სიახლეები

უკრაინიდან შავი ზღვით მარცვლეულის გატანაზე თურქეთი მხარს უჭერს გაეროს გეგმას

08.06.2022
უკრაინიდან შავი ზღვით მარცვლეულის გატანაზე თურქეთი მხარს უჭერს გაეროს გეგმას

ანკარაში დასრულდა შეხვედრა თურქეთისა და რუსეთის საგარეო მინისტრებს შორის, რომელიც უკრაინიდან შავი ზღვით მარცვლეულის უსაფრთხო გადატანას შეეხებოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნის გაეროს გეგმას რეალისტურად მიიჩნევს.

„სხვადასხვა იდეაა უკრაინული მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდებაზე. მათ შორის, თავისი გეგმა აქვს გაეროს. ეს გეგმა ითვალისწინებს სპეციალური ოთხმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის შექმნას გაეროს, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მონაწილეობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს გემების ინსპექტირებას. თურქეთი ამ გეგმას მიიჩნევს შესაძლებლად და სიცოცხლისუნარიანად. თუმცა, ეს, პირველ რიგში, მოითხოვს რუსეთისა და უკრაინის თანხმობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, თურქეთი მზადაა გამართოს სტამბულში შეხვედრა გაეროს მიერ შემოთავაზებული მექანიზმის დეტალების განსახილველად.

ჩავუშოღლუმ ასევე თქვა, რომ თურქეთი ლეგიტიმურად მიიჩნევს რუსული მხარის მოთხოვნებს რუსეთიდან საქონლის ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნაზე, უკრაინიდან მარცვლეულის, მზესუმზირას და მზესუმზირას ზეთის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ არასწორია ამ საკითხის გვერდის ავლა და იმის მტკიცება, რომ რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტი სანქციებს არ ექვემდებარება.

„ასეთი განცხადებები კეთდება ბოლო დროს. თუმცა ფაქტია, რომ ეს პროცესი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: გემების დაზღვევა, ლოჯისტიკა, სატრანსპორტო მომსახურება და საბანკო ოპერაციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მსოფლიოს სჭირდება პროდუქცია უკრაინიდან და რუსეთიდან, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გზა გავხსნათ მიწოდებისთვის. მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მხარის ინტერესებს“, – განაცხადა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: