მთავარი,სიახლეები

მღვდლობა შეუჩერეს სასულიერო პირს, რომელმაც ალტ-ინფოს პარტიის ოფისი აკურთხა

13.04.2022
მღვდლობა შეუჩერეს სასულიერო პირს, რომელმაც ალტ-ინფოს პარტიის ოფისი აკურთხა

მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც გუშინ, 12 აპრილს, ოზურგეთში პრორუსული პარტიის ოფისი აკურთხა, მღვდლობა შეუჩერდა.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა შემოქმედის ეპარქიის პრესმდივანმა მამა ბასილ გოგოტიშვილმა.

„ვადასტურებ, რომ დროებით შეუჩერდა მღვდლობა. რამდენიმე დღეში გაიმართება შემოქმედის ეპარქიის კრება და საბოლოო გადაწყვეტილება ამ კრებაზე იქნება მიღებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამა ბასილ გოგოტიშვილმა.

გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა რომ ოზურგეთში მცხოვრებმა ცისანა ხუჭუამ პრორუსული ორგანიზაცია „ალტ ინფოს“ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ სახლი საოფისედ მიაქირავა. პრორუსული პარტიის  ოფისის გახსნა სოფელ მაკვანეთის მღვდელმა ვახტანგ თოხაძემ აკურთხა. ოფისის კურთხევის შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რუსეთთან კავშირი აუცილებელია“.

ოფისის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ოზურგეთში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქტივისტებმა  პრორუსული პარტიის მიერ ოფისის კიდევ ერთხელ გახსნა გააპროტესტეს. მანამდე „ალტ-ინფოს“ მცდელობა ოზურგეთში ოფისი გაეხსნა, წარუმატებლად დამთავრდა.

“ალტ ინფოს” წინააღმდეგ ოზურგეთში პროტესტი გრძელდება დღესაც. ილია თაყაიშვილმა, იმ სახლის მეპატრონის შვილიშვილმა, სადაც „ალტ-ინფომ“ ოფისი გახსნა, სახლის კედლიდან პრორუსული პარტიის აბრა ჩამოხსნა, ხოლო სახლის ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინა.

„არანაირად არ ვემხრობი „ალტ-ინფოს“. მე ვარ ამ ოჯახში გაზრდილი და თავისთავად ვერ ავიტან რუსულ პროპაგანდას. რუსეთის სისასტიკეს არ ვემხრობი არანაირად. სანამ აქ ვიქნები „ალტ-ინფო“ ვერ გადმოფენს თავის ბანერებს და ვერაფერს. ასე რომ ვთქვათ, შეძლეს და გააცურეს ჩემი ასაკოვანი ბებია, რომელსაც ცოტა ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მე არ ვუჭერ მხარს რუსეთს, რუსეთის სისასტიკეს არ ვემხრობი და უკრაინა რა თქმა უნდა გაიმარჯვებს,“ – უთხრა ჟურნალისტებს ილია თაყაიშვილმა. მის კომენტარს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: