განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ გავხდეთ „ფლექსის“ ფინალისტი? – რჩევები პროგრამის 5 გამარჯვებულისგან

08.06.2022 • 4979
როგორ გავხდეთ „ფლექსის“ ფინალისტი? – რჩევები პროგრამის 5 გამარჯვებულისგან

FLEX-ი, მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა აშშ-ში, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბევრი მოსწავლის ოცნებაა. ზოგი მოსწავლე პირველივე ცდაზე ხდება პროგრამის გამარჯვებული, ზოგი რამდენიმე ცდის შემდეგ აღწევს მიზანს.

2022 წელს „ფლექსის“ ფარგლებში საქართველოდან 70 მოსწავლე გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებად, მათგან 8 მოსწავლე აჭარიდანაა.

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ „ფლექსის“ ფინალისტი გავხდეთ? – „ბათუმელებმა“ 5 ფინალისტს სთხოვა, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება.

ნინი მიქელაძე

ნინი მიქელაძე, 17 წლის. ბათუმის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და 2022 წლის FLEX პროგრამის ფინალისტი:

ჩემთვის ეს პროექტში მონაწილეობის პირველი ცდა არ იყო, უკვე მესამედ გავიარე რეგისტრაციისა და ტესტირების ეტაპი, შემდგომში – ესეების წერისა და პროფილის შევსების და ბოლოს – გასაუბრების ეტაპი.

ჩემი მთავარი რჩევა იქნება, იყოთ გულახდილები, წარმოაჩინეთ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც ხართ.

დიდი ყურადღება ექცევა თქვენს მანერებს, კრიტიკულ აზროვნებას, ზოგად განათლებას, კომუნიკაბელურობას და მოხალისეობრივ აქტივობებს.

სასკოლო განათლებასთან ერთად ასევე მახვილდება ყურადღება თქვენს არაფორმალურ განათლებაზე.

FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება ტესტირებით, თქვენი ინგლისურის ცოდნის დონის შესამოწმებლად, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ენის ცოდნა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს მთავარი კრიტერიუმია პროექტში გამარჯვებისთვის.

ჩემი აზრით, მონაწილეობის მიღებამდე აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, რათა გახდეთ უფრო კომუნიკაბელურები, გახსნილები და ქარიზმატულები. აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა როგორც სკოლის, ასევე არაფორმალური განათლების მხრივ დაგეგმილ პროექტებში. ჩაერთეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში. იმუშავეთ არა მარტო საკუთარი თავის, არამედ თქვენ ირგვლივ არსებული გარემოს განვითარებისთვისაც.

ტესტირებაზე დროის გადანაწილებისას მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს, თქვენთვის გაუგებარ საკითხებზე არ დაკარგოთ ბევრი დრო, ეცადეთ, კითხვებს ბოლოს მიუბრუნდეთ, ასევე, ნერვიულობის გამო არ გაგეფანტოთ ყურადღება, რომ მოცემული პირობის გააზრება მალე შეძლოთ.

გამარჯვების შესახებ როცა გავიგე, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი მეგობართან ერთად, ტელეფონზე ზარი შემოვიდა თუ არა, მივხვდი საიდანაც მირეკავდნენ და უარისთვის ვიყავი მზად. ტელეფონში გაისმა – „გილოცავთ, თქვენ ფინალისტი ხართ!“ ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი იყო. გაჩერებაზე ყველა მე მიყურებდა, ბედნიერებისგან დავხტოდი.

ყველაზე სასწაული ის იყო, ვიყვირე – არ არსებობს-მეთქი და ტელეფონიდან მესმის: „არსებობს ნინი, ამერიკაში მიდიხართ!“

ლაშა შარაძე

ლაშა შარაძე, 17 წლის, დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:

პროგრამის კონკურსი იყოფა 3 ეტაპად.

პირველ ეტაპზე არის 3 ესე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებასა და გამოცდილებას ეხება. მეორე ეტაპი არის ძალიან მარტივი ინგლისური ენის ტესტი მოსწავლის ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად, ხოლო მესამე უფრო რთული ეტაპია, სადაც გვიწევს გავიაროთ ინტერვიუების, აპლიკაციების და ესეების კონკურსები.

FLEX-ზე უკვე მესამედ გავედი და ვფიქრობ, რომ ეს ეტაპები ნამდვილად არ არის მარტივად გასავლელი. თითოეული ეტაპის გავლა ასოცირდება დიდ მოლოდინთან.

განსაკუთრებული მობილიზება სჭირდება მეორე ტურს, რადგან გვაქვს შეზღუდული დრო და ტესტები, მაგრამ დროის ფაქტორმა არავინ უნდა შეაშინოს, რადგან თუ სწორად გაანაწილებ, ყველაფერს მოასწრებ.

რთულია იმის თქმა, თუ რატომ ამარჩიეს. ვფიქრობ, ყველა მონაწილე, ვინც კონკურსში მონაწილეობს, არის გამორჩეული. მთავარია ის, რომ მოსწავლემ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი განსაკუთრებულობა, იმიტომ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ 3 შანსი.

ალბათ ამარჩიეს კომუნიკაბელურობის, დამოუკიდებლობის და იმ უნარის ქონის გამო, რომ შემიძლია სიახლეებთან მარტივად ადაპტირება, რადგან რთულია 1 წლით უცხო გარემოში, სახლიდან შორს იცხოვრო და შეეგუო ახალ ოჯახს, სკოლას, კულტურას, მეგობრებს და ა.შ.

რაც შეეხება სკოლის ნიშნებს, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სკოლის ნიშნებზე მეტად ჩვენი პიროვნული თვისებებია გადამწყვეტი.

სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა თვისება, რომლებიც „ფლექსისთვისაა“ საჭირო: კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლობა, კომუნიკაბელურობა, ლიდერული თვისებები, მეტწილად გამომუშავდება არაფორმალურ განათლებაში ჩართვისას. შეხვედრები, მუშაობა, ტრენინგები, ვორქშოფები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის.

ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა მოხალისეობრივი საქმიანობა.

განათლება და ცოდნის დონე, რომელიც FLEX-ში გამარჯვების შანსს მოგვცემს, არის 50% წილი სკოლიდან და 50% – არაფორმალური განათლებიდან. სკოლა არ არის გადამწყვეტი. ამიტომ, თუ ბიოლოგიაში, ქიმიაში ან თუნდაც მათემატიკაში გაქვს 6-7 ქულა, ეს არ ნიშნავს, რომ „ფლექსში“ ვერ გაიმარჯვებ, იმიტომ, რომ „ფლექსი“ არის პროგრამა, რომელიც ხედავს მოსწავლის ზოგად უნარებს და აფასებს მას ადეკვატურად.

„ფლექსისთვის“ სპეციალურად მომზადება თითქმის შეუძლებელია, რადგან არავინ იცის ტესტზე ან ესეებზე რა სახის დავალებები იქნება მოცემული. იცვლება გასაუბრების ფორმაც.

ჩემი წარმოდგენები ამერიკაზე არის ძალიან კარგი. ველოდები აგვისტოს, რომ გავფრინდე.

გამარჯვების შესახებ რომ დამირეკეს, სკოლიდან სახლში 10 წუთის დაბრუნებული ვიყავი. უცხო ნომერი რომ დავინახე მობილურის ეკრანზე, მივხვდი, რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა. ვუპასუხე და მითხრეს, გავხდი ფინალისტი, ძალიან გამიხარდა და ვეცადე, რომ არ მეყვირა ხმამაღლა, მაგრამ შინაგანად მაინც ვყვიროდი და ძალიან მიხაროდა.

თამარ ჩანჩიბაძე

თამარ ჩანჩიბაძე, 17 წლის. ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა. მე-11 კლასის მოსწავლე:

ყველაზე ხანგრძლივი სააპლიკაციო პროცესია ნახევარფინალი, რომელიც მოიცავს ესეების წერას, გასაუბრებას, აპლიკაციაში სხვადასხვა საბუთის მითითებას.

საგამოცდო პროცესზე, რასაც ვურჩევ მომავალ მონაწილეებს, არის ის, რომ პირველ რიგში სცადონ და არ დაიზარონ, არ შეუშინდნენ უარყოფით პასუხს, გამოიყენონ შესაძლებლობა.

ზუსტად არ ვიცი, ჩემი ფინალისტად არჩევის მიზეზები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გამაჩნია ჩემი პირადი ვარაუდები, რომ ჩემზე არჩევანის შესაჩერებლად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემმა კომუნიკაბელურობამ, მარტივად ადაპტირებამ ახალ გარემოსთან და ხალხთან.

პროექტში უკვე მეორედ გავედი და წელს ჩემი ბოლო შანსი იყო ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.

მოსწავლეებისთვის მთავარია, რომ იმუშაონ საკუთარი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენაზე. კარგად დაანახონ მოდერატორებს, რომ შეუძლიათ ადაპტირდნენ და გამოავლინონ თავიანთი კრიტიკული აზროვნების უნარები.

„ფლექსი“ არ არის ენის კონკურსი და არ არის აუცილებელი ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა. მთავარია, შეგეძლოს საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურის ცოდნა, რომ დაწერო მარტივად ესეები და ლოგიკური წინადადებები ააგო. უშუალოდ გასაუბრების პროცესშიც არ აქცევენ იმას ყურადღებას, თუ რამდენად კარგად იცის ბავშვმა ენა ან რამდენად სწრაფად, სწორად და გამართულად მეტყველებს.

სახლში ვიყავი, როცა პროექტიდან დამირეკეს. მივხვდი, რომ ან რეზერვისტი ვიქნებოდი ან ფინალისტი. თავიდან მეგონა, რომ რეზერვისტებს შორის აღმოვჩნდებოდი. რამდენიმე წუთით გავშეშდი და ველოდებოდი, რას მეტყოდნენ. როდესაც მითხრეს,რომ ფინალისტი ვიყავი, რამდენჯერმე გავამეორებინე, სწორად მესმის-მეთქი? ეს მოგონება ჩემთვის ძალიან პოზიტიურია.

დავით ონიანი

დავით ონიანი, 14 წლის. ბათუმის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

ჩემს შემთხვევაში დიდი როლი ითამაშა ისეთმა პროექტებმა თუ აქტივობებმა, როგორებიცაა: „წიგნების თარო“, დებატები, „რა? სად? როდის?“ და ა.შ.

ჩემთვის ეს პირველი ცდა იყო.

FLEX-ის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, შეძლონ საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა.

ბევრ და მათ შორის, ამ პროგრამაშიც, ფსიქოლოგიური მხარე მონაწილის აქტიურ ბუნებასთან ერთად მნიშვნელოვანია.

არაფორმალური განათლება მსგავს, გაცვლით პროგრამებში დიდ როლს თამაშობს და ხაზს უსვამს მონაწილის აქტიური ცხოვრების სტილს.

ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი. საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობ, დაკავებული ვარ სპორტით. საბედნიეროდ, ამ შანსის გამოყენება შევძელი.

აპლიკანტები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ემოციებმა და ზედმეტმა ნერვიულობამ მათ ხელი არ შეუშალოს სასურველი მიზნის მიღწევაში.

თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა, საკუთარ მინუსებსა და პლუსებზე მუშაობა, სწორი აქცენტის გაკეთება, მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ ფაქტორმა ვინმე წინ დააყენოს.

FLEX-ის შესახებ სოციალური ქსელებიდან და სკოლაში მეგობრებისგან გავიგე და გადავწყვიტე, მეც მეცადა. პასუხის გაგება განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის. სახლში ვიყავი, როდესაც ტელეფონის ზარის ხმა გავიგე. მითხრეს: „გილოცავთ, თქვენ გახდით ფინალისტი!“ თავიდან ვერ გავაანალიზე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ის ზარი იყო, რომელმაც მამცნო, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე.

ბექა მამულაძე

ბექა მამულაძე, 15 წლის. ბათუმის 9 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე:

ვიყავი გულწრფელი აპლიკაციის შევსებისას და არა გამარჯვებაზე, არამედ ჩემს ოცნებებზე ვფიქრობდი.

ჩემი აზრით, მთავარი, რაც მონაწილეებს სჭირდებათ, თავდაჯერებულობაა. ასევე უნდა იცოდეთ, თუ რისთვის ან ვისთვის აკეთებთ ამას. არ არის აუცილებელი ზუსტად გქონდეთ გაწერილი ის გეგმები/საქმეები, რომლებსაც გამარჯვების შემდეგ გააკეთებთ, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ აკეთებთ ამას.

შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ საკუთარ თავს: მონაწილეობის გადაწყვეტილება რატომ მივიღე? ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, თუ იმის გამო, რომ მშობელმა ან მასწავლებელმა მთხოვა? ყოველი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მხოლოდ თქვენ მიერ, რათა მაქსიმალურად შეძლოთ საკუთარი თავის წარმოჩენა.

რა თქმა უნდა, იმ გამოწვევებთან შესაჭიდებლად, რაც ამერიკაში გველის, საკმარისი არ არის მხოლოდ აკადემიური განათლება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩავერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობებში. მაგალითად, გავხდეთ მოხალისე ან შევქმნათ კლუბი და დავაორგანიზოთ შეხვედრები, პროექტები სხვადასხვა თემაზე.

ენის საუკეთესოდ ცოდნა არ არის აუცილებელი, მთავარია, შეგვეძლოს ჩვენი აზრის თუ სურვილების მოკლედ გადმოცემა.

პრიორიტეტი კი პიროვნულობას ენიჭება. თუ რამდენად გაქვს ლიდერული უნარ-ჩვევები და რამდენად კარგად ეჩვევი ახალ გარემოს. მონაწილეები უნდა ეცადონ, უფრო გაბედულები და გახსნილები იყვნენ სიახლეების მიმართ, უფრო დაკვირვებულები, დამოუკიდებლები და ჰუმანურები.

ჩემთვის ამერიკა თავისუფლების და მრავალფეროვნების ქვეყანაა. ეს ის პირველი სიტყვებია, რაც ამერიკის შესახებ მახსენდება. ვფიქრობ, ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებ. მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა უფრო დამეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენასა და წარმოჩენაში.

როცა პასუხის სათქმელად დამირეკეს, ფილმს ვუყურებდი. დადებითი პასუხის გაგებისას იმწამსვე წამოვხტი და სიარული დავიწყე გახარებულმა. ეს გრძნობა რამდენიმე კვირა გამყვა, ახლაც კი დადებითად მმუხტავს ამ მომენტის გახსენება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: