განათლება,მთავარი,სიახლეები

სასამართლოს გადაწყვეტილებას საზღვაო აკადემიის არც ახალი რექტორი ასრულებს

12.04.2022 • 2050
სასამართლოს გადაწყვეტილებას საზღვაო აკადემიის არც ახალი რექტორი ასრულებს

6 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გადაწყვეტილება ყოფილმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ არ აღასრულა და, როგორც ჩანს, მის აღსრულებას არც ახალი რექტორი, მურთაზ დევაძე აპირებს.

„ბათუმელები“ აკადემიის რექტორს გუშინ, 11 აპრილს, დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაჟა ანანიძის სამსახურში აღდგენას სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

რექტორმა ამ კითხვაზე წერილობით გვიპასუხა.

„რაც შეეხება მის (ვაჟა ანანიძის) აღდგენას, იგივე ან მსგავს პოზიციაზე გადაწყვეტილების აღსრულება დღეისათვის შეუძლებელია“, – მოგვწერეს საზღვაო აკადემიის რექტორის სახელით.

ამავე წერილობით კომენტარში აკადემია აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილი აღასრულა, ისიც სანახევროდ, რომელიც ვაჟა ანანიძისთვის განაცდური ხელფასის გადახდას უკავშირდებოდა.

სასამართლომ აკადემიას დააკისრა სრული განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2020 წლის 22 ივლისიდან დღემდე და ასევე, მორალური სახელფასო კომპენსაციის სახით ანანიძეს აკადემიისგან 25 200 ლარი უნდა მიეღო.

თუმცა როგორც აკადემიიდან გვწერენ, „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ უზრუნველყო 3 თვის შრომის ანაზღაურების (თვეში 1700 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით), ჯამში 5100 ლარის გადახდა ბატონი ვაჟა ანანიძისთვის“.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას 29 ოქტომბერს მიმართა, პროკურატურამ კი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე გამოძიება 2021 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია გამოძიების შედეგი.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვაჟა ანანიძეს, მას შემდეგ, რაც ის აკადემიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, საპროტესტო აქციას აკადემიის შესასვლელთან მართავს. ის თითქმის ყოველდღე მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, რომ რეაგირება მოახდინონ ფაქტზე და დაიცვან მისი, როგორც მოქალაქის უფლება, ასევე კანონის უზენაესობა.

ვაჟა ანანიძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში დაადანაშაულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: