მთავარი,სიახლეები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი

22.02.2022
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება 2022 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირველი მარტიდან შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში“.

ასეთ სიას შემოსავლების სამსახური აწარმოებს. ახალი წესის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა:

[checklist]

  • თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე
  • პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად

[/checklist]

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა 5 წლის ვადით.

დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

 

 

2022 წლის პირველი მარტიდან, კანონით „აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება“.

2022 წლის პირველი მარტიდან აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ ასევე: საჯარო მოხელეებს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს. თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.

ამ თემაზე ვრცლად:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: