და ინტერესების დამცველი ორგანიზაცია EMC-ი მიიჩნევს, რომ კოხრეიძის მიერ დადგენილი ქცევის წესები უკანონოა.

„…მაუწყებლის თანამშრომლებს სრულად (მათ შორის, არასამუშაო დროსაც) ეზღუდებათ საკუთარი სოციალური ქსელების თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის და აქტივობის უფლება. კერძოდ, თანამშრომლებს საკუთარ სოციალურ გვერდებზე შეეზღუდათ თავისუფლად ისეთი ფოტო, ვიდეო და ჩანაწერების გავრცელებაც, რომლებიც არ ეკუთვნის მაუწყებელს (მე-2 მუხლი). ასევე, თანამშრომლებს აეკრძალათ მაუწყებლის სამუშაო და სამაუწყებლო პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება (მე-12 მუხლი), ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირება (მე-9 მუხლი). მეტიც, ბრძანება ყველა თანამშრომელს ავალდებულებს მის უშუალო ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მაუწყებლის კრიტიკას უკავშირდება (მე-5 მუხლი). ამასთან, ქცევის წესები თანამშრომლებს სთხოვს სრულ ლოიალობას (მუხლი 13) და შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომ თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უნდა აზიანებდეს მაუწყებლის რეპუტაციას (14 მუხლი),“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარჩელების განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია. მეტიც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომა არც ერთი წლის შეტანილ სარჩელზე არ გაუმართავს, როცა ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენება გაასაჩივრა. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეები რამდენიმე მოსამართლემ უნდა განიხილოს: ხათუნა ბოლქვაძემ, გოჩა ფუტკარაძემ, სალიხ შაინიძემ, ალექსანდრე გოგუაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: