მთავარი,სიახლეები

„აზოვსტალის“ 1000-ზე მეტი ტყვე რუსეთში გადაიყვანეს – რუსული მედია

08.06.2022 • 4376
„აზოვსტალის“ 1000-ზე მეტი ტყვე რუსეთში გადაიყვანეს – რუსული მედია

ტყვეობაში მყოფი 1 000-ზე მეტი სამხედრო „აზოვსტალიდან“ „საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად“ რუსეთში გადაიყვანეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამ ინფორმაციას, რუსეთის სამართალდამცველებზე დაყრდნობით, კრემლის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

ცნობის მიხედვით, „აზოვსტალის“ დამცველებთან უკვე „აქტიურად მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები“. სავარაუდოდ, მოსკოვში ჰყავთ 100-ზე მეტი მათგანი, ძირითადად, „უცხოელები, რომლებიც მარიუპოლში ჩაბარდნენ“.

ოფიციალურ მოსკოვს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში „აზოვსტალიდან“ გამოსული 2500 მებრძოლი იმყოფება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთს, ჯამში, 6 489 უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს, თუმცა ეს რიცხვი არ ითვალისწინებს იმ ტყვეებს, რომლებიც ამჟამად დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში იმყოფებიან.

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის თქმით, ყველა უკრაინელი სამხედრო, რომელიც მაისში „აზოვსტალიდან“ გამოვიდა, ამჟამად რესპუბლიკის ტერიტორიაზეა.

რა ვითარებაში არიან მარიუპოლის დამცველები რუსეთის ტყვეობაში, ამაზე მწირი ინფორმაცია ვრცელდება. უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ისინი კომფორტულ პირობებში ნამდვილად არ არიან, თუმცა რაც მთავარია, არიან ცოცხლები და ჯანმრთელები. მისივე განცხადებით, გასაიდუმლოებულია გაცვლასთან დაკავშირებული ინფორმაციაც, რათა ამ პროცესს ხელი არ შეეშალოს.

ტყვეების გაცვლამდე, რუსეთმა და უკრაინამ 4 ივნისს პირველად გადასცეს ერთმანეთს დაღუპულ სამხედროთა ცხედრები, ფორმულით „160/160-ზე.“  7 ივნისს კი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლის 160 დამცველის ცხედარი კიევში ჩაასვენეს, დაღუპულთაგან 52 “აზოველი” იყო.

_____

ალყაშემორტყმული ქარხანა „აზოვსტალი“ მარიუპოლში ერთადერთი ადგილი იყო, რომლის აღებაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. მანამდე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, რუსეთმა თითქმის მთლიანად დაიკავა ქალაქი და ინტენსიურად ბომბავდა როგორც მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, ისე დასახლებულ პუნქტებს.

მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ გაეროს დახმარებით „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა მოახერხა. 16-17 მაისს კი ქარხანა მისმა დამცველმა მებრძოლებმაც დატოვეს, ისინი ახლა რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან და უკრაინის ხელისუფლებას მათი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის იმედი აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: