მთავარი,სიახლეები

„ვინც ფულს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია“- რა ირკვევა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე

27.11.2021 • 8485
„ვინც ფულს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია“- რა ირკვევა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე

„ეფექტური გამოძიება ხელისუფლებას არ სურს და ამას აჩვენებს ის გარემოებაც, რომ გამოკითხვაზე პოლიციის პირველ განყოფილებაში დაგვხვდა არა საგამოძიებო ჯგუფი, არამედ მხოლოდ ერთი გამომძიებელი, მხოლოდ გიორგი კირთაძე გამოჰკითხეს. ინტერესი რომ იყოს ეფექტური გამოძიება, მარტივად შეიძლებოდა პარალელურ რეჟიმში გამოკითხვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან.

ის ბათუმის საკრებულოს ახალი წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე“ გამოსაკითხად დაიბარეს.

„ამასობაში, ბადრი ბაკურიძე, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძეს დავით რიჟვაძის დავალებით 100 ათას დოლარს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიო ფაილი. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთხოვენ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხას – 20 პროცენტს ითხოვენ.

თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

ენმ-ს მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელებთან შეხვედრა ნუგზარ ფუტკარაძემ თვითონ ჩაიწერა 11 ნოემბერს, მანამდე კი, რამდენიმე შეხვედრა იყო. ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოსყიდვის და შანტაჟის მცდელობის ფაქტებზე ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გამართა. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

„გამოძიება რომ არ იქნება ეფექტური, აქედანაც ჩანს,“ – გიორგი კირთაძის 5 ნოემბრის ბრიფინგზე ამახვილებს ყურადღებას მირდატ ქამადაძე, სადაც ნუგზარ ფუტკარაძეც იდგა, – „ბრიფინგზე გიორგი კირთაძე ამბობდა, რომ ხდებოდა ზეწოლა და ამ პროცესში იყო ჩართული თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, მაგრამ გამოძიება არც კი დაიწყო. გამოძიება ჯერ კიდევ 5 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, რადგან მათ აქვთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების ვალდებულება, როცა იღებენ შეტყობინებას დანაშაულის შესახებ,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ 24 ნოემბერს არ განმარტა, რატომ არ ჩათვალეს საჭიროდ საგამოძიებო ორგანოებმა დაეწყოთ გამოძიება. 25 ნოემბერს კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, რომ გამოძიება 18 ნოემბერს დაწყებულია „სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობის“ მუხლით და ამ საქმის ფარგლებში გამოკითხავდნენ: ელგუჯა ბაგრატიონს, გიორგი კირთაძეს და მირდატ ქამადაძეს.

მირდატ ქამადაძე, რომელიც პროფესიით იურისტია, არ გამორიცხავს, რომ თეორიულად ამ მუხლის ფარგლებშიც შეძლოს გამოძიებამ სიმართლის დადგენა, თუმცა ამ ვითარებაში ოპოზიციონერს გამოძიების ობიექტურობის აღარ სჯერა.

„გამომძიებელმა უნდა დაადგინოს, ვინაა ის ერთი კაცი, რომელზეც ჩანაწერში ისმის: „ის ერთი კაცი ელოდება შენგან პასუხს“. ის ერთი კაცი დავით რიჟვაძეა,“ – დარწმუნებულია მირდატ ქამადაძე, რომელიც დღეს, 27 ნოემბერს, ელგუჯა ბაგრატიონთან ერთად მისცემს გამოძიებას ჩვენებას.

დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

მირდატ ქამადაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, აუდიო ფაილის გავრცელების შემდეგ, გამოძიება უნდა დაწყებულიყო ზეგავლენით ვაჭრობის და ქრთამის შეთავაზების კუთხით.

„ცალსახად იკვეთება ამ ჩანაწერით ამ ორი დანაშაულის შემადგენლობა. გარდა ამისა, როცა ტიტე აროშიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ ჰქონდათ ამ პირებს, ანუ ზონდერებსო, ჩანაწერში, რომლის ნამდვილობასაც „ოცნება“ არ აყენებს ეჭვქვეშ, ახსენებენ ზაზა დიასამიძის და ისმის, გადავყევით „ოცნების“ შტაბს და ამ კაცის გვერდით ვდგავართო,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

გამოძიებას უკვე გადასცა აუდიო ჩანაწერი გიორგი კირთაძემ, თუმცა უცნობია მისი ნამდვილობის დასადგენად მოითხოვა თუ არა საგამოძიებო ორგანომ ექსპერტიზის ჩატარება.

„ეს საქმეც შემოიდება მალე თაროზე, თუკი რეალობა არ შეიცვალა ქვეყანაში,“ – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: