მთავარი,სიახლეები

გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ, ეს ჩვენი მიწაა – სად პოულობენ უკრაინელები ძალას ბრძოლისთვის

11.04.2022 • 5375
გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ, ეს ჩვენი მიწაა – სად პოულობენ უკრაინელები ძალას ბრძოლისთვის

ავტორი: თამარ რუხაძე

ოკუპირებულ ხერსონში მყოფი ჟურნალისტი, 27 წლის კონსტანტინ რიჟენკო, 30 მარტს გაუჩინარდა. რამდენიმე დღე მისი ადგილსამყოფლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მისმა ოჯახმა, მეგობრებმა და ახლობლებმა იცოდნენ მხოლოდ ის, რომ „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარ რედაქტორს რუსი სამხედროები მთელ ქალაქში ეძებდნენ. კონსტანტინი, სოციალურ ქსელებში, რამდენიმე დღის შემდეგ, 4 აპრილს გამოჩნდა, თუმცა დღემდე სახლში ვერ ბრუნდება და ქალაქში გასვლასაც ერიდება.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში კონსტანტინ რიჟენკო გაუჩინარების მიზეზებს იხსენებს და გვიყვება, როგორია იყო ჟურნალისტი ოკუპირებულ რეგიონში, როდესაც სიმართლის თქმა არამხოლოდ შენთვის, არამედ შენი ოჯახისა და ახლობლებისთვისაც პირდაპირი საფრთხეა.

  • პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ასეთ ვითარებაში ახერხებთ ჩვენთან ლაპარაკს. თქვენ 30 მარტს გაუჩინარდით, როდესაც დააკავეს თქვენი ძმა, ეძებდნენ მამას, ნადირობდნენ თქვენზე. რა მოხდა მაშინ?

ყველაფრის მოყოლა დღესაც არ შემიძლია, ჯერ კიდევ უსაფრთხოდ არ ვარ. თანაც, არიან ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ და ვეცდები, ისე მოგიყვეთ, რომ დეტალები არ გავთქვა.

რაც ომი დაიწყო, მას შემდეგ ვაშუქებ, რა ხდება რეგიონში, ქალაქში; ვამოწმებ ინფორმაციას, ვაბათილებ ყალბ ამბებს და მოხალისეობრივ საქმიანობასაც ვეწევი. რაღაც დრომდე, რუსებს არ აღელვებდათ, რა ხდებოდა საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ ოკუპაციიდან ერთ კვირაში რუსმა სამხედროები იმ ადგილებში გამოჩნდნენ, სადაც ოდესღაც ვცხოვრობდი, ახლობლები მყავდა. დადიოდნენ ჩემი ფოტორობოტით, მეძებდნენ, კითხულობდნენ, სად შეიძლებოდა ჩემი პოვნა. იმ დღემდე ასე იყო.

როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა, სადაც ვცხოვრობ და იმ დილით (იგულისხმება გაუჩინარების დღე), ერთდროულად ყველა ნათესავმა მომწერა. ძალიან უჩვეულო შეტყობინებები იყო. მაგალითად, ძმა მწერდა, რომ მამა ცუდადაა და წამლები სჭირდება სასწრაფოდ. მე ხომ ვიცნობ მას, ის ასე, დეტალების გარეშე, არასდროს მომწერდა. კიდევ ერთი ნათესავი, ცოლის მხრიდან, მწერდა, რომ რუსი სამხედროები იყვნენ, მეძებდნენ და სასწრაფოდ უნდა მოსულიყო ჩემთან რაღაცის სათქმელად. კიდევ ერთმა შემატყობინა, რომ ჩემი ნათესავი ქალი ჩემი ბინისკენ წამოვიდა.

მივიდნენ ჩემებთან, უთხრეს, რომ მეძებდნენ, მერე ვითომ წავიდნენ იქიდან, მიიმალნენ, მაგრამ სინამდვილეში შორიდან დაიწყეს თვალთვალი, ვინმე თუ წამოვიდოდა ჩემკენ.

კავშირი მაქვს კოლეგებთან რუსული მედიიდან, ისიც კარგად ვიცი, რას ნიშნავდა ეს, რატომ ჩაატარეს ასეთი პროვოკაცია. იმ ნათესავმა ხომ არ იცოდა, რომ მას უკან გაჰყვებოდნენ. საჩქაროდ ყველაზე აუცილებელი ნივთები ავიღე და სახლიდან გავიქეცი. ყველანაირი ინფორმაცია, კონტაქტი, დაშიფრულ დისკზე მქონდა.

ვიფიქრე, რომ მაინც შეიძლებოდა ვერ მომესწრო გაქცევა, ავეყვანე, ამიტომ თავი დავიზღვიე და ეს კომპიუტერის მყარი დისკი გავანადგურე. ასე დავრჩი კომუნიკაციის საშუალებების გარეშე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვერავის ვუკავშირდებოდი, ვინმე ახლობელთან მისვლაც სარისკო იყო.

  •  როდესაც აღადგინეთ თქვენი პროფილები სოციალურ ქსელებში, ბევრი არ იჯერებდა, რომ ეს ნამდვილად თქვენ იყავით.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტადაც მიმუშავია, ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო წვდომა ადამიანის ექაუნთებზე თუკი მისი ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა მაქვს. ასეთ ინსტრუქტაჟს, პირიქით, იქით ვუტარებდი ხოლმე აქაურებს, ვასწავლიდი, როგორ უნდა დაეცვათ თავი, დაეცვათ ინფორმაცია და გადაემოწმებინათ ადამიანები, ვინც მათთან დაკავშირებას ცდილობდა. რუსები აქ ხშირად ართმევენ ტელეფონებს მოქალაქეებს, მაგალითად საგუშაგოზე, ან ქუჩაში შეიძლება მივიდნენ და წაართვან, ზოგს არც უბრუნებენ. ამიტომ, საჭირო იყო სცოდნოდათ მოქალაქეებს, როგორც დაეცვათ ინფორმაცია და მოწყობილობები.

რადგანაც ასეთი გამოცდილება ჰქონდათ, ამიტომაც არ დაიჯერეს, რომ მე ვიყავი და დადასტურება მომთხოვეს.

  • გამოდის, რომ იმ დღეს დანამდვილებით იცოდით, თქვენს დასაკავებლად რომ მოდიოდნენ?

ჩემამდეც იჭერდნენ აქტივისტებს, ჟურნალისტებს. მანამდე გაიტაცეს ჩემი კოლეგა ოლეგ ბატურინი ნოვა კახოვკიდან. ჩემთვის ცხადი იყო, რომ აუცილებლად მომაკითხავდნენ, რადგან მე პროუკრაინული პოზიცია მაქვს, ასეთ საქმიანობას ვეწევი, ვაჩვენებ რა ხდება აქ.

ჩემი ტელეფონი იმ დღეებში საერთოდ სხვას მივეცი, სპეციალური პროგრამა დავაყენე, რომელიც ყოველ 30 წამში ცვლის ჩემს ანგარიშებზე შესასვლელ კოდებს. განგებ გავატანე ტელეფონი, რომ თუკი მაინც დამიჭერდნენ, მე თვითონ არ მქონოდა წვდომა საკუთარ არხებზე.

  •  დაბრუნდით ახლა?

არა, ვერ დავბრუნდი. დღემდე ნაცნობებთან ვცხოვრობ. ისე მოხდა, რომ ისეთმა ხალხმა შემიფარა, ვისაც ძალიან შორიდან ვიცნობდი და დიდი ხანი ურთიერთობაც არ მქონია. ამიტომაც მგონია, რომ ჩემი მოძებნა ძალიან უნდა გაუჭირდეთ, რადგან მეც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ როდისმე აქ დავიმალებოდი. ქალაქში გასვლა ჩემთვის კვლავაც ძალიან სარისკოა. რუსებმა ცხადად თქვეს, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო მეძებენ.

ახლა ისინი ცდილობენ, აქ რეფერენდუმი ჩაატარონ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების მოთხოვნით, შექმნან ყალბი წარმოდგენა, თითქოს ხერსონის რეგიონს რუსეთთან შეერთება სურს, რაც ასე არაა და მე სულ ვწერდი ამის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ ხერსონელებს რუსული პასპორტები უნდათ, მე ვწერ, რომ ეს სიცრუეა და ეს მათ ხელს უშლის.

როდესაც მიდიოდნენ ჩემებთან, ღიად ამბობდნენ, რომ მეძებენ, რადგან მე ვწერ მათზე. უთხრეს ისიც, რომ ჩემზე ბევრი ადამიანის სისხლია, რადგან მოვუწოდებდი ადამიანებს, საკუთარი სამშობლო დაეცვათ. გაუგებარია არა? მე უკრაინის მოქალაქე ვარ. ჩვენთან შემოიჭრნენ. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი. მერე მოდიან და მეუბნებიან, რომ ეს თურმე დანაშაულია. ასეთი ლოგიკა აქვთ.

  •  როგორ ახერხებთ მუშაობას ომში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

ახლა შედარებით ნაკლებად ვეწევი ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემს ნათესავებს, რომლებიც ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებენ, ემუქრებიან, რომ თუ მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, მათ ისევ მიაკითხავენ. ამიტომაც, შედარებით ქალაქურ ამბებს ვწერ, მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწევი.

როდესაც ომი დაიწყო, ბრძოლები მიდიოდა, ეს საშინელება იყო, მაგრამ როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საინტერესოც იყო რაღაც გაგებით. ყველა ჟურნალისტი, რომელიც თავისი საქმით ცხოვრობს, ოცნებობს ისეთ რეპორტაჟზე, რომელიც მისი ვარსკვლავური მომენტი გახდება. პირველ დღეებში, დავდიოდი შეტაკებების ადგილას, ვიღებდი ავიაიერიშებს, აფეთქებებს, ასეთი ადრენალინით ვცხოვრობდი და მეჩვენებოდა, რომ აი, გავიმარჯვებდით კიდეც და მნიშვნელოვანი მასალაც მექნებოდა. სამწუხაროდ ასე ვერ მოხდა.

როდესაც დაგვიპყრეს, პირველივე დღეს მივხვდი, რომ ღიად წერა უკვე შეუძლებელი იყო. თუმცა დამალვაც შეუძლებელი აღმოჩნდა – მე ჩემს საავტორო ბლოგზე ვწერდი, ყველამ იცოდა, რომ ეს მე ვიყავი და არა სხვა. არიან აქ ავტორები, რომლებიც ანონიმურად წერენ, რომ წაიკითხავ, მიხვდები, რომ პროუკრაინული პოზიცია აქვთ, მაგრამ არავინ იცის, ვინ არიან და სად ეძებონ.

ჩემი სიტუაცია გაცილებით რთულია.

უკვე ვცდილობ, მინიშნებებით ვწერო, ირიბად ვუთხრა ადამიანებს რაღაცები, ზოგჯერ ყველაფერს საკუთარ სახელს ვერ ვარქმევ. ეს ჩემთვის ძალიან არაკომფორტულია და ვერ ვგრძნობ თავს კარგად, რადგან უკრაინაში, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ პირდაპირ ვილაპარაკოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. როდესაც ჩინოვნიკი რამეს აშავებს, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ ის იპარავს, ის ცრუობს, ან პრეზიდენტი არაა მართალი და ასე შემდეგ.

და ახლა, ისეთი მარტივი და ცხადი რამის თქმა არ შეგიძლია, როგორიცაა ის, რომ რუსი სამხედროები ცრუობენ… კი შეგიძლია, მაგრამ იცი, რომ აუცილებლად მოგაკითხავენ რაღაც დროის მერე და შეიძლება ინანო. ეს ძალიან უჩვეულო და მძიმეა ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სიტყვის თავისუფლებას იცავს.

  • ყველა, ვინც უკრაინაში რუსეთის ომს ადევნებს თვალს, გაოცებული და აღფრთოვანებულია თქვენი, უკრაინელების, შეუპოვრობითა და სიმამაცით. და მაინც, სად და როგორ პოულობთ ამ ძალას, თუნდაც პირადად თქვენ?

ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. არამხოლოდ მე, ყველას გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მშობლიურ რეგიონში. ჩვენ ან ვიპოვით ძალებს და სულიერადაც გავიმარჯვებთ, ან მოხდება ისე, რომ რაც მათ მოიტანეს, აქვე დარჩება. გვესმის, რომ დიახ, გვტკივა, დიახ, გვეშინია, მაგრამ ჩვენ ან ავიტანთ ამას, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ, ან დავნებდებით სამუდამოდ.

  • ბუჩის მერე ალბათ პანიკა იყო ხერსონშიც, ხალხში გაჩნდა შიში, რომ მანდაც შეიძლებოდა, ისეთივე სისასტიკით გასწორებოდნენ ადამიანებს. შეიცვალა ხალხის განწყობა მას შემდეგ?

რაც ბუჩის კადრები ნახეს, შიში გაჩნდა. ბოლო კვირებში ხალხი ყველა გზით ცდილობს ქალაქის დატოვებას. ოთხ რიგად მიდის მანქანების კოლონები.

აქ უფრო კონკრეტულ ადამიანებს დასდევენ, ვინც მოქმედი ან ყოფილი სამხედროა და ხერსონში რჩება, ასევე აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, რომლებსაც პროუკრაინული პოზიცია აქვთ. ვიცით, რომ იჭერენ, აწამებენ, ზოგს უშვებენ, ზოგს არა, მაგრამ ისეთი სცენარი, როგორიც ბუჩაში იყო, ან მარიუპოლში, აქ არ ჩანს.

თუკი ბუჩა და მარიუპოლი მათთვის სამხედრო ბრძოლის ადგილებია, ხერსონი იდეოლოგიური ბრძოლის ადგილია. თუ გავაანალიზებთ მთელ რუსულ პროპაგანდას, სადაც კი რამეს ამბობენ ან წერენ ხერსონზე, დავინახავთ, რა მიზანიც აქვთ. „ხერსონი მიატოვეს“, „უკრაინის ხელისუფლებას ხერსონი აღარ აღელვებს“ – ცდილობენ, ეჭვი დათესონ ადამიანებში.

ერთადერთი რეგიონია ხერსონი, სადაც რუსეთს ჰუმანიტარული დახმარება შემოაქვს. ერთი მხრივ, ცდილობენ, უკრაინის ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობა გატეხონ, ხოლო მეორე მხრივ აჩვენონ, რომ აი, ჩვენ გვადარდებს ხერსონი, აი, ვცდილობთ გამოგკვებოთ, გადაგარჩინოთ.

ცდილობენ თავს მოგვახვიონ რუსეთი, როგორც მხსნელი, არადა რაც გვჭირს, ხომ ისევ მაგათგან გვჭირს. ხალხი მთლად ვერ იგებს ამას, მე კი ვწერ, მაგრამ ძალიან ძნელია მოერიო ამხელა პანიკას, მით უმეტეს, როცა არ გვაქვს საშუალება, მოქალაქეებს ცენტრალიზებული არხებით მივაწოდოთ ინფორმაცია.

  • რამდენად მიუწვდებათ ადამიანებს ხელი ინფორმაციაზე?

ინფორმაცია ინტერნეტში ხელმისაწვდომია, მაგრამ უკრაინულ არხების ყურება რთულია. რაღაც თავისი ტექნიკა შეაერთეს, ზოგთან რუსული არხები ჩაირთო, ზოგთან უკრაინული არხები გაჩნდა, რუსული თარგმანით. აქ ადამიანები დიდად არ უყურებენ ტელევიზიას და არც ენდობიან, მაგრამ ვხედავ, რომ ადგილობრივი არხებიდან ზოგმა უკვე დაიწყო რუსებისთვის მუშაობა. არ ვიცი იძულებით, ნებით თუ ფულით, ამას ვერ ვიტყვი ასე, მაგრამ ფაქტია, არ გვაქვს შესაძლებლობა ცენტრალიზებულად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია რაიმე ერთიან პოზიციაზე.

ყველა მედია თავისას წერს და მოქალაქეებს უჭირს ცხადი სურათის დანახვა.

  •  და როგორ ფიქრობთ, იმუშავებს ეს პროპაგანდა „მხსნელ რუსეთზე“?

არ მგონია. უკრაინის გენშტაბმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია ირიბად, რომ პროვოკატორების ყველაზე დიდი ქსელი რუსეთის დაზვერვას ხერსონში ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დროს, აქ დიდი წარმოება იყო. ასე, 40 წლის წინ, დაახლოებით 60 ათასი რუსი ჩამოიყვანეს და მოხდა ისე, რომ ხერსონში ძალიან ბევრი რუსულენოვანი მოქალაქეა. ბევრს ნათესავები ჰყავს რუსეთშიც, ყირიმშიც.

ამიტომაც იყო ისეთი აზრი, რომ ხერსონი რუსეთისკენ მიიწევს, არადა სინამდვილეში, ხერსონი, უბრალოდ შედარებით ლოიალურად უყურებდა რუსეთს, სწორედ ამ კავშირების გამო.

რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში აქ მუშაობდნენ, სიტუაციის შერყევას და რუსული განწყობების შემოტანას ცდილობდნენ, ვერ ბედავდნენ თქმას, რომ არაფერი გამოსდიოდათ. მუშაობდნენ, დარბოდნენ დროშებით, აწყობდნენ აქციებს, გაჰყვიროდნენ, რომ აქ ავიწროებენ რუსულენოვან მოსახლეობას, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა. როგორც ჩანს, ყალბ ანგარიშებს აგზავნიდნენ ზემოთ, თითქოს აქ ძლიერი პრორუსული განწყობებია, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა.

რუსი სამხედროები მოტყუებულები აღმოჩნდნენ. მოვიდნენ და აღმოაჩინეს, რომ მათ აქ არავინ ელოდა. პირიქით, მათმა აქ მოსვლამ კიდევ უფრო დააშორა ხერსონი რუსეთს. ამიტომაც არ მჯერა, რომ რამე შედეგს მიაღწევენ და როდისმე ვინმეს რუსეთთან შეერთება მართლა მოუნდება.

ახლა ცდილობენ, ხელოვნური სურათი შექმნან. მაგალითად, დღეს კახოვკაში მოაწყვეს ვითომ პრორუსული აქცია. 70 კაცი მიიყვანეს რუსეთის დროშებით, დანარჩენ კახოვკას კი, დახვრეტისა და დაკავების მუქარით, გარეთ გამოსვლა აუკრძალეს. ხალხი ფანჯრებიდან იღებდა ამ შეკრებას. ასე იმიტომ იქცევიან, რომ რამდენჯერაც დააანონსეს, რომ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის მოთხოვნით აქცია იმართება, იმდენჯერ ათასობით ადამიანმა ყველაფერი მიატოვა და ქუჩაში გამოვიდა იმის სათქმელად, რომ ხერსონი უკრაინაა.

უყურეს ამას ერთი თვის განმავლობაში, დაინახეს, რომ ადამიანების განწყობები არ იცვლება და გადაწყვიტეს, ასეთი ძალადობრივი გზით ჩაატარონ რეფერენდუმი, რომელზეც მათ აქტივისტებს შეეძლებათ გამოსვლა და მოქალაქეები კიდევ სახლებში ისხდებიან. თუ ვილაპარაკებთ ხერსონის შეერთების სავარაუდო სცენარზე, ეს ცალსახად იქნება ძალადობრივი გზა და აშკარად ყირიმის სცენარის გამეორება.

  •  ბოლოს როდესაც „ბათუმელებს“ ელაპარაკეთ, ქალაქში განსაკუთრებით გიჭირდათ მედიკამენტები. რამდენიმე დღის წინ დაწერეთ ფეისბუკში, რომ გარკვეული რაოდენობა მიიღეთ, რამდენად საკმარისია?

ისევ რთული მდგომარეობაა. საკვების პრობლემას როგორღაც ვაგვარებთ.

ხერსონი აგრარული რეგიონია, მთელ სამხრეთ უკრაინაში ბოსტნეულის ყველაზე დიდი ბაზარია. ფერმერებმა საწყობები გახსნეს და პროდუქტში არა გვიშავს, შიმშილით არ დავიხოცებით. მართალია, ჰიგიენის საშუალებები ძალიან ჭირს, მაგრამ წამლები მაინც გადაუდებლად გვჭირდება.

იმედი გვქონდა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, როგორსაც ველოდით, ამიტომაც შევქმენით სამოქალაქო მოხალისეობრივი ცენტრი, რომ როგორმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები შემოვიტანოთ.

ხერსონში გამოსაგზავნი მედიკამენტები მთელი უკრაინიდან მიკოლაევში გროვდება. როცა ვინმე მოდის, ვთხოვთ, რომ წამლებიც წამოიღონ. ასე შემოგვაქვს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ორი კვირის განმავლობაში, მხოლოდ ორი მანქანის შემოტანა მოვახერხეთ, იმ მედიკამენტების, რომელთა გარეშეც ხალხი უბრალოდ დაიხოცება. თუმცა ეს ზღვაში წვეთია და ტრანსპორტირების არხიც ძალიან არასტაბილურია.

ბევრად მეტი გვჭირდება, რადგან რეგიონს მთელი უკრაინის მასშტაბით ყველაზე მეტი ონკოდაავადებული ჰყავს. უამრავი ადამიანია ჰორმონალურ თერაპიაზე, ძალიან ბევრი კი ტუბერკულოზს ან ასთმას მკურნალობს. ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, თუმცა ეს არაფრით არ გვყოფნის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: