ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი შემნახველი სალაროს შენობა, სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობის ახალი მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტი“, XIX საუკუნეში აშენებული, მოდერნის სტილის შენობის გადაკეთებას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა ძეგლების საბჭოს ყველა წევრის თანხმობით გაიცა.
„სოდი ინვესტმენტი“ საქართველოში საფრანგეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა და მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ასევე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს.
სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მის მიმდებარედ არსებული ნაკვეთი, სადაც მცირე ზომის სტადიონიც იყო, სააქციო საზოგადოება [სს]„სოდი ინვესტმენტმა“ შპს „კორაქსესისგან“ შეისყიდა.
- რა ელის ძეგლს
სპეციალისტების შეფასებით, ზვიად გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარე შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის [იგივე, არტ ნუვო – Art Nouveau] საუკეთესო ნიმუშია საქართველოში, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა ბათუმში და მისი იერ-სახის შეცვლა, მცირე ჩარევაც კი დაუშვებელია.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტებით, არ იცვლება ძეგლის სიმაღლე, ასევე ფასადი. „არსებული შენობების არც ერთი სიმაღლის ნიშნული არ იცვლება“, – ირწმუნება სააგენტო. თუმცა რენდერის მიხედვით, რომელიც კომპანიამ სააგენტოს წარუდგინა, ძეგლის სახურავზე შუშის მოცულობა ჩანს. აქ კარგად ჩანს, რომ კომპანია მანსარდული სართულის დამატებას გეგმავს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს როგორც ძეგლის, აგრეთვე გვერდით მდებარე ფონური ნაგებობის ფასადების პირვანდელი სახით შენარჩუნებას, მის რესტავრაციას. ასევე, სადარბაზოს ღირებული ელემენტების რესტავრაციას საარქივო მასალების მიხედვით, იცვლება მხოლოდ შენობების შიდა გეგმარება.
რაც შეეხება ახალ შენობას, რომელიც ძეგლის გვერდით უნდა აშენდეს, სააგენტომ „ბათუმელებს“ შემდეგი განუმარტა:
„თანამედროვე შენობის „რომბული მინის ბადის“ მოცულობა ჩნდება ეზოს ნაწილში და ნაწილობრივ გადადის სახურავზე, რაც ერთგვარად კრავს სახლის არქიტექტურულ ანსამბლს და შეაქვს თანამედროვე დინამიზმი. არსებული შენობების არც ერთი სიმაღლის ნიშნული არ იცვლება. რაც შეეხება ახალი მოცულობის გაბარიტებს, მისი სიმაღლე არ სცდება ძეგლის კეზის ნიშნულს“.
- რას წერს კომპანია პროექტზე
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ძველი ბანკის შენობაში განთავსდება 84-ნომრიანი სასტუმრო. „სოდი ინვესტმენტის“ ინფორმაციით, პროექტის ინტერიერზე ადრიანა ვაისმა იმუშავა. „ექსტერიერი კი ყველა წესის დაცვით რესტავრირდება.“
პროექტის შესახებ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, კომპანია ბათუმის, მათ შორის, ძველი ბათუმის ურბანულ პრობლემებს საერთოდ არ იცნობს.
„დაკვირვებიხართ ძველ ბათუმს? – აქ არსად გვხვდება რთული რელიეფური ლანდშაფტები და არქიტექტურული კონტრასტები. იშვიათია ურბანული მოულოდნელობები. თითქოს წესრიგი და ზომიერებაა აქაური ჰარმონიის მიზეზი. ეს ძველი ბანკის შენობაც ამ ჰარმონიის ისტორიული ნაწილია“, – ამას წერს კომპანია თავის ვებგვერდზე ძველ ბათუმში დაგეგმილი პროექტის შესახებ.
- ყოფილი მფლობელი
ძეგლზე დაშენებას გეგმავდა მისი წინა მესაკუთრე შპს „კორაქსესიც“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შესაბამის პროექტზე ნებართვა გასცა კიდეც. შენობის გაბარიტების გაზრდის აუცილებლობას მაშინ კომპანია აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულებებით ასაბუთებდა.
მანსარდის ამაღლებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა განათლების სამინისტრომ გააუქმა. გადაწყვეტილება ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიიღო. მას სააგენტოს საბჭოსთვის საკითხის ხელახლა განხილვა არ დაუვალებია. ხელახლა განხილვის თხოვნით სააგენტოსთვის არც კომპანია „კორაქსესს“ მიუმართავს.
აჭარის განათლების ყოფილ მინისტრს, ინგა შამილიშვილს ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის შესაძლო საფრთხის თაობაზე საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით და სთხოვა, გადაერჩინა ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.
ამ ყველაფრის პარალელურად, 2019 წელს, კომპანიამ აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩაზე # 20ა-ში არსებულ 485 კვ.მეტრზე სკვერის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა აღებული. ცვლილების მიხედვით, რაზეც მთავრობას უარი არ უთქვამს, კომპანია სკვერს გაცილებით ნაკლებ – მხოლოდ 100-120 კვ/მეტრზე მოაწყობს.
ამ დათმობის სანაცვლოდ ინვესტორმა აიღო კიდევ ერთი სკვერის მოწყობის ვალდებულება იქ, სადაც მთავრობა მიუთითებს. რენდერის მიხედვით, რაც სააგენტომ შეითანხმა, გაურკვეველია, სად აპირებს „სოდი ინვესტმენტი“ სკვერის მოწყობას, რადგან ახალი პროექტის რენდერის მიხედვით, ადგილზე არსებულ ტერიტორიას ფაქტობრივად მთლიანად ითვისებს. ნაკვეთი ჯამში 1680 კვ/მეტრია.
- მთავრობის გადაწყვეტილება
მართალია, ძეგლი მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ გაასხვისა, თუმცა აჭარის მოქმედმა მთავრობამ, ბათუმის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად იზრუნეს იმაზე, რომ კომპანიას აქ არ დაჰკლებოდა ერთი კვ/მეტრიც კი, რომელიც პროექტისთვის გამოადგებოდა.
2017 წელს ბათუმის საკრებულომ მერიას გადასცა 36 კვ.მეტრი ზ.გამსახურდიას #12-ში, შემდგომში მისი ჯერ მთავრობისთვის, შემდეგ კი შპს „კორაქსისთვის“ უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. თუმცა კომპანიამ ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა.
ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე 847 კვ.მ შენობა-ნაგებობა და კოსტავას 20ა-ში მდებარე 268 კვ.მეტრი სპორტული მოედანი შპს „კორაქსესს“ 2010 წლის 24 თებერვალს გადაეცა. ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ სამი თვის ვადაში დაასრულებდა ძეგლის ფასადის რესტავრაციას, 5 წლის ვადაში ექსპლუატაციაში შეიყვანდა მცირე სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსს, რომლის იერ-სახეც თანხვედრაში უნდა ყოფილიყო ძველ ბათუმში იმ დროისთვის დადგენილ არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებთან. გადაცემულ სპორტულ მოედანზე კი შპს „კორაქსესს“ უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი დანიშნულების სკვერი.
ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 24 თებერვალი. კომპანიამ მხოლოდ ძეგლის ფასადის რესტავრაცია დაასრულა, ხოლო კოსტავას 20ა-ში სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა.
შპს „კორაქსესი“ 2009 წლის 11 ნოემბერსაა რეგისტრირებული და მისი დირექტორი, ისევე როგორც 100%-იანი წილის მფლობელი, კონსტანტინე მხეიძეა. რაც შეეხება ახალ მფლობელს – შპს „სოდი ინვესტმენტი“ საქართველოში 2017 წელს საფრანგეთში დარეგისტრირებულმა სააქციო საზოგადოებამ GUIBOR-მა დააფუძნა. კომპანიას მისი დაფუძნების დღიდან ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს.
- რა ფასად გაყიდა „კორაქსესმა“ სიმბოლურ ფასად გასხვისებული სახელმწიფო ქონება
2018 წელს შპს „კორაქსესის“ მონაცემებში საჯარო რეესტრმა ასახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კომპანიის 100 პროცენტი დააგირავეს. როგორც რეესტრის მონაცემებში ჩანს, კომპანიამ კრედიტორისგან, შპს „სოდისგან“ პროცენტიანი სესხი, 400 000 აშშ დოლარი მიიღო. ამავე წელს კომპანიის წესდების მონაცემებში აისახა ისიც, რომ „სოდს“ სამომავლოდ პროექტის შესყიდვა სურდა.
სს „სოდის“ მხრიდან ხელშეკრულებას ხელი დირექტორმა, ირაკლი ალასანიამ მოაწერა. კორაქსესმა აიღო გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის, მას სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც უნდა შეესრულებინა. 2019 წელს კომპანიამ გადავადება ითხოვა, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე, კრედიტორისგან, წესდებაში ისევ შევიდა ცვლილება, სადაც ჩაიწერა, რომ თუ „კორაქსესი“ პირობას ვერ შეასრულებდა, ვერ მიიღებდა საჭირო ნებართვებს, კრედიტორი ქონებას გამოისყიდდა, ხოლო „კორაქსესს“ 400 000 დოლარის უკან დაბრუნება არ მოუწევდა.
რამდენიმე გადავადების შემდეგ, საბოლოოდ ქონება „სოდი ინვესტმენტმა“ გადაიფორმა.
შენიშვნა: თავდაპირველად სათაურში ეწერა „დაშენებას გეგმავენ“, რაც დაზუსტდა. სააგენტო განმარტავს, რომ სახურავში მოეწყობა ე.წ. ზენიტური ღიობები და შენობის სიმაღლე არ იზრდება.