სიახლეები

უკრაინას ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ შეძენა სურს

08.06.2022 • 2649
უკრაინას ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ შეძენა სურს

უკრაინას სურს ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა შეიძინოს და მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, გერმანიას Spike SR ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა მისცეს, იუწყება „იერუსალიმ პოსტი“.

ისრაელში უკრაინის ელჩის, ევჰენი კორნიჩუკის თქმით, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას მწვანე შუქი აუნთეს როგორც ბერლინში, ასევე ვაშინგტონში. „ისრაელის ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა“, – აღნიშნა მან.

რა შეუძლია „რკინის გუმბათსა“ და Spike SR ტანკსაწინააღმდეგო სისტემას?

„იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, Spike SR სისტემას შემდეგი მახასიათებლები აქვს:

  • შეუძლია გაარღვიოს 99 სანტიმეტრის სისქის ჯავშანი;
  • იმოქმედოს 32 კილომეტრამდე დისტანციაზე;
  • გასროლისთვის საკმარისია მიზნის კოორდინატების ცოდნა;
  • გასროლა შეიძლება მანქანიდან, ვერტმფრენიდან, გემიდან და სახმელეთო გამშვებებიდან.

რაც შეეხება „რკინის გუმბათს“:

  • შეუძლია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან დაცვა 4-დან 70 კილომეტრამდე ფრენის მანძილიდან;
  • აქვს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმები;
  • 2012 წლის მონაცემით, „გაანადგურა დასახლებული პუნქტების მისამართით გაშვებული რაკეტების 90%-ზე მეტი“.

„მსურს, ისრაელის მთავრობა რეალობას დაუბრუნდეს“

უკრაინის ელჩმა, ევჰენი კორნიჩუკმა, ისრაელს მადლობა გადაუხადა გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ იყო – „გვჭირდება ისრაელის დახმარება… ვგულისხმობ სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას“.

„მსურს, ისრაელის მთავრობა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და რეალობას დაუბრუნდეს“, – განაცხადა დიპლომატმა და დაამატა, რომ „ისრაელი აღარაა ფოკუსირებული ომზე“.

ელჩის თქმით, უკრაინას „რკინის გუმბათის“ შეძენა (და არა საჩუქრად მიღება) საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის სურს:

„რკინის გუმბათი საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ქალები და ბავშვები რუსული რაკეტებისგან… [„რკინის გუმბათი“] თავდაცვითი საშუალებაა, მისი გამოყენებით ვერავის მოკლავ“.

დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლომდე არ დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა თავდაცვითი აღჭურვილობის (ბრონირებული ჟილეტები და ჩაფხუტები) მიწოდებაზე და ჯერ კიდევ არ დათანხმებულა იმ უკრაინელები ჯარისკაცების მკურნალობას, რომლებმაც ომში კიდურები დაკარგეს.

„ისრაელი არაა დავალებული უკრაინის წინაშე. ჩვენ არ გეხვეწებით დახმარებაზე. თუმცა გვჯერა, რომ მორალური გადმოსახედიდან, ისრაელმა მთელი დასავლური სამყაროს მსგავსად ყველა შესაძლო გზით უნდა აღმოუჩინოს უკრაინას დახმარება“, – ხაზი გაუსვა კორნიჩუკმა.

„იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, ისრაელის მთავრობა ყოყმანობს უკრაინისთვის ნებისმიერი სახის შეიარაღების, – მათ შორის თავდაცვითის, – მიწოდებაზე, რადგანაც ცდილობს შეინარჩუნოს კავშირები როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან და იყოს შუამავალი ორ ქვეყანას შორის.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელი უკრაინას „რკინის გუმბათის“ სისტემას მიჰყიდის.

____________________________

ფოტო: EPA/ATEF SAFADI

გადაბეჭდვის წესი


ასევე: