მთავარი,სიახლეები

გერმანიის პრეზიდენტის ნაცვლად კიევში კანცლერი შოლცი მიიწვიეს

13.04.2022 • 1208
გერმანიის პრეზიდენტის ნაცვლად კიევში კანცლერი შოლცი მიიწვიეს

უკრაინის ხელისუფლება გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად კიევში კანცლერ ოლაფ შოლცს იწვევს.

„ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი მთავრობა მოხარული იქნება, თუ კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა კიევს“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა ბერლინში ანდრეი მელნიკმა 12 აპრილს, გერმანულ ტელეარხ ProSieben-ის ეთერში.

მელნიკის თქმით, ვიზიტის მთავარი თემა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება უნდა იყოს. „ჩვენი პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ამას“, – აღნიშნა დიპლომატმა.

გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდოდა უკრაინაში, კიევში, ჩასულიყო პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან და ბალტიისპირა ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, მაგრამ ოფიციალურმა კიევმა ეს არ ისურვა.

კიევის უარის სავარაუდო მიზეზი გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის კავშირებია რუსეთთან და ის როლი, რომელიც მან შეასრულა, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინის რუსეთისა და გერმანიის დაახლოების საქმეში.

გერმანიის პრეზიდენტმა  რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო კრემლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების შესახებ, თუმცა როგორც ჩანს, კიევისთვის ეს განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: