უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ისტორია „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა
___
ვაშინგტონი, მოსკოვი და დანარჩენი მსოფლიო მოელოდა, რომ რუსეთი რამდენიმე დღეში გაანადგურებდა უკრაინის სამხედრო ძალებს.
მაგრამ არა, ვალერი ზალუჟნის – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ხელმძღვანელობით უკრაინის არმიამ რუსულ ძალებს სისხლიანი ბრძოლა მოუწყო, დამარცხებებითა და ქაოსური უკანდახევით.
თუკი ერთ ადამიანს შეიძლება მივაწეროთ უკრაინის გასაოცარი სამხედრო წარმატებები – კიევის, დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების უმრავლესობის დაცვა თავდასხმის ფონზე, ეს არის ზალუჟნი, მრგვალსახიანი, 48 წლის გენერალი, რომელიც სამხედრო ოჯახში დაიბადა. იგი ქვეყნის უმაღლეს სამხედროდ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2021 წლის ივლისში დანიშნა. ზალუჟნი და სხვა უკრაინელი კომანდორები რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის 2014 წლიდან ემზადებოდნენ.
განსხვავებით, ვთქვათ, „შტორმინის“ ნორმან შვარცკოფისგან, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ის ჯარებს სპარსეთის ყურის პირველ ომში, ან დევიდ პეტრეუსისგან, რომელიც ხელმძღვანელობდა ერაყის ომს და მეტსახელად „მეფე დავიდს“ ეძახდნენ, ზალუჟნი მეტწილად გაურბის თავის სახელგანთქმულ მეთაურად წარმოჩენას; ამ როლს იგი უთმობს ზელენსკის, ყოფილ მსახიობსა და კომიკოსს, რომელმაც დაიპყრო საზოგადოება.
ბევრ რამეში ზალუჟნი განასახიერებს უკრაინელი ოფიცრების ახალ თაობას, რომელმაც ძირითადი საბრძოლო გამოცდილება დონბასის რვაწლიან ომში მიიღო. ხოლო როდესაც არ იბრძოდნენ, ევროპაში საწვრთნელ ზონებში იყვნენ, სადაც ნატოს ძალებთან ერთად ვარჯიშობდნენ.
ნატოსთან ამ თანამშრომლობამ ჩამოაყალიბა პროფესიონალი ოფიცრების ჯგუფი, რომლებიც მიისწრაფიან დასავლური სტანდარტებისკენ; წვრთნები დაეხმარა მათ დეცენტრალიზებული, ძლიერი და უფრო მოქნილი საომარი მეთოდების შექმნაში, ვიდრე რუსული მოდელი, რომელიც უკრაინულ ტალახში ჩაეფლო.
„ალბათ, შემიძლია (ზალუჟნიზე) საუბარი არა მხოლოდ როგორც ერთ პიროვნებაზე, არამედ როგორც უკრაინული არმიის ახალი თაობის – უმაღლეს, საშუალო და მათ შორის, დაბალი საფეხურის ოფიცრების წარმომადგენელზე,“ – ამბობს ოლექსი მელნიკი, უკრაინის საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი, რომელიც ამჟამად კიევის რაზუმკოვის ანალიტიკური ცენტრის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამების თანადირექტორია.
2021 წლის სექტემბერში, ორი თვით ადრე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაიწყებდა ხმამაღალი გაფრთხილებებს რუსეთის მოსალოდნელი შეჭრისა და უკრაინის საზღვრებზე ჯარების განლაგების შესახებ, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, ზალუჟნიმ „რადიო თავისუფლებათან“ აღწერა თავდასხმისთვის მზადება:
„რაც თანამდებობაზე დავინიშნე, ამაზე ვსაუბრობ, რადგან ეს არის სრულმასშტაბიანი აგრესიის საფრთხე. შესაბამისად, ჩვენი, როგორც შეიარაღებული ძალების ამოცანაა, არ ველოდოთ მანანას ზეციდან. ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის – ვატარებთ წვრთნების სერიებს, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ნატოს წევრების ჩათვლით, ასევე, ნატოს პარტნიორებთან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერს, ასე ვთქვათ, ნაკლებად სურდეს მსგავსი სცენარის განხორციელება“.
იანვარში ზალუჟნი ესაუბრა ნატოს სამხედრო კომიტეტს, ალიანსის სამხედრო ოფიცრების უმაღლეს ნაწილს და უთხრა, რომ უკრაინის სამხედროები მზად არიან.
„მოკავშირეებს შევახსენე, რომ ჩვენი ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს“, – უთხრა მან საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმს“ შეხვედრის შემდეგ.
მსოფლიოს საშინელების ძირითადი ნაწილი, „სრულმასშტაბიანი აგრესიის“ სცენარი, რეალობა 24 თებერვალს გახდა, როცა რუსული ტანკები კიევისკენ დაიძრნენ და უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამიზნეზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს. მაგრამ მზადება უფრო ფართო ბრძოლისთვის მას შემდეგ მიმდინარეობდა, რაც 2014 წელს რუსეთის ჯარები ყირიმში შეიჭრნენ, ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინეს და დონბასი მუდმივ საბრძოლო ზონად აქციეს.
მომდევნო წლებში აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, პოლონეთმა, ლიტვამ და ნატოს სხვა მოკავშირეებმა გახსნეს სასწავლო ცენტრები დასავლეთ უკრაინაში, მათ შორის, სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის.
ამ წვრთნებმა, დონბასში რუსების და მათი სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მიღებულმა გამოცდილებამ, საშუალება მისცა მცირე ქვედანაყოფების მეთაურებს თავად დაფიქრებულიყვნენ. ამან შემოატრიალა ძველი, საბჭოთა ზემოდან-ქვემოთ ლიდერობის მოდელი. სწორედ მსგავსმა მოდელმა გამოიწვია რუსული ქვედანაყოფების პარალიზება და აიძულა [რუსი] ტოპგენერლები ბრძოლის წინა ხაზზე გასულიყვნენ, სადაც რამდენიმე მათგანი უკრაინულმა ძალებმა მოკლეს.
„უკრაინელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ მოქნილობა“, განუცხადა POLITICO-ს აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც, ისევე როგორც სხვა ამჟამინდელმა და ყოფილმა ამერიკელმა სამხედროებმა, ომის მიმდინარეობისა და უკრაინის შესაძლებლობების შეფასებების განსახილველად ანონიმურობის დაცვა ითხოვა. 2014 წლიდან უკრაინელებს „უკეთესად შეუძლიათ ადაპტირება და საკუთარი ინიციატივით რეაგირება ისე, როგორც ადრე არ შეეძლოთ“, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მოქნილობა აქამდეც ცვლიდა თამაშს რუსული თავდასხმის წინააღმდეგ, რომელმაც გამოიყვანა „უფრო დიდი, უფრო უნარიანი ძალა – რომელიც მთლიანად მის ხისტ გეგმაზეა (დამოკიდებული)“.
- სამხედრო
ზალუჟნი სამხედრო ბავშვი იყო. დაიბადა 1973 წლის ივლისში. ამ დროისთვის მამამისი ჩრდილოეთ უკრაინაში, კიევიდან დასავლეთით, დაახლოებით 150 მილის დაშორებით, ქალაქი ჟიტომირის რეგიონში, ნოვოგრად-ვოლინსკიში, გარნიზონში იყო გამწესებული.
ზალუჟნი სწავლობდა ოდესის სამხედრო აკადემიის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტსა და კიევში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც სწავლა 2007 წელს დაასრულა. ამას მოჰყვა თანამდებობების სერია, მათ შორის, მექანიზებული ბრიგადის კომანდორობა. შემდეგ იგი აკადემიას დაუბრუნდა მეტი წვრთნისთვის. აკადემია 2014 წელს დაამთავრა, მაიდნის რევოლუციიდან და ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევიდან რამდენიმე თვეში, როდესაც დონბასში ომი ძლიერდებოდა.
ზალუჟნი აღმოსავლეთში, აქტიურ ბრძოლაში საბრძოლო დანაყოფების სამართავად გაგზავნეს. იგი იმ ბრიგადას ხელმძღვანელობდა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში დებალცევოში იყო განლაგებული. აქ წარიმართა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლები და უკრაინულ ძალებს სწორედ აქ ჰქონდათ მძიმე დანაკარგები. დებალცევოში შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილების გადაუდებელმა აუცილებლობამ ზეწოლა მოახდინა იმდროინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე, რათა ხელი მოეწერა მინსკი 2-ის სამშვიდობო შეთანხმებაზე პირობებით, რომლებიც არასახელსაყრელი აღმოჩნდა.
2019 წელს ზალუჟნი დაინიშნა უკრაინის ჩრდილოეთ ოპერატიული სარდლობის კომანდორად, რომელიც განლაგებული იყო ბელორუსის საზღვართან, მისი დედის მშობლიურ ქალაქ ჩერნიგოვში. აქ მას ბავშვობაში დიდი დრო ჰქონდა გატარებული.
სამხედრო საინფორმაციო საიტ ArmyInform-თან 2020 წლის თებერვლის ინტერვიუში ზალუჟნიმ აღწერა, თუ როგორ „ოცნებობდა“ ბავშვობაში გამხდარიყო ჯარისკაცი და არასოდეს მოელოდა, რომ უმაღლესი მეთაური გახდებოდა.
„ჩემი დაწინაურება ჩვეულებრივი ჯარისკაცივით ხდებოდა. დამნიშნეს – შევუდექი მოვალეობის შესრულებას. სხვა შემომთავაზეს – გადავედი“, – თქვა მან. – „არასდროს მეგონა, რომ ერთ დღეს გავხდებოდი გენერალი და მივაღწევდი მაღალ წოდებას“.
ზალუჟნის დაწინაურება უმაღლეს თანამდებობაზე ასევე იყო გენერალურ შტაბში რესტრუქტურიზაციის მცდელობისთვის გადამწყვეტი მომენტი – ხელმძღვანელებს შორის საოპერაციო მოვალეობებისა და დაგეგმარების პასუხისმგებლობების განაწილება. ამან მოიტანა უფრო ფართო მოდერნიზაციის კამპანია: უკრაინელმა სამხედროებმა მოახდინეს ახალი, უფრო კრეატიული – რეალური და არა თეორიული მტრის წინააღმდეგ საბრძოლო გამოცდილებაზე დაფუძნებული საბრძოლო ტექნიკის ადაპტირება.
„ჩვენ გვსურს, თავი დავანებოთ რუკებს – ასე ვთქვათ, 1943 წლის საბრძოლო ბრძანებების წერას,“ – თქვა ზალუჟნიმ ArmyInform-თან ინტერვიუში.
მთელი ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ზალუჟნი ახლა ებრძვის მტერს, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით უფრო ჰგავს 1943 წლის [არმიას], ვიდრე 2022 წლისას.
ტანკები და ჯავშანტექნიკა ერთმანეთს ესვრის მინდვრებსა და პატარა სოფლებში, რაც გვაგონებს მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მახინჯ ბრძოლებს. მაგრამ ფრონტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დრონების გამოყენება ლოჯისტიკური კოლონების გასანადგურებლად ან უკრაინული არტილერიის ელემენტების შესაცვლელად, ასევე გვთავაზობს ხედვას ბრძოლის ხერხზე, რომელზეც ანალიტიკოსები წლების განმავლობაში საუბრობდნენ, მაგრამ მხოლოდ ახლა გამოიყენება უკრაინაში.
აშშ-ის სპეცრაზმის ყოფილმა ოფიცერმა, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებს აკვირდებოდა, თქვა, რომ 2020 წლისთვის უკრაინელი კომანდოსები „ისე გამოიყურებოდნენ, ისეთი სუნი და გემო ჰქონდათ, როგორც დასავლურ სპეციალურ საბრძოლო ძალებს“.
გასული 8 წლის განმავლობაში დონბასში მძვინვარე, ყოველდღიური საბრძოლო გამოცდილება ნიშნავს, რომ ბრძოლასთან ყველაზე ახლოს მყოფმა ჯარებმა პირადად დაინახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ინიციატივა მცირე დანაყოფების ბრძოლაში.
ამ ბრძოლამ და ნატოს პრაქტიკულმა წვრთნებმა დასავლეთ უკრაინაში წარმოშვა მცირე ქვედანაყოფებში ლიდერებისა და უნტეროფიცრების ახალი თაობა, რომლებსაც დამოუკიდებლად აზროვნება და მოქმედება შეუძლიათ. ცვლილებები არ ყოფილა მყისიერი, მაგრამ რეგულარული შეტაკებების შედეგად რთული გზით მიღებულმა ცოდნამ დააჩქარა „კულტურული ცვლილებები ბატალიონის დონეზე: მთელმა თაობამ გაიგო, თუ როგორ უნდა ეხელმძღვანელათ და, ვფიქრობ, გენერლები მიხვდნენ, რომ ეს მუშაობდა“, – თქვა აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ლიამ კოლინზმა.
- თანამედროვე გენერალი
ზალუჟნიმ თქვა, რომ უკრაინის ჯარი სავსეა ახალგაზრდა, პროფესიონალი ჯარისკაცებით და მომავალი ლიდერებით. „ეს სრულიად განსხვავებული ხალხია – არა ისეთი, როგორიც ჩვენ ვიყავით ლეიტენანტობისას. ესენი არიან ახალი ყლორტები, რომლებიც მთლიანად შეცვლიან ჯარს ხუთ წელიწადში. თითქმის ყველამ კარგად იცის უცხო ენა, კარგად მუშაობენ გაჯეტებთან, კარგი განათლება აქვთ,“ – განუცხადა მან ArmyInform-ს. – „ახალი სერჟანტები არ არიან განტევების ვაცები, როგორც, მაგალითად, რუსეთის ჯარში. ისინი არიან ნამდვილი დამხმარეები, რომლებიც მალე ოფიცრებს ჩაანაცვლებენ“.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს მოძრაობა და უკან დასახევი გზა არ გვაქვს“, – დასძინა მან. – „2013 წლის ჯარში დაბრუნების უფლებას საზოგადოებაც კი არ მოგვცემს“.
უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ომში გამოყენებულმა „დარტყმის და გაქცევის“ ტაქტიკამ განსაცვიფრებელი გავლენა იქონია – ძალიან რეალურად შეაფერხა რუსული სამხედრო მანქანა.
120 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებიდან, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს შეიყვანა, 40-მა უკან დაიხია ბელარუსიაში შესაკეთებლად, მათ შორის, ვინც ხელმძღვანელობდა კიევსა და ჩერნიგოვზე თავდასხმას.
მათგან 29-ს ამჟამად ბრძოლა აღარ შეუძლია, დასავლეთის მიერ მოწოდებული ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღით აღჭურვილი უკრაინელების მცირე ჯგუფებისგან მიყენებული მასიური დანაკარგების გამო. ამ დანაყოფების ზოგიერთი ნაწილის განახლებას და აღმოსავლეთ უკრაინაში განლაგებისთვის მზადყოფნას შეიძლება 4 კვირა დასჭირდეს, დაუდასტურა POLITICO-ს დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.
ნატოს ქვეყნების მიერ მოწოდებული ათასობით ჯაველინი, სტინგერი, პანცერფაუსტი, სხვა ჯავშანტექნიკა და საჰაერო რაკეტა გახდა სოციალურ მედიაში მიმების და მუსიკალური ვიდეოების ძირითადი წყარო. მაგრამ ბრძოლის ველზე დიდი გავლენა, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედროებში კულტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია.
ნატოს წვრთნები იყო საკვანძო ელემენტი „სოვოკის“ აზროვნების ყოველგვარი კვალის აღმოსაფხვრელად – საბჭოთა მენტალიტეტი, რომელმაც დატოვა კორუფციისა და თვითკმაყოფილების მემკვიდრეობა და რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა.
„მათი ქვეითების, არტილერიის, ინოვაციური უნარების, დრონების გამოყენებისა და მათი სინქრონიზების შესაძლებლობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო,“ – ამბობს ყოფილი ამერიკელი ოფიცერი, რომელსაც უკრაინაში სამხედრო რჩევებისთვის მრავალჯერ უმოგზაურია. მან საწვრთნელ მისიაზე სასაუბროდ თავისი ვინაობის ანონიმურად დატოვება ითხოვა. – „მათი სპეციალური ძალები და საჰაერო-სადესანტო ძალები შესანიშნავია. პირველი ვიზიტისას ჩემმა ნაწილმა მაფიქრებინა, რომ ისინი უფრო საბჭოელები იყვნენ, ვიდრე თუნდაც რუსული არმია, მაგრამ დროთა განმავლობაში შეგვეძლო დაგვენახა ცვლილებები“.
მელნიკმა, საჰაერო ძალების ოფიცერმა, რომელიც ანალიტიკოსი გახდა, თქვა, რომ ბრძოლის ველზე წარმატებები, მათ შორის, კიევის ჩრდილოეთ გარეუბნებში, სამხედრო მოდერნიზაციის პირდაპირი შედეგია:
„ნატოს ტაქტიკური წვრთნები მორგებული იყო უკრაინის რეალობას, სწორედ ამიტომაც გამოიღო შთამბეჭდავი შედეგი. ჩვენ ვნახეთ, რუსებს გადაჰყავდათ ეს უზარმაზარი კოლონები… ეს მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკას ჰგავს. ამის ნაცვლად, უკრაინელებმა გამოიყენეს რელიეფის ცოდნის უპირატესობა. მათ (უკრაინელებს) ჰყავთ მობილური დანაყოფები და უტევენ და ურტყამენ.“
- ზოლები და არა ვარსკვლავები
ზალუჟნის მთავარსარდლად დანიშვნა უკრაინის სამხედრო ძალების უფრო დიდი გარდაქმნის ნაწილი იყო. ზელენსკიმ ის უმაღლეს თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაასახელა. ეს მოხდა თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ და დაემთხვა სამხედრო სარდლობის რესტრუქტურიზაციას, პოლიტიკური პოზიციებისგან განცალკევების მიზნით.
„პრეზიდენტს სურს დაინახოს სინერგია თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის“, – თქვა მაშინ ზელენსკის პრესმდივანმა. – „სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ სინერგიას. ჩვენ ვხედავთ კონფლიქტებს“.
ზალუჟნიმ მოგვიანებით შეაჯამა თავისი როლი ლაკონური სიტყვებით. „ახლა, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მე ვარ პასუხისმგებელი საბრძოლო მზადყოფნაზე, წვრთნასა და შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე“, – განუცხადა მან რადიო „თავისუფლებას“ სექტემბერში.
რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ ზალუჟნიმ თავი აარიდა ინტერვიუებს და შედარებით ცოტა საჯარო გამოსვლით შემოიფარგლება – ფეისბუქგვერდზე ზოგჯერ საჯარო განცხადებებს ავრცელებს.
ზოგიერთი პოსტი არის მოკლე ოპერატიული განახლება რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდების ან რუსული სატანკო კოლონის განადგურების შესახებ. სხვები, უბრალოდ, სწრაფი მესიჯებია, მაგალითად, სამხედრო ექიმებისთვის მადლობის გადახდა ან ინსპირაციის გაგზავნა ჯარებისა და უკრაინული საზოგადოებისთვის.
22 მარტი: „უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროპის ფარია”.
27 მარტი: „თავისუფლების ფასი მაღალია. დაიმახსოვრე ეს!“
2 აპრილი: „უკრაინელებს დაავიწყდათ შიში. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“.
მაგრამ არის გრძელი პოსტებიც, მათ შორის, აშშ-ის გაერთიანებული მეთაურების თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილისთან (რომელთანაც ის რეგულარულ კონტაქტშია), მისი სატელეფონო საუბრის მოხსენება.
წლების განმავლობაში ზალუჟნი არ მალავდა თავის სწრაფვას სამხედროებისთვის მეტი დაფინანსებისა და სხვა მხარდაჭერისთვის. მაგრამ ომის დროს მისი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური ლიდერებისგან იყო, რომ ჯარისკაცებისთვის საქმის კეთების საშუალება მიეცათ – და არ გაეჩინათ საზოგადოებაში ეჭვი ომის მიმდინარეობის შესახებ.
„მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, რომლებიც უკანა ქალაქებში საუბრობენ „ღალატზე“ და აკეთებენ „შეფასებებს“ ოპერატიულ გარემოზე“, – წერს ზალუჟნი. – „თქვენი უპასუხისმგებლო განცხადებებით, მაგალითად, „მოწინააღმდეგემ რაღაც უპრობლემოდ წაიღო“ ან ვიღაც „ქვეყნის დათმობისთვის ემზადება“, შეურაცხყოფას აყენებთ ჩვენს ჯარისკაცებს“, – თქვა მან და უკრაინაზე მომკითხავე პოლიტიკოსები შეურაცხყო.
მისი თქმით, უკრაინის ჯარებმა შეაჩერეს მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი არმია. „მოწინააღმდეგე ყველა მიმართულებით გავაჩერეთ“, – წერს ის. – „ჩვენ მათ მივაყენეთ ზარალი, რომელიც არასოდეს უნახავთ და ვერ წარმოედგინათ. ამის შესახებ ყველა უკრაინელმა იცის. მსოფლიომ იცის ამის შესახებ“.
მთავარსარდალი ცდილობს, თავი აარიდოს სახელგანთქმული ვარსკვლავის სტატუსს, მაგრამ რუსი დამპყრობლების უკანდახევის კუთხით წარმატებები გარდაუვალს ხდის, რომ ის უკრაინის სამხედრო სამყაროში შევა, როგორც ისტორიული ფიგურა. ბოლო პატრიოტულ ვიდეოში მისი მეტსახელის იდეაც გამოჩნდა და უკრაინულად ერითმება გენერლის სახელსა და გვარს: „Залізний Незламний Залужний“ – „გაუტეხავი რკინის ზალუჟნი“.
______
თარგმანი: ირმა დიმიტრაძე