სიახლეები

75 წლის მამა წაიყვანეს, სვეტლანას სანაცვლოდ დავაბრუნებთო – რუსების ბრძოლა ჟურნალისტებთან

13.04.2022 • 1498
75 წლის მამა წაიყვანეს, სვეტლანას სანაცვლოდ დავაბრუნებთო – რუსების ბრძოლა ჟურნალისტებთან

„ბათუმელები“ გთავაზობთ უკრაინელი ჟურნალისტის, კატერინა სერგაცკოვას წერილს, რომელიც The Guardian-ში გამოქვეყნდა. კატერინა Zaborona Meida-ს მთავარი რედაქტორი და „2402 ფონდის“ თანადამფუძნებელია. ის აშუქებდა ომს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ერაყიდან.

_______________

„23 მარტს, დილის შვიდის საათზე, „რია-მელიტოპოლის“ მთავარმა რედაქტორმა, სვეტლანა ზალიზეცკაიამ შეიტყო, რომ მის სახლთან შეიარაღებული კაცები მივიდნენ. თვითონ ქალაქში არ იყო, მაგრამ მეზობლებმა უთხრეს, რომ დაინახეს, როგორ წაიყვანეს მისი მშობლები.

მარტის დასაწყისიდან, მელიტოპოლი ოკუპირებულია. რუსმა სამხედროებმა ქალაქის მერი, ივან ფიოდოროვი გაიტაცეს და რუსეთთან თანამშრომლობა მოსთხოვეს. მან უარი თქვა.

რუსებმა ჟურნალისტებზე ზეწოლაც დაიწყეს: ცდილობდნენ ხალხი დაერწმუნებინათ, რომ რუსეთის ჯარი „ქალაქის ნაცისტებისგან გასათავისუფლებლად მოვიდა“.

სვეტლანა ზალიზეცკაიამ ისიც შეიტყო, რომ რუსებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, დედამისისგან ფული წაიღეს, 75 წლის მამა წაიყვანეს და თქვეს, რომ მას სვეტლანას სანაცვლოდ დააბრუნებდნენ. ჟურნალისტს უკრაინული ნომრიდანაც დაურეკეს და რუსულად უთხრეს, რომ მელიტოპოლში უნდა ჩასულიყო და ქალაქის უმსხვილეს მედიაში „საზიზღრობების წერა“ შეეწყვიტა. ტელეფონში შორიდან ესმოდა მამის ხმა, მანტრასავით იმეორებდა, – „არ მცემენ“.

„მითხრეს, რომ ჩემი საქმიანობით, რუსი ჯარისკაცების სისხლში ვისვრიდი ხელებს“, – იხსენებს სვეტლანა, – „ვუპასუხე, რომ სწორედ რუსები მოვიდნენ ჩვენს მიწაზე და ტყვედ ჰყავდათ მამაჩემი“.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფუძველი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია იყო“. რუსი პროპაგანდისტები ცრუობენ, თითქოს უკრაინას „ნეონაცისტები და ნარკოდამოკიდებულები მართავენ“. მთელი რუსეთის პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, როგორმე „ახსნან“ რატომ ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს და რატომ კლავენ ათასობით უკრაინელს.

რუსეთის ხელისუფლებამ აუკრძალა მედიას ომი უწოდოს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებში და ოფიციალური პირების განცხადებებში ტრიალებს ფრაზა: „რუსეთი არ იწყებს ომებს – რუსეთი ომებს ასრულებს“. თითქოს, ვიღაც ჯორჯ ორუელის „1984-ს“ იყენებს პარალელური რეალობის შესაქმნელად, რომელშიც „ომი მშვიდობაა“. რუსეთის მიზანია, გაანადგუროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, რათა ვერავინ მოახერხოს უკრაინაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკის აღწერა.

2 აპრილს, მსოფლიომ იხილა ფოტოები რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან: ერთ დროს წყნარი ქალაქები სავსე იყო მოკლული მოქალაქეების ცხედრებით. ოფიციალური მონაცემებით, ბუჩაში აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი, რომელშიც 300 ადამიანი განისვენებს, მათ შორის ქალები, მოხუცები და ბავშვები.

კიევის ჩრდილოეთით, ვიშგოროდის რაიონში, მოკლულთა შორის იყო უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი. იგი 13 მარტს გაქრა, როცა რუსი სამხედროების იერიშის გადასაღებად წავიდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, მას ახლო მანძილიდან, ორჯერ ესროლეს. ლევინს ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი ეცვა წარწერით, „პრესა“, რასაც მისი მკვლელებიც დაინახავდნენ. მაქსს ოთხი შვილი დარჩა. ყველაზე პატარა ორი წლისაა.

ომის დასაწყისში, 24 თებერვალს, მე და ჩემმა კოლეგებმა შევქმენით „ფონდი 2402“ – საგანგებო ფონდი ჟურნალისტებისთვის. მისი სლოგანია „თავისუფლებას სჭირდება თვალები“. ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო, გვეშოვა ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები ასობით უკრაინელი ჟურნალისტისთვის – ისინი საომარ ზონაში სრულიად „შიშვლები“ იყვნენ.

ვიშოვეთ, მაგრამ ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები არ იცავს ნაღმმტყორცნებისგან, ახლოდან ნასროლი კალაშნიკოვისგან ან გატაცებისგან. ახლა მეტად ფოკუსირებული ვართ რისკების შეფასებაზე და ტაქტიკურ მედიცინაზე. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენად ფართო მასშტაბს მიიღებდა უკრაინაში ჟურნალისტებზე ნადირობა.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, შვიდიდან ცამეტამდე ჟურნალისტი დაიღუპა, ოცზე მეტი დაშავდა. ბევრი ჟურნალისტი სიცოცხლეს რისკავს რუსეთის დანაშაულები რომ ამხილოს. რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ჟურნალისტები არიან. მათ ჩაფხუტებსა თუ მანქანებზე დაწერილი „პრესა“ უკვე წითელი ნიშანია.

ცოტა ხნის წინ ვესაუბრე კოლეგებს „ესოშიეიტიდ პრესიდან” – ევგენი მალოლეტკას და მსტისლავ ჩერნოვს. ერთმანეთს რვა წელიწადზე მეტია ვიცნობთ, იმ დროიდან, როცა დონბასში ომის კორესპონდენტებად ვმუშაობდით. ალყაშემორტყმულ ქალაქში ისინი, ფაქტობრივად, ერთადერთი ჟურნალისტები იყვნენ. მათ გადაიღეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა საფლავები და სამშობიაროს დაბომბვა, რომლის დროსაც ფეხმძიმე ქალი დაიღუპა.

ისინი არ ელოდნენ, რომ ომის ამდენი დანაშაულის მომსწრენი გახდებოდნენ. მსტისლავმა და ევგენიმ მარიუპოლიდან გაღწევა მოახერხეს, რუსულმა ტელეარხებმა კი მათზე ნადირობა გამოაცხადეს და თქვეს, რომ მათი ფოტოები დადგმული „ნაცისტური პროპაგანდა იყო“. ქალაქიდან გამოსვლისას მათ 16 რუსული საგუშაგო გაიარეს. ამას იღბალს კი არა, სასწაულს ვუწოდებდი.

ღირს კი ფოტოებისა და ვიდეოებისთვის თავის გაწირვა? ეს დისკუსია მიდის უკრაინელ ჟურნალისტებში. ჩემი აზრით, სასწაული იქნება, თუ ჟურნალისტიკა შეძლებს და დაადასტურებს რუსეთის ომის დანაშაულებს საერთაშორისო სასამართლოებში. შეიძლება, ათწლეულების წინ ფოტოებს ომის შეჩერება და სამართლიანობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ დღეს ასე აღარაა. როდესაც რუსეთმა მარიუპოლის თეატრი დაბომბა და არანაკლებ 300 ადამიანი დაიღუპა, დასავლეთმა არ დახურა უკრაინის საჰაერო სივრცე და ბოლომდეც კი არ გამორთო რუსეთი „სვიფტის“ სისტემიდან.

ეჭვი მეპარება, რომ ბუჩასა და ირპინში გადაღებულ ფოტოებს სერიოზული მოქმედება მოჰყვება. მსოფლიო უბრალოდ უყურებს სხვების ტკივილს და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

რუსეთმა უკრაინაში ომი რვა წლის წინ დაიწყო. მაიდნის პროტესტების მონაწილეების დადანაშაულება „ფაშიზმში“ ყირიმის ანექსიის მიზეზი გახდა და დაეხმარა კრემლს დონბასის ნაწილები დაეპყრო. რუსეთს არ სჭირდება მისი დანაშაულების მოწმეები. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი – „ჰრომადსკეს“ ნასტია სტანკო და „რადიო თავისუფლების“ სტანისლავ ასეიევი დაატყვევეს და აწამეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებისთვის. ასობით ჟურნალისტი რისკავს სიცოცხლეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რა შეუძლია რუსეთს და რომ რუსეთს უკრაინელების განადგურება სურს.

2014 წელს რუსებმა ჩამოაგდეს მალაიზიური ბოინგი, რომლითაც 298 ადამიანი მგზავრობდა. რუსებმა დააპატიმრეს ათობით უკრაინის მოქალაქე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყირიმის ანექსიის წინააღმდეგნი იყვნენ. რვა წლის განმავლობაში, ჟურნალისტებმა რუსეთის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული აღწერეს, მაგრამ მსოფლიო მხოლოდ უყურებდა ამ ტკივილს და არაფერს აკეთებდა ტრაგედიის შესაჩერებლად.

ზალიზეცკაიას მამა სამი დღის შემდეგ გამოუშვეს. სანაცვლოდ, რუსებმა მოითხოვეს, რომ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელებში „რია-მელიტოპოლი“ დაგმოს. მისი ოჯახი კვლავაც ოკუპირებულ ქალაქში რჩება და წასვლის შესაძლებლობა არ აქვს, რადგანაც რუსებმა მისი მამის პასპორტი დაიტოვეს.

უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ნაწილებს რუსეთი აკონტროლებს. ოკუპაციის პირველი დღიდანვე, სამხედროები აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აკავებენ. 31 მარტს, ჟურნალისტი კონსტანტინ რიჟენკო გაქრამამამისმა, ოლექსანდრ რიჟენკომ, მედიას უთხრა, რომ რუსები მასთან მივიდნენ და მოითხოვეს ეთქვა, სადაა მისი შვილი. ამტკიცებდნენ, რომ მას [კონსტანტინს] „ხელებზე ბევრი სისხლი აქვს“ და „ნაციონალისტია“. შედარებით ადრე, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედროებმა ჟურნალისტი ირინა დუბჩენკო გაიტაცეს.

რუსეთი ცდილობს, ყველა ძალადობრივი მეთოდით გააჩუმოს ჟურნალისტები. რვა წლის განმავლობაში დაუსჯელმა ბოროტებამ გააჩინა კიდევ უფრო დიდი და რეალური ბოროტება, რომელიც მთლიანად სიმართლის იდეას ემუქრება“.

თარგმნა ნიკა ბურდულმა

ფოტოზე: კატერინა სერგაცკოვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: