მთავარი,სიახლეები

გაათავისუფლეს 2 კვირის წინ დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტი

13.04.2022
გაათავისუფლეს 2 კვირის წინ დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტი

ირინა დუბჩენკო, გამოცემა „უნიანის“ ჟურნალისტი, რომელიც რუსმა სამხედროებმა 26 მარტს საკუთარი სახლიდან წაიყვანეს, ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ გამოუშვეს.

ჟურნალისტი 8 აპრილს გაათავისუფლეს, თუმცა ამის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სოციალურ ქსელში მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაწერეს.

„ვიდრე დანამდვილებით არ გვეცოდინებოდა, რომ უსაფრთხოდ იყო, ვერაფერს ვიტყოდით“, – დაწერა ირინას მეგობარმა კონსტანტინ ალექსეენკომ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს ჟურნალისტის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა ზაპოროჟიის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველმა, ლევან შიშინაშვილმაც.

ირინა დუბჩენკო 26 მარტს ქალაქ როზივკაში დააკავეს. რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც მისი სახლი გაჩხრიკეს, განაცხადეს, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შესახებ „ყველაფერი იცოდნენ“ და ასევე, იცოდნენ, რომ ირინა დუბჩენკო „უკრაინელ ჯარისკაცს მალავდა“.

ჟურნალისტი თავდაპირველად დონეცკში წაიყვანეს, სეპარატისტთა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, სადაც რუსი სამხედროების თქმით, მას პასუხი უნდა ეგო უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობისთვის. ირინა დუბჩენკო მოგვიანებით დონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სტარობეშევში გადაიყვანეს, სადაც ის გათავისუფლებამდე დაკავებულ მოხალისეებთან და უკრაინელი სამხედროების ცოლებთან ერთად ჰყავდათ.

CPJ-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროები განაგრძობდნენ ჟურნალისტის დადანაშაულებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაში და მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკითხვებს უწყობდნენ.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ირინა დუბჩენკო გაათავისუფლეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუს სამხედროებს ის არც არასდროს უნდა დაეკავებინათ. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ჟურნალისტების დაკავება და გაათავისუფლოს დმიტრო ხილიუკი, რომელიც უკვე თვეზე მეტია ტყვეობაშია“, – ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.

დმიტრო ხილიუკი, რომელიც ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დააკავეს, ასევე, გამოცემა „უნიანის“ ჟურნალისტია.

კომიტეტმა წერილობით მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ფოტოზე: ირინა დუბჩენკო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: