მთავარი,სიახლეები

მოსკოვმა „აზოვსტალში“ დაღუპული მებრძოლების ცხედრები კიევს გადასცა

07.06.2022
მოსკოვმა „აზოვსტალში“ დაღუპული მებრძოლების ცხედრები კიევს გადასცა

„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახებმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლში დაღუპული სამხედროების ცხედრები რუსეთმა კიევს გადასცა.

„კიევში უკვე ჩამოასვენეს „აზოვსტალის“ დაღუპული მებრძოლები. მათ „აზოვი“ დახვდა და ექიმებთან ერთად პირველადი დათვალიერება და აღწერა ჩაატარა. უნდა აღინიშნოს, რომ დაღუპულთა მესამედი „აზოვის“ მებრძოლებია, ჯერ ირკვევა, თუ რომელ სამხედრო დანაყოფებში მსახურობდნენ სხვა დაღუპულები. სამუშაოების ბოლომდე დასასრულებლად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს შესაძლოა, დაახლოებით სამი თვე დასჭირდეთ,“ – ნათქვამია „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ტელეგრამზე გამოქვეყნდა.

ოჯახებს მალე დაღუპულთა ამოსაცნობად გამოიძახებენ.

„აზოვის“ პოლკის პრესმდივნის, ანა გოლოვკოს თქმით, კიევისთვის გადაცემული 160-ვე ცხედარი, რომლებიც დედაქალაქში გადაასვენეს, „აზოვსტალში“ დაღუპული მებრძოლებისაა, მათგან 52  – „აზოველია“.

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ და რუსეთმა პირველად გაცვალეს ცხედრები, ფორმულით „160/160-ზე.“ უკრაინული მედიის ცნობით, გრძელდება მოლაპარაკებები სხვა დაღუპული სამხედროების უკრაინისთვის გადაცემაზე.

გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში „აზოვსტალის“ 2 500-ზე მეტი დამცველი იმყოფება.

24-ე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ტყვეების მდგომარეობაზე ისაუბრა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.

„დღეს ისინი კომფორტულ პირობებში არ იმყოფებიან, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არიან ცოცხლები და ჯანმრთელები, აქვთ წყალი და საკვები. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მებრძოლები მტრის ხელში არიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ისინი ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. ბევრი ინფორმაცია ახლა გასაიდუმლოებულია, რათა ეს პროცესი არ ჩავარდეს“, – განაცხადა მან.

______

ალყაშემორტყმული ქარხანა „აზოვსტალი“ მარიუპოლში ერთადერთი ადგილი იყო, რომლის აღებაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. მანამდე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, რუსეთმა თითქმის მთლიანად დაიკავა ქალაქი და ინტენსიურად ბომბავდა როგორც მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, ისე დასახლებულ პუნქტებს.

მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ გაეროს დახმარებით „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა მოახერხა. 16-17 მაისს კი ქარხანა მისმა დამცველმა მებრძოლებმაც დატოვეს, ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: