ბათუმის #33 საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ შენობის ექსპერტიზის ჩატარება საბავშვო ბაღების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე გადაწყვიტა.
სამსართულიანი შენობა შპს „მტმ“-მ მერიის დაკვეთით ააშენა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარი დაიხარჯა. კომპანიას ხელშეკრულება 2016 წლის თებერვალში გაუფორმეს. 2017 წლის ნოემბერში კი მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ბაღი ურეხის დასახლებაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.“
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, დავით დიასამიძის ინფორმაციით, შენობის წინა მხარეს მცირე ზომის ბზარები გაჩნდა:
„პირველადი შეფასებით საგანგაშო არაფერია, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ თავი დავიზღვიოთ – საბავშვო ბაღია. ეს არის ახალი შენობა, რომელიც განიცდის ჯდომას. ამიხსნეს, რომ ეს პროცესი ახასიათებს ახალ შენობას, მაგრამ ჩვენ თავს ვიზღვევთ. იქ ადრეც ყოფილა პატარა ბზარები. მითხრეს ასევე, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დაფიქსირდა ერთბალიანი და ბალნახევრიანი მიწისძვრები ორ-სამჯერ, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ეს. უნდა დადგინდეს, ეს ბზარები ხომ არ გაიზრდება,“ – განმარტა დავით დიასამიძემ.
საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი შეჩერებული არ არის.
დავით დიასამიძის ინფორმაციით, შენობას მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები სჭირდება, „შესაცვლელია იატაკი…“
ამ ბაღის აღსაზრდელების მშობლების ინფორმაციით კი, შენობას ბოლო წლების განმავლობაში სარემონტო სამუშაოები ორჯერ ჩაუტარეს, „თუმცა ის მაინც პრობლემურია.“
უკრაინული მედია 15 წლის ბიჭის შესახებ წერს, რომელიც უკრაინის სამხედრო ძალებს ოკუპანტების კოლონის განადგურებაში თავისი დრონით დაეხმარა.
„ანდრეი პოკრასა თითქოს სრულიად ჩვეულებრივი მოზარდია. 15 წლის ბიჭს უყვარს სკეიტბორდით სეირნობა. ასევე ის მართავს დრონს. სწორედ ეს გაჯეტი დაეხმარა ჩვენს სამხედროებს მტრის ტექნიკის კოლონის განადგურებაში” – წერს 24tv.ua.
ანდრეი პოკრასა
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ტექნიკის კოლონა სოფელ ბერეზოვკას მახლობლად შეამჩნიეს, რომლის გავლითაც გადის ჟიტომირის გზატკეცილი. ეს გზატკეცილი დედაქალაქიდან თითქმის 40 კილომეტრში მდებარეობს.
მტრის კოლონის განადგურებისთვის საჭირო იყო ზუსტი კოორდინატების ცოდნა, ამიტომ უკრაინელ მებრძოლებს გაუჩნდათ იდეა, მიემართათ 15 წლის ანდრეისთვის, რომელიც ერთადერთი იყო ამ მხარეში, რომელმაც დრონის მართვა იცოდა.
ღამით მოზარდი მამასთან ერთად, მინდორში გავიდა და დრონი გაუშვა. რუსული სამხედრო კოლონის ერთ-ერთ მძღოლს სატვირთო მანქანაში ფარები ჰქონდა ჩართული, სწორედ ეს დაეხმარა ანდრეის მტრის აღჭურვილობის იდენტიფიცირებაში.
ინტერნეტის დახმარებით ბიჭმა უკრაინის სამხედრო ძალებს გაუგზავნა როგორც კოლონის კოორდინატები, ასევე დრონით გადაღებული ფოტოები.
„ის იყო ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა დრონის მართვის გამოცდილება რეგიონში. ის არის ნამდვილი გმირი, უკრაინის გმირი“ – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო დაზვერვის დეპარტამენტის მეთაურმა იური კასიანოვმა.
„მოზარდი აღიარებს, რომ რუსეთის კოლონამ ის სერიოზულად შეაშინა, მაგრამ მას ესმოდა, რომ თავისი უნარების დახმარებით შეეძლო დედაქალაქის დაცვა. და ამ სურვილმა სძლია შიშს” – წერს 24tv.ua.
ტყვეობაში მყოფი 1 000-ზე მეტი სამხედრო „აზოვსტალიდან“ „საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად“ რუსეთში გადაიყვანეს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამ ინფორმაციას, რუსეთის სამართალდამცველებზე დაყრდნობით, კრემლის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
ცნობის მიხედვით, „აზოვსტალის“ დამცველებთან უკვე „აქტიურად მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები“. სავარაუდოდ, მოსკოვში ჰყავთ 100-ზე მეტი მათგანი, ძირითადად, „უცხოელები, რომლებიც მარიუპოლში ჩაბარდნენ“.
ოფიციალურ მოსკოვს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში „აზოვსტალიდან“ გამოსული 2500 მებრძოლი იმყოფება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთს, ჯამში, 6 489 უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს, თუმცა ეს რიცხვი არ ითვალისწინებს იმ ტყვეებს, რომლებიც ამჟამად დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში იმყოფებიან.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის თქმით, ყველა უკრაინელი სამხედრო, რომელიც მაისში „აზოვსტალიდან“ გამოვიდა, ამჟამად რესპუბლიკის ტერიტორიაზეა.
რა ვითარებაში არიან მარიუპოლის დამცველები რუსეთის ტყვეობაში, ამაზე მწირი ინფორმაცია ვრცელდება. უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ისინი კომფორტულ პირობებში ნამდვილად არ არიან, თუმცა რაც მთავარია, არიან ცოცხლები და ჯანმრთელები. მისივე განცხადებით, გასაიდუმლოებულია გაცვლასთან დაკავშირებული ინფორმაციაც, რათა ამ პროცესს ხელი არ შეეშალოს.
ტყვეების გაცვლამდე, რუსეთმა და უკრაინამ 4 ივნისს პირველად გადასცეს ერთმანეთს დაღუპულ სამხედროთა ცხედრები, ფორმულით „160/160-ზე.“ 7 ივნისს კი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლის 160 დამცველის ცხედარი კიევში ჩაასვენეს, დაღუპულთაგან 52 “აზოველი” იყო.
_____
ალყაშემორტყმული ქარხანა „აზოვსტალი“ მარიუპოლში ერთადერთი ადგილი იყო, რომლის აღებაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. მანამდე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, რუსეთმა თითქმის მთლიანად დაიკავა ქალაქი და ინტენსიურად ბომბავდა როგორც მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, ისე დასახლებულ პუნქტებს.
მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ გაეროს დახმარებით „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა მოახერხა. 16-17 მაისს კი ქარხანა მისმა დამცველმა მებრძოლებმაც დატოვეს, ისინი ახლა რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან და უკრაინის ხელისუფლებას მათი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის იმედი აქვს.
უკრაინას სურს ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა შეიძინოს და მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, გერმანიას Spike SR ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა მისცეს, იუწყება „იერუსალიმ პოსტი“.
ისრაელში უკრაინის ელჩის, ევჰენი კორნიჩუკის თქმით, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას მწვანე შუქი აუნთეს როგორც ბერლინში, ასევე ვაშინგტონში. „ისრაელის ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა“, – აღნიშნა მან.
რა შეუძლია „რკინის გუმბათსა“ და Spike SR ტანკსაწინააღმდეგო სისტემას?
„იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, Spike SR სისტემას შემდეგი მახასიათებლები აქვს:
გასროლა შეიძლება მანქანიდან, ვერტმფრენიდან, გემიდან და სახმელეთო გამშვებებიდან.
რაც შეეხება „რკინის გუმბათს“:
შეუძლია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან დაცვა 4-დან 70 კილომეტრამდე ფრენის მანძილიდან;
აქვსრაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმები;
2012 წლის მონაცემით, „გაანადგურა დასახლებული პუნქტების მისამართით გაშვებული რაკეტების 90%-ზე მეტი“.
„მსურს, ისრაელის მთავრობა რეალობას დაუბრუნდეს“
უკრაინის ელჩმა, ევჰენი კორნიჩუკმა, ისრაელს მადლობა გადაუხადა გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ იყო – „გვჭირდება ისრაელის დახმარება… ვგულისხმობ სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას“.
„მსურს, ისრაელის მთავრობა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და რეალობას დაუბრუნდეს“, – განაცხადა დიპლომატმა და დაამატა, რომ „ისრაელი აღარაა ფოკუსირებული ომზე“.
ელჩის თქმით, უკრაინას „რკინის გუმბათის“ შეძენა (და არა საჩუქრად მიღება) საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის სურს:
„რკინის გუმბათი საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ქალები და ბავშვები რუსული რაკეტებისგან… [„რკინის გუმბათი“] თავდაცვითი საშუალებაა, მისი გამოყენებით ვერავის მოკლავ“.
დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლომდე არ დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა თავდაცვითი აღჭურვილობის (ბრონირებული ჟილეტები და ჩაფხუტები) მიწოდებაზე და ჯერ კიდევ არ დათანხმებულა იმ უკრაინელები ჯარისკაცების მკურნალობას, რომლებმაც ომში კიდურები დაკარგეს.
„ისრაელი არაა დავალებული უკრაინის წინაშე. ჩვენ არ გეხვეწებით დახმარებაზე. თუმცა გვჯერა, რომ მორალური გადმოსახედიდან, ისრაელმა მთელი დასავლური სამყაროს მსგავსად ყველა შესაძლო გზით უნდა აღმოუჩინოს უკრაინას დახმარება“, – ხაზი გაუსვა კორნიჩუკმა.
„იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, ისრაელის მთავრობა ყოყმანობს უკრაინისთვის ნებისმიერი სახის შეიარაღების, – მათ შორის თავდაცვითის, – მიწოდებაზე, რადგანაც ცდილობს შეინარჩუნოს კავშირები როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან და იყოს შუამავალი ორ ქვეყანას შორის.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელი უკრაინას „რკინის გუმბათის“ სისტემას მიჰყიდის.
ანკარაში დასრულდა შეხვედრათურქეთისა და რუსეთის საგარეო მინისტრებს შორის, რომელიც უკრაინიდან შავი ზღვით მარცვლეულის უსაფრთხო გადატანას შეეხებოდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნის გაეროს გეგმას რეალისტურად მიიჩნევს.
„სხვადასხვა იდეაა უკრაინული მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდებაზე. მათ შორის, თავისი გეგმა აქვს გაეროს. ეს გეგმა ითვალისწინებს სპეციალური ოთხმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის შექმნას გაეროს, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მონაწილეობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს გემების ინსპექტირებას. თურქეთი ამ გეგმას მიიჩნევს შესაძლებლად და სიცოცხლისუნარიანად. თუმცა, ეს, პირველ რიგში, მოითხოვს რუსეთისა და უკრაინის თანხმობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, თურქეთი მზადაა გამართოს სტამბულში შეხვედრა გაეროს მიერ შემოთავაზებული მექანიზმის დეტალების განსახილველად.
ჩავუშოღლუმ ასევე თქვა, რომ თურქეთი ლეგიტიმურად მიიჩნევს რუსული მხარის მოთხოვნებს რუსეთიდან საქონლის ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნაზე, უკრაინიდან მარცვლეულის, მზესუმზირას და მზესუმზირას ზეთის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ არასწორია ამ საკითხის გვერდის ავლა და იმის მტკიცება, რომ რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტი სანქციებს არ ექვემდებარება.
„ასეთი განცხადებები კეთდება ბოლო დროს. თუმცა ფაქტია, რომ ეს პროცესი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: გემების დაზღვევა, ლოჯისტიკა, სატრანსპორტო მომსახურება და საბანკო ოპერაციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მსოფლიოს სჭირდება პროდუქცია უკრაინიდან და რუსეთიდან, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გზა გავხსნათ მიწოდებისთვის. მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მხარის ინტერესებს“, – განაცხადა მან.
თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალდაწყებული ბიზნესებისთვის წამახალისებელ გათამაშებას იწყებს. გათამაშების პირობა მარტივია – სტარტაპერები, რომლებიც 17 ივლისამდე გააკეთებენ ათ, მინიმუმ 50 ლარიან ტრანზაქციას საკუთარი ბიზნესისთვის თიბისის ტერმინალებზე ან ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში ვაჭრობისას სტარტაპ ბარათით, ავტომატურად გახდებიან გათამაშების მონაწილე.
აქცია გაგრძელდება 6 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით, გამარჯვებულები კი შემდეგ პრიზებს მიიღებენ:
თიმბილდინგის ვაუჩერი
საგანმანათლებლო ვაუჩერი
სკუტერი
მაქ ბუქი
Ipad
ყავის აპარატი
თუ უკვე გაქვს სტარტაპ ბარათი ჩაერთე გათამაშებაში, ხოლო თუ ჯერ არ სარგებლობ სტარტაპ ბარათით, შეგიძლია გამოიწერო სტარტაპ ნაკრები შემდეგ ბმულზე – https://link.tbc.ge/Startup-lottery .
გათამაშებაში მოსახვედრად მხოლოდ 10 ტრანზაქციის განხორციელება დაგჭირდება, თიბისისგან კი მიიღებ საჩუქრებს, შემდეგი ნაბიჯი შენზეა, გახდი სტარტაპერი.
„სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, ჩვენი დამცველები იბრძვიან ქალაქის ყოველი სანტიმეტრისთვის“ – დაწერა ტელეგრამზე ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ, დღეს, 8 ივნისს.
ბოლო კვირებია ქალაქ სევეროდონცეკში ცხარე ბრძოლა მიმდინარეობს. რუსებმა ჯერ შეძლეს დაეკავებინათ ქალაქის 70 პროცენტი, თუმცა რამდენიმე დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ უკან დახევა აიძულეს.
სერგეი გაიდაიმ დღეს მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ და არ გაუფუჭონ განწყობა უკრაინელ ჯარისკაცებს.
„არავინ აპირებს სევეროდენცკის დათმობას“ – წერს გაიდაი.
მისივე ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები არ აკონტროლებენ ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტს, მაგრამ ისვრიან.
„რაშისტების გეგმები არ შეცვლილა, მათ 10 ივნისამდე სევეროდონეცკის დაკავება სურთ…. გარდა ამისა, ორკები კვლავ გეგმავენ მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთას შეტევისთვის ხიდის შესაქმნელად,“ – წერს გაიდაი.
ნორვეგიის მთავრობამ უკრაინას 22 თვითმავალი „ჰაუბიცა“ გადასცა, ასევე, სათადარიგო ნაწილები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა.
ინფორმაცია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა დღეს, 8 ივნისს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები დამოკიდებულნი არიან დასავლეთის მხარდაჭერაზე და სჭირდებათ იარაღი და აღჭურვილობა, რათა გაუძლონ რუსეთის თავდასხმებს.
უკრაინამ მოითხოვა ამ ტიპის იარაღი. უკრაინაში ომის განვითარება ახლა იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებელია უფრო მძიმე არტილერიისა და იარაღის სისტემების შემოწირულობაც,“ – ამბობს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი, ბიორნ არილდ გრამი.
ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიის მთავრობა უსაფრთხოების გამო არ აცხადებდა დახმარების შესახებ.
დღეს, 8 ივნისს, ანკარაში ერთმანეთს ხვდებიან თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მევლუთ ჩავუშოღლუ და სერგეი ლავროვი.
თურქული მედიის ცნობით, მოლაპარაკების თემაა მშრალი ტვირთის, მარცვლეულისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა შავ ზღვაში.
„საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ ანკარასა და მოსკოვს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და პერსპექტივებს და რეგიონულ საკითხებს, მათ შორის, უკრაინის ომს.
ორი ქვეყნის დელეგაციაში ასევე შედიან თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები“ – წერს თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“.
გუშინ, 7 ივნისს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთი აქტიურ ძალისხმევას გასწევს უკრაინის შავი ზღვის პორტებში ომის შედეგად დაგროვილი მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის შესაქმნელად.
„ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს. გარკვეული პროგრესი მიღწეულია. თუმცა არის ტექნიკური საკითხები, რომლებსაც განხილვა სჭირდება. კერძოდ: როგორ იმუშავებს დერეფანი? როგორ და ვინ გაწმენდს პორტებს ნაღმებისგან, რომელი გემები გაჰყვებიან მშრალი ტვირთის გემებს“, – განაცხადა აკარმა.
_________________
ფოტოზე: ლავროვი და ჩავუშოღლუ. ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“
„კარგად არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება. რომელი რუსეთის? რაზე ვლაპარაკობთ? მთელი ამ წლების განმავლობაში, 8 წელზე მეტია, ისინი ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. რაზე ვლაპარაკობთ? ემანუელი ღრმად ერკვევა ამ პროცესში, „ნორმანდიული ოთხეულის“ ერთ-ერთი ლიდერია, შესანიშნავად იცის მინსკის დოკუმენტის დეტალები, ყველა შეთანხმება, რომლებიც „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში რუსეთთან დაიდო და იცის ამ შეთანხმებების არ შესრულებაზეც“, – ასე შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება Financial Times-თან ინტერვიუში.
„მე იმასაც კი არ ვფიქრობ, რომ უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ კი არ გვამცირებენ, ჩვენ გვკლავენ, ამიტომაც პასუხად არც ჩვენ ვაპირებთ, ვინმე დავამციროთ, ჩვენც იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ისტორიული შეცდომა დაუშვა, თუმაც ამის მიუხედავად, აუცილებელია, რომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა ომის დასრულებისშემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის დარჩეს ადგილი.
„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიური გზებით,“ – ციტირებს „როიტერსი“ ემანუელ მაკრონს.
მაკრონის ამ განცხადებას იმავე დღესვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და მის მოწოდებას სამარცხვინო უწოდა.
„რუსეთის დამცირების თავიდან აცილებაზე მოწოდებებს მხოლოდ შეუძლია დაამციროს საფრანგეთი და ყველა სხვა ქვეყანა, რომელიც მსგავს მოწოდებას გააკეთებს. რადგან რუსეთი თავად ირცხვენს თავს. აჯობებს ყველა ჩვენგანმა იმაზე ვიფიქროთ, როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი. ეს მოიტანს მშვიდობას და გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს,“ – დაწერა ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
___
ფოტოზე: ზელენსკი, მაკრონი და პუტინი. 2019 წელი, სამინიტი საფრანგეთში. ფოტო: PA-EFE/ALEXEI NIKOLSKY
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც ბათუმიდან 19 წლის გოგო გაიტაცა.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
ახალგაზრდა გოგო ავტომობილით ბათუმიდან გუშინ წაიყვანეს. შსს-ს ცნობით, ავტომობილი გადაადგილდებოდა ზუგდიდში, სადაც ზუგდიდის საპატრულო პოლიციამ გააჩერა და გატაცებული გოგო გაათავისუფლა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 2-იდან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
FLEX-ი, მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა აშშ-ში, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბევრი მოსწავლის ოცნებაა. ზოგი მოსწავლე პირველივე ცდაზე ხდება პროგრამის გამარჯვებული, ზოგი რამდენიმე ცდის შემდეგ აღწევს მიზანს.
2022 წელს „ფლექსის“ ფარგლებში საქართველოდან 70 მოსწავლე გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებად, მათგან 8 მოსწავლე აჭარიდანაა.
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ „ფლექსის“ ფინალისტი გავხდეთ? – „ბათუმელებმა“ 5 ფინალისტს სთხოვა, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება.
ნინი მიქელაძე
ნინი მიქელაძე, 17 წლის. ბათუმის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და 2022 წლის FLEX პროგრამის ფინალისტი:
ჩემთვის ეს პროექტში მონაწილეობის პირველი ცდა არ იყო, უკვე მესამედ გავიარე რეგისტრაციისა და ტესტირების ეტაპი, შემდგომში – ესეების წერისა და პროფილის შევსების და ბოლოს – გასაუბრების ეტაპი.
ჩემი მთავარი რჩევა იქნება, იყოთ გულახდილები, წარმოაჩინეთ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც ხართ.
დიდი ყურადღება ექცევა თქვენს მანერებს, კრიტიკულ აზროვნებას, ზოგად განათლებას, კომუნიკაბელურობას და მოხალისეობრივ აქტივობებს.
სასკოლო განათლებასთან ერთად ასევე მახვილდება ყურადღება თქვენს არაფორმალურ განათლებაზე.
FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება ტესტირებით, თქვენი ინგლისურის ცოდნის დონის შესამოწმებლად, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ენის ცოდნა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს მთავარი კრიტერიუმია პროექტში გამარჯვებისთვის.
ჩემი აზრით, მონაწილეობის მიღებამდე აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, რათა გახდეთ უფრო კომუნიკაბელურები, გახსნილები და ქარიზმატულები. აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა როგორც სკოლის, ასევე არაფორმალური განათლების მხრივ დაგეგმილ პროექტებში. ჩაერთეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში. იმუშავეთ არა მარტო საკუთარი თავის, არამედ თქვენ ირგვლივ არსებული გარემოს განვითარებისთვისაც.
ტესტირებაზე დროის გადანაწილებისას მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს, თქვენთვის გაუგებარ საკითხებზე არ დაკარგოთ ბევრი დრო, ეცადეთ, კითხვებს ბოლოს მიუბრუნდეთ, ასევე, ნერვიულობის გამო არ გაგეფანტოთ ყურადღება, რომ მოცემული პირობის გააზრება მალე შეძლოთ.
გამარჯვების შესახებ როცა გავიგე, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი მეგობართან ერთად, ტელეფონზე ზარი შემოვიდა თუ არა, მივხვდი საიდანაც მირეკავდნენ და უარისთვის ვიყავი მზად. ტელეფონში გაისმა – „გილოცავთ, თქვენ ფინალისტი ხართ!“ ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი იყო. გაჩერებაზე ყველა მე მიყურებდა, ბედნიერებისგან დავხტოდი.
ყველაზე სასწაული ის იყო, ვიყვირე – არ არსებობს-მეთქი და ტელეფონიდან მესმის: „არსებობს ნინი, ამერიკაში მიდიხართ!“
ლაშა შარაძე
ლაშა შარაძე, 17 წლის, დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:
პროგრამის კონკურსი იყოფა 3 ეტაპად.
პირველ ეტაპზე არის 3 ესე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებასა და გამოცდილებას ეხება. მეორე ეტაპი არის ძალიან მარტივი ინგლისური ენის ტესტი მოსწავლის ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად, ხოლო მესამე უფრო რთული ეტაპია, სადაც გვიწევს გავიაროთ ინტერვიუების, აპლიკაციების და ესეების კონკურსები.
FLEX-ზე უკვე მესამედ გავედი და ვფიქრობ, რომ ეს ეტაპები ნამდვილად არ არის მარტივად გასავლელი. თითოეული ეტაპის გავლა ასოცირდება დიდ მოლოდინთან.
განსაკუთრებული მობილიზება სჭირდება მეორე ტურს, რადგან გვაქვს შეზღუდული დრო და ტესტები, მაგრამ დროის ფაქტორმა არავინ უნდა შეაშინოს, რადგან თუ სწორად გაანაწილებ, ყველაფერს მოასწრებ.
რთულია იმის თქმა, თუ რატომ ამარჩიეს. ვფიქრობ, ყველა მონაწილე, ვინც კონკურსში მონაწილეობს, არის გამორჩეული. მთავარია ის, რომ მოსწავლემ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი განსაკუთრებულობა, იმიტომ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ 3 შანსი.
ალბათ ამარჩიეს კომუნიკაბელურობის, დამოუკიდებლობის და იმ უნარის ქონის გამო, რომ შემიძლია სიახლეებთან მარტივად ადაპტირება, რადგან რთულია 1 წლით უცხო გარემოში, სახლიდან შორს იცხოვრო და შეეგუო ახალ ოჯახს, სკოლას, კულტურას, მეგობრებს და ა.შ.
რაც შეეხება სკოლის ნიშნებს, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სკოლის ნიშნებზე მეტად ჩვენი პიროვნული თვისებებია გადამწყვეტი.
სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა თვისება, რომლებიც „ფლექსისთვისაა“ საჭირო: კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლობა, კომუნიკაბელურობა, ლიდერული თვისებები, მეტწილად გამომუშავდება არაფორმალურ განათლებაში ჩართვისას. შეხვედრები, მუშაობა, ტრენინგები, ვორქშოფები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის.
ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა მოხალისეობრივი საქმიანობა.
განათლება და ცოდნის დონე, რომელიც FLEX-ში გამარჯვების შანსს მოგვცემს, არის 50% წილი სკოლიდან და 50% – არაფორმალური განათლებიდან. სკოლა არ არის გადამწყვეტი. ამიტომ, თუ ბიოლოგიაში, ქიმიაში ან თუნდაც მათემატიკაში გაქვს 6-7 ქულა, ეს არ ნიშნავს, რომ „ფლექსში“ ვერ გაიმარჯვებ, იმიტომ, რომ „ფლექსი“ არის პროგრამა, რომელიც ხედავს მოსწავლის ზოგად უნარებს და აფასებს მას ადეკვატურად.
„ფლექსისთვის“ სპეციალურად მომზადება თითქმის შეუძლებელია, რადგან არავინ იცის ტესტზე ან ესეებზე რა სახის დავალებები იქნება მოცემული. იცვლება გასაუბრების ფორმაც.
ჩემი წარმოდგენები ამერიკაზე არის ძალიან კარგი. ველოდები აგვისტოს, რომ გავფრინდე.
გამარჯვების შესახებ რომ დამირეკეს, სკოლიდან სახლში 10 წუთის დაბრუნებული ვიყავი. უცხო ნომერი რომ დავინახე მობილურის ეკრანზე, მივხვდი, რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა. ვუპასუხე და მითხრეს, გავხდი ფინალისტი, ძალიან გამიხარდა და ვეცადე, რომ არ მეყვირა ხმამაღლა, მაგრამ შინაგანად მაინც ვყვიროდი და ძალიან მიხაროდა.
თამარ ჩანჩიბაძე
თამარ ჩანჩიბაძე, 17 წლის. ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა.მე-11 კლასის მოსწავლე:
ყველაზე ხანგრძლივი სააპლიკაციო პროცესია ნახევარფინალი, რომელიც მოიცავს ესეების წერას, გასაუბრებას, აპლიკაციაში სხვადასხვა საბუთის მითითებას.
საგამოცდო პროცესზე, რასაც ვურჩევ მომავალ მონაწილეებს, არის ის, რომ პირველ რიგში სცადონ და არ დაიზარონ, არ შეუშინდნენ უარყოფით პასუხს, გამოიყენონ შესაძლებლობა.
ზუსტად არ ვიცი, ჩემი ფინალისტად არჩევის მიზეზები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გამაჩნია ჩემი პირადი ვარაუდები, რომ ჩემზე არჩევანის შესაჩერებლად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემმა კომუნიკაბელურობამ, მარტივად ადაპტირებამ ახალ გარემოსთან და ხალხთან.
პროექტში უკვე მეორედ გავედი და წელს ჩემი ბოლო შანსი იყო ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.
მოსწავლეებისთვის მთავარია, რომ იმუშაონ საკუთარი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენაზე. კარგად დაანახონ მოდერატორებს, რომ შეუძლიათ ადაპტირდნენ და გამოავლინონ თავიანთი კრიტიკული აზროვნების უნარები.
„ფლექსი“ არ არის ენის კონკურსი და არ არის აუცილებელი ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა. მთავარია, შეგეძლოს საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურის ცოდნა, რომ დაწერო მარტივად ესეები და ლოგიკური წინადადებები ააგო. უშუალოდ გასაუბრების პროცესშიც არ აქცევენ იმას ყურადღებას, თუ რამდენად კარგად იცის ბავშვმა ენა ან რამდენად სწრაფად, სწორად და გამართულად მეტყველებს.
სახლში ვიყავი, როცა პროექტიდან დამირეკეს. მივხვდი, რომ ან რეზერვისტი ვიქნებოდი ან ფინალისტი. თავიდან მეგონა, რომ რეზერვისტებს შორის აღმოვჩნდებოდი. რამდენიმე წუთით გავშეშდი და ველოდებოდი, რას მეტყოდნენ. როდესაც მითხრეს,რომ ფინალისტი ვიყავი, რამდენჯერმე გავამეორებინე, სწორად მესმის-მეთქი? ეს მოგონება ჩემთვის ძალიან პოზიტიურია.
დავით ონიანი
დავითონიანი, 14 წლის. ბათუმის N1 საჯაროსკოლისმე-10 კლასისმოსწავლე
ჩემს შემთხვევაში დიდი როლი ითამაშა ისეთმა პროექტებმა თუ აქტივობებმა, როგორებიცაა: „წიგნების თარო“, დებატები, „რა? სად? როდის?“ და ა.შ.
ჩემთვის ეს პირველი ცდა იყო.
FLEX-ის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, შეძლონ საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა.
ბევრ და მათ შორის, ამ პროგრამაშიც, ფსიქოლოგიური მხარე მონაწილის აქტიურ ბუნებასთან ერთად მნიშვნელოვანია.
არაფორმალური განათლება მსგავს, გაცვლით პროგრამებში დიდ როლს თამაშობს და ხაზს უსვამს მონაწილის აქტიური ცხოვრების სტილს.
ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი. საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობ, დაკავებული ვარ სპორტით. საბედნიეროდ, ამ შანსის გამოყენება შევძელი.
აპლიკანტები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ემოციებმა და ზედმეტმა ნერვიულობამ მათ ხელი არ შეუშალოს სასურველი მიზნის მიღწევაში.
თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა, საკუთარ მინუსებსა და პლუსებზე მუშაობა, სწორი აქცენტის გაკეთება, მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ ფაქტორმა ვინმე წინ დააყენოს.
FLEX-ის შესახებ სოციალური ქსელებიდან და სკოლაში მეგობრებისგან გავიგე და გადავწყვიტე, მეც მეცადა. პასუხის გაგება განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის. სახლში ვიყავი, როდესაც ტელეფონის ზარის ხმა გავიგე. მითხრეს: „გილოცავთ, თქვენ გახდით ფინალისტი!“ თავიდან ვერ გავაანალიზე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ის ზარი იყო, რომელმაც მამცნო, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე.
ვიყავი გულწრფელი აპლიკაციის შევსებისას და არა გამარჯვებაზე, არამედ ჩემს ოცნებებზე ვფიქრობდი.
ჩემი აზრით, მთავარი, რაც მონაწილეებს სჭირდებათ, თავდაჯერებულობაა. ასევე უნდა იცოდეთ, თუ რისთვის ან ვისთვის აკეთებთ ამას. არ არის აუცილებელი ზუსტად გქონდეთ გაწერილი ის გეგმები/საქმეები, რომლებსაც გამარჯვების შემდეგ გააკეთებთ, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ აკეთებთ ამას.
შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ საკუთარ თავს: მონაწილეობის გადაწყვეტილება რატომ მივიღე? ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, თუ იმის გამო, რომ მშობელმა ან მასწავლებელმა მთხოვა? ყოველი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მხოლოდ თქვენ მიერ, რათა მაქსიმალურად შეძლოთ საკუთარი თავის წარმოჩენა.
რა თქმა უნდა, იმ გამოწვევებთან შესაჭიდებლად, რაც ამერიკაში გველის, საკმარისი არ არის მხოლოდ აკადემიური განათლება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩავერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობებში. მაგალითად, გავხდეთ მოხალისე ან შევქმნათ კლუბი და დავაორგანიზოთ შეხვედრები, პროექტები სხვადასხვა თემაზე.
ენის საუკეთესოდ ცოდნა არ არის აუცილებელი, მთავარია, შეგვეძლოს ჩვენი აზრის თუ სურვილების მოკლედ გადმოცემა.
პრიორიტეტი კი პიროვნულობას ენიჭება. თუ რამდენად გაქვს ლიდერული უნარ-ჩვევები და რამდენად კარგად ეჩვევი ახალ გარემოს. მონაწილეები უნდა ეცადონ, უფრო გაბედულები და გახსნილები იყვნენ სიახლეების მიმართ, უფრო დაკვირვებულები, დამოუკიდებლები და ჰუმანურები.
ჩემთვის ამერიკა თავისუფლების და მრავალფეროვნების ქვეყანაა. ეს ის პირველი სიტყვებია, რაც ამერიკის შესახებ მახსენდება. ვფიქრობ, ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებ. მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა უფრო დამეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენასა და წარმოჩენაში.
როცა პასუხის სათქმელად დამირეკეს, ფილმს ვუყურებდი. დადებითი პასუხის გაგებისას იმწამსვე წამოვხტი და სიარული დავიწყე გახარებულმა. ეს გრძნობა რამდენიმე კვირა გამყვა, ახლაც კი დადებითად მმუხტავს ამ მომენტის გახსენება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140]
ტანკი – 1 393 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 3 429 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 703 ერთეული [+9]
MLRS – 213 ერთეული [+6]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 212 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 178 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 559 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 406 ერთეული [+1]
სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
192 თვითმფრინავი
130 ვერტმფრენი
1 150 უპილოტო საფრენი აპარატი
335 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 459 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
489 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 822 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 488 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„უკრაინელ სამხედრო ტყვეთა საერთო რაოდენობა 6 489 ადამიანია, თუმცა ეს რიცხვი არ ითვალისწინებს იმ ტყვეებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან,“ – განაცხადა გუშინ, 7 ივნისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი ეცდება წარმოაჩინოს ისე, თითქოს ოკუპირებული ხერსონის ოლქში მოსახლეობის ცხოვრების პირობები უმჯობესდება.
„ოკუპირებულ ხერსონში რუსეთს იძულებით შეჰყავს თავისი ადმინისტრაცია, შეაქვს რუბლი და ქირაობს რუს მასწავლებლებს, რათა სკოლებში რუსული სასწავლო პროგრამა და ენა დაამკვიდროს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 8 ივნისის განახლებაში, ტვიტერზე.
უწყების ცნობით, რუსეთი სამი მიმართულებით განაგრძობს შეტევებს სევეროდონეცკში, თუმცა უკრაინელები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ. დაზვერვის ვარაუდით, ნაკლებად რეალურია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რომელიმე მხარეს სერიოზული უპირატესობა მოეპოვებინა.
„უკრანულმა ძალებმა, კონტრშეტევებით, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ხერსონის რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზეც გამაგრდნენ. ვიდრე რუსეთის შეტევა კონცენტრირებულია დონბასის ცენტრალურ სექტორზე, ფრონტის სხვა ფლანგებზე ის თავდაცვის რეჟიმშია“, – აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ოკუპირებულ ზონაში ფრონტის ხაზი მთელ 500 კილომეტრზეა გადაჭიმული, რუსეთიცა და უკრაინაც მსგავს პრობლემას აწყდებიან – მათ, ერთი მხრივ, უნდა შეინარჩუნონ თავდაცვა, ხოლო მეორე მხრივ, შეტევისთვის უნდა გამოათავისუფლონ ბრძოლისუნარიანი სამხედრო ნაწილები.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება სადაზვერვო ცნობარს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ, 7 ივნისის, მიმოხილვაში, ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ უკრაინელთა წინააღმდეგობამ პოპასნაიას მიმართულებით რუსეთის შეტევა შეაჩერა.
„შემეხებით, შეგეხებით,“ „ბანდიტი ხართ, ყაჩაღი“, „დავაი, დაახვიეთ“ „ჭორიკნები ხართ“, „ლოთები ხართ“ – ეს ფრაზები დღეს, 7 ივნისს, თორნიკე რიჟვაძემ თქვა სხდომაზე, რომელსაც წესით და რეგლამენტით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში ერქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძეს ანგარიშვალდებულების და კრიტიკული კითხვების გამო რამე უხერხულობა არ შეჰქმნოდა, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები დაირაზმნენ, ოპოზიციის პოზიციები აბუჩად რომ აეგდოთ.
„მგონია, გადაცმული ლავასოღლი გველაპარაკება,“ – ეს ელგუჯა ბაგრატიონის პირველი რეაქცია იყო ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როცა თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს სიჩუმისკენ მოუწოდა – „ჩემს ოჯახს და მამაჩემს შეეშვით, ნუ ახსენებთ“.
თორნიკე რიჟვაძემ დღეს თავისი გამოსვლა ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე საუბრით დაიწყო, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია „ხელოვნურად ცდილობდა აჭარაში ტურისტული სეზონის ჩაგდებას“, როცა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალა.
გამოდის, აქციები და კარვების გაშლით გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი თორნიკე რიჟვაძისთვის არ არის.
6 მაისს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის წინ პოლიციელებმა კარვები დაშალეს და 24 ოპოზიციონერიც დააკავეს.
თორნიკე რიჟვაძის მიერ აქციის დაშლაზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას არ ჰქონია არც ერთი კითხვა აქციის დაშლაზე, სადაც სასამართლომაც დაადგინა, რომ პოლიცია იტყუებოდა და არასწორ ინფორმაციას აწვდიდა სასამართლოს, როცა ირწმუნებოდნენ, ოპოზიციონერებმა გვაგინესო. აქციაზე დაკავებული უმაღლესი საბჭოს დეპუტატი – გია აბულაძე კი, სასამართლომ სრულად გაამართლა.
კითხვა, რითაც ოპოზიციამ დღევანდელ სხდომაზე ყველაზე მეტად გააღიზიანა თორნიკე რიჟვაძე, ბათუმში დაკავებულ მილიონერ გალიფ ოზთურქსეხებოდა. დეპუტატმა ენმ-დან, გიორგი კირთაძემ თორნიკე რიჟვაძეს უთხრა, რომ არ სჯერა ვერსიის, რომლის მიხედვითაც თორნიკე რიჟვაძეს დაუპირისპირდა ოზთურქი.
„წარმოუდგენელი ამბავია, რომ თქვენ რაღაც დაპირისპირება გქონდათ გალიფ ოზთურქთან, ეს ვიღაც თქვენმა პიარშიკებმა კარგად დაგეგმეს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ გალიფ ოზთურქს ხელის აწევით ელაპარაკებოდით,“ – თქვა გიორგი კირთაძემ.
„კორექტულად,“ – თქვა ჯერ თორნიკე რიჟვაძემ და პაუზის შემდეგ ხმამაღლა მიმართა გიორგი კირთაძეს: „ხელის აწევით ესაუბრებოდა ლევან ვარშალომიძე [ოზთურქს], როცა 2010 წელს შემოიყვანა. მიგაფარებ მაგას სახეზე მალე… ხელის აწევით ერთმანეთს თქვენ ელაპარაკეთ, კითხვა დასვი,“ – კატეგორიულად მიმართა ოპოზიციას თორნიკე რიჟვაძემ.
„შეგრცხვეს, თორნიკე, აღარა ხარ პატარა ბიჭი“, – უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძემ.
„ბავშვობაში რამე სტრესი ხომ არ გაქვთ გადატანილი?“ – იკითხა ელგუჯა ბაგრატიონმა და გააპროტესტა ის, რომ თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დარბაზში შეიარაღებულ დაცვასთან ერთად მივიდა. უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ასევე მოაწყვეს ხელოვნური ბარიერი, მარტივად რომ არავის შესძლებოდა თორნიკე რიჟვაძემდე მისვლა.
„თქვენი მართლა არავის ეშინია, სასაცილოა ყველა ის ადამიანი, ვისაც თქვენი ეშინია,“ – დასძინა გიორგი კირთაძემ.
„რეგლამენტში ჩახედეთ, უნდა მიმართოთ, როგორც ბატონო თავმჯდომარევ“, – დისკუსიაში დავით ბაციკაძე ჩაერთო, ის უმაღლეს საბჭოში განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა და უმრავლესობის წევრია.
აგრესიულად სცადა ოპოზიციის კითხვებზე თავის არიდება თორნიკე რიჟვაძემ „ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზეც“. საუბარია ბათუმის საკრებულოზე, სადაც 2021 წლის ოქტომბერში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მიიღო, დღეს კი უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“. ოპოზიციამ გასული წლის ნოემბერში გაავრცელა აუდიოჩანაწერი და ამტკიცებს, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება უკავშირდება მისი მოსყიდვის მცდელობას, რაშიც თორნიკე რიჟვაძის მამა – შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე იყო ჩართული.
„თქვენ ჯერ აქ რომ შემობრძანდით, მეორე აქ რაღაც მორალურ სენტენციებს მიკითხავთ, ყოველდღიურად ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მამაჩემს, მე თქვენი ოჯახი მიხსენებია ოდესმე?“ – ელგუჯა ბაგრატიონს მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
„ის შსს-ს მაღალჩინოსანია, თუ ჩემი ოჯახის წევრიც იქნება საჯარო ფიგურა, კი ბატონო, ისაუბრეთ,“ – უპასუხა მას ელგუჯა ბაგრატიონმა.
„თქვენ ხართ ყაჩაღი,“ – ხმამაღლა მიმართა თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციონერს და ამჯერად გადაწყვიტა დეპუტატის წარსულიდან 1999 წლის ამბავი გაეხსენებინა.
„თქვენ ხართ ნასამართლევი 1999 წელს ჯგუფური ძალადობისთვის და ყაჩაღობისთვის, 2004 წელს მისჯილი გაქვთ, თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ… ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახს თუ ვინმე მორალურად აზარალებს, ეს ხართ თქვენ… თქვენ გგონიათ, რომ არჩევნები მორჩა და კეკლუცურად დაგიწყებთ საუბარს?“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ელგუჯა ბაგრატიონის თქმით კი, მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და ის თორნიკე რიჟვაძის, ან მისი მამის პირადი ცხოვრებით კი არ ინტერესდება, არამედ საქმით, რომელზეც გამოძიებას ამ დრომდე არაფერი გაურკვევია, საქმით, რომელმაც ბათუმის საკრებულოში ამომრჩევლის ნებისგან განსხვავებული მოცემულობა შექმნა.
„ასე ესაუბრეთ თქვენი ოჯახის წევრებს“, – თორნიკე რიჟვაძის შეჩერება სცადა ლევან ანთაძემ, ისიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია ენმ-დან.
„თქვენ გაჩერდით, თქვენი დროც მოვა,“ – ასე გამოეპასუხა მორიგ ოპოზიციონერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
„აცალეთ თქმა… რასაც იტყვის, ეს თქვენ არ მოგეწონებათ,“ – ისევ სცადა სიტუაციის განმუხტვა უმრავლესობის წევრმა, დავით ბაციკაძემ.
უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა რომ საქმიანი კრიტიკის ნაცვლად მასთან ანგარიშვალდებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერითაა დაკავებული, ეს აჩვენა კიდევ ერთმა შემთხვევამ, როცა თორნიკე რიჟვაძეს ოპოზიციამ პასუხის ბულვარის განაშენიანების გეგმასა და შუა ბულვარში უკანონოდ აშენებულ, 18-სართულიან „ამბასადორზე“ ჰკითხა.
„რაც შეეხება ბულვარის საკითხს, განაშენიანების გეგმა და კონსერვაციის გეგმა დასრულებულია, მალე გაეგზავნება საკრებულოს, რა თქმა უნდა, ჩვენ შემოვუნახავთ მომავალ თაობას და სტუმრებს ბათუმის ბულვარს,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო ძველ ბულვარში 18 სართულის აშენებაზე თქვა, რომ მას „გარკვეული ვალდებულებები დახვდა“. ამ ნაწილშიც ღარიბაშვილის მსგავსად, თორნიკე რიჟვაძემ ისრები ისევ ოპოზიციისკენ მიმართა.
„თქვენ 35 სართულის აშენებას აპირებდით, ჩვენ მინიმუმამდე შევამცირეთ მშენებლობა, მე შევძელი მისი შემცირება და შერბილება, მეტი ვერ შევძელი“, – მხრები აიჩეჩა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და დაელოდა, როგორ ამოაფრიალებდა სამუშაო მაგიდიდან 35-სართულიანი კორპუსის რენდერის ფურცლებს უმრავლესობის წევრი, ლადო მგალობლიშვილი.
„ამის აშენებას აპირებდით თქვენ, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ეს პროექტი აღდგებაო, ეს ლევან ვარშალომიძეს ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს,“ – თქვა ლადო მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძეს მიუტანა ფურცლები ტრიბუნასთან. „მე არა, იმათ მიაწოდეთ,“ – რიჟვაძეს არც კი დაუხედავს ფურცლებისთვის, დეპუტატიც მაშინვე უკან დაბრუნდა და აპარატის თანამშრომელს გადააწოდა მომზადებული „მტკიცებულება“ ოპოზიციისთვის გადასაცემად.
„ნებართვა თქვენს დროს გაიცა, რა ვალდებულებები დაგხვდათ, შეგიძლიათ გვითხრათ?“ – იკითხა ლევან ანთაძემ, დეპუტატმა ენმ-დან, თუმცა კითხვა უპასუხოდ დარჩა.
თორნიკე რიჟვაძეს გაახსენეს შეუსრულებელი ვალდებულება ბათუმის ახალ მეჩეთზეც. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმე ბათუმის მერიის წინააღმდეგ 2019 წელს მოიგო, ამ დრომდე მერია შესაბამის ნებართვას არ გასცემს.
„საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით და შემდეგ მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, თუმცა არ უთქვამს, რატომ ელოდება „ოცნება“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ ბათუმის მერიამ დავა სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის გაზაფხულზეც წააგო.
თორნიკე რიჟვაძეს კონკრეტული პასუხები არც ავარიული სახლების თემაზე გაუცია, რაზეც მან ანგარიშში ისაუბრა.
„ვერ გავიგე, ეს 300 საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება მომესმა, თუ მართლა ასე თქვით? თუ იცით საერთოდ, ბათუმში რამდენი საცხოვრებელი კორპუსია ამ კატეგორიის?“ – გიორგი კირთაძემ ეს კითხვა მას შემდეგ დასვა, როცა თორნიკე რიჟვაძემ ანგარიშის დროს ახსენა: „ჩანაცვლდება 300-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი“, თუმცა ოპოზიციონერმა კონკრეტული პასუხი ვერც ამ კითხვაზე მიიღო, ისე როგორც, მაგალითად,ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე, რომელიც წლებია ვერ კეთდება.
„ინტენსიურად მიმდინარეობს კურორტ გოდერძის კეთილმოწყობა, ხულო-ადიგენის გზა, რომელიც ყოველთვის იყო დიდი მსჯელობის და სპეკულაციის საგანი, მოხდა შესაბამისი პროცედურების გავლა… მიმდინარეობს მშენებლობა ამ გზის,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მას ოპოზიცია გამოეხმაურა დასაქმების ნაწილზეც, როცა თქვა, რომ დასაქმების მაჩვენებელი აჭარის რეგიონში 12 პროცენტით გაიზარდა.
ამ ნაწილში თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციას დაეთანხმა, ყველაზე დიდი გამოწვევა სოციალური პრობლემებია და ამ მიმართულებით დაფინანსების გაზრდაზე ვმუშაობთო.
თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმრავლესობის წევრებმაც, მაგალითად, ცოტნე ანანიძემ მას ჰკითხა, სად გაყიდიან ქობულეთელი მეციტრუსეები მანდარინს, თუკი პრობლემა შეექმნება უკრაინის ბაზარს საომარი მდგომარეობის გამო, ან როდის უნდა გადავიდეს ბათუმის აეროპორტი ქობულეთში?
უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, დავით ბაციკაძემ კი ამ საკითხების გააქტიურება სცადა: ბანაკების მოწყობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც პანდემიის დროს საშუალება არ ჰქონდათ ონლაინ მაინც ესწავლათ.
„ასევე ინტერნეტიზაცია სოფლებში, რომ ამ მხრივ აქტიურად ვითანამშრომლოთ,“ – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.
„მიხარია, რომ არ მოგწონვართ,“ – მრავალსაათიანი დისკუსიის შემდეგ ისევ ენმ-ს წარმომადგენლებს მიუბრუნდა თორნიკე რიჟვაძე, როცა უმრავლესობის დეპუტატებს პრაქტიკულად უთხრა, რომ მუშაობა გრძელდება.
„თქვენ რომ მოგწონდეთ, არ დამეძინება, ვინ როგორ იცხოვრა, გაჩვენებთ მე თქვენ… თავმოყვარეობა არ გაქვთ, მაინც ზიხართ აქ და მიღიმით ყველის ვაჭარივით,“ – უმაღლეს საბჭოში ენმ-ს დეპუტატებს მიმართა ისევ თორნიკე რიჟვაძემ.
„ზედმეტობაში ნუ გადაგდის, გეუბნები,“ – თქვა ელგუჯა ბაგრატიონმა და ფეხზე წამოდგა.
„მარტივი პრინციპია, შემეხებით, შეგეხებით“, – დეპუტატს მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
„დაჯექი, ელგუჯა, არავინ შეგეხება, არავინ გემუქრება,“ – თორნიკე რიჟვაძისთვის შენიშვნის მიცემას მოერიდა დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
„უზრდელი ხართ,“ – გაცხარდა ლევან ანთაძე და გაღიმებულ თორნიკე რიჟვაძეს ირინა სარიშვილის ნათქვამიც გაახსენა: „ბავშვი რომ იცინის 5 წლის ასაკში კარგია, 10 წლის ასაკშიც კარგია, მაგრამ სულ რომ იცინის, სხვა რამეზე მეტყველებსო… სირცხვილია, რომ აჭარა თქვენს ხელშია, თქვენ ხართ უზრდელი და უსინდისო“, – დაასრულა ლევან ანთაძემ,
„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო,“ – შეკამათების დროს ეს ფრაზები ახსენა თორნიკე რიჟვაძემ. მისი შეჩერება და მით უმეტეს, შენიშვნის მიცემა, რა თქმა უნდა, ისევ არ უფიქრია დავით გაბაიძეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.
ბათუმში, მაზნიაშვილის #26-ში, #5 საბავშვო ბაღის გვერდით, ხუთსართულიან კორპუსზე სართულს აშენებენ. მერიის ინფორმაციით კი, „დაშენება არ არის, კონსტრუქციაა“. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც 6-სართულიანი კორპუსი დგას, 207 კვადრატული მეტრია.
კონსტრუქციაა თუ რაღაც სხვა, ერთი მხრიდან თუნუქით არის შეფუთული და მზიან ამინდში თვალისმომჭრელად ელავს, წინა ფასადის მხარეს კი სამშენებლო პროცესის შეფუთვა/„დამალვა“ ლურჯი ტენტით უცდიათ. თუმცა დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ხუთსართულიანი სახლის სახურავზე დაშენების, ან როგორც მერიაში ამბობენ, „კონსტრუქციის“ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბათუმი, მაზნიაშვილის ქუჩა #26
თუ ვერ დაინახავ, ხმას მაინც გაიგონებ, რადგან პროცესი აქტიურ ფაზაშია და მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, პერიოდულად შენობიდან მშენებლობის ხმები ისმის, რასაც ლურჯი ტენტი ნამდვილად ვერ ახშობს.
ბათუმის მერიაში განგვიმარტეს, რომ აქ დაშენების ნებართვა გაცემული არ არის. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მშენებელი გააფრთხილეს და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაავალეს. ინსპექციაში ვერ დაგვიზუსტეს, როდის გააფრთხილეს. ამბობენ, რომ „რამდენიმე დღის წინ“.
„ბათუმელები“ ადგილზე გუშინ, 6 ივნისს იმყოფებოდა. აქ მშენებლობა ნამდვილად მიმდინარეობდა.
ეს დაშენება იერს უცვლის და ამახინჯებს მაზნიაშვილის ქუჩის ამ მონაკვეთს
ჯერ კიდევ გასულ წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე მოუწოდა შესაბამის უწყებებს, ვიდრე ბათუმის გენგეგმა არ დამტკიცდებოდა, თავი შეეკავებინათ ძველ ბათუმში ნებართვების გაცემისგან. თუმცა ნებართვა რა საჭიროა? – ბათუმში ხომ უნებართვოდაც შეგიძლია ააშენო. მთავრობის თავმჯდომარეს დაავიწყდა ეთქვა, გააკონტროლეთ, უნებართვოდ არ ააშენებინოთო – ჰოდა, მშენებლობა „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გრძელდება.
18 წლის ბათუმელმა მარიამ კაცაძემ წელს ამერიკაში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით, მოლეკულური ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
მარიამმა წელს დაამთავრა სომხეთში United World Colleges Dilijan-ის სკოლა, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა.
4 თებერვალს, როცა სამი უცხოური უმაღლესი სასწავლებლიდან ერთდროულად მიიღო ჩარიცხვის თანხმობა, იგი დილიჟანში, სკოლის კამპუსში იყო.
„პასუხები ჩარიცხვასთან დაკავშირებით დილის 6 საათზე გავხსენი.
მაგ დღეს უნდა გამეგო ვაშინგტონისა და Lee-ის უნივერსიტეტის პასუხები. ზუსტად ვიცოდი, როდის მომივიდოდა მეილი, ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან წერილს ცოტა მოგვიანებით, 15 თებერვალს ველოდებოდი.
დილით რომ ავდექი, ჯერ ვაშინგტონისა და Lee-ის პასუხები გავხსენი, იმიტომ, რომ უფრო დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვხვდებოდი, არც დამწყდებოდა გული უარის შემთხვევაში.
შემდეგ გავხსენი პასუხი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. სათვალეების გაკეთებამდე ბოლომდე მეგონა, რომ რაღაც არასწორად წავიკითხე. როგორც კი დავრწმუნდი, რომ სიმართლე იყო, მაშინვე გავაღვიძე ოთახის მეზობლები და დავურეკე მშობლებს,“ – გვიყვება მარიამი.
იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტში მოლეკულურ ინჟინერიას ისწავლის. ამბობს, რომ ეს მიმართულება ქიმია-ბიოლოგიის სიყვარულმა აარჩევინა.
„სულ მაინტერესებდა ინჟინერია.
სპაიდერმენს რომ ვუყურებდი, ყველაზე მეტად ის მინდოდა გამეგო, როგორ დაასინთეზეს ასეთი რადიოაქტიური ობობა. სომხეთში სწავლისას კი ლაბორატორიაში მუშაობაც ძალიან შემიყვარდა,“ – ამბობს მარიამი.
იგი თავის წარმატებას უკავშირებს სკოლას სომხეთში, სადაც ბოლო ორი წელია სწავლობდა და თავის ფრანგულის მასწავლებელს ბათუმში.
„ჩემი წარმატება ნინო გურგენიძის, ჩემი ფრანგულის მასწავლებლის საკლასო ოთახიდან დაიწყო. ნინო ფრანგულს მასწავლიდა მეორე კლასიდან და მისი დახმარებით გავიგე პირველად ჩემი სკოლის შესახებ სომხეთში, სადაც გასული 2 წელი გავატარე და გავიარე დამამთავრებელი კლასები. ამ სკოლაში გავიგე ჩიკაგოს უნივერსიტეტის შესახებ.
United World Colleges Dilijan-ის სკოლაში აპლიკაცია 16 წლის ასაკში გავაგზავნე. მიმიღეს და დაფინანსებაც მოვიპოვე. კოლეჯმა და UWC-ის ქართულმა კომიტეტმა მომიძებნეს დონორი, რომელიც იხდიდა ჩემი სკოლის საფასურს 2 წლის განმავლობაში.
დამამთავრებელ კლასებში, სკოლაში, უნივერსიტეტის მრჩეველი და მენტორი მყავდა, რომელთა დახმარებითაც გავიარე ყველა ეტაპი ჩიკაგომდე. ძალიან ბევრი ბავშვი მოხვდა ჩემი სკოლიდან კარგ უნივერსიტეტში,“ – გვიამბობს მარიამი.
ჩიკაგოს უნივერსიტეტი შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. მარიამი მიიჩნევს, რომ ეს მისთვის საუკეთესო შანსია და უნივერსიტეტის რეიტინგის გარდა მისთვის მნიშვნელოვანი იყო გარემოც:
„პირველ რიგში, კამპუსმა შემაყვარა თავი. ულამაზესი ქალაქია ჩიკაგოც. შემდეგ მისი რეიტინგი, ჩემი ფაკულტეტის რეიტინგი და როცა მოვხვდი, დაფინანსებაც დაემატა ჩემს მიზეზთა სიას. ყველაზე კარგი პაკეტი შემომთავაზა ამ უნივერსიტეტმა.
მომწონს, რომ თავისუფალი სასწავლო გეგმა აქვთ. შემიძლია პირველი ორი წელი საერთოდ არ დავასახელო ფაკულტეტი და შემდგომში, როდესაც ჩამოვყალიბდები, ზუსტად ავირჩიო ის მიმართულება, რომელიც მინდა“.
მარიამი ამბობს, რომ ამ შედეგისთვის, მას ბევრი შრომა დასჭირდა.
„ამ ყველაფრისთვის რომ მიმეღწია, ძალიან ბევრი ვიშრომე.
იყო დღეები, როცა ოთახში ჩაკეტილი ვიყავი. ფიზიკურად დრო არ მრჩებოდა არც სოციალიზაციისთვის და არც გართობისთვის. დაახლოებით 12-13 საათი შეიძლება მემეცადინა შეუჩერებლად.
ვფიქრობ, უბრალოდ შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ მაინც დიდი დრო მჭირდება სწავლისთვის. მყავდა მეგობრები, რომლებიც ჩემზე ნაკლებს სწავლობდნენ და იმავე შედეგზე გადიოდნენ, რისთვისაც მე ორმაგი დრო მჭირდებოდა. ძალიან რთულია, როცა არ გაქვს დრო იმისთვის, რასაც შენი თანატოლები აკეთებენ.
მაგრამ ჩემს სკოლაში, სომხეთში, ყველა ბავშვი აპლიკაციის შედეგად იყო არჩეული, შესაბამისად ყველას ერთი რუტინა გვქონდა და არც გვეცალა ერთმანეთისთვის. ზოგჯერ ბიბლიოთეკაში ადგილის პოვნა მიჭირდა, დილით მივდიოდი ადრე და გამოცდების პერიოდში ერთად ვსწავლობდით ყველა, ამით ვივსებდით სოციალიზაციის დანაკლისს,“ – გვიყვება მარიამი.
კითხვაზე, მისი აზრით, რატომ შეარჩიეს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, მარიამი ხუმრობს, რომ ამაში მცირე „წვლილი“ ხაჭაპურსაც მიუძღვის:
„სომხეთის UWC Dilijan-ის სკოლიდან რომ ჩიკაგოში მოვხვედრილიყავი, დამჭირდა Common App-ი, თვითონ უნივერსიტეტის დამატებითი აპლიკაცია, ორი რეკომენდაცია მასწავლებლებისგან, ხოლო ერთი – მენტორისგან. ასევე, მთხოვდნენ მიმდინარე ნიშნების გაგზავნას.
ჩიკაგოს დამატებითი აპლიკაცია მოითხოვდა ორი ესეს დაწერას, დაახლოებით 1-2 გვერდის მოცულობის. მათგან ერთ-ერთი ხაჭაპურზე დავწერე და თან დავპირდი, რომ გამოვუცხობდი.
რთულია კონკრეტული მიზეზის დასახელება, თუ რატომ ამარჩიეს. ნიშნები კარგი მქონდა, რეკომენდაციების წაკითხვის უფლება არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი ქიმიის მასწავლებელი კარგ რეკომენდაციას მომცემდა; კლასგარეშე აქტივობებიც მქონდა და თან ხაჭაპურის გაკეთებას დავპირდი, რაზეც უარს არავინ იტყოდა,“ – ამბობს მარიამი.
იგი იმ მოსწავლეებს, რომელთაც საზღვარგარეთ სურთ სწავლა, თავის რჩევასაც უზიარებს:
„კარგი იქნება, თუ IB-ის [International Baccalaureate] დაამთავრებენ. მართალია, ეს გადამწყვეტი არ არის, მაგრამ უფრო მეტი შანსის მომცემია. დიდი ყურადღება მიაქციონ კლასგარეშე აქტივობებს და აპლიკაციებს, რომლებსაც სასურველ უნივერსიტეტებში მოსახვედრად მოამზადებენ. ააწყონ როგორც პაზლი, მთელი გულისყურითა და კონცენტრაციით ერთი მიზნისკენ და ყველაფერს შეძლებენ“.
სწავლას ჩიკაგოში მარიამი სექტემბრიდან შეუდგება. ფიქრობს, რომ პირველი სემესტრი იოლი არ იქნება, იმის მიუხედავად, რომ სახლიდან შორს, უცხო ქვეყანაში, კამპუსში ცხოვრების გამოცდილება უკვე აქვს.
„კამპუსი ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ სომხეთში სკოლის კამპუსთან შედარებით ჩიკაგოს კამპუსი ათასჯერ დიდია.
როდესაც პატარა სკოლაში ხარ, მეგობრების პოვნა ძალიან ადვილია. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ძალიან ბევრი და განსხვავებული სტუდენტია.
მოგზაურობა მინდა, თუ მექნება შანსი. ამერიკა ჩემთვის სახლს ნიშნავს შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
ჩიკაგოს უნივერსიტეტში ყოფნა ჩემთვის ასოცირდება დაუმთავრებელ ღამეებთან ბიბლიოთეკაში, მეგობრებთან ერთად ყავის რიგში დგომასთან ყოველ დილით და შაბათ-კვირას ჩიკაგოში სეირნობასთან,“ – გვითხრა მან.
კითხვას, სად წარმოუდგენია საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ, მარიამი ასე პასუხობს:
„10 წლის შემდეგ საკუთარ თავს წარმოვიდგენ ლაბორატორიაში, თეთრი ხალათით, სადაც საკუთარ ნაშრომზე ვიმუშავებ. უნივერსიტეტი მაძლევს უსაზღვრო შანსსა და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ვიყო და გავხდე ის, ვინც მინდა“.
„კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი იოლი არ არის. ერთის მხრივ, ცხადია, რომ პუტინი დიქტატორია, რომელმაც პირადად მიიღო ამ ომის გაჩაღების გადაწყვეტილება. მაგრამ, გარდა ამისა, არის რუსეთისა და რუსების პასუხისმგებლობაც.
პუტინი არ მოქმედებს ცარიელ სივრცეში, ის მოქმედებს კულტურულ კონტექსტში და შეიძლება ითქვას, რომ ის ამ კონტექსტის პროდუქტია. ამ კულტურულ კონტექსტში ძალიან ძლიერია რუსოფობიის იდეა, დასავლეთის მიერ რუსეთის ბლოკირების იდეა, ისევე როგორც დასავლეთის მიმართ უკმაყოფილების იდეა. მთელი ეს კულტურული იდეები ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას“ – ამბობს გერმანელი ისტორიკოსი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორ მარტინ შულზე ვესელი „ბიბისისთან“ ინტერვიუში.
მარტინ შულცე ვესელი. კადრი ვიდეომასალიდან
მისი თქმით, ძნელია შეადარო თანამედროვე რუსეთი და გერმანია მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, თუმცა:
„ორივე შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური ლიდერობა ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. რუსეთში ეს არის ჯარის მხარდაჭერა, ბიზნესის მხარდაჭერა და, შესაბამისად, ეს არ არის პუტინის ომი, ეს რუსეთის ომია“ – ამბობს ისტორიკოსი.
მისივე თქმით, არსებულ სიტუაციაში პუტინის შეცვლა მისივე წრიდან სხვა ლიდერით, ბევრს არაფერს შეცვლის. ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთში ცვლილება შესაძლებელია ორ შემთხვევაში:
„რეალური ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რევოლუცია ან ტრანსფორმაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რის შედეგადაც რუსეთში ღია საზოგადოება მეტ სივრცეს მიიღებს. მაგრამ ეს ათწლეულების საქმეა და არა წლების.
…უკრაინის გამარჯვება, რა თქმა უნდა, პუტინის დასასრული იქნება, რადგან ის ვერ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად მას შემდეგ, რაც უკრაინა თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს.
მაგრამ არ არის აუცილებელი ამან გამოიწვიოს რევოლუცია რუსეთში. თუმცა, შესაძლოა, გამოიწვიოს ავტორიტარული მმართველობის სხვა ფორმა. ამ შემთხვევაში, ამ ომის გამოცდილების გაცნობიერება ძალიან ნელა მოხდება“.
_____________
ფოტოზე: უკრაინის დროშები ქალაქ ჩერნიგოვის სასაფლაოზე. ჩერნიგოვი ერთი თვის განმავლობაში იბომბებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ქალაქი პირველ აპრილს გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ფოტო: EPA-EFE/STR
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგილაძის ქუჩების გადაკვეთაში არსებული ორსართულიანი შენობა ქალაქის ისტორიის ნაწილია, გამორჩეული და ღირებულია მისი არქიტექტურაც. შენობა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოვლილი და დაცული უნდა იყოს, ამას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს კანონი ავალდებულებს.
თავდაპირველად ქალაქის თვითმმართველობა მდებარეობდა ნაქირავებ ბინაში მარინის პროსპექტსა და მიხეილის ქუჩების კუთხეში თავადი გურიელის სახლში. 1902 წ დამთავრდა ქალაქის საბჭოს ვრცელი, მოხერხებული შენობის მშენებლობა დიდი დარბაზით სათათბიროს სხდომისთვის. საკანცელარიო სამმართველოს და სამშენებლო განყოფილების გარდა პირველ სართულზე განლაგებული იყო ქალაქის ლომბარდი და სხვა დაწესებულებები, მათ შორის ბიბლიოთეკა.
საკრებულოს ფოიე. ბათუმში ხმოსანთა პირველი არჩევნები 1888 წლის 25 აგვისტოს და 2 სექტემბერს ჩატარდა. იმავე წლის პირველ ოქტომბერს თანამდებობის პირთა არჩევნებისა და ფიცის მიღების შემდეგ ქალაქის საზოგადოებრივმა მმართველობამ დაიწყო საქმიანობა. ბათუმის საქალაქო სათათბიროში 36 ხმოსანი აირჩიეს.
„ეს დიდებული შენობა დღესაც ამშვენებს ჩვენს ქალაქს და მნახველის დიდ ყურადღებას იპყრობს“, – წერია მერიის ვებგვერდზე. ეს წესით იმას უნდა ნიშნავს, რომ ძეგლების დამცველებს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ძალისხმევა არც სჭირდებათ შენობის დასაცავად – ბოლოს და ბოლოს მისი „პატრონი“ ხომ თავად მერიაა და ამავე შენობაშია ქალაქის საკრებულოც.
უვლის თუ არა მერია შენობას ისე, როგორც ამას კანონი ითხოვს?
ქალაქისთვის მნიშვნელოვან შენობაში უკვე ექვს თვეზე მეტია სხდომათა დარბაზი დაკეტილია. წინა მოწვევის საკრებულომ ბოლო რამდენიმე სხდომა უმაღლესი საბჭოს დარბაზში გამართა, ახალი საკრებულო კი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბა.
მერიის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბათქაში ჩამოვარდა: „პრეზიდიუმი“ და „პრეზიდიუმზე განთავსებული ავეჯი“ დააზიანა. შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა.
დოკუმენტების მიხედვით, სახურავში წვიმამ გაჟონა, რაც დაზიანების მიზეზი გახდა.
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზი- მიმდინარე რემონტი
შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევიდან 6 თვის შემდეგაც დარბაზი იგივე მდგომარეობაშია და საკრებულო აქ სხდომებს სავარაუდოდ კიდევ დიდხანს ვერ გამართავს. ხელშეკრულება დარბაზის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე 3 მაისს არის გაფორმებული. ტენდერი 18 აპრილს გამოაცხადეს.
რამდენიმე კვირის წინ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის წამოსაღებად მერიის კანცელარიას მივაკითხეთ, პირველ სართულზე კანცელარიის ოთახში კარის შეღებისთანავე ნესტის მძაფრი სუნი იგრძნობა: ერთი შეხედვით ეს შეიძლება იქვე დასაწყობებული უამრავი დოკუმენტის მიზეზით აიხსნას, თუმცა ფანჯრების მხარეს გამავალ კედელს თუ შეეხებით მიხვდებით, რომ ის სველია.
არ ვიცით რა ვითარებაა სხვა ოთახებში, რადგან იქ შესვლის საშუალება ბოლო პერიოდში არ გვქონია.
ეს სხდომათა დარბაზთან განთავსებული ფოიეა, ვიდრე რემონტია სკამები დროებით აქ განათავსეს
როგორ შეიცვლება სხდომათა დარბაზი ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.
„უკრაინელ სამხედრო ტყვეთა საერთო რაოდენობა 6 489 ადამიანია, თუმცა ეს რიცხვი არ ითვალისწინებს იმ ტყვეებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან,“ – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
სერგეი შოიგუს კომენტარს, თავდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით, კრემლის კონტროლირებადი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ტყვეობაში „აზოვსტალის“ დაახლოებით 2500 დამცველი იმყოფება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ „აზოვსტალიდან“ 2439 სამხედრო ჩაბარდა.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის დენის პუშილინის განცხადებით, ყველა უკრაინელი სამხედრო, რომელიც მაისში „აზოვსტალიდან“ გამოვიდა ამჟამად რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. მისივე ინფორმაციით, დონეცკის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 000 უკრაინელი სამხედრო ტყვეა.
_____
ალყაშემორტყმული ქარხანა „აზოვსტალი“ მარიუპოლში ერთადერთი ადგილი იყო, რომლის აღებაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. მანამდე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, რუსეთმა თითქმის მთლიანად დაიკავა ქალაქი და ინტენსიურად ბომბავდა როგორც მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, ისე დასახლებულ პუნქტებს.
მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ გაეროს დახმარებით „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა მოახერხა. 16-17 მაისს კი ქარხანა მისმა დამცველმა მებრძოლებმაც დატოვეს, ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
Rethelstraße 100 40237 Düsseldorf – ამ მისამართზე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ქართული ღვინის ბარი, „Kakhaber“ ბევრ სტუმარს მასპინძლობს.
ბარის მეპატრონე 41 წლის კახაბერ გაბელაიაა. გერმანიაში 14 წლის წინ გადასახლდა და ღვინის ბარის იდეა პანდემიის დაწყებამდე გაუჩნდა. ამისთვის შესაფერისი ადგილი იქირავა, მზადება დაიწყო და პანდემიამაც იფეთქა. დაიკეტა ბარები და რესტორნები. კახას გეგმა შეიცვალა.
რახან ბარები დაიკეტა მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. თუ ბარში მცირე რაოდენობის ღვინო იყო საკმარისი: თითო დასახელების ღვინის 10 ბოთლი მაგალითად, ღვინის მაღაზიას დიდი რესურსი სჭირდებოდა – ხალხის მისაზიდად მაღაზიაში ღვინის დიდი არჩევანი უნდა ჰქონოდა. ასე გაჩნდა კახას ღვინის ბარად ჩაფიქრებულ მაღაზიაში 120, 130 სხვადასხვა დასახელების ღვინო – სხვადასხვა დიდი თუ პატარა მარნის.
მაღაზიის რემონტის დროს მეგობრები დაეხმარნენ. მეგობრები დაეხმარნენ პანდემიის დასასრულს ბარის ამუშავებაშიც.
„მთელ გერმანიაში ჩემი ბარი ერთადერთია, სადაც მხოლოდ ქართული ღვინო და პროდუქტები იყიდება, მეტი არაფერი. ეს საქართველოდან გერმანიაში ღვინის ყველაზე დიდმა ექსპორტიორმა, პაატა ბოლოთაშვილმა მითხრა. პაატაც და საქართველოდან ღვინის სხვა ექსპორტიორებიც ძალიან დამეხმარნენ, პანდემიის დროს ღვინით მამარაგებდნენ და დიდი შეღავათი გამიწიეს.
ქართული ღვინის ბარი – Kakhaber-ი
მერე ბარები და რესტორნები გაიხსნა. მანამდე კი წელიწად-ნახევარი მხოლოდ ღვინის მაღაზია მქონდა. ღვინო მაღაზიაში ბოთლებით იყიდებოდა და დასხმის უფლება არ მქონდა, ბარს სხვა ლიცენზია სჭირდება. 2021 წლის სექტემბერში მივიღე ალკოჰოლური სასმელების დასხმის ლიცენზია რესტორნის გარეშე: ჩაქაფული და ხინკალი ჩემთან არ არის. ჩემს ბარში მინდოდა მხოლოდ მცირე ხემსი და ღვინო ყოფილიყო, შემოსულიყვნენ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და არა სადილისთვის.
ბარის ლიცენზიის მიღება გერმანიაში ძალიან რთულია, ბიუროკრატულ პროცესს დიდი დრო სჭირდება. 13, 14 თვე ველოდი.
რვა თვეა უკვე ბარი მაქვს და სტუმრებით ივსება როგორც შიდა სივრცე, ასევე ტერასა. კვირა-ორშაბათს დაკეტილია, სხვა დროს სულ ვმუშაობთ.
თავიდან ყოველდღე მარტო ვიდექი დახლთან. მერე დახმარება დამჭირდა და მეგობარი, გიორგი შეყილაძე და მისი მეგობარი გოგო, იზაბელი დამეხმარნენ. ისინი ახლაც ჩემთან ერთად მუშაობენ, მეგობრები ვართ, თან ერთად ვმუშაობთ. გიორგი დირიჟორი და კომპოზიტორია, ძალიან დაინტერესებულია ღვინით. მაღაზია რომ მქონდა ჩემგან ბევრ ღვინოს ყიდულობდა, ისე ხშირად იყო აქ, რომ ბოლოს აქვე დაიწყო მუშობა.
ღვინო კარგად ესმის, ვმუშაობთ, თან ვერთობით.
ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი გოგო, ჟულიეტ ადროვერიჟ, მეგობრები, აბესალომ დაბახიშვილი, მიშა ჩიხლაძე, ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურად მეგობრები რომ არ დამხმარებოდნენ, ძალიან გამიჭირდებოდა.
ჩემი ბარის ლოგოც ასეთია: ნახატზე მე ვარ, მაგრამ გვერდით ერთ მხარეს ბესო მიდგას, მეორე მხარეს მიშა”, – ამბობს კახა.
ღვინოსთან იდეალურად შეხამებული მცირე ხემსისთვის კახა ყოველთვის საუკეთესო ყველს იყენებს და გამომშრალ პურთან ერთად ამატებს ჯონჯოლს, ეკალას, ლეღვის ან კაკლის მურაბას, ჩირს, აქვთ სხვადასხვანაირი ტყემალი მომცრო ჯამებით, ყოველგვარი ხემსი, რაც საქართველოდან გერმანიაში მზა სახით ჩადის.
„ძალიან მინდა ცივი სამზარეულოს პრინციპით შევთავაზო მალე ჩვენი ბარის სტუმრებს ფხალი და ბოსტნეული: მხოლოდ მოწალული, შეწვის გარეშე და მხოლოდ ქვიჯაში დანაყილი, გატარებული ან გახეხილი, მოწალული ფხალი თუ ბოსტნეული – ვეგანური, ხორცის გარეშე. შესაძლებელია მხოლოდ პატარა მჭადები გამოვაცხოთ ფხალეულისთვის“, – ამბობს კახა.
ქართული ღვინის ბარი Kakhaber-ი
დიუსელდორფში აქამდე სახელოვნებო სალონ Salon des Amateurs-ში მუშაობდა, სადაც ფოტოგრაფების, მხატვრებისა თუ მუსიკოსების თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით, როცა კახამ ქართული ღვინის ბარი გახსნა, პირველ სტუმრებად სწორედ სალონიდან ეწვივნენ ბარში – ქართული ღვინის დასაგემოვნებლად.
გატაცებულია ფოტოგრაფიით და ძველი, ფირის აპარატით, ზენიტით იღებს. ცოტა ხნის წინ დიუსელდორფში გამოფენაზე სახელწოდებით KÖ106 კახას რამდენიმე ფოტო გამოიფინა.
მაისის დასაწყისში, დიუსელდორფში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალზე Hombroich Racketenfestival ქართული ღვინის ბარს „Kakhaber“ სთხოვეს ქართული ღვინით გამასპინძლებოდნენ ფესტივალის სტუმრებს. ღვინის სტენდთან უამრავი ადამიანი მიდიოდა და ღვინოს აგემოვნებდა.
მეორე კვირას, ფესტივალის დამსწრეებმა, რომლებსაც ქართული ღვინო მოეწონათ, კახას სხვა ქართული ღვინოების გასასინჯად უკვე ბარში მიაკითხეს.
კახა გვიყვება, რომ ღვინის პოპულარიზაციისთვის მთავარი პირობა ღვინის ხარისხია, თუმცა მნიშვნელოვანია ურთიერთობები და პირადი კონტაქტებიც:
აქ ძალიან ცნობილ გალერეაში Max Mayer-ში, სადაც ბევრს ვიცნობ, უკვე თითქმის ყოველი ახალი გამოფენის გახსნისას მოთხოვნაა ქართულ, ქვევრის ღვინოსა და ხემსზე.
„ახლახან მთხოვეს ამ გალერეაში გამოფენაზე ღვინოსთან ერთად ხემსიც გამეკეთებინა. მე და ჟულიეტი მთელი ღამე ვეგანურ ქართულ ფხალს ვაკეთებდით, ძალიან ლამაზი გამოვიდა ყველაფერი.
მთავარ კერძად სოკოს ჩაქაფული გავაკეთეთ, იქვე შევათბეთ და ყველას ძალიან მოეწონა. ვიცი რა იყო სოკოს ჩაქაფულის საიდუმლო: მწვანე ტყემალიც კი, რომელიც გამოვიყენეთ, საქართველოდან იყო ჩამოტანილი, დაკონსერვებულ მარცვლებად“, – გვიყვება ბარის მეპატრონე.
ცდილობს ბარს მყუდრო ატმოსფერო შეუნარჩუნოს, მუსიკა ბარში ოთხიდან შვიდ, რვა საათამდე უკრავს. ქართული ღვინის ბარი დიუსელდორფში მალევე იქცა მეგობრების შეხვედრის ადგილად.
ღვინის ბარის მეპატრონე ამბობს, რომ ქართული ღვინის მომავალი პატარა მარნებისაა, რომლებიც მცირე რაოდენობით, იშვიათი ჯიშის ყურძნისგან აყენებენ ღვინოს:
„ბევრს ვკითხულობ ღვინოზე, ვცდილობ ამ თემაზე ყოველთვის მეტი გავიგო, ვიდრე ვიცი. მაქვს დიდი მარნების ქართული ღვინოც და პატარა მარნებიც. ვფიქრობ, ქართული ღვინის მომავალს დიდი მარნები ვერ განსაზღვრავს და ვიტყვი რატომაც: მხოლოდ გერმანიაში უამრავი სხვადასხვა დასახელების ძალიან კარგი, ადგილობრივი ღვინოა, გაცილებით იაფი, ჩვენი დიდი მარნების ღვინოსთან შედარებით. რეალობა არის ის, რომ ჩვენ მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ.
უნიკალური და ხელშესაწყობია პატარა მარნები, მეღვინეები, რომლებიც 1000, 2000 ბოთლ ღვინოს აყენებენ წელიწადში. ასეთ ღვინო ძვირიცაა და მომხმარებელმა იცის მისი ფასი.
ჩემი მიზანი პატარა მარნების ღვინის პოპულარიზაციაა, იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც ძველებური წესით ქვევრში აყენებს ღვინოს. მაქვს 40, 50 სხვადასხვა პატარა ქართული მარნის ღვინო. ეს მთელი გერმანული ბაზრისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩემი პატარა ბარისთვის დიდი რესურსია. სწორედ ასეთ ღვინოს აქვს ხასიათი და ინდივიდუალობა.
როცა ერთნაირი ქვევრები ორი მეტრის დაშორებითაა მიწაში ჩაფლული, ორივეში ერთი და იმავე წლის მოსავალი რომ ესხას, ღვინო მაინც სხვადასხვანაირი გამოდის: ორივე ქვევრს გარშემო მიწის სხვადასხვანაირი მინერალები აქვს და ეს გემოზეც აისახება“, – ამბობს კახა მცირე მარნებზე საუბრისას და აგრძელებს:
Kakhaber-ი – ქართული ღვინის ბარი
„უამრავი ყურძნის ძველი ქართული ჯიშია, რომლის ღვინოც თუ არ გაიყიდა, ვერც ეს ვენახი მომრავლდება, მეღვინეებსაც ღვინის დაყენების ინტერესი აღარ ექნებათ და თუ მხოლოდ დიდი მარნები იქნებიან დომინანტები, იქნება ის, რაც საბჭოთა დროს იყო: მილიონობით ბოთლი ისხმებოდა რქაწითელასა და საფერავის. მსოფლიოს ეგონა, რომ ეს იყო ქართული ღვინო, მაგრამ არ არის. უამრავი სხვა ჯიშია, რომელიც უნდა გადარჩეს და თუნდაც ერთი ჰექტარი ჰქონდეს პატრონს, მაინც უნდა უღირდეს დააყენოს ღვინო, რომ დაუფასდეს“.
დიუსელდორფში ბევრი იაპონელი ცხოვრობს, ქვევრის ღვინო ძალიან მოსწონთ. ერთხელ Kakhaber-ში იყიდეს ბევრი კარგი ღვინო, ქვევრის ქარვისფერი და მეორე დღეს დაბრუნდნენ, ძალიან გაბრაზებულები ვართ შენზეო, ბარის მეპატრონეს უთხრეს იაპონელებმა. კახა შეცბა და იფიქრა, რომ სტუმრებს ღვინო არ მოეწონათ, მობოდიშებას აპირებდა და ღვინის შეცვლის შეთავაზებას, მაგრამ იაპონელებმა დაასწრეს: ძალიან გაბრაზებულები ვართ, უზომოდ მოგვწონს ქვევრის ღვინო და ყოველდღე მოსვლა და ყიდვა გვინდებაო. კახამ ამოისუნთქა.
ახლა აგვისტო-სექტემბრისთვის ემზადება, აგვისტოში ქართული სთრით-ფუდის საღამოს გამრავალფეროვნებას გეგმავს ქვევრის ღვინით, სექტემბერში კი ბარი Kakhaber-ი დიუსელდორფში ანსამბლ „ჩვენებურების“ კონცერტზე მისცემს მსმენელს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას.
2022 წლის პირველი მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 1 105.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნულ მონაცემებს შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.
[toggle title=”აკრძალულ პირთა სიის შესახებ ვრცლად ნახეთ აქ:”]
„მუხლი 3. აკრძალული პირი და აკრძალულ პირთა სია
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალული პირი არის პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. ამ წესის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);
ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოში (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) დასაქმებული პირი;
გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.
2. აკრძალულ პირთა სია გულისხმობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას.“
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
• არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
• თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
„მაქვს იდეა, დაბა შუახევში მერიის დაფინანსებით მონიტორი დაამონტაჟონ. იდეის შესახებ განაცხადს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარვადგენ მერიაში. როგორც გავიგე, თანხა ყოფილა გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლითაც იდეებს აფინანსებენ. მართალია, ჯერ იდეამ უნდა გაიმარჯვოს, თუმცა უკვე ვესაუბრე ახალგაზრდებს დაბაში, მოეწონათ და იმედი მაქვს, მის განხორციელებასაც მხარს დაუჭერენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის… რაღაც შემეცნებითი, გასართობი უნდა იყოს – საღამოს, თავისუფალ დროს, გახვიდე, უყურო თუნდაც ფილმებს. ეს არა მარტო ახალგაზრდებისთვის იქნება კარგი, არამედ ბავშვებისა და დიდებისთვისაც,“ – ამბობს 23 წლის დათო ხალაძე, რომელიც დაბა შუახევში ცხოვრობს.
დათო ხალაძე
დათო ფიქრობს, რომ უმჯობესია მონიტორი დაბის კულტურის სახლთან დაამონტაჟონ. პროექტის შესახებ კი, რომლითაც შუახევში იდეების დაფინანსება და რეალობად ქცევაა შესაძლებელი, მან დაბაში იმ საინფორმაციო შეხვედრებიდან გაიგო, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და მერიის წარმომადგენლები მართავდნენ.
„დაბაში იყვნენ და მაშინ გავიგე ამ პროექტის შესახებ. წელს პირველად ხორციელდება პროგრამა. ჩვენ ამჯერად ამ იდეით დავიწყებთ და თუ გაგრძელდება კიდევ, მეტი იდეა გვექნება და კიდევ მეტ რამეს თუ გავაკეთებთ, კარგი იქნება,“ – ამბობს დათო ხალაძე.
იდეების [შემდგომში ამ იდეების საფუძველზე შესაბამისი პროექტების] დაფინანსება დაბა შუახევში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
მოქალაქეებს 14 წლის ასაკიდან ან საინიციატივო ჯგუფს, საშუალება აქვთ წარადგინონ იდეა, რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს. რომელი იდეა გაიმარჯვებს, ამას დაბაში რეგისტრირებული საარჩევნო უფლებების მქონე მოქალაქეები კენჭისყრის გზით გადაწყვეტენ.
იდეების წარდგენა შუახევში დაწყებულია და 2022 წლის 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. შემდგომ ჩატარდება კენჭისყრა, რომლის თარიღსაც დაბის ამომრჩევლებს წინასწარ შეატყობინებენ. კენჭისყრის შედეგად გამოვლენილ პროექტებს კი მუნიციპალიტეტი 2022 წელს განახორციელებს.
შეხვედრა დაბა შუახევში
შუახევის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელია შუახევის მუნიციპალიტეტის მერია; საინფორმაციო მხარდამჭერი კი – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს ანალოგიური პროექტების მხარდაჭერის კარგი გამოცდილება დაუგროვდა. გასულ წელს ქედის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას გავუწიეთ საინფორმაციო მხარდაჭერა. ამჯერად საინფორმაციო მხარდამჭერები ვართ შუახევსა და ხულოში.
ასლან ჭანიძე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეებთან ერთად / კარდაკარი შუახევში
შუახევში წელს პროგრამა საპილოტეა და ის მხოლოდ დაბაში ხორციელდება. ჩვენმა ორგანიზაციამ, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა დაბაში უბნების მიხედვით. მოქალაქეებს შევხვდით ასევე კარდაკარის პრინციპით.
ამ პერიოდში მათ მივაწოდეთ ინფორმაცია პროგრამის შესახებ, დავურიგეთ საინფორმაციო ფლაერები, იდეის განაცხადის ფორმები. პროგრამის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო კლიპიც, რომელიც გადის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. შეიქმნა ასევე ფეისბუქგვერდი – უფლება შესაძლებლობაა“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.
ასლან ჭანიძის თქმით, კენჭისყრა დაბაში სამდღიანი იქნება და თარიღი წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.
კარდაკარი დაბა შუახევში
შუახევის მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოფელი წყვეტს, თუ რა უნდა გაკეთდეს. ვინაიდან ამ პროგრამით ვერ სარგებლობს დაბა შუახევი, ამიტომ გადაწყდა, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა, როგორც საპილოტე, წელს დაბაში განხორციელებულიყო.
მირიან აბაშიძე [შუაში] / კარდაკარი დაბა შუახევში„წელს გამოყოფილია 60 ათასი ლარი. ამ თანხის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს იმდენი პროექტი, რამდენსაც ეს თანხა ეყოფა. თუ, მაგალითად, პირველ ადგილზე გასული პროექტის ღირებულება 60 ათასია, მხოლოდ ის განხორციელდება. თუ პირველ ადგილზე გასული პროექტი, ვთქვათ, 30 ათასი ლარია, დარჩენილი 30 ათასის ფარგლებში მომდევნო, მეორე-მესამე და ა.შ ადგილზე გასული პროექტები დაფინანსდება“, – ამბობს მირიან აბაშიძე.
მისივე თქმით, წელს დააკვირდებიან, როგორი იქნება მოსახლეობის ჩართულობა, რა ინტერესს გამოიწვევს ეს პროგრამა და ამის შემდეგ გადაწყდება, მომავალ წელში გაგრძელებენ თუ არა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დაფინანსებას.
„ჩვენ 21 ივნისამდე ველოდებით იდეების შემოტანას, ამის შემდეგ ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება, დარეგისტრირდება და შემდეგ კენჭისყრით მოსახლეობა გადაწყვეტს, რომელ პროექტებს მიანიჭებენ უპირატესობას…
მერიაში შექმნილია ასევე მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც საკრებულოს, ასევე მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭო განიხილავს მხოლოდ იმას, წარმოდგენილი იდეა შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას. ამასთან, თუ იდეის ღირებულება აღემატება 60 ათას ლარს – საბჭო ავტორს შესთავაზებს, ან დააკორექტიროს პროექტი, ან უარს ეტყვის“, – ამბობს მირიან აბაშიძე, რომელიც აღნიშნულ საბჭოს ხელმძღვანელობს.
კარდაკარი დაბა შუახევში
პროგრამის მიზანი: მონაწილეობითი ბიუჯეტი [თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება] ხელს უწყობს პირდაპირი დემოკრატიის პროცესს, რომლის საშუალებითაც ხალხი აწარმოებს დიალოგს და იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. იწვევს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას მოსახლეობის წინაშე და უზრუნველყოფს მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მონაწილეობითი ბიუჯეტი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, რა პროექტი განხორციელდეს დაბაში.
შედგენილი განაცხადის ფორმის საშუალებით, საპროექტო იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია:
საპროექტო იდეები მიიღება 2021 წლის 3 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
კარდაკარი დაბა შუახევში
გაითვალისწინეთ:
თითოეული საპროექტო იდეის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 60 000 (სამოცი ათასი) ლარს.
საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.
პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.
პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის ან ბიზნესინტერესებზე.
მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო განახორციელებს საპროექტო იდეების ტექნიკურ შერჩევას [სამართლებრივი და ფინანსური შეფასება], რის შემდეგ პროექტის ავტორებს ეცნობება გადაწყვეტილება.
მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, იდეის ავტორს შესაძლებლობა ექნება, მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ:
თქვენ წარადგენთ მხოლოდ საპროექტო იდეას და არა პროექტს;
თქვენ არ გევალებათ ზუსტი პროექტის შედგენა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა;
საპროექტო იდეის წარდგენის შემდეგ, მისი დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოში.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა. ანუ გამარჯვებული საპროექტო იდეა კენჭისყრის მეშვეობით გამოვლინდება:
ხმის მიცემის პროცესში დაბაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ ხმა მისცენ მხოლოდ ერთ საპროექტო იდეას.
იდეების შესარჩევი კენჭისყრა გაიმართება საარჩევნო უბნებში. საარჩევნო თარიღები მოსახლეობას ეცნობება წინასწარ.
იდეის გამარჯვების შემთხვევაში, შეგეძლებათ, სრულად გააკონტროლოთ პროექტის განხორციელების პროცესი!
შეხვედრა შუახევში
პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
იტალიაში პოლიციამ ამოიღო კოლუმბიური ბანდის 4,3 ტონა კოკაინი, რომლის ღირებულებაა 240 მილიონი ევრო. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
პოლიცია აცხადებს, რომ ეს იყო ნარკოტიკების ამოღების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია, რაც განხორციელდა საერთაშორისო გამოძიების შედეგად, რომლის ფარგლებშიც ექვს ქვეყანაში: იტალიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებსა და კოლუმბიაში 38 ადამიანი დააკავეს.
კოკაინის გარდა სამართალდამცავებმა 1,85 მლნ ევროს კონფისკაცია მოახდინეს.
გამოძიება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მასში მონაწილეობდა როგორც კოლუმბიის სასამართლო, ასევე, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახური.
კოლუმბიის ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ფოკუსირდნენ ბანდა Clan del Golfo-ს განადგურებაზე, რომლის ქსელიც მსოფლიოს 28 ქვეყანაშია. ბანდის ლიდერი, დაირო ანტონიო უსიგა, გასულ წელს დააკავეს კოლუმბიაში.
20 ივნისს თურქეთში ნატოს სამხედრო წვრთნები – Ramstein Dust II-2022 (RADU II-22) დაიწყება და 28 ივნისამდე გასტანს.
წვრთნები კონიაში გაიმართება, მესამე მთავარ სარაკეტო ბაზაზე.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები ჩატარდება Anatolian Eagle 2022 საერთაშორისო სასწავლო კურსთან ერთად, რომელიც კონიას ბაზაზე საჰაერო ოპერაციების მეთოდების თვალსაზრისით უნიკალურ წვრთნის შესაძლებლობას იძლევა.
„იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს, გინდოდეს გაქცევა აქედან. იმიტომ, რომ ყველას გაქცევა უნდა,“ – ამბობს 27 წლის გიორგი ხუხუნაიშვილი. ის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, კინორეჟისურის ფაკულტეტზე სწავლობს.
დასაქმება, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი და ადეკვატური შრომის ანაზღაურება, თავისუფალი დრო დასვენებისათვის – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენი რესპონდენტი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების მთავარ გამოწვევად ასახელებს.
თავად არაერთ ადგილას უმუშავია. იყო ჭურჭლის მრეცხავი, ბარმენი, კურიერი. ახლა სადიპლომო ფილმს იღებს და იმედი აქვს, რომ თავისი პროფესიით დასაქმდება.
გიორგისთან ინტერვიუ მის სამუშაო გამოცდილებაზე საუბრით დავიწყეთ.
რა იყო თქვენი პირველი სამსახური?
პირველი სამსახური იყო თბილისში. კურიერად ვმუშაობდი. მინდოდა, სწავლის ფული ჩემით გადამეხადა. მაკომპლექსებდა სახლში ფულის თხოვნა. ძალიან არ მიყვარს. ჩემს თაობაში რასაც ვაკვირდები, ყველა ასეა – არავის გვიყვარს სახლში ფულის მოთხოვნა. იმიტომ, რომ სახლში ფულს რომ ითხოვ, შემდეგ რაღაცნაირად დამოკიდებული ხარ.
თავიდანვე რომ შეეგუები იმას, რომ მარტო ხარ, მარტომ უნდა გადალახო პრობლემები, 40 წლის ასაკში ისევ ბავშვი არ იქნები. ამან გადამაწყვეტინა. ასევე გადამაწყვეტინა ჩემმა შეყვარებულმა. თვითონ რომ მუშაობდა და მე არ ვმუშაობდი, მაგანაც ცოტა დამაკომპლექსა.
წავედი თბილისში.
დავალიანება მქონდა უნივერსიტეტის. ეს უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს, სტატუსი არ შეგიჩეროს. ყველანაირად უდგანან სტუდენტებს გვერდში და მადლობა ამისთვის. 8 თვე ვიმუშავე კურიერად.
ბავშვობაში როგორი მომენტი მქონდა იცით? მძღოლს რომ ვუყურებდი, მეთქი, რა ენაღვლება, ზის, ატარებს. პირველი ერთი კვირა „ვკატაობდი“ მოპედით. ერთი კვირის მერე რომ დავაკვირდი, დღეში 200 – 220 კილომეტრს გავდიოდი. შემდეგ ხერხემლის ტკივილი დამეწყო და მერე მივხვდი, რომ კი არ „ვკატაობდი“, ვმუშაობდი.
რა გამოცდილება მიიღეთ კურიერად მუშაობით?
მთავარი სირთულე ისაა, რომ ყოველთვის დაძაბული ხარ. თან თბილისში ბათუმთან შედარებით ქაოტური მოძრაობაა. სულ დაძაბული ზიხარ და ფიქრობ – აი, ახლა მოყვები ავარიაში, აი ახლა. თან სულ ჩქარობ.
პირველი ერთი კვირა ძალიან ნელა დავდიოდი. დღეში რომ უნდა გამეკეთებინა 90 ლარი, ვაკეთებდი 30 ლარს შიშის გამო. მომიწია ამ შიშის გადალახვა. თავიდან სხვა კურიერებს ვეკითხებოდი – „როგორ რისკავთ, რომ ასე სწრაფად დადიხართ“? მითხრეს – ერთი კვირა ადროვე საკუთარ თავს და ჩვენზე უარესს იზამო. ერთ კვირაში მივხვდი, რომ სასწაულ რაღაცებს ვშვებოდი. დაძაბულობა, როდესაც ორბორბლიან ტრანსპორტზე ზიხარ, არის ძალიან საშიში. პირიქით, მოდუნებული უნდა იყო. ყველაფერს უნდა ხედავდე.
სირთულეს ქმნის ისიც, რომ მიგაქვს შეკვეთა, მოპედზე ზიხარ, ამ დროს მომხმარებელი გირეკავს – „სად ხარ? ხუთი წუთი რატომ აგვიანებ?“
მესმის, რომ ყველას გვინდა გემრიელი და თბილი საჭმელი, მაგრამ როცა მომაქვს, თან გეუბნები, რომ გზაში ვარ. თან ცალი ხელით უნდა ვატარო, თან 60-ით ვიარო, თან გზას ვუყურო და თან შენ უნდა გიხსნა, რატომ ვაგვიანებ. და ეს ხდება მონოტონურად.
როდესაც მოპედზე ზიხარ, მანქანის გამონაბოლქვი, პირდაპირ მოდის სახეში. მანქანის გამონაბოლქვს აქვს ტკბილი გემო. გაშიებს, გაბრუებს, გთიშავს…
ხალხის დამოკიდებულება კურიერის მიმართ ძალიან ცუდია.
პანდემიის დროს გვიან ღამე შეკვეთა ავიღე. ის პერიოდია, ცხრა საათის შემდეგ გარეთ რომ ვერ გამოდიოდა ხალხი. ხურდა უნდა დამებრუნებინა, 5 ლარი 20 თეთრი. ზუსტად ეს თანხა მქონდა.
ლიფტში ჩავაგდე ეს 20 თეთრი, მე-16 სართულზე ცხოვრობდნენ და სხვა ხურდა არ მქონდა.
საშინლად დაღლილი ვიყავი. თან ღამეა, ორის ნახევარი. 33-ე შეკვეთა იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ 66 ადგილას ვიყავი. ერთი შეკვეთა ორი გაჩერებაა. 66 ადგილი თბილისისთვის არის 220-230 კილომეტრი.
მეთქი, რა უნდა მითხრას, ავალ ლიფტით და ბოდიშს მოვუხდი.
დავაკაკუნე. ბებო აღებს კარს და ვეუბნები, ბებო ასე, ასე. ბოდიში, 20 თეთრი თქვენს ლიფტში ჩავაგდე, ისევ იმიტომ, რომ თქვენთან ამოვსულიყავი.
როგორ გამლანძღა იცით? საშინელი სიტყვები მიძახა.
მომცა საქართველოს ბანკის პირადი ნომერი და დამარიცხინა ეს 20 თეთრი. 20 თეთრს ხომ ვერ დარიცხავ…
კი მიყურებთ ახლა, ცოტა ისეთი ვარ, მამაკაცური, მაგრამ მაინც მგრძნობიარე ვარ. ლიფტში შევედი, სტოპს დავაჭირე, გავაჩერე და საშინლად ვტიროდი.
ძალიან შემრცხვა. აქედან დაიწყო უკვე ის, რომ მივხვდი ჩემი საქმე არ იყო.
არც არავის საქმე არაა. ცუდად არ მინდა გამომივიდეს.
არის მეორე მომენტიც. თიფსზე იწყებ მუშაობას, გინდა, რომ კარგად მოემსახურო. ზოგი არის ისეთი, შეიძლება ყველაფერი კარგად გააკეთო, თიფსი 20 ლარიც მოგცეს, მაგრამ ისე მოგცემს, ზემოდან გიყურებს. დამიხევია ეგ 20 ლარი.
რა განაპირობებს ასეთ დამოკიდებულებებს, თქვენი აზრით?
არ უშრომიათ. არ იციან, რომ მენაგვეც და ექიმიც შრომის ამბავში თანასწორია. არ უნდა დავაკნინოთ ადამიანი. ნაბიჯები არ გაუვლიათ ამ ადამიანებს. მაგალითად, თეატრში ხომ შეიძლება ჯერ სცენის მუშა იყო, მერე განვითარდე. შრომის ფასი არ იციან. მგონია, რომ მამიკოს ფულებზე გაზრდილი ადამიანები არიან. 40 წლის ასაკში ხვდებიან, რომ უნდა იმუშაონ. შეიძლება ბევრი მიზეზია, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, ყველა ასეთი ადამიანი იყო, ვინც ზემოდან გადმომხედა.
განათლებაც პრობლემაა. წიგნების არ წაკითხვა. ყველა ფიქრობს, წიგნებიდან რას ვისწავლი. რა უნდა მასწავლოს ახალი – მქონია დისკუსიები. შეიძლება არაფერი არ გასწავლოს, მაგრამ უფრო მეტად ჰუმანური ხდები.
[ადამიანები] არ არიან ჰუმანურები, არ წაუკითხავთ წიგნები, უყვართ მარტო დათა თუთაშხია, სერიალი და არა – წაკითხული.
გიორგი ხუხუნაიშვილი
ასაკის მიხედვით განსხვავდება დამოკიდებულებები?
ახალგაზრდებიდან უფრო დადებითი დამოკიდებულება მახსენდება. მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებს აქვთ დაგვიანებაზე ძალიან დიდი პრობლემა.
მაგათ აქვთ როგორი პრობლემა იცით? ჩემი ფულია, რატომ მიგვიანებ. აპლიკაციას აქვს ფუნქცია, გიწერს, რამდენ ხანში მოდის კურიერი. მაგრამ გზაში ყველაფერი ხდება. შეიძლება საერთოდ საბურავი გამისკდეს. დავრეკო, მოვიდნენ, გააკეთონ. ასეთ რაღაცებს ვერ გიგებენ. შეიძლება წითელზე გავჩერდი უფრო დიდი ხანი ან ყველა გადასასვლელზე წითელი შემხვდეს.
ვერ ხვდება, რამხელა რისკის ქვეშ ხარ, იმიტომ, რომ თვითონ შეიძლება ოფისში იჯდეს.
უმეტესად ისეა, რომ ოფისის სამსახურები უფრო წინა პლანზე წამოვიდა.
ვერ ხვდება, რატომ შეიძლება დააგვიანო.
მაგრამ ჩემი თაობა მაინც უფრო გამგებია. მახსოვს, ორ გოგოს მივუტანე ხინკალი. გარეთ ვერ გამოდიოდნენ და ისე ყვიროდნენ გმირი ხარო. „იმენა“ გმირი ხარო. შოკოლადები მაჩუქეს და ხინკალზეც დამპატიჟეს. თუ ძალიან სიცივე იყო, ჩაის მახვედრებდნენ ჩემი თაობის ბიჭებიც, გოგოებიც. პეჩენიებს მახვედრებდნენ. ზაფხულში – მილქშეიკებს.
არც ზემოდან ყურების მომენტი აქვთ. უფრო ლოიალურები არიან.
ფიქრობთ, რომ თქვენი თაობა უფრო აფასებს შრომას?
კი. ჩვენი თაობა უფრო აფასებს შრომას.
ჩვენ რა გვაქვს, იცი… ბებიაჩემს ვეუბნები ხოლმე – „ბებო, მუდმივ სამსახურში რომ წავიდე, უნდა ვიმუშაო კვირაში ექვსი დღე, დღეში 12 საათი და უნდა ავიღო 20 ლარი“. არ მინდა ასეთი სამსახური, რაც არ უნდა ფული მჭირდებოდეს. მირჩევნია, რომ ასეთ დამსაქმებელთან არ ვიმუშაო. განა იმიტომ, რომ ის 20 ლარი არ მინდა, არა.
12 საათი კვირაში 6 დღე… აი, ვერ ხვდება რატომ არ მინდა. მეუბნება – „ბებო, 20 ლარი ხომაა“.
კი ბებო, 20 ლარი არის, მაგრამ მერე დრო არ გრჩება, რომ წიგნი წაიკითხო. სულ იქ უნდა იყო.
სტუდენტობისას მუშაობის საჭიროება რომ არ გქონოდათ, თავისუფალ დროს რაში გამოიყენებდით?
აუცილებლად პროფესიაში გამოვიყენებდი. არ გავაცდენდი ლექციებს იმის გამო, რომ ვმუშაობ. იმიტომ, რომ 8 თვე მომიწია მუშაობა უნივერსიტეტის ფულის ასაგროვებლად. თბილისში ბინის ქირა… იქ მოპედის ცვეთადი ნაწილები და ბოლოს ხვდები, რომ გრჩება ძალიან ცოტა ფული, მიუხედავად იმისა, რომ 2 000 ლარი გაქვს ხელფასი. მაგრამ მაინც ძლივს შევაგროვე, ძლივს. კიდევ არ მაქვს ბოლომდე შეგროვებული.
აუცილებლად ვიჯდებოდი უფრო დიდი ხანი ლექციებზე. უფრო მეტს წავიკითხავდი.
უფრო მეტ დროს გავატარებდი შეყვარებულთან.
უფრო მეტად გავიცნობდი.
ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვიზამდი. კინოში წავიდოდი. თეატრში წავიდოდი.
ბოლოს და ბოლოს წამოვწვებოდი და დავიძინებდი.
რომელ თაობას მიაკუთვნებთ თავს – მილენიალი ხართ თუ GEN -Z?
მილენიალი ვარ. იმიტომ, რომ 1995-იანი ვარ მაინც.
თუმცა მაინც ვერ ვხვდები რომელი ვარ. სადღაც შუაში ვარ.
ზღვარზე ვარ.
მაგაზე მიფიქრია ძალიან ბევრი. იქით თუ აქეთ. მაინც აქეთ.
რაღაც ჩვევების სწავლა მომიწია. მაგალითად, ზებრაზე გადასვლის.
არ მქონდა წითელზე გაჩერების კულტურა.
ყოველთვის ვაგდებდი სიგარეტის ნამწვს.
ასეთების სწავლა მომიწია.
ზღვარზე ყოფნა რას ნიშნავს, რაში გამოიხატება?
ორივე მხარესი გესმის. იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც წითელზე მაინც გადადის და იმ ადამიანისაც, რომელიც ცარიელ ქუჩაზე დგას და ელოდება თავის გზას. ორივესი მესმის, ორივეს გამართლება შემიძლია.
რა ღირებულებები აქვს თქვენს თაობას?
ჩემს თაობას ძალიან გვიყვარს მუსიკა. პროფესიული თვალსაზრისით ძალიან ბევრი მიდის მუსიკაში.
სამსახურში მთავარი ღირებულება არის დრო. 12 საათი არავის არ უნდა, რომ იმუშაოს.
შრომის კოდექსში არ გვიწერია, რომ 12 საათი უნდა ვიმუშაოთ.
თუ ვიმუშავებთ 8 საათს, დამატებითი დრო საათობრივად უნდა აგვინაზღაურონ. ეს პრობლემა გვაქვს. 6 დღე მუშაობა არავის არ უნდა. კი, არის პროფესიები, 6 კი არა, შეიძლება სამი თვე გადაბმულად იმუშაო. მაგრამ ეს უფრო შემოქმედებით ნაწილში. რეჟისორობა, მსახიობობა… მაგ დროს შეგიძლია.
ფინანსები აუცილებლად. დაბალანსებული საქმე და ფინანსები უნდა იყოს.
დრო, ფინანსები და კომფორტი სამსახურში აუცილებელია. მეგობრული გარემო.
რასაც ვაკვირდები, არ მოგვწონს „მე უფროსი ვარ“ დამოკიდებულება.
შეიძლება „მე უფროსი ვარ“ დამოკიდებულებამ არ გაჭრას, მიუხედავად იმისა, რომ მე ვალდებული ვარ. მეგობრულმა თხოვნამ კი შეიძლება იმაზე მეტი შედეგი გამოიღოს, ვიდრე თავად დამსაქმებელი ელოდება.
თქვენი თაობა ყველაზე ხშირად რა სიტყვებს იყენებს? რაზე ლაპარაკობს?
„დავიღალე“ – ხშირად მესმის. „გვეშველება რამე“ – ესეც ხშირად მესმის.
„შანსი არაა, არ გვეშველება“ – ბევრია.
და ძალიან ბევრი მესმის, რომ დეპრესიაა. „უსაქმურობაა“ მესმის. ან სამსახური თუა, „მონობას ჰგავს“ – მესმის. ძალიან ბევრი ნეგატივი მესმის.
„ვიგულაოთ“ – ასეთებიც არის. მაგრამ იმ „გულაობაზეც“ რომ წახვიდე, იქაც ისეთი სიძვირეა… ოთხი კაცი რომ წავიდეთ, 40 ლარი ბილეთისთვის გინდა. ხომ უნდა დალიო, ტაქსით ხომ უნდა წახვიდე სახლში. 500 ლარზე ადიხარ. ერთი ვიქენდია რა.
სად „გულაობთ“?
ვგულაობთ ბარებში – „კონტე“, „დრანქადელიქი“, „კიბე“, „ფაზენდა“. ახლა გაიხსნა ძალიან კარგი კლუბი “ზღვაზე”. „ფაზენდაში“ შეგიძლია იმღერო და არ დანევროზდე. თბილისშიც შეგვიძლია წავიდეთ „ბასიანზე“.
დასვენებაა. სამსახურის მერე ვინც მოდის, ის ისვენებს. და ვინც გასართობად მოდის, ის ერთობა.
მაგრამ დასვენების დროსაც ხომ ერთობი, არა.
არიან ისეთი ადამიანები, მთელი კვირა იმუშავებენ, იმდენად სჭირდებათ გამოვიდნენ და დაისვენონ, რომ მოდის და ისვენებს, რომ ელაპარაკები, გგონია, რომ ღლი.
იყო ახალგაზრდა საქართველოში…
იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს გინდოდეს გაქცევა აქედან. იმიტომ, რომ ყველას გაქცევა უნდა.
ვისაც ვეკითხები – „აუ, რა ვქნათ? წამო ევროპაში“. მერე ვიძახი, რომ იმ ევროპაშიც ხომ უნდა ააგროვო ეს ფული, რომ წახვიდე? რა ვქნათ იმ ევროპაში.
„აი, აქ რაღაც ვერ ვარ. რაღაც ისე ვარ“. მაგრამ ვამბობ – არ უნდა წახვიდე… აქ ავაშენოთ რაღაც, აქ გავაკეთოთ ისე, რომ აქეთ მოუნდეთ ჩამოსვლა.
იყო ახალგაზრდა… ასეც შემიძლია ვთქვა. ცოტა რაღაცებში შეზღუდული იქნები ქართველი ახალგაზრდა. ცოტა დაკომპლექსებული. და ეს ნიშნავს იყო მოქეიფე კიდევ, აუცილებლად.
ოღონდ ღრეობა არა. კულტურული ხმაური, ასე რომ ვთქვათ. კულტურული ქეიფი. თავისი ლექსებით და ა.შ. და არა ყანწი.
მაინც იმდენს დავლევ, რამდენსაც იმ ყანწის მსმელი, უბრალოდ ცოტა გაწელილად, კულტურულად და ა.შ.
გიორგი ხუხუნაიშვილი
წელს უნივერსიტეტს ამთავრებთ. თქვენი აზრით, ამდენი შრომის, წლების და დახარჯული ფინანსების შემდეგ რამდენად ხართ მზად ქართული შრომის ბაზრისთვის?
ეს პროფესია, რეჟისორობა, ისეთია, რომ მაინც ყოველთვის შენს თავზე ხარ დამოკიდებული. ყოველთვის პროექტები უნდა წერო და სახელმწიფო კინოცენტრმა უნდა მოგცეს დაფინანსება.
რეჟისორმა სულ უნდა მოიპოვოს ფინანსები.
მანდაც რთულადაა ამბები. კონკურსი ცხადდება, პროექტი შეგაქვს და შენ გარდა კიდევ 15 კაცს შეაქვს. გემოვნებით და პრობლემის კარგად ცოდნით უნდა ვაჯობოთ ერთმანეთს. შეიძლება სამი წელი საერთოდ არ დაგაფინანსონ. ეს სამი წელი წახვიდე, სხვაგან იმუშაო – აქეთ უკვე დრო აღარ გრჩება, რომ სცენარზე იმუშაო, ჯგუფი შეკრა და ა.შ.
შეიძლება ისევ კურიერობას დაუბრუნდე.
რთული ამბავია.
ახლა ვმუშაობ სადიპლომო ნამუშევარზე -„სამურაის აღსარება“. სცენარის ავტორიც მე ვარ. თავს წარმოვიდგენ ალბათ კინემატოგრაფიაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს. მინდა ვაკეთო ისეთი ფილმები, რომ მთელმა საქართველომ იამაყოს.
ფიქრობთ, რომ მზად ხართ შრომის ბაზრისთვის?
უნივერსიტეტს რომ ამთავრებ, მერე ცოტა რაღაც გჭირდება, რომ ბაზარი აითვისო. როცა სტუდენტი ხარ და ამთავრებ, ფიქრობ, აი, ახლა დავამთავრებ. მერე რაღაც წინაღობები გხვდება. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ერთი წელი თუ არ გაგიმართლა, ერთი თვე, ორი თვე, არ დავნებდეთ და ბაზარი ვისწავლოთ. ზოგი არის ძალიან კარგი პროფესიონალი, მაგრამ არ იცის, თავი როგორ გაყიდოს.
უნდა ვისწავლოთ თავი როგორ გავყიდოთ და არ ჩამოვყაროთ ყურები თუ ერთ თვეში, ორ თვეში, თუნდაც ხუთ წელიწადში ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც გვინდა. ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ.
რამდენად გაინტერესებთ პოლიტიკა?
პროფესიიდან გამომდინარე პოლიტიკა ძალიან, ძალიან მაინტერესებს. ინფორმაციას ყოველთვის ვეცნობი. უნდა ვიცოდე რა ხდება. მაგრამ ისე, რომ დავჯდე და ვინმესთან პოლემიკაში შევიდე – „მე ნაცი ვარ“, „შენ ქოცი ხარ“, „მე ზელენსკის კაცი ვარ“, „შენ – პუტინის“ – ასე არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვაფიქსირებ აზრს.
პოლიტიკა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ თუ ისე გვაცხოვრებენ, რომ პოლიტიკაში ჩარევა არ დაგვჭირდება, უკეთესი იქნება.
ვინ უნდა გაცხოვროთ?
ვინ უნდა გვაცხოვროს და შოთა რუსთაველის მეგობარმა ადამიანმა. ისეთივე ადამიანმა, როგორიც რუსთაველი იქნებოდა ჩვენი აზრით წარმოსახვაში.
დღესდღეობით ბიძინა ნამდვილად არ ჰგავს მას.
თქვენი თაობა საუბრობს პოლიტიკაზე? განიხილავს პოლიტიკურ მოვლენებს?
რაღაც დოზით კი. ვიღაცებს საერთოდ არ აინტერესებთ. შეიძლება „აუ, ტვინი გამებურღა“ – თქვას და სახლში წავიდეს. იმიტომ, რომ პოლიტიკური დიალოგი ცოტა ისეთია. სულ ხმაურია. ჩხუბი არა, ემოციური საუბარი.
აი, მაგაშიც განსხვავდება ჩვენი თაობა და ჩვენზე უფროსი თაობა.
იმიტომ, რომ იმათთან პოლიტიკური დიალოგი შეიძლება გადავიდეს ხელჩართულ ჩხუბსა და შეურაცხყოფაში.
ჩვენ როცა ვხვდებით, რომ ემოციებია და ხმამაღალი საუბარია, ვამბობთ – „ვსო, ვსო, მორჩა“.
გადაგვაქვს.
ჩვენი საუბრის თემაა ასევე შრომა. ის, რომ სამსახური არაა. თუ არის სამსახური, ძალიან დაბალი ხელფასია. შრომის პრობლემა გვაქვს. იმიტომ, რომ ადამიანს შეიძლება უნდოდეს შრომა, მაგრამ შრომა აღარ ჰქვია მაგას. ასეთ სამსახურს ჰქვია მონობა. იმიტომ, რომ თვეში 4 დღე დასვენება, ყოველდღე 12 საათი და 600 ლარი?
არადა, შეიძლება მის საქმეშიც იყოს. მის საქმეში როცაა, ცოტა ენთუზიაზმიც ეხმარება, მაგრამ ეს ენთუზიაზმიც ხომ ქრება მერე. 600 ლარი ძალიან დაბალი ხელფასია.
შრომა არასდროს არაა პრობლემა. შრომით ჭურჭლის მრეცხავადაც მიმუშავია.
ლიბანელებთან ვმუშაობდი.
მაშინ მივხვდი, რომ იმათთან ბევრად ადეკვატური ანაზღაურებაა.
დღეში 5 საათი ვმუშაობდი და ჭურჭლის რეცხვაში 1000 ლარს მიხდიდნენ და ძალიან ცოტა ჭურჭელი იყო. შეიძლება სხვაგან არ მემუშავა ჭურჭლის მრეცხავად. ქართულ რესტორანში 600 ლარია.
ის სივრცეები, სადაც თქვენ და თქვენი თაობის ადამიანები დადიან, რამდენად თავისუფალია ქსენოფობიისგან?
არ ვიცი. ვართ კი ქსენოფობები? ჩემი თაობა ნაკლებად. ჩვენში უფრო არის ტოქსიკური ურთიერთობები. ქალისა და კაცის ურთიერთობაში, რასაც ვაკვირდები, ბევრი ტოქსიკური ურთიერთობაა. ქსენოფობია – ნაკლებად.
ტოქსიკურში ვგულისხმობ, რომ სულ ჩხუბია. კომფორტში ხარ და მაინც ჩხუბი. იკვებებიან რა მაგით. მეც ვიყავი ასე. სულ მინდა, რომ ავრიო ყველაფერი. მაგრამ ტოქსიკური რომ ხარ, ესეც გარემოების ბრალია. ყველაზე კარგი ურთიერთობა გავაფუჭე, იმიტომ, რომ ტოქსიკური ვარ.
ამასწინათ ჩემს მეგობარს PMS ჰქონდა და ვერ ჩადიოდა. ჩავედი აფთიაქში, მეთქი – პაკეტი მჭირდება.
როგორ დამცინეს იცი?
რატომ გეცინებათ-მეთქი. ცუდათაა, სტკივა მუცელი, ვერ დგება. მის ნაცვლად ჩამოვედი. რა იყო-მეთქი.
ჩვეულებრივი მოვლენაა. ძალიან გთხოვთ, მეგობრებო, შვებულებაში გაუშვათ ეს ადამიანები, როცა ეს დღეები ექნებათ, ჩემი თხოვნა იქნება ყველა დამსაქმებლისადმი, ვინც ნახავთ.
ჰომოფობები თუ ხართ?
ჰომოფობები ნაკლებად ვართ უფროს თაობასთან შედარებით, მაგრამ ჩემს თაობაშიც არიან რაღაც ქურდული გავლენის ტიპები. თუმცა ისინიც უკვე მიხვდნენ, რომ შეიძლება მათთან ცხოვრება ისე, რომ კონფლიქტი არ მოხდეს.
რა არის მოდური თქვენს თაობაში?
მოდური არის ის, რაც გიხდება. ყველა ასე ვართ. მეორადებში ვიცვამთ. იმიტომ, რომ იმდენი ფინანსები არაა, 700 ლარი მისცე ბალენსიაგას კედებში. ძალიან კარგი ახალი კედები აქვს. დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი იმ დახეულ კედებს, მაგრამ მე ვალდებული ვარ წავიდე, ვნახო მსგავსი მეორადებში.
მეორადებში რომ იქექები, უკვე შენით იწყებ გემოვნების ჩამოყალიბებას. იმიტომაა, რომ ცოტა განსხვავებულია, ერთი სტილი არაა ჩაცმის საქართველოში. ხომ არის, მაგალითად, საფრანგეთში, გაიხედავ, ყველას ქუჩის სტილი მაინც ერთმანეთს ჰგავს.
ჩვენ როგორ ვართ? აი, ფერადი წინდები მაცვია, სხვადასხვა თან. ჩაცმულობის ამბავში მე რასაც ვუყურებ, ძალიან გემოვნებიანები ვართ.
არამარტო ჩაცმაში, მუსიკაშიც.
მუსიკა ბევრჯერ ახსენეთ. რაში გეხმარებათ?
კარგი მუსიკის მოსმენა ნიშნავს კარგი წიგნის წაკითხვას. როგორც წიგნი გზრდის, ისეა. მე პირადად ასე აღვიქვამ. ეს ნიშნავს კარგი ინფორმაციის მოსმენას.
როგორც თეატრში მიდიხარ, ისე მივდივარ მე მუსიკის მოსასმენად. იმიტომ, რომ მზრდის.
თქვენს თაობაში ინდივიდუალური თვითაღქმა როგორია?
ძალიან მაღალია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ინდივიდები ვართ და უნდა ვიყოთ ინდივიდები. ამ ინდივიდუალიზმს შეიძლება შევაკლათ თავი.
კოლექტიური?
კოლექტიური ცოტა გვიჭირს. როგორ ვართ, იცით? მაგალითად, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ცოტა გვიჭირს. ალბათ ჯერ პატარები ვართ კოლექტიურობისთვის და ბევრი პრაქტიკა გვჭირდება. ალბათ 30-35 წლის შემდეგ უფრო გამოგვივა.
რა შემთხვევაში წახვალთ აქციაზე? რა იწვევს თქვენში პროტესტს?
ბევრი რამის გასაპროტესტებლად წავალ, მაგრამ „პუტინ ხუილოს“ დასაძახებლად არასდროს მეზარება წასვლა.
არასოდეს დამზარებია. საქართველოს ძახილია ეს და ამიტომ არ მეზარება.
როგორ აქციაზე წასვლა დაგეზარებათ?
დამეზარება ყოველთვის წასვლა, აღლუმზე რომ მიდიან დასარბევად. მაგ აქციაზე წასვლა მაგრად დამეზარება. ჯორკოებით რომ მორბიან ლგბტ საზოგადოების საცემად.
რამდენად პატრიოტი ხართ და რაში გამოიხატება ეს?
საკმაოდ პატრიოტი ვარ. თავიდან როგორ ვიყავი იცი, პატრიოტებს ცოტა აბუჩად ვიგდებდი. „საქართველოს გამო ქვას შევჭამ“ – ასეთი არ ვარ.
პატრიოტიზმი ჩემთვის ნიშნავს ემსახურო შენს ქვეყანას ისე, რომ შენმა ქვეყანამ შენით იამაყოს. ესაა პატრიოტიზმი. ყოველ შემთხვევაში, უნდა ისწრაფვოდე მაგისკენ, რომ შენი ქვეყანა ამაყი იყოს იმით, რომ შენ ხარ შენ, ხარ ქართველი და შეძელი შენს საქმეში დაოსტატება ისე, რომ ასახელე ქვეყანა.
მიგრაცია ახსენეთ. რომელ ქვეყანაში წახვიდოდით და რატომ?
ინგლისში წავიდოდი, დიდი სიამოვნებით. უფრო ლონდონში. იქაც ამინდი ემთხვევა. მეტი შესაძლებლობაა. უფრო კარგი ხელფასებია. სწავლის დონე მაღალია.
რას გააკეთებდით?
ვისწავლიდი მაგისტრატურაზე. გავხდებოდი დოქტორი. მერე ჩამოვიდოდი აქ. იქაური განათლება ძალიან კარგია, ჩემი აზრით.
გქონიათ თუ არა დისკრიმინაციის გამოცდილება?
კი. ჩვენს თაობას რა აქვს, იცით? ნარკოდამოკიდებულებს ახლოს არ იკარებენ. შანსს არ აძლევენ. მაგ კუთხით ლოიალურები არ ვართ.
ვინც წამალს იკეთებს, ისინი ძალიან, ძალიან გვერდით არიან ბათუმში. ასეთ ადამიანს პირიქით, მეგობრები სჭირდება და გვერდში დგომა. თბილისში არაა ასე.
მე ვიყავი ნარკოდამოკიდებული და აქედან გამომდინარე ვამბობ. პირადად ჩემს თავზე მაქვს ნაგრძნობი. არავინ არ მირეკავდა ისეთი ადამიანებიდან, ვინც ნარკოდამოკიდებული არ იყო.
არ დავასახელებ იმ ბარებს, სადაც ეს მიგრძვნია. ეს საერთოდ არ მეხმარება რა. უფრო დამთრგუნა.
მერე რომ გადავაგდე და გამოვედი ქუჩაში, ძალიან გახარებული ვიყავი. ყველასთვის მინდოდა მეთქვა, ვინც იცოდა – გადავაგდე. „ფუუუ, გადააგდე არა…“ – დამოკიდებულება შემხვდა. ეს „ფუუუ, გადააგდე არა“, როცა არ გიჯერებენ… კი, ნარკოდამოკიდებულს არ უნდა ენდო, მატყუარაა და მეც მომიტყუებია ბევრი და მაპატიეთ ჩემო მეგობრებო. ვინც ნახავს ამ ინტერვიუს და ვინც მომიტყუებია, მაპატიეთ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე მგონი, თქვენც ბოდიში გაქვთ მოსახდელი, იმიტომ, რომ როცა გადავაგდე, არ მიჯერებდით და ამას ძალიან ბევრჯერ შევუბრუნებივარ უკან.
მოსაწევზე არ აქვს ჩემს თაობას პრობლემა. მოსაწევს თვითონაც ეწევიან. ექსტაზებს თვითონაც ყლაპავენ. ექსტაზის დალევა ნარკოდამოკიდებულება არაა და ვენაში გაკეთება – ნარკოდამოკიდებულებაა.
მიღების წესს რა მნიშვნელობა აქვს?
ჩემი აზრით, ყველა ნარკოდამოკიდებულია, ვინც რაიმე სახის ნარკოტიკს იღებს.
რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მარტო არ ვიყავი.
ელენე მყავდა გვერდით და მადლობა მას, რომ შევძელი. სიყვარული როდესაც არის, ყველაფერს შეძლებ.
ურთიერთობებზე გკითხავთ. რას ანიჭებს თქვენი თაობა ურთიერთობებში უპირატესობას?
სტაბილურობას. სტაბილურობა არის პირველ რიგში. სტაბილური უნდა იყო ურთიერთობაში აუცილებლად. რომ არ ვიყავი სტაბილური, იმიტომ მომდის ცრემლები ახლა. ყველაზე კარგი ადამიანი დავკარგე. და რომ დავკარგე, ახლა ვუღებ ფილმს, რომ იქნებ ბოდიში ასე მოვუხადო, იმიტომ, რომ ბოდიშისაც აღარ სჯერა. დავსტაბილურდები.
სტაბილურობა არის ყველაზე საჭირო რამ, რომელიც ქართველ კაცებს ცოტა გვიჭირს რა.
რა არის არასტაბილურობის მიზეზი?
ისევ და ისევ სამსახური. კომფორტულად არ ხარ სამსახურში, გამორბიხარ. მერე ერთი ორი თვე ისევ… სიგარეტი ხომ გინდა, რაღაც გინდა. ეს გინდა, ის გინდა. იქ ბარში გახვალ… მერე ყვავილს ვერ ჩუქნი. მერე ახალ სამსახურში მიდიხარ. იქაც რაღაცა დისკომფორტი. მერე ისევ მოდიხარ, ეძებ რაღაც კომფორტს და ასე რა.
30 წელს მიუღწეველი, საქართველოს მოქალაქე მამაკაცის პრობლემად რას დაასახელებდით?
ნევროზი. ეს ნევროზიც სამსახურთან არის მიბმული. ნევროზი გვაქვს. კიდევ რა… დალევა. გვიყვარს დალევა. ნევროზი რომ გაქვს, მერე სულ სვამ. მერე უკვე შედიხარ და გიჭირს გამოსვლა რა.
„შემომიშვი, შემომიშვი, შემომიშვი…“ – სკანდირებდა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მისული ამომრჩეველი, რომელსაც თავისივე არჩეულ საკრებულოში საჯარო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს – შენობის ცენტრალური კიბე, რომლის გავლითაც სხდომათა დარბაზის შესასვლელთან შეიძლება მისვლა, დაცვის პოლიციას ჰქონდა ჩაკეტილი.
ეს ამბავი შეიძლება არც გაუგია ან არ ახსოვს ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს, მაგრამ მის ორ მოადგილეს, ნატალია ზოიძესა და ზურა ნაკაიძეს ნამდვილად უნდა ახსოვდეთ, რადგან ამ დროს ისინი სხდომათა დარბაზში ისხდნენ. საინტერესოა, როგორ აპირებენ უზრუნველყონ სხდომების საჯაროობა, როცა დარბაზში ადგილი ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ვიწროვდება.
საქმე ის არის, რომ საკრებულოს შემადგენლობა 25-დან 35 წევრამდე გაიზარდა. შესაბამისად, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა და სკამებს კიდევ ერთი მწკრივი [მაგიდები და სკამები] დაემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ დარბაზში, სხდომაზე დასწრების მსურველთათვის, ადგილი კიდევ დავიწროვდება.
ამ დრომდე ბათუმის საკრებულოში მოქალაქეებისთვის სკამების ორი რიგი, ჯამში 24 სკამი იყო განთავსებული. ამ ადგილების ნაწილს ხშირად ჟურნალისტები და ოპერატორები ითვისებენ, ნაწილს კი – მერიის სამსახურების უფროსები. ზოგ შემთხვევაში ისინი სხდომას ესწრებიან, როგორც მომხსენებლები, ხშირად კი ინტერესის გამო – ისინი დარბაზში უპრობლემოდ შედიან და გარეთ მყოფი მოქალაქეების მსგავსად სპეციალური საშვი არ სჭირდებათ.
საშვთა ბიუროს კი შეუძლია ამომრჩეველს უარი იმ მოტივით უთხრას შენობაში შესვლაზე, რომ „დარბაზში ადგილი არ არის.“
მეორე მხრივ, სხდომათა დარბაზის გაფართოება შეუძლებელია, ის ისტორიული დარბაზია და შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საკრებულოს წევრებს ცოტა მეტი ფიქრი მოუწევთ, რომ ეს პრობლემა საჯაროობისა და ამომრჩევლის ჩართულობაზე თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით გადაჭრან.
აქვთ თუ არა რაიმე გეგმა იმ შემთხვევებისთვის, როცა ამომრჩეველი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოინდომებს? – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, საკრებულოში გვითხრეს, რომ მეტი ღიაობისთვის ვიდეოტრანსლირების ხარისხის გაზრდაზე იზრუნეს.
ეს ამომრჩევლის ჩართულობის პრობლემას ვერ მოხსნის, მით უმეტეს, რომ ამ დრომდე არსებული პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, საკრებულოს წევრებს საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების განსახილველად ღია კარის დღეების მოწყობით დიდად არ შეუწუხებიათ თავი, წლის ბიუჯეტების საჯარო განხილვის მოწყობას დიდ საქმედ თუ არ ჩავთვლით.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით:
„სხდომათა დარბაზიდან უზრუნველყოფილი იქნება სხდომის ხარისხიანი პირდაპირი ტრანსლირება. ამისათვის დარბაზში დამონტაჟდება 5 კამერა და ახალი ვიდეოაპარატურა. ხმა და ხილვადობა იქნება ხარისხიანი. რაც შეეხება სხდომაზე მოქალაქეთა დასწრებას, იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოს წევრთა რაოდენობა ათით გაიზარდა და აუცილებელი გახდა მაგიდების დამატებითი მწკრივის განთავსება, დამსწრეთათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა, რა თქმა უნდა, შემცირდა. თუმცა გარკვეული რაოდენობით მაინც იქნება შესაძლებელი მოქალაქეთა დასწრების უზრუნველყოფა.“
ბოლო პერიოდში სხდომები ბათუმის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ტარდებოდა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ, გვითხრა, რომ მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფაზე აპარატი იზრუნებს. ამ საკითხის გასარკვევად მან საკრებულოს აპარატის უფროსთან, რაულ ბოლქვაძესთან გადაგვამისამართა. რაულ ბოლქვაძე ერთი მხრივ აღიარებს, რომ ადგილი ვიწროვდება, თუმცა ასევე გვარწმუნებს, რომ მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების პრობლემა არ შეექმნებათ:
„მომართვის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 10-15 მოქალაქე შევუშვათ სხდომაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ვფიქრობ, შესაძლებელია შევზღუდოთ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დასწრება, დაესწრებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც ვალდებულება აქვთ. მაგალითად, თუ ბიუჯეტი გადის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები ვალდებულები არიან დაესწრონ. სხვა მხრივ ჩვენ, ყოველთვის ვაძლევდით 10-15 მოქალაქეს შესვლის შესაძლებლობას და ასე იქნება ახლაც, ისე. რომ საკრებულოს მუშაობაში ხელი არ შეეშალოს.“
საკრებულოს წევრი, ნინო ცხვარაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა ჩართულობა აუცილებელია:
„ჩვენ ხალხის ხმა ვართ საკრებულოში და მათ უნდა მოვუსმინოთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროების შემთხვევაში აპარატმა უნდა უზრუნველყოს სხდომის უფრო ფართო დარბაზში ჩატარება. ყოველთვის ვიცით რა საკითხებია აქტუალური, ასევე თუ იქნება მომართვა მოქალაქეების მხრიდან. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – ამბობს საკრებულოს წევრი.
ნინო ცხვარაძე წინა მოწვევის საკრებულოს სხდომებს ყოველთვის ესწრებოდა, როგორც ჟურნალისტი.
დღეს, 7 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას ძმებზე, ლევან და დავით ბერძენიშვილებზე თქვა, რომ ისინი ისტორიული პიროვნებების კრიტიკით „ეროვნულ იდენტობას ებრძვიან“.
„მათ გამოარჩიეს რამდენიმე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობის დაკნინებას. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ შვილების აღზრდას.
ძმები ბერძენიშვილები ერთგვარი ყინულმჭრელის როლს ასრულებენ, რომელთაც გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. არ ვიცით, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი.
ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. თუმცა ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის – უსამშობლო და უღმერთო ადამიანის, ზიზღით გამსჭვალული კაცის რაღაც გაუკუღმართებული საუბარი, ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც ნაცმოძრაობამ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში.
მათ კარგად იციან, რომ იმისათვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას და რა თქმა უნდა, ეს არის ამ ერის დიდი წინაპრები. ისინი ებრძვიან ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის ფესვებს და ყველანი ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური დოქსოპულო, გოგლა ბერბიჭაშვილი“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან ბერძენიშვილებთან ერთად ასევე კოლექტიურ კონტექსტში მოიხსენია – „ბერბიჭაშვილები, ბოკერიები სააკაშვილები“, რომელთაც ახალი დროის ბოლშევიკები უწოდა. „ესენი ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი წინაპარი ბოლშევიკები უროთი ასი წლის წინ ანგრევდნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა, იყოს ნულოვანი“- თქვა კობახიძემ.
ლევან ბერძენიშვილმა კრიტიკულად ისაუბრა რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით. მისი აზრით, ერეკლე მეორემ არ მიიღო პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამ ტრაქტატის დადებით საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა.
ამ შეფასების შემდეგ ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ გარკვეულმა ჯგუფებმა, მისი დისკრედიტაციის მიზნით, კამპანია წამოიწყეს და მოითხოვდნენ, ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს სტუდენტებთან ურთიერთობა.
გუშინ, 6 ივნისს კი, პარლამენტის წევრ ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები იმავე დღეს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მიიჭრნენდა ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს. აქციაზე 7 პირი დააკავეს.
იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ორივე ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანტიდასავლური, პრორუსული, ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურება ქვეყნის იმიჯის საზიანოდ მოქმედებს.
„სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე? “- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი კობახიძის გამოსვლას პარლამენტის წევრები ფეისბუქზე გამოეხმაურნენ. თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძის თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა ძალადობისკენ წახალისებაა. „ესაა ზუსტად, რაც უარეს აგრესიას გააღვივებს, უარეს ძალადობას გამოიწვევს“ – ამბობს პარლამენტარი ხათუნა სამნიძე.
პარლამენტარი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუშინ ვინც ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს დაესხა თავს, ეს იყო კოლექტიური ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“.
„მე არ ვიცი გუშინ ვის ჰქონდა ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობა, და ვინ დაესხა ევროკავშირის მისიას თავს, ვინ დაარტყა ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს, მაგრამ ვიცი, რომ მათ ჰქვიათ კოლექტიური ირაკლი კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“.
თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა, რადგან იმის ნაცვლად, რომ დღეს ვესაუბროთ ადამიანებს რეალურ პრობლემებზე, თქვენ წამოიწყეთ ეს ბინძური ძალადობის კამპანიაც.
იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როცა ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივადაც, ქვეყანაში ძალადობრივი გარემოს შექმნის გამო,“- უთხრა სალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძეს.
მიმდინარე კვირას ევროკავშირმა უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდასაჭერად, „ამის ნაცვლად იძულებულია, რომ მიიღოს რეზოლუცია, სადაც საუბარი იქნება მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე,“- განაცხადა სამადაშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა კი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
12 500-ზე მეტმა მასწავლებელმა წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.
წელს წამყვანი და მენტორის სტატუსის მიღების მსურველი პედაგოგები განსხვავებულ გამოცდას აბარებენ. მათ პრეტესტებიც დაწერეს გაზაფხულზე. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა პედაგოგმა შეძლო 45 ქულის დაგროვება, მინიმალური – 3 ქულა აიღო ერთმა, დანარჩენმა კი – 45 ქულაზე ბევრად ნაკლები.
________________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/მასწავლებლის გამოცდები
„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახებმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლში დაღუპული სამხედროების ცხედრები რუსეთმა კიევს გადასცა.
„კიევში უკვე ჩამოასვენეს „აზოვსტალის“ დაღუპული მებრძოლები. მათ „აზოვი“ დახვდა და ექიმებთან ერთად პირველადი დათვალიერება და აღწერა ჩაატარა. უნდა აღინიშნოს, რომ დაღუპულთა მესამედი „აზოვის“ მებრძოლებია, ჯერ ირკვევა, თუ რომელ სამხედრო დანაყოფებში მსახურობდნენ სხვა დაღუპულები. სამუშაოების ბოლომდე დასასრულებლად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს შესაძლოა, დაახლოებით სამი თვე დასჭირდეთ,“ – ნათქვამია „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ტელეგრამზე გამოქვეყნდა.
ოჯახებს მალე დაღუპულთა ამოსაცნობად გამოიძახებენ.
„აზოვის“ პოლკის პრესმდივნის, ანა გოლოვკოს თქმით, კიევისთვის გადაცემული 160-ვე ცხედარი, რომლებიც დედაქალაქში გადაასვენეს, „აზოვსტალში“ დაღუპული მებრძოლებისაა, მათგან 52 – „აზოველია“.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ და რუსეთმა პირველად გაცვალეს ცხედრები, ფორმულით „160/160-ზე.“ უკრაინული მედიის ცნობით, გრძელდება მოლაპარაკებები სხვა დაღუპული სამხედროების უკრაინისთვის გადაცემაზე.
გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში „აზოვსტალის“ 2 500-ზე მეტი დამცველი იმყოფება.
24-ე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ტყვეების მდგომარეობაზე ისაუბრა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
„დღეს ისინი კომფორტულ პირობებში არ იმყოფებიან, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არიან ცოცხლები და ჯანმრთელები, აქვთ წყალი და საკვები. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მებრძოლები მტრის ხელში არიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ისინი ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. ბევრი ინფორმაცია ახლა გასაიდუმლოებულია, რათა ეს პროცესი არ ჩავარდეს“, – განაცხადა მან.
______
ალყაშემორტყმული ქარხანა „აზოვსტალი“ მარიუპოლში ერთადერთი ადგილი იყო, რომლის აღებაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. მანამდე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, რუსეთმა თითქმის მთლიანად დაიკავა ქალაქი და ინტენსიურად ბომბავდა როგორც მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, ისე დასახლებულ პუნქტებს.
მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ გაეროს დახმარებით „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა მოახერხა. 16-17 მაისს კი ქარხანა მისმა დამცველმა მებრძოლებმაც დატოვეს, ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +110]
ტანკი – 1 390 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 3 416 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 694 ერთეული [+4]
MLRS – 207 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 212 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 177 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 553 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 405 ერთეული [+10]
სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
190 თვითმფრინავი
129 ვერტმფრენი
1 139 უპილოტო საფრენი აპარატი
333 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 443 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 807 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 464 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში ბრძოლა გრძელდება. ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთის არმიამ ქალაქ ლისიჩანსკში ცეცხლი გაუხსნა ბაზარსა და სკოლას.
„რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ლისიჩანსკის ბაზარს, სამთო კოლეჯსა და სკოლას, სადაც ორი ადამიანი დაშავდა, სევეროდონეცკისთვის ბრძოლა მიმდინარეობს,“ – წერს გაიდაი ტელეგრამზე.
მისივე თქმით, 6 ივნისს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი ზოლოტე, სადაც, წინასწარი მონაცემებით, 13 სახლი განადგურდა, შემდეგ კი ოკუპანტებმა ქალაქ გორსკოიეს შეუტიეს, სადაც 11 სახლი დაზიანდა.
გაიდაი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგის ათი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს ერთი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, ორი ჯავშანტექნიკა, ერთი მანქანა და საბრძოლო მასალის ორი საცავი. ასევე, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების საჰაერო თავდაცვამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოაგდო.
___________________________
ფოტოზე: მეხანძრეები აქრობენ დაბომბვის შედეგად გაჩენილ ხანძარს ლისიჩანსკში. ფოტო სერგეი გაიდაის ტელეგრამ არხიდან
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ.
6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მაგისტრობის კანდიდატებისთვის გამოცდა კი 26-27 ივლისსაა დანიშნული.
ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 2 500-ზე მეტი სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველია დარეგისტრირებული.
ცენტრის ინფორმაციით, წელს აბიტურიენტებისთვის გაფართოვდა მესამე არჩევითი სავალდებულო საგანის ჩამონათვალი და ისტორიასა და მათემატიკასთან ერთად აბიტურიენტებს შეუძლიათ ჩააბარონ მაპროფილებელი საგნები იმ დარგის მიხედვით, რომელსაც თავად აირჩევენ სასურველი პროფესიის გათვალისწინებით.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა, „თუმცა, სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელმა პირმა პირბადე თან უნდა იქონიოს“.
დღეს, 7 ივნისს, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს სურსათთან დაკავშირებული რისკები, მათი მართვა, პრევენცია და უვნებელ სურსათზე ზრუნვა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ყოველწლიურად 600 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით გამოწვეული დაავადებებით, რომელთა 200-მდე სახეობა არსებობს.
„ისინი, ძირითადად, გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით ან ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენს სხეულში დაბინძურებული საკვებით ან დაბინძურებული წყლით ხვდება.
სურსათთან დაკავშირებული ავადმყოფობა განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში და მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობაში. მოწამლული საკვების შედეგად, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 420 000-მდე ადამიანი კვდება. სურსათის უვნებლობის დაცვით მათი უმრავლესობის პრევენცია შესაძლებელი იქნებოდა“, – ამბობს FAO.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის ძალებისგან დროებით უკან დახევა და ტერიტორიების დროებით დაკარგვა ტრაგედია არ არის, მთავარი – ქვეყნის შენარჩუნებაა.
ამის შესახებ დანილოვმა ექსკლუზიურად 24-ე არხთან ისაუბრა. მან ასევე ილაპარაკა იმაზე, რა ხდება ახლა ლუგანსკის ოლქში, რა პირობებში არიან „აზოვსტალის“ ტყვეები და რა იციან უკრაინაში პუტინის აგენტებზე.
ვითარებალუგანსკისოლქში
„ლუგანსკის ოლქი – ახლა ყველაზე ცხელი წერტილია უკრაინის ფრონტზე. სასტიკი ბრძოლები მიდის სევეროდონეცკში. იქ ვითარება რთულია და ძალიან სწრაფად იცვლება. მტერს დიდი რაოდენობით არტილერია, ავიაცია და ძლიერი სამხედრო არსენალი აქვს და ამ ყველაფერს ერთდროულად იყენებს ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ.“
ოლექსი დანილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფრონტზე უკრაინა ყოველდღიურად განიცდის დანაკარგებს.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა მთავარია, არ დავკარგოთ ქვეყანა. თუ ჩვენ დავკარგავთ რომელიმე ტერიტორიის ნაწილს, მას აუცილებლად დავიბრუნებთ. ამაზე ლაპარაკობენ ჩვენი პრეზიდენტიც და ჩვენი სამხედროებიც. მთავარია, სტრატეგიულად არ დავმარცხდეთ“.
„აზოვის“ მებრძოლებისტყვეობაზე
„მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც გმირულად იცავდნენ პოზიციებს „აზოვსტალში“ და ახლა ოკუპანტების ტყვეობაში არიან, რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან.
დღეს ისინი კომფორტულ პირობებში არ იმყოფებიან, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არიან ცოცხლები და ჯანმრთელები, აქვთ წყალი და საკვები.
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მებრძოლები მტრის ხელში არიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ისინი ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. ბევრი ინფორმაცია ახლა გასაიდუმლოებულია, რათა ეს პროცესი არ ჩავარდეს“.
24-ე არხის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის ტყვეობაში მარიუპოლის 2 439 დამცველი იმყოფება.
იქნება თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, უბიძგებენ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ, თუმცა მოლაპარაკებები – ეს რთული პროცესია. აზრი ჯერ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ.“
პუტინის მუქარაზე
უკრაინისთვის შორსმოქმედი საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მიწოდების გამო, ვლადიმერ პუტინი იმუქრება სარაკეტო თავდასხმით – „იქ, სადაც მანამდე არ დაურტყამს“.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის აზრით, კრემლის მეთაური უკრაინას „სთავაზობს“ არ მიიღოს იარაღი, ესე იგი, დანებდეს და ხელი მოაწეროს კაპიტულაციას.
„მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ კაპიტულაციას სულ სხვა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი. ეს ჩემი საჯარო პოზიციაა. ხოლო ის, რომ პუტინს შეუძლია თავისი რაკეტებით ჩვენი ნებისმიერი ქალაქი დაანგრიოს და დააზიანოს, სამწუხაროდ, ეს ფაქტია“.
დანილოვის თქმით, უკრაინას რომ იმდენი თავდაცვის საშუალება ჰქონდეს, რამდენიც საჭიროა, საკუთარი ტერიტორიებიდან მტრის განდევნას უკეთ მოახერხებდა.
ბელარუსიდან შეტევის საფრთხეზე
„რუსეთს უკვე დიდი ხანია ოკუპირებული აქვს ბელარუსის ტერიტორია. შესაბამისად, აგრესორ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა“.
პუტინის აგენტებზე უკრაინაში
რუსეთი წლების განმავლობაში ქმნიდა და აფინანსებდა პრორუსული ძალების არაერთ ქსელს უკრაინაში.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შეგვეძლება ბევრი საინტერესო დეტალი გავიგოთ, როგორ იქმნებოდა ეს ჯგუფები“, – ამბობს დანილოვი და დასძენს, რომ თუკი ვინმე ფიქრობს, კვლავაც გააგრძელოს უკრაინაში პუტინის დავალებების შესრულება, მათ უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვა „მიხედავს“.
„კარგრუსებზე“
„ყველა უნდა ჩამოყალიბებულიყო თავის პოზიციაზე ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში. ის ადამიანები, ვინც ეს მოახერხა და 24-27 თებერვლის პერიოდში გამოხატა თავისი პროტესტი – ისინი პატივისცემას იმსახურებენ. თუმცა ზოგმა დაინახა, რომ „არ გამოუვიდათ“ და მერე დაიწყო გადასხვაფერება – აი, ეს არ მუშაობს“.